კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაუკვეთა და სად უნდა აღემართა სტალინს დავით აღმაშენებლის ძეგლი

1952 წლის თებერვალი

იანვრის მიწურულს დიდმა ბელადმა კავკასიაში გამგზავრება განიზრახა. საქმე ის იყო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში კვლავ გააქტიურდნენ ნაციონალისტური ძალები და ეს მოვლენა საგანგაშოდ ეჩვენა სტალინს. საუბარია, ძირითადად, საქართველოსა და სომხეთზე, სადაც რამდენიმე საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იქნა დაპატიმრებული. ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის აგიტაციას ეწეოდნენ. ამ მოგზაურობაში, სტალინმა ბერია და მიქოიანი იახლა და სპეციალურმა სამთავრობო მატარებელმა 27 იანვარს კავკასიისკენ აიღო გეზი. 29-ში უკვე თბილისში ვიყავით. თუმცა, დიდი ბელადი ჯერ სომხეთში აპირებდა გამგზავრებას და მას შემდეგ, რაც მანქანებში გადავსხედით, ერევნისკენ გავემართეთ. დიდი ბელადის ეს ვიზიტი არ იყო ფართოდ აფიშირებული, რადგან თავად მან ისურვა ასე და გზებზე არავინ გამოსულა. მგზავრობის რამდენიმე საათის განმავლობაში, სტალინი ყურადღებით აკვირდებოდა სომხეთის ხრიოკ, კლდოვან ტერიტორიას, რომლის უღარიბეს, დანგრევის პირას მისულ, გაპარტახებულ სოფლებში ნახევრად გაუნათლებელი, წელში გაწყვეტილი მოსახლეობა ცხოვრობდა. „არცაა გასაკვირი, რომ ასეთ ბნელ, გაუსაძლის პირობებში მყოფი ადამიანები ვინმემ ააბუნტოს“, – თავისთვის ჩაილაპარაკა სტალინმა და დაბა სპიტაკის შესასვლელთან მანქანის გაჩერება უბრძანა მძღოლს.

– აქაური წყალი ვიგემოთ, – თქვა სტალინმა და მანქანიდან ფეხი გადმოდგა. სპიტაკის შესასვლელთან პატარა წყარო ამოდიოდა და იქვე რამდენიმე უხუცესი იჯდა, რომლებიც დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ექვსი სამთავრობო მანქანიდან გადმოსულ ადამიანებს. „ანასტას,” – სტალინმა უკან მოუხედავად მოიხმო მიქოიანი, – „ეს ადგილი თუ გახსოვს?“ – მიქოიანი, რომელიც აქამდე კოპებშეკრული, მდუმარედ იჯდა სტალინის მანქანაში, ერთბაშად გამოცოცხლდა, სტალინს წამოეწია, გაიღიმა და წარმოთქვა: „როგორ არ მახსოვს, მაშინ აქ ისეთი აურზაური ატყდა, რომ ალბათ, დღემდე ემახსოვრებათ აქაურებს“. სტალინი წყაროსთან მივიდა, მისი მოჩუქურთმებული თაღიდან ალუმინის სამასგრამიანი ჭიქა აიღო, გამოავლო, წყლით აავსო და სიამოვნებით დალია. შემდეგ ეს პროცედურა ერთხელაც გაიმეორა და მეორედ რომ გამოცალა სასმისი, ჭიქა ამოატრიალა, მეფისდროინდელ გერბს, რომელზეც ორთავიანი არწივი იყო ამოტვიფრული, დახედა და ჩაილაპარაკა: „ჭიქაც კი იგივეა, დღემდე არ დაკარგულა“. ჭიქა უკვე მიქოიანს ეჭირა და ისიც ღიმილით ათვალიერებდა სასმისს. მას შემდეგ, რაც მანაც ორი ჭიქა წყაროს წყალი გამოცალა, ბერიას გადასცა ჭიქა. როდესაც ყველამ ვიგემეთ სახელგანთქმული სომხური, მთის წყაროს წყალი, სტალინი იქვე მსხდომ უხუცესებთან მივიდა და გამართული სომხურით ჰკითხა (თარჯიმნობას ბერია გვიწევდა, რომელმაც, აგრეთვე, ბრწყინვალედ იცოდა სომხური): „არმენ მარტიროსიანი თუ არის ახლა ცოცხალი და სად შეიძლება მისი ნახვა?“ ერთ-ერთმა უხუცესმა, რომელმაც, როგორც ეტყობა, უმალვე იცნო სტალინი და ფეხზე წამოუდგა მას, დინჯად უპასუხა: „ათი წელიწადია, გარდაიცვალა და სასაფლაოზე განისვენებს“.

სტალინმა გამოჰკითხა, სად იყო სასაფლაო და გამომშვიდობების შემდეგ წასვლა ბრძანა. სასაფლაო საკმაოდ შორს, დაბის მეორე თავში მდებარეობდა და სანამ იქამდე მივიდოდით, მიქოიანმა ორმოცი წლის წინანდელი ისტორიის მოყოლა დაიწყო: „1912 წლის ნოემბერში, როცა კობა (სტალინის ძველი პარტიული მეტსახელის ხსენებაზე მიქოიანმა ენა მოიკვნიტა უნებურად, რადგან სტალინს თქვენობით მიმართავდა და უნებურად წამოცდა. თუმცა, დიდმა ბელადმა მხოლოდ გაიცინა და საყვედური არ უთქვამს ასეთი „ფამილარობის“ გამო) მორიგი გადასახლებიდან ახალი გამოქცეული იყო და მას რუსეთის იმპერიის მთელი „ოხრანკა“ გამწარებული ეძებდა, ცენტრალური კომიტეტის დავალებით, ამხანაგი სტალინი და მე ერევანში გავემგზავრეთ ცხენებით თბილისიდან. იქ რევოლუციური აგიტაცია უნდა გვეწარმოებინა. თან, 2 000-2 000 ცალი პროკლამაცია გვქონდა, მაშინ სწორედ ამ წყაროსთან შევჩერდით, წყალი რომ დაგველია და გვესადილა. გავშალეთ მოკრძალებული სუფრა. ამასობაში, ერთი ახოვანი ახალგაზრდა მოგვადგა სახედრით, რომელიც არმენ მარტიროსიანად გაგვეცნო. ისიც დაგვეწვია და ნაირნაირი ხორაგი ამოალაგა. არმენი ადგილობრივი ვაჭარი აღმოჩნდა. ჩვენ მას ეთნოგრაფებად გავეცანით. სხვათა შორის, მან მშვენიერი არაყი დადგა სუფრაზე, რომლის გემოც დღემდე მახსოვს. ამხანაგი სტალინი არ სვამდა, მე და არმენმა კი ერთლიტრიანი ჭანჭურის არაყი ბოლომდე გამოვცალეთ. 

უეცრად სტალინი ჩაერთო საუბარში და მოკლე ფრაზა წარმოთქვა: „რომ არა შენი სიმთვრალე, ამ აურზაურს ავიცილებდით კიდეც“, რაზეც მიქოიანი წამოწითლდა და მოყოლა გააგრძელა:

– უეცრად, წყაროსთან კაზაკთა ექვსკაციანი შეიარაღებული ჯგუფი მოვიდა. მათაც წყალი სდომებიათ, მაგრამ ერთადერთი ალუმინის ჭიქით ჩვენ ვსვამდით არაყს და მე მათ სწორედ არაყი შევთავაზე. ერთი სიტყვით, ერთ-ერთმა კაზაკმა არყით სავსე ჭიქა გამომართვა, მაგრამ კი არ დალია, სახეში შემომასხა, თან შემომიკურთხა. შემდეგ ჭიქა გამორეცხა, წყაროს წყლით აავსო და ყველამ დალია. ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. მართალია, ორ-ორი მაუზერით ვიყავით შეიარაღებულები, მაგრამ კაზაკებთან შეტაკებას თავი ავარიდეთ და მოთმინებით ველოდით მათ წასვლას. ერთი სიტყვით, კაზაკებმა გვიყურეს, გვიყურეს და საბუთები მოგვთხოვეს, თან აბგების შემოწმებაც მოგვინდომეს, სადაც პროკლამაციები გველაგა. უეცრად, ამხანაგმა სტალინმა მაუზერიდან გაისროლა და ორი კაზაკი ფეხში დაჭრა. ამ დროს არმენმა, ერთ-ერთი კაზაკი ცხენიდან ჩამოაგდო, კარაბინი წაართვა და მეორეს ესროლა, რომელიც ამხანაგ სტალინს უმიზნებდა. ერთი სიტყვით, ატყდა სროლა, ექვსივე კაზაკი დავხოცეთ და არმენთან ერთად გავიქეცით, რომელმაც უხიფათო გზებით გვატარა და სამშვიდობოზეც გაგვიყვანა. გამომშვიდობების წინ ამხანაგმა სტალინმა და არმენმა ძმობის ფიცი დადეს და გავიყარენით“.

სასაფლაოს მივადექით. არმენ მარტიროსიანის საფლავი მოვძებნეთ, დიდმა ბელადმა და მიქოიანმა გზაში ნაყიდი ყვავილები დააწყვეს მის საფლავზე. ერევანში რომ ჩავედით, პირდაპირ ცენტრალური კომიტეტის შენობას მივადექით, სადაც უკვე გველოდნენ რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მესვეურები და ადგილობრივი პარტიული აქტივი. სტალინი თათბირზე სიტყვით გამოვიდა, მიწასთან გაასწორა ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მათ ნაციონალისტური ელემენტების გააქტიურებაში დასდო ბრალი და ისე, რომ სავახშმოდაც არ დავრჩენილვართ, გეზი თბილისისკენ ავიღეთ. ოღონდ, უკვე თვითმფრინავით, რომელიც ერევნის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე იდგა.

თბილისში შუაღამისას ჩავფრინდით და ჩვენთვის განკუთვნილ სამთავრობო რეზიდენციაში გავემართეთ დასასვენებლად. მეორე დღეს, დიდმა ბელადმა საქართველოს პარტაქტივს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. უფრო უარესი, ვიდრე სომხებს და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პირადად ბერიას დაავალა საქმის გარკვევა და დამნაშავეების გამოვლენა-დასჯა. როცა სხდომა დასრულდა, სტალინმა მთაწმინდაზე ასვლა მოინდომა, რათა დედამისის საფლავი მოენახულებინა. პანთეონამდე ფეხით ავედით და დედის საფლავზე ყვავილების დაწყობის შემდეგ, ბელადმა თბილისს გადახედა და ბერიას უთხრა: „დაპატიმრებული, ადგილობრივი ნაციონალისტების ერთ-ერთი მოთხოვნა თბილისში მეფე დავითის (იგულისხმება დავით აღმაშენებელი) ძეგლის დადგმა იყო. რატომაც არა, მეც დიდი ხანია, ვფიქრობდი ამაზე და, ჩემი აზრით, მისი ძეგლი მართლაც უნდა დაიდგას თბილისში“.

შემდეგ სტალინმა ბერიას თითით მიუთითა ქვევით და თქვა: „ჩემი აზრით, აი, იქ (მან ერთი კლდე იგულისხმა) რკინა-ბეტონის კვარცხლბეკი უნდა აიგოს და ზედ მეფე დავითის უზარმაზარი ქანდაკება დაიდგას, რომელიც ქალაქის უმეტესი ნაწილიდან გამოჩნდება“ (სხვათა შორის, როდესაც მოსკოვში ჩავედით, სტალინმა თავისთან ცნობილი საბჭოთა მოქანდაკე, „მუშა და კოლმეურნე ქალის“ სკულპტურის ავტორი – ვერა იგნატიევნა მუხინა დაიბარა და მას დავით აღმაშენებლის ქანდაკების რამდენიმე ვარიანტის შექმნა დაავალა. ვერა მუხინამ, მართლაც, წარადგინა თავისი ნამუშევრები, ერთ-ერთი უკვე ასაგებადაც იყო შერჩეული, მაგრამ ეს პროცესი სტალინის გარდაცვალებამ ჩაშალა და ხრუშჩოვმა აღარ ისურვა დიდი ქართველი მეფის ქანდაკების დადგმა). თბილისში კიდევ ერთი დღე დავრჩით, სტალინმა რამდენჯერმე ფეხითაც გაისეირნა ქალაქის ქუჩებში და თან, ძველი დროც გაიხსენა, როდესაც ის საქართველოს დედაქალაქში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვში კვლავ მატარებლით დავბრუნდით. ეს იყო სტალინის ბოლო მოგზაურობა კავკასიაში.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3