კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიღეს ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტთან ერთად მიუზიკლში და რა აკავშირებდა მის ოჯახს ბიძინა ივანიშვილის მამასთან

ვანო მაჭავარიანს ოფიციალურად საგარეო ურთიერთობებში  პრეზიდენტის თანაშემწის ფუნქცია აკისრია,  თუმცა გიორგი მარგველაშვილის ცხოვრებაში მას ბევრად დიდი როლი აქვს, ვიდრე ეს ოფიციალური სტატუსი.  მათი მეგობრობა საბავშვო ბაღში დაიწყო. ერთმანეთი ცხოვრების რთულ პერიოდებშიც არ დაუკარგავთ, როდესაც სხვადასხვა პოლუსებზე  „იყვნენ”.  ერთად გატარებულმა ორმოცმა წელმა, როგორც თავად ხუმრობენ, არც ერთი არ დაღალა, უფრო მეტიც, მათი მეგობრობის ფორმატი  არ იცვლება  და ისე  გრძელდება პრეზიდენტის საყვარელ დუშეთსა თუ თბილისში,  თითქოს მათ ცხოვრებაში  წლებთან ერთად ბევრი არაფერი შეცვლილიყოს.        

 

ვანო მაჭავარიანი:  ჩემი და გიორგის  მეგობრობა დაიწყო საბავშვო ბაღიდან.  ჩვენ  თითქმის ერთ უბანში ვცხოვრობდით, გიორგი – ძერჟინსკის ქუჩაზე, მე –  რუსთაველზე.  ერთად ვსწავლობდით პირველ საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც  გიორგიმ უნივერსიტეტში ჩააბარა, მე – „გეპეიში.“ წლების შემდეგ ჩვენ სტუდენტების რანგში  კვლავ ერთად აღმოვჩნდით პრაღის ცენტრალურ უნივერსიტეტში. გარდა დიდი მეგობრობისა, ჩვენ შორის ნათესაური კავშირიც არის, – გიორგი ჩემი მეჯვარე და ჩემი შვილის ნათლიაა. ჩვენ არ დაგვიკარგავს ერთმანეთი  ცხოვრების  რთულ პერიოდებშიც კი,  როდესაც მე ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში.  იყო მომენტები, როდესაც მე რამდენჯერმე შემახსენეს, რომ გიორგი მარგველაშვილთან მეგობრობა არ იყო ჩემთვის  სასიკეთო და სასურველი. ამას წინათ, მკითხეს:  არ მოგწყინდათ ერთმანეთი, 40 წელია, მეგობრები ხართო?  ამაზე არც დავფიქრებულვარ,  ისე გავიდა ეს წლები. ბოლო პერიოდმა განსაკუთრებით დაგვაახლოვა ერთმანეთს.  მას შემდეგ, რაც დიპლომატიური სამსახური დავტოვე, მომეცა  საშუალება, „ჯიპაში“ გამევლო  მსოფლიო  საგარეო პოლიტიკისა  და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის კლასი.  ამ კონტექსტში ჩვენ გვიწევდა საუბრები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის  შესახებ, გვიწევდა   საკუთარი შეხედულებების გაზიარება, ხშირად კამათიც კი.  ალბათ, ესეც გახდა წინაპირობა იმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში  გუნდთან ერთად აქტიურად ჩავერთე იმ სამუშაო პროცესში, რაზედაც მიდიოდა მუშაობა საპრეზიდენტო კანდიდატთან  საერთაშორისო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოების თემებზე.   

– როგორც ვიცი, თქვენ და  გიორგი მარგველაშვილი   ქართულ მიუზიკლშიც ხართ  გადაღებული. როგორ მოხვდით ფილმში? 

– ჩვენ გადაგვიღეს მიუზიკლში „რწყილი და ჭიანჭველა”. მაშინ მეც და გიორგიც  ალბათ, 11 წლისანი ვიყავით. მახსოვს, სკოლაში მოვიდნენ  მოსწავლეების შესარჩევად. პირველი სკოლა ამ მხრივ განსაკუთრებული იყო. ვინაიდან მე და გიორგი მუსიკის ნიჭით  მაინცდამაინც არ გამოვირჩეოდით, არც რწყილის როლი გვერგო და არც ჭიანჭველის.  ჩვენ ვიყავით მზის შვილები, რთულ გარემოში რწყილისთვის დახმარება უნდა გაგვეწია. ჩვენ  რწყილი გავათავისუფლეთ ყვავის ტყვეობიდან,   დავეხმარეთ პრობლემების მოგვარებაში, დავფრინავდით  ჩვენი ჯადოსნური ფრთებით თბილისსა და გუდაუთას შორის, რადგან   ფილმის გადაღებები  ძირითადად გვქონდა აფხაზეთში, გუდაუთასა და მიუსერასთან.  ფილმი  გათვლილი იყო რუსულ აუდიტორიაზე და გავიდა მთელ საბჭოთა სატელევიზიო სივრცეში, მათ შორის  გადაცემაში  „ვგასტიახ უ სკაზკი”. აქ დამთავრდა ჩემი და გიორგის კავშირი კინოსთან,  ჩვენ სხვა მისწრაფებებიც გვქონდა. მეც და გიორგიც მეცნიერების ოჯახებში ვართ გაზრდილი, ჩვენი მშობლებიც იცნობდნენ ერთმანეთს აკადემიური საქმიანობიდან. საერთო წრე და საერთო  გატაცებები უფრო ამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ორივეს გვქონდა ჩვენი გზა და ხედვა. 

 – თქვენ წარმოშობით ხართ  ჭორვილადან.  იმ წლებში თუ გქონდათ კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან?

– ბიძინა ივანიშვილი  ასაკით უფროსია და მას ბავშვობაში არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობდით მის ოჯახს, მის მამას. მე მახსოვს, როგორ ეხმარებოდა მამამისი – ბატონი  გრიშა  ჩვენს  ოჯახს სხვადასხვა სამეურნეო  საქმეებში, როგორც ეს ზოგადად სოფლებში ხდება ხოლმე. ძალიან ძნელია, ადამიანმა დამალო სიყვარული შენი კუთხის, სოფლის მიმართ. ვერც ერთი ვერ დავმალავთ იმ განცდებს, რაც ამ სოფელთან გვაქვს დაკავშირებული.  ჭორვილა არაა დიდი სოფელი,  იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. მე მაქვს სახლი ჭორვილაში.  უფრო სწორად ბიძაჩემის სახლი გამოვისყიდე, სადაც ბაღიც გვაქვს. წინა კვირას ვიყავი ჭორვილაში, ღვინო დავაყენე, ჭაჭა გამოვხადე. ამ საქმიანობას ვერ  ველევი, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სოფელში მივდივარ.  იქ  ბევრი ნათესავი გვყავს – ბიძაშვილები,  რომლებთანაც ბავშვობა გვაკავშირებს. ასე რომ, იქ ჩასვლა ყოველთვის ძალიან  მიხარია.  სხვათა შორის, ჭორვილა ჩემს ბავშვობაშიც გამორჩეული სოფელი იყო – იქ ცხოვრობდა ცნობილი ლოტბარი მამია ხატელიშვილი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადიოდა მასთან. ჭორვილაში ცხოვრობდნენ წერეთლები, მათთან ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს. ჭორვილელი იყო ჯურხან ნადირაძე, არქეოლოგი, რომელმაც სოფელში ოქროს ხანის ნივთები აღმოაჩინა, რაც მიუთითებდა ამ სოფლის კავშირებს ანტიკურ პერიოდთან. ჩემს ბავშვობაში ჭორვილა ცოცხალი სოფელი იყო. მაშინ ივანიშვილების ოჯახს, ისევე როგორც ბევრ ოჯახს იმ სოფელში, დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ გამორჩეულად კარგები. ის ადამიანური ურთიერთობები რაც მათ ჰქონდათ ერთმანეთთან მე დღესაც კარგად მახსოვს. გამორჩეულად მინდა ვთქვა  ბიძინა ივანიშვილის დედის,  ქალბატონი ციცინოს შესახებ. მისგან ყოველთვის  ვგრძნობ კეთილგანწყობას. ის ძალიან ყოჩაღი და აქტიური ქალია. ჭორვილაში ჩასული ივანიშვილების უბანს ვინც  გაივლის, დაინახავს,  როგორ ფუსფუსებს 90 წელს გადაცილებული ქალბატონი ციცინო ეზოსა და  სახლში. ამ ზაფხულს ვნახე, ბევრი ვისაუბრეთ – ყველაფერი გავარკვიეთ, ვინ სადაა და რატომ.  ჩვენი საუბარი ძალიან შინაურული იყო, ისეთი, მხოლოდ სოფელს რომ სჩვევია. მახსოვს ერთხელ, გიორგი იყო ჩამოსული ჭორვილაში. გიორგიმ ჩვენი საუბარი რომ მოისმინა ღრმა იმერულ კილოზე,  ნახევრად ხუმრობით თქვა: რა ენაზე ლაპარაკობთო? (იცინის).           

–  თქვენი ძმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო, თქვენ სხვა ბანაკში აღმოჩნდით. ეს დისკომფორტს არ გიქმნით? როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს ძმებს?

– მე არ მიმაჩნია, კლიშე, რომ ვიღაც ვიღაცის ძმაა, განსაკუთრებულად უნდა იყოს აღქმული. ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივი, ტრადიციული ქართული ძმობა. ჩვენ გვაქვს ნორმალური, ევროპული ძმობა – მე არ ვერევი მის საქმეებში, ის არ ერევა ჩემს საქმეში. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, როცა მივდივარ დედასთან, პერიოდულად ვიკვეთებით ჭორვილაში – მაინც ცალკ-ცალკე გვირჩევნია დასვენება, ერთმანეთს თავისუფალ სივრცეს ვაძლევთ. არის პერიოდები, როცა დიდხანს ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ტელეფონით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს.  ვინც ჩვენ გვიცნობს, იცის, რომ ჩვენ ყოველთვის დამოუკიდებელი ადამიანები  ვიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთთან საინტერესო იყო და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და ალბათ, გვექნება. მაგრამ, არის თემები, რომლებზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდში ვართ  და არის თემები, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ. სხვათა შორის,  მიშას ძალიან ხშირად უწევდა ჩემ გამო ახნა-განმარტების რეჟიმში ყოფნა. 

– თქვენ არ ყოფილხართ ასეთ რეჟიმში?

– მე – არა  მიშასგან განსხვავებით.  მე მაქვს კონკრეტული მიდგომა, რომ მე ჩემი საქმე მაქვს, მას – თავისი.  ჩვენ ორივემ გავაკეთეთ ჩვენ-ჩვენი არჩევანი. მე არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომ არა გიორგი, ალბათ, არც ახლა ვიქნებოდი აქტიურად ჩართული პოლიტიკურ გუნდში. მქონდა შემოთავაზება ბატონი ბიძინასგან 2011 წელს. მე მას ავუხსენი, რომ ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ პარტიაში. ეს, ჯერ ერთი, არ იყო ჩემი სტიქია, მეორეც, მაშინ, როცა ჩემი ძმა იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, მე ვერ ვიქნებოდი „ქართული ოცნების“ წამყვან პარტიულ პოზიციაზე. ეს არ იქნენოდა სწორი, თუმცა მე არ ვმალავდი ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის გუნდის მიმართ.   

– თუმცა, იყავით დაახლოვებული ამ გუნდთან და იყავით იმ ხელისუფლების დიპლომატიური გუნდის წარმომადგენელი იაპონიაში.

– მე  ყოველთვის ვიყავი დაახლოებული მათთან, ვინც იყო ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი.  პოლიტიკური კარიერა დავიწყე ზურაბ ჟვანიას თანაშემწედ, რომელსაც ყოველთვის უნდოდა, რომ მე და გიორგი ვყოფილიყავით პოლიტიკურ სივრცეში.  ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ზურაბ ჟვანიასგან  რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება, რომ გავმხდარიყავი მინისტრი, პარლამენტის წევრი. ეწყინა კიდეც, როცა ვუთხარი, რომ არ ვიყავი მზად პოლიტიკისთვის. ბევრი მცდელობის მიუხედავად,  რომლის უკან მისი კეთილგანწყობა იყო, მან მე და გიორგი ვერ გვაცდუნა პოლიტიკისკენ (იცინის). დიპლომატიური სამსახური, სადაც მე ორი წელი გავატარე, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო არაპოლიტიზირებული. თუმცა, როცა მივხვდი, რომ სხვანაირად იყო საქმე, დავტოვე ჩემი სამსახური. ეს სიტუაცია ხშირად მიშასთვისაც იყო პრობლემური, მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი და წამოვედი.

– მას ხშირად წამოაძახებდნენ ხოლმე  თქვენს კომერციულ ინტერესებს.

– მე არასდროს ვფლობდი იმ ბიზნესს, რასაც ხშირად ახსენებდნენ. მე ვიყავი ავსტრალიური კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი,  ვმუშაობდი ხელფასზე და არანაირი წილი არ მქონდა.  ამ კომპანიამ   შექმნა დიდი, მომგებიანი   საწარმო, რომელიც  სახელმწიფოს დღესაც დიდ დივიდენდებს აძლევს. ცალკე საუბრის თემაა, თუ რატომ გაყიდეს საწარმო და რატომ აღმოჩნდა იმ ადამიანების ხელში, რომელიც უშუალო კავშირში იყო სამთავრობო გუნდთან.      

– დღეს როგორ ფორმატში გრძელდება  თქვენი და პრეზიდენტის მეგობრული ურთიერთობები? 

– მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გიორგი გაცილებით მეტს იმსახურებდა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე მას ჰქონდა. ამიტომ, მისი ეს წარმატება ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო. ვფიქრობ, მას კარგი და დიდი რესურსი აქვს, იყოს ახალი, თანამედროვე ტიპის პრეზიდენტი, რომელიც  ჩვენში არსებულ პრეზიდენტის ავტორიტარულ,  „მამა-მარჩენალის” კლიშეს  მოგვაცილებს.  ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.  ასე რომ, არც დავფიქრებულვარ და არც განსაკუთრებული თანამდებობის ხიბლი მქონია, ისე აღმოვჩნდი ახლაც მის გვერდით. ძალიან დიდი ხანი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდი მასთან, იმ გუნდთან ერთად, რომელმაც  გაიარა რთული წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება ჩვენს პრივატულ ურთიერთობას, ეს ფორმატი არ იცვლება. ჩვენ კვლავ დავდივართ ერთმანეთის ოჯახებში დუშეთიდან დაწყებული თბილისით დამთავრებული. გიორგის ძალიან უყვარს დუშეთი. ის სახლი თავისი ხელით ააშენა.  შავი  კარკასი იყიდა, მერე ყველაფერი თვითონ გააკეთა – გალესა, იატაკი დააგო.  გვეგონა, რომ არ ეხერხებოდა, მაგრამ ჩხირკედელა გამოდგა.   მეგობრებიც ვეხმარებოდით:   მშენებლობაზეც ვმუშაობდით, ზოგმა ფანჯარა ვაჩუქეთ, ზოგმა სკამი, ზოგმა ბუხრის მასალა. ახლა ყველას ძალიან გვიყვარს იქ ყოფნა:  საუბრები, ქეიფი, სეირნობა. გიორგისთვის მატერიალურ კეთილდღეობას აქვს თავისი ლიმიტი – არ უყვარს ზედმეტი ნივთები.   დუშეთში  აქვს თავისი, საკუთარი სამყარო.  გიორგიმ ეზოში   ბოსტანიც გააკეთა,  მაკას ულამაზესი ვარდების ბაღი აქვს.  მათი  სახლის უკან კურკოს ტყეა, სადაც გასეირნებას არაფერი ჯობია. 

–  თქვენ იმ სახლში  ალბათ,  „საშვი” არ გჭირდებათ?

–  გიორგის აქვს პრივატულობის თავისი ზომა. ამიტომაც, არასდროს ავდივარ იქ ისე, რომ არ დავურეკო. სხვის პირად სივრცეში შეჭრა, მისი ნებართვის გარეშე, არ შეიძლება.  ჩვენი მეგობრობა გრძელდება ჩემს სახლშიც.  გიორგის ძალიან მოწონს ჩემი გაკეთებული ფრანგული და იტალიური კერძები.   გიორგი მეგობრობს ჩემს მეუღლესთან, რომელიც მისი წყალობით გავიცანი პრაღაში 1993 წელს.  მახსოვს, როდესაც პირველად ლესლი დავინახე  კაფეში, გიორგის ვთხოვე: გეხვეწები, მომეშველე და შენ მიდი ახლოს-მეთქი. გიორგი მივიდა და უთხრა: ჩემს მეგობარს მოეწონეთო და ისე აუწერა ჩემი თავი, ლესლიმ უარი ვეღარ თქვა გაცნობაზე.  მერე ვეხუმრებოდი გიორგის:  მითხარი, ისეთი რა უთხარი ლესლის,  მეც ვიცოდე, რამე არ შემეშალოს-მეთქი. ასე რომ, ჩემი და ლესლის ოჯახური ისტორია დაიწყო გიორგის ხელშეწყობით. მათ ორივეს აქვთ საერთო გატაცება – ცხენები, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, გიორგის უფრო ნაკლებად აქვს, ახლა, ალბათ,  მით უფრო ვერ მოიცლის.  წინ ბევრი დიდი საქმე გველის. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საქმეზე ვიქნებით ორიენტირებული, მაგრამ აუცილებლად გავუფრთხილდებით პიროვნულ და მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც 40 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და რომელმაც ჯერ არც ერთი არ დაგვღალა (იცინის).      

 

скачать dle 11.3