კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია თბილისში და რატომ გაიცნო მან ქმარი სამჯერ

ვერა ქობალია წინა ხელისუფლების ყველაზე ეპატაჟური მინისტრი იყო – კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის რანგში მოხვედრილ 28 წლის ახალგაზრდა ქალს ეკონომიკის სამინისტრო რომ ჩააბარეს, თბილისში არავინ იცნობდა, თუმცა, საზოგადოების ყურდღების ცენტრში ძალიან მალე მოექცა და „ხმაური” თითქმის სამი წელი არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია – ექსმინისტრი მთელ დროს 7 თვის შვილს, ანასტასიას  უთმობს, ცოტა ხნის წინ კი მეგობართან ერთად ტურისტული ბიზნესი წამოიწყო და იმ საქმეში ჩაერთო, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს.  

 

ვერა ქობალია:  ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ გრძნობ თავს მას შემდეგ, რაც შენს ცხოვრებაში უეცრად ყველაფერი შეიცვალა და აღარ გაქვს ისეთი აქტიური ცხოვრება, როგორიც ადრე გქონდაო.  ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ ახლა მშვიდი ცხოვრება მაქვს. როცა 180 გრადუსით შემოტრიალდება ცხოვრება, ბევრ რამეს სხვანაირად ფიქრობ. ჩემი ორსულობა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მინისტრის პოსტიდან წავედი. ალბათ, ნებისმიერ ვარიანტში, ჩემი არჩევანი მაინც ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე შეჩერდებოდა. მეც მიფიქრია, როგორ შევძლებდი ცხოვრებას სამწლიანი ინტენსიური  და აქტიური რეჟიმის შემდეგ, მაგრამ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო, როგორც არის.  ჩემმა შვილმა ყველაფერი ჩაანაცვლა – იმდენად ბევრი დრო მიდის ანასტასიათან, ვერც კი ვგრძნობ,  ისე გავიდა ეს შვიდი თვე, არც კი ვიცი, სად გაქრა (იცინის). 

– დღეს როგორ იხსენებთ იმ სამწლიან პერიოდს, როცა მინისტრი იყავით?

– ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან რთული, რადგან, ჩემსთვის საქართველოში და, ზოგადად, სახელმწიფო სამსახურში, ბევრი რამ იყო უცნობი, თუმცა, დღემდე მადლობელი ვარ სამინისტროს იმ თანამშრომლების, ვის გარეშეც ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. მე დღემდე მენატრება ის ხალხი, სამუშაო გარემო.  იმ პერიოდმა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება არა მხოლოდ საქმის მხრივ, რაც შეეხებოდა უცხოეთში მოლაპარაკებებსა და პროექტებს, არამედ, დიდი გამოცდილება მივიღე ხალხთან  ურთიერთობების თვალსაზრისით. ადრე პოლიტიკასთან შეხება არ მქონია, პოლიტიკამ მასწავლა ადამიანების ფსიქოლოგია ისე, როგორც, ალბათ, ვერსად ვერ ვისწავლიდი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ, ან მაშინ, ან ახლა,  ძალიან პოლიტიზებული გავხდი. მინისტრობის დროსაც კი, მე ვიყავი ყველაზე ნაკლებად პოლიტიზებული ადამიანი. ჯერ ერთი, ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა ნაკლები შეხება პოლიტიკურ პროცესებთან, ამას გარდა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე,  პოლიტიკით დაინტერესება არ იყო ჩემი ყველაზე დიდი „სისუსტე”.    

– თქვენ იყავით იმ ხელისუფლების ყველაზე „ხმაურიანი” მინისტრი – გამუდმებით იყო საუბრები თქვენს ასაკზე, წარსულზე, პირად ცხოვრებაზე.    

– ეს, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ მე ვიყავი ქალი, ქალის ცხოვრება კი უფრო მეტ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, ვიდრე მამაკაცის. თან, მე ვიყავი უცხო სახე ამ საზოგადოებისთვის.  თავიდან, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი საჯარო სექტორში, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, რადგან, ყოველდღე მომიწევდა საზოგადოების „რისხვის” ატანა; რომ ჩემი ცხოვრება მუდმივად უნდა ყოფილიყო საზოგადოების ინტერესის საგანი, მაგრამ, მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება. როცა ასეთ არჩევანს აკეთებ, უკან დასახევი გზაც აღარაა – გახსნილი უნდა იყო საზოგადოებისთვის. თავიდან არც კი მესმოდა, რატომ იყო ასეთი დიდი ინტერესი ჩემი პიროვნების მიმართ. ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ის ბრალდებები, რაც ჩემი ოჯახის მიმართ დაიწყო. საკუთარ თავზე აიტან ნათქვამს, მაგრამ, როცა შენ  გამო ცუდს ამბობენ ოჯახზე, ეს უკვე მეტისმეტია. მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ მამას ჰქონდა პურის საცხობი კანადაში; რომ თვითონ არ ყიდდა ადგილზე და მაღაზიებს აწვდიდა. არ მესმის, რა იყო სალაპარაკო იმაში,  რომც  გაეყიდათ ის პური. მე ვამაყობ იმით, რომ მამამ ნულიდან დაიწყო და ააწყო თავისი ბიზნესი, მანამდე ის სოხუმში იყო ლექტორი, მაგრამ, არ დაეზარა და ხელი მოჰკიდა იმ საქმეს. არც ის მესმის, რა იყო ცუდი იმაში, რომ მე ვმუშაობდი მშობლებთან. საზოგადოებას არ ესმოდა, რომ ნებისმიერი საქმე – საქმეა და ამაზე არ უნდა გაგაქილიკონ. რაც შეეხება ჩემს ასაკს, ახლა ვხუმრობ ხოლმე, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ჩემზე უფრო პატარაა. მე ვფიქრობ, ასაკი მნიშვნელოვანია და, სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს, ალბათ, არ დავნიშნავდი იმ თანამდებობაზე, რადგან, სწრაფად ვერ ვიღებ გადაწყვეტილებებს. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ, ალბათ, არ  იყო არასწორი გადაწყვეტილებები, როცა ბევრი მინისტრი იყო ახალგაზრდა. ის, ვინც გამოცდილი იყო, კომუნისტურ კადრად  ითვლებოდა, ან, იმ ადამიანად, ვისაც გამოცდილება შევარდნაძის ხელისუფლებაში ჰქონდა მიღებული, ასე რომ, იმ დროს გამოუცდელობა უფრო „მისაღები” იყო, ვიდრე გამოცდილება. იმ სამი წლის განმავლობაში ჩემს სამინისტროში ბევრი რამ გაკეთდა. ბოლო მაგალითს გეტყვით: აშენდა  ქუთაისის აეროპორტი, რომლითაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.      

– რა იყო თქვენი შეცდომები მინისტრობის დროს? 

– ვცდილობდი, საერთოდ არ მიმექცია ყურადღება ამ ხმებისთვის; რაღაცნაირად, სქელი კანი გადავიკარი და „შიგნით” არაფერს ვუშვებდი. არ ვიცი, ალბათ, ჯობდა, უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა საზოგადობასთან, ჟურნალისტებთან, მაგრამ, კანადაიდან ჩამოვედი თუ არა, საქმეში ჩავერთე და, ალბათ, ბევრ რამეს ვერ ვხედავდი ისე, როგორც უნდა დამენახა და ეს ფაქტორი ამოუცნობი დამრჩა. მინისტრობის პერიოდში იყო არაერთი მკაცრი „გამოცდა”, რომელიც უნდა ჩაგებარებინა, რომ გაზრდილიყავი, როგორც მენეჯერი. წარმოიდგინეთ,  სამი წლის განმავლობაში  ერთად რომ „ჩატენოთ” ყველაფერი ის, რაც 20 წელიწადში შეიძლება გააკეთო. ჩემი ცხოვრების რეჟიმი იყო აბსოლუტურად არანორმალური.

– შეიძლება ითქვას, რომ სულზე მოგისწროთ პირადი ცხოვრების შეცვლამ.

– ისიც კი მიკვირს, სად მოვასწარი და მოვახერხე ჩემი ქმრის გაცნობა (იცინის). მე და დათო ხშირად ვიცინით ხოლმე იმაზე, რომ  ჩვენ სხვადასხვა წრეში სამჯერ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ, მე ეს არ მახსოვდა გუდაურში შეხვედრამდე, როცა ჩვენი ურთიერთობა  დაიწყო. ალბათ, მანამდე არ ვიყავი განწყობილი ასეთი ურთიერთობისთვის და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი.  როცა მესამეჯერ გავიცანით ერთმანეთი, ეს უკვე, როგორც ჩანს, საჭირო დრო იყო. დათო ძალიან მიჭერს მხარს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ მეუღლე საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოს.             

–  საბოლოოდ დარჩით თბილისში? რატომ არ გადაწყვიტეთ კანდაში გადასვლა, თქვენ ხომ კანადის მოქალაქე ხართ?

– ყველას უკვირს, რატომ დავრჩი საქართველოში, მაგრამ, როცა მივიღე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, მაშინ გადავწყვიტე ისიც, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი. მე და ჩემს მეუღლეს არც კი გვიფიქრია, რომ კანადაში წავსულიყავით საცხოვრებლად. თუ მომავალში აქ გაგვიჭირდა ცხოვრება, მერე გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ.

– თქვენს მეუღლეს აღარ აქვს ბიზნესი?

– აქვს, მაგრამ, სარეკლამო ბიზნესი შეკვეთებსა და საქმეზეა დამოკიდებული. ახლა კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას მის ბიზნესს, ასე რომ, ჩვენი მომავალი ეკონომიკურ  გარემოზეა დამოკიდებული.

– თქვენ მუშაობთ?

– დიახ, მე და მაია სიდამონიძემ  ერთად დავაარსეთ ტურისტული სააგენტო და იანვრიდან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. მჯერა, რომ ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში დიდი მომავალი აქვს, თან, ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მომწონს. მე და მაია ადრე ერთმანეთს არ ვიცნობდით, ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ტურისტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ჩვენ მუშაობის პროცესში დავმეგობრდით.  

– სხვა მეგობრები, მათ შორის – ექსპრეზიდენტი, რომელმაც თქვენ საქართველოში ჩამოგიყვანათ?! დღემდე გაქვთ ურთიერთობა მიხელ სააკაშვილთან? 

– მე დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მიხეილ სააკაშვილთან, ის ჩემი შვილის ნათლიაა. მიშა ჩემთვის იყო ადამიანი, ვის გამოც მე დავბრუნდი საქართველოში და ვინც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება – ამას მე ვერასდროს დავუვიწყებ.  ჩვენ დღემდე  დავრჩით მეგობრებად. დღეს, შესაძლოა, არ მაქვს  ხშირი კონტაქტი, რადგან, ის ამერიკაშია, მაგრამ, სანამ წავიდოდა, ჩვენ ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ბოლო პერიოდში მის მრჩევლადაც ვმუშაობდი ადმინისტრაციაში. 

–  როგორი იყო ნათლობის ცერემონიალი და როგორია ნათლიის როლში მიხეილ სააკაშვილი?

–  კარგი ნათლიაა. მიშაც და სანდრაც ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის, სანდრას ძალიან ვაფასებ. დღეს ანასტასიას ფოტოები გავუგზავნე. დიდი ხანია, არ მინახავს და როგორ გაიზარდაო (იცინის) რაც შეეხება ნათლობის ცერემონიალს, ჩატარდა გრემში. ძალიან მიყვარს კახეთი. იქ, მშვიდ და წყნარ გარემოში,  კარგი ნათლობა გამოგვივიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ვერ ჩამოვიდნენ იმ დღისთვის კანადიდან. მიშაც მაშინ პრეზიდენტი იყო და, მისი რეჟიმიდან გამომდინარე, თავისუფალი დროის გამოძებნა ძალიან გაგვიჭირდა.      

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რაც მინისტრი აღარ ხართ?     

– მეტი დრო მაქვს. მინისტრი რომ ვიყავი, დაბადების დღეზე მომიწია თურქეთში შეხვედრებზე წასვლა. მახსოვს, პრეზიდენტთან ვახსენე,  შესაძლოა თურქეთში წასვლა გადავდო, რადგან ჩემი დაბადების დღეა-მეთქი. ამაზე მეჩხუბა – რა დროს დაბადების დღეა, ქვეყანას  ვაშენებთო და ასე „დამავიწყა” საკუთარი დაბადების დღე.  მაშინ როცა მინისტრი ვიყავი, უამრავ რამეზე მქონდა შეზღუდვა – ხშირად ფეხით მინდოდა გამევლო, მაღაზიებში შევსულიყავი, მაგრამ, საშუალება არ მქონდა. დღეს კი ამას თავისუფლად ვახერხებ. აღმოვაჩინე, რომ ბევრი  ტროტუარია  დაზიანებული, რაც ადრე არ ვიცოდი.  ახლა, რაც მინისტრი აღარ ვარ, ისე ჩაცმული გავდივარ ქუჩაში, ბევრი ვერც კი მცნობს. ადრე ოფიციალური სამოსი და კოსტიუმი უნდა მცმოდა, ახლა კი შემიძლია თავისუფლად ჩაცმა. ახლა თმაც გრძელი მაქვს და ახალი იმიჯით ჩემი ცნობა უჭირთ. დღეები ისე გადის, ვერც კი ვიგებ. დავრწმუნდი, რომ დედობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამსახურია ქალისთვის (იცინის).  როცა მეუბნებოდნენ, დედობა მარტივი არ არისო,  ვერ ვიჯერებდი. სულ ვეუბნებოდი ჩემებს: მინისტრობა შევძელი და დედობას რა უნდა-მეთქი, მაგრამ, ასე არ ყოფილა. 32 წლის ასაკში, თითქოს ნულიდან ვსწავლობ ყველაფერს. ძიძა არ მყავდა, თვითონ გავზარდე ჩემი შვილი, მხოლოდ ახლა ავიყვანე ძიძა, რაც  სააგენტოს საქმეებზე მიწევს სიარული. მე დღესაც ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ძველის მონატრების სანაცვლოდ, სულ ვფიქრობ, რომ წინ ვიყურო. გაზაფხულზე სასწავლებლად მივდივარ ჰარვარდში და რაღაც პერიოდი მომიწევს იქ ყოფნა, მაგრამ, ხშირად ჩამოვალ თბილისში. ალბათ, მომავალში  ბევრი საინტერესო რამ მელის (იცინის).

 

скачать dle 11.3