კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან ამზადებენ იაპონელები ნაძვის ხეს და რას უდებენ ახალ წელს ბალიშის ქვეშ ბავშვებს

საახალწლო ტრადიციების მიხედვით, იაპონია  ყველაზე გამორჩეული  ქვეყანაა. იქ,  სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დგება,  საახალწლოდ  ძალიან ბევრ  საუკუნოვან ტრადიციულ სიმბოლოს იცავენ.  ნებისმიერი  იაპონელი, რომელ სოციალურ ფენასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  სახლს, მეტად უცნაურად არჩევს საჩუქარს და მოუთმენლად ელის ბედნიერ, ოქროს ორშაბათებს, რაც მათ ხელისუფლებამ დაუწესათ. როგორ ხვდებიან იაპონელები ახალ წელს, ამის შესახებ ისტორიკოსს და კულტუროლოგს, ქალბატონ ნინო გოგავას გავესაუბრეთ. მან იაპონური საახალწლო  ტრადიციების შესახებ ბევრი უცნაური რამ გვიამბო.   

 

ნინო გოგავა: აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები  ძალიან საინტერესო  და  განსხვავებულია. აღმოსავლეთში, მით უფრო იაპონიაში, ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციების დაცვა.    იაპონიაში, სადაც ახალი წელი მთელ მსოფლიოში პირველად დგება, ბევრი ისეთი  რიტუალის კულტურა არსებობს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია რომ აქვს. უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ამ ქვეყანაში გაათმაგებულია სისუფთავისადმი სწრაფვა, ეს ჩინელებსაც ახასიათებთ. ახალ წელს ყველა  იაპონურ ოჯახში სახლი განსაკუთრებულად უნდა კრიალებდეს. შუა საუკუნეებში არსებობდნენ სპეციალური ინსპექტორები, რომელთაც  ნიშნავდა  ქალაქის მმართველი – შუგუნი.  მათ ჰქონდათ დიდი ცოცხები, რომლითაც დადიოდნენ ყველა ქალაქსა და სოფელში, შედიოდნენ ყველა სახლში, მათ შორის იმპერატორის სასახლეშიც კი და ამოწმებდნენ, იყო თუ არა სახლი სუფთა. თუ სადმე მტვერს ან ნაგავს აღმოაჩენდნენ, ცოცხით ამ სახლზე შემოხაზავდნენ იეროგლიფს – წყალს, რაც ნიშნავდა, რომ სახლი არ იყო დალაგებული და იქ ახალი წელი არ დადგებოდა. იაპონური სახლი საოცარი ფენომენია.  ბევრი იაპონელი უკვე მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობს, მაგრამ სახლის მოწყობა და შიდა ინტერიერი იაპონელისთვის, კორპუსში ცხოვრობს ის თუ ვილაში, მაინც ერთ კონცეფციას მოიცავს.  ყველა იაპონურ ოჯახში არსებობს ნიშა, რომელსაც ეწოდება ტოპონიმა. ნიშა დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში – იქ დაკიდებულია კალიგრაფიით გამოხატული იეროგლიფი, სურათი, რომელზედაც გამოხატულია ნავი ან ყვავილებისგან გაკეთებული იკებანა. მეოცე საუკუნეში ამ ჩამონათვალს ტელევიზორი ემატება. ამ ნიშაში ადამიანის შესვლა შეუძლებელია, რადგან ნიშა ითვლება წმინდა ადგილად. სტუმარი, რომელსაც  ნიშასთან ზურგით დასვამენ, ოჯახს საპატიო სტუმრად მიაჩნია. ოჯახი კი იაპონელისთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია.  ყველასთვის ცნობილია, რომ იაპონელები ძალიან მშრომელი ხალხია. იაპონელი  ყველაზე მეტ დროს სამსახურში  ატარებს. სწორედ ამიტომ,  ხელისუფლებამ  2000 წელს მიიღო გადაწყვეტილება და  დააარსა ოთხი უქმე დღე - „ბედნიერი ოქროს ორშაბათი.”  მთელი წლის განმავლობაში არსებობს ოთხი  ასეთი უქმე ორშაბათი, რომელსაც    იაპონელები ოჯახურ გარემოში ატარებენ და ისვენებენ. 

– რა ტრადიციებს იცავენ საახალწლოდ ქვეყანაში, სადაც ახალი წელი ყველაზე ადრე დგება?

– იაპონელები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ აღმოსავლურ კალენდარს, რომელიც სათავეს მაინც ჩინეთში იღებს.  ამ ორ ქვეყანაში მიღებულია გრიგორიანული კალენდარი,  რომლის მიხედვითაც ახალი წელი არის პირველ იანვარს, თუმცა იაპონელები  დღესასწაულობენ  25 დეკემბერს,  კათოლიკურ შობას.  მართალია იაპონიაში შობას არ აქვს ისეთი დიდი დატვირთვა, როგორც ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ ამ დღეს  ოჯახში აუცილებლად  მოდის სანტა კლაუსი. კეთდება მარწყვის წითელი  ტორტი, რომელიც მორთულია  თეთრი ნაღებით. მოგეხსენებათ, იაპონია ამომავალი მზის ქვეყანაა და აქ  წითელი სიმბოლური ფერია. 24 დეკემბრის ღამეს, როცა თენდება 25 დეკემბერი, იაპონიის ტელევიზია და რადიო აუცილებლად გადმოსცემს ბეთხოვენის მეცხრე სიმფონიას. ეს არის ტრადიციული  რიტუალი. იაპონიაში ძალიან ბევრი რელიგიური მიმდინარეობაა არეული – მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ  შინტოისტები, ბუდისტები, კონფუცისტები,  არიან ასევე კათოლიკეები და მართლმადიდებელი ქრისტიანებიც. რაც შეეხება ახალი წლის დღესასწაულს,  იაპონიაში  ახალი წელი შესაძლოა, გაგრძელდეს 5 იანვრამდე, 15 იანვრამდე, ან სულაც 20 იანვრამდე. იაპონელებისთვის, იანვარი, როგორც ჩვენთვის, ძალიან დატვირთულია. 

– იმედია, მშრომელი იაპონელები  მთელ იანვარს ჩვენსავით საახალწლო ქეიფში არ ატარებენ.

– არა, ამ მხრივ არ გვგვანან.  ძველი წლის გაცილება 30 დეკემბერს იწყება, ამ დღეს იაპონელები ოჯახის წევრებთან ერთად მიდიან რესტორანში და ძველ წელს აცილებენ. ამ დღეს მიირთმევენ საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებს და სვამენ ბევრ ლუდს. ამით მთავრდება ძველი წელი, რომელსაც აყოლებენ ძველ წელს დაგროვილ პრობლემებს.   იაპონელები საახალწლო სამზადისს იწყებენ ძველი წლის გაცილების შემდეგ. 31 იანვარს გაკეთებული საჭმელები ინახება ლაკის პატარა ყუთებში, რომელიც უნდა იყოს ან შავი, ან წითელი. ღამით ამ საჭმელს მოათავსებენ ნიშაში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. ახალ წელს ყველა იაპონელის ოჯახში უნდა იყოს ეგრეთ წოდებული მოტი. ამის გარეშე იაპონიაში ახალი წელი  ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ჩვენთან – გოზინაყის გარეშე.   მოტი მზადდება მოხარშული ბრინჯისგან, რომელიც იფქვება, შემდეგ კი მისგან კეთდება სპეციალური მრგვალი ფორმის კვერები, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია იაპონიის ყველაზე დიდ მზის  ქალღმერთ ამატერასუსთან. მოტის გვერდით სუფრასთან უნდა იდოს ზღვის მოლუსკები და წყალმცენარეებისგან გაკეთებული საჭმელები, სარდინები, თევზი და აუცილებლად იაპონური ქლიავი, რაც იაპონელებისთვის ერთგულების ნიშანია. იაპონელებს  საახალწლო სუფრასთან მიაქვთ  ბატატი, ანუ ტკბილი  კარტოფილი,  წაბლი  და ტკბილი  შავი  სოია. იაპონელებისთვის სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ, როცა თევზს მიირთმევენ, სიმშვიდეს და სიძლიერეს იძენენ. ზღვის კომბოსტოს კი, ჭამის პროცესში მოაქვს ბედნიერება, წაბლი წარმატების საწინდარია, ბარდა და ლობიო – ჯანმრთელობის.

– როგორც ვიცი, სიმბოლურია მათი ნაძვის ხეც.

– დიახ. იაპონელებს აქვთ განსხვავებული ნაძვის ხე, რომელსაც ადრე სხვა ფორმა ჰქონდა, მაგრამ ახლა დიზაინერების სამუშაო თემადაც კი იქცა. იაპონურ ნაძვის ხეს ეწოდება კადომაცუ, რომელსაც ჭიშკრის ფორმა აქვს და მზადდება  ბამბუკის ჯოხებისგან. ჯოხების რაოდენობა უნდა იყოს  3, 5 ან 7. ეს სამი ციფრი იაპონელებისთვის ბედნიერების მომტანია.  მათთვის ბამბუკი ერთგულებისა და სათნოების სიმბოლოა. ბამბუკის ჭიშკარში ჩამჯდარია ფიჭვის რტოები, რაც ოჯახში სიძლიერის შესვლას გულისხმობს. იაპონურ ნაძვის ხეს ემატება ბრინჯის თივისგან დაწნული თოკები. მათ შორის აყოლებენ ფერად ქაღალდებს, რომელზედაც საახალწლო სურვილები წერია. 15 იანვარს ნაძვის ხე უნდა დაიწვას. თუმცა, იქამდე, ახალი წლის მესამე დღეს, იწვება ბრინჯის თოკები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სახლიდან ბოროტი სულები უნდა გავიდნენ.  იგივე მიზანს ემსახურება ისიც, რომ 31 დეკემბერს დიასახლისი ბარდას და ლობიოს გადმოყრის სახლიდან, რათა სახლიდან ავადმყოფობა და ბოროტი სული განდევნოს. 

– როგორ ხვდებიან ახალ წელს?

– ახალ წელს  იაპონელები მთელი ოჯახით  მიდიან შინტოისტურ ან ბუდისტურ ტაძრებში,  ისინი  ახალ წელს არ იძინებენ – იძინებენ 2 იანვარს. იაპონელისთვის ახალი წლის მოსვლა მაშინ იწყება, როცა ბუდისტური ტაძრის ზარი 108-ჯერ ჩამოჰკრავს. ბუდისტური რელიგიის მიხედვით, ადამიანში 108 უარყოფითი სურვილია, ზარის თითოეული ჩამოკვრა ადამიანს თითო ამ უარყოფით სურვილს უქრობს, ამიტომ ტაძრის ზარმა უნდა დარეკოს 108-ჯერ. ტაძარში წასვლისას  ყველა იაპონელი ცდილობს, ეროვნული ტანსაცმლით შეიმოსოს – ქალს აცვია  ტრადიციული კიმონო ბეწვის მოსასხამით, ასევე კიმანოშია გამოწყობილი ახალი წლის ღამეს ტაძარში იაპონელი  მამაკაციც.  ვინაიდან კიმანო ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ოჯახში ძირითადად დედიდან შვილზე გადადის კარგი, ხელნაკეთი კიმანო, რომელსაც შესაძლოა, ავტომანქანის ფასიც კი ჰქონდეს. თუმცა,   ახალგაზრდა იაპონელები უკვე ევროპულ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას.  იაპონელებს უყვართ ახალი წლის შეხვედრა ოჯახთან ერთად, მაგრამ აუცილებლად მიდიან სტუმრად ნათესავებთან და ახლობლებთან. ამ დროს აუცილებლად მიირთმევენ ტკბილ საკეს, რომლის  ძალიან ბევრი ნაირსახეობაც არსებობს.  ახალ წელს, 7 იანვარს  ყველა ოჯახში შვიდი სახეობის ბოსტნეულისგან  კეთდება სპეციალური სუპი, რომლსაც  დიასახლისი ამზადებს ოჯახის ყველა წევრის თანდასწრებით. სუპის შეჭმის შემდეგ იაპონელები მიიჩნევენ, რომ მათ სახლში ჯანმრთელობა ისადგურებს. 

– საჩუქრებს არ მიართმევენ ერთმანეთს?

– იაპონელებს ძალიან უყვართ საჩუქრები, თუმცა ამ მხრივაც ერთი თავისებურება ახასიათებთ. იაპონელი არასდროს მიართმევს ახლობელს ინტიმურ საჩუქარს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იაპონელი ისე ყიდულობს ყუთში შეფუთულ საჩუქარს, არც კი იცის, შიგნით რა დევს.  ასეთი რამ, მგონი, არსად ხდება. იაპონელები ახალ წელს ბავშვებს აჩუქებენ იმდენ ფულს, რამდენი წლისანიც არიან. ასე რომ, ახალი წელი იაპონელი მამაკაცისთვის ძალიან ხარჯიანია. სახლში ყულაბაში უყრის ბავშვს ფულს და სტუმრადაც, საჩუქართან ერთად, ბავშვს ფულს უყრის ყულაბაში. იაპონელებს ჰყავთ თოვლის ბაბუა – ტოსიგამი, რომელიც მოდის სახლში. მას უნდა დაახვედრონ წებოვანი ბრინჯისგან მომზადებული პატარა ფიგურები, რომელთაც აქვთ  თევზებისა და ცხოველების ფორმა. მათ ღებავენ საკვებად ვარგისი საღებავით  და კიდებენ სახლში. თოვლის ბაბუა ხედავს, რომ სახლი სავსეა ამ ფიგურებით, რაც ნიშნავს, რომ ოჯახი ეკონომიურად გაძლიერდება და დაისადგურებს კეთილდღეობა. ახალი წლის შემდეგ  თევზისა და ცხოველების ფიგურებს მიირთმევენ ოჯახის წევრები – ჭამენ იმდენ ფიგურას, რამდენი წლისანიც არიან. საახალწლო დღესასწაულებს შორის იაპონელებისთვის გამორჩეულია 11 იანვარი, როცა ისინი აუცილებლად მიირთმევენ ბრინჯის კვერებს, რაც ტაძარში მისატანი ძღვენია. ეს კვერები მზადდება ახალ წლამდე და ათავსებენ ნიშაში.  15 იანვარს მიირთმევენ წითელი ლობიოსგან მომზადებულ სუპს, რომელსაც ასევე ტრადიციული დატვირთვა აქვს. ამავე დღეს  იაპონელები ყველა ქალაქსა და სოფელში სრულწლოვანობის დღესასწაულს აღნიშნავენ, რასაც  დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.  იაპონიაში 20 წელი მიიჩნევა სრულწლოვანების ასაკად. ამ დღესასწაულზე გოგონა პირველად იცვამს ნამდვილ, გრძელსახელოებიან კიმანოს, იკეთებს სპეციალურ ქამარს, რომელსაც ეწოდება ობი. ფეხზე აცვია ქოში, ამოპუტული აქვს წარბი,  გაშავებული – კბილები, სახე კი  ბრინჯის ფერუმარილით აქვს დაფარული. განსაკუთრებულ ვარცხნილობას უკეთებენ ამ დღეს 20 წლის ვაჟსაც.  იაპონელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალი წლის სიზმარს.  2 იანვარს  ბავშვს ბალიშის ქვეშ უდებენ სურათს, რომელზედაც გამოხატულია ნავი დატვირთული: უჩინმაჩინის ქუდით, ჯადოსნური გასაღებით, ბედნიერების მომტანი მოსასხამით, უძირო საფულით. ეს ნიშნავს, რომ ახალი წელი იმ ბავშვისთვის ბედნიერების მომტანი იყოს. თუ იაპონელმა სიზმარში ნახა ფუძიამა ან იმპერატორი, ეს ნიშნავს, რომ ახალი წელი მისთვის განსაკუთრებული იქნება.                  

 

скачать dle 11.3