კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ აპატია სიმამრს ბიზნესპარტნიორმა სიძემ და როგორ დააყაჩაღა ის ახალი წლის ღამეს

27 წლის მამუკა ლ-შვილი წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა, ფულიანი სიმამრის წყალობით ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ცხოვრების წესის შეცვლაც შეძლო და ბიზნესის წამოწყებაც. 50 წლის ნუგზარ ბ-ია მას ფერმერული საქმიანობის წამოწყებაში დაეხმარა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სიძემ  სიმამრს ამაგი თავისებურად „დაუფასა” –  საკუთარი წილის სანაცვლოდ, რომელიც მას საერთო ბიზნესიდან ეკუთვნოდა, ის შეიარაღებული დამნაშავეების თავდასხმის ობიექტად აქცია. 

ყაჩაღური თავდახმა ნუგზარ ბ-იაზე ახალი წლის ღამეს განხორციელდა. მოგვიანებით  დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ თავს ორი შეიარაღებული ახალგზარდა დაესხა, რომლებმაც  1 200 დოლარი და ოქროს სამკაულები  წაართვეს. 

ამონაწერი ნუგზარ ბ-იას ჩვენებიდან: 

„ახალი წლის ღამე ჩემი ქალიშვილის ოჯახში გავატარე. ღამის 3 საათი იქნებოდა, როდესაც მასპინძლებს დავემშვიდობე. ნასვამი ვიყავი, ამიტომ, ჩემმა ქალიშვილმა მთხოვა, რომ საჭესთან ჩემი სიძე მამუკა დაჯდებოდა და ის მიმაცილებდა სახლამდე. ჩემს სოფლამდე 8 კილომეტრი უნდა გაგვევლო. გზის გარკვეული მონაკვეთი დაუსახლებელ ადგილზე გადის.  სწორედ იქ გავაჩერეთ მანქანა, რადგან, მამუკა მანქანიდან გადავიდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მე კი მანქანაში დავრჩი. უცებ ზურგიდან ნიღბიანი ადამიანი დამესხა თავს, ყელზე დანა მომადო და მითხრა, მანქანიდან გადმოდიო. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ, წინააღმდეგობა მაინც გავუწიე. იმ დროს დავინახე მეორე  თავდამსხმელი, რომელსაც მამუკა ჰყავდა ძირს დაწვენილი და ზურგზე დანა ჰქონდა მიბჯენილი. ჯიბეში 1 200 დოლარი მქონდა. ვიფიქრე, თავს ხომ არ შევაკლავდი ამ ფულის გამო-მეთქი. ფული ერთ-ერთმა ყაჩაღმა ამომაცალა ჯიბიდან,  დანის მუქარით მანვე შემხსნა  ოქროს ძეწკვი და მედალიონი, რომელთა საერთო წონაც დაახლოებით 60 გრამი იყო.  მაშინვე მივხვდი, რომ თავდამსხმელებისთვის უცხო არ ვიყავი – მათ იცოდნენ, რომ ჯიბეში ფული მქონდა. ამის შემდეგ მათ ზერელედ დაათვალიერეს მანქანა და ერთმა უთხრა მეორეს, მანქანა არ გვინდაო? რაზეც მეორემ უპასუხა, მანქანა შარია, თავი დაანებეო. ამის მერე ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მეც და ჩემი სიძეც თოკით  გაგვკოჭეს და მანქანაში ისე დაგვტოვეს. ორი-სამი საათის შემდეგ მე და ჩემმა სიძემ მოვახერხეთ თავის გათავისუფლება, შემთხვევის ადგილიდან კი პირდაპირ პოლიციაში წავედი და მომხადრის შესახებ განვაცხადე.”             

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. წინასწარი მოკვლევით ცნობილი გახდა, რომ რაიონში ნუგზარ ბ-იას წარმატებული და შეძლებული ბიზნესმენის სახელი ჰქონდა, მას ხალხი პატივს სცემდა და მასზე თავდასხმა არა მტრობით, არამედ,  ფულის გატაცების მიზნით უნდა ყოფილიყო დაგეგმილი.  ყაჩაღური თავდასხმის დეატლები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა: რატომ ელოდნენ ყაჩაღები ავტომანქანას და მის ორ მგზავრს  მაინცდამაინც იმ დაუსახლებელ ადგილას, ან, საიდან უნდა ჰქონოდათ მათ ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბ-ია და მისი სიძე სწორედ იქ გაჩერდებოდნენ?   დაზარალებულთა ვერსიით, ნიღბიანი თავდამსხმელები დანაშაულის ადგილას ფეხით იყვნენ მისულები, რაც მოგვიანებით დამნაშავეებმაც აღიარეს.   

 გამოძიება სწორ კვალს ოქროს სამკაულების რეალიზაციის დროს დაადგა.  როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც მეზობელ რაიონში  ოქროს სამკაულებით ვაჭრობდა,  ყაჩაღობიდან რამდენიმე დღეში სარეალიზაციოდ ძვირად ღირებული ნივთები მიუტანეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დაადგინეს იმ ახალგაზრდის ვინაობა, ვინც ქალბატონს ძვირფასი სამკაული მიუტანა – ის ნუგზარ ბ-იას სიძის მეგობარი, დავით ს-შვილი აღმოჩნდა. პირველი, ვინც გამოძიებამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის წევრებიდან დააკავა, სწორედ დავით ს-შვილი იყო, რომელმაც აღიარა, რომ ოქროს ნივთები გადასცა მეგობარმა, მამუკა ლ-შვილმა. სამართალდამცველებმა  მამუკა ლ-შვილიც დააკავეს.  ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა დავით ს-შვილმა მისცა: „მამუკას სიმამრს მეც კარგად ვიცნობდი, როცა მამუკამ მისი დაყაჩაღება შემომთვაზა, თავიდან უარი ვუთხარი – ეგ ისეთი კაცია, ამ საქმეს ასე არ დატოვებს და ციხეში გაგვიშვებს-მეთქი, ვუთხარი. მამუკამ რამდენიმედღიანი საუბრის შემდეგ დამითანხმა. მითხრა, რომ სიმამრზე ძალიან გაბრაზებული იყო: სამი ათასი დოლარი ჩამიდო საქმეში, იმ საქმემ არ გაამართლა, გადამაყოლა იმ ფულს, კაპიკს არ მაძლევს და ჩემგან მეტის ღირსიაო. თავდასხმის დეტალები მამუკამ თვითონ დაგეგმა. ახალი წლის ღამეც სპეციალურად შეარჩია – იცოდა, რომ მისი სიმამრი ტრადიციას არ დაარღვევდა და ღამით მათთან მივიდოდა სტუმრად. ისიც მითხრა, ჯიბეში სამი-ოთხი ათასი დოლარი სულ უდევს და არც ის ღამე იქნება გამონაკლისიო. მე და ნიკა მზადყოფნაში ვიყავით: თოკებიც ვიშოვეთ, დანებიც გვქონდა, თუმცა, ერთი ინციდენტი მაინც მოგვივიდა. დათქმულ ადგილას ნიკას მამის კუთვნილი „ჟიგულით” უნდა მივსულიყავით, მაგრამ, იმ საღამოს მანქანა გაფუჭდა და ფეხით მოგვიწია წასვლა და შვიდი კილომეტრი ფეხით გავიარეთ.  ჩვენ წინასწარ დაგეგმილ ადგილას ველოდებოდით მამუკას. ყაჩაღობის ყველა დეტალი სცენარის მიხედვით  გავითამაშეთ – ნიკამ ორჯერ მუშტიც კი ჩაარტყა მამუკას, ვითომდა, შესაშინებლად. მამუკამ ყველაფერი სწორად გათვალა, ერთადერთი, რაც შეეშალა, სიმამრის ჯიბის ფული იყო – ეგონა, რომ უფრო მეტი ფული ექმებოდა თან.”  

დაზარალებული შოკში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ მასზე განხორციელებული  ყაჩაღობის ორგანიზატორი მისივე სიძე იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ გატაცებული 1 200 დოლარი მეგობრებმა გაინაწილეს, ხოლო, რაც შეეხება ოქროს ძეწკვსა და მედალიონს, მისი გაყიდვა მამუკა ლ-შვილმა საკუთარ თავზე აიღო და სწორედ ამ ნივთების გაყიდვის მცდელობის დროს მოხდა მის კვალზე გასვლა. მეგობრების აღიარების შემდეგ, დაკავებული მამუკა ლ-შვილიც იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ მან დაგეგმა სიმამრზე ყაჩაღური თავდასხმა, რადგან, სიმამრთან ფინანსური საკითხები ვერ გაარკვია და, როგორც თავად განმარტა, ვერც საკუთარი წილი მიიღო.     

სასამართლომ ნუგზარ ბ-იაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზატორს, დაზარალებულის სიძეს, მამუკა ლ-შვილს, ჩადენილი დანაშაულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; 7-7 წლით პატიმრობა შეეფარდათ მის ამფსონებსა და თანამზრახველებს: ნიკოლოზ წ-შვილსა და დავით ს-შვილს, რომლებიც გისოსებს მიღმა მეგობრის მიერ დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმის შესრულებისთვის მოხვდნენ.  

 

скачать dle 11.3