კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ სტანჯავდა რევაზ ლაღიძეს და როგორ გახდა ბურთზე შეყვარებული ბიჭი კომპოზიტორი

„ეთერ პაიკიძე „მოგონებებში გაცოცხლებული”: „მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მშობლიური იმერეთი, ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო... აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ღმერთმა ნურც მასწავლოს. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას, უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი. ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ...  დიდი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერა ვიცი. ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით. საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე. წყლის გიჟი ვარ. წყალი საოცრად მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ლაღიძე ვარ...  

მუსიკის სიყვარული ჩვენს ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედაჩემი ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოტრფიალე იყო. ელენე მამიდას ქმარი, ვასო გოგაძე არაჩვეულებრივად უკრავდა ინსტრუმენტებზე: გიტარაზე, ბალალაიკაზე, ვიოლინოზე. სწორედ მან მაჩუქა თავისი ვიოლინო. მე ვიოლინოზე დაკვრა უნდა მესწავლა. მიმაბარეს მუსიკალურ სკოლაში... არდადეგებს სოფელში, ოფჩაში, ვატარებდი. ვბანაობდით, ვთევზაობდით, ვცელქობდით. ხშირად სოფლის სკოლის ეზოში ვთამაშობდით. ერთხელ, რეპროდუქტორიდან შემომესმა ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ შესავლის ჰანგები. დაუვიწყარია ის მღელვარება, რაც მაშინ განვიცადე. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მუსიკასთან. აქედან დაიწყო მისი მოწონება, შეგრძნება. არც კი ვიცი, საიდან მქონდა მუსიკის აღქმის, მით უფრო – შეფასების უნარი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ზაქარია ფალიაშვილი დღესაც ჩემი კერპია, სიამაყეა... მშობლებმა მიმაბარეს თბილისის მეშვიდე მუსიკალურ სკოლაში, რომელიც კალინინის ქუჩაზე მდებარეობდა. ძალიან უცხო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვცხოვრობდი სტადიონთან. ბურთის თამაშით ვიყავი გატაცებული და, უცბად, სხვა გარემოში მოვხვდი. ვიოლინოზე დამაწყებინეს დაკვრა. ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა, თუმცა, საშინელი პედანტი იყო. როგორც კი როლში შევიდოდი, მეტყოდა: „სკრიპკუ ვიშე!“ ამის თქმა და ჩემი გათიშვა ერთი იყო. ასე მეგონა, მაწამებს-მეთქი. ეს სიტყვები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. სამჯერ ვუგანე „სკრიპკას“, არ მინდოდა ვიოლინოთი სიარული. ამ ასაკის ბიჭებს ეთაკილებათ ხოლმე ზედმეტი ყუთის ტარება, მით უმეტეს, უკვე შერქმეული მქონდა მეტსახელი „სკრიპაჩ-ტრიპაჩ“. მეოთხედ კი ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო იყო. ერთ დღეს ჩვენს სკოლაში მოეწყო თვითშემოქმედებითი კონცერტი. აქ გამომადგა ჩემი სავიოლინო გამოცდილება: დავიხურე ძველი „შლიაპა“ და სცენაზე მოხეტიალე მუსიკოსის როლში გამოვედი. ამ დროს მოდაში იყო ასეთი სიმღერა – „პარახოდი მოდის, არ ჩერდება“... მეც სწორედ ამ „პარახოდს“ ვუკრავ ვიოლინოზე. დიდი წარმატება მქონდა. დამთავრდა კონცერტი. მგონია, რომ ყველა – დირექტორი, მასწავლებლები – შემაქებდნენ და მეტყოდნენ: „ყოჩაღ, რეზო!“ ნაცვლად ამისა, მითხრეს – ერთი ქალი გიბარებსო. მივედი, შემეკითხა: რა გვარი ხარ, რომელ მუსიკალურ სკოლაში სწავლობდიო, – უკვე იცოდა, რომ მუსიკის სწავლას თავი დავანებე. მუსიკალურ სკოლაში რომ მესწავლა, ცხადია, ასეთი „რეპერტუარით“ არ გამოვიდოდი. ხვალვე მამაშენი ჩემთან მოვიდეს ამა და ამ მისამართზეო. სკოლის დირექტორმა გამაფრთხილა: მამას გადაეცი, თორემ, ხვალ მე თვითონ შეგამოწმებო. გადავეცი მამას. მივედით, ეს ქალი აღმოჩნდა ჩვენი სასიქადულო ლარისა ქუთათელაძე. მაშინ ის თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო. სწორედ ამ ბედნიერმა დღემ გადაწყვიტა ჩემი მუსიკოსობა... ცოტა ხნის შემდეგ მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისთვის დავწერე სამი მინიატურა: „მგზავრული“, „იავნანა“ და „აღმოსავლური ცეკვა“. ამ კვარტეტში მეც ვმონაწილეობდი – პირველ ვიოლინოზე ვუკრავდი. სასწავლებლის კონსულტანტი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, დიდებული ადამიანი. ბატონმა დიმიტრიმ მითხრა: „ჩემო შვილო! შენს მომავალზე უნდა იფიქრო, საკომპოზიტორო ფაკულტეტზე უნდა ისწავლო“. ჩემი მინიატურები მოსწონებია. ასე გადაწყდა ჩემი ბედი. ჩავირიცხე კონსერვატორიაში პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ბატონმა ანდრიამ დამაყენა სწორ გზაზე. ანდრია ბალანჩივაძე ძალიან მომთხოვნი პედაგოგი იყო. კონსერვატორიაში დიდი დატვირთვით ვმეცადინეობდი, ამასთან ერთად ორ ადგილას ვმუშაობდი – ომის პერიოდი იყო, უჭირდა ხალხს, ყველა ვმუშაობდით. დილაობით სიმფონიურ ორკესტრში ვუკრავდი, მერე რადიოკომიტეტში მივდიოდი. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, შესვლისთანავე, პირველივე წელს, დავწერე სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, „ორი სიმღერა“. დროის უკმარისობას ვერ ვგრძნობდი. ყველაფრისთვის მოიძებნება დრო, თუ კაცი მოინდომებს – ამაში შემდეგშიც არაერთხელ დავრწმუნდი. სიმფონიურ ორკესტრში მუშაობამ დიდად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ მომწიფებას. გაფორმებული ვიყავი კონცერტმაისტერის დამხმარედ, ეგრეთ წოდებულ, „პოდრუჩიკად“. მერე დამსვეს ბოლო პულტზე. წინ პარტიტურა მედო, ვუკრავდი: ბეთჰოვენს, ვაგნერს, ბერლიოზს, შუმანს, ლისტს, ჩაიკოვსკის... ასე დავეუფლე პარტიტურის კითხვას, საორკესტრო ხელოვნებას. ბევრი ნაწარმოები ასე შევისწავლე... დაწყებით სკოლაში ვასასი ძაგნიძე მიყვარდა ჩემი მასწავლებლებიდან, შემდეგ – დავით ბახტაძე. თბილისის მეექვსე სკოლა დავამთავრე. მერვე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი. განსაკუთრებით მათემატიკა მიტაცებდა. მერვე კლასში მათემატიკის ტურში გავიმარჯვე, სიგელი დავიმსახურე. მათემატიკის გაკვეთილზე კარნახად ვიყავი ქცეული, რისთვისაც ჩემი დატუქსვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მახსოვს, დაფასთან კარადა იდგა და ერთხელ იმ კარადაში შევძვერი, რომ იქიდან მეკარნახა ბავშვებისთვის, რისთვისაც გარეთ გამაბრძანეს. დღესაც ვფიქრობ, სად კომპოზიტორი და სად – მათემატიკა. ჩემი მეგობრები შვილებს რომ ვერ ამოუხსნიან სასკოლო ამოცანებს, ეუბნებიან: დამანებე, შვილო, თავი, რომელი რევაზ ლაღიძე მე ვარ, ეს ამოცანები რომ ამოვხსნაო და ჩემთან გამორბიან დახმარებისთვის. ქიმია და გეოგრაფიაც ძალიან მიყვარდა... საფორტეპიანო ვარიაციები ჩემი პირველი ნაწარმოებია. ახლა კარგად მესმის ავიც და კარგიც, მაგრამ, მაინც, რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. ის დღე რად ღირს, როცა კონსერვატორიის მცირე დარბაზში საკუთარი „სიმებიანი კვარტეტი“ მოვისმინე. ახლა ტაშით ვამოწმებ ახალი ნაწარმოებების შეფასებას...

... თუ რაიმე გამიკეთებია მუსიკაში, სულ ნადირობის პარალელურად. ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, რეზოს რომ უთხრა, ცუდი კომპოზიტორი და კარგი მონადირე ხარ, გაუხარდება, მაგრამ კარგი კომპოზიტორის და ცუდი მონადირის სახელი რომ შეჰკადრო – ეწყინებაო. ერთხელ, ჩემი მეგობრები – ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე: ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ, ნაკრძალიდან გამოსვლა არც ისე იოლი საქმე იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული“.

მურმან ლებანიძე:  „ერთ-ერთი ნადირობის დროს რეზომ ტყეში დაჭრილი დათვის ბელი იყიდა მონადირეებისგან. წაიყვანა შინ. გადაწყვიტა, გამოეჯანმრთელებინა და ისევ ტყეში დაებრუნებინა. დაჭრილი ბელი დააბა ეზოს „საკუჭნაოში.” ერთ ღამეს ბელს აუხდია სახურავი, გადმომხტარა და დილით თავისივე თოკზე დაკიდებული იპოვეს. რეზომ საშინლად განიცადა ეს ამბავი. გააკეთებინა ფიტული და თავის სამუშაო ოთახში დადგა...” 

გიორგი ნატროშვილი:  „მახსენდება ერთი შეხვედრა კომპოზიტორთან. ეს იყო სუფრაზე, ოქროყანის ზემოთ რესტორანში. სუფრაზე თავი მოიყარეს მწერლებმა, მუსიკოსებმა, მეცნიერებმა, ჟურნალისტებმა და ცხადია, ყურადღების ცენტრში ყველასთვის საყვარელი რევაზ ლაღიძე იყო. ტკბილ საუბარს დროდადრო გვაწყვეტინებდა დამკვრელთა დასტა, რომელიც უფრო ხშირად, გასაგებია, რომ რევაზ ლაღიძის სიმღერებს მიმართავდა... „დალოცვილი კახური, მაგ ტუჩების ფერია. ღვინოს დავლევ წყალს არა, შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი...” ყველა სულგანაბული უსმენდა მომაჯადოებელ მელოდიას. სიმღერა რომ დამთავრდა, ერთმა ცნობილმა მწერალმა (გვარს არ დავასახელებ) მიმართა რევაზ ლაღიძეს: „ბატონო რეზო, ნუ მიწყენ შენი ჭირიმე, თქვენი დაწერილი სიმღერა ვის არ დაატყვევებს, მაგრამ ხალხის გენია მაინც სულ სხვაა, ამ წუთას რომ მოვისმინეთ!” ყველას გაეცინა. იმ მწერალმა არ იცოდა, რომ ის ხმატკბილი მელოდია სწორედ რევაზ ლაღიძეს ეკუთვნოდა. გაწბილებულმა მწერალმა სიტყვა თავიდან ითხოვა და რევაზის სადღეგრძელო მეორედ წარმოთქვა.

 

скачать dle 11.3