კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ძალა დგას „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ უკან, რატომ თამაშობს ის წაუგებელ თამაშს და როგორ წაართვა აზერბაიჯანმა საქართველოს ამიერკავკასიაში ლიდერობა

18 ნოემბრიდან ჩვენს ქვეყანას ახალი პრეზიდენტიც ჰყავს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდიდანაც. მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაც ცნობილია და უშიშროების საბჭოს მდივნისაც, ახალი მთავარი პროკურორისა და შს მინისტრის – ხომ ცნობილია და ცნობილი. საპრეზიდენტო არჩევნების შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში – „ოცნებამ“ სრულად მხოლოდ ხელისუფლების ერთი შტო დააკომპლექტა – აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობა და ორიენტაციაც გაურკვეველია და მისი დამოუკიდებლობის ხარისხიც. საკანონმდებლო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ 40-პროცენტიანი რაოდენობითაა წარმოდგენილი და უკვე მოიპოვა რიგით მეორე ოპოზიციური პარტიის სტატუსიც. შესაბამისად, უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა: ორხელისუფლებიანობა დასრულდა თუ უფრო გაძლიერდა? შექმნილი ვითარების კომენტირება ირინა სარიშვილს ვთხოვეთ.

 

– როგორ აფასებთ 2013 წლის 18 ნოემბრისთვის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას?

–  პირადად ჩემთვის პოლიტიკური რეალობა ძალიან არადამაკმაყოფილებელია და მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მაინც უმრავლესობაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ იქნა სხვა პრეზიდენტი და ეს ისედაც ასე მოხდებოდა, კოაბიტაციის პროცესი არათუ არ დასრულებულა, პირიქით, სხვა ფაზაში გადავიდა, ანუ დასრულება გამოიხატა იმაში, რომ გაფორმდა. ახლა მიზეზად ასახელებენ 17 ნოემბერს, რომ თითქოს ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. არადა, ასეთი დაცდის პოლიტიკით მოვდივართ ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან: ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო, შემდეგ მთავრობა უნდა დაინიშნოსო, შემდეგ პრეზიდენტი უნდა აირჩესო და ამასობაში ისევ „ნაციონალებით“ გაიტენა როგორც სამინისტროების შიდა შემადგენლობები, ასევე, აქტიურობას არ აკლებენ გარეთაც –   მეორე ადგილზე დავით ბაქრაძის გაყვანით, რაშიც ლომის წილი სწორედ „ოცნებას“ მიუძღვის: როგორც „რესპუბლიკელებს“, ისე ბიძინა ივანიშვილს. შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგან, როგორც, მინიმუმ, შემსრულებლები თვითონ იყვნენ. შემდეგ უკვე „რესპუბლიკელებმაც“ და სხვებმაც გააკეთეს განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლეგიტიმაცია მოხდა და იწყება მათთან თანამშრომლობა, რაც ძალიან საშიში პროცესია.

– რატომ?

– მე გასულ კვირას გავავრცელე სტატუსი და გავიმეორებ: წვრილფეხა „ნაციონალები“ ჯერჯერობით სოციალური ქსელით კმაყოფილდებიან, გვიცვივდებიან ეგრეთ წოდებულ „ჩათებში“, შეურაცხყოფებით, მუქარებით და ეს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუ ამ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, თვითონ „ნაციონალები“ დაიწყებენ განუკითხაობას და შემდეგ ძალიან გვიან იქნება, იმიტომ რომ ეს განუკითხაობა შეეხება დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე არ ვიცი, რა ჯადოსნური ჯოხი უნდა აიქნიოს 17 ნოემბერს ხელისუფლებამ, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ან სააკაშვილს, ან ვინმე სხვა მაღალი თანამდებობის პირს პასუხი მოეთხოვება. მეტიც, არც ის არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილიც კი გარეთ გამოვიდეს.

– „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლისთვის ხელშეწყობაში გასაგებია, რომ გულისხმობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, სხვას კიდევ რას გულისხმობთ მხარდაჭერაში  –  გაყალბებას?

– რა თქმა უნდა, გაყალბება იყო. აღარ არის პაპუასური მეთოდების დრო, როდესაც საარჩევნო კომისიის წევრი ხედავს, როგორ ყრიან შეკვრებით ხმებს საარჩვენო ყუთში. ირევა ხმები პროცენტებში და შემდეგ ნაწილდება. თვითონ „ოცნების“ ხალხი ამბობს, რომ „ნაციონალებს“ 20 თუ 25 პროცენტი აჩუქეს საპარლამენტო არჩევნებში, ისიც ხომ ვერ შეამჩნიეს მათ, ვინც საარჩევნო ყუთთან იდგნენ?! გაყალბებაში არ შედის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს მომხდარი, გაყალბებაა ყველა განცხადება, რომელმაც მოახდინა ძალების გადანაწილება „ნაციონალების“ სასარგებლოდ და ეს კეთდებოდა შეგნებულად. ყველაფერი ერთად აღებული –  ციფრობრივი და განცხადებებით გაყალბებებიც, გაკეთდა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე რომელიმე არასაპარლამენტო პარტია არ გასულიყო, რადგან სწორედ ეს ორი პარტია: „ოცნება“ და „ნაციონალები“, უნდა დატოვონ პოლიტიკურ სივრცეში მათ უკან მდგომმა ძალებმა, რომ წაუგებელი თამაში ითამაშონ ყოველთვის. ამიტომ ხან ერთი უნდა იყოს ხელისუფლებაში და ხან –  მეორე. ფაქტია, რომ „ოცნებას,“ რაც უნდა ბევრი დააშავოს, თუ მოსახლეობას ის შიში ექნა, რომ შესაძლოა, „ნაციონალები“ მობრუნდნენო, ძალიან ბევრ რამეს აპატიებენ. „ნაციონალებს“ კი ასეთი უხერხემლო მოწინააღმდეგეები ურჩევნიათ.

– როდესაც ამბობთ, მათ უკან მდგარი პოლიტიკური ძალები წაუგებელ თამაშს თამაშობენო, ესე იგი, ერთი და იგივე ძალა უდგათ?

–  რა თქმა უნდა, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?! რომელი განსხვავებული განცხადება გააკეთა „ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით?! პირიქით, მარგველაშვილმა, სანამ აირჩევდნენ და არჩევნის შემდეგაც, პირდაპირ განაცხადა, რომ მათ თანხვედრა აქვთ ყოფილ ხელისუფლებასთან სწორედ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. შემდეგ უსუფაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრაზე ბალტიისპირეთში აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი როლი ქვეყნის განვითარებაში. მეტი რა ჩამოვთვალო თუ საკმარისია?!

– საკმარისია. როდესაც ამბობთ, რომ „ოცნება“ თავად გახდება მსხვერპლი  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობით…

– აქ არ არის საუბარი სახელმწიფო პოლიტიკაზე. განუკითხაობა დაიწყება ქუჩებში, სახლებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ვიღაც შეიძლება, მსხვერპლად შევეწიროთ. ვიღაცამ შეიძლება, პასუხი გასცეს, მაგრამ ეს იქნება სრული განუკითხაობა და, თუ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხვდება, რა შეიძლება, მოჰყვეს ასეთი ტიპის არეულობას, ან უტვინოა, ან არ აქვს შესწავლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფსიქოტიპი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი ხროვა.

– ეს ჩემი კითხვის პირველი ნაწილი იყო მხოლოდ, „ოცნებას“ რატომ უნდა აძლევდეს ხელს „ნაციონალების“ მეორე ადგილზე დაფიქსირება და მათთან გარიგება. დირექტივა აქვთ?

– ვერ გეტყვით… როგორც მათივე მომხრეები ხსნიან, ეს ევროპის ზეწოლის გამო ხდება. აღარც აქვს მნიშვნელობა, ეს ევროპის ზეწოლის გამო ხდება, მათი გადაწყვეტილებით, თუ ვინმე მოწოდებით არის არშემდგარი „ნაციონალი“ და „ნაციონალების“ დახმარება უნდა, რადგან შედეგის თვალსაზრისით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და კიდევ, რაც ყველაზე ნიშანდობლივია ივანიშვილის მხრიდან „რესპუბლიკურ პარტიაზე“ გაკეთებული არჩევანი. მილიარდერმა თავის პოლიტიკურ დასაყრდენად გაიხადა ყველაზე არაპოპულარული და მცირერიცხოვანი პოლიტიკური პარტია. ეს არის „ნაციონალების“ ტყუპისცალი და, საერთოდ, როდესაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ პირმშოებზეა საუბარი, ეს ერთი ძალაა, იმისდა მიუხედავად, როდის წაიჩხუბებენ და ვერ გაიყოფენ ფულს ან ძალაუფლებას.

– მაგრამ „რესპუბლიკელები“ არ არიან წარმოდგენილნი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

– აღმასრულებელ ხელისუფლებას ვინ ეკითხება?! ღარიბაშვილიც აქამდე აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს ან ახლა კბილაშვილზე რომ უნდათ ჯოხის გადატეხა. კბილაშვილი თვითონ ათავისუფლებდა ბრალდებულებს?! კბილაშვილს ბოლომდე რომ მოეძიებინა ყველა სამხილი, მათგან, ვინც გამოუშვეს, რომელიმეს დატოვებდნენ ციხეში?! აქ ხომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ სამხილი არ იყო საკმარისი?!

– თვითონ ბიძინა ივანიშვილის როლი როგორი იქნება სამოქალაქო სექტორში?

– ახლა იქაც დაიბლოკება ზოგადად არასამთავრობო სექტორი, იმიტომ რომ მონოპოლია ექნება, როგორც თვითონ ამბობს, პატარა არასამთავრობო ორგანიზაციას. გასაგებია, ალბათ, როგორი მოკრძალებულიც იქნება ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე, არც იქნება გრანტებზე დამოკიდებული.

– თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდი დიდი ბიძგი იქნება ეკონომიკისთვის.

– ფონდებთან დაკავშირებით ბევრი განცხადება მოვისმინეთ და ინვესტიციების მოზიდვის შესახებაც. ახლა თავიდან იწყება ეს ტალღა. მესმის, რომ ერთ წელიწადში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც ძალიან საეჭვოდ მეორდება ერთი და იგივე დანაპირები ყველა არჩევნების წინ.

– სოფლის მეურნეობის ფონდიდან 100 მილიონი გაიცა იურიდიულ პირებზე და 44 მილიონი გლეხებზეო.

– სჯობს, გლეხებს ჰკითხოთ, თუ ვინმემ იგრძნო ეს 44 და 100 მილიონი. მე კმაყოფილი არავინ მინახავს.

– იმაზე კმაყოფილები ნამდვილად არიან, ვიდრე წინა წლებში იყვნენ.

– ჩვენი ხალხი მოქმედებს ემოციით. მხოლოდ ის ემოცია, რომ სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცოტა ხანს კიდევ ეყოფათ საზეიმოდ. ისევე, როდესაც ზეიმობდნენ შევარდნაძის წასვლას ხელისუფლებიდან, მაშინ, როდესაც შევარდნაძეს 10 თვე ჰქონდა დარჩენილი და არჩევნებით რომ წასულიყო, ის სამეული ხელისუფლებაში ვერაფრით მოვიდოდა. გეკითხებით: „რესპუბლიკელების“ ხელისუფლებაში მოსვლის რამე შანსი არსებობდა, ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაეყენებინა თავის უკან?! არანაირი!

– ეს ძალიან თვალხილულია. 2008 წლის ომის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა შესაძლებელი იქნებოდა პუტინის ან სააკაშვილის წასვლით პოლიტიკური სცენიდან. შეიძლება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ამ გლობალური პოლიტიკის კონტექსტში განვიხილოთ?

– დავიწყებ იმით, რომ პრინციპულად არ ვეთანხმები, თითქოს რუსეთი რამე პიროვნული მოსაზრებებით ან პირადი ურთიერთობების გამო რამე გადაწყვეტილებას იღებს. ისევე, როგორც დღევანდელი პრეზიდენტის მიერ „ოერტესთვის“ მიცემული ინტერვიუ აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს პოლიტიკური თვალსაზრისით, განცხადება იმის შესახებ, რომ ხალხებს ხელი არ უნდა შევუშალოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, აბსოლუტურად არაფერს შეცვლის რუსეთის პოლიტიკაში საქართველოსადმი. ლაპარაკია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლაზე, რაც, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, საქართველოს ინტერესებში შედის. ამის გაკეთებას კი დღევანდელი ხელისუფლება, თუ მათ განცხადებებს მოვუსმენთ, არ აპირებს, თუმცა იმის იქით რას ფიქრობენ, ვერ გეტყვით.

– რას გულისხმობთ საგარეო კურსის შეცვლაში?

– ვგულიხმობ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე ქირურგიულად უარის თქმას, რაც არის დიდი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ გეოგრაფიულად და პოლიტიკურად, არამედ –  ფიზიკურად.

– ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და არის გარანტი იმის, რომ რუსეთი შემდგომ ძალისმიერ ნაბიჯებს არ გადადგამს საქართველოს წინააღმდეგ. თუ ეს ფაქტორი არ იქნა, ვფიქრობ, რუსეთს უფრო მეტი  რამის დაშავება შეეძლება.

– მე არ ვგულისხმობ შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. აზერბაიჯანმა თავისი ნავთობით მოახერხა მეტ-ნაკლებად, რაც ამ რეგიონშია შესაძლებელი, ნეიტრალური პოზიციის დაჭერა. ხოლო, თუ აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, ჩვენ გზა გვაქვს, ანუ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ნავთობზე მყარი რესურსია. თუ ვაკვირდებით, ჩვენს ისტორიულ პოლიტიკურ ფუნქციას ვკარგავთ ამიერკავკასიაში.

– 10-15 წლის წინათ თქვა ბჟეზინსკიმ, რომ ამიერკავკასიის რეალური ლიდერი აზერბაიჯანიაო.

– მე არ მითქვამს, რომ ეს ახლა დაიწყო, უბრალოდ ეს ხელისუფლება, რომელიც პრეტენზიებით მოვიდა, იმავეს აგრძელებს. თუ ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ცხვირი წესიერად მოეხოცა ახალ პრეზიდენტს და არ ეჭიხვინა, მაშინ მოგვარებულა პრობლემა.

– ესეც იყო ერთგვარი პრობლემა. ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება იყო კოაბიტაციის დასრულება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გაკეთებულიყო ან გაკეთდეს, რასაც თქვენ შეაფასებდით, როგორც კოაბიტაციის დასასრულს?

–  უპირველესად, ყველა „ნაციონალმა“, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. აი, ეს რომ არ ხდება და თურმე ყველა დამნაშავეს უნდა ეპატიოს მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალი“ იყო და თანამდებობა ჰქონდა, ნიშნავს იმ განუკითხაობის დაწყებას, რასაც ახლა „ნაციონალები“ იწყებენ უკვე. რაზეა ლაპარაკი, როდესაც პირდაპირ ცხადდება, რომ სააკაშვილს პასუხისგებაში არ მისცემენ?! და, თურმე, სახელმწიფო ინტერესების დაცვა ყოფილა, თუ ყველა დამნაშავეს ყველაფერს ვაპატიებთ. ერთხელ მაინც თუ არ მოსთხოვე პასუხი, ყველა შემდეგი ხელისუფლება იმავეს ჩაიდენს და ჩვენ ხომ გვაქვს ეს მწარე გამოცდილება?!

– მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ? აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გამოთქვა მოსაზრება, კარგი იქნება, თუ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში დაიწყებს მუშაობასო.

– არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ფიზიკურად სად დაკავდება საქმიანობით სააკაშვილი. აქამდეც არ ატარებდა ბევრ დროს საქართველოში, სულ ცაში იყო და ახლა რა დაუშლის, აქეთ-იქით იფრინოს, მაგრამ სააკაშვილი აუცილებლად დაიწყებს პარლამენტს გარეთ ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბებას და მას ამაში დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ხელს არ შეუშლის. მათ აქვთ ურთიერთსარგებლიანობაზე დამყარებული  ინტერესი ერთმანეთის მიმართ: ერთისთვის მეორეა ხელსაყრელი და პირიქით.

 

скачать dle 11.3