კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის შეხვდა მერაბ ნინიძე პარიზში საიდუმლოდ და ბავშვობის რა ოცნება ვერ აიხდინა მან

მერაბ ნინიძე დაიბადა 1965 წლის 3 ნოემბერს, თბილისში.  სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში  განაგრძო სწავლა. 1980 წელს მან ითამაშა სტურუას  სპექტაკლში „რიჩარდ III” პრინც ედვარდის როლი. 1991 წლამდე მერაბ ნინიძე თამაშობდა რუსთაველის თეატრის სცენაზე და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა – იმდენად რომ, აფიშებზე ყოველთვის ეწერა: „მერაბ, მიყვარხარ”! მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როლი იყო 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში” შესრულებული თორნიკე არავიძე. 1992 წელს, საქართველოში მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, მერაბი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. 1995 წლიდან კი, ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში. მერაბმა პირველი ავსტრიული როლი გორან რეგიჩის „ჰუგოფილმში” შეასრულა. მანამდე კი იყო „კურდღლებზე ნადირობა,” შემდეგ „მთვარე მამა” , „ქარვის ამულეტი”. მთავარი წარმატება მერაბს მოუტანა ფილმმა „არსად აფრიკაში”. ეს ფილმი 2003 წელს „ოსკარის” 75-ე დაჯილოდოების ცერემონიაზე გამოცხადდა, როგორც წლის საუკეთესო უცხოური ფილმი. 2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში „მკვლელი კამერა”. „სიყვარული აქცენტით”, „მაისის 4 დღე”, „ზამთრის ქალიშვილი”, „ქაღალდის ჯარისკაცი”, „ტროას განძი”... მოკლედ, ძნელია, ყველა იმ ფილმის ჩამოთვლა, რომელშიც მერაბ ნინიძეს უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩვენი მსახიობი უცხოეთში კინოსა თუ თეატრში, ძალიან წარმატებულია და მათ მოღვაწეობას ჩვენი დროის უდიდესი რეჟისორები, როგორც მაღალპროფესიონალურ დონეს, ისე აფასებენ. არ ვიცი, ისინი საქართველოში რომ დარჩენილიყვნენ რამდენად დაფასებულები იქნებოდნენ, მაგრამ უცხოეთში რომ მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ, თავიანთი ნიჭის გამოსავლენად და დაფასება, ფაქტია. მაშ ასე, ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის, მონატრებული მერაბ ნინიძე თავისი ცხოვრების დღიურებით  

 ***

„ყოველთვის მაინტერესებდა წერა, მაგრამ ახალგაზრდა რომ ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი, ვიდრე ახლა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვწერ. დავიწყე პიესებით. იქ მხოლოდ დიალოგია და მოქმედების აღწერა – ნაკლები. მეც დავიწყე დიალოგების ფორმით რაღაცეების ჩაწერა და პიესა გამოვიდა. ეს არ არის ლიტერატურა. ეს, ალბათ, უფრო ჩანახატებია კინოსთვის, თეატრისთვის. მერე, ძალიან დიდი სწრაფვა მქონდა ენების მიმართ და ერთ დღესაც, გადავწყვიტე, თვითონ შემესწავლა. ეს ინტერესი გამიღვივა „ბითლზებმა”. რამდენიმე ფირფიტა მქონდა სახლში. ჩემთვის ყოველდღიურობაში მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეგობრები ერთმანეთში ვცვლიდით ამ ფირფიტებს. მერე ვიღაცამ წამართვა, გამიტეხა, ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა გოგო... მოკლედ, ამ მუსიკამ მიმიყვანა იქამდე, რომ მაინტერესებდა; რაზე მღერიან, რა არის მათ ტექსტებში და დედაჩემს ვთხოვე, ჩემთვის ინლისურის მასწავლებელი აეყვანა. მომიყვანა მასწავლებელი, ქალბატონი ნუნუ ტორონჯაძე, რომელიც კვირაში ორჯერ მამეცადინებდა. მაგრამ, ეს იყო ძალიან მოკლე პერიოდი, ძირითადი საფუძველი მან მომცა, რა თქმა უნდა და დანარჩენი თვითონ გავაგრძელე. ამაში ისიც დამეხმარა, რომ 15 წლის ასაკში რუსთაველის თეატრთან ერთად ლონდონში მოვხვდი. მე ვუთარგმნიდი კახი კავსაძეს, კარლო საკანდელიძეს რაღაცეებს კომუნიკაციისთვის. იქიდან დაბრუნებულმა ინგლისურად წიგნების კითხვა და წერა დავიწყე. დღემდე ინგლისური ჩემი ყოველდღიური ენაა. რაც შეეხება გერმანულს, პირველი წლები ძალიან გამიჭირდა. აბსოლუტურად სხვაა, როგორც კი ემოციური ხდები  რაღაც სცენაში, იქ პირი არ გემორჩილება, თითქოს არ ჯდება სიტყვები. ამაზე დამჭირდა დიდი ტრენინგი, რამაც შემდგომში უფრო მეტი სითამამე და თავისუფლება შემძინა. ადრე თუ დღეები მჭირდებოდა, რომ ტექსტს გავმკლავებოდი, ახლა ერთი შეხედვით შემიძლია, ავითვისო. თუმცა, გერმანული გრამატიკა არასდროს მისწავლია. საერთოდ, მე უკუღმა მივედი გერმანულ ენასთან – ჯერ ვთამაშობდი ზეპირად, ვიღაცის მიერ მომზადებლ ტექსტზე და მერე ვისწავლე. საუბარში მექანიკურ შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ, როცა თამაშობ, იქ უკვე არ გაქვს იმის უფლება, სწორად არ წარმოთქვა სიტყვა. ხანდახან ვფიქრობ: ღმერთო, რა სასჯელია, რატომ არ შეიძლება, ქართულად ვითამაშოთ ეს ყველაფერი-მეთქი. მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან საინტერესო. რაღაც იცვლება შენში და როგორც მსახიობს, პროფესიონალს გხვეწავს. ფრანგული ენაც ვიცი, მაგრამ ისე არა – რაღაცეები მაქვს ფრანგულ ენაზე ნათამაშები, ერთი ორი როლი. თბილისში რომ ვცხოვრობდი, ფრანგულზე დავდიოდი. ბოლოს და ბოლოს, ამ ენებს ვსწავლობ, როგორც მუსიკალურ ნაწარმოებს, სმენით. დიდი ჯახირი ამისთვის არ მჭირდება.

***

როცა ლილიკო ნემსაძემ თავისი სიმღერა მაჩუქა, შიში მქონდა, როგორ ვიმღერებდი. მერე ნატო მეტონიძემ დამპატიჟა დუეტის ჩასაწერად, რაც ძალიან გამიხარდა. ბავშვობაში ერთი პერიოდი, სულ ავად ვიყავი, მაღალი სიცხეები მქონდა, 40-მდე. როცა ამხელა სიცხე გაქვს, ბოდავ, სულ მოჩვენებები გაქვს. მახსოვს ვიწექი და ჩემს თავს ვუმღეროდი, ვღიღინებდი, იმიტომ რომ, რაღაცეების მეშინოდა. ახლაც, ხანდახან  მარტო ჩემთვის რომ ვმღერი, თითქოს რაღაცისგან მათავისუფლებს და სხვა  სამყაროსთან მაკავშირებს, რაღაც არის მეტაფიზიკური ჩემთვის სიმღერაში. კარგად ვიმღერებ თუ ცუდად, ჩემთვის აღარ აქვს  მნიშვნელობა, თუ ვინმე მამღერებს, ბედნიერი ვიქნები.

***

„ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები,” – ეს არის ციკლი საღამოების, რომლის იდეა ლაშა ბაქრაძეს ეკუთვნის. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ბერლინში, ვენაში, როცა ის დასავლეთში იყო. ლაშამ იპოვა არქივში, ერთ-ერთ ფოტო, სადაც ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი ყვავილებით დგანან. ალიო მირცხულავამ მიაწერა, როგორც ლაშა ამბობს წლების შემდეგ: „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები”. ჰაშიში – მომეჩვენა, რომ  ეს პროვოკაციული, ცოტა ხულიგნური მინაწერი, კარგი სათაური იქნებოდა პროექტისთვის. მოგვიანებით, ლაშამ პაოლო იაშვილის მუზეუმში დაცული ორტომეული მომაწოდა, რომელიც მცირე ტირაჟით დაიბეჭდა. ეს წიგნი არასდროს გაყიდულა, შესაბამისად, თითქმის არავის ჰქონდა წაკითხული. მისი ფილოსოფიური და სფეციფიკური პუბლიცისტიკა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსმენელისთვის. მინდა, რომ პროექტი – „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები” ერთგვარ მოძრაობად გადაიქცეს. ახლა ნიკო მიწიშვილს უნდა ჩავუღრმავდე, მერე კოლაუს და ცამეტივე ცისფერყანწელს. მათ შემდეგ თანამედროვე ახალგაზრდა ავტორებს წავიკითხავ ხმამაღლა. ამ პროექტზე ფიქრისას ერთი იდეა გამიჩნდა. თბილისში რომ ვცხოვრობდე გავაკეთებდი სერვისს: „მსახიობი ნინიძე შეკვეთით”, რომელიც მოვა და საყვარელ წიგნს სახლში, ბუხრის პირას წაგიკითხავს. თავიდან გამეცინა, მაგრამ მეორე დღეს ეს იდეა ჭკუაში დამიჯდა.  ვთქვათ,  პროზა ნახევარი საათი – 60 ლარი. პოეზია უფრო რთულია, შესაბამისად უფრო ძვირიც. რუსულად გნებავთ? – კი ბატონო! – 200 ლარი. ეს ყველაფერი მარტიდან, – სრულიად სერიოზულად გეუბნებით.  მივხდი, რომ არაფრისგან შემიძლია, რაღაც გავაკეთო. უბრალოდ, ავიღო წიგნი, დავიწყო კითხვა და სხვა სამყაროში მოვხვდე. ეს არის მხოლოდ წიგნის,  რამდენიმე მსმენელის და წამკითხველის ურთიერთობა. პრინციპული საკითხია, რომ შეიძლება, წარმოდგენა განათებების, კოსტიუმების, კორდებალეტის და ორგანიზატორების  გარეშე გააკეთო.  

*** 

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო ჩემი შეხვედრა უდიდეს რეჟისორთან, სტივენ სპილბერგთან, იმიტომ რომ, დამირეკეს შაბათ დღეს. შაბათ დღეს კი, როგორც წესი, არავინ არავის ურეკავს საქმესთან დაკავშირებით, თუ მართლა რაღაც არ ხდება. ყველა მსახიობისთვის ეს არის ანეკდოტივით, ტელეფონი რომ რეკავს და ერთმანეთს ეუბნებიან: ალბათ, სპილბერგი რეკავსო. დამირეკა მისმა პროდიუსერმა და მითხრა, რომ ორშაბათს ჩამოხვალ პარიზში, ერთი-ორი დღე გაჩერდები სასტუმროში და მერე ჩემთან და რეჟისორთან გექნება შეხვედრაო. წავედი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ორგანიზებული. აეროპორტში დამხვდა მანქანა, წამიყვანეს სასტუმროში. ვიცი, ვის უნდა შევხვდე, მაგრამ ვიცი, რომ სერიოზული შეხვედრაა. მოკლედ, შევხვდი სპილბერგს. გავოცდი, ყველაფერი იცოდა საქართველის შესახებ. არაფერი არ უნდა ამეხსნა მისთვის: საიდან ვარ, ვინ არის ქართველი? გელაპარაკება როგორც დიდი ხნის ნაცნობი და მეგობარი. მერე მითხრა, რომ „არსად აფრიკაში” ნახა ორჯერ, ერთხელ ხმით, მეორედ უხმოდ. ხმა გამორთო, იმიტომ რომ, აინტერესებდა, ფიზიკა როგორ მუშაობს, რა მოსდის თვალში... ბევრი კომპლიმენტიც მითხრა, მკითხა ვლაპარაკობ თუ არ ივრითზე. როცა ევროპაში ჩამოდის, ფილმებს, რომელსაც უყურებს კინოაკადემიაში და მოსწონს, უნდა რომ მასში მონაწილე მსახიობები პირადად გაიცნოს. ასეთი პრინციპი აქვს. მე მასთან არ მიმუშავია, მაგრამ, როდესაც ვშორდებოდით ერთმანეთს, ვუთხარი: არ ვიცი, ამ ჩვენს შეხვედრას  რა მოჰყვება, მაგრამ, რაც არ უნდა მოჰყვეს, ეს შეხვედრა უკვე ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის და ის ფაქტი, რომ თქვენ ევროპაში ჩამოდიხართ, უყურებთ ჩემს ფილმებს, მაკვირდებით როგორ ვმუშაობ, საფუძველს მაძლევს, უკეთესად ვიმუშავო-მეთქი.

***

„მონანიებაში” თორნიკეს  როლს გეგა კობახიძე თამაშობდა, თუმცა, გადაღებები გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ  არავინ იცოდა. გეგას ტრაგედიის შემდეგ, როლზე მისი შემცვლელის  შერჩევა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყეს. მაშინ 17 წლის ვიყავი, მეორე კურსზე ვსწავლობდი. როცა კინოსტუდიაში მივედი, უამრავი დაკუნთული ბიჭი დამხვდა და  მეგონა, არავითარი შანსი არ მექნებოდა. როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, სინჯებზე მითხრა, შენს ასაკთან შედარებით დიდს ჰგავხარო, გავიფიქრე – სახლში წასვლის დროა-მეთქი. რამდენიმე დღეში კი კინოსტუდიიდან მეზობელთან დარეკეს. ჩემოდნები ჩალაგებული მქონდა, ზაფხულში ბებიასთან ერთად გურიაში მივდიოდი. ტელეფონზე ქალბატონი  მეუბნება: როლზე დაგამტკიცეთ, ალბათ, ძალიან გიხარიათ, ხვალ რეპეტიციაზე გელოდებითო. მე მშვიდად ვუპასუხე: გამიხარდა, მაგრამ ახლა გურიაში მივდივარ, ორ კვირაში ჩამოვალ და მერე დამირეკეთ-მეთქი. მიხვდა, რომ  ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და თენგიზ აბულაძეს გადასცა ყურმილი. ბატონმა თენგიზმა მშივიდად მითხრა: „გურია მოიცდის. სცენარი ხმამაღლა უნდა წავიკითხოთ  და ფილმზე  ვისაუბროთ”. ამ ფილმის, თითქოს უხეშმა, რაღაცნაირად ბიბლიურმა  სიუჟეტმა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვფიქრობდი: ნუთუ არ შეიძლება, კომედიაში მეთამაშა და „კოკა-კოლა” დამელია, მაგრამ, ალბათ, ესეც ბედი იყო.  მაშინ აქ „კოკა-კოლას” არავინ სვამდა. „მონანიებისგან” დიდხანს ვერ ვთავისუფლდებოდი, სულ ტრაგიკულ, დრამატულ   პერსონაჟებს ვანსახიერებდი. ესეც თავისებურ დაღს ტოვებს, შენი გმირის და საკუთარი განცდების გამიჯვნა გიჭირს. გულწრფელად ვიტყვი, დღეს, სხვა რამდენიმე ნამუშევართან ერთად, ამ ფილმით ვამაყობ.  როგორც მსახიობი, ამის შემდეგ დავიბადე… ამ ფილმმა,  ფაქტობრივად,  მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. 

***

მარიამი 20 წლისაა, მახარე – 8-ის. მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მარიამის  ადრეულმა ბავშვობამ ჩემ გარეშე გაიარა, მერე მოგვიწია ამ დანაკლისის  აღდგენა. რა თქმა უნდა, ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით, მის ყოველდღიურობაში არ ვმონაწილეობდი როგორც მამა. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ალბათ, მისთვის უფრო. ახლა ვხვდები, რომ ისევ ისე საჭირო ვარ, როგორც მაშინ, როცა ორი თვის იყო, შეიძლება, უფრო მეტადაც. მარიამთან ურთიერთობამ როგორც ადამიანი ძალიან დამხვეწა, დამაწყნარა, ბევრი ზედმეტი და ნერვული სტრესისგან გამათავისუფლა… მივხვდი, რომ, რაც უფრო ნამდვილი და უშუალო ხარ, მით  უფრო ადვილია ცხოვრება, უბრალოდ, უნდა მოდუნდე. მეც ასე გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში მამა იშვიათად, მაგრამ მძაფრად არსებობდა. ჩემთვის ბაბუა იყო მამობის მაგალითი. რაღაც ასაკში ამაზე არ ვფიქრობდი, დანაკლისი 30-ს მიახლოებულმა ვიგრძენი, მანამდე რეალობას ისეთს ვიღებდი, როგორიც იყო. ამაზე ფიქრის და წუწუნის დრო არ მრჩებოდა. ერთხელ  გიზო ჟორდანიამ თქვა: „უმამოები” ცალკე დასხედითო. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 3 ბავშვი იზრდებოდა მამასთან. კითხვა: მამა, რატომ მიმატოვე? მოგვიანებით გამიჩნდა…

***

ძალიან მომწონს  დევიდ ლინჩის ფილმები, რომლებშიც ის ზუსტად  ყვება ადამიანის მიკრო-ჯოჯოხეთების შესახებ. ყველას აქვს მიკრო-ჯოჯოხეთები, შეიძლება, ოდესმე ამაზე წიგნიც დავწერო – ჩემი განცდები და ფიქრები  ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღვწერო…  ნოსტალგია სულ მაქვს. რა თქმა უნდა, ვენას, სადაც 22  წელი გავატარე, სრულად ვერ მოვწყდები, მაგრამ საქართველოშიც ვიქნები, ოღონდ  გურიაში, ჩემს სოფელში – ნაგომარში. მომავალი წლიდან მე და ჩემი ძმა  სახლს მივხედავთ, ხელახლა ავაშენებთ, ბოსტანს გავაკეთებ, ეზოს მოვუვლი. მინდა, სოფელს და ბუნებას დავუბრუნდე…  თავიდან დინებას წავყევი, მთავარი იყო ენა მესწავლა და თამაში შემძლებოდა. აქედან რომ წავედი, არ ვფიქრობდი მთების გადადგმაზე, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ პროფესიის დათმობა არ მომიხდა. ჩემი ფილმები ხან არტ-ჰაუსია; ხან ნაკლებად კომერციული, ხან მეტად; ხან ცუდია, ხან კარგი. მე კინო მიყვარს და  ამას გარდა, ელემენტარული შემოსავალიც მჭირდება. მიხარია, რომ თუ ძალიან ცუდ  ფილმში ვითამაშებ, საქართველოში ამას არავინ ნახავს და თუ კარგი გამოვა, მისი წარმატების ამბავს აუცილებლად ყველა გაიგებს… რაღაც ფილმებს, წინასწარ ვიცი, რომ არ უნდა ვუყურო, რაღაცეებს სიხარულით  ველოდები… როცა ჩემი შვილები დროდადრო ამ პროფესიით იხიბლებიან და ამბობენ, რომ მსახიობობა უნდათ, ვბრაზდები და ვეუბნები, ამისთვის არ მემეტებით-მეთქი. ისიც საკმარისია, რომ მე გავიარე ეს გზა. ამ პროფესიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება – მოგცეს თავისუფლება. თუ გაგიმართლა, ყოველთვის გექნება  შანსი, წინ წახვიდე, თუ არა – ცხოვრება გამტვრევს და მუდმივად ამ შანსის მოლოდინში ხარ. იმისთვის, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო და ბედნიერებისთვის ათობით კინოროლი არ გჭირდებოდეს, ძალიან დიდი შრომაა საჭირო. ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ რამდენ ფილმში გადამიღებენ… მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი. ახლა რომ დგამდნენ მიუზიკლს, პირდაპირ რეჟისორთან მივიდოდი და  მოურიდებლად ვთხოვდი, როლი მოეცა. აქამდე არასდროს მქონია შემოთავაზება, თორემ დიდი სიხარულით დავთანხმდებოდი“. 

 

скачать dle 11.3