კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შედგა დავით ყიფიანისა და ნანა გორგაძის ქორწინება და რას ინახავს ფეხბურთელის საყვარელი ქალი სათუთად მისგან

ასეთი სიყვარულის ისტორია ალბათ რჩეულთა ხვედრია, ასეთი ამბები დიდ ეკრანზე ნანახ, ძალიან კარგ მელოდრამას თუ შეიძლება, შეადარო, რომლის განცდაც დიდხანს მიგყვება. 90-იან წლებში თბილისში ერთი ლამაზი წყვილი იყო, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ არ იცის. ყველაფერი ძალიან ლამაზად დაიწყო და უცნაურად დამთავრდა. ერთ გოგოს და ცნობილ ფეხბურთელს ერთმანეთი შეუყვარდათ, მამაკაცი ავტოავარიაში იღუპება, ქალი სამი თვის ფეხმძიმედ რჩება, ბედის ანაბარა, მერე ჩნდება ულამაზესი ბავშვი... 18 ნოემბერს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. მე ბევრს აღარ გავაგრძელებ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნანა გორგაძესთან, ქალთან, რომელთანაც ბატონ დათოს წრფელი გრძნობა აკავშირებდა და მასთან სამუდამო თანაცხოვრებაზე ფიქრობდა                   

 

– უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დათო ყიფიანი ძლიერი ფეხბურთელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, საკმაოდ ცნობილი და კარგი ოჯახიდან იყო. თბილისში, მგონი, ყველა ქალს უყვარდა. თქვენც ერთ-ერთი იმათაგანი ხართ, ვისაც ის შეუყვარდა. როგორ დაიწყო ყველაფერი?    

– ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვქონდა და ვაპირებდით, ერთად გვეცხოვრა – მე ქმარს ვიყავი გაშორებული და დათოც თავისუფალი კაცი იყო. ერთადერთი იყო, ვისთანაც მინდოდა, მთელი ცხოვრება გამეტარებინა. გაცნობის დღიდან მოყოლებული მთხოვდა, ცოლად გამომყევიო, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი, არ მინდოდა ავჩქარებულიყავი. თვითონ შევთავაზე: მოდი, ჯერ ასე ვიყოთ, გავიდეს დრო, იქნებ მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონია, იქნებ არც შენ ხარ ის, ვინც მე მგონია. მერე, თუ ორივე მივხვდებით, რომ ერთად უნდა ვიყოთ, ვიყოთ-მეთქი. კიდევ ერთხელ ცხოვრების დანგრევას, კიდევ ერთხელ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი...  

ჩემი კარის მეზობელი იყო ეთერ კაკულია, დღეს კატოს ნათლიაა. არ მომასვენა, ხან სად წამიყვანა, ხან – სად. ერთ დღესაც ქუთაისში წავედით, სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა. იმ დროს დათო „ქუთაისის ტორპედოს” მწვრთნელი იყო. რესტორანში ვსაუზმობდით, დაურეკეს, თბილისიდან შენი მეგობრები არიან ჩამოსულიო. ეს იყო აბსოლუტურად შემთხვევითი შეხვედრა, ჩემთვისაც უცხო ადამიანი იყო და მისთვის უცხო ქალი ვიყავი.  დღეს მოწამეთა ხსენების დღეა და ყველას გპატიჟებთო. მერე  მოწამეთაში დაგვხვდა. მეგონა, ჩემს წინ 17 წლის ბიჭი იყო, არაჩვეულებრივად იქცეოდა. საღამო ხანს ეთერს ქუთაისის მოედანზე კონცერტი ჰქონდა. დათომ ხელი მომკიდა და დამატარებდა აქეთ-იქით. ეკითხებოდნენ, თქვენი მეუღლეაო? ჯერ არა, მაგრამ მალე იქნებაო. დილის ექვს საათზე წამოვედით ქუთაისიდან. გაუკვირდა, მიდიხარ? დარჩიო. რას ჰქვია დავრჩე, ყველასთან რომ ასე დავრჩე, კარგად ყოფილა ჩემი საქმე-მეთქი. მანანა მეუბნება, ჯემალ სეფიაშვილის ცოლი, დათო ყიფიანიაო. მერე რა, რომ დათოა ყიფიანი-მეთქი. სამარშრუტო ტაქსით წამოვედით. მძღოლი იძახის – დათო ყოფიანი მოგვსდევსო. გააჩერა. ახლა, ყველა ჩაქვში  მივდივართ ზვიად ცეცხლაძესთან და ნანა მომყავს ცოლადო. მეორე დღეს თბილისში იყო. 

– წარმომიდგენია, რა შოკი იქნებოდა თქვენთვის მისი გარდაცვალება?! თან, მე როგორც ვიცი, სამი თვის ფეხმძიმე იყავით იმ დროს.         

– სადაც ის არის, იმ მიწას მინდა, სულ ვეფერო. როდესაც დათო გარდაიცვალა, ალბათ, იმ დღეს ჩემზე უბედური ქვეყანაზე არ არსებობდა. ვცდილობდი, რაღაც ისეთი მომეგონა, ცუდი, რომ არ მეტირა და ეს ბავშვი მუცელში რომ მყავდა, გადამერჩინა. ვეღარ ვჩერდებოდი, სულ ვტიროდი, მაგრამ ვერაფერი ცუდი ვერ გავიხსენე. როცა გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, შეეძლო ეთქვა, იცი, რა ნანა, მე უკვე სამი შვილი მყავს, ორი შვილიშვილი და არ მინდაო, მაგრამ პირიქით მოხდა. ჯერ არ არსებობდა ბავშვი, რომ ამბობდა – ჩემს ოთხ შვილს ვფიცავო. კარგად მახსოვს ის დღე, როცა ეს ამბავი გავაგებინე. ნიკუშას ქორწილი ჰქონდა. გაოგნებული ვიყავი, ვტიროდი. დავურეკე, ჩქარა მოდი რაღაც მინდა გითხრა-მეთქი. გადაირია, რატომ ტირიო. ახლა ვერ მოვალ, ნიკუშას ქორწილი მაქვს და როგორც კი გავაცილებ აეროპორტში, მაშინვე წამოვალო. მოვიდა. რა გატირებსო, მკითხა. ვუთხარი, მგონი, ფეხმძიედ ვარ-მეთქი. მერე მაგაზე ტირიო. იმ საღამოსვე მომიყვანა თავისი  ბიძაშვილი, გინეკოლოგი ზურა ყიფიანი. თუ გოგო გაჩნდა, ჩათვალე, რომ ხელს არ დაგაკარებინებ. სამჯერვე გოგოზე ვოცნებობდი და მესამედაც რომ ბიჭი გაჩნდა, ხელი ჩავიქნიე და ახლა როგორ არ გიხარიაო. შვიდჯერ ვყავდი ექოზე, არ გამოჩნდა კატო. ზურა ეუბნებოდა, შანსი არაა, გოგო არ გეყოლებაო. იმიტომ რომ მაგათ გვარში გოგო არ იყო. ჯერ კატო გაჩნდა, მერე ნიკუშას შეეძინა ირინკა.

– ასეთ მძიმე დროს ადამიანი იმაზე მეტად ფიქრობს, ვიდრე ოდესმე უფიქრია თავის ცხოვრებაზე. რა ხდებოდა თქვენს თავს? აცნობიერებდით, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ცხოვრება – მარტოდ დარჩენილი ქალი ორი ბავშვით. პირველი ქოწინებიდანაც ხომ გყავთ ქალიშვილი?     

– ვფქირობდი, ეს კაცი დამესიზმრა თუ რეალურად იყო ჩემს ცხოვრებაში. თუკი იყო მაშინ სად გაქრა? თუ დამესიზმრა, ეს მუცელი როგორღა მეზრდება-მეთქი. ვერ ვარკვევდი რა მოხდა. არც ერთ ქალს არ ვუსურვებდი იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი იმ დროს. ელოდებოდე ბავშვს, იყო გაურკვევლობაში, ხვალინდელი დღე არის ბურუსით მოცული...  როგორ მომეკლა დათოს შვილი. აი, მაშინ მამა ელიზბარმა მითხრა: ახლა, როგორც არასდროს, ისე უნდა გაუფრთხილდე ამ ბავშვსო. როცა ფეხმძიმედ დავრჩი, მაშინვე მივედი მოძღვართან. იცოდა მე და დათო ერთად რომ ვიყავით, მამაომ მითხრა: ჯვარი უნდა დაიწეროთო. ყოფილ ქმართან მქონდა ჯერ ჯვარი ასაყრელი, მაგრამ მოხდა ასეთი რამ – რვა სექტემბერს ჩემი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა და სამი დღის შემდეგ დათო. მონასტერში მინდოდა წასვლა, მერე რა მინდოდა, მეც არ ვიცი. ბავშვზეც აღარ მიფიქრია, უბრალოდ, მივენდე უფალს – რაც იქნება, იქნება. ერთი თვის შემდეგ მივედი ექოზე. გოგო რომ გამოჩნდა, ისე ცუდად გავხდი, ეგრევე სასაფლაოზე წავედი და ვუთხარი: ჩემო დათო, უშენოდ დაიბადება შენი ნანატრი გოგო-მეთქი. 

– დათოს დედას, ძმას, შვილებს იცნობდით?   

– დედამისთან, ქალბატონ ციალასთან ამიყვანა და გამაცნო. თვალის ექიმი იყო. დედა, ნანას თვალები აწუხებსო – უთხრა.  მართლა, შვილოო – გაუკვირდა ქალს. აბა, ასეთ ლამაზ ქალს ჩემისთანა კაცი რამ შეაყვარაო. მის ძმასაც ვიცნობდი, ბიჭებსაც.  ბედნიერი ვარ, რომ კატო მარტო არ არის და ჰყავს ასეთი წარმატებული და ღირსეული ძმები. ნიკუშა მოკიდებს ხოლმე ხელს კატოს და ირინკას და ხან კინოში მიდიან, ხან სადმე სასეირნოდ.        

– ბევრი ვიცი, ისეთი, ვინც თავისი გარდაცვლილი ახლობლის არსებობას, თანადგომას სულ გრძნობს, სიზმარში, ცხადში სერიოზული მინიშნებები აქვთ. ალბათ, თქვენც გქონიათ მსგავსი შეგრძნებები.      

– ის, რომ დათო ჩემთან არის, ამის შეგრძნება სულ მაქვს. რომ გარდაიცვალა სახლიდან არ გამოვდიოდი. რასაკვირველია, არც თავს ვუვლიდი, სულ ვიწექი, არაფრის სურვილი არ მქონდა, ურთიერთობები, საუბარიც დამავიწყდა. ვიდექი და სურათს ველაპარაკებოდი. ხან ვეჩხუბებოდი: რომ მიმატოვა, ხან პატიებას ვთხოვდი. ერთხელ ხილვა მქონდა, იცით როგორი? აი, რომ  გრძნობ, ვიღაც გიყურებს. ადექი ნანა, მე შენ ასეთი არ მიყვარდი, თავს მოუარე, ჩაიცვი, მოწესრიგდი... მერე, უცებ გაქრა. ჩემი გადარჩენაც სათუო იყო და კატოსიც. მერე, კატო რომ გაჩნდა, ჯგუფური შეუთავსებლობა ჰქონდა და გადასხმებს უკეთებდნენ. მე ხომ ცუდად ვიყავი, ვგრძნობდი, რომ მე აღარ დამტრიალებდა თავს, კატოს ედგა და დაჰყურებდა. ორი წლის წინ ვიყიდე მანქანა.  სიზმარში ვნახე, რომ საჭე უკან არის და დათო ზის. დათო, ეს საჭე ვინ გადმოიტანა უკან-მეთქი. მე ვზივარ უკან და შენ გატარებო, მიპასუხა. ერთხელ, ავარიული სიტუაცია მქონდა. უცებ ვიგრძენი,  რომ ვიღაცამ მხარზე ხელი მომიჭირა და დავამუხრუჭე. გავგიჟდი, აშკარად მან გადამარჩინა. ბოლოს მეუბნებოდა – რაღაც ისეთი მინდა გაჩუქო, სულ შენთან ვიყო და არასოდეს გავქრეო. იცით რა, სულ ვფიქრობ, ერთად რომ გვეცხოვრა, ის გრძნობა, რაც დღემდე მის მიმართ მაქვს, არაბუნებრივი, არამიწიერი, შეიძლება წლებს მოეკლა, გაეფერმკრთალებინა. ამიტომ, ეს გრძნობა ისევ ისეთი დარჩა, როგორიც თავიდან იყო. დათო ჩემი ბედისწერა იყო. ჩვენი ურთიერთობა ალბათ აღარ უნდა გაგრძელებულიყო, თავი უნდა მიმეძღვნა მისი სიყვარულისა და მისი შვილისთვის. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ის ორი წელი ღირსეული კაცის გვერდით ვიყავი. 

– კატო გარეგნულად ძალიან ჰგავს მამას, ისეთივე დინჯიც ჩანს. კიდევ რით ჰგავს? 

– ყველაფრით. ხელგაშლილობით, სიკეთით, სითბოთი, სიყვარულით...  ჩემთვის ცარიელი იყო სამყარო და კატომ შეავსო, ჩემს დარჩენილ ცხოვრებას აზრი მისცა. ძალიან უხარია, რომ მამამისი ასე მიყვარდა. სულ აინტერესებს მამაზე ყველაფერი და მეკითხება.  თეატრალური გოგოა. არაჩვეულებრივი წარმატებები აქვს სცენაზე, სასახლეში დრამატული თეატრის მსახიობია. სულ ამბობს, მამაჩემი უნდა ვასახელოო. 

– კატო თქვენ დაარქვით?   

– გოგო თუ იქნება, ციალა დავარქვათ-მეთქი, ვეუბნებოდი და იცინოდა. რომ გარდაიცვალა, მინდოდა, მისგან რამე მინიშნება მქონოდა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო?.. დამესიზმრა, ანა დაარქვიო. ჩემს ძმისშვილს ჰქვია ანა და აღარ მინდოდა, ორი ანა ოჯახში. ცუდად მოვიქეცი, რომ ანასტასია არ დავარქვი. კატოს დაბადების დღე 23 მარტია. ტაძარში ვიყავი და წიგნში ვნახე, რომ 23 მარტი წმინდა ანასტასიას ხსენების დღე ყოფილა. ცოტა ხანს დათო გაბრაზებული მესიზმრებოდა, ეს სახელი რომ არ დავარქვი. მერე მამაოსთან მივედით, ბავშვს ლოცვები წაუკითხა და ეკატერინე ანასტასიად მოიხენია, რაც ძალიან მიხარია.              

– ბუნებრივია, როცა ცნობილ კაცს ან ქალს ოჯახი აქვს და მის ცხოვრებაში ვიღაც ჩნდება, საზოგადოებას კითხვები უჩნდება – რა და როგორ მოხდა, ვინ არის, მის გამო დაანგრია ოჯახი თუ სხვა მიზეზით? უცხოეთში ხომ პაპარაცებისგან ნორმალური ცხოვრება არც აქვთ ცნობილ სახეებს. ჩვენი ჟურნალი არ არის ისეთი ჭორებზე, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე რომ ყიდის თავს. როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, სწორედ ამ კითხვაზე პასუხს  დაუწყებენ ძებნას, ამიტომ მინდა, ამაზეც ვისაუბროთ.                     

– დათოს პირველი მეუღლე იყო თავის თანაკლასელი – ქეთინო მიქელაძე, მართლაც არაჩვეულებრივი, ღირსეული ქალი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. როდესაც დათო გავიცანი, მეორე მეუღლეს ხათუნა აბაშიძეს, უკვე გაცილებული იყო (ხათუნა აბაშიძე იმ პერიოდში უკვე გიორგი მარგველაშვილის ცოლი იყო – ავტორი) დათომ ხუმრობით მითხრა: მე ყოველ 14 წელიწადში ერთხელ ვიცვლი ცოლს და მესამედაც რომ არ გამიმართლდეს, სამივეს იარაღით მოგკლავთო, იცინოდა. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ დათოც თავისუფალი კაცი იყო და მეც. ცხადია, ქორწინებაში რომ ყოფილიყო, როგორც არ უნდა მყვარებოდა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ასე რომ, არავის ცხოვრებაში ცუდად არ ჩავრეულვარ. დათოს შვილები შვილებივით მიყვარს. მე როგორ შევძლებდი, თვალებში შემეხედა მათთვის რამეში დამნაშავე რომ ვყოფილიყავი.

– თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?  

– სულ მეუბნებოდა, ამოვალ ოჯახში და თქვენებს შენს ხელს ოფიციალურად ვთხოვო. მართალი გითხრათ, ჩვენ უკვე იმ ასაკში ვიყავით, ხელი მოწერილი მექნებოდა თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჯვარს თუ დავიწერდით, ძალიანაც კარგი იქნებოდა – რატომაც არა, ბავშვი ჩნდებოდა და ეს საჭიროც იყო. მე რომ ჩემი ოჯახის წევრები არ მდგომოდნენ გვერდში, როგორ შევძლებდი ამ გადაწყვეტილების მიღებას, ერთი შვილი გყავს და მეორეს აჩენ – ეს არ არის ადვილი საქმე. მე სამსახურიდან წამოვედი, სად შემეძლო სამსახურში სიარული. ჩემი ძმა დამიდგა მხარში და მან გამაზრდევინა კატო. მერე მისი ძმები, ბიძები  შემოგვეშველნენ. 

– ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა ინტერვიუები პირად საკითხზე. არ ჩნდებოდა საზოგადოებაში ცოლთან,  თუნდაც ვინმესთან ერთად. თქვენ რას ამჩნევდით, უნდოდა, რომ გამოჩენილიყავით, თუ მაინც ერიდებოდა ამ ურთიერთობის გასაჯაროებას?  

– პირიქით, მე უფრო გავურბოდი ამ სიტუაციას.  ხანდახან ისე უხერხულად ვგრძნობდი კიდეც თავს – ეს ერთი  ქალი რომ ვიჯექი მის ამდენ მეგობართან ერთად. მინდოდა, მარტონი ვყოფილიყავით, გვესეირნა, გვესაუბრა. დათოს კი, უნდოდა, ყველგან წავეყვანე. ან რატომ უნდა დავმალვოდით საზოგადოებას?  

– დათო ყიფიანი რომანტიკული ვერ წარმომედგინა. იყო ასეთი? 

– უთბილესი, უსაყვარლესი, ურთიერთობაში მოკრძალებული  ადამიანი იყო. ლექსი არა, მაგრამ მე არ მახსოვს, დათოს ჩემთვის რამე არ ეჩუქებინოს. სადმე თუ ვიჯექით რესტორანში, უცბად გაიპარებოდა, უზარმაზარ თაიგულს მომიტანდა, საყურეებს ან სუნამოს. ერთხელ, მანქანა გააჩერა მაღაზიასთან (დღემდე არის ის მაღაზია ვაჟაზე). შემიყვანა და გამყიდველებს უთხრა: თუ რამე საუკეთესო გაქვთ, ჩააცვითო. დღემდე მიდევს მისი ნაყიდი კაბები, ფეხსაცმელები, ჩექმები. იცით, როგორ ზრუნავდა ჩემზე? მე დათომ ყველანაირად მაგრძნობინა, რომ ქალი ვარ. მანქანა სავსე იყო წითელი ვარდებით. მეზობლის ბიჭები ზიდავდნენ. მე ვიჯექი და ვფიქრობდი, სად წამეღო ამდენი ვარდი. მერე ავდექი და გავახმე. არ ვიცი, ალბათ, ამ მონატრებისთვის ვემზადებოდი. ყველა სუნამოს ცარიელი ფლაკონი თუ სასმლის ბოთლი, რომელსაც ის სვამდა, ბოლოს, რომ სიგარეტი მოწია, იმის ნამწვავებიც კი, შენახული მაქვს. ცელოფანში დიდხანს იდო ტანსაცმელი რომ მისი სუნი ჰქონოდა. ის ყვავილებიც შენახული მაქვს და  სულ ვამბობ: როცა მოვკვდები, ჩემი დათოს ყვავილები დამაყარეთ გულზე-მეთქი.                                

 

скачать dle 11.3