კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

მამაკაცმა მეზობელი დედის გინების გამო 29-სანტიმეტრიანი დანით დაჩეხა და ცოცხალ-მკვდარი მდინარეში ჩააგდო

 მამუკა დ-ძე ციხეში პირველად 21 წლის ასაკში მკვლელობის ბრალდებით მოხვდა. სასამართლომ მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ გაუმართლა – 12-წლიანი ტუსაღობის შემდეგ ვადაზე ადრე პირობით გაათავისუფლეს. ყოფილ პატიმარს გარეთ მეუღლე და შვილი ელოდნენ, მაგრამ, მძიმე გამოცდის მიუხედავად, ციხეში მეორედაც მკვლელობისთვის აღმოჩნდა – მეზობელი დედის შეგინების გამო მოკლა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სწორედ შეგინების გამო მოკლა მამუკა დ-ძემ მეზობელი, ედიშერ მ-შვილი, ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა მან მეუღლეს. მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ დღემდე არ არის ცნობილი, რა გახდა გინების მოტივი. არაა გამორიცხული, მკვლელობას სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ, არ მოიძებნა არც ერთი მოწმე, რომელიც მომხდარს შეესწრო.

საქმის მასალების თანახმად, 18 დეკემბერს, მამუკა დ-ძემ დილით ჯერ სახლში, შემდეგ კი მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე მისულმა დალია. სუფრა დაახლოებით ღამის 2 საათზე დატოვა. თავის სახლთან მისულს, მეზობელი, 39 წლის ედიშერ მ-შვილი შეხვდა, რომელიც ასევე მთვრალი იყო. ედიშერმა მას დედა შეაგინა, მაგრამ რატომ, საქმის მასალებში ამის მიზეზი არ ჩანს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, „ამ ფაქტით განაწყენებულმა დ-ძემ, შურისძიების მოტივით, მეზობლის მოკვლა გადაწყვიტა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად თან ნაქონი დანა ამოიღო და მ-შვილს კისრის არეში ორი, ხოლო ბარძაყის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა”.

გამოძიების მასალებითვე, დ-ძემ დაჭრილი იქვე მიატოვა, თავად კი სახლში შევიდა, სისხლიანი დანა გარეცხა და მომხდარი მეუღლეს უამბო. კერძოდ, უთხრა, რომ დედის შეგინების გამო ედიშერ მ-შვილი მოკლა, მაგრამ მეუღლემ ქმრისა არ დაიჯერა, რადგან ციხიდან გამოსულ დ-ძეს, განსაკუთრებით სიმთვრალეში, ბოდვითი მოვლენები ახასიათებდა. ამიტომ, იფიქრა, რომ ქმარს მორიგი დეპრესია ჰქონდა.

საქმის მასალების თანახმად, დ-ძე იმავე ღამეს დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაჭრილი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა, მაგრამ მის გადარჩენაზე არც უფიქრია, დაჭრილი ნახევრად გაყინულ მდინარესთან გადაათრია და წყალში გადააგდო. შემდეგ კი ისევ სახლში დაბრუნდა, ნივთები ჩაალაგა და იქაურობა დატოვა.

მოკლულის ცხედარი მდინარეში მეორე დილითვე იპოვეს და საქმეს შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. გამოძიებას დამნაშავის დადგენა არ გასჭირვებია, მაგრამ მის კვალს ვეღარ მიაგნო – დ-ძემ საქართველოს დატოვება და მიმალვა მოასწრო.

საქმის მასალებით, ის რუსეთში, კერძოდ, ქალაქ ხარკოვში იმყოფებოდა, მაგრამ არც იქ უცხოვრია მშვიდად – მორიგი დანაშაული ამჯერად ხარკოვში ჩაიდინა, მაგრამ, იქაურ პოლიციას ვეღარ დაუძვრა. დ-ძე ბინების ძარვცვისთვისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და ხარკოვის სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. თუმცა, ვინაიდან საქრთველოში უფრო მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მისი საქართველოში ექსტრადიცია მოხდა.

საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, პროკურატურამ მ-შვილის მკვლელობის თაროზე შემოდებული საქმე განაახლა და ერთთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე სასამართლოს გაუგზავნა. დ-ძის საქმე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა.

ექსტრადირებულმა პატიმარმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ საერთოდ არ სცნო. აცხადებდა, რომ იმ დღეს საერთოდ არ შეხვედრია მოკლულ მეზობელს და საერთოდ არაფერი იცოდა მომხდარზე.

განსასჯელის ჩვენებიდან: „არანაირი მკვლელობა არ ჩამიდენია, ესაა ტყუილი და ამ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არც ის ვიცი, ვინ მოკლა ედიშერ მ-შვილი. იმ დღეს მე ის საერთოდ არ მინახავს. რაც შეეხება საქართველოდან ჩემს გამგზავრებას, დიდი ხანია, რუსეთში სამუშაოდ წასვლა მინდოდა და ამიტომ წავედი. ამ ხნის განმავლობაში არც კი ვიცოდი, რომ პოლიცია მეძებდა. ეს ბრალდება მას შემდეგ გავიგე, როცა რუსეთში დამაკავეს”.

მოკლედ, მკვლელობასთან კავშირს განსასჯელი კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ სასამართლომ დ-ძეს დანაშაული არა მხოლოდ მისი მეუღლის, არამედ სიდედრის ჩვენებებითაც დაუდასტურა. საქმე ისაა, რომ განსასჯელის მეუღლე პროკურატურას ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაში ჰყავდა დაკითხული, რომელმაც ქმარი ამხილა. ჩვენებაში მაშინ განაცხადა, რომ იმ ღამეს, როდესაც ქმარმა მკვლელობის შესახებ უამბო, არ დაუჯერა, რადგან ეგონა, რომ დეპრესიაში იყო და ბოდავდა. წლების შემდეგ კი სასამართლოს სრულიად სხვა ჩვენება მისცა და პროცესზე ქმრის დაცვა საერთოდ არ უცდია.

პატიმრის მეუღლის ჩვენებიდან: „იმ ღამეს ჩემი მეუღლე სახლში რომ დაბრუნდა, ხელში 29-სანტიმეტრიანი გასისხლიანებული დანა ეჭირა. დანა გარეცხა და, როდესაც ოთახში შემოვიდა, მითხრა, დედის შეგინების გამო კაცი მოვკალიო...  ვუთხარი, რომ დაეძინა,  მაგრამ, მითხრა, გარეთ მელოდებიან და ახლავე შემოვალო. ჩვენს ლაპარაკზე ბავშვს გაეღვიძა და ტირილი დაიწყო. დასამშვიდებლად მის ოთახში გავედი და მეც მასთან ერთად ჩამეძინა. გამთენიისას გამეღვიძა. მეგონა, მამუკას ეძინა, მაგრამ სახლში არ დამხვდა და გარეთ გავედი. ქუჩაში ცოტა ხანს ვიდექი. ამასობაში გათენდა და მეზობლების ხმა შემომესმა. გავიგე, რომ ედიშერ მ-შვილი მოუკლავთ, რომელიც მკვლელს წყალში გადაუგდია. შეშინებული ისევ სახლში ავედი და მოვლენებს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს. შემდეგ პოლიცია მოვიდა...”

მოწმის სტატუსით სასამართლომ განსასჯელის სიდედრიც დაკითხა.

„მამუკა ჩემი სიძეა. დეკემბერი იყო, რიცხვი არ მახსოვს. ჩემმა ქალიშვილმა მიამბო, რომ მისმა ქმარმა კაცი მოკლა... ამ ფაქტიდან ერთ კვირაში მამუკას შემთხვევით თბილისში შევხვდი, მითხრა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა – ვიმალები და რუსეთში უნდა წავიდეო. მას მერე მამუკაზე არაფერი ვიცოდით”.

დანაშაულის ფაქტს კიდევ ერთი მოწმე – განსასჯელის მეგობრის საყვარელიც ადასტურებდა:

„ტარიელთან, რომელიც მამუკასთან მეგობრობდა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვარ. იმ ღამით ხმაურზე გამომეღვიძა – სახლის კარი ტარიელმა გააღო და ოთახში მამუკა შემოვიდა. ტანსაცმელი სულ სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ტარიელმა რომ ჰკითხა, რა მოგივიდაო, მამუკამ უთხრა, რომ დედის შეგინების გამო ედიშერ მ-შვილი მოკლა”.

სასამართლოს ჩვენება იმ მოწმემაც მისცა, რომელთან ერთადაც ედიშერმა იმ საღამოს დალია. სწორედ მან ნახა მ-შვილი უკანასკნელად: „ერთად ვსვამდით მეზობლები ჯიხურში... ჩვენ წავედით და ედიშერი იქ დავტოვეთ... მეორე დღეს მისი გვამი მდინარეში იპოვეს,” – ამბობდა მოწმე.

სასამართლო სხდომებს მოკლულის მეუღლეც ესწრებოდა, რომელიც დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. თუმცა, დაზარალებულის სტატუსით დაკითხულმა ჭირისუფალმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მისი მეუღლე განსასჯელს იცნობდა. მათ შორის რაიმე წყენა იყო თუ არა, ამაზე მოწმემ არაფერი იცოდა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოკლულის გვამს კისრის წინა ზედაპირზე ორი ურთიერთპარალელური ჭრილობა აღენიშნებოდა, ერთი ჭრილობა კი მარცხენა ბარძაყში ჰქონდა მიყენებული. სწორედ ბარძაყში მიყენებული ჭრილობა აღმოჩნდა სასიკვდილო, რადგან არტერია იყო გადაჭრილი. კისრის არეში მიყენებული დაზიანებები ექსპერტებმა მსუბუქ ხარისხს მიაკუთვნეს. რაც შეეხება სიკვდილის უშუალო მიზეზს, ექსპერტიზის მიხედვით, გახდა ანემია. დასკვნაში მითითებულია, რომ წყალში გადაგდების მომენტში მ-შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან დაიცალა.

საქმის მასალები თითქოს უტყუარი იყო, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ კვალიფიკაცია მკაცრი იყო, რადგან საქმეში არ ჩანდა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა. თუმცა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ფაქტი, რომ დ-ძე წლების განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას, რაც უარყოფითად ახასიათებდა მის პიროვნებას. სასამართლომ დ-ძე განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ ცნო და საბოლოოდ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3