კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარეს თბილისის საიდუმლო ქარხნიდან ბოროტმოქმედებმა 20 კილოგრამი პლატინა და 340 კილოგრამი ოქრო

გაქცევა

1972 წლის 10 ივნისს, ციმბირის დაბა ვოლჩი ლოგოვში მდებარე ¹9 შრომა-გასწორების კოლონიიდან 35 წლის გურამ გურგენიძე გაიქცა. ის, სხვა პატიმრებთან ერთად, ტაიგაში იყო გაყვანილი და ხეების დამუშავებაზე  მუშაობდა. მან ისარგებლა ბადრაგის უყურადღებობით, იქაურობას შეუმჩნევლად მოშორდა, შემდეგ კი ადგილს მოსწყდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. მან თან ნაჯახი წაიღო.

ვოლჩი ლოგოვის დასახლებას 40 კილომეტრის რადიუსში გაუვალი ჭაობები და ტაიგა აკრავდა გარს, ამიტომ, იმ კოლონიიდან თითქმის არავინ გარბოდა. ერთადერთი ბილიკი კი, რომელიც პატარა რკინიგზის სადგურამდე მიდიოდა, კარგად იყო დაცული და იქ ვერავინ მოახერხებდა გაძრომას. ამის გამო, მდევარი მხოლოდ ფორმალურად ატარებდა ხოლმე დევნის ოპერაციას და, თუკი გაქცეულს 12 საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ ცოცხალს ან მკვდარს, მისი ძებნა წყდებოდა და მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აცხადებდნენ, თუმცა, მასზე ძებნა ფორმალურად მაინც ცხადდებოდა და მთელი საბჭოეთის მასშტაბით მის სურათებსაც კი აკრავდნენ, რომლებზეც ეწერა: „იძებნება“.

გურამ პეტრეს ძე გურგენიძე 1937 წლის 9 ივნისს იყო დაბადებული და 35 წელი მას გაქცევის წინა დღეს შეუსრულდა. გურგენიძე პროფესიონალი ბოროტმოქმედი არ ყოფილა და 1970 წელს ათწლიანი სასჯელი იმის გამო მისცეს, რომ  ეგრეთ წოდებულ „ოქროს დამტაცებელთა“ ჯგუფის წევრად მოიაზრებოდა. ისინი თბილისის ერთ-ერთი სამხედრო ქარხნიდან ოქროს იპარავდნენ და გარეთ გაჰქონდათ. გურამიც ამ ქარხანაში მუშაობდა ინჟინრად, ხელი მიუწვდებოდა ოქროზე და, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი გრამი ძვირფასი ლითონიც კი ვერ უპოვეს და ვერც დანაშაული დაუმტკიცეს, მაინც გაასამართლეს და ათი წლით ციხეში ჩასვეს, თანაც, რატომღაც, გააციმბირეს.

„ოქროს საქმე“

ეგრეთ წოდებული „ოქროს საქმე“ ჯერ კიდევ 1968 წელს გახდა მილიციისთვის საინტერესო. თუმცა, ფორმალური მოკვლევის შემდეგ ის დაიხურა და მხოლოდ 1969 წელს განახლდა და ძიება უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო ნაწილმა განაგრძო.

გამოძიების მასალების მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ საიდუმლო სამხედრო ქარხანაში ძვირფასი ლითონების (პლატინა, ოქრო), ძირითადად კი ოქროს დატაცება ხდებოდა. ეს ქარხანა სამხედრო თვითმფრინავების თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის ამზადებდა ზეგამტარ მავთულებს, რომლებშიც ძირითადად ოქროსა და პლატინას იყენებდნენ. ერთ-ერთი საცდელი ფრენის დროს, მაღალტექნოლოგიური სისტემით აღჭურვილი საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავი შუა აზიის პოლიგონზე ჩამოვარდა და აფეთქდა. მართალია, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა, მაგრამ, 25 მილიონი მანეთი წყალში ჩაიყარა. ექსპერტები და სპეციალისტები ორი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ ამოწმებდნენ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილებს და, საბოლოოდ, დაასკვნეს, რომ კატასტროფის მიზეზი ელექტროგაყვანილობა იყო: „კატასტროფის მთავარი მიზეზი მავთულის სისქეა, რომელიც 0,5 მილიმეტრით ნაკლებია ნორმაზე, რაც უხეში ტექნოლოგიური დარღვევაა“. საქმეში ჩახედულმა ექსპერტებმა მწარე ღიმილით თქვეს:

– იმ ქარხანაში, სადაც ეს მავთულები მზადდება, ოქროს იპარავენ. ისინი უფრო წვრილ მავთულებს ამზადებენ თითოეული მავთულიდან 15 გრამი ოქრო რჩებათ. ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყოველთვიურად ათას ცალ მავთულს უშვებენ, ყოველწლიურად კი  – თორმეტი ათასს, გამოდის, რომ ბოროტმოქმედები ყოველწლიურად 180 კილოგრამ ოქროს იპარავენ...

ექსპერტიზის დასკვნამ შოკში ჩააგდო უშიშროების კომიტეტის მოსკოველი გამომძიებლები. სპეციალურმა ჯგუფმა ჯერ ფარული მოკვლევა დაიწყო ქარხანაში, შემდეგ კი „კარტები გახსნეს“ და უპირველეს ყოვლისა, მისი დირექტორი, გენერალ-მაიორი, 62 წლის არჩილ ომანიშვილი დააპატიმრეს. ომანიშვილის დაპატიმრებიდან ერთ კვირაში კიდევ 14 თანამშრომელი აიყვანეს პატიმრობაში და ორზე ძებნა გამოცხადდა, ყველაზე ბოლოს კი გურამ გურგენიძე აიყვანეს. მას პირდაპირ „ცეხში“ დაადეს ხელბორკილები და შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეს“ ციხეში წაიყვანეს...

სისხლიანი სპეცოპერაცია

უშიშროების კომიტეტის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ქარხნიდან ოქროს დატაცება ორი წლის განმავლობაში ხდებოდა და მოპარული იყო 300 კილოგრამი ოქრო და 18 კილოგრამი პლატინა... ძიებამ ცხადყო, რომ დაპატიმრებული 16 ადამიანიდან უშუალოდ ოქროს მოპარვაში არავის მიუძღოდა ბრალი, გურამ გურგენიძე კი საერთოდ არაფერში იყო დამნაშავე. ქარხნის დირექტორს, ომანიშვილს, გენერლობა ჩამოართვეს და თორმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის საკანში გარდაიცვალა გულის შეტევით. 12-12 წელი მისცეს ქარხნის დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს; დანარჩენ ბრალდებულებს, მათ შორის გურამ გურგენიძესაც, გულგრილობისთვის, რამაც განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს...

ძიებით დადგინდა, რომ ოქროს დატაცების ორგანიზატორები და უშუალო შემსრულებლები იყვნენ ქარხნის მთავარი ინჟინერი, 39 წლის ნესტორ კაკალია და „ცეხის“ უფროსი (საიდანაც ოქრო იკარგებოდა), 42 წლის მურთაზ ჯორჯიაშვილი. ისინი იმ დღესვე უკვალოდ გაქრნენ, როგორც კი „კაგებემ“ ქარხნის დირექტორი დააპატიმრა და მათზე ძებნა გამოაცხადა. უშიშროების ოპერმუშაკებმა კაკალიასა და ჯორჯიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ახლობლები დაკითხეს, მაგრამ, მათ ვერ მიაგნეს. აგრეთვე, გულდასმით გაიჩხრიკა როგორც მათი, ისე მათი ახლობლების ბინები და აგრაკები, თუმცა, ვერც ოქროს კვალი აღმოაჩინეს.

უშიშროებამ და მილიციამ მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენეს და მოსკოვიდან „ალფას“ სპეცჯგუფიც კი ჩამოიყვანეს, რომელიც ყოველ წუთს მზად იყო, რომ სათანადო ბრძანების შემდეგ ძებნილების აყვანის ოპერაცია ჩაეტარებინათ. 1973 წლის 11 მაისს, „ალფას“ თორმეტკაციანი ჯგუფი საიდუმლოდ წაიყვანეს დაბა წყნეთში. ღამის 0 საათსა და 55 წუთზე, მათ ალყა შემოარტყეს ხისგან აშენებულ ერთ-ერთ ორსართულიან აგარაკს, რომელიც ვინმე ანზორ ხომასურიძეს ეკუთვნოდა. ოპერატიული ცნობით, აგარაკზე იმალებოდა ძებნილი ნესტორ კაკალია და „ალფას“ ჯგუფს ის გასროლის გარეშე უნდა აეყვანა.  როგორც კი ალფელები ხის სახლში შეცვივდნენ, აგარაკზე ჯერ რამდენიმე გასროლა მოხდა, შემდეგ ორი აფეთქების ხმა გაისმა და ხის აგარაკს ცეცხლი წაეკიდა. ხანძარმა იქაურობა სულ ერთიანად გადაბუგა და შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას, პროკურატურას, ექსპერტებსა და უშიშროების თანამშრომლებს თექვსმეტი დანახშირებული გვამი დახვდათ. თორმეტი გვამი ალფელების იყო, დანარჩენებზე კი მოკვლევა დაიწყო...

გაუჩინარებული ოქრო

წყნეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ უკიდურესად გააცოფა ცენტრალური „კაგებეს“ მმართველობა და თბილისში დამატებითი ძალები გამოგზავნეს გამომძიებლების დასახმარებლად. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ოთხი დანახშირებული გვამი და მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ორი ქალი და ორი კაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათი ვინაობის დადგენა მაშინვე ვერ მოხერხდა და მხოლოდ ივარაუდეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ძებნილი ქარხნის მთავარი ინჟინერი ნესტორ კაკალია უნდა ყოფილიყო, წყნეთის ინციდენტიდან ათი დღის შემდეგ, სოფელ თელეთში მურთაზ ჯორჯიაშვილი დააპატიმრეს, რომელიც თავისი საყვარლის, ლუბა გონგლიაშვილის სახლში იმალებოდა. ჯორჯიაშვილი უკიდურესად შეშინებული იყო და ამბობდა, რომ გატაცებული ოქროს ადგილმდებარეობა არ იცოდა. მან აღიარა, რომ ნესტორ კაკალიასთან ერთად, ქარხნიდან 20 კილოგრამი პლატინა და 340 კილოგრამი  ოქრო მოიპარეს, რაც „კაგებეს“ გამომძიებლების ვარაუდზე მეტი იყო, თუმცა, ჯორჯიაშვილი ამტკიცებდა, რომ მოპარული ძვირფასი ლითონები ნესტორ კაკალიამ გადამალა, მაგრამ, სად, არ იცოდა. „კაგებეს“ გამომძიებლებმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერეს ჯორჯიაშვილს და მასზე საგანგებო მეთოდები გამოიყენეს, რაც უბრალო ენაზე წამებას ნიშნავს. შედეგი ვერც წამებამ გამოიღო – ჯორჯიაშვილი იმეორებდა, რომ გატაცებული ძვირფასი ლითონის ადგილმდებარეობა არ იცოდა. მან წამებას ვერ გაუძლო და „კაგებეს“ ჯურღმულში სული დალია, გატაცებული ოქროს კვალი კი დაიკარგა...

მთავარი ინჟინრის ჩვენება

1973 წლის 10 ივლისს, ანუ, გურამ გურგენიძის ზონიდან გაქცევის 13 თვის შემდეგ, გლდანის მასივის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ოთხოთახიანი ბინის კეთილმოწყობილ სარდაფში ნესტორ კაკალია დააპატიმრეს. ბინა 31 წლის ქვრივ ქალს, ვინმე ნაზიბროლა კელენჯერიძეს ეკუთვნოდა. კელენჯერიძე კაკალიას საყვარელი იყო და, სარდაფში, სადაც ნესტორი აიყვანეს, სამხედრო ქარხნიდან მოპარული 10 კილოგრამი პლატინა და 170 კილოგრამი ოქროც იპოვეს. ანუ, გატაცებული ძვირფასი ლითონების ზუსტად ნახევარი.

– მეორე ნახევარი სადღაა? – ჰკითხა კაკალიას გამომძიებელმა ვიტალი სავჩენკომ, რომელიც უკვე სამი წელია, ამ საქმეს იძიებდა და მისი ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად იცოდა.

– გურამ გურგენიძეს გავატანე.

– ვინ გურგენიძეს, ათი წელი რომ მიუსაჯეს გულგრილობისთვის და ციმბირიდან რომ გაიქცა შარშან?

– დიახ, სწორედ მას.

 სავჩენკომ ზუსტად იცოდა, რომ გურგენიძე აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და ოქროს გატაცებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამიტომ, გაკვირვებულმა თქვა:

– ზუსტად ვიცი, რომ მას თქვენთან და ჯორჯიაშვილთან არანაირი დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

– მერედა, ვინ ამბობს, რომ ჰქონდა?

– აბა, მოპარული ოქრო რატომ გაუყავით?

– გურამი იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მთავარი კი მაინც შემთხვევითობაა.

– რა შემთხვევითობა, გარკვევით მოგვიყევით ყველაფერი.

– ამ შვიდი თვის წინ, ღამის ათ საათზე, გურამი მოგვადგა და მითხრა:

– ნესტორ, შენი და ჯორჯიაშვილის გამო სულ ტყუილუბრალოდ ათი წელი მომისაჯეს.  ექვსი თვის წინ კი ციხიდან გავიქეცი და ახლა ვიძებნები. ყოველგვარი სახსრების გარეშე დავრჩი და, ან ნახევარ ოქროსა და პლატინას მომცემ, ან ერთად წავალთ მილიციაში.

– ბაზარი არაა, ნახევარს მოგცემ, მაგრამ, მითხარი, აქ როგორ მომაგენი? თითქმის ორი წელია, „კაგებე“ მეძებს და ვერ მპოულობენ, შენ როგორ მიპოვე?

გურამს ჩაეცინა და მითხრა:

– ერთი შეხედვით, სრულიად შემთხვევით, სინამდვილეში კი აქ ღმერთის ხელი ურევია, – მითხრა გურამმა, – ნაზიბროლა ჩემი დის თანაკლასელია და ბავშვობიდან ვიცნობ. ერთხელ, შენს გაქცევამდე ერთი თვით ადრე, შენ და ის ერთად გნახეთ შენს მანქანაში და, მივხვდი, რომ საყვარლები იყავით, თუმცა, საგულდაგულოდ მალავდით ამას. ციხეში ხშირად ვფიქრობდი ყველაფერ ამაზე და, რაც მთავარია, ტყუილუბრალოდ ჯდომა არ მინდოდა. ერთ დღეს კი გავრისკე, გამოვიქეცი და გამიმართლა. გასაგებია?

– გასაგებია, – მივუგე გურამს. იმავე ღამეს ფურგონიან „მოსკვიჩში“ ჩავუდე 10 კილო  პლატინა, 170 კილო ოქრო და მას შემდეგ აღარ მინახავს.

ნესტორ კაკალიამ ისიც აღიარა, რომ ჯორჯიაშვილის ადგილმდებარეობა სწორედ მან შეატყობინა მილიციას, წყნეთის ინციდენტი კი წინასწარ ჩაიფიქრა და ხის აგარაკი ერთ რუს სამხედროს დაანაღმვინა, რომელსაც ფული გადაუხადა, ბოლოს კი მოკლა და ლისის ტბაში ჩააგდო მისი ცხედარი.

– კვალს სპობდით, მაგრამ, ბოლომდე ვერ მოახერხეთ, – უთხრა კაკალიას ვიტალი სავჩენკომ – თქვენ სასამართლო გელოდებათ, ალბათ, დაგხვრეტენ...

კაკალია დახვრიტეს, გურამ გურგენიძის კვალს კი ვერ მიაგნეს. მხოლოდ 25 წლის შემდეგ, 1998 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბიზნესფორუმზე იცნო ის ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა, თუმცა, გურგენიძე იქ სულ სხვა გვარით იყო მისული...

 

скачать dle 11.3