კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ადრე, როცა ქურდული სამყარო ქურდულ სამყაროს ჰგავდა და ჩვენი ძმები ქურდულ კანონებს პირნათლად ასრულებდნენ, ქურდი, შეიძლება, ათი მანეთის ქურდობისთვის გაესროკათ და ის პატიოსნად მჯდარიყო ციხეში. დღეს კი, ეგრეთ წოდებული ქურდები გაჭირვებული, ავადმყოფი თუ გამოუცდელი ხალხის ხარჯზე მილიონებს შოულობენ და, არათუ ვინმე იჭერს, არამედ, პოპულარიზაციას უკეთებენ მათ და, ეს იმიტომ ხდება, რომ ნამდვილ ქურდულ სამყაროს გაუწიონ დისკრედიტაცია.

ქურდებსა და ქურდულ სამყაროზე გამარჯვების მოპოვებას ადრეც ცდილობდნენ მილიცია და სხვა მსგავსი ორგანოები, მაგრამ, ეს იმიტომ არ მოხერხდა, რომ ჩვენს რიგებში მკაცრი შერჩევა ხდებოდა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 30 წლის ასაკამდე ქურდი ვერავინ გახდებოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებიც, მაგრამ, ეს გამონაკლისი იყო და კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ წესს, რომ ნამდვილი ქურდი ყოველგვარი მამაკაცური ღირსებებით უნდა ყოფილიყო შემკული, ურყევი ნებისყოფა უნდა ჰქონოდა და უმკაცრესად დაეცვა ჩვენი კანონები. სწორედ ასეთები იყვნენ ცალხელა, ბრილიანტი, ზურა და ბევრი სხვა, ვინც სამუდამოდ დარჩნენ ჩვენი სამყაროს ისტორიაში და მათზე დღემდე ლეგენდები დადის. ცალხელას ისტორია ყველამ იცის და, დარწმუნებული ვარ, ახლების უმრავლესობა ფარულად დასცინის მას. არადა, სწორედ ცალხელა და მისნაირები ქმნიდნენ ჩვენს ისტორიას და მათ მაგალითზე იზრდებოდნენ თაობები.

სანამ ბოლო სროკიდან გავთავისუფლდებოდი, ჩვენს საკანში ოციოდე წლის ბიჭი მოიყვანეს, რომელსაც ლევანი ერქვა და სასჯელს ჯიბგირობისთვის იხდიდა. ის ბავშვი, თავისი საქციელითა და მანერებით, კლასიკურ ნეპმანელ ქურდთა მიმდევარს ჰგავდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ეს მას შინაგანად ჰქონდა ნასწავლი და არა სადმე წაკითხული ან გაგონილი. მას ქურდობა უნდოდა და, რადგან საკანში ორი ქურდი ვისხედით, მან ძალიან მორიდებულად ჩაგვაყენა საქმის კურსში.

– კიდევ ვინმე თუ გყავს საქმის კურსში ჩაყენებული? – ვკითხე ლევანს, მან კი მომიგო:

– არავინ. სვაბოდაზე ქურდი არ დატოვეს, მოსკოვში გამგზავრებას კი ვერ ვახერხებდი, რადგან ვიზას არ მაძლევდნენ...

ლევანი ჩემთან ერთად ერთი წელი იჯდა ციხეში და ჩემზე ადრე გათავისუფლდა. ახლა ის როსტოვშია, ყბედალოს პაძელნიკია და ქურდები უკვე საქმის კურსში არიან, რომ მას ქურდობა უნდა. ყბედალოც ძალიან კმაყოფილია მისით და საკუთარ მემკვიდრედ მიიჩნევს. ერთადერთ ქსივაში, რომელიც ყბედალოსგან ციხეში მივიღე და ზუსტად ვიცი, რომ ჩემ გარდა არავის წაუკითხავს, ეწერა: „კობრა, ძმაო, ეს ბიჭი ნამდვილი ოქროსხელებაა და ისეთი შუსტრი, რომ თვალს ვერ შეავლებ. ჩვენი როსტოველი ძმები სულში იძვრენენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.  გაგებით სუფთა ნეპმანელია და, ხომ იცი, როგორ იცავენ ჩვენს ტრადიციებს როსტოვში. მოკლედ, დიდი მადლობა საჩუქრისთვის. ახლა კი დროებით გემშვიდობები. მალე გათავისუფლდები და ერთმანეთს შევხვდებით“. მე მართლაც მალე, სულ რაღაც ექვს თვეში გავთავისუფლდი და ჯერ როსტოვში გამგზავრებას ვგეგმავდი, შემდეგ კი – ჩემს ცოლ-შვილთან, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, პაბეგში ვარ და საქართველოდან ჯერჯერობით ვერ გავდივარ.

პაბეგში პირველად არ ვარ და ექვს თვეზე მეტია, რაც არალეგალურ მდგომარეობაში ვიმყოფები. როგორც გამოცდილ კონსპირატორს, არალეგალური ცხოვრების წესების დარღვევა არ მჩვევია, თუმცა, ამას წინათ ვერ მოვითმინე, პიჯაკი ჩავიცვი და ერთ თბილ საღამოს კონსპირაციული ბინიდან ქუჩაში გავედი. გარკვეული დროის შემდეგ გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირზე აღმოვჩნდი, რომელიც ხალხით იყო სავსე. ჩემს უსაყვარლეს ქუჩას ნელი ნაბიჯით გავუყევი, თან ჩემს ბავშვობას ვიხსენებდი. ლაღიძის წყლების ასახვევთან კინაღამ სულმა წამძლია და, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მთაწმინდისკენ არ ამეხვია. მე თვალცრემლიანმა გავხედე კონსერვატორიას და გზა განვაგრძე. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირი განახლებულია და გაჩახჩახებული, მას ძველი პეწი და სილამაზე დაკარგული აქვს და ძველს ახალთან რომ ვადარებ, ვრწმუნდები, რომ ძველი ბევრად ჯობდა ახალს. ყველაზე მეტად კი იმან დამწყვიტა გული, რომ ამ ზღვა ხელხში ერთ ნაცნობსაც კი ვერ მოვკარი თვალი. ადრე, სანამ ზემელიდან ლენინის მოედნამდე ჩავიდოდი ხოლმე, მინიმუმ ასი ნაცნობი მაინც მხვდებოდა გზაზე, ახლა კი ყოველ ას ადამიანში ორმოცი არაქართველია და ოთხმოცი – არათბილისელი... ერთადერთ ნაცნობს ქაშუეთის ეკლესიასთან შევხვდი, რომელიც ტაძრის წინ იდგა და პირჯვარს იწერდა. ეს იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძველი ყომარბაზი, სოლოლაკელი „ფაჩიკო“. მე მას მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე, შემოვაბრუნე და ვუთხარი:

– ფაჩიკო, ძმაო, როგორ ხარ?

– კობრა, ბრატ! – წამოიძახა ფაჩიკომ, გადამეხვია და მკითხა: როგორ ხარ? რამდენი წელია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ!

– თითქმის ოცი წელი, – ღიმილით მივუგე ფაჩიკოს, – სად ხარ, როგორ ხარ და, საერთოდ, რა ხდება ამქვეყნად?

ჩემს კითხვაზე ფაჩიკომ გაოცებულმა შემომხედა. შემდეგ საფეთქელზე იტკიცა საჩვენებელი თითი და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა:

– შენზე გავიგე, პაბეგშიაო, მართალია?

– მართალია, – დავუდასტურე ფაჩიკოს.

– ასე თქვეს, სარკე გაანგრია ტანით, იქ კი გვირაბი იყო და იქიდან მოუტყდაო ძაღლებს.

– კი, მასეა. ბაბუაჩემის ძველი ხოდით ვისარგებლე, „სოდს“ მოვუტყდი და, უკვე ექვსი თვეა, ვიმალები. დღეს კი ვეღარ მოვითმინე და რუსთაველზე გამოვისეირნე. ორ საათზე მეტია, ვტასაობ და პირველი ნაცნობი ხარ, ვისაც შევხვდი.

– ეეჰ, ნუ იტყვი, – სინანულით თავი გააქნია ფაჩიკომ, – ჩვენს ახალგაზრდობაში, ხომ გახსოვს, ერთ კვადრატულ მეტრზე ორი ნაცნობი გვხვდებოდა, ახლა კი ისეთი როჟები იჩითებიან, ადრე რომ მხოლოდ კინოჟურნალებში ვხედავდით ფილმის დაწყების წინ.

– აბა, ბიჭო, – გამეცინა მე, – ზემელზე, რუსთაველის ძეგლთან, შავკანიანი ტიპი დგას, ხელში ფეხსაცმლის ყუთი უჭირავს და ამბობს, დამეხმარეთ, ფლიიზ, დამეხმარეთო. კინაღამ დავიშოკე. ჯერ ფირმები გვაკლდა, ათასი ჯურის მოგვიმრავლდნენ და ახლა ფირმა მათხოვრები – ეს უკვე მეტისმეტია.

– ეგ რა არის, – გაეცინა ფაჩიკოს, – სოლოლაკში, ჩემ გვერდით ეზოში, უკვე ექვსი თვეა, თხუთმეტამდე ინდოელი ქირაობს ბაითს. საღამოობით პატარა სკვერში იკრიბებიან და ბაზრობენ ხოლმე. სოლოლაკელი პატარა ბიჭები ბლატნოი ბაზარს ასწავლიან და უნდა ნახო, ქართული როგორ დაამუღამეს. იმ დღეს სიგარეტის საყიდლად გამოვედი და, სკვერთან რომ გავიარე, მთელი კოდლა იდგა. ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა მეუბნება:

– ბიძაჩემო, სიგარეტს ვერ მომაწევინებ?

მე მას კოლოფი გავუწოდე.

– შეიძლება, ორი ღერი ამოვიღო?

 ამოიღე-მეთქი.

ამოიღო, „სპასიბაო“, მითხრა და მეკითხება:

– ბიძაჩემო, რომელუბნელი ხარ?

– წარმოგიდგენია? მე, ფაჩიკოს, ჩალმიანი ინდოელი სოლოლაკში მეკითხება, რომელუბნელი ხარო...

– გლდანელი სიმონა ვარ-მეთქი, – ვუთხარი ინდუსს, მან თავი გააქნია და მომიგო:

– შორსაა. მე სოლოლაკელი რაჯი ვარ და, აი, აქ ვცხოვრობო...

– წარმოგიდგენია, კობრა? ჩალმიანი ინდუსი მეუბნება, გლდანი შორსაა და მე სოლოლაკელი რაჯი ვარო. თუ არ დავიშოკებოდი, არ მეგონა, მაგრამ, ხელი ჩავიქნიე და გავიარე.

– სხვა რა ხდება, ფაჩიკო-ჯან, შენ რას აკეთებ, კიდევ ყომარობ?

– ეეჰ, კობრა-ჯან, სადღაა საყომარო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაზინო-ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატებია გახსნილი, ყველა იქითკენაა გადართული და ნამდვილი იგროკები თითქმის აღარ დარჩნენ.

– მახსოვს, შენ და ფიუნესამ ლენინგრადში ტაშკენტელები რომ გაატყავეთ, – ვუთხარი ფაჩიკოს, მას კი ჩაეცინა და მომიგო:

– კარგი დრო იყო, კარგი, გოიმებიც ბლომად იყვნენ, კარგი მაყუთიც ტრიალებდა და, საერთოდ, ახალგაზრდები ვიყავით.

– ფიუნესა როგორაა? ისმის მასზე რამე?

– გეტყვი და არ დაიჯერებ.

– ისეთი რა არის, პრეზიდენტი ხომ არ გახდა?

– უკეთესი.

– უკეთესი?

– ჰო, კობრაჯან, ფიუნესა გრაფია, საფრანგეთში ცხოვრობს და ნიცაში უზარმაზარი ვილა აქვს.

– შაყირობ, ფაჩიკო?

– ხომ გითხარი, არ დაიჯერებ-მეთქი. ნაღდად მასეა.

– კი მაგრამ, როგორ?

– როგორ და, კაროჩე, ფიუნესას ტაშკენტში ვიღაც ფრანგი გრაფინია „შეუბამს,“ ქვრივი ქალი, რომელიც იქ რაღაც ბიზნესის ამბავზე ყოფილა ჩასული. ერთი სიტყვით, ფიუნესამ იმდენი იჩალიჩა, რომ გრაფობა დაირტყა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და ნიცაში გაშანშალებული ვილაც დაითრია. ახლა კი წამოწოლილია და თავის ჭიას ახარებს.

– საღოლ, ძმაო, საღოლ! – აღტაცებით წამოვიძახე მე და სიცილი ამიტყდა, რადგან, თვალწინ ატირებული ფიუნესა დამიდგა, რომელიც მე და ბერძენას გვეხვეწებოდა, როსტოველ ბანდიტებთან არ წამიყვანოთ, მომკლავენო...

– არადა, კობრა, სანამ ფიუნესა ტაშკენტში გაემგზავრებოდა, მეც მეპატიჟებოდა, რომ წავყოლოდი.

– რა პონტი გაგიმაზია?!

– აბა, ნუ იტყვი, – მითხრა ფაჩიკომ, მაგრამ, – რა თავში სახლელად მინდა გრაფობა. ჩემს მიწაზე ცხოვრება და სიკვდილი მირჩევნია ყველაფერს.

– აი, სოლოლაკელი რაჯის თანამემამულეები და სხვა ჩამოსულებიც რომ შენნაირად ფიქრობდნენ, კარგი იქნებოდა, – ვუთხარი ფაჩიკოს, გამეცინა და ხელკავი გამოვდე, რომ გზა გაგვეგრძელებინა. ამ დროს ჩვენ წინ საპატრულო მანქანამ დაამუხრუჭა. იქიდან ახალგაზრდა კაპიტანი გადმოვიდა, მხედრული სალამი მოგვცა და წარმოგვიდგა:

– პოლიციის კაპიტანი იოსებ ღურჭუმელიძე.

ფაჩიკოს მარჯვენა მაჯა აუცახცახდა შიშისგან, რადგან, იფიქრა, რომ პოლიციელმა მიცნო და ჩემს დასაკავებლად გადმოვიდა მანქანიდან. მე მას მაჯაზე მოვუჭირე ხელი და ვაგრძნობინე, რომ დამშვიდებულიყო, პოლიციელს კი ვუთხარი:

– გისმენთ, ბატონო კაპიტანო, რაშია საქმე?

– ყაჩაღობისთვის დაკავებული მოქალაქის ამოცნობის პროცედურას ვატარებთ პოლიციაში, ორი მოწმე გვჭირდება და ვერ გამოგვყვებით?

– სიამოვნებით, ბატონო კაპიტანო, მაგრამ, ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შვილიშვილისთვის სასწრაფოდ წამალი გვაქვს საყიდელი, ჩვენ ბაბუები ვართ და ძალიან გვეჩქარება; თანაც, პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს, სიჩქარეში წამოღება დამავიწყდა. შენ გრიშა? – ვკითხე ფაჩიკოს, რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და კაპიტან ღურჭუმელიძეს ბოდიში მოვუხადე.

– რა გაეწყობა, სხვებს მოვძებნი, – გვითხრა კაპიტანმა, მაგრამ, სანამ წავიდოდა, ეჭვით შემომხედა და მითხრა: ძალიან ნაცნობი სახე  გაქვთ, აშკარად სადღაც მინახავხართ...

– კი ბატონო, სულ ტელევიზორში ვჩანდი, სანამ ძველი მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგები იმართებოდა, არც ერთს არ ვაცდენდი და, ახლობლები იმასაც კი მეუბნებიან, ტელევარსკვლავი ხარო. კარგად იყავით, კაპიტანო, წამლის ყიდვა და მიტანა უნდა მოვასწროთ, – ვუთხარი ღურჭუმელიძეს და ჩქარი ნაბიჯით გავეცალეთ იქაურობას.

– კობრა, კინაღამ დაიწვი, – მითხრა ფაჩიკომ, როდესაც კიროვის ქუჩის კუთხეში მივედით და თავი უსაფრთხოდ დავიგულეთ.

– მაგ კაპიტან ღურჭუმელიძეს ნაღდად პოლიციის შენობის სტენდზე, ძებნილების სურათებში ვყავარ ნანახი და, კიდევ კარგი, რომ ვერ გაიხსენა. აბა, კარგად, ჩემო ფაჩიკო, ტაქსი და მისი ჯანი! წავედი, თორემ, რამე ხიფათში არ გავყო თავი, – ვუთხარი ფაჩიკოს, გამოვემშვიდობე და ტაქსით კონსპირაციული ბინისკენ გავემართე.

რაღაც მსგავსი შეგვემთხვა მე და ბერძენას ერთხელ, როცა სოჭში ვიმალებოდით, მოსკოვში ჩადენილი ქურდობისთვის კი მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე იდგა და გვეძებდა. ისე მოხდა, რომ ტაქსით გადავადგილდებოდით, თან, სპორტულ ჩანთაში ნაქურდალი ნივთები და ხუთი ათასი მანეთი გვედო. ტაქსისტი, ცოტა არ იყოს, თავქარიანი შეგვხვდა და ერთ-ერთ ქუჩაზე, დღისით-მზისით, ორმოში ჩაარტყა ცხვირი, რაღაც გაუფუჭდა და გვითხრა:

– მორჩა, ბიჭებო, ჩამოქვეითდით, მოვედით...

– რატომ, რა მოხდა? – ჰკითხა ბერძენამ.

– გარაჟში უნდა წავიდე გასარემონტებლად, ვერ ხედავთ, რომ იამკაში ჩავვარდი? – უხეშად მიუგო ტაქსისტმა ბერძენას, რომელსაც მოთმინება ელეოდა და, კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, საუბარში მე ჩავერთე და ტაქსისტს ვუთხარი:

– შეფ, სამმაგს გადაგიხდით, წაგვიყვანე.

– შენ რა, რუსული არ გესმის? – შემომიღრინა ტაქსისტმა, – ვერ გაიგე, რომ გარაჟში მივდივარ? კაპიკი არ მინდა თქვენი, გადადით!

– თავი გაქვს გასატეხი, თუ მეტი არა. ჩქარა, გზა განაგრძე, თორემ სეირს გიჩვენებ! – გაცხარდა ბერძენა, ტაქსისტმა კი იქით შეუტია, ხელი მარცხნივ გაიშვირა და მიუგო:

– აბა ერთი სცადე და გამიტეხე! აი, ჩემგან ხელმარცხნივ, სოჭის მილიციის სამმართველოს შენობაა და შორს წასვლა აღარ დაგჭირდებათ, აქვე მოგაყუჩებენ და მოგივლიან. ჩქარა გადადით და სხვა ტაქსი მოძებნეთ, თქვენი კაპიკი არ მინდა!

მე კვლავ ტკბილად ვცადე ტაქსისტთან დალაპარაკება, რომელიც შეუვალი იყო და, იძულებულები გავხდით, მის ნებას დავყოლოდით. მე და ბერძენა მანქანიდან გადმოვედით და, ვეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდით იქაურობას, მაგრამ, ვინ გაცალა? უცებ, სოჭის მილიციის სამმართველოდან გამოსული „ჟიგული“ იმავე იამკაში ჩავარდა, რომელშიც ტაქსი, მაგრამ, მანქანაში მჯდარმა მეორე პირმა, რომელიც მძღოლის გვერდით იყო მოკალათებული, თავი ვერ შეიკავა, წინა შუშა თავით გაამტვრია და პირდაპირ ჩვენს ფეხებთან დაეცა გასისხლიანებული. შეშფოთებული ხანში შესული მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და გვიღრიალა:

– რას დგახართ? ჩქარა, მომეშველეთ და შენობაში შემაყვანინეთ.

მძღოლიც და თავგატეხილი მამაკაციც ფორმიანი მილიციელები იყვნენ. რა გაეწყობოდა, მე და ბერძენამ ხელ-ფეხში ჩავავლეთ მილიციის მაიორს და სოჭის მილიციის სამმართველოს შენობაში შევიყვანეთ. მანქანის მძღოლიც მაიორი იყო, რომელიც წინ მიგვიძღოდა. შენობაში, რა თქმა უნდა, ყოველგვარი საშვის გარეშე შეგვიშვეს. გრძელი დერეფანი რომ გავიარეთ, ძებნილთა დაფას შევავლე თვალი, სადაც სხვა ძებნილებთან ერთად ჩვენი სურათებიც იყო გამოკრული. წარმოიდგინეთ, ორი ძებნილი, ფაქტებიანი ჩანთით, მილიციის მაიორს მივათრევთ მილიციის სამმართველოს მედპუნქტში... ამაზე მეტი ტრაგიკომედია და ცინიზმი, ალბათ, შექსპირის ნაწარმოებებშიც კი არ მოიძებნება.

– გმადლობთ, ბიჭებო, თქვენ დროული და საჭირო დახმარება გაგვიწიეთ. დიდი მადლობა, – გვითხრა მილიციის მაიორმა-მძღოლმა და მე და ბერძენას გვკითხა:  რით შემიძლია, გემსახუროთ? რამე დახმარება თუ გჭირდებათ, ნამდვილად არ დაგზარდებით.

– ამხანაგო მაიორო, ვაგზალზე მივდივართ და, თუ დროზე არ გავედით აქედან, შეიძლება, მატარებელზე დაგვაგვიანდეს, – ვუთხარი მაიორს, რომელმაც მომიგო:

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... წამოდით, გაგიყვანთ და რამე მანქანას გაგაყოლებთ...

დერეფანი რომ გავიარეთ და კვლავ ძებნილთა დაფას შევავლე თვალი, მომეჩვენა, რომ ჩემი და ბერძენას სურათები განსაკუთრებულად გამოკვეთილი იყო. მაიორს რომ მათთვის შეეხედა, მილიციის სამმართველოს შენობიდან ვინღა გამოგვიშვებდა? თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მაიორმა მაგრად ჩამოგვართვა ხელი, მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა და ერთ-ერთ საპატრულო ეკიპაჟს გაგვაყოლა სადგურამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არსად არ მივემგზავრებოდით. როგორც კი მილიციელები წავიდნენ, კერძო მანქანა გავაჩერეთ და გეზი კონსპირაციული ბინისკენ ავიღეთ. ბედის ირონიით კი, მილიციელებს სადგურზე გამოკრულ ძებნილთა სტენდთან დავშორდით, რომელზეც, რა თქმა უნდა, ჩემი და ბერძენას ფოტოებიც იყო გამოკრული.

– ეს რა ორ ხათაბალას გადავურჩით... ცხვარი გვყავს დასაკლავი, – მითხრა ბერძენამ, როდესაც კონსპირაციულ ბინაში შევედით და სული მოვითქვით.

– ნამდვილი ტრაგიკომედიაა. აფსუსი არ იქნება, ჩვენ რომ ახლა დაგვიჭირონ? – ღიმილით მივუგე ბერძენას.

მართლაც, მე და ბერძენა კიდევ წელიწადნახევარი მოუხელთებელნი ვიყავით, ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით, ვჩალიჩობდით, თან, ცოტ-ცოტას ვგულაობდით კიდეც და, რომ არა კვლავ ერთი ტრაგიკომიკური შემთხვევა, ალბათ, კიდევ კარგახანს ვიქნებოდით მოუხელთებელნი.

ჩვენი ქურდული კრუიზის მორიგი გაჩერება უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო. იქ ერთმა ჩვენმა ნაკოლშჩიკმა ერთი ცნობილი ცირკის მსახიობის ბაითის ნაკოლი მოგვცა და გვითხრა:

– კლიენტი ბრილიანტების დიდი მოყვარულია, უნიკალური კოლექცია აქვს და ეს ყველაფერი საიდუმლო სეიფშია. აი, სეიფის ადგილმდებარეობა კი ნამდვილად არ ვიცი და ის თქვენ უნდა მოძებნოთო.

– მოვძებნით, ოღონდ კი სეიფი და ბრილიანტები ნამდვილად იყოს, – უთხრა ნაკოლშჩიკს ბერძენამ, მე კი ვკითხე:

– სიგნალიზაცია ან მსგავსი ეშმაკობები ხომ არ აქვს სახლში?

– არა, არანაირი სიგნალიზაცია. მხოლოდ ბაითში უნდა შეხვიდეთ, სეიფი მოძებნოთ და გახსნათ, – მომიგო ნაკოლშჩიკმა.

როგორც ყოველთვის,  მე და ბერძენამ ატმიჩკები დავამზადეთ, ბინის პატრონის ზუსტი განრიგი შევისწავლეთ და, როდესაც ის სახლში არ იყო, ცარიელ ბაითში შევედით.

– კობრა, უკან ხომ არ გავიდეთ? – მკითხა ბერძენამ, როდესაც ბაითში ფეხი შევდგით.

– რატომ, რა მოხდა?

– რაღაც, არ მომწონს აქაური აბსტანოვკა. მეჩვენება, რომ სახლში კიდევ ვიღაც არის და გვითვალთვალებს.

– მაინც, რას გულისხმობ, ბერძენ?

– რა ვიცი, კობრა, რაღაც საზარელი სიჩუმეა და, დედას გეფიცები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბაითში ჩვენს გარდა კიდევ ვიღაცაა.

– თუ ასე ფიქრობ, კი ბატონო, გავიდეთ, – ვუთხარი ბერძენას, მან კი თავი გააქნია და მომიგო:

– არა, არა, რა სისულელეა! უბრალოდ, იზმენა ამეკიდა. მოდი, ვიჩალიჩოთ.

მე და ბერძენამ ჩალიჩი დავიწყეთ და მალევე მივაგენით საიდუმლო სეიფს, რომელიც, ტრადიციულად, საძინებელ ოთახში იყო დამალული. მე სეიფი გავხსენი, რომელშიც ბრილიანტების სამკაულები ელაგა და ბერძენას ვუთხარი:

– ნახე, რა კუშია? დაითრიე და ჩანთაში ჩაალაგე.

ბერძენა ბრილიანტის სამკაულებს იღებდა და ჩანთაში ალაგებდა, მე კი ამ დროს სერვანტს ვათვალიერებდი, რომელშიც ძვირფასი, მოოქროვილი ანტიკვარული კოვზები და ჩანგლები ელაგა.

უცებ ბერძენამ არაადამიანური ხმით შეჰკივლა და რომ შევტრიალდი, ფანრის შუქზე უზარმაზარ კაპიუშონიან კობრას მოვკარი თვალი, რომელიც ბერძენას მარჯვენა ხელში ჩაჰფრენოდა... მე მალევე ავანთე შუქი, კედელზე ჩამოკიდებული ხმალი ჩამოვხსენი და კობრა ჯერ შუაში გავჭერი, შემდეგ შიგ კაპიუშონში ჩავარჭვე წვერი, გავსრისე და გაფითრებულ ბერძენასთან მივიჭერი, რომელსაც ოფლი წურწურით მოსდიოდა.

– ნუ გეშინია, ბერძენ, შრატს გაგიკეთებენ და ყველაფერი კარგად იქნება, – ვუთხარი ბერძენას, მხარში შევუდექი და კარისკენ დავიძარი.

– ბრილიანტები, კობრა, ბრილიანტებს ვის უტოვებ?

– ჯანდაბას წაუღია ისინი! დროის დაკარგვა არ შეიძლება, ჩქარა, წავედით საავადმყოფოში!

ბერძენას ძლიერმოქმედი შხამი მთელ ორგანიზმში უვლიდა, გადაადგილება უჭირდა, ამიტომ მხარზე გავიდე და კიბეებზე დავეშვი. ქუჩაში პირველივე შემხვედრი მანქანა გავაჩერე და ვუთხარი:

– ცენტრალურ საავადმყოფოში, ჩქარა!

– რა სჭირს, დაჭრილია? – მკითხა შეშფოთებულმა მძღოლმა, რაზეც მივუგე:

– არა, კობრამ უკბინა, ჩქარა, დრო არ ითმენს!

მძღოლმა ადგილიდან მოწყვიტა მანქანა. სულ მალე უკვე კიევის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღებში ვიმყოფებოდით და მიმღების მორიგე ექიმს ვუხსნიდი, რაშიც იყო საქმე.

– დარწმუნებული ხართ, რომ მას მართლა კობრამ უკბინა? – მკითხა დაეჭვებულმა ექიმმა, რომელსაც „ანტიგიურზინის“ მსგავსი სითხით სავსე შპრიცი უკვე ხელში ეკავა.

– ასი პროცენტით. შემიძლია, ბინის მისამართი მოგცეთ. წადით და იქ მკვდარ კობრას ნახავთ, რომელიც მე ხმლით მოვკალი, – ვუთხარი ექიმს, რომელმაც ბერძენას ნემსით წამალი შეუშხუპუნა და მითხრა:

– ყველაფერი რიგზეა. აბა, მიკარნახეთ ბინის მისამართი.

მე ექიმს ბინის მისამართი ვუკარნახე და დავამატე:

– ჩვენ იქ ბრილიანტების მოსაპარად შევედით და ასეთი რამ შეგვემთხვა.

ხუთიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ მორიგე ექიმის ოთახში მილიციის ოპერჯგუფი შემოვიდა. ექიმმა მათ ჩემზე მიუთითა და უთხრა:

– აი, ძებნილი კობრა. როგორც კი შევხედე, იმწამსვე ვიცანი და ჩემს ექთანს თქვენთან დავარეკინე. ამბობს, რომ ბრილიანტების მოსაპარად ვიყავით და ჩემს მეგობარს კობრამ უკბინაო. აი, მისამართი, გადაამოწმეთ.

მილიციელებმა ხელბორკილები დამადეს და სანამ ოთახიდან გამიყვანდნენ, მორიგე ექიმს ვკითხე:

– ექიმო, ხომ ყველაფერი კარგად იქნება, ნაკბენს გართულება არ მოჰყვება?

– ყველაფერი კარგად იქნება, თქვენი მეგობარი ორ დღეში ჩიტივით იფრენს. გართულება კი ისაა, რომ, ალბათ, ციხეში ჩაგსვამენ. რას იზამ, ძმაობილო, ჩემი ვალი იყო, რომ მილიციაში დამერეკა და ნუ მიწყენ.

– პირიქით, ექიმო, დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემს მეგობარს დროული დახმარება აღმოუჩინეთ. მშვიდობით...

ბერძენა ორ დღეში მართლაც კარგად გახდა და გვერდით მომისვეს, სასამართლომ კი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიოგვისაჯა და მორიგ სროკებზე გაგვიშვეს... ჩვენი ძმები, ერთი მხრივ, გახარებულები იყვნენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ბერძენა სიკვდილს გადაურჩა, მეორე მხრივ კი, ხუმრობდნენ და ამბობდნენ: კობრამ კობრას ტყავი არ დახია. ერთმა კობრამ ბერძენა სასიკვდილოდ გაიმეტა, მეორემ კი ის სიკვდილისგან იხსნაო...

ეს სროკი ყველაზე ხანგრძლივი იყო, რაც კი ჩემთვის მოუსჯიათ და, ესეც, როგორც სხვა დანარჩენი, ოტ ზვანკა დო ზვანკა მოვიხადე. თბილისში რომ დავბრუნდი, ბერძენა უკვე ჩამოსული დამხვდა და ჩვენ სულ შაყირ-შაყირით გავიხსენეთ ეს საქმე. იმ პერიოდში ყბედალოც აქ იყო და, აბა, მაგას რა გააჩერებდა. იმდენი ილაპარაკა, სანამ კბილი არ ასტკივდა, ბოლოს თქვა, კობრას გაუმარჯოსო და ორასი გრამი არაყი სულმოუთქმელად დალია.

– რომელ კობრას, ყბედალო-ჯან? – ჰკითხა ყბედალოს ბერძენამ, – მე რომ მიკბინა თუ...

– „თუ“, – მიუგო ყბედალომ და დაამატა: მაინც ვერ გამიგია, იმ ცირკის მსახიობს კობრა რა ჩემს ფეხებად სჭირდებოდა სახლში? მოთვინიერებით ვერ მოათვინიერებდა, დარაჯად კი მას არ იყენებენ, რომ სახლს უყარაულოს.

– აი, თუ არ იყენებენ. მთელი საქმე ჩაგვიშალა, – თქვა ბერძენამ, ყბედალომ კი დაამატა:

– მე თუ მკითხავ, ის ცირკაჩი ქალიც დასაჭერი იყო გველის, თანაც კობრას სახლში ყოლისთვის. ხომ შეიძლებოდა, რომ ბერძენა ვერ გადარჩენილიყო?

– იცი, სასამართლოზე რა თქვა იმ ნაბოზარმა? – უთხრა ბერძენამ ყბედალოს.

– რაო?

– რაო და, ჩემი გველის მკვლელობისთვის ამათ კიდევ ოთხ-ოთხი წელი დაუმატეთო.

– კარგი, კაცო!

– აბა?!

– წარმოგიდგენიათ? – ალაპარაკდა კბილგაყუჩებული ყბედალო, – ბაითში ვერ შესულხარ გველის შიშით და ჯიბეში ვერ ჩაგიყვია ხელი შიშით.

– რის შიშით, შენც გველი ხომ არ ჩიჩმე სხვის ჯიბეში? – ვკითხე ყბედალოს, მან კი მითხრა:

– გველი არა, მაგრამ, არც ბევრად ნაკლები.

– მართლა?

– მომისმინე და გეტყვი. კაროჩე, ერთხელ როსტოვის ავტობუსში ვჩალიჩობდი და ერთ მსუქან ბიძას ჯიბეში ჩავუძვერი, რომელიც კარგად იყო გამობერილი. ვიფიქრე, საფულეს ავპარსავ-მეთქი და, თითზე ჩამოკიდებული ვირთხა არ ამომყვა იქიდან?

– მოიცა, რა, შაყირობ?! – თქვა ბერძენამ, ყბედალომ კი დაიფიცა და დაამატა:  არა, რა ვშაყირობ, ვირთხა იყო იმხელა, რომ კინაღამ ნახევარი ავტობუსი შეჭამა.

– მერე, როგორ მოახერხე მოტყდომა?

– რა მოტყდომა! მგზავრებმა კრისა დაბრიდეს, მისი პატრონი ავტობუსიდან ჩააგდეს, მე კი ექიმთან წამიყვანეს და შრატი გამიკეთეს.

– მართლა, ტო?! – არ დავიჯერე მე.

– ბოზი ვიყო, თუ რამე მომეტყუოს. იმ ნაბოზარს კრისა ამოვუყვანე ჯიბიდან და კინაღამ თითები მომჭამა. დასაბრედი იყო, აბა, რა იყო, – თქვა ყბედალომ, პირჯვარი გადაიწერა, მეორე ორასგრამიანი ჭიქა გამოცალა და გაჩუმდა.

ყბედალო მეორე დღეს როსტოვში გავაცილეთ და, უბანში რომ დავბრუნდით, ბერძენას ვუთხარი:

– ბერძენ, ძმაო, ზონიდან ერთი ნაკოლი წამოვიღე და, თუ თანახმა იქნები, ვიჩალიჩოთ.

– რა ნაკოლი, აბა, თქვი, – მითხრა ბერძენამ და გააბოლა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3