კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

– მის პატიმრობაში აყვანას აპირებ?

– არა, მაგრამ, ბრალს მაინც წავუყენებ. ის არნახული თავხედიბით მოიქცა. ერთმანეთს ვუყურებდით. იცოდა, რომ მე ნებისმიერ შემთხვევაში შევამჩნევდი, მაგრამ, მაინც გააფრთხილა აბულაძე. თუმცა, ამისთვის უკვე დაისაჯა – აბულაძე მისი მანქანით გაიქცა. რამაზი რომ არა, ეჭვმიტანილს ყოველგვარი ხმაურისა და ექსცესების გარეშე ავიყვანდით. დანარჩენი კი თქვენც იცით. მანქანა იმდენად დაზიანებულია, რომ, ეჭვი მეპარება, აღდგენა მოხერხდეს! მისი დანაშაულის სიმძიმეზე კი სასამართლომ იმსჯელოს.

– გასაგებია. ამაში არავინ შეგზღუდავს, მაგრამ, მომხდარის შესახებ შენ და შენი ჯგუფის წევრებმა წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა დაწეროთ. ამ საკითხს დისციპლინარული კომისია განიხილავს. ალბათ, საყვედურს დამოგიცხადებთ. ავალიანისთვის ეს რიგითი მოვლენაა, აი, შენ კი პირველად ჩაგეწერება პირად საქმეში საყვედური.

– მეტი რა გზა მაქვს, შევეგუები, – მშვიდად ჩაილაპარაკა მირიანმა.

– კეთილი. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით, ახლა კი საქმეს გადავხედოთ, – საქაღალდეს გადაწვდა მთავარი პროკურორი, – დანაშაულში ახალი ჯგუფის გამოკვეთამ მართლაც გამიჩინა საფიქრალი. არ დაგიმალავ და, ყოველივე ეს არარეალურად მეჩვენება. შენ პირადად დაკითხე დევიძე. როგორ გგონია, ის სიმართლეს ამბობს?

– ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, ის სიმართლეს ამბობს.

– რატომ ხარ ასე დარწმუნებელი?

– მე ყურადღებით ვაკვირდებოდი დევიძეს, როდესაც ამ გარემომებებზე დაიწყო საუბარი. მრავალ დამნაშავესთან მქონია საქმე. როგორც წესი, მათი უმეტესობა ჩემს მოტყუებას ცდილობდა და დაჟინებული მიმტკიცებდა, რომ ცამდე მართალი იყო და არაფერი დაუშავებია. მაგრამ, მათ შორის მხოლოდ რამდენიმე ახერხებდა ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნებას. დევიძეში კი არანაირი ცვლილება არ მომხდარა – მან იმავე განწყობით მიამბო დანაშაულის ეს მონაკვეთი, როგორც ადრე საუბრობდა. ღელავდა, თვალს ვერ გვისწორებდა, მაგრამ, მისი მდგომარეობისთვის ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, – უპასუხა მირიანმა.

– ესე იგი, შინაგან სიცრუის დეტექტორს ენდობი? – ირონიით ჩაილაპარაკა დავითმა.

– შინაგანი სიცრუის დეტექტორს სასამართლო არ ცნობს. თუ ეჭვმიტანილი ასე აღწერს დანაშაულს, ვალდებული ვარ, ყველა ფაქტი გადავამოწმო. ჯერჯერობით მე ვერაფრით გავაქარწყლებ დევიძის ჩვენებას, მაგრამ, საკითხს მაინც შევისწავლი და, არაუგვიანეს სამი დღისა, შედეგს მოგახსენებთ.

– იმედიანად ხარ განწყობილი, ეს კარგია, – თქვა მთავარმა პროკურორმა, – აბულაძის დაკითხვას როდის აპირებ? მის ჩვენებას დევიძის ნაამბობის დადასტურება ან გაქარწყლება შეუძლია.

– ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ამჟამად პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. თავზე ექვსი ნაკერი დაადეს. აქვს მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. ასეთ მდგომარეობაში მის დაკითხვას აზრი არა აქვს და ექიმებიც არ მომცემენ ამის უფლებას. ამიტომ, რამდენიმე დღე დაველოდები, მანამდე კი დევიძის მიერ აღწერილი ჯგუფის საკითხზე ვიმუშავებთ. მის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მათი ვინაობის დადგენას, – მირიანმა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: ეს იმ შემთხვევაში, თუ რამე არ მომაცდენს. 

– ჩვენ გვგულისხმობს, – დავითს გახედა მთავარმა პროკურორმა.

– რა თქმა უნდა. გასაგებია, რომ ჩვენთან საუბარს ავალიანთან ერთად ქალაქის ქუჩებში მანქანით ჯირითი ურჩევნია, – უპასუხა მან.

– კეთილი. რახან ასე ფიქრობს, ჩვენც იძულებული ვართ, დავეთანხმოთ და ხელი არ შევუშალოთ მუშაობაში, – თქვა მთავარმა პროკურორმა და მირიანს სისხლის სამართლის საქმის მასალები დაუბრუნა.

* * *

რამაზ დევიძე მოღუშული იჯდა ოთახის კუთხეში და დაძაბული ადევნებდა თვალს ანას, რომელიც კომპიუტერთან მუშაობდა. ბოლოს მოთმინება გამოელია და იკითხა:

– დიდხანს უნდა ვისხდეთ ასე?

– შეგიძლიათ, ფეხზე ადგეთ, – მშვიდად უპასუხა ანამ.

– მე მაინტერესებს, რატომ მომიყვანე აქ?

– მე უკვე აგიხსენი, რომ დაკავებული ხარ.

– რა მიზეზით? – სწრაფად თქვა რამაზმა.

– ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

– მე არაფერი მითქვამს ზურასთვის, მან თავად შეგნიშნათ, – თავი იმართლა რამაზმა.

– ჩვენ სხვა რამ დავინახეთ.

– და, სამი გამომძიებლის ჩვენების საფუძველზე უნდა დამადანაშაულოთ?! ამას არავინ დაიჯერებს!

ანა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ, სწორედ ამ დროს კაბინეტში მირიანი შემოვიდა. მან ჩაფიქრებით გახედა რამაზს, შემდეგ სამუშაო მაგიდას მიუჯდა და უთხრა, აქეთ გადმოჯექიო.

რამაზმა მაგიდასთან გადაინაცვლა და მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო გამომძიებელს.

– ანამ უკვე აგიხსნა, შენი დაკავების მიეზი? – ჰკითხა მირიანმა.

– ეს მიზეზი კი არა, თქვენი მცდარი მოსაზრებაა! – უკმაყოფილოდ შენიშნა რამაზმა, – როგორც ჩანს, თქვენ ომი გამოუცხადეთ ჩემს ოჯახს!

– ეს უკვე შენი მცდარი მოსაზრებაა!

– ქალბატონმა ანამ მითხრა, რომ აბულაძის გაფრთხილებაში მადანაშაულებთ. მასაც ვუთხარი და თქვენც გაგიმეორებთ: მე არაფერი მითქვამს მისთვის!

– მოდი, თავიდან დავიწყოთ. რისთვის მიხვედი აბულაძესთან? – თქვა მირიანმა.

– როდის აქეთ კრძალავს თქვენი კოდექსი ნაცნობის მონახულებას? – ირონიით ჩაილაპარაკა რამაზმა.

– იმის თქმა გინდა, რომ აბულაძე, უბრალოდ, მოინახულე და რომელიმე სახინკლეში წასვლას გეგმავდით?!

– თქვენ არ გეხებათ, სახინკლეში მივდიოდით თუ ჩაიხანაში. ამიხსენით, რა დავაშავე ზურასთან შეხვედრით?!

– შეხვედრაში არავინ გადანაშაულებს. მთავარი ისაა, თუ რაზე საუბრობდით და რატომ გააფრთხილე ის, როცა ჩვენ შეგვნიშნე!

– კარგი, გეტყვით. ადვოკატმა მითხრა, რომ ჩემმა ძმამ აღიარა ნონას გაუპატიურება და თანამზრახველად ზურა დაასახელა. რაა იმაში უცნაური, რომ ამის შემდეგ მე ზურას დახმარებით მსურდა ვითარებაში გარკვევა? – უპასუხა დევიძემ.

– ერეკლეს უკვე დაუკავშირდი? – ჰკითხა მირიანმა.

– ერეკლე!.. – ბრაზით თქვა რამაზმა, – რისთვის უნდა დავუკავშირდე ადვოკატს, რომელიც თქვენთანაა შეკრული?

– რას ნიშნავს – „შეკრული“? – მოიღრუბლა მირიანი.

– ერეკლემ უარი თქვა ჩემი ძმის დაცვაზე. ხელშეკრულება ჩემ თვალწინ დახია და აღებული ჰონორარი უკან დამიბრუნა.

– კი მაგრამ, რატომ? – გაუკვირდა მირიანს.

– არ ვიცი. შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ. პირადად მე აღარაფერი მაკავშირებს იმ ავანტიურისტთან!

– მაშინ, სხვა ადვოკატის მოძებნა მოგიწევს. თუ ამის საშუალება არ გაქვს, ადვოკატს ჩვენ გამოვიძახებთ, – შესთავაზა მირიანმა.

– არ მჭირდება. მით უმეტეს, შენი გამოძახებული ადვოკატი!

– შენი ნებაა. მაშინ, ისე დაგკითხავ, – თქვა მირიანმა და საქაღალდეს გადაწვდა.

– ჩვენებასაც არ მოგცემ! – სწრაფად თქვა რამაზმა, – გამოვიყენებ დუმილის უფლებას! მაქვს ამის უფლება?

– გაქვს, – მშვიდად უპასუხა მირიანმა, – მაგრამ, არ გირჩევ ამ უფლების გამოყენებას!

– გასაგებია. შენთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია ჩემგან საჭირო ჩვენების მიღება, მაგრამ არაფერი გამოგივა!

– შენ ერთ გარემოებას არ ითვალისწინებ: თქვენი საუბრის შინაარსის აღწერა აბულაძესაც შეუძლია, თანაც, ეს მის მდგომარეობას არაფრით გაართულებს.

– სად არის ზურაბი? – ნიშნის მოგებით იკითხა რამაზმა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ძმის მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მისი აზრით, ზურაბი აყვანილი რომ ყოფილიყო, მირიანი მისი დაკითხვით იქნებოდა დაკავებული.

– საავადმყოფოში... – უპასუხა მირიანმა, – ჯერჯერობით მისი დაკითხვა არ შეგვიძლია, მაგრამ, ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება.

– საავადმყოფოში?! – დაიძაბა რამაზი, – რა შეემთხვა?

– ავტოავარიისას დაშავდა.

– ესე იგი, ჩემი მანქანა დაზიანდა?! – შუბლი შეიკრა რამაზმა.

– დაზიანდა ის სიტყვა არ არის. არა მგონია, მისი აღდგენა მოახერხო. ტექნიკური სამსახური ახლაც მანქანის მტკვრიდან ამოღებაზე მუშაობს.

– არა! მატყუებ! – წამოიძახა რამაზმა.

– სამწუხაროდ, სიმართლეს გეუბნები. ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა, აბულაძე ზედმეტი ექსცესების გარეშე რომ აგვეყვანა, მაგრამ, შენი დამსახურებით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. შენი მანქანა მტკვრის ფსკერზეა, აბულაძე კი ნეოროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება ტვინის შერყევის დიაგნოზით. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეკითხები: რისთვის მიხვედი აბულაძესთან? – თქვა მირიანმა.

რამაზმა თავი ჩაქინდრა, საფეთქლები მოისრისა და ყრუ ხმით ალაპარაკდა:

– ერეკლემ ბოლომდე არ მითხრა ყველაფერი. გაბრაზებულმა მომახალა, გოგონა შენმა ძმამ და ზურამ გააუპატიურესო და წავიდა. ასე ხომ ვერ გავჩერდებოდი? სასწრაფოდ უნდა გამერკვია ყველაფერი, ამ თემაზე კი ტელეფონით ვერ ვისაუბრებდი. ამიტომაც, ზურას სახლში მივაკითხე. ის ეზოში დამხვდა. თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა – ტყუილია, გაუპატიურებასთან არაფერი გვაკავშირებსო. ჩვენ, უბრალოდ, ქუჩაში მივატოვეთ ნონა და, შემდეგ რა მოხდა, არ ვიციო!.. როდესაც ავუხსენი, რომ დევი გაუპატიურებას აღიარებდა, ვერსია შეცვალა და იმის მტკიცება დამიწყო, ყველაფერი ნონას თანხმობით მოხდა და ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო! ვხვდებოდი, რომ მატყუებდა. არც ვიცი, როგორ აგიხსნათ. იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი, მაგრამ, გამოსავალს მაინც ვერ ვხედავდი. ვერ ვხდებოდი, რით უნდა დავხმარებოდი ჩემს ძმას. მე ავანტიურაზე წასვლაც კი შევთავაზე ზურას...

– რა შესთავაზე? – ჩაეძია მირიანი.

– შევთავაზე, თავის თავზე აეღო დანაშაული. 

– და, მარტო დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე?!

– არა. ის, უბრალოდ, უნდა მიმალულიყო. მე დავპირდი, რომ ფულსაც მივცემდი და საზღვარგარეთ გამგზავრებაშიც დავეხმარებოდი, ჩემი ძმა კი ჩვენებას შეცვლიდა და ყველაფერს ზურას მიაწერდა.

– საინტერესოა... ექსპერტიზის შედეგებსა და ნონას ჩვენებას, რომელსაც თავის დროზე მოგვცემს, რას უპირებდი? – ჰკითხა მირიანმა.

– არ ვიცი. ხომ გითხარი, რომ დაბნეული ვიყავი. ეს საუკეთესო აზრი იყო, რომელიც მაშინ მეწვია, – ჩაილაპარაკა რამაზმა.

– გააფრთხილე თუ არა აბულაძე?

– დამიჯერეთ... ეს შემთხვევით მოხდა. უბრალოდ, შევკრთი და ჩემთვის ჩავილაპარაკე, გავიჭედეთ-მეთქი!.. ზურაბს არ გამოჰპარვია ჩემი აღელვება, თქვენკენ გამოიხედა და ყველაფერს მიხვდა.

– ამას თავად აბულაძე აგვიხსნის.

რამაზი დაიძაბა და გაუბედავად ჰკითხა:

– რა მოხდება ახლა? ისევ იზოლატორში გამგზავნი?

– არა, ამჯერად შინ წახვალ. შენი დაკავება არ მჭირდება. თავდებში გაგათავისუფლებ, მაგრამ, ვიდრე ვითარება არ გაირკვევა, ქალაქიდან გასვლა გეკრძალება, – უპასუხა მირიანმა და ოქმის შედგენას შეუდგა.

შემთხვევის ადგილიდან წასვლამდე, მირიანმა გიორგის სთხოვა: პროკურატურაში ნუღარ დაბრუნდები. შენწილად დღეისთვის თავგადასავლები კმარა. სახლში დარჩი და დაისვენე. აბულაძისა და რამაზ დევიძის საკითხს, მე და ანა უშენოდაც გავარკვევთო. მაგრამ, გიორგიმ ვერ შეძლო შინ გაჩერება. მხოლოდ სველი ტანსაცმელი გამოიცვალა და მაშინვე ლოტკინზე მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილებას მიაშურა.

გიორგი და ოთარ რაზმაძე რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოში. შემდეგ ოთარი ლოტკინის დასახლებაში ქვეგანყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს. მიუხდავად ამისა, მათ ურთიერთობა არ შეუწყვიათ და თავისუფალ დროს ხშირად ატარებდნენ ერთად.

– ისევ მე მომაკითხე? – ღიმილით შეეგება ოთარი ქვეგანყოფილების შენობაში შესულ გიორგის.

– რა ვქნა, ძმაო. შენს იქით გზა არ მაქვს, – უპასუხა მან.

– რისთვის გარბოდი მთავარ პროკურატურაში? – გაიკვირვა ოთარმა, – უჩემოდ ვერაფრისთვის მოგიბამთ თავი. ხომ ხედავ, რომ კაბინეტი შენი საქმე არ არის. შეეშვი მირიანს და ჩემთან გადმოდი. ზუსტად შენი შესაფერისი ადგილი მაქვს კრიმინალურ განყოფილებაში.

– ცოტა ხანი შემინახე ის ადგილი. ეს საქმე თუ ვერ გამოვიძიეთ, მთავარი პროკურორი ნაღდად უმუშევარს დამტოვებს, – ჩაიცინა გიორგიმ.

– ასე გართულდა ვითარება?

– რომ გითხრა, არ დაიჯერებ. ამიტომაც არაფერს გეტყვი.

– კარგი. იმას მაინც ხომ მეტყვი, კონკრეტულად რა გაინტერესებს? რით შემიძლია შენი დახმარება? – ჰკითხა ოთარმა.

გიორგიმ მოკლედ აუხსნა ვითარება და სიტყვა-სიტყვით ჩამოუთვალა დევი დევიძის მიერ აღწერილი ოთხეულის ნიშან-თვისებები.

ოთარი ჩაფიქრდა.

– ცოტაა... ძალიან ცოტაა. უბანში საკმარისზე მეტი მყავს პოტენციური მოძალადეები, მაგრამ შენს მიერ აღწერილ ტიპებს არ ვიცნობ. ხალი ყვირიმალზე, ადვილად დასამახსოვრებელი ნიშანია. რით ასკვნით, რომ ისინი ლოტკინელები იყვნენ? – თქვა მოგვიანებით.

– ეჭვმიტანილმა უჩვენა, რომ დანაშაულის ადგილას მანქანა არ უნახავს. მისი აზრით ეს ოთხეული მათ მისვლამდე იმყოფებოდა იქ. ისინი ბუჩქნარს აფარებდნენ თავს. ჩვენ შევისწავლეთ ის ადგილი. ბუჩქნარში მრავალი ნამწვი აღმოვაჩინეთ. ექსპერტიზამ დაადასტურა, ნამწვებში მარიხუანას შემცველობა...

– შენ გინდა, მითხრა, რომ ისინი სისტემატიურად იკრიბებოდნენ იქ? – არ დაასრულებინა ოთარმა.

– ჰო... ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ ისიც უჩვენა, რომ მარიხუანას ძირითადად ერთი და იგივე პიროვნებები ეწეოდნენ, – უპასუხა გიორგიმ, – მთაწმინდიდან და ვაკედან, დასაბოლებლად არავინ გავა თბილისის ზღვაზე. ახლო-მახლო უბნებიდან, თემქიდან და გლდანიდანაც კი არ ავლენ იქ, მით უმეტეს, ფეხით. ის ხალხი ნაღდად სადღაც აქვე ცხოვრობს!

– მესმის... გეთანხმები, მაგრამ ასეთ ტიპებს არასოდეს შევხვედრივარ.

– ესე იგი, ცუდად მუშაობ! – მოიღრუბლა გიორგი

– შენი გადასაწყვეტი არ არის, ცუდად ვმუშაობ თუ – კარგად! – იწყინა ოთარმა, – თუ კაცი კანონს არ არღვევს, ქურდულს არ აწვება და დღედაღამ ბირჟაზე არ არის ჩამოყუდებული, ჩვენი თვალთახედვის არეში არ ხვდება. ზღვაზე პლანის მოწევა კი წვრილმანია. ჩემს თანამშრომლებს ყველა ბუჩქის გვერდით ვერ დავაყენებ!

– შენ დანით მუქარა და არასრულწლოვნის ჯგუფური გაუპატიურება, წვრილმანი გგონია! – ბრაზი მოერია გიორგის, – დანაშაულის ხასიათი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მათთვის პირველი საქმე არ უნდა იყოს. ჯერ არ შვხვედრივარ „სასტავს“, რომელიც სპონტანურად გიჟდება. შეიძლება, ერთი შეიშალოს, ორი... მაგრამ, როდესაც ოთხი პიროვნება ერთად მოქმედებს, ეს უკვე წინასწარ დაგეგმილი და გააზრებული დანაშაულია.

– კარგი, კარგი... დამშვიდდი, – შემრიგებლური ტონით თქვა ოთარმა და თანამოსაუბრეს მხარზე გადახვია ხელი, – წამოდი, ერთი კაცი მოვინახულოთ.

– ვინ?

– ძველი თანამშრომელია. ამ უბნელია და თანაც, წლების განმავლობაში მუშაობდა კრიმინალურ პოლიციაში. რამდენიმე თვის წინ პენსიაზე გავიდა. კაცი კი არა, მოსიარულე არქივია. ამ უბანში ყოველ კენჭს იცნობს, – უპასუხა ოთარმა და მანქანისკენ დაიძრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3