კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვს ბინაში ძაღლის ყოლას სახლის კურთხევასთან კავშირი და რა შემთხვევაში ვერ ერევა ბოროტი ძალა ადამიანს

ლოცვა, მართლმადიდებლობა, ზნეობრივ-ქრისტიანული ცხოვრება კარგია, მაგრამ, თუ ეს შენი ნების წინააღმდეგ ხდება, ამას სარწმუნოებისადმი რადიკალური მიდგომა, თავს მოხვევა ჰქვია, რასაც უფალი არ ითხოვს ჩვენგან. უფალი გვეძახის, გვიხმობს, მაგრამ, გავუღებთ თუ არა მას კარს, ეს ჩვენი თავისუფალი ნებაა. ჩვენი ნებით ვწყვეტთ საკუთარი ცხონება-არცხონების საქმეს. ამ საკითხისა და, ასევე, იმის შესახებ, თუ როდის უნდა ვაკურთხოთ სახლი, შეიძლება თუ არა ბინაში შინაური ცხოველის ყოლა, გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი): 

 

– როდესაც სასულიერო პირები შევდივართ ოჯახში, ჩვენი მეშვეობით, ლოცვით, ხდება სახლის კურთხევა. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მან იმ ოჯახისთვის მფარველი, მცველი ანგელოზი გამოგზავნოს. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს ნათლობისას ეძლევა მფარველი ანგელოზი, რომელიც მისი მფარველია, მას უწევს ამ ცხოვრებაში წინამძღვრობას, განაწყობს ლოცვისთვის, კეთილი საქმისთვის, სიკეთისთვის. ბინის მფარველი ანგელოზი კი, ერთ ადამიანს კი არა, მთელ ოჯახს იცავს. 

– სახლის კურთხევისას მართლა შემოდის ოჯახის მფარველი ანგელოზი?

– ლოცვის დროს ვკითხულობთ: ღმერთმა დაიცვას ეს ოჯახი ყველანაირი განსაცდელისგან, შეჭირვებისგან, უცხო მტერთა ზედა მოსვლისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როდესაც ოჯახში შევდივართ, ყველას ვეუბნებით: ძალიან კარგია, რომ ადამიანმა ისურვა სახლის კურთხევა, მაგრამ, მეორე საკითხია – თავად როგორ იქცევა. ანუ, როცა ვაკურთხებთ სახლს, იმ დროს ოჯახში შემოდის მფარველი ანგელოზი და მას შესაფერისი სიტუაცია, გარემოება უნდა შევუქმნათ, რომ დაივანოს, სუფევდეს უფლის შეწევნით და აკურთხებდეს ოჯახს. თუ სახლის განათლების, კურთხევის შემდეგ, იმ ოჯახში იქნება ის გარემოება, რაც არ შეესაბამება ქრისტიანულ ცხოვრებას, მფარველი ანგელოზი ძალიან მალე დატოვებს ოჯახს. ასეთი გამონათქვამიც არის – ფუძის ანგელოზმა დატოვა ოჯახიო, ანუ, ანგელოზი გადის ამ ოჯახიდან. ღმერთმა ყველა დაიფაროს და, მის მაგივრად შემოდის ბნელი ანგელოზი, რომელიც წარმართავს ოჯახის წევრებს არა კარგი საქმის კეთებისკენ, არამედ, დაშლისკენ, უთანხმოებისკენ, უსიყვარულობისკენ, სიძულვილისკენ. ეშმაკი ყოველთვის ყოფს, ღმერთი ყოველთვის აერთიანებს. ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს ბინის კურთხევას, პირველ ყოვლისა, უნდა მოემზადოს საკუთარი თავის გასანათლებლად, საკუთარი თავი უნდა აკურთხოს. როდესაც ახალი აღთქმის დროს დაარსდა ეკლესია, პირველ საუკუნეებში იყო ასეთი ტრადიცია: მორწმუნე მრევლი, ერისკაცები, საკუთარ სახლს ყოველდღე აკურთხებდნენ, რათა სახლი განწმენდილიყო და ღვთის კურთხევა ყოფილიყო იმ ოჯახზე. ახლა ეს ტრადიცია დაკარგულია, აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, დღეს არ არის იმის საშუალება, რომ ყოველდღე აკურთხონ სასულიერო პირებმა ბინა, თუმცა, წელიწადში ერთხელ სახლის კურთხევა აუცილებელია. ეს არცთუ ისე მცირე პერიოდია. ერთ წელიწადში, შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, რაც სულიერ ასპექტში დააზიანებს ოჯახს, მის წევრებს. ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება, ჩვენს სახლში, დაწესებულებაში, ისეთი ადამიანები შემოვიდნენ, რომლებმაც საკუთარი სულიერი მდგომარეობით, უარყოფითი ემოციებით, ცუდად იმოქმედონ ჩვენზე, ოჯახზე. ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად ვაკურთხოთ სახლი, ყოველდღე არა, მაგრამ, ექვს თვეში ერთხელ მაინც.

– მამაო, ასეთი არასწორი აზრი არსებობს: როდესაც ცხოველი შემოდის სახლში, თუ ის სახლი ნაკურთხია და ანგელოზი ჰყავს, სულიწმიდა გადის იმ სახლიდან, ანგელოზი ტოვებს იმ ოჯახსო. ამის გამო ზოგიერთი სასულიერო პირი უშლის მათ ნაკურთხ ბინაში ცხოველების ყოლას, ზოგი – არა. რას გვეტყვით ამის შესახებ? 

– რა თქმა უნდა, ასეთი მოსაზრება არასწორია, არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო ცხოვრებასთან, აზროვნებასთან და კანონიკასთან. ხატებს ჩვენი მხრიდან დახმარება, დაცვა არ სჭირდებათ, პირიქით, აქეთ გვეხმარებიან, გვაძლიერებენ და საოცარ მადლს გვაძლევენ საკუთარი სიწმიდითა და ნეტარი მდგომარეობით. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს, რომ, თუ ოთახში ძაღლი ან კატა შევა, ამით რამე დაშავდება. თუმცა, ესთეტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ჯობია, ხატები ისეთ ადგილას, ისეთ სიმაღლეზე არ იყოს, რომ შინაური ცხოველი მას ადვილად შეეხოს. ამ ყველაფერს სახლის ხელმეორედ კურთხევასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ანუ, რადგან ცხოველი სახლში, ოთახში შედის, ამის გამო არ არის საჭირო, სახლი ხელმეორედ იკურთხოს. მთავარი სხვა საკითხია და თუ ოჯახის წევრები ეკლესიურები, მლოცველები, მმარხველები არიან, მათი სახლისთვის ცხოველს ზიანის მოტანა არ შეუძლია. უფალი გვეუბნება: თუ იქნებით მორწმუნეები, მლოცველები, თუ შესთხოვთ ზეციურ მამას წყალობასა და კეთილდღეობას, მაშინ, ცხოველი კი არა, უამრავი ბრბო ეშმაკებისა და დაცემული სულებისა რომ გებრძოდნენ, ვერაფერს დაგაკლებენო. ამიტომ, რა უნდა გვავნოს კატამ და ძაღლმა ისეთი, როგორსაც გვავნებს ჩვენი ულოცველობა, არასწორი ცხოვრების წესი?! არა მარტო ადამიანებს უნდა მივაგოთ პატივი, არამედ ღვთის სხვა ქმნილებებსაც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოველები, შინაური იქნება ის თუ გარეული, უარყოფით როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში, არ არის სწორი. საკმარისია, გავიხსენოთ წმიდა მამების, ასკეტი მოძღვრების ცხოვრება-მოღვაწეობა, როგორ ეხმარებოდა შიო მღვიმელს მგელი, სერაფიმ საროველს – დათვი, დავით გარეჯელთან საკვები მიჰქონდა ირემს და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. უბრალოდ, ცხოველებთან ურთიერთობა, ამ საკითხისადმი მიდგომა, ყოველთვის უნდა იყოს ზომიერი.

– როდესაც ზომიერებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გრძნობა ყველაფერში დავიცვათ, თუნდაც, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში, რაც ხშირად არასწორად მიმდინარეობს. 

– სამწუხაროდ, მორწმუნე ადამიანებში არსებობს არასწორი, არაჯანსაღი მიდგომა – ისინი შვილებისგან ითხოვენ იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც თავად ასრულებენ. ყველამ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა თავისუფალი სარწმუნოებაა. სახარება გვასწავლის, რომ ადამიანი თავისი ნებით უნდა მიეახლოს უფალს. უფალი ღვთისკენ, სარწმუნოებისკენ ნაბიჯის ძალით გადადგმას არ ითხოვს. ის გველოდება, ყველას მოგვიწოდებს, მაგრამ, ამ ნაბიჯს ვინ როდის და როგორ გადადგამს, ეს უკვე ადამიანის გადასაწყვეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი შვილები პიროვნებები არიან. რა თქმა უნდა, მათზე გარკვეული უფლებები გვაქვს, რადგან, ჩვენი შვილები არიან, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ბოლომდე ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში, აზროვნებაში, თავისუფლებაში. თავად უფალი არ აბრკოლებს ადამიანს თავისუფალ არჩევანში, თუმცა, აჩვენებს ორ გზას: ერთი ცხონებისკენ მიდის, მეორე – წარწყმედისკენ. ასე რომ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: კი არ უნდა დააძალოს შვილს ლოცვა, ეკლესიაში სიარული, არამედ, საკუთარი ქცევით მისცეს მას მაგალითი. მშობელი, რომელიც ბავშვს აძალებს, იმარხულოს, ილოცოს მასთან ერთად, დაესწროს წირვას, მიუხედავად იმისა, შეუძლია და სულიერად მომწიფებულია თუ არა, აქვს თუ არა ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ეს შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანის ჩამოშორებას სარწმუნოებისგან. მშობელი უნდა ზრუნავდეს შვილზე, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში. შვილისგან არ უნდა მოითხოვოს სრული დამორჩილება, ის არ უნდა ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში, არ შეზღუდოს მისი თავისუფალი ნება. აღზრდის დროს მთავარია, ბავშვი გაიზარდოს დამოუკიდებელ ადამიანად. ის უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას, დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვინც მშობლებზე ბოლომდე დამორჩილებულნი გაიზარდნენ, უკვე გაზრდილნი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ იღებენ და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც ვეღარ ხდებიან. ყველა შვილი პატივს უნდა მიაგებდეს მშობელს, ისევე, როგორც მშობელი – შვილს, მაგრამ, დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი ყველამ საკუთარ თავში უნდა განავითაროს. 

 

скачать dle 11.3