კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შეუთავსოს ირაკლი ღარიბაშვილმა კახური პირდაპირობა კირჩხიბის დიპლომატიურობას და რაში შეუშლის ხელს გიორგი მარგველაშვილს მამალი

იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ, ხელისუფლებაში მყოფნიც უბრალო მოკვდავები არიან და ჩვეულებრივი ხორციელი არსების მსგავსად, ძალიან კონკრეტულ დროს მოევლინენ ამ ქვეყანას, ვარსკვლავები მათ ბედისწერაზეც ახდენენ გავლენას. როგორი იქნება 2014 წელი ქართული პოლიტიკის ყველაზე მაღალ სიმაღლეებზე მოხვედრილი პერსონებისთვის: რით დაეხმარებიან და შეუშლიან ხელს მათ პოლიტიკურ კარიერას ციური მნათობები, რა წერია მათი ბედისწერის წიგნში და აქვთ თუ არა წარმატების მიღწევის კოსმოსური პოტენციალი? – მიხეილ ცაგარელი შეაფასებს ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურების მომავალს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.

 

ირაკლი ღარიბაშვილს რთული პერიოდი ელის: თებერვალში, აპრილ-მაისსა და ნოემბერში

– პრემიერ-მინისტრით დავიწყოთ: როგორი წელი იქნება 2014 ირაკლი ღარიბაშვილისთვის?

– პრემიერ-მინისტრი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული, მაგრამ მასზე დიდი გავლენა აქვს ტყუპებს, რაც ეტყობა კიდეც მეტყველებისას: სწრაფად ლაპარაკი უყვარს. ეს ტყუპების ელემენტია. ხოლო კირჩხიბი მას აძლევს: ინტუიციას, ემოციურობას. ეს წელიწადი მისთვის იქნება ტრამპლინი, მნიშვნელოვანი დასაწყისი შემდგომი განვითარებისთვის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს, პოლიტიკური თვალსაზრისით, მთლად სტაბილური და ია-ვარდით მოფენილი პერიოდი არ გველის: საკმაოდ მნიშვნელოვანი დაძაბულობა იქნება. მათ შორის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის. პირველი მნიშვნელოვანი გამოცდა პრემიერ-მინისტრს იანვარ-თებერვალში ელის. მეორე მნიშვნელოვანი ზონაა აპრილ-მაისი და ბოლოს –  ნოემბერი. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდებში ის გაივლის კოსმიურ გამოცდებს და იმისდა მიხედვით, თუ როგორ დაძლევს ამ სირთულეებს, ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მისი შემდგომი წინსვლა.

ამასთან, ბევრი ახალი სახე გამოჩნდება, მათ შორის, პოლიტიკურ ასპარეზზე: როგორც მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეები. საერთოდ, მომავალი წელი დახუნძლულია ახალი იდეებითა და ახალი ლიდერებით. 2014  ცხენის წელიწადია, რომელიც არ არის გველივით ფლეგმატური და სასწაული სიჩქარით აამოძრავებს ყველას: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და არ მისცემს მათ მიძინების უფლებას. მთავარია, ცხენი ამ ჭენებ-ჭენებაში არ გადავტვირთოთ, სულსწრაფობამ არ გვძლიოს და შეცდომები არ დავუშვათ. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო კარგად გაივლის წლის პირველ ნახევარს, იმიტომ რომ, აგვისტომდე გამარჯვების პლანეტა იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოშია. ამდენად, მას საკუთარი პოზიციის, იდეების დამკვიდრების, პოპულარობისა და გავლენის სფეროს გაფართოების დიდი შესაძლებლობები მიეცემა. ყოველ შემთხვევაში, მისი საუკეთესო პერიოდია აგვისტომდე, მაგრამ შემდეგ, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი დატოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ლომის ზოდიაქოში, სიტუაცია შეიცვლება. და, თუ პრემიერ-მინისტრმა შეცდომები დაუშვა წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში შესაძლოა, უფრო რთული კოსმიური გამოცდების პერიოდი დაუდგეს. შემდგომი წელი, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვს. ცალკე თემაა, რამდენად მზად იქნება ის ამ რეფორმებისთვის. უმჯობესია, ყველაფერი მოასწროს აგვისტომდე.

–  რა თვისებები უნდა დათრგუნოს, რომ წარმატებით გადალახოს ეს წელი?

– უპირველესად, სულსწრაფობა, ანუ ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპი უნდა შეურწყას ინტუიციას. იგი, ფაქტობრივად, დიპლომატიურ ასპარეზზეა: ზოგჯერ უნდა გამოიყენოს კახური პირდაპირობა, რაც მას აქვს წარმოშობით და ზოგჯერ –  დიპლომატია, რაც მას აქვს კირჩხიბისა და ტყუპების ზოდიაქოში. იმედი მაქვს, ლავირებას შეძლებს, რაშიც მას ხელს უწყობს ორატორული მონაცემებიც. მართალია, ქარიზმატური ორატორი არ არის, მაგრამ მისი ტვინი სწრაფად და მოქნილად აზროვნებს. თუ დიპლომატიური იქნება, შეძლებს სულსწრაფობის გარეშე მოქმედებას, გაითვალისწინებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის პოზიციებს. მით უფრო, რომ მომავალ წელს არა მხოლოდ ცხენი მართავს, მას ჰყავს კიდევ ერთი მმართველი –  პლანეტა სატურნი. სატურნი დიდი კოსმიური მასწავლებელია, რომელიც ჩვენგან, უპირველესად, ითხოვს კანონების მაქსიმალურ დაცვასა და მათ უზენაესობას. პრემიერ-მინისტრს ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნება სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ეს ყველაზე რთულად გადასაწყვეტი პრობლემა იქნება 2014 წელს, რადგან ხალხი აღარ დახუჭავს თვალს იმაზე, რაზეც ხუჭავდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აპრილი –  თუ იქამდე არ აღდგა სამართლიანობა, რომელსაც საზოგადოება ელოდება, შეიძლება, ქუჩაში გამოვიდეს და საკუთარი ხელით დაიწყოს ანგარიშსწორება. არ ვამბობ, რომ გარდაუვალია, მაგრამ ამ ტენდენციის ალბათობა მაღალია. შეიძლება, პრემიერ-მინისტრი თავისსავე კოალიციაში შეეჯახოს პრობლემებსაც. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“ ამ საკითხში უფრო პროევროპულ მხარეს იჭერს და პრემიერ-მინისტრი შეიძლება, დადგეს დილემის წინაშე. რადგან კირჩხიბია და ეროვნული მომენტები მასში აქტიურია, ეცდება, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს საზოგადოებასთან. მთავარია, როდესაც ამ ორ ძალას შორის მოუწევს ლავირება, ძალიან ფრთხილი და წინდახედული იყოს. ამაზეა დამოკიდებული, შერჩება თუ არა წლის მეორე ნახევარში ისეთივე რეიტინგი, რაც ჰქონდა პირველ ნახევარში. ავანსცენიდან გავლენ ძველი სახეები, მოვლენ ახლები და იმედი მაქვს, ირაკლი შეძლებს ამ სირთულეების გადალახვას წლის პირველ ნახევარში. თუ წლის პირველ ნახევარში ვერ მოაწესრიგა ეს საკითხები და არ გაიმაგრა პოზიციები და ავტორიტეტი, მაშინ მეორე ნახევარში გაუჭირდება.

ირაკლი ალასანიას რეიტინგი და შესაძლებლობები საგრძნობლად მოიმატებს

–  ვინ იქნება მისი მთავარი ოპონენტი?

– ნუ დაგვავიწყდება, რომ, თუნდაც, „რესპუბლიკელებს“ შორის არიან უკმაყოფილო ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, უნდათ მეტი თანამდებობები, ვიდრე აქვთ და, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის პოსტიც. ამ ეტაპზე არ იმჩნევენ, გასაგებია, დიპლომატები არიან, მაგრამ ცხადია, შიგნით სხვა ამბიციები აქვთ. ვხედავთ იმასაც, რომ ირაკლი ალასანია ხმას არ იღებს და ავანსცენაზე არ გამოდის. სწორადაც იქცევა, იმიტომ რომ 2013 მისთვის ცუდი წელიწადი იყო. მაგრამ 2014-ში ის გაილაღებს, რადგან მისი მფარველი ანგელოზი მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა, ამიტომაც მშვილდოსნის რეიტინგი და შესაძლებლობები რადიკალურად მოიმატებს, ძალიან საინტერესო იქნება ირაკლი ალასანიას პოზიცია და ის, თუ ვის მხარეს დაიჭერს კოალიციაში შიდა დაპირისპირებისას. 

– თუ ირაკლი ალასანიას კარგი წელი აქვს 2014, იმედია, მოახმარს თავის ვარსკვლავურ შესაძლებლობებს იმ მნიშვნელოვან პოსტს, რომელსაც იკავებს.

– იმედი ვიქონიოთ, მაგრამ მასაც სიფრთხილე დასჭირდება. ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა არაადეკვატური რეაქციები არ გამოიწვიოს საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ძალიან დიდი დიპლომატიაა საჭირო. ასე ადვილად არაფერი მოგვარდება. მართალია, 2014 წელი იბერიის გაბრწყინების პირველი წელიწადია, მაგრამ, ვთქვათ ასე, მატარებელი დაიძრა, ოღონდ სიჩქარე ჯერ არ აუკრეფია. ანუ ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც სამყარო, კოსმოსი აძლევს საშუალებას, დაიწყოს აღორძინება, რაც ბევრადაა დამოკიდებული მის ლიდერებზე. როდესაც ადამიანს ვეუბნები, რომ ძალიან კარგი პერიოდი აქვს შემოქმედებისთვის, ბიზნესსაქმიანობისთვის, მან შეიძლება, იფიქროს, რა კარგიაო, წამოწვეს და ტელევიზორს უყუროს. ანუ დღე კარგია, მაგრამ ადამიანი არ უწყობს ხელს, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. ასევეა ამ შემთხვევაშიც –  საქართველოს განვითარებისთვის სამყაროსგან კარტბლანში ეძლევა, მაგრამ საქმე ისაა, როგორ გამოიყენებენ ამას მისი ლიდერები: სრულად, ნახევარი ძალით, მეოთხედი ძალით?! ეს უკვე შიდა ბრძოლაზეა დამოკიდებული. აქ ირაკლი ალასანიას ძალიან რთული როლი აქვს შესასრულებელი. მათ შორის, ძალიან რთულია ამ საზოგადოების მიტრიალება რუსეთისკენ. ასევე, ძალიან რთულია რუსეთის მოტრიალება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის როლი არნახულად დიდია საქართველოსთვის. ჩემი აზრით, საქართველოსთვის 2017-დან 2024 წლამდე პერიოდი ყველაზე დიდი წარმატებების პერიოდი იქნება, საერთოდაც, ეს მსოფლიო დალაგების პერიოდია. 2016 წლიდან ეს მოძრაობები თვალშისაცემი იქნება, მანამდე ძალიან მეეჭვება, ვინმემ შეძლოს რამე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან მიმართებაში.

პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი მთავარი იქნება იმ ფუნქციის შესრულება, რასაც ასრულებდა მერაბ კოსტავა

– მართალია, პრეზიდენტს მცირეოდენი ფუნქციები დარჩა, თუმცა მას მაინც აქვს საგარეო არენაზე წარმომადგენლობის, მთავარსარდლის ფუნქცია, მოსამართლეთა დინიშვნის და ასე შემდეგ უფლებები. წარმატებით გაართმევს თავს საკუთარ მოვალეობას?

– 2013 წელი გიორგის ძალიან კარგი ჰქონდა, ამიტომაც ვამბობდი, სულაც რომ არ ჰყოლოდა ბიძინა ივანიშვილი გვერდით, მაინც ძალიან კარგი კარტბლანში ჰქონდა, ხოლო, როდესაც ბიძინა ჰყავდა, ლაპარაკიც არ იყო. როდესაც არჩევნების წინ მეკითხებოდნენ, გაიმარჯვებდა თუ არა, ვამბობდი, უპირობოდ გაიმარჯვებს, რადგან სამყარო მის მხარესაა-მეთქი. 2014-ში მთლად ისე დალაგებულიც არ იქნება მისი ცხოვრება, როგორც 2013-ში იყო, რადგან მისთვის იწყება გამოცდის პერიოდი: სამყარომ კარტბლანში მისცა და ახლა დააკვირდება, როგორ გამოიყენებს ის ამ გამოცდილებას, ცოდნას, მათ შორის, თუნდაც, სამყაროს ხედვის თავის ფილოსოფიურ მრწამსს. გიორგი პირველად ჩაებმება პოლიტიკურ ფერხულში. მას მოელის ბრძოლა მოწინააღმდეგეთა ჯგუფებს შორის. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამდენად, აქტუალურია კითხვა: შეძლებს თუ არა საქმისა და მეგობრობის განცალკევებას?! მეორე თემა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ შიგნითაც ჰყავს მოწინააღმდეგეები და დადგება საკითხი: შეძლებს თუ არა დიპლომატიის გამოვლენას, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელიც ბუნებრივადაა გაცილებით ძლიერი დიპლომატი, რის საშუალებას მას აძლევს კირჩხიბისა და ტყუპების ზოდიაქო. ასევე, დიპლომატია მეორე ირაკლი, ალასანია, რადგან მშვილდოსანი დიპლომატიური სკოლის მატარებელია ასტროლოგიაში. მათ ეს თვისება ბუნებრივად აქვთ, მაგრამ გიორგის, უკაცრავად, არც ერთი ეს თვისება არ ახასიათებს. ის მამლის წელიწადში დაბადებული ქალწულია. მამალი მეომარია, სულისკვეთებით მებრძოლია, მაგრამ არ არის დიპლომატი, პირდაპირია. ერთი ისაა, რომ ქალწული უფრო წინდახედული და მშვიდი ნიშანია. და იმედი მაქვს, რომ ეს ნიშანი მას მისცემს დროზე დამუხრუჭების საშუალებას. უცებ შეიძლება, ავანსცენაზე აგრესიულად გამოჩნდეს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ქალწული ცოტა დაამშვიებს და წინდახედული მოქმედების საშუალებას მისცემს, რაც დაეხმარება ურთიერთობების დალაგებაში. იმიტომ რომ, აწი ის, ფაქტობრივად, მედიატორი იქნება ყველა ჯგუფს შორის: იმავე ალასანია „რესპუბლიკელებს“ შორის, „რესპუბლიკელებსა“ და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორისაც კი. იმედი მაქვს, რომ შეძლებს მედიატორის ფუნქციის შესრულებას, რადგან ბუნებით კარგი პიროვნებაა. საერთო ჯამში, თუ ის ჩართავს ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და შეძლებს, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, უფრო მშვიდობიანი ფორმების პოვნას ურთიერთობის დალაგებისთვის, მით უფრო შეასრულებს თავის კოსმიურ ფუნქციას. გავიხსენოთ, თავის დროზე, როდესაც ზვიად გამსახურდიას ჰქონდა პრობლემები ოპოზიციასთან, მას აბალანსებდა მერაბ კოსტავა. ზვიად გამსახურდია იყო ვერძი და პრობლემები ჰქონდა, ძირითადად, გიორგი ჭანტურიასთან –  ლომი და ირაკლი წერეთელთან –  მორიელი. ისინი ერთმანეთთან რთულ ურთიერთობაში არიან, იმიტომ რომ, სამივე ძალაუფლების მოყვარული ნიშანია და არც ერთი უკან არ იხევს. ამ დროს საჭიროა პიროვნება – შუამავალი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა ექნება. ასეთი იყო ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მერაბ კოსტავა. ამიტომ, სანამ კოსტავა ცოცხალი იყო, მათი ურთიერთობები, ასე თუ ისე, ლაგდებოდა, მაგრამ, როგორც კი მერაბ კოსტავა დაიღუპა და შუამავალი დაკარგეს, ისინი დაეჯახნენ ერთმანეთს, რამაც საქართველო იმ უბედურებაში გადაჩეხა, რომელშიც ვართ უკვე ამდენი წელიწადია. იგივე სიტუაციაა დღესაც და აქაც მარგველაშვილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის შუამავლობა, იმ ფუნქციის შესრულება, რასაც ასრულებდა მერაბ კოსტავა.

– აქვს საამისო პოტენციალი გიორგი მარგველაშვილს?

– აქვს, ასევე, აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც. ფილოსოფიური ხედვა ბევრ დადებით რამეს აძლევს ადამიანს: საერთო, ზოგადი პერსპექტივის დანახვის უნარს და, აქედან გამომდინარე, სწორი გათვლების გაკეთების საშუალებას. რისთვის არის საჭირო ფილოსოფია? რომ მან იაზროვნოს არა მარტო კონკრეტულად, არამედ, როდესაც საჭიროა, აბსტრაქტულად. ბევრს არ აქვს აბსტრაქტული აზროვნების უნარი. ამ პიროვნებას ქალწულის ნიშანი პრაგმატულობას აძლევს, მამლისთვის დამახასიათებელი ენერგია და, სადაც საჭიროა შეტევის უნარი, აძლევს საშუალებას, გამოავლინოს აბსტრაქცია. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავს გაართმევს, თუმცა, რასაკვირველია, პირველ წელს ძალიან გაუჭირდება. შემდგომში უფრო დაიხვეწება. 2014 წელი მისთვის გამოცდაა, რადგან ამ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. შესაბამისად, უამრავ ზეწოლას უნდა გაუძლოს ორივე მხრიდან –  იმიტომ რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება მისი შუამავლობით. ვიღაც ყოველთვის დარჩება უკმაყოფილო. თან, ის ცხოვრობს ისეთ ჭორიკანა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და უკვე იწყება მითქმა-მოთქმა მის პირად ცხოვრებაზე. ეს დამატებით უსიამოვნებას მოუტანს მას და პრობლემებს შეუქმნის ზეწოლის მხრივ. მისი მტრები ამ მომენტსაც გამოიყენებენ. თუ ადამიანს სისუსტეს დაუჭერენ, მოდი, სისუსტე დავარქვათ მის პირად ცხოვრებას, რაც არატრადიციულია ჩვენი სინამდვილისთვის, ამას აუცილებლდა გამოიყენებენ. ამდენად, ესეც მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს ის სიმშვიდის შენარჩუნებას ამ საკითხში. შეიძლება, სტატიებიც დაიწეროს ამ თემაზე ზეწოლის სახით. ერთი სიტყვით, 2014 წელს მასაც ბევრი გამოცდა ელის.

იმდენად რთული პერიოდია წინ, არავის ვურჩევდი მთავრობაში ყოფნას

საერთოდ, ეს წელიწადი ყველას უწყობს გამოცდას, ამჯერად ისინი უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხვდებიან პირისპირ ოპოზიციურ ჯგუფებს, იგულისხმება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ, შესაძლოა, სხვა ოპოზიციური ძალაც ჩამოყალიბდეს, რომელშიც გაერთიანდებიან ბურჯანაძე, კუკავა და სხვა ჯგუფები. პრეზიდენტი მათთან მოლაპარაკების გამართვის საჭიროების წინაშეც შეიძლება, დადგეს. ბევრი საგამოცდო პერიოდი ელის და, რაც მთავარია, ეს გამოცდილების მიღების პერიოდიცაა. ეს კი ნიშნავს, რომ შეცდომებიც იქნება, უბრალოდ მთავარია, შეცდომები არ იყოს საბედისწერო.

– როგორ უთავსდება ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას ზოდიაქოს ნიშნები საქართველოს ზოდიაქოს ნიშან ლომს?

– სამივე ნიშანი კარგად უთავსდება საქართველოს. ლომს სჭირდება ქალწულის ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა. სწორედ ეს თვისებები აქვს პრეზიდენტს და შეუძლია ამ თვისებების კომპენსირება ლომისთვის. ლომს აკლია ინტუიცია და შიდა მგრძნობიარობა, რომელიც აქვს კირჩიხიბს და, აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილი შეუვსებს მას ამ დანაკლისს და ლომი მეგობრობს ოპტიმისტ და ძალიან კეთლშობილ ალასანიასთან. არც ერთი ნიშანი არ არის ლომის ოპოზიცია და არც ერთი არ ეწინააღმდეგება მას. ამიტომ მათი თანაცხოვრება შესაძლებელია სუფთა ზოდიაქალური ენერგეტიკის კუთხითაც. შანსები ნამდვილად არის, ამიტომ უიმედოდ არ ვარ: ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, მაგრამ, ვიმეორებ, ძირითადი წინსვლა დაგვეწყება 2017 წლიდან, მანამდე ნელ-ნელა წავალთ წინ მცირე ნაბიჯებით, შეცდომებით, სირთულეების გადალახვით. იმდენად რთული პერიოდია წინ, არავის ვურჩევდი მთავრობაში ყოფნას.

– მეც მუდმივად ის მაოცებს, რატომ უნდა გინდოდეს ხელისუფლებაში ყოფნა.

– ქართველი, ზოგადად, ამბიციურია და, რადგან ასეთი შანსი შეიძლება, მხოლოდ ერთხელ მიეცეს, ცდილობენ, არ დაკარგონ, რადგან მეორედ ან მიეცემათ, ან არა.

 

скачать dle 11.3