კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეხვდა წელს პირველად ახალ წელს ბრენდონ სტოუნი ოჯახის წევრებთან ერთად და ვინ მიიპატიჟა ის სამთავრობო დონეზე მოსკოვსა და ინდონეზიაში

ჩვენი თანამემაულე, კომპოზიტორი და მომღერალი ბრენდონ სტოუნი, უკვე წლებია, შობა-ახალ წელს სამშობლოდან შორს ხვდება. თუმცა, მისი ყველა საახალწლო მოგონება, მაინც თბილისში გატარებულ ბავშვობის წლებს უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, მისთვის, გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი, ზეამაღლებული და წარმატებული იყო და იგივეს ელის მომავალი წლისგანაც. თუ ვინ მიიწვია ის ოფიციალური სტუმრის სტატუსით კრემლში, ვისთან ჩავიდა ინდონეზიაში და ვისთან ერთად ზეიმობს სადღესასწაულო დღეებს გერმანიაში, ამაზე თავად გვესაუბრება. 

 

ბრენდონ სტოუნი: ახლა გერმანიაში ვარ, თუმცა, იმდენჯერ გადავფრინდ-გადმოვფრინდი მანამდე, ძლივს შევეჩვიე დედამიწაზე სიარულს (იცინის). ევროპასა და რუსეთში კონცერტები ჩავატარე და ახლა გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში, ოჯახთან ერთად ვზეიმობ შობა-ახალი წლის დღესასწაულს. თან, ვისვენებ ჩემს იდილიურ, მშვიდ და თბილ სახლში. 

– კრემლში ვინ მიგიწვია? თუ არ ვცდები, იქ სპეციალური სტუმრის სტატუსით იყავი.

– დიახ, ასეა, სპეციალური სტუმრის სტატუსით გახლდით მიწვეული კრემლში, სადაც საზეიმო კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კი ამბობენ, ქართველი ხარ და კრემლში როგორ მიხვედი, პუტინს როგორ უმღერეო, მაგრამ პუტინი იქ არც ყოფილა, თან, მე ხელოვანი კაცი ვარ და პოლიტიკის მიხედვით არ ვსაზღვრავ მოვლენებს. სადაც მაფასებენ, უყვართ ჩემი სიმღერა და სიამოვნებთ ჩემი მოსმენა, არ მაქვს უფლება უარი ვთქვა, მათთან ურთიერთობაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით გახლდით კრემლში, სადაც დიდი კონცერტი დაიგეგმა და ჩატარდა კიდეც. მე იქ ორი ჩემი სიმღერა ვიმღერე. მთავარია, ხალხმა მიმიღოს და ვუყვარდე, ეს ჩემთვის უპირველესია და, კრემლში ვიმღერებ თუ ღია ცის ქვეშ, ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს. 

– ინდონეზიაში ვისი მიწვევით ჩახვედი, იქაც კონცერტები გქონდა?

– არა, ინდონეზიაში კონცერტი არ მქონია. გასულ წელს, „ახალ ტალღაზე” იურმალის კონკურსზე ჩემმა აღმოჩენილმა ახალბედა მომღერალმა – სანდი სანდორომ, პირველი ადგილი აიღო. ამის გამო მიმიწვიეს, რომ პრესკონფერენცია ჩამეტარებინა. მთელი ინდონეზიის პრესა იყო შეკრებილი. ინდონეზიის მთავრობის დონეზე მოეწყო ეს შეკრება. უნდათ, რომ ამ წელს შესარჩევი ტურები ჩაინიშნოს და ამ ქვეყნის მომღერლებს კიდევ მიეცეთ შანსი „ახალი ტალღის” კონკურსზე მიიღონ მონაწილეობა. არ არის გამორიცხული, წელს ეს შესარჩევი ტურები ინდონეზიაში პირადად მე ჩავატარო. 

– შობა-ახალ წელს, გერმანიაში შეხვდი. როგორი განწყობა გაქვს და სამშობლოდან შორს თუ იცავ ქართულ ტრადიციებს?

– მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ და სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს გენეტიკას და ტრადიციებს არასდროს ვუღალატებ. თუმცა, გერმანიაში შობას უფრო აღნიშნავენ და ტრადიციად აქვთ, ამ დღეს სტუმრად წასვლა. ჩვენი ოჯახიც ასე იქცევა. წელსაც სტუმრად ვიყავით დაპატიჟებული მეგობრებთან და კარგად მოვილხინეთ. სხვათა შორის, პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი. ბოლო 14 წელია, ყოველ 31 დეკემბერს ვმუშაობ. ამ ახალ წელს კი მოვინდომე, ოჯახთან ერთად დავხვედროდი 2014 წელს და ასეც მოვიქეცი.

– შენი მეუღლე უკრაინელია. ქართული ტრადიციული კერძების გაკეთება ისწავლა?

– ისწავლა აბა, რა! (იცინის). ქართული ტრადიციული სუფრის მშვენება – საცივი, გოზინაყი, გოჭი, ინდაური და ხაჭაპური, გერმანიაში კი არა, ციმბირში რომ ვცხოვრობდე, იქაც უნდა იდოს ჩემი ოჯახის სადღესასწაულო სუფრაზე. ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ჩემს ცოლსაც ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო და უგემრიელეს ხაჭაპურსა და გოზინაყს აკეთებს. ჩემი მშობლებიც ჩვენთან ერთად შეხვდნენ შობა-ახალ წელს და დედამთილი და რძალი, ორივე ერთად ტრიალებდა (იცინის). ამერიკაში, შობა-ახალი წლის ფანატები არიან, სახლებს და ქუჩებს ისე რთავენ, ისე აწყობენ და ანათებენ, ნამდვილ სასწაულში, ზღაპარში გეგონება თავი. ბერლინშიც მორთულია სახლები, მაგრამ ისე არა, როგორც ამერიკაში. ბერლინის ცენტრალური ქუჩა ისეა გაჩახჩახებული, თვალს მოგჭრის განათებები. მანქანით რომ დავდივარ ცენტრალურ ქუჩებში, სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მიორმაგდება და ბავშვივით მიხარია, ირგვლივ გაბრწყინებული გარემოს ყურება. ისეთი საჩუქრები იყიდება და ისეა შეფუთული ყველაფერი, სულ მინდა, მაღაზიებში ვიარო და საჩუქრები შევურჩიო ახლობელ და საყვარელ ადამიანებს. არ მავიწყდება თბილისში გატარებული ახალი წლის ღამეები. დიდი ოჯახი მაქვს და ბიძები, დეიდები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები – ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ერთად ვხვდებოდით ახალ წელს. 

– სასწაულების თუ გჯეროდა?

– რასაკვირველია, მჯეროდა სასწაულების. თან, ანსამბლ „ნერგებში” ვმღეროდი და სადღესასწაულო დღეებში, სულ სცენაზე ვიდექით. ეს ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა. სხვათა შორის, თოვლის ბაბუისაც მჯეროდა და  ახალი წლის დილას ბალიშის ქვეშ სულ მხვდებოდა ფული, რომ წავსულიყავი და კამფეტები მეყიდა. ეგრევე, მაღაზიაში გავრბოდი (იცინის). ამ წელს კი მე ვიყავი ჩემი გოგონას თოვლის ბაბუა და დიდი ბარბის თოჯინა მოვუტანე.

– მოდი, ისეთი ახალი წელი გაიხსენე, რომელიც არასდროს დაგავიწყდება.

– ასეთი დასამახსოვრებელი ახალი წლის ღამე მქონდა სანკტ-პეტერბურგში. კონცერტები იყო დაგეგმილი და 31 დეკემბერს ანსამბლის წევრები ისე გაგვქურდეს, უკაპიკოდ დაგვტოვეს. დავრჩით ასე უფულოდ და გაღლეტილები (იცინის). ვერც საჩუქრები ვიყიდეთ და ვერც აღვნიშნეთ ახალი წლის ღამე. ერთხელ კი, გერმანიაში ზუსტად 12 საათზე ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. მილიონი ადამიანი ხვდებოდა ქუჩაში ახალ წელს და ესწრებოდა ამ კონცერტს ქუჩაში. უცებ, გავიხედე და მილიონი სანთელი აინთო ჩემ წინ. ეს ისეთი სანახაობა იყო, ძლივს შევიკავე ცრემლები. როგორც გითხარით, სულ სცენაზე ვიდექი, ყოველ ახალ წელს და მთელი მომავალი წელი სცენაზე დგომა მებედებოდა.

– წელს რომ სახლში შეხვდი?

– მართალია, წელს სახლში შევხვდი და ალბათ მრავალშვილიანი მამობა დამებედება (იცინის). სცენაზე დგომით თუ სცენა მებედებოდა, ლოგიკურად, ოჯახში შეხვედრა პრემიერაა წელს ჩემთვის და იმედია, მატება დამებედება. გასული წელი, მართლაც, წარმატებული იყო ჩემთვის. ჩემი და ირინა დუბცოვას დუეტი რუსეთში პირველ ადგილზეა, მასზე გადაღებული კლიპიც რუსეთში ყველა ტელეარხზე ტრიალებს. „ახალ ტალღაზე” ჩემმა ორმა კონკურსანტმა პირველი  და მესამე ადგილები აიღეს. ჩემმა თანამემამულე, ქართველმა სალომე ქათამაძემ კი – მეორე ადგილი. ასე რომ, გველის წელი წარმატებული და ფეხბედნიერიც აღმოჩნდა. მომავალი ცხენის წელიც არანაკლებ ბედნიერი მინდა იყოს. ამის იმედიც მაქვს და მგონი, პერსპექტივაც (იცინის). ასევე, მინდა, ყველა ქართველისთვის ფულიანი, ბედნიერი და წარმატებული იყოს ეს წელი. ეს ჩემი სურვილია!

 

скачать dle 11.3