კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განგების ხელით

ზოგიერთი ადამიანი თავად წერს საკუთარი ბედისწერის წიგნს. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ეს საშინელი ამბავი მოხდა... მკვლელობის შესახებ, სრულიად შემთხვევით, დილის გაზეთში ამოვიკითხე. ყავას ვსვამდი... ჩემს ცოლს თავისი საყვარელი, ორად გაკეცილი გაზეთი ედო წინ და დეტექტივის გაგრძელებას კითხულობდა. ჩემი ყურადღება ფოტოსურათმა მიიქცია. პირველ გვერდზე დაებეჭდათ და პირდაპირ ცხვირწინ მქონდა... გული უსიამოვნოდ შემიქანდა.

– ერთი წუთით მათხოვე ეგ გაზეთი, რაღაც ინფორმაცია მინდა, წავიკითხო, – ვთხოვე ჩემს ძვირფას მეუღლეს. ის უსიამოვნოდ შეიჭმუხნა.

– ვერ მოგცემ. შენ სადღაც მიაგდებ, მე კი ჩემი დეტექტივი ბოლომდე არ ჩამიკითხავს. როდის იყო, დილის გაზეთებით ინტერესდებოდი.

– კონკრეტული ინფორმაცია მაინტერესებს, მოკლეს, მგონი, ვიღაც.

სილვიამ ცხვირი აიბზიკა.

– რად გინდა, დილაუთენია უარყოფითი  ინფორმაციით რომ იღლი ტვინს. ვიღაც ბუტლეგერი მოუკლავთ, რატომ უნდა გაინტერესებდეს?

მისთვის აღარაფერი მითქვამს. გაზეთი გამოვართვი და გადავშალე. ფოტო მართლაც სულის შემძვრელი იყო: შუბლგახვრეტილი მამაკაცი – სისხლის გუბეში... ტყვია პირდაპირ თვალებს შუა ჰქონდა მოხვედრილი. სათაურიც ბევრს არაფერს მეუბნებოდა: „მოკლულია რეკეტიორების მეთაური“, – მაინც დავინტერესდი და „ნიუსის“ ბოლომდე წაკითხვა გადავწყვიტე. თუმცა, ჩემს ცოლს შინაგანად ვეთანხმებოდი იმაში, რომ ტორტსა და ყავაზე მისაყოლებლად მართლაც შეუფერებელი ტექსტი იყო... ნიუსში ეწერა... იგნეს კოვაკის გვამი წუხელ ღამით თავის სახლთან, მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს... იგნესი... ჩემი მეგობარი... კანი დამიბუსუსდა. 

ბოლოს ის თორმეტი წლის წინ ვნახე. მაშინ ორივე თექვსმეტი წლის ვხდებოდით. ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მაშინ ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ბრუკლინში ცხოვრობდა. ის, რაც მკვლელობის ამბავმა გამახსენა, ჩვენი მანჰეტენზე გადაბარგების წინა დღეებში მოხდა... ფიქრებიდან სილვიას ხმამ გამომარკვია.

– რა მოხდა, ხომ არ იცნობდი, მაგ ბანდიტს? – მკითხა ირონიული ხმით.

– შენ წარმოიდგინე, ვიცნობდი... ბავშვობა ერთად გავატარეთ... ბრუკლინში...

– მაშინაც ბანდიტი იყო?

– სილვია... ის კარგი, წესიერი ბიჭი იყო. არასოდეს არაფერს ვაშავებდით... მგონი, ვიცი, ვინ შეიძლება იყოს მკვლელი.

სილვიამ გაიცინა და გაზეთი გამომტაცა... გუნება საშინლად მომეშხამა... ყველაფერი ფოტოგრაფიული სიცხადით გამახსენდა... მე და იგნეს კოვაკი ვმეგობრობდით... იგნესი შეყვარებული იყო გოლფზე და ოცნებობდა, როგორმე იმდენი ფული მოეგროვებინა, გოლფის ჯოხი შეეძინა... ხშირად დავდიოდით საღამოობით იქ, სადაც ბრუკლინის რჩვეული საზოგადოება – ძირითადად კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები გოლფს თამაშობდნენ. მე გოლფზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ იქ, არხში ჩაცვენილ ბურთებს ვაგროვებდით, ვწმენდდით და მერე ისევ კლუბის წევრებზე ვყიდდით ხუთ ცენტად. კვირის ბოლოს მე ოცდაათ ცენტამდე მიგროვდებოდა და კრემიან ფუნთუშებს ვყიდულობდი მე. იგნესი კი ყულაბაში ინახავდა. ის ხომ გოლფის ჯოხისთვის აგროვებდა ფულს. მე მხოლოდ მეღიმებოდა ამაზე... ერთხელაც, საღამოს შარვლის ტოტებაკაპიწებულები არხში ვიყავით ჩასულები და დაკარგულ ბურთებს ვეძებდით. უცებ გზაზე ორი მანქანა გამოჩნდა. ერთი მაშინვე ვიცანით, ჩვენი მეზობლის იყო, ვინმე მისტერ როუზის „პაკარდი“. ასეთი დიდი მანქანა მაშინ ჩვენს სამეზობლოში არავის ჰყავდა და ბიჭებს ძალიან გვაინტერესებდა. ერთხელ კარის გაღება და შიგ ჩაჭვრეტა ვცადეთ. თითქოს დადარაჯებული იყო, როუზი მაშინვე გამოგვივარდა სახლიდან. იგნესს ეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მთელი ძალით აჯანჯღარა... მახსოვს მისი მკვლელის მზერა და იგნესის სიძულვილით აღსავსე გამოხედვა... ორივე სწრაფად ამოვძვერით არხიდან და იქვე, ბუჩქებში დავიმალეთ. „პაკარდიდან“ თვით როუზი გადმობრძანდა. მეორე მანქანიდან კი ორმა ზორბა ტიპმა ტანდაბალი, ძალიან შეშინებული კაცი გადმოათრია და არხთან მიათრია. არც ისე შორს ვიყავით, ყველაფერს გარკვევით ვხედავდით და თითოეული სიტყვა გვესმოდა... კაცი როუზის წინ დააჩოქეს... მისტერ როუზმა ხელზე კასტეტი ჩამოიცვა და მთელი ძალით დაუწყო ცემა სახეში, თან მთელი ხმით ყვიროდა: ჩემთვის გადაწყვიტე, ფული მოგეტეხა? ჩემთვის? როგორ გაბედე, ჭიაყელავ და არარაობავ, იცი, რა გელოდება ამისთვის?! – კაცის სახე ნელ-ნელა დაემსგავსა წითელ ბურთს... საზიზღარი სანახავი იყო... შიშმა ფეხები წამართვა... მგონი, არც ჩემი მეგობარი იყო უკეთეს დღეში... ბოლოს როუზი დაიღალა... მისმა დამქაშებმა კაცს თავი არხში ჩააყოფინეს, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ...

როცა გონს მოვეგეთ, ერთადერთი, რისი სურვილიც გამიჩნდა, რაც შეიძლება, შორს გავქცეულიყავი. მაგრამ, იგნესმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: პოლიციაში უნდა წავიდეთ და ყველაფერი უნდა განვაცხადოთო.

– გაგიჟდი? წავიდეთ სახლებში და დავივიწყოთ, რაც ვნახეთ.

– არა, – მტკიცედ გაიმეორა იგნესმა, – ეს ჩვენი ვალია. თანაც როუზს სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. დაგავიწყდა, რა გააკეთა, როცა მანქანასთან დაგვიჭირა. 

ამოვიოხრე... მესმოდა მისი და ამ საქმეში მარტო ვერ დავტოვებდი. მივედით ჩვენი უბნის პოლიციის განყოფილებაში. უფრო სწორად, აქოშინებულებმა მივირბინეთ... სერჟანტმა ირონიული სახით მოუსმინა იგნესს, ეტყობოდა, ან არ სჯეროდა, ან არ აინტერესებდა. მაგრამ, როგორც კი როუზის გვარი გაიგონა, შეხტა და ოთახიდან გავარდა... ცოტა ხნის შემდეგ განყოფილების უფროსთან ერთად დაბრუნდა... მან იგნესს სთხოვა, ყველაფერი თავიდან მოეყოლა და სერჟანტს, ცოტა არ იყოს, დამფრთხალმა გადახედა.

– დაურეკე როუზს, აქ მოვიდეს. ამ ბიჭის მამასაც დაურეკეთ და აქ მოიყვანეთ.

არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ უკან დახევა გვიანი იყო...

როუზი განყოფილებაში იქაურობის ბატონ-პატრონივით შემოვიდა. სიგარას მედიდურად ეწეოდა და იღიმებოდა. სულაც არ ჰგავდა დამფრთხალს ან შეშინებულს.

– აბა, ბიჭი, სად მნახე დღეს?

– გოლფის მოედნის უკან, არხთან... თქვენ იქ ანგარიში გაუსწორეთ ერთ საცოდავ კაცს, – შეუპოვრად გაუსწორა თვალი იგნესმა.

როუზმა გაიცინა.

– მე ვიცი, რატომ მოიგონა ამ ბიჭმა ეს ამბავი. ერთხელ ჩემს მანქანაში ძვრებოდა და ცოტა დავტუქსე. ხომ არ გინდა, ეს ფაქტი ახლა გავიხსენო და შენზე, პატარა ხულიგანზე, საქმე აღვძრა?!

იგნესის მამას სახე მოებრიცა. მისტერ როუზთან მიიჭრა და ხვეწნა დაუწყო, შეებრალებინა მისი შვილი. როუზმა მედიდურად გაიცინა და უნცაური რამ გააკეთა... ჯიბიდან ათდოლარიანი კუპიურა ამოიღო და იგნესს ხელში ჩაუკუჭა... აქაოდა, შემომხედეთ, როგორი დიდსულოვანი ვარ. ვაპატიე და თანაც, ვასაჩუქრებო... იგნესმა ფულს დახედა. დააფურთხა, დაკუჭა და როუზს სახეში ესროლა. მერე უკანმოუხედავად გავარდა პოლიციის განყოფილებიდან. მეორე დღეს ჩემი ოჯახი მანჰეტენზე გადავიდა... იგნესი აღარ მინახავს, მაგრამ, ფაქტია, მისი და მისტერ როუზის გზები სადღაც კიდევ გადაიკვეთა, რაც საწყალი იგნესისთვის საბედისწეროდ დასრულდა.

 

скачать dle 11.3