კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სხეულის დაზიანება რა შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს მძიმედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, რა სახის სასჯელია გათვალისწინებული   ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად ჩაითვლება სხეულის იმგვარი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს, მისი ფუნქციის დაკარგვა; ასევე, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  კანონი აკისრებს თუ არა ადამიანს ვალდებულებას დახმარება აღმოუჩინოს  სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში მყოფ სხვა, თუნდაც მისთვის უცნობ  ადამიანს? 

პასუხი: დიახ, ადამიანს არა მარტო მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება, დახმარება აღმოუჩინოს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში მყოფ მეორე ადამიანს, არამედ ამგვარი უმოქმედობა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხიმგებლობას და კვალიფიცირდება როგორც დაუხმარებლობა. კერძოდ, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისთვის ან პირისათვის, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება მოხელე თანამდებობის პირის მოქმედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დაეკისრება თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა ექიმს, რომელიც იმ მიზეზით, რომ ავადმყოფს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა მისთვის საჭირო გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებისთვის, არ გაუკეთებს ოპერაციას, რის გამოც პაციენტი გარდაიცვლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ექიმის ამგვარი მოქმედება ჩაითვლება ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებად და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. იგივე ქმედება კი, რამაც  ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა, დაისაჯოს ნაფიცი მსაჯული როგორც მოხელე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელების დროს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სამოხელეო დანაშაულთა სუბიექტები, ასევე არიან ნაფიცი მსაჯულები და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ჩვეულებრივი მოქალაქე ნაფიცი მსაჯული, ნაფიცი მსაჯულობის უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ ამ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს, პასუხს აგებს როგორც საჯარო მოხელე. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა  კატეგორიის სამოქალაქო  საქმეებს განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე, გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გადახდისა და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებს, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს; საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენისა და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ კატეგორიის სამოქალაქო საქმეებზე, რომლებსაც განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ნახევარს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია სამოქალაქო საქმეებზე დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ფიზიკური პირისთვის – 3 000 ლარს, იურიდიული პირისთვის – 5 000 ლარს; სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ფიზიკური პირისთვის – 5 000 ლარს, იურიდიული პირისთვის – 7 000 ლარს; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს, იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი, საქმის განხილვის ამა თუ იმ სტადიაზე საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სასამართლო მედიაციის პროცესში, დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა, დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

скачать dle 11.3