კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

სასწაულების სეზონი...

ადამიანებს უნდა სჯეროდეთ სასწაულების... ბედი ნამდვილად გვანებივრებს საჩუქრებით, უბრალოდ, ზოგჯერ ვერ ან არ ვამჩნევთ ამას, მერე კი საკუთარ უიღბლობაზე ვწუწუნებთ... თუ ვიღაც წარმატებებს აღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მუხლჩაუხრელად იშრომა; ბევრი ოფლი და სისხლი დაღვარა; ბევრი ნერვიულობა და, შესაძლოა, დაუმსახურებელი საყვედურებიც აიტანა... არავინ უზის ბედს ხელისგულზე და თბილ ნიავს არ უბერავს – ასე მხოლოდ შორიდან გვეჩვენება...

ნატომ ამოიოხრა და ფანჯარას მოსცილდა.

– პრობლემები გაქვს? – თანაგრძნობით ჰკითხა ქეთიმ, რომელიც ბრწყინავდა ბედნიერებისგან და ამის დამალვას არც ცდილობდა.

– არა. ისე, უბრალოდ, ამოვიოხრე... რაღაცნაირად, მომწყინდა ყველაფერი და დავიღალე.

– რისგან დაიღალე? არაფერი არ ხდება, – გულწრფელად გაიოცა ქეთიმ და ლელას გადახედა – ამას რა სჭირსო.

– ჰოდა, რომ არაფერი ხდება, სწორედ მაგან დამღალა. გუშინ ერთი ჩემი დაქალი შემხვდა. დიდი ხანია, არ მინახავს, ან, როგორ უნდა მენახა, როცა, ბოლო ათი წელია, გათხოვება-გაშორება-გათხოვებით არის დაკავებული. ახლა მეოთხედ გათხოვილა და, იცი, რა მითხრა?

– რაო, გათხოვება საერთოდ არ ღირსო? ამ ტიპის ქალებმა ასე იციან – აქაოდა, მე გამოცდილი ვარ, კაცების შესახებ ყველაფერი ვიცი და, ნუ დაუშვებთ ისეთსავე შეცდომებს, როგორიც მე რამდენჯერმე დავუშვიო.

– არა, არა, მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, ისეთი რაღაც წამოსცდა... მგონი, გულწრფელი იყო. რომ შემატყო, შევიცხადე მისი მეოთხედ გათხოვება და ისიც კი ვუთხარი, ქმრებს მაინც რატომ არქმევ ამ კაცებს, მერე ხელთათმანებივით რომ იცვლი-მეთქი... თვალები დაუსევდიანდა. მე კაცები არასდროს გამომიცვლია, მით უმეტეს – ხელთათმანებივითო. ყველასთან ვიწყებდი ოჯახის შექმნას დარწმუნებული იმაში, რომ ცხოვრების ბოლომდე მასთან ერთად ვიქნებოდი; სიხარულს, წყენას გავიზიარებდით... დღემდე მშურს იმ ქალების, ერთი ქმარი რომ ჰყავთ და ჰყავთ. მე ეს არ გამომივიდა და გული მტკივაო...

– ცრემლებიც ხომ არ გადმოყარა, ამ აღსარებას რომ გაბარებდა? – ირონიულად ჩაეცინა ლელას. 

ნატოს ეწყინა:

– კარგი, რა... გეუბნები, გულახდილი იყო-მეთქი.

– მერე?

– რა – „მერე”? – გამოაჯავრა ნატომ.

– მერე რა, რომ გულახდილი იყო. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას?!

– აქვს. რაღაც დასკვნები გავაკეთე და სერიოზულად დავფიქრდი: მეც უნდა ვცადო და გავრისკო.

– რა უნდა სცადო და გარისკო? – ახლა ქეთი გადაირია, – კაცების ხელთათმანებივით გამოცვლა?

– არა, გოგო, არა... იმას ვგულისხმობდი, ზედმეტად ხომ არ ვართულებ ყველაფერს და ამით ხომ არ ვაფრთხობ მამაკაცებს-მეთქი. სულ სასწაულის მოლოდინში ვარ და მჯერა, რომ პირდაპირ ლანგარზე დასკუპებული მომერთმევა ზღაპრული უფლისწული.

– გინდოდა, გეთქვა, თეთრ ცხენზე დასკუპებულიო, – გაიცინა ლელამ, – კარგი, რა, ნატო... ბედის ამბავია მაინც ყველაფერი. ვინც შენი ბედი იქნება, იმას გამადიდებელი შუშით ყურებას არ დაუწყებ, დამიჯერე.

– რომ აღარ გამოჩნდა ეგ ჩემი ბედი?! მაგაშია ზუსტად საქმე! თვალები უნდა დავხუჭო და მივენდო. თუ არ გამოვა, კიდევ ერთხელ დავხუჭავ თვალებს...

– მერე კიდევ ერთხელ დახუჭავ... კიდევ, კიდევ და... ბოლოს შენც ჩააბარებ აღსარებას ცრემლების ფრქვევით. გინდა ეს? – შეუბრალებელი სიმკაცრით დაუხატა „ნათელი“ მომავალი ლელამ.

– აბა, რა ვქნა? როდემდე ვიყო მარტო?

– არ ვიცი, არ ვიცი... პრინციპში, ყველაფერი მაინც შენი გადასაწყვეტია. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ გირჩიოთ. თუმცა, მგონი, რჩევაც არ გჭირდება.

– სიყვარული მჭირდება და ნორმალური მამაკაცი გვერდით, – აწუწუნდა ნატო, – ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ?

– არაფერს განსაკუთრებულს. დამშვიდდი.

– რა დამამშვიდებს. დრო გადის, ჩემი ცხოვრება კი ძალიან დაემსგავსა შავ-თეთრ, ძველისძველ და უინტერესო კინოფილმს. ნერვები მეშლება. ოქროს კოშკები ხომ არ მინდა? არ მაქვს იმის ილუზია, რომ პრინცესასავით მაცხოვრებს ვინმე, ხელისგულზე მატარებს და ფეხს მიწაზე არ დამადგმევინებს.

– მდაა... მგონი, კოკო შანელი მართალი იყო, როცა ამბობდა: იყო ქალი, საბოლოოდ მაინც იმას ნიშნავს, რომ იყო სუსტიო, – ამოიოხრა ლელამ.

– კოკო შანელი სუსტი არ ყოფილა, – შეეპასუხა ქეთი, – ვინ-ვინ და, დიდმა კოკომ იცოდა კაცების თავის ჭკუაზე ტარება.

– მთლად ასეც არ არის საქმე. ეგ ქალი პირად ცხოვრებაში სულაც არ ყოფილა ბედნიერი. საერთოდაც, ბედნიერება ძალიან მყიფე სუბსტანციაა, დიდხანს არსებობა არ უწერია. თოვლივით არის – თავიდან, სანამ ახალია, ბრწყინავს და თვალისმომჭრელად ქათქათებს, მერე ყვითლდება და დნება ისე, რომ, ვეღარც მიხვდები, როდისმე თუ შეეძლო შენი აღფრთოვანება, – დაასკვნა ლელამ. მერე თავისი მსჯელობით გაოგნებულ გოგოებს გადახედა და სიცილი აუტყდა:

– რა იყო, რამე არასწორად ვთქვი?

– პირიქით, ძალიან სწორად თქვი და პირდაპირ გულში მოარტყი. ცოტა შემაშინე კიდეც, – თავი გადააქნია ქეთიმ.

– შეგაშინე? რატომ? – გაუკვირდა ლელას, – ეს ჩვენი რეალობაა.

– ჰოდა, მეც მაგ რეალობის მეშინია. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ... ვახო პირდაპირ მაოცებს, ასეთი არასდროს ყოფილა. პირველად ვგრძნობ, რომ უფრთხილდება ჩვენს ურთიერთობას.

– კარგია. შენც შეიფერე, ისიამოვნე და ნურაფრის შეგეშინდება.

– ჰო, რა ვიცი, აბა... ცოტათი მაინც მეშინია, – ქეთიმ გაიღიმა და უცებ ნატოს მიუბრუნდა, – მოდი, ასეთ რჩევას მოგცემ: ახლა თუ გყავს ვინმე ისეთი, ვინც შენი გულის მოგებას ცდილობს, მიეცი შანსი და ცოტა დაეხმარე კიდეც. იმას კი ნუ აჩვენებ, რომ ძლიერი და პრინციპული ხარ; მოუშვი და აგრძნობინე, რომ ძლიერი მხარი გჭირდება დასაყრდნობად. კაცებს არ მოსწონთ ძლიერი ქალები, რომლებიც მუდმივად იმას ამტკიცებენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერი იციან, მით უმეტეს – მიმთითებელ-მბრძანებლები. რატომ თხოვდებიან ადვილად წაშტერო, ვითომ ბავშვობაში ჩარჩენილი ქალები? გიფიქრია ამაზე?

– მიფიქრია, მაგრამ, მეეჭვება, ჭკვიან და სერიოზულ კაცს სულელი ქალი მოეწონოს.

– მერე, ვინ გითხრა, რომ ეგეთი ქალები სულელები არიან? ჩემი და შენი სამყოფი ჭკუა ნამდვილად აქვთ, – მხარი აუბა ქეთის ლელამ, – ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე: ქალი კისერია, რომელმაც ფრთხილად და დელიკატურად უნდა ატრიალოს თავი, ისე, რომ ძარღვი არ დაეჭიმოსო. თავად ისე კარგად ფლობდა ამ ხელოვნებას, ბაბუაჩემი კაბის კალთაზე ჰყავდა გამოკერებული. ბრძენი ქალი ახერხებს საკუთარი „მე“ უკანა პლანზე გადაწიოს და ქმარს ცხვირში არ „შესტენოს“... არ გააღიზიანოს თავისი პიროვნული ინდივიდუალურობით; ნებაყოფლობით უნდა იყო მეორე, პირველობის პრეროგატივა კი ქმარს დაუთმო.

ნატომ ტუჩი აიბზუა:

– ჰო, როგორ არა! მერე ეგ პრეროგატივადათმობილი ქმარი თავზე დაგაჯდება და მბრძანებლობას დაგიწყებს. ერთი სიტყვით, ვერ გაიგებ, კაცთან როგორ უნდა მოიქცე. ყველა კაცი ხომ ერთნაირი არ არის?

– ვინ გითხრა?! ყველა ერთნაირია. უბრალოდ, ზოგს მეტი წიგნი აქვს წაკითხული, ზოგს კი ფული აქვს ბევრი და მათი განსხვავებულობაც ამითაა განპირობებული, – თქვა ლელამ, – თორემ, კაცი თუ ბრძენია და, ასეთები ახლა ძალიან ცოტანი დარჩნენ, ის აუცილებლად დააფასებს ქალის ნებაყოფლობით მსხვერპლშეწირვას, პატივს სცემს მას და გაუფრთხილდება; მიხვდება, რომ ქალი მგრძნობიარეა, ნაზი და მეტი სითბო სჭირდება.

– ლელა, სადმე გინახავს ასეთი კაცი? – გულდაწყვეტილმა ჰკითხა ნატომ, – თუ გეგულება ვინმე, ნუ დამიმალავ, გამიმხილე.

– გოგო, შენ თვითონ უნდა იპოვო ასეთი კაცი, გულმა უნდა იპოვოს.

– ჩემი გული დუმს! – პათეტიკურად შესძახა ნატომ და ხელები გაშალა, – მერე კი ქეთის გახედა ეშმაკური ღიმილით, – მაინც არ ამბობ, როგორ შეურიგდი ქმარს? მოგეყოლა, ეგებ გამოგვდგომოდა რამეში?

ქეთი მოიღუშა:

– ნატო, არაფერი ყოფილა ისეთი, შენ რომ ცხოვრებისეულ გაკვეთილად გამოგადგეს, მით უმეტეს – ლელას. მოვიდა და ისევ ერთად ვართ – სულ ეს არის.

– ასე, უბრალოდ, მოვიდა?

– ჰო, ასე უბრალოდ, მოვიდა. მეც უბრალოდ მივიღე, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. დაგიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? – გაღიზიანდა ქეთი და ტონი შეიცვალა.

– ნუ ბრაზობ. მართლა მიხარია, შენი პრობლემა რომ მოგვარდა.

– ვიცი, – მოუჭრა ქეთიმ და აგრძნობინა, ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკიო. ნირწამხდარმა ნატომ მხრები აიჩეჩა და ოთახიდან საერთოდ გავიდა.

– ახლა ამას ეწყინა, – ხელი ჩაიქნია ქეთიმ.

ლელამ თავი გადააქნია:

– ნუ მიაქცევ ყურადღებას, დილიდან ვერ არის გუნებაზე. ვერ ხედავ, როგორი აჭრილია?

– შეიძლება, ფიქრობს, ამან ქმარი ისე დაიბრუნა, თითიც არ გაუნძრევია, მე კი ვერავინ ვიპოვე ნორმალური, რომ ცოლად გავყვეო.

– აბა, რას ამბობ! ნატო ბოღმა ნამდვილად არ არის, მასზე ამას ვერავინ იტყვის.

– ჰო?! მე კი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა... ის ბიჭი, აქ რომ მაკითხავდა... – დაიწყო ქეთიმ ყოყმანი.

– არ გინდა, ნურაფერს იტყვი, – შეაჩერა ლელამ, – მე მართლა არ მაინტერესებს, რა იყო და როგორ. მთავარია, შენ ხარ ბედნიერი და, კიდევ ის, რომ საკუთარ თავთან იყო მართალი.

ქეთიმ დამნაშავესავით გაიღიმა:

– შენ ეჭვი გეპარება მაგაში?

– რაში?

– იმაში, რომ საკუთარ თავთან მართალი ვარ?

ლელამ მხრები აიჩეჩა:

– ქეთი, ეს ჩემი საქმე არ არის. მიხარია, ბედნიერს რომ გხედავ – სულ ეს არის.

ქეთი ჩაფიქრდა:

– იცი, წეღან რაც ბედნიერებაზე თქვი, ისეთი სიმართლეა, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა.

– მე ცოტათი ვიხუმრე. მეტისმეტად ნუ გაასერიოზულებ, მთლად ეგრეც არ არის საქმე. თოვლის გადარჩენაც შეიძლება, ხომ იცი. მაგალითად,  მაცივარში შენახვით.

ქეთის გულიანად გაეცინა.

– რა საყვარელი ხარ! თოვლი – მაცივარში... ერთი გუნდა თუ ორი კილო? ანუ, თუ მოვინდომებთ, ბედნიერების რაღაც ნაწილი სულ შეიძლება ჩვენთან იყოს?

– ჰო, აბა, რა! სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ასე რომ, მოვრჩეთ ამაზე უაზრო ლაპარაკს და მივხედოთ საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება! –  ვიხელმძღვანელოთ ამ დევიზით და ნუ მოვიწყენთ.

– არა, ნატოს მაინც რაღაც სჭირს. ერთი კვირის შემდეგ ვახოს რაღაც წვეულებაზე მივყავარ. ვთხოვ და ერთ მოსაწვევს ნატოსთვისაც მოვატანინებ. გაერთობა, თან, იქ კაცებიც იქნებიან და... იქნებ... რა იცი, შეიძლება, დღევანდელი საუბარიც შემთხვევით არ ყოფილა... შემთხვევით ხომ არაფერი ხდება?

– გოგო, მეგობრის გამო არ ატყდა შენს ოჯახში ამბავი? დაანებე მაგ კაცს თავი და წადი მასთან ერთად მარტო. სულ ტყუილად ნერვიულობ ნატოზე.

– არაფერი დაშავდება, თუ ნატოც წამოვა. მგონი, ამჯერად ვახო არ გაბრაზდება ამაზე. ნატო სხვა შემთხვევაა...

– მე მაინც გითხარი და ახლა შენ იცი...

***

ლიზა თვალებგაფართოებული მიაშტერდა ბიჭს. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო.

– შენ... აქ... რა ჯანდაბას აკეთებ? არ გესმის? აქ რა გინდა-მეთქი?! ერთხელ ხომ აგიკრძალე ჩემი სახლის სიახლოვეს გავლა?

– მოიცა, ნუ ყვირი, – მშვიდად, აუღელვებლად შეხვდა ზუკა მისი დანახვით გამოწვეულ რეაქციას, – მე დიდი ხანია, მოვდივარ ხოლმე აქ და გიყურებ.

– გატყობ, შენ სულ გაგიჟებულხარ! თავი დამანებე, წადი, ჩემი ცხოვრებიდან, ყველაფერი მორჩა! დასრულდა ჩვენი ურთიერთობა და, აღარ მინდა, გნახო. პრობლემებს რატომ მიქმნი?

– შენთვის პრობლემების შექმნა რომ მინდოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი.

ლიზამ სიმწრისგან ფეხები დააბაკუნა:

– როგორ მოიქცეოდი, როგორ?

– მივიდოდი შენს ქმართან და ვეტყოდი, რომ, იმ ბავშვის მამა, რომელსაც ელოდები, მე ვარ!

ლიზა ცარცივით გათეთრდა, მკერდზე ხელი მიიდო და, რომ არ ჩაკეცილიყო, მეორე ხელით მანქანის გაღებულ კარს მოებღაუჭა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3