კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქალებისთვის

ანუკა გაოცებული დარჩა ქმრის საქციელით‚ მაგრამ‚ უფრო მეტად ნინიკოს დაბნეულობამ დააეჭვა:

„ნუთუ?.. არა‚ არა მგონია... თუმცა‚ რა ვიცი‚ რა არ ხდება“... – გაიფიქრა და გადაწყვიტა‚ ყველაფერი გაერკვია‚ ოღონდ‚ ისე‚ რომ გოგოები არაფერს მიმხვდარიყვნენ. სიგარეტი აიღო‚ სავარძელში მოკალათდა და აბსოლუტურად ბუნებრივად განაგრძო გელას მოსვლის გამო შეწყვეტილი საუბარი. მარი დადარაჯებული ადევნებდა თვალს ანუკას‚ ანუკა კი ჩუმ-ჩუმად ნინიკოს აკვირდებოდა‚ რომელსაც მასპინძლის საქციელმა სიმშვიდე დაუბრუნა და იმდენი მოახერხა‚ რომ გაცივებული ყავა ხელის კანკალის გარეშე მოსვა და ერთი სირჩა ლიქიორიც დააყოლა სიმხნევისთვის.

– ერთს მეც მოვწევ და წავედით‚ თორემ‚ შემდეგ ლექციაზე დაგვაგვიანდება‚ – მარის მიუბრუნდა ნინიკო‚ – თანაც‚ ანუკას‚ ალბათ‚ საქმე აქვს. მთელ დღეს ხომ არ მოვაცდენთ...

– სულაც არ მაცდენთ. გელა უკვე წავიდა და გვიანობამდე არ მოვა, სადილს კი საღამოს მოვამზადებ. ნუ წუხხარ‚ ცოტა ხანს კიდევ იყავით‚ – ეს სიტყვები ისე გულითადად და მშვიდად იყო ნათქვამი‚ მარის გაუკვირდა კიდეც‚ ნუთუ ისე გამოაშტერა ამ კაცის სიყვარულმა ჩემი დეიდაშვილი‚ რომ ვერაფერი დაინახაო.

გოგოები ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ. ნახევარი ქალაქი გაჭორეს‚ ანუკას კიდევ მოსვლას შეჰპირდნენ‚ მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

მარტოდ დარჩენილი ანუკა უცებ მოეშვა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი.

„ნუთუ ამ ღლაპთან მღალატობს? არა‚ ამდენს ვეღარ გავუძლებ‚ ამ საღამოსვე გავარკვევ ყველაფერს!“

საღამოს მარის დაურეკა და თავისთან დაიბარა – რაღაც საქმე მაქვსო.

– ხვალ შუადღისთვის მოვალ‚ – შეჰპირდა მარი.

მარისთან ლაპარაკის შემდეგ გელამ დაურეკა – ამაღამ ვერ მოვალ და არ დამელოდოო. ერთი კი რეჩხი უყო გულმა. მაგრამ‚ მერე გაუხარდა კიდეც – ახლა მარტო ყოფნა ერჩია. მერე რაღაც მოიფიქრა და ისევ მარის დაურეკა – ამაღამ მარტო ვიქნები‚ ახლავე წამოდი და ღამით ჩემთან დარჩიო.

მარი ხვდებოდა‚ რატომაც იბარებდა ანუკა‚ მაგრამ, არ იცოდა‚ რა ეთქვა‚ როგორ მოქცეულიყო და‚ დროის მოგების მიზნით‚ უთხრა‚ ხომ იცი‚ ღამით სახლში რომ არ ვიყო‚ დეიდაშენს რა დაემართებაო. მაგრამ ანუკამ ეს გზაც მოუჭრა – თვითონ დაელაპარაკა დეიდამისს‚ ანუ მარის დედას და‚ ცხადია‚ თანხმობაც მაშინვე მიიღო.

– ტაქსით წამოდი‚ ფულს გადმოგიგდებ! – ჩასძახა ყურმილში ანუკამ და მარისთან სალაპარაკოდ მოემზადა.

ნახევარი საათის შემდეგ დეიდაშვილები სავარძლებში ისხდნენ და ერთმანეთს გამომცდელად უყურებდნენ.

– გისმენ‚ – უთხრა მარიმ‚ – საქმე მაქვსო‚ ხომ მითხარი!

მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა‚ ანუკა საოცრად კარგად გრძნობდა თავს მარისთან. ეს მხიარული‚ მოუსვენარი გოგო ძალიან მგრძნობიარე და საკმაოდ ჭკვიანი იყო‚ თან – უაღრესად ერთგული. ამიტომ‚ ანუკას იმედი ჰქონდა‚ მარი არ მოატყუებდა და არ გაწირავდა.

– პირიქით‚ მე გისმენ‚ – ხმა გაიმკაცრა ანუკამ‚ – გგონია‚ ისეთი დებილი ვარ‚ რომ ვერაფერს ვხედავ? შენ, შენდა უნებურად გაეხვიე‚ რბილად რომ ვთქვათ‚ უსიამოვნო სიტუაციაში და‚ ამიტომაც, შენგან ველი ყველაფრის ახსნა-განმარტებას.

– მე რა შუაში ვარ?

– შენ‚ რა თქმა უნდა‚ შუაში არ ხარ‚ ანუ‚ შენ არ გაგიცნია ისინი ერთმანეთისთვის‚ მაგრამ, ის გოგო (ანუკამ სახელი აღარ ახსენა) შენი დაქალია‚ გელა კი – ჩემი ქმარი. მგონია‚ ჩემი და ჩემი ოჯახის ბედი შენთვის სულერთი არ უნდა იყოს‚ ამიტომ‚ ძალიან გთხოვ‚ ყველაფერი თვითონ მომიყევი.

მარი რამდენიმე წამს ჩაფიქრდა‚ თან ანუკას არ აშორებდა თვალს. მერე თითქოს რაღაცას მიხვდა და უცნაურად გამრუდებული ღიმილით ჰკითხა:

– შენ რა‚ გგონია‚ რომ ნინიკო გელას ხვდება?

– თუ უფრო მეტი არა!

– უფრო მეტი – ანუ‚ გელას საყვარელია?!

– ჰო.

– გაგიჟდი‚ გოგო? ნინიკო?! ნინიკო‚ იცი‚ რა ტიპია? ოცდაერთი წლის ისე ხდება‚ მაგისთვის ჯერ ბიჭს არ უკოცნია. სულ მაგაზე დავცინით... ეგ როგორ იფიქრე?

– სად ცხოვრობს ნინიკო?

– ბაგებში.

– ვითომ‚ რატომ არ უნდა მეფიქრა? ჯერ ერთი‚ არ ვიცნობდი და, შესაბამისად‚ არც მისი „წმინდანობის“ ამბავი მექნებოდა გაგონილი. მეორეც‚ გელა რომ დაინახა‚ ისე ეცვალა ფერი‚ იმ წუთას სასწრაფო კინაღამ გამოვიძახე. თანაც‚ არც გელა იყო უკეთეს დღეში. იმ მომენტში‚ მგონი‚ მართლა ფაღარათი დაემართა შიშისგან.

– არა‚ ანუკა‚ ხატზე დავიფიცებ‚ რომ მათ შორის არაფერი ხდება და არც არასდროს მომხდარა.

– მაგრამ‚ იმას ხომ ვერ უარყოფ‚ რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ?

– არა‚ მაგას ვერ უარვყოფ‚ – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ თქვა მარიმ.

– მაშ‚ სად არის ლოგიკა? 34 წლის ცოლშვილიანი მამაკაცი და 21 წლის გაუთხოვარი გოგო‚ რომლებსაც არ ჰყავთ არც საერთო ნათესავები და არც საერთო მეგობრები; არ აკავშირებთ ერთმანეთთან არც უბანი‚ არც სამსახური და არც ასაკი‚ ერთმანეთს იცნობენ‚ თანაც, იმ დონეზე‚ რომ ერთმანეთის დანახვისას ლამის ორივეს გული წაუვიდა და‚ შენ ამბობ‚ რომ მათ შორის არაფერი ხდება?!

– გარწმუნებ‚ ანუკა‚ მართლა არაფერი ხდება!

– არა‚ ასე არ გამოვა‚ ჩემო კარგო! შენ რაღაც იცი და არ მეუბნები. ან ყველაფერს მეტყვი‚ ან მე ხვალ დილასვე მივალ ნინიკოს მშობლებთან და...

– გაგიჟდი?! – გაფითრდა მარი.

– მინდა გითხრა‚ რომ მარტო ოჯახში კი არა‚ უნივერსიტეტშიც მოვალ და თქვენს დეკანს მოვუყვები ყველაფერს.

– და, ასე დაიმცირებ თავს?

– დავიმცირებ. უარესსაც ვიზამ. ოჯახი მენგრევა თავზე და ყველაფერს ვიღონებ‚ რომ ეს არ მოხდეს. შენ არ იცი‚ ბოლო ორი წელი რა ტანჯვაში გავატარე და როგორ ძლივს შევინარჩუნე ქმარი. ჩემს წამებასა და ცრემლს არავის შევარჩენ... – ანუკას ხმა უკანკალებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

„როგორ გამოცვლილა‚ რა დღეში აქვს ნერვები“‚ – გაიფიქრა მარიმ‚ მერე ანუკას ხელი ხელისგულებში მოიქცია‚ მოეფერა და დაყვავებით მიმართა:

– ანუკა‚ მოდი‚ გულწრფელები ვიყოთ‚ რა...

– ვიყოთ‚ – სიტყვა არ დაამთავრებინა ანუკამ.

– ჰოდა‚ მაშინ, ერთ კითხვას დაგისვამ: რა ჯანდაბად გინდა ქმარი‚ რომლის სიყვარულსა და ერთგულებაშიც მუდმივად ეჭვი გეპარება?

– მიყვარს... – ამოისლუკუნა ანუკამ.

– ვინ გიყვარს‚ ნაძირალა‚ რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გატყუებს?

– ის ნაძირალა არ არის‚ შეცდომა ყველას მოსდის‚ – ეწყინა ანუკას.

– კარგი‚ გჯეროდეს‚ მაგრამ‚ როდესაც ეს შეცდომა წლების განმავლობაში გრძელდება და ცხოვრების წესად იქცევა‚ მაშინ?!

– გელას ვუყვარვარ‚ ბავშვებზეც გიჟდება. არაჩვეულებრივი ქმარი და მამაა. თანაც...

– რა – „თანაც“?

– ყველაფერს ხომ არ ვიტყვი...

– თქვი‚ რა „თანაც“? – არ მოეშვა მარი.

– თანაც ის‚ რომ ძალიან კარგად ვართ ერთად...

– საწოლში?   გეუბნება‚ რომ განუმეორებელი ხარო?

– ჰო...

– და შენც გჯერა? – მარი მიხვდა‚ რომ ზედმეტი მოუვიდა‚ თუმცა‚ უკან აღარ დაიხია‚ – მაპატიე‚ მაგრამ, ერთ შეკითხვასაც დაგისვამ: თვეში რამდენჯერ გაქვთ სექსი – ერთხელ? ორჯერ? თუ‚ სულაც ორ თვეში ერთხელ? ამაზე გიფიქრია ოდესმე? ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს – როცა კაცი ამაში დარწმუნებას დაუწყებს ცოლს‚ თანაც‚ ყოველ შესაძლო შემთხვევაში‚ ესე იგი‚ არენაზე სხვა ქალი გამოჩნდა.

– კი მაგრამ‚ შენ‚ 21 წლის ღლაპმა‚ საიდან იცი ამდენი? ისე მელაპარაკები‚ თითქოს მე ვიყო პატარა გოგო და შენ – გამოცდილი ქალი! – აღშფოთდა ანუკა.

– საიდან ვიცი და იქიდან‚ რომ ჩემი ერთი მეგობარი ზუსტად მაგ „მეთოდით“ მიატოვა შეყვარებულმა. ოთხი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს ჩურჩუტი ჩემი დაქალი გონებადაკარგული იყო იმ არაკაცის სიყვარულით. მთელი ოთხი წლის განმავლობაში რაღაც ნომრებს უტარებდა ის აფერისტი‚ ეს კი სულ ამართლებდა და მის ყოველ ნაძირლურ საქციელს რომანტიკულ ფერებში ხვევდა. იმ ნაგავმა ბოლოს თავის ყოფილ ნაშებზე დაიწყო ამ სულელთან ჭორაობა – ყველას დასცინოდა‚ მასხრად იგდებდა; შენ სულ სხვა ხარო‚ – ეუბნებოდა‚ – შენთან ბედნიერი ვარო. ამასაც უხაროდა. სანამ მიატოვებდა‚ რამდენიმე თვით ადრე უთხრა‚ ნათესავებმა ერთი საფრთხობელა გამაცნეს და, იძულებული გავხდი‚ კინოში წამეყვანა. იქ ძმაკაცი შემხვდა და იმ გოგოს ამრეზით შეხედა, მე კი ორი თითი გადავაჯვარედინე და ჩუმად დავანახვე – „უჯეროას“ პონტში. ძმაკაცი დაწყნარდა‚ მაგრამ, მაინც თითი დამიქნია. თუ ვინმემ გითხრას‚ გოგოსთან ვნახეო‚ არაფერი იფიქრო‚ იცოდე‚ რომ იმაზეა ლაპარაკიო...

– მერე? – დაინტერესდა ანუკა.

– რა‚ მერე? მერე ის‚ რომ ამ ჩემს დაქალთან შეხვედრებს თანდათან მოუკლო‚ მაგრამ ყოველი ნახვისას იმ გოგოს ლანძღავდა – ქაჯიაო; მეცოდება‚ ისეთი მახინჯიაო. ჩემი ნათესავის ხათრით – ანუ‚ ვინც გააცნო‚ იმის ხათრით‚ – დავათრევ ხანდახან აქეთ-იქითო. თან‚ ისეთ ადგილებში დამყავს‚ რომ ნაცნობი არ შემხვდეს. მეპაზორება‚ მაგასთან ერთად ვინმემ დამინახოსო... ეს ჩემი დებილი დაქალი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა – ჩემთან ერთად რომ დადის‚ არავის ემალება ხოლმეო.

– ინტიმი ჰქონდათ?

– ვის? – გაუკვირდა მარის.

– შენს დაქალს და იმის შეყვარებულს.

– არა‚ მთლად ლოგინში არ ჩაუწვენია‚ მაგრამ‚ აღარც არაფერი უკლდა.

– ანუ?

– ანუ‚ მოფერება‚ რამე‚ რუმე... – ეს სულელი ყველაფერზე თანახმა იყო. ერთხელ‚ იმ დამპალმა დაურეკა – ბიძაჩემის სახლს უნდა ავხედო და‚ თუ გინდა‚ მოდიო‚ – ბიძამისი რომელიღაც ქვეყანაში იყო სამუშაოდ წასული და იმის დაკეტილ ბინას ეს აქცევდა ყურადღებას. ჩემი დაქალი‚ ცხადია‚ მიხვდა‚ რისთვისაც იბარებდა‚ მაგრამ‚ მაინც წავიდა.

– მერე? – დაინტერესდა ანუკა.

– მერე‚ მივიდა დათქმულ მისამართზე, დათქმულ დროს‚ მაგრამ, არ მობრძანდა ყმაწვილი. ეს სულელი მთელ საათს ელოდა... გაგიჟებული დაბრუნდა სახლში – ეგონა‚ გზაში რამე შეემთხვაო. საღამოს „რომეომ“ დაურეკა და „აუხსნა“: იმიტომ არ მოვედი‚ რომ, ვიცოდი‚ თავს ვერ შევიკავებდი და, არ მინდოდა‚ ცხოვრება დამენგრია შენთვისო.

– კი მაგრამ‚ თუ ასე გიჟდებოდა და ცოლად უნდოდა‚ რატომ დაენგრეოდა იმ გოგოს ცხოვრება?

– მეც ეგ ვუთხარი იმ ჩერჩეტს‚ მაგრამ‚ იცი‚ რა მითხრა?! – ქართული ტრადიციების მკაცრად მიმდევარ ოჯახშია გაზრდილი და ეს ბარიერი ამიტომ ვერ გადალახაო‚ – ზუსტად ეს სიტყვები მითხრა. მაგრამ‚ ყველაზე კარგი ის იყო‚ რომ, ლამის ცოტნე დადიანის გმირობას შეადარა მისი საქციელი‚ რომელიც‚ კაცმა არ იცის‚ საერთოდ ჩაიდინა თუ არა.

– რა საქციელი?

– იმ ნაძირალამ უთხრა‚ დიდი და‚ ცხადია‚ საღი კბილი ამოვიღე გაუყუჩებლად‚ რომ ამ ტკივილით შენდამი ლტოლვა დამეთრგუნაო. ამასაც‚ რა თქმა უნდა‚ სჯეროდა და უხაროდა – ეს რა რაინდი მყავსო.

– ბოლოს როგორ დამთავრდა მათი ამბავი?

– ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ტიპი აღარ ურეკავდა და‚ შესაბამისად‚ აღარც ხვდებოდა. ეს ბრიყვი თუ დაურეკავდა‚ ეუბნებოდნენ‚ ქალაქში არ არისო. არადა‚ მე თვითონ ვნახე ერთხელ ვაკის პარკში ერთ მართლაც უშნო გოგოსთან ერთად და თვალი ამარიდა. საერთო ნაცნობებისგან ისიც გავიგე‚ რომ ცოლის შერთვას აპირებდა. ერთხელაც‚ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ‚ დაურეკა და უთხრა‚ ქალაქში არ ვიყავი‚ წუხელ ჩამოვედი, ძალიან მომენატრე და გამოდიო. ესეც‚ რა თქმა უნდა‚ მაშინვე გაიქცა. მახსოვს, სამშაბათი იყო. საღამოს აღფრთოვანებულმა დამირეკა‚ ჩემზე ბედნიერი ქალი არ მეგულებაო. მითხრა‚ რომ მის „ტარიელს“ ის გოგო ისევ გაუსწორებია მიწასთან – რაც წასული ვიყავი‚ დავისვენე იმ „უჟასთან“ სავალდებულო შეხვედრებისგანო. 

ამდენი ხნის უნახავმა „რაინდმა“ შემდეგი პაემანი პარასკევს დაუნიშნა‚ მაგრამ, ისევ არ მივიდა‚ ოღონდ, ამჟამად კბილის ამოღება და მსგავსი სისულელეები აღარ მოუგონებია. არც კი დაურეკა. რამდენიმე დღის განმავლობაში ლიკა ჭკუაზე არ იყო ნერვიულობისგან‚ მაგრამ‚ აღარ შეეხმიანა – ალბათ‚ გული რაღაცას უგრძნობდა. ორშაბათს გავიგეთ‚ რომ შაბათს სწორედ იმ „უჟასთან“ ჰქონია ქორწილი‚ კვირას კი სიმამრს საქორწილო მოგზაურობაში გაუშვია სადღაც კაი ქვეყანაში.

– ახლა? ახლა როგორ არის შენი მეგობარი?

– ახლა არა უშავს‚ გადავატანინეთ. მაგრამ‚ თავიდან‚ რამდენიმე თვის განმავლობაში, სულ კუდში დავყვებოდით‚ მარტოს არ ვტოვებდით – ისეთი დეპრესია ჰქონდა‚ გვეშინოდა‚ თავისთვის რამე არ აეტეხა‚ – თქვა მარიმ და ენაზე იკბინა‚ ეს რა წამომცდაო. მერე კი დაამატა‚ – მაგრამ მალე მიხვდა‚ რომ არც ერთი კაცი ქალის ერთ ცრემლადაც არ ღირს.

ანუკას გაეცინა.

– რა გაცინებს?

– შენზე მეცინება. ისე ლაპარაკობ‚ თითქოს დიდი გამოცდილება გქონდეს კაცებთან ურთიერთობაში.

მარის გაუხარდა‚ იფიქრა‚ სხვა „ტალღაზე“ გადავრთეო‚ მაგრამ‚ ანუკა ისევ დაუბრუნდა თავის პრობლემას:

– მოკლედ‚ ჩემო კარგო‚ ასეა თუ ისეა‚ ან ყველაფერს მეტყვი‚ ან ხვალ დილასვე მივდივარ ნინიკოს მშობლებთან. შვილებს გეფიცები‚ თუ არ მივიდე.

– კარგი‚ გეტყვი. სხვა შემთხვევაში‚ ალბათ‚ ვერ გეტყოდი‚ მაგრამ‚ არ მინდა‚ ნინიკოზე ცუდი იფიქრო. მოკლედ... გელა ნინიკოს კარის მეზობელთან დადის... – მარიმ მაინც ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი‚ – ჰოდა‚ ნინიკო რომ დაინახა‚ ერთმანეთი იცნეს და...

ანუკა გაშრა. რამდენიმე წუთს თვალდახუჭული იჯდა‚ მერე თითქოს გონება გაუნათდა. უცებ წამოხტა და ჩაცმა დაიწყო.

– რას შვრები? – შეეშინდა მარის.

– არაფერს‚ ვიცვამ. ახლავე ადგები და ნინიკოსთან წამიყვან!

– გაგიჟდი? ამ შუაღამისას?

– ჰო‚ გავგიჟდი! თანაც‚ შუაღამე კი არა‚ ჯერ ათი საათიც არ არის. ადექი-მეთქი‚ რომ გეუბნები! – ისეთი ხმით დაიყვირა ანუკამ‚ რომ მარი მექანიკურად ადგა და უკან გაჰყვა.

ტაქსი მაშინვე გამოჩნდა.

– ბაგებში! – უბრძანა მძღოლს ანუკამ და მარის მიუბრუნდა‚ – სახლი შენ უკეთ იცი!

თხუთმეტი წუთის შემდეგ ნინიკოს კორპუსთან გაჩერდნენ.

– უნდა დაგველოდოთ. ერთი საათიც რომ გავიდეს‚ არ წახვიდეთ. კარგად გადაგიხდით! – უთხრა მძღოლს ანუკამ და სადარბაზოში შევიდა.

მარიმ ლიფტი გამოიძახა და მეშვიდე ღილაკს დააჭირა თითი.

– ამ კორპუსში ნამყოფი ვარ‚ აქ ერთ დროს ჩემი ამხანაგი ცხოვრობდა‚ მგონი‚ ისიც მეშვიდე სართულზე‚ – მექანიკურად ჩაილაპარაკა ანუკამ.

ლიფტი ოდნავ შეჯანჯღარდა და გაჩერდა. ანუკა და მარი კაბინიდან გამოვიდნენ და დაძაბულები შეაჩერდნენ ერთმანეთს.

– იქნებ‚ არ გვინდა‚ ჰა?! – გაუბედავად დაიჩურჩულა მარიმ.

– გვინდა. რომელია ნინიკოს ბინა?

– აი‚ ეს‚ თეთრი კარი...

– ესე იგი‚ კარის მეზობელი – ეს ყავისფერი კარია.

– ჰო‚ ასე გამოდის.

მარი თეთრი კარისკენ წავიდა და‚ ის იყო‚ ზარის ღილაკზე უნდა დაეჭირა თითი‚ რომ ანუკამ შეაჩერა:

– არ დარეკო‚ მე ნინკო არ მჭირდება!

– აბა?! – ვერ მიხვდა მარი.

– იმ ქალბატონის ნახვა მაინტერესებს‚ – და ანუკა ყავისფერი კარისკენ დაიძრა. მერე კანკალით მიაჭირა თითი ღილაკს და მიაყურადა.

კარს უკან ჯერ ბავშვის ტირილის ხმა მოესმა‚ მერე მამაკაცის ბარიტონი:

– კარგი‚ მამიკო‚ რა გატირებს? მოდი ჩემთან‚ მოდი‚ კარი ერთად გავაღოთ!

ანუკას თითქოს ურო მოხვდა თავში‚ თვალთ დაუბნელდა და‚ მარი რომ არ ყოფილიყო‚ იქვე გაიშხლართებოდა. რამეში ეჭვის შეტანა უკვე გამორიცხული იყო.

რამდენიმე წამში კარი გაიღო და გელა და ანუკა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ორივესთვის‚ რომ ხმა ვეღარ ამოიღეს. მოკლესახელოებიან მაისურსა და ტრუსებში გამოწყობილ გელას ხელში პატარა ბავშვი ეჭირა.

„ოჯახური იდილია“‚ – სიმწრით გაიფიქრა ანუკამ და თვითონაც გაუკვირდა‚ რომ ირონიის თავი კიდევ ჰქონდა.

– გელა‚ ვინ მოვიდა? – იკითხა ბინის სიღრმიდან ქალის ხმამ‚ რომელიც‚ თავისი მდგომარეობის მიუხედავად‚ ანუკას მაინც ნაცნობად ეჩვენა. პასუხი რომ ვერ მიიღო‚ დიასახლისი თვითონ წამოვიდა კარისკენ‚ მაგრამ‚ ანუკას დანახვაზე ადგილზე გაქვავდა.

– ნატა?! – ანუკას გაგიჟებას არაფერი უკლდა.

ნატა მოულოდნელობისგან ჯერ დაიბნა‚ მაგრამ, უცებ მოეგო გონს და საკმაოდ ცინიკურად და უხეშად მიმართა კარში მდგარ ყოფილ მეგობარს:

– ჰო‚ ნატა ვარ. რა‚ გგონია‚ გამოგვიჭირე?! აბა‚ დაიწყე ახლა კივილი‚ შეყარე ქვეყანა! სიმართლე გითხრა‚ სულ ფეხებზე მკიდია‚ ვინ რას იტყვის. ქმარი თუ გინდოდა‚ მის შენარჩუნებაზეც უნდა გეზრუნა. ახლა კი დაახვიე აქედან!

პატარა ბიჭუნა‚ რომელიც გელას ჰყავდა ხელში ატატებული‚ მთელი ხმით ატირდა. ანუკამ მხოლოდ ახლა შეხედა ბავშვს.

– ეს... – ამოილუღლუღა უმწეოდ.

– დიახ‚ ეს ჩვენი შვილია‚ ანდრო ასათიანი‚ – ნიშნის მოგებით უთხრა ნატამ და გელას ბავშვი ჩამოართვა‚ – რას გაშტერებულხარ ამხელა კაცი‚ მიხურე კარი‚ ორპირი ქარია!

გელამ მექანიკურად მიხურა კარი. ცოცხალ-მკვდარი ანუკა და გაფითრებული მარი ერთმანეთს შეაცქერდნენ.

– წამოდი‚ – გაბედა მარიმ და დეიდაშვილი თითქმის ძალით შეიყვანა ლიფტში.

***

ის ღამე ანუკამ და მარიმ თეთრად გაათენეს. დილით ანუკა გონს მოვიდა‚ ორი დიდი ჩანთა და ერთი ჩემოდანი გამოიღო კარადიდან და გელას ნივთებითა და ტანსაცმლით გამოტენა. მარი ყველაფერს მიხვდა‚ მაგრამ, აღარ შეუჩერებია. ანუკამ‚ როგორც თვითონ თქვა‚ ყოფილი ქმრის „მზითევი“ გაამზადა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.

– მაინტერესებს‚ ამ ხლამის წასაღებად რომ მობრძანდება‚ რით იმართლებს თავს. ფეხქვეშ რომ გამეგოს‚ აღარ ვაპატიებ‚ – უთხრა მარის. მაგრამ, არც „ხლამის“ წასაღებად‚ არც ბოდიშის მოსახდელად და‚ მით უმეტეს – პატიების სათხოვნელად‚ არავინ მოსულა. სამი დღის შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოვიდა – გელასგან ვარო და იმან წაიღო ბარგი.

ანუკა საბოლოოდ განადგურდა. გაოგნებულმა მარიმ ანუკას მშობლებსა და რამდენიმე დაქალს დაურეკა. ანუკა გათიშული დადიოდა ოთახიდან ოთახში. მარი ერთი წუთითაც არ მოშორებია გვერდიდან. დისგან დაბრუნებულმა დედამთილმა რომ გაიგო‚ რაც მოხდა‚ შვილი დაწყევლა და ხატზე გადასცა. რძლის ცოდვით აღარ იყო‚ კუდში დასდევდა და პატიებას სთხოვდა. ანუკას შეეცოდა მოხუცი‚ რომლისგანაც სიკეთის მეტი არაფერი ახსოვდა და, ცდილობდა‚ მისი თანდასწრებით თავისი დარდი არ გამოემჟღავნებინა. დაქალები რიგ-რიგობით რჩებოდნენ ღამით მასთან და ცდილობდნენ‚ ტკივილი შეემსუბუქებინათ. ანუკას დედა ისე იყო შეშინებული‚ ჩემს შვილს არაფერი დაემართოსო‚ რომ, მის ყველა მეგობარს დაურეკა და სთხოვა‚ მარტო არ დატოვოთ‚ არ გაგიჟდესო. ანუკას მამას ხმამაღლა არაფერი უთქვამს‚ მაგრამ‚ გულში გადაწყვიტა‚ სადაც ვნახავ გელას‚ ისე ვცემ‚ მთელი ცხოვრება ქალისკენ ვეღარ გაიხედოსო.

რამდენიმე დღის შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა და ანუკასთან დედა‚ დედამთილი და მარი დარჩნენ. მამა ღამით სახლში მიდიოდა‚ დღისით კი შვილთან იყო და საკმაოდ უმწეოდ ცდილობდა‚ გაემხნევებინა. ანუკას ისეთ დღეში ჰქონდა ნერვები‚ რომ ყველაფერი აღიზიანებდა – გამხნევებაც‚ ნუგეშიც და ზედმეტი ყურადღებაც; დედისა და დედამთილის კრუსუნს ხომ მთლად სიგიჟემდე მიჰყავდა. ცდილობდა‚ შეძლებისდაგვარად, ყოჩაღად ყოფილიყო‚ მაგრამ‚ არ გამოსდიოდა და უფრო საბრალოდ გამოიყურებოდა. მხოლოდ მარი არ აღიზიანებდა. ეს პატარა გოგო ბრძენი მოხუცივით იქცეოდა და ანუკას აწეწილ ნერვებს უწყნარებდა.

ანუკა მიხვდა‚ რომ მარტო ყოფნა უნდოდა. უნდოდა‚ კარგად ჩაფიქრებოდა თავის მდგომარეობას და ყველაფერი წესიერად აეწონ-დაეწონა. აღარც შვილების შეშინებული სახეების ყურება შეეძლო. დედას სთხოვა‚ ბავშვები შენთან წაიყვანე და რამდენიმე დღე თქვენთან იყვნენ‚ მარტო რომ ვიქნები‚ უფრო მალე გამოვალ ამ მდგომარეობიდანო. დედას არ უნდოდა მისი მარტოდ დატოვება‚ მაგრამ‚ ბოლოს მიხვდა‚ რომ მართლაც ასე აჯობებდა და დათანხმდა.

ანუკამ ყველა დაითხოვა და მარტო მარის სთხოვა‚ თუ შეგიძლია‚ ერთ-ორ კვირას ჩემთან იყავიო. მარის გაუხარდა კიდეც – მარტო ორნი რომ ვიქნებით‚ უფრო მალე მოვიყვან ჭკუაზეო. ლელამ იფიქრა‚ ამ სიტუაციაში‚ ჯობდა‚ თვითონაც გასცლოდა რძალს და ანუკას უთხრა‚ ხვალ ჩემს დასთან წავალ‚ თუ არ გეწყინებაო. ანუკა მიხვდა‚ რატომაც გადაწყვიტა ლელამ ასე და მადლობის ნიშნად გადაეხვია.

პირველ სამ დღეს მარის ძალიან გაუჭირდა ნერვებად ქცეულ ანუკასთან ყოფნა‚ მაგრამ‚ მერე და მერე თითქოს ანუკაც შეეგუა მომხდარს და ოდნავ დამშვიდდა.

მარი დილით უნივერსიტეტში მიდიოდა‚ ერთ-ორ ლექციას დაესწრებოდა და მაშინვე ანუკასთან გარბოდა. მერე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა‚ გაერთო‚ მისი ყურადღება რამე სხვაზე გადაეტანა და‚ შეძლებისდაგვარად‚ დარდი გაექარვებინა. ანუკამ თითქმის მთლად აკრძალა ჭამა და ყავისა და სიგარეტის გარდა არაფერს ეკარებოდა. ერთ კვირაში კი ისე გახდა‚ ლანდივით დადიოდა ოთახებში. მარი შეაშინა დეიდაშვილის ასეთმა მდგომარეობამ და გადაწყვიტა‚ მისი კვებისთვის მიეხედა – დილა-შუადღე-საღამო საკუთარი ხელით უწურავდა სხვადასხვა ხილს და წვენს ძალით ასმევდა. მარკეტში კარგი ხარისხის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილა იყიდა და ყავასთან შეტანებას აიძულებდა. მერე ნელ-ნელა სალათებისა და რძის ნაწარმის „შეპარებაც“ დაიწყო და‚ როდესაც ერთ დღეს ანუკამ ისე‚ სხვათა შორის თქვა‚ თევზი მომენატრაო‚ მარი მიხვდა‚ რომ გაიმარჯვა. გახარებული მაშინვე გაიქცა ბაზარში და სამნაირი თევზი და ლუდი მოიტანა.

– გაგიჟდი? რა ამბავია? – გაოცდა ანუკა‚ როცა მარიმ მაგიდაზე ამოალაგა ნავაჭრი.

– გავგიჟდი კი არა‚ თევზი მომენატრაო‚ რომ თქვი‚ სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. მეც მენატრებოდა თევზი‚ მაგრამ, თქმას ვერ ვბედავდი‚ მერიდებოდა. ახლა მიზეზი მომეცა და მომენტს გავუშვებდი ხელიდან?! – ქაქანებდა მარი და ცალ-ცალკე თეფშებზე აწყობდა „ცოცხალსა“ და მოხარშულ ზუთხს‚ – ამ პარკში კი ტარანია. ახლა მე და შენ ვიქეიფებთ‚ – და მარიმ სასწრაფოდ გააწყო სუფრა.

ანუკას ძალიან ესიამოვნა ცივი ლუდი.

– მოდი‚ „ცოცხალი“ და ზუთხი ხვალ ვჭამოთ‚ ლუდს ტარანი უხდება‚ – თქვა მადაზე მოსულმა და მაცივრიდან ტყემალი გამოიღო. მერე ქვაბით წყალი შემოდგა ცეცხლზე‚ ორი დიდი ტარანი სასწრაფოდ გაფცქვნა და ქვაბში ჩაყარა.

– მგონი‚ სადღაც სიმინდის ფქვილი უნდა იყოს‚ მოძებნე რა‚ მჭადიც გამოვაცხოთ‚ – სთხოვა მარის.

– არ გინდა მოძებნა‚ მოვიტანე‚ – დაფაცურდა გახარებული მარი და სასწრაფოდ მოზილა ცომი.

ერთი საათიც არ იყო გასული‚ რომ დეიდაშვილები გემრიელად მიირთმევდნენ ტყემალში ამოწობილ მოხარშულ ტარანს‚ ცხელ-ცხელ მჭადს და ზედ‚ ადესის ნაცვლად‚ ცივ‚ ქაფიან ლუდს აყოლებდნენ.

ანუკა ნელ-ნელა გამოკეთდა‚ მოღონიერდა და რეალურად შეხედა თავის მდგომარეობას. მარი სულ თავს არიდებდა გელას ხსენებას‚ მაგრამ, ერთ საღამოს ანუკამ სავარძელში დასვა და სთხოვა‚ მოესმინა. მარი აღელდა‚ თუმცა‚ მიხვდა‚ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და დათანხმდა.

– ერთხელ კიდევ უნდა გამიწიო დახმარება. ჯერ პატარა ხარ ასეთი საქმეებისთვის‚ მაგრამ‚ სხვას ამას ვერ დავავალებ. ჩემს მეგობრებს რომ ვთხოვო‚ ყველაფერში დაწვრილებით უნდა გავარკვიო და ამის არც სურვილი მაქვს და‚ რაც მთავარია‚ არც ნერვები. თანაც‚ ოჯახის საქმეში‚ ჯობია‚ გარეშე არ ჩარიო. მეგობარი კი‚ თუნდაც ძალიან ახლობელი‚ ასეთ სიტუაციაში მაინც გარეშე ადამიანია.

– არ გინდა ამდენი ალია-ბალია‚ მითხარი‚ რა გავაკეთო!

– დაურეკავ გელას და ეტყვი‚ რომ გაყრაზე შეიტანოს განცხადება. ახლა‚ რაც შეეხება ბინას: ერთ-ერთი გადაუფორმოს ბავშვებს და კარგად იყოს. თავისი ნივთებიც წაიღოს – მაგისი არც ავეჯი მჭირდება‚ არც არაფერი.

– ლელა?

– რა – ლელა?

– ლელას რას უპირებ?

– რას ჰქვია‚ რას ვუპირებ? ლელა ჩემთან დარჩება. არა მგონია‚ თავის შვილთან მოინდომოს ცხოვრება.

– ეგ რანაირად იქნება‚ რას იტყვის ხალხი?

– აბსოლუტურად არ მაინტერესებს‚ ვინ რას იტყვის. ამ ქალს ჩემთვის სიკეთის მეტი არასდროს არაფერი გაუკეთებია და‚ თუ ჩემთან ურჩევნია ყოფნა‚ იქ იცხოვრებს‚ სადაც მე და ბავშვები ვიქნებით.

დარეკვის ნაცვლად მარი მეორე დღესვე სახლში მიადგა გელას. ბედზე, ნატა შინ არ დახვდა და ანუკას „ელჩი“ პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– მერჩივნა‚ სადმე სხვაგან შევხვედროდით ერთმანეთს და იქ გველაპარაკა‚ მაგრამ‚ არ მინდოდა‚ ვინმეს ერთად დავენახეთ და ჰგონებოდა‚ რომ ჩემი დეიდაშვილი შერიგებას გეხვეწება.

გელამ დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოიღო‚ მარიმ კი თამამად განაგრძო:

– მოკლედ‚ საქმე ასეა: შენ შენი არჩევანი გააკეთე. რამდენად კაცურია შენი საქციელი‚ ეს ცალკე საუბრის თემაა‚ მაგრამ, ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ‚ ამაზე ოდესმე სხვა გაგცემს პასუხს.

– მემუქრები? – უცბად გაღიზიანდა გელა‚ – შენი ჭკუით‚ მაშინებ? შე ლაწირაკო‚ ვინ მოგცა უფლება‚ სახლში მომივარდე და პრავები მიკაჩავო?

– ლაწირაკივით შენ იქცევი და ცოტა ჭკვიანად იყავი‚ თორემ, გაჩენის დღეს გაწყევლინებ‚ შე არაკაცო! მეც ანუკა ხომ არ გგონივარ! მე შენთან საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ‚ გითხარი, რომ ამას სხვა გააკეთებს‚ სხვა დროს და სხვა ადგილას და, ის სხვა სწორედ ის ადამიანი იქნება‚ ვისაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენ ამ როლში. ახლა ცოტა აზრზე მოდი და მომისმინე: ანუკას არაფერი არ უნდა შენგან‚ გარდა ერთისა – როგორც კანონიერი მამა‚ ვალდებული ხარ‚ შენს შვილებს კუთნვილი წილი მისცე‚ უფრო ზუსტად – ბინა‚ რომელშიც იცხოვრებენ. ანუკას არც აგარაკზე აქვს პრეტენზია‚ არც მანქანაზე‚ არც ავეჯზე და არც ალიმენტზე. შემოგითვალა‚ განცხადება თვითონ შეიტანოს გაყრაზე‚ ერთ-ერთი ბინა ბავშვების სახელზე გადააფორმოს და კარგად იყოს‚ ცხოვრებაში აღარაფერზე შევაწუხებო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3