კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ „შეეწირნენ“ ღორის „ქელეხს“ დამკვლელები

ქრისტეშობის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

ჩვენთან, საქართველოში კი ჩვენებური წესი გვაქვს. სიცოცხლე უნდა მოვუსწრაფოთ ღრუტუნა წვრილჩლიქოსანს.

შობის წინა დღის ნაშუადღევია.

სტალბერ ქიშმარუას ეზოში „დამკვლელები“ შეიკრიბნენ. 

იმ სოფელში ასე ყოფილა, დამკვლელთა „სპეცნაზი“ ჩამოივლის ეზო-ეზო და ააფხარკალებს საცოდავ ღრუტუნას. მერე მწვადსაც ჩაღმურძლავენ, ზედ ორნახად არაყსაც დაასხამენ „დეზინფექციიზა“ და გადავლენ სხვა ეზოში.

90-100-კილოიანი იქნებოდა სტალბერის ზაფხულიდან ნასუქები ღორი. მთავარ დამკვლელს, გვანჯი ჭიქაიას უკვე მოესწრო ორი ღორისთვის მზის დაბნელება და არყით თვალებაპრიალებული სანაწეროდ იბრიშტებოდა.

– ხოხ, რა არის კაცო ეს წრუწუნა... არაფერს აჭმევდით, მახარია?

– რასაა, რო ამბობს ეს ტვინწყალა? – იწყინა პატრონმა, – წრუწუნა კი არა გამათავა მაგის კვებამ მთელი წელია. რომ გაუშვა, ყველას შეგვჭამს, ყაჩაღი მაგი!

– გოუშვი ხელი ერთი, თუ კაცი ხარ, – არაადამიანური ხმით დაიყვირა გვანჯიმ, დასაკლავი დანა მოიმარჯვა და გაიმეორა, – გოუშვი, გოუშვი, ოღონდ საყელურზე მომაკიდებიე ხელი და მერე გოუშვი. მარტო ვეყოფი მაგას მე, არ მომეკაროს არავინ!

სტალბერი და დანარჩენები დაემორჩილნენ და განზე გადგნენ.

– ღუტუ, ღუუტუ, მორთი აშო, წიე, მორთი...

დანა დროებით საყელურში გაურჭო ღორს. ჯერ წავაქცევ და მერე მოვიშველიებო და ტორეადორივით მოზიდა ტანი. წინა და უკანა ფეხებში ჩაავლო სასმელით ძარღვებდაბერილი ხელები... ოპლაა! – დაიძახა და მოწყვეტილად მოქაჩა თავისკენ, რომ ზურგზე ამოეტრიალებინა, მაგრამ ილეთი გაუცუდდა.

გაუცუდდა კი არა, ღორმა გამოწვევა მიიღო და წაკუზულ მოძალადეს 40-კილოიანი თავი დააძგერა – ქვევიდან თუ დავიწყებთ, ზემოთ რომ ფეხები ერთდება, იმ სახიფათო „ზონაში“.

– ვაი, დედიკონა! – მოასწრო დაძახება და შუბლით შეასკდა სამწყვდევის ბოძს. ბოძს ვერაფერი დააკლო, მაგრამ ცხვირი და ულვაშები წითლად შეეღება. ამასობაში ღორმა მძიმე ძუნძულით მიაშურა სამალავს, მაგრამ ვერ იპოვა და ცოტა ხნით გაჩერდა, შეისვენა, ჰაერი დაყნოსა და გაშტერდა. იქ მყოფები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რაც მოხდა. თოვლის გუნდა დააფარეს სისხლიან ადგილზე გაბრუებულ კაცს, – ნუ გეშინია, ნუ გეშინიას ძახილით. მერე ოთახში შეიყვანეს და ტახტზე წამოაწვინეს დაბნეულ-დანოკაუტებული.

ისევ ღორს მოუბრუნდნენ.

– ე, ბიჭო, გამოეკიდე, იქნებ დაიჭირო, სამგლე მაგ! – თვითონ ვერ გაბედეს და შეაგულიანეს სოფლის სულელი ხუნჭუ ჭიჭაია. მაგრამ, სულელები აქეთ გამოიყვანა ეს ტარტაროზები დაკვირვებულმა სულელმა.

– ხოხ, რა კაია?! – მე გიჟი კი არ ვარ... რას გავეკიდები, დანა აქვს მაგას საყელურში და რო მშვლიპოს მუცელში, ვისთან ვუჩივლო?!

ისევ მეზობელმა დურუმ გაიმეტა თავი და ნელა მიუახლოვდა გაოცებულ ღორს, – ღუტუ-ღუტუს ჩურჩულით.

– ღუუუტუ, ღუტუუ... – ეპარება ეს დურუ, მაგრამ ნერვებმა უღალატა, ბოლო „ღუუტ“ ხმამაღლა შებღავლა, გოლკიპერივით გაუწვა და უკანა მარცხენა ფეხშიც წაავლო ხელი. მაგრამ, ღორმა წინა ფეხები გაჩაჩხა და უკანა, თავისუფალი პირდაპირ ყურის ქვეშ სთხლიშა მოწინააღმდეგეს.

ნახევარბიბილოახეული დურუ ძლივს მოასულიერეს, იმასაც თოვლით დაუმუშავეს ნატკენი ადგილი და გვანჯის ტახტის მოპირდაპირე ტახტზე წამოაწვინეს გაბრუებულ-გაბურბუსალებული.

ეზოში გუშინ დადებული თოვლი ორ-სამ ადგილას მოიჩითა სისხლით, ოღონდ არა ღორის, როგორც სავარაუდო იყო.

– დედას გიტირებ! – მოთმინებიდან გამოვიდა სტალბერი, ფაცხაფუცხით ავარდა მეორე სართულზე, ძველი „ვინტოვკა“ გამოიტანა ყოფილმა მეომარმა და აივნიდანვე ესროლა ღორს. მიზანი არ ეშლებოდა – სროლა და შუბლში ტყვიანაგლეჯი ღორი ადგილზევე ჩაიკეცა.

სტალბერი აჩქარდა, დაუცდა ფეხი კიბეზე, კიბის ხის მოაჯირი გადაანგრია და გვერდულად ჩაერჭო თოვლში. ამჯერად უსისხლოდ გადავრჩით, სტალბერმა მხოლოდ ცერა თითი იღრძო, რომელიც მაშინვე გაუსივდა.

ორ საათში მწვადის სუნი დატრიალდა! რად გინდა, რა... ჭამის სურვილი, შნო და შესაძლებლობა არავის ჰქონდა.

... არა, ვინ მოიგონა ეს ვანდალობა... სულ, სულ პირველად ვინ დაკლა ღორი შობა დღეს?

ღრმა ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ არაფერს გვაუწყებენ.

 

 

скачать dle 11.3