კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანა. გავრცელებულია როგორც მესხეთში, ისე კახეთსა და საინგილოში.

ამავე ძირისაა გვარი ჯანაანი, რომელიც ფიქსირდება სოფელ რუისპირში. იმავე ძირისაა გვარი ჯანგული და ჯანგულაშვილი.

ცნობილმა მეცნიერმა მოსე ჯანაშვილმა აღნიშნა, რომ არმენებს სახელი შეუცვალეს ქართველებმა: სიტყვა სამხრეთიდან გაჩნდა სომეხი, სომხეთი, სომხითი. ჯან ნასესხები სიტყვაა ინდურ-არაბულიდან და ნიშნავს სულს.

ჯანაშვილი იგივეა, რაც სულაშვილი.

სახელიდან ჯანია კი წარმოშობილია გვარები: სულია, სულიაშვილი.

საქართველოში 1 701 ჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 557, დედოფლისწყაროში – 278, ახალციხეში – 146, არიან სხვაგანაც.

იტრიაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებული სიტყვა იტრია დაფიქსირებულია როგორც საკუთარი სახელი;

საკუთარი სახელი იტრია გვხვდება გვარში – იტრიაშვილი და ეს ისტორიულ წყაროებშიცაა აღნიშნული.

ილია მაისურაძეს მიაჩნდა, რომ სოფელ იტრიიდან წასულებმა თან წაიღეს საკუთარი სოფლის სახელი იტრია და დაიწყო ახალი გვარის – იტრიაშვილების ათვლა.

სავარაუდოდ, ეს გვარი მეთვრამეტე საუკუნის შემდგომ გაჩენილი უნდა იყოს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების საბუთებში იტრიაშვილი არ ჩანს.

იტრიაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 31 იტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 29, ბათუმში – 2.

დუჩიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დუჩა.

ძეძილეთში, ხონის რაიონში, მოიხსენიება დუჩი,  ასევე – დუჩა, დუჩია.

დუჩიძე ბეჟანი იყო მოწმე შიოშ და ვარდან ფალავანდიშვილების მიერ გიორგი გულიგაშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნში, 1518 წელს.

საქართველოში 147 დუჩიძე ცხოვრობს: თბილისში – 81, საგარეჯოში – 36, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

მარჯანიძე

ქართლური, ქართლში წარმოშობილი გვარია.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარჯანი.

„მარჯანიძეთა შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ, დომენტის კათალიკოსობის დროს” (1556-1560 წლები).

საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.

ბადალაშვილი-ბადალოვი

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ასევე, ფეოდალურ საქართველოში, ბადალი სხვის ნაცვლად ბეგრის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ (მეთოთხმეტე საუკუნეში) ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. 1774 წელს, მორიგი ლაშქრის განაჩენი ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილესა და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს. 

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით აშენდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია (მისი წინამძღოლი – ტერტერა) და სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით, რაც 1863 წლიდან დაიწყო და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრი წყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში – 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც. 

ეძგვერაძე

ჩვენამდე ამ გვარის შესწავლა მიზნად დაუსახავთ ალექსანდრე ღლონტსა და ილია მაისურაძეს, რომლებიც ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდიან ეძგვერაძეთა გვარზე: „ეძგვერაძე – ნახახულევი, გუბი, ხონის რაიონი, აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი“.

ასევე, გვხვდება მეტსახელი ეძგვერა.

გვარზე ჯერჯერობით სხვა მასალა არ გაგვაჩნია.

საქართველოში 308 ეძგვერაძე ცხოვრობს: თბილისში – 91, ქუთაისში – 36, სამტრედიაში – 26. არიან სხვაგანაც.

ცივაძე

გვარი დაფიქსირებულია ბობოყვათში, ქობულეთის რაიონში.

ცივაძეების სოფელია შუახევის რაიონში.

ცივ ფუძისაა საკუთარი სახელი ცივა, რომელიც გვხვდება გვარში ცივაძე.

ასევე, გვხვდება მეტსახელები: ცივკვირა, ცივნარა, ცივქარა; აქედან კი, გვარში – ცივქარაშვილი.

საქართველოში 458 ცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 329, ბათუმში – 61, შუახევში – 16, არიან სხვაგანაც.

ზანდარაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზანდარი.

დიღმელი ზანდარაშვილები ციციშვილების ყმები იყვნენ. მათი დაბრუნების პირობა ვახტანგ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს 1658 წელს მისცა.

1658 წელს მოიხსენიება გიორგი ზანდარაშვილი, რომელმაც დიმიტრი პაპაშვილს ორი დღის მიწა მიჰყიდა კოლოტაურის ვენახამდე, აღებული თანხით თავი დაიხსნა ციცი ციციშვილის ყმობიდან და მეფეს ეყმო.

ზანდარაშვილები ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ.

საქართველოში 288 ზანდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, მცხეთაში – 78, ყვარელში – 56. არიან სხვაგანაც.

ქარჩავა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქარჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ქარჩაიძე, ქარჩილაძე.

ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ნაქარჩუ – უბანი ამავე სახელის სოფელში, ლუქარჩე – უბანი იორიმეში. აქაური ქარჩავების წინაპრები ჩამოსულან ნაკიანის ლექარჩედან საუკუნის წინათ და თან ჩამოუტანიათ სოფლის სახელწოდება.

საქარჩა უბანია ჩხოუშის მარცხენა ნაპირზე, საქარჩიო კი – უბნები მოცირში, ჭითაწყარში და აბასთუმანში.

ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი ქარჩა. სიტყვა ქარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ქარჩავას 235-ე ადგილი უჭირავს, სამეგრელოში კი – 43-ე.

საქართველოში 2 836 ქარჩავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 005, ჩხოროწყუში – 426, თბილისში – 371. არიან სხვაგანაც.

ვადაჭკორია – ვადაჩკორია

გვარი ორი კომპონენტისგან შედგება: ვადა+ჭკორ+ია, სადაც ია სუფიქსია. ჭკორი მეგრულად ყმას, მონას ნიშნავს, ვადა კი ისტორიულ საბუთებში გვხვდება როგორც უძველესი სახელი.

ვადაჭკორია და ვადაჩკორია ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ვადაჭკორიას 856-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 1 202 ვადაჭკორია ცხოვრობს: თბილისში – 349, ლანჩხუთში – 265, ბათუმში – 183. არიან სხვაგანაც.

52 ვადაჩკორია: თბილისში – 29, ქობულეთში – 13, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3