კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უწყინარი მოხელე

მისტერ კესლერი უწყინარი, უპრეტენზიო კაცი გახლდათ. სამსახურიც ასეთი ჰქონდა: პატარა ოფისში, სადაც მარტო თვითონ იყო, მომხმარებლების პრეტენზიებს იხილავდა და მათ სამომხმარებლო ბაზარზე შემოსულ ახალ პროდუქტებსაც აცნობდა. ოფისსაც ასე ერქვა: „სიახლეები – კლიენტებისთვის“. ყოველ დილით ცოლი საუზმეს უმზადებდა და ეუბნებოდა, გამოსასვლელ დღეებში რომელ ნათესავთან იყვნენ სტუმრად მისასვლელი. მისტერ კესლერს ყველაზე მეტად ეს დღეები სძულდა, მაგრამ, ცოლის ხათრით ხმას ვერ იღებდა – როგორც უკვე გითხარით, უწყინარი და უპრეტენზიო კაცი იყო. უზარმაზარ შენობაშიც, სადაც თავის პატარა ოფისს ქირაობდა, არავის იცნობდა, გარდა ხანში შესული დარაჯისა. რობინი მას კორესპონდენციას ახვედრებდა ხოლმე. იმ დღესაც ყველაფერი ჩვეულებრივად იყო: საუზმეზე ცხელი ტოსტები და რძიანი ყავა მიირთვა. ცოლმა მექანიკურად ჰკითხა‚ დღეს მანქანა ხომ არ დაგჭირდება, საყიდლებზე მინდა გასვლაო და, როცა პასუხად უარი მიიღო, გაიღიმა. „შევროლე“ ავტოფარეხში იდგა. ოთხი წლის წინ შეიძინეს კესლერებმა საკმაოდ კარგ ფასად. კესლერს გატაცება ჰქონდა – თიხის ყულაბების ფერებით მოხატვა. ფარეხში მუდამ იდო ფუნჯები, საღებავები და გამხსნელი. სახლიდან ავტოფარეხის გავლით გავიდა. სამსახურამდე მეტროთი იმგზავრა და დარაჯისგან კორეპსონდენციის საკმაოდ მოზრდილი დასტაც მიიღო. წერილებთან ერთად, რამდენიმე გაზეთი და პატარა ყუთიც იყო. მისტერ კესლერი უბრალო, ოდნავ გაქუცული ავეჯით გაწყობილ ოთახში შევიდა. მაგიდასთან მოკალათდა და კორესპონდენციის გადარჩევას შეუდგა. წერილებს, ძირითადად, წაუკითხავად ხევდა და ურნაში ყრიდა, მხოლოდ ორი მათგანი გახსნა და ყურადღებით წაიკითხა. მერე მუყაოს კოლოფებს მიადგა, სათითაოდ გახსნა და იქიდან პატარ-პატარა სუვენირები ამოალაგა. „ბრელოკები“, კალმების ორიგინალური ჩასაწყობები, სამშვენისები... გადაარჩია და ნაწილი საწერი მაგიდის უჯრაში ჩაყარა. სულ ბოლოს გაზეთებს მიუბრუნდა – გადაათვალიერა, რამდენიმე სარეკლამო განცხადება ამოჭრა და შეინახა, გაზეთები კი ურნაში ჩაყრილ დახეულ წერილებს მიუმატა. ამ საქმიანობამ ორი საათი წაართვა. თორმეტი სრულდებოდა, როცა კმაყოფილმა მოიფშვნიტა ხელები. მერე პიჯაკი ჩაიცვა, დერეფანში გამოვიდა და ლიფტით ქვემოთ ჩავიდა. ხელში თავისი პატარა, განუყრელი ჩემოდანი ეჭირა.

– ლანჩზე მიდიხართ, მისტერ კესლერ? – ჰკითხა დარაჯმა.

– ჯერ დანტისტთან უნდა შევიარო. კბილი ამტკივდა. გუშინ ჩავეწერე კონსულტაციაზე, – უპასუხა კესლერმა.

– ჰო?! აქვე ერთი კარგი დანტისტია, გლივერი.

– ვიცი. სწორედ მასთან ვარ ჩაწერილი, – თავაზიანად გაუღიმა კესლერმა და შენობიდან გავიდა... რამდენიმე კვარტალი ფეხით იარა. გზადაგზა აფთიაქებში შედიოდა და დოლბანდის თითო ხვეულას ყიდულობდა. ბოლოს პაკეტში რვა ცალი დოლბანდი აღმოაჩნდა. „კოლამბუს სერკლზე“ მეტროში ჩავიდა და აღმოსავლეთ ბროდვეისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. მონტგომერ სთრითზე ამოვიდა და გზას ისევ ფეხით გაუყვა. დანიშნულების ადგილას რომ მივიდა, გაჩერდა და მიიხედ-მოიხედა. დიდ ტერიტორიაზე საწყობები იყო ჩამწკრივებული. ერთი ფერის, ჩაჟანგებული და ჩამუქებული შენობები საკმაოდ მოსაწყენ პეიზაჟს ქმნიდა. მისტერ კესლერმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და გასაღები ამოიღო. მესამე რიგში ერთ-ერთი საწყობის კარს მოარგო და მძიმე გასაღები საკეტში ნელა გადაატრიალა... საწყობი საკმაოდ მოზრდილი იყო, თუმცა, შიგნით საკმაოდ ბნელოდა... კარი მიხურა და ჩამრთველი მოძებნა. საწყობი სუსტი შუქით განათდა. მისტერ კესლერს იქაურობისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩემოდანი იატაკზე დადო, გახსნა და იუველირის სიზუსტით შეუდგა საქმიანობას. ჯერ ცხვირსახოცი ამოიღო და ჩამრთველი საგულდაგულოდ გაწმინდა... ჩემოდანში ბენზინით სავსე მუცელგაბერილი ბოთლი და მსხვილი სანთელი იდო; ასევე, ბასრპირიანი დანა... მისტერ კესლერმა დოლბანდები სათითაოდ ჩააწყო ბენზინიან ბოთლში და აცადა, სანამ თითოეული მათგანი კარგად გაიჟღინთებოდა. მერე გაშალა ისინი და მთელი საწყობი გარდიგარდმო ამ დოლბანდებით დაქსელა. როგორც ობობას ქსელი, ბინტების ბოლოები კი საწყობის შუაგულში დადებულ სანთელზე დააწყო, ზემოდან მეორე სანთელი დაადო და მჭიდროდ დაამაგრა. დარჩენილი სანთელი სანთებელათი გაადნო, იატაკზე რამდენიმე ადგილას დააწვეთა და აცადა, ოდნავ გამშრალიყო, მერე ჩემოდნიდან პატარა მენზურა ამოიღო, რომელშიც რაღაც ფხვნილი ეყარა და ეს ფხვნილი თანაბრად გადაანაწილა სანთლის ნაღვენთებზე. ამ საქმეს რომ მორჩა, აკურატულად ჩაალაგა ჩემოდანში დანა, ბენზინიანი ბოთლი, პაკეტი, რომელშიც დოლბანდები ეწყო და მენზურა... მერე დაიხარა, სანთელს მოუკიდა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. სინათლე ისევ ცხვირსახოცით ჩააქრო, კარი გაიხურა და ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო და იქაურობას აუჩქარებლად გაშორდა. უკან იმავე გზით დაბრუნდა. არ დავიწყებია კონსულტაციაზე დანტისტთან შევლაც... ოფისში მისვლამდე დარიჩინიანი ფუნთუშები იყიდა, ერთი ცალი დარაჯს შესთავაზა, ოთახში შევიდა და დაელოდა... კბილი, რა თქმა უნდა, არ სტკიოდა. დანტისტმაც სწორედ ეს უთხრა, მაგრამ, კესლერისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო მისი სიტყვები. ორმოცი წუთის შემდეგ ტელეფონმა დარეკა.

– დააგვიანეთ, მისტერ ჰამლერ! – მკაცრი ხმით უთხრა მისტერ კესლერმა, – ყველაფერი ისეა, როგორც შევთანხმდით? 

– დიახ, – ვინმე მისტერ ჰამლერს ხმაზე ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, – ხანძარმა მოულოდნელად იფეთქა და იქაურობას ისე ელვის სისწრაფით მოედო, ორმა სახანძრო მანქანამაც ვერაფერი უშველა. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ...

– რა – „მაგრამ,“ მისტერ ჰამლერ? თანხა ხომ არ გეძვირებათ?

– არა, არა... მეშინია, რომ, შეიძლება, ყველაფერი გაირკვეს და სადაზღვევო კომპანიამ პრობლემები შემიქმნას. გამოძიება რომ მოითხოვონ?

– მომისმინეთ, ჰამლერ... ეს საქმე პირველად ოცდაათი წლის წინ გავაკეთე ოჯახური პრინციპების გამო – მამაჩემის პრესტიჟი და ინტერესები დავიცავი და იდეალურად გამომივიდა... ჩემს ცოლსაც კი წარმოდგენა არა აქვს, რითი ვარ რეალურად დაკავებული. ეს მარტო ჩემი საიდუმლოა და, ამიტომაც, შეცდომა არც ერთხელ არ დამიშვია. მე პროფესიონალი ვარ, და ამ საქმეში ბადალი არ მყავს. იცით, რამდენი თქვენნაირი ბიზნესმენი მოსულა ჩემამდე?! ყველა დეტალი გათვლილი მაქვს, უმნიშვნელო წვრილმანებამდეც კი. ასე რომ, დამშვიდდით. სადაზღვევო კომპანია მთელ თანხას ისე გადაგიხდით, ოდნავაც არ დაეჭვდება, გამოძიებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

– ჰო, მაგრამ, დღისით-მზისით მოხდა ხანძარი.

– ჰამლერ, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად არის და, რაც ნაკლებს ილაპარაკებთ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

– გავიგე. თქვენი ანაზღაურება საფოსტო ყუთში დაგხვდებათ. როგორც შევთანხმდით, ათას ხუთასი დოლარია.

– ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ, – გაიღიმა მისტერ კესლერმა.

ლიფტიდან გამოსულ კესლერს დარაჯი მიეგება კონვერტით ხელში:

– აი, ახლახან ვნახე საფოსტო ყუთში, თქვენს სახელზეა. კბილი კიდევ გტკივათ?

მისტერ კესლერმა კონვერტი გამოართვა. მეორე ხელში ისევ პატარა ჩემოდანი ეჭირა.

– ამას ხვალ ვნახავ, – ამ სიტყვებით კონვერტი პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო და დარაჯს დაემშვიდობა, – ნახვამდის. კბილს რაც შეეხება, დანტისტი პროფესიონალი აღმოჩნდა – სრულებით აღარ მტკივა...

 

 

скачать dle 11.3