კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ძია ვასია თხუთმეტი წლის იყო, როცა ის პროფესიონალი ჯიბგირების ბანდაში მოხვდა. ბანდას ცნობილი ქურდი-რეციდივისტი პეტია ლიხოი მეთაურობდა. სწორედ მან აღმოაჩინა მომავალი ლეგენდარული ქურდი და მეტსახელი „ბრილიანტიც“ მანვე შეარქვა.

ერთხელ, ჭაბუკი ვასკა ბაბუშკინი, რომელიც ბავშვთა სახლიდან იყო გამოქცეული, მოსკოვის ტრამვაიში ჩალიჩობდა. მან ერთ მწვანეპიჯაკიან კაცს ოქროს საათი მოჰპარა ჯიბიდან, მაგრამ, ჩავიდა თუ არა, ვიღაცამ ხელი ჩაავლო მაჯაში და ჰკითხა:

– დიდი ხანია, რაც აქ ჩალიჩობ?

ვასკამ უცნობ მამაკაცს შეხედა და შეცბა, რადგან, ტრამვაიში მას საფულე ამოაცალა და, იფიქრა, გავებიო. ამიტომ, გაქცევა სცადა, მაგრამ, უცნობს ისე მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული, რომ ნაბიჯიც ვერ გადადგა და უცნობს სთხოვა:

– გამიშვი, რა, ძია, გამიშვი! აიღე შენი საფულე და გამიშვი!

– რა საფულე? – თქვა უცნობმა, პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში ჩაიყო ხელი და დაამატა: ლაპატნიკი გაქრა, ნუთუ შენ ამწაპნე?

პატარა ჯიბგირმა უცნობს საფულე დაანახვა, რომელიც ქამარში ჰქონდა გარჭობილი და უთხრა:

– აი, გამომართვით.

უცნობმა თვალები დაუბრიალა ვასკას და უთხრა:

– ჩქარა დამალე! შენ რა, გინდა, აგვაგდონ? – და სასწრაფოდ მოაშორა იქაურობას პატარა ჯიბგირი, – ეს საფულე ნაჩალიჩარია და, შემთხვევით პატრონი რომ გამოჩნდეს, მილიცია და შარი არ აგვცდება.

ვასია ბაბუშკინი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და უცნობს უთხრა:

– მე კი მეგონა, რომ საფულის გამო ჩამავლეთ.

ჯიბგირები უსაფრთხო ადგილას, პატარა ჩიხში იდგნენ, ამიტომ უცნობმა ვასკას თითით ანიშნა, საფულე დამიბრუნეო და უთხრა:

– მე დავინახე, რა ოსტატურად ამოაცალე იმ ლოხს საათი, მაგრამ, ეს ჩვენი ტერიტორიაა და სწორედ ამიტომ დაგაკავე.

– კიდევ კარგი, რომ მილიციელი არ ხართ, ძია, თორემ, დიდი უსიამოვნება შემხვდებოდა, – უთხრა ვასკამ უცნობს, რომელმაც მას მიუგო:

– მე პეტია ლიხოი ვარ, გაგიგონია?

– უკაცრავად, მაგრამ, არა, – უთხრა ვასიამ, – მე აქ არავის ვიცნობ, სულ მარტო ვარ.

– ასე ჩალიჩი სად ისწავლე?

– ერთხელ რომ დამჭირდა, მოვიპარე და მას მერე ამ საქმეს მივდევ.

– უფრო დაწვრილებით მოყევი.

ვასიამ დაწვრილებით მოუყვა ლიხოის თავისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია და ბოლოს დაამატა:

– ორი დღეა, რაც ბავშვთა სახლიდან გავიქეცი და ალბათ, მეძებენ.

– რამდენი წლის ხარ?

– თხუთმეტის.

– თხუთმეტი, თხუთმეტი... – გაიმეორა ლიხოიმ და ვასიას ჰკითხა: არ გინდა შემოგვიერთდე?

– ვის და სად?

– ჩვენ, ჯიბგირებს, ბანდაში, – უთხრა ლიხოიმ, – ამ ტრამვაის მარშრუტი ჩვენი ტერიტორიაა და იმიტომ ჩაგავლე ხელი, რომ შენი წარმომავლობა გამერკვია. ახლა კი გაირკვა, რომ მარტოხელა მოჩალიჩე ხარ და ჩვენთან მოსვლასაც ამიტომ გთავაზობ. რას იტყვი, თანახმა ხარ?

– თანახმა ვარ, – მიუგო ლიხოის პატარა ვასიამ და იმ დღიდან ქურდული სამყაროს მომავალი ლეგენდა შავი სამყაროს წევრი გახდა.

ლიხოიმ ვასია ქურდულ მალინაში მიიყვანა და კოლეგებს უთხრა:

– ნახეთ, ძმებო, ნამდვილი ბრილიანტი მოგიყვანეთ. ისე სუფთად ამპარსა საფულე ტრამვაიში, რომ ვერაფერი გავიგე.

პატარა ვასია ჯიბგირების ბანდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ქურდულ კანონებს მას პირადად ლიხოი ასწავლიდა და ასე მოძღვრავდა:

– გახსოვდეს, როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, ჩვენს კანონს არასდროს გადაუხვიო და შენთვის შეღავათის ძიება არ დაიწყო. ისწავლე გაჭირვების გაძლება და „ძაღლებთან“ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლო. ეცადე, რომ ქურდულ ობშჩიაკში მეტი შეიტანო, ვიდრე აიღო. ნურასდროს შეეცდები, სხვა ქურდებზე მეტი გამოჩნდე. ყველა ქურდი თანაბარია და სწორედ ესაა ჩვენი ძლიერების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

ბრილიანტი ყოველთვის განუხრელად ასრულებდა ლიხოის შეგონებას და ჭაბუკობაშივე ეტყობოდა, რომ სახელოვანი ქურდი გახდებოდა. ბანდაში ვასიამ ერთი წელი დაყო. ამასობაში პეტია ლიხოი დაიჭირეს, თანდათან ბანდის სხვა წევრებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ და ვასია კვლავ მარტო დარჩა. თუმცა, ის უკვე გამოცდილი ქურდი იყო და, 17 წლის მიუხედავად, ბევრი რამ იცოდა და ბევრი რამ შეეძლო. თანაც, ქურდულ სამყაროში მას კარგად იცნობდნენ და „ბრილიანტს“ ეძახდნენ. ვასია ბრილიანტი მოსკოვის ქურდულ მალინას აფარებდა თავს, სადაც ის პირველად ლიხოიმ მიიყვანა. ამის პარალელურად კი ინტენსიურად ჯიბგირობდა და შემოსავლის ლომის წილს ციხეში, ლიხოის და სხვა ქურდებს უგზავნიდა. ერთ დღეს, როდესაც მთელი დღის მუშაობით დაღლილი ბრილიანტი მალინაში დაბრუნდა, მას იქ ჩასაფრებული მილიციელები დახვდნენ, შეიპყრეს და მილიციის მთავარ შენობაში მიიყვანეს, რომელიც პეტროვკაზე მდებარეობდა.

– აბა, ყმაწვილო, მოგვიყევი შენი გმირობების შესახებ, – მკაცრად უთხრა ბრილიანტს გამომძიებელმა.

– რომელი ჰერაკლე მე მნახეთ?! – მშვიდად მიუგო ბრილიანტმა გაოცებულ გამომძიებელს, რადგან, მას ძირითადად გაუნათლებელ, წერა-კითხვის უცოდინარ კონტინგენტთან ჰქონდა საქმე და ახალგაზრდა ჯიბგირისგან ჰერაკლეს ხსენებას არ მოელოდა.

– საიდან იცი, ვინ იყო ჰერაკლე?

– ელინური მითებიდან.

– უყურე შენ?! – ჩაილაპარაკა გამომძიებელმა და ბრილიანტს ჰკითხა: შენ, შემთხვევით, გიმნაზიელი ხომ არ ხარ?

– ქურდი ვარ, თუმცა წიგნების კითხვა მიყვარს და თავისუფალ დროს ამ საქმით ვარ დაკავებული.

ვასია ბრილიანტი პეტროვკიდან აღარ გამოუშვიათ, რადგან, ჩხრეკისას მას ჯიბეში ორი ისეთი ნაქურდალი ნივთი აღმოუჩინეს, რომელიც დაზარალებულებმა ამოიცნეს. ბრილიანტის დაკავება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდა და მისი გასამართლება და ციხეში გაშვებაც სწორედ ამიტომ მოხერხდა. მოსკოვის მილიციას ყელში ჰყავდა გაჩხერილი ახალგაზრდა, მოხერხებული ჯიბგირი, მის დაჭერას აპირებდნენ და წარმატებითაც განახორციელეს ეს ჩანაფიქრი.

17 წლის ვასია ბრილიანტს ჯიბგირობისთვის 2 წელი მისცეს და მოსკოვის ტაგანკის ციხეში გაამწესეს, სადაც პეტია ლიხოი იხდიდა სასჯელს.

– კეთილი იყოს შენი მობრძანება მშობლიურ სახლში, – გულთბილად შეეგება ვასია ბრილიანტს ლიხოი, გულში ჩაიკრა და ქურდული საკნის მობინადრეებს მიმართა:

– ეს ის კაცია, მე რომ გიყვებოდით. ძმად მიიღეთ და პატივი ეცით.

ვასიამ და ლიხოიმ ერთად გატარეს ციხეში ორი წელი და ერთი კვირის ინტერვალით, თითქმის ერთდროულად გათავისუფლდნენ – ჯერ ლიხოი გამოვიდა, შემდეგ ბრილიანტი. პეტია ციხის კართან შეეგება ვასიას და ჩაეხუტა:

– თავისუფლებას გილოცავ, ძმაო. კეთილი იყოს შენი უკან დაბრუნება.

ბრილიანტს გუნებაში გაეცინა, რადგან, ლიხოის სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაშორდა ორწლიანი ერთად ყოფნის მერე და ასეთი შეხვედრა გადაჭარბებულად მოეჩვენა, თუმცა, ლიხოის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა და მას მიუგო:

– ლიხოი, ძმაო, შენ როგორ ხარ, ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, მშვიდობა. წავედით, აღვნიშნოთ შენი გამოსვლა.

ლიხოიმ და ბრილიანტმა ქურდულ მალინაში კარგად მოილხინეს, ქალებსაც ესიყვარულნენ და, რომ გამოფხიზლდნენ, საჯიბგიროდ წავიდნენ. რამდენიმე თვეში ლიხოის ბანდის ყველა წევრი დაბრუნდა ციხიდან, ქურდები სრული დატვირთვით ამუშავდნენ და მოსკოვი ჯიბგირობამ წალეკა. მიუხედავად იმისა, რომ მილიცია მთელი ძალებით ცდილობდა ბანდის განეიტრალებას, ჯიბგირები ძალიან დახვეწილად მოქმედებდნენ და მათი ფაქტზე დაჭერა არ ხერხდებოდა. ერთ დღეს ლიხოი და ბრილიანტი ტრამვაიში ჩალიჩობდნენ. ლიხოი ერთ ახალგაზრდას „აეკრა“ და ეჩალიჩებოდა. ბრილიანტი მოშორებით იდგა, მაგრამ, დაინახა, თუ როგორ დაბარბაცდა ლიხოი და ჩაიკეცა. ამასობაში ტრამვაი გაჩერდა და „ობიექტი“ ჩავიდა, თუმცა, ბრილიანტმა კარგად დაიმახსოვრა მისი სახე. ამ დროს ქალის ისტერიული კივილი მოისმა – მოკლეს, მოკლესო...

 ბრილიანტი ჩაკეცილ პეტია ლიხოისთან მიიჭრა, რომელსაც ორლესული, წვრილი დანა ჰქონდა მარცხენა მკერდში შერჭობილი და იარიდან სისხლი სდიოდა. 19 წლის ვასია ბრილიანტი არ დაიბნა. მან დანა ფრთხილად ამოაძრო ჭრილობიდან და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ პერანგი შემოახია ლიხოის და ჭრილობაზე ცხვირსახოცი დაადო, სამი მგზავრი დაიხმარა და სახელდახელო საკაცით, რომელიც სხვადასხვა ნივთებისგან შეკრეს, ის საავადმყოფოში მიიყვანეს. საბედნიეროდ, საავადმყოფო გაჩერებიდან სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრში მდებარეობდა და მძიმედ დაჭრილ პეტია ლიხოის ექიმებმა სულზე მიუსწრეს. დანა გულს ასცდა, მაგრამ, ლიხოის ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და მდგომარეობას ეს ამძიმებდა. სანამ ლიხოის ოპერაციას უკეთებდნენ, ბრილიანტმა სისხლიანი დანა საავადმყოფოს ტუალეტში დამალა. იქიდან რომ გამოვიდა, საავადმყოფოს დერეფანში მოსკოველი მილიციელების ნაცნობი სახეები დაინახა. იქვე იყო ის გამომძიებელიც, რომელმაც ბრილიანტი პირველ სროკზე გაუშვა. მან ვასიას გაუღიმა და უთხრა:

– გამარჯობა, ბაბუშკინ!

– გაგიმარჯოთ, – მშრალად უპასუხა ბრილიანტმა.

– რა მოხდა, რა დაემართა ლიხოის?

– ტრამვაიში ვიღაცამ დანა გაუყარა გულში.

– ერთად იყავით?

– კი, ერთად.

– როგორ მოხდა?

ბრილიანტი დაწვრილებით მოუყვა გამომძიებელს ყველაფერს, მხოლოდ ის არ უთქვამს, რომ ობიექტის სახე დაინახა, თუმცა აშკარა იყო, რომ ლიხოის ობიექტმა გაუყარა დანა და ბოლოს უთხრა:

– დროზე მივუსწარით, თორემ მოკვდებოდა.

– დანა შენ ამოაძრე ჭრილობიდან?

– დიახ.

– მერე, სადაა? 

– ჯერ ჯიბეში ჩავიდე, მერე კი შორს, მდინარეში მოვისროლე.

– რატომ? დანა შენ ხომ არ გიხმარია?

– არა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ფაქტი მოვიშორე – რა იცი, რა ხდება, რა მოუვა მილიციას თავში? დანაზე ჩემი თითების ანაბეჭდები იყო და, ხომ შეიძლებოდა, ჩემთვის შემოგეტენათ ეს საქმე?

– შენ, რა, დამცინი, ბაბუშკინ? მინიმუმ ოცი მოწმე მაინც დავკითხე, რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ, რომ შენ მერე მიხვედი და დანა ამოაძრე ჭრილობიდან.

– როდის მოასწარით ამდენი ხალხის დაკითხვა?

– დაკითხვები ახლაც გრძელდება. მიმღებში ერთი ოთახი გამოგვიყვეს, თითქმის მთელი მგზავრები იქ არიან და ჩვენებებს იძლევიან. სხვათა შორის, ჩვენება შენც უნდა ჩამოგართვა.

– ხომ იცით, რომ ხელს არაფერზე მოგიწერთ. რაც ვიცოდი ვთქვი, იმ დამპლის სახე არ დამინახავს, თორემ, ამასაც გეტყოდით.

– მართლა არ დაგინახავს?

– მართლა, – მიუგო გამომძიებელს ბრილიანტმა, რომელმაც ზუსტად აღიდგინა მეხსიერებაში ლიხოიზე თავდამსხმელის სახე, თუმცა, ეს გამომძიებლისთვის არ უთქვამს.

ლიხოისთვის გაკეთებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ის სიკვდილს გადარჩა, თუმცა დაინვალიდდა და მარცხენა ხელი გაუხმა, არადა, ლიხოი ცაცია იყო, ამიტომ ჯიბგირობას ვეღარ შეძლებდა. მეორე დღეს ლიხოის მთელი ბანდა ქურდულ მალინაზე შეიკრიბა და როდესაც ბრილიანტმა ყველაფერი დაწვრილებით მოყვა, ერთ-ერთმა ქურდმა თქვა:

– ნაცნობი ოინია: ლიხოის უთვალთვალებდნენ, შემდეგ თავდამსხმელმა მას თავი შეაჩეჩა და მოკვლის მიზნით დანა გაუყარა, თუმცა, ვერ მოკლა. თავდამსხმელი პროფესიონალი მკვლელია და ის ლიხოის მიუგზავნეს.

– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ქურდს ბრილიანტმა.

– ასი პროცენტით. შენ მიერ აღწერილი როჟა, რომელმაც, შენი სიტყვებით, ლიხოის გაუყარა, მოკლეხელება ჟორას ეკუთვნის. ის კი მკვლელია და შეკვეთებზე მუშაობს.

– ლიხოის მკვლელობა ვის უნდა შეეკვეთა?

– ვიტია ჟადნის, – ერთხმად უთხრეს ბრილიანტს შეკრების დანარჩენმა მონაწილეებმა.

– ეგ ვინაა?

– ყოფილი ჩვენიანი, – უთხრა ბრილიანტს ერთ-ერთმა ქურდმა, – ხუთი წლის წინ ლიხოიმ მას ყურებში წამოარტყა კრისობისთვის. მერე ის სროკზე წავიდა. ახლა, როგორც ეტყობა, გამოვიდა და შურისძიებისთვის მკვლელი დაიქირავა.

ბრილიანტმა მაგიდაზე ორლესული, სისხლიანი დანა დადო და თქვა:

– ქურდულ სიტყვას ვიძლევი, რომ, თუ სხვამ არ მოკლა ან თავისით არ დაიხოცნენ, უახლოეს დღეებში მოვკლავ მოკლეხელება ჟორას და ვიტია ჟადნის.

ვასია ბრილიანტმა პირნათლად შეასრულა პირობა: ჯერ დაქირავებულ მკვლელს, მოკლეხელება ჟორას თავისსავე სახლის სადარბაზოში გამოჭრა ყელი. იმავე საღამოს კი, ვიტია ჟადნის ტარამდე ჩაასო დანა გულში და სიცოცხლეს გამოასალმა.

ძია ვასიას ეს ბიოგრაფიული დეტალები მან თვითონ მიამბო და ასე დაასრულა თავისი მონათხრობი:

– ამის მერე ქურდებმა სხოდკა შეკრიბეს და  ქურდად მაკურთხეს, თუმცა, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და მერჩივნა, რომ მეტი გამოცდილება მიმეღო.

– პეტია ლიხოის რა ბედი ეწია?

– ლიხოის ქურდული პენსია დავუნიშნეთ, მაგრამ, ისეთი მოუსვენარი იყო, რომ ჩალიჩი მოინდომა და ერთხელ ტრამვაიშიც კი სცადა ჯიბგირობა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა და იმ დღიდან სმა დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს კი ვენებგადახსნილი იპოვეს აბაზანაში.

– თავი მოიკლა?

– ჰო, – მითხრა ბრილიანტმა, – პენსიონერ-ინვალიდობა არ ისურვა და ასეთი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს.

თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა, რადგან უარს ამბობ ღმერთის უძვირფასეს საჩუქარზე – სიცოცხლეზე. ღმერთი კი ძალიან მკაცრია. თუმცა, ჩემი განსასჯელი არაა მსგავსი საქციელი. ადამიანურად კი, გასაგებია, რა ძნელია თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა და ერთადერთ გამოსავლად სიკვდილი მიგაჩნია...

ჩემი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე აღმოვჩნელივარ ძალიან ცუდ სიტუაციაში და სიკვდილიც კი მინატრია, მაგრამ, ეს სურვილი დამიძლევია და არასდროს გადამიკვეთია ის ზღვარი, რომლის უკან გადმოკვეთას ვეღარ შევძლებდი. ასეთ ზღვარზე ვიმყოფებოდი, როდესაც მეორე სროკიდან დაბრუნებულს დედ-მამა გარდაცვლილი დამხვდა. სიცოცხლე არ მინდოდა. რამდენიმე დღე არც სახლიდან გამოვსულვარ და არც სტუმარს ვიღებდი, ყველას ვემალებოდი. ოთხდღიანი ფიქრის მერე ამქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე და რამდენიმე ვარიანტიდან ტყვია ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, სიცოცხლესთან განშორება ძალიან მიჭირდა და ჩემთვის ვთქვი: მოდი, ნაგანში ერთი ტყვიის ადგილს ცარიელს დავტოვებ და, თუ სასიკვდილო  არ ვარ, განგებამ გადაწყვიტოს-მეთქი. თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე. რევოლვერის ცილინდრში შვიდი ტყვია ჩავდე, დავატრიალე, საფეთქელზე მივიდე და სასხლეტს მთელი ძალით დავაწექი. ნემსა კაფსულას მოხვდა, მაგრამ ტყვია არ გავარდა...

– ნუთუ გაფუჭებული ტყვიაა? – ვთქვი ჩემთვის. შემდეგ ცილინდრი გავასწორე, რევოლვერი შევაყენე, იარაღი წინ გავიშვირე, სასხლეტს თითი გამოვკარი და... ტყვია ჭახანით გავარდა და კედელში დაიკარგა...

მივხვდი, რომ ტყვიის უვარგისობა აქ არაფერ შუაში იყო და ჩემი საკითხი ზეცაში გადაწყდა... ამიტომ, რევოლვერი სამალავში ჩავდე. შემდეგ მუხლებზე დავემხე და კარგა ხანს თავაუღებლად ვილოცე... ის დღე იყო და, თვითმკვლელობაზე ფიქრი აზრადაც აღარ გამივლია თავში. არადა, წინ დიდი ტანჯვა-წამება მელოდა და ისეთი მდგომარეობისთვის გამიძლია, რომელშიც მრავალ ადამიანს მოუკლავს თავი.

ერთხელ, მაგადანის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ვიჯექი და ჩემზე გადამტერებულმა რეჟიმის უფროსმა ორი კვირა არ გამომიშვა კარცერიდან. იანვარი იყო, ყინვა ორმოც გრადუსს აღწევდა და, ცივ კარცერში კი არა, ხალხი ბარაკებში ვერ უძლებდა სიცივეს. რეჟიმის უფროსმა პირადად მიმიყვანა კარცერში, ერთი თბილი ტულუპი მომცა და მითხრა:

– ხვალ დილით მოგაკითხავ და შენს გაყინულ სხეულს პირდაპირ საფლავზე წავაღებინებ ნადზორებს. ახლა კი ვუბრძანებ, რომ შენთვის საფლავის თხრა დაიწყონ...

რეჟიმის უფროსმა მართლაც მომაკითხა მეორე დღეს, ცოცხალი რომ მნახა, გაოცდა და   მითხრა:

– არა უშავს, ხვალ წავიღებ შენს სხეულს დასამარხავად.

იმ ნაბოზარმა ორი კვირა იარა კარცერში და თოთხმეტი დღის მერეც რომ ცოცხალი მნახა, ნადზორებს ჩემი თავი გამოაშვებინა, მაგრამ, როგორც კი გარეთ გამოვდგი ფეხი, გონება დავკარგე და წავიქეცი. გათავისუფლებამდე ერთი თვე მქონდა დარჩენილი და ეს დრო ციხის საავადმყოფოში გავატარე. კარცერში სიკვდილს კი, რა თქმა უნდა, ღმერთმა გადამარჩინა. ტექნიკურად კი ეს ასე მოხდა: მე გაუჩერებლად ვმოძრაობდი, მაგრამ, ძალები რომ მელეოდა, ვჩერდებოდი და მაქსიმუმ ერთი საათით ვიძინებდი. შემდეგ კვლავ ვმოძრაობდი და ასე გრძელდებოდა სრული ორი კვირა. სასწაული კი ისაა, რომ ექიმებმა ორგანიზმის გამოფიტვის დიაგნოზი დამისვეს და, არათუ ფილტვების ანთება, გრიპიც კი არ შემყრია...

– კობრა, ძმაო, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული, – მითხრა ფედკამ, რომელიც ჩემს პალატაში იწვა და კარცერის ამბავი დაწვრილებით მოვუყევი.

ფედკა ცნობილი მძარცველი იყო და არაერთი გახმაურებული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მას, როგორც თავზეხელაღებულს, ისე იცნობდნენ, მაგრამ, ქურდებს პატივს გვცემდა და არაერთხელ შემოუგზავნია ციხეში გრევი. ჩემი გაწერისა და გათავისუფლების წინა ღამეს ფედკა კარგა ხანს მელაპარაკა, ბედნიერი გასვლა მისურვა და დაიძინა. დილით კი ის ვენებგადახსნილი იპოვეს. იქვე ეგდო სისხლიანი სკალპელი, საწოლის უკან კი – ბარათი, რომელშიც ეწერა: „მომბეზრდა ეს მგლური ცხოვრება, სიმშვიდე მინდა და იმედია, მას საიქიოში მოვიპოვებ“.

ფედკას თვითმკვლელობამ გული დამიმძიმა და გულახდილად ვიტყვი, რომ წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ გავალ, ქურდობას შევეშვები და ოჯახს მოვეკიდები-მეთქი. თუმცა, ასეთი აზრი მალევე გამიქრა და თბილისში რომ დავბრუნდი, ახალ საქმეზე დავიწყე ფიქრი. იმ პერიოდში, ბერძენა სვაბოდაზე იყო და სახლში წესიერადაც კი არ ვიყავი ნამყოფი, რომ მასთან მივედი და მოვიკითხე:

– ბერძენ, ძმაო, როგორ ხარ?

ბერძენას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, ჩამეხუტა და მითხრა:

– ბოდიში, რომ ხშირად ვერ გეხმიანებოდი და გრევებს ვერ გიგზავნიდი. აი, შენი გრევები კი თითქმის ყოველკვირა მომდიოდა.

ბერძენა კარგა ხანს ვლადიმირის ცენტრალში იჯდა და იქიდან არა თუ გრევებს, ქსივებსაც კი ძალიან ძნელად გზავნიდა და საბოდიშო არაფერი ჰქონდა. ამიტომ, ბერძენას გავუღიმე და ვუთხარი:

– მაიცა, რა, რა დროს ეგაა. შენ ის მითხარი, რამე ხეირიანი ნაკოლი ხომ არ გაქვს?

– სწორედ ამ დილით იყო ჩემთან ერთი ტიპი და საქმე შემომთავაზა.

– რა საქმე?

– ცოტა უჩვეულო კი არის, მაგრამ... – მხრები აიჩეჩა ბერძენამ, – კაროჩე, ოქროს ცეხიდან სეიფია წასაღები, მაგრამ, იქ თურმე კარიდან ვერ შეხვალ.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ცეხი თითქმის  მილიციის შენობაშია.

– როგორ – „თითქმის“?

– როგორ და, მილიცია ძველ შენობაშია განთავსებული. იმ შენობის დერეფანს კი ტიხარი აქვს და სწორედ ამ ტიხრის უკანაა ეს ცეხი. რამდენიმე მილიციელი იქ მუდმივად იმყოფება და იცი, რატომ?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ამ ცეხს მილიციის უფროსი კრიშავს.

– ნაკოლშჩიკი ვინაა?

– ყოფილი ხელოსანი. ის ტყუილუბრალოდ გამოაპანღურეს და სამაგიეროს გადახდა უნდა. თან, ამტკიცებს, რომ სეიფში დიდი კუში ინახება.

– მან რა, არ იცის, რომ იქ შესვლა შეუძლებელია და იარაღითაც ვერ შეხვალ? – მხრები ავიჩეჩე მე, ბერძენამ კი ღიმილით მომიგო:

– საქმეც ისაა, რომ ნაკოლშჩიკი უჩვეულო რაღაცას გვთავაზობს.

– მაინც, რას?

– რას და, ამტკიცებს, რომ, თუკი მაქსიმუმ ათმეტრიან გვირაბს გავთხრით გასტრონომის სარდაფიდან, რომელიც გვერდით მდებარეობს, ცეხში ქვევიდან შევალთ და ყველაფერი გამოგვივა.

– მიწა არასდროს მითხრია, – ვთქვი მე, – საინტერესო წინადადებაა. გასტრონომის სარდაფში, ალბათ, გასტრონომიდან უნდა მოვხვდეთ.

– კი და, სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. გასტრონომის სარდაფში ჩაღწევა არ გაგვიჭირდება, მაგრამ, იქიდან გვირაბის გათხრა არარეალურია.

– რატომაა არარეალური? – ვუთხარი ბერძენას, მან კი გაოცებით შემომხედა და მითხრა.

– იმიტომ, რომ მიწას გამოტანა უნდა და ამდენი მიწა უამრავი ხალხის თვალწინ როგორ უნდა გამოიტანო?

– რთულია, მაგრამ, უნდა შევასრულოთ, – ვუთხარი ბერძენას, – შახტიორა გაგიგია?

– არა.

 – ერევანში ერთი აფერისტი ცხოვრობს და „შახტიორას“ ეძახიან. იცი, რატომ?

– მიწის მთხრელია?

– დაახლოებით. კაროჩე, აფერისტობაზე იმდენი არა აქვს მისჯილი, რამდენიც პაბეგებზე. ერთხელ რუსეთის ერთ ზონაში ოთხწლიან სროკს იხდიდა და ჩუმად გვირაბის თხრა დაიწყო. დიდი კოვზით ჩალიჩობდა და სულ რაღაც ერთი მეტრი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც სროკი გაუთავდა და, იცი, რა ქნა?

– რა?

– რა და, ნადზორის შეურაცხყოფისთვის ექვსი თვე დაიმატა, გვირაბის გათხრა დაასრულა და მხოლოდ ამის მერე გათავისუფლდა სროკიდან.

– მაგარი იდეინი ყოფილა.

– ნუ იტყვი, მაგარი. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიჩალიჩოთ. ღამით გასტრონომში შევალთ და გავთხრით, შემდეგ მიწას გამოვიტანთ და გადავყრით. სულ 5-6 საათი მოგვიწევს ღამეში ჩალიჩი. რას იტყვი?

– ვიჩალიჩოთ და ვნახოთ, რა გამოვა, – მითხრა ბერძენამ, – ნაკოლშჩიკს დაგალაპარაკებ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3