კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ამქრების მფარველი წმინდანები, რომელ წელს მოხდა მათი აჯანყება თბილისში და რა შედიოდა ამქრის წევრის მოვალეობაში

იოსებ გრიშაშვილი თავის უკვდავ ნაშრომში „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” ასე გვიხსნის ამქრის მნიშვნელობას:  „ამქრობა ყარაჩოღელთა კულტი იყო. ამქრობა ბოჰემის ერთი იმ ნატეხთაგანია, ურომლისოდაც ძველი თბილისის დარღვეული სახე ვერ შეკოწიწდება”. 

ამქრობა

ივანე ჯავახიშვილის ცნობებით, საქართველოში ამქრობის წეს-წყობილების დამკვიდრება მეთვრამეტე საუკუნეში იღებს სათავეს. ვინაიდან „არაბეთის სახალიფოში” ამქრები უკვე მერვე საუკუნეში არსებობდნენ, ხოლო საქალაქო წესწყობილებაზე არაბებს გავლენა ჰქონდათ, ამის გამო, საფიქრებელია, რომ ამქრები თბილისში მაინც უნდა ყოფილიყვნენ. ხელოსნობის თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამ ორგანიზაციაში შესვლა შეეძლო ყველა ადგილობრივ მცხოვრებ ხელოსანს, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა. ამქარს ჰყავდა თავისი გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში (ოსტატების თავი, თავმჯდომარე). ყველა ამქარს საკუთარი დროშა ჰქონდა, რომელზეც გამოხატული იყო ფირი (ღერბი, ემბლემა) და ეს ფირი წარმოადგენდა ამქრის სიმბოლოს. თითოეულ ამქარს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა. ასე, მაგალითად, ხარაზების დროშაზე გამოხატული იყო ელია (ილია წინასწარმეტყველი), დაბაღებისაზე – ღვთისმშობელი, სირაჯებისაზე – ყურძნის მტევანი, ყასბებისაზე – მამა აბრამი თავისი ბატკნით, ხუროებისაზე – ნოეს კიდობანი და სხვა. ხუროებმა, ხარატებმა და დურგლებმა თავიანთ დროშას შემდეგ მტრედიც მიუმატეს. ამ „მტრედის” ისტორია ასეთია: როცა ნათლისღება დღეს, მტკვრის პატარა ტოტში ჯვარს ჩაუშვებდნენ, გაიმართებოდა მტკვარში ცხენების ჯირითი. გაღმა ჯარი იდგა, გამოღმა – ქალაქის მოსახლეობა. ისროდნენ თოფებს, უკრავდნენ ზურნას და, ამასთანავე, მტრედების გუნდსაც აუშვებდნენ. ერთხელ, ასეთი „აფრენის” დროს, ერთი მტრედი დურგლების დროშაზე დაჯდა. ხელოსნებმა ეს სასწაულად მიიღეს და მას შემდეგ დროშას მტრედიც მიუმატეს. 

საქეიფოდ ყოველ ამქარს წელიწადში გაზაფხულის ერთი დღე ჰქონდა არჩეული. თითქმის ორმოცი დღის განმავლობაში (აღდგომის ორშაბათიდან – ამაღლებამდე) ორთაჭალა და ქალაქის სხვა განაპირა მიდამოები ახმაურებული იყო ამქართა დღესასწაულებით. მიდიოდნენ ქალაქის ბაღებში, დაკლავდნენ საღვთოს და ამზადებდნენ შილაფლავს. ეს შილაფლავი რიგდებოდა ღარიბ-ღატაკთა შორის და ერთ კარგა მოზრდილ ქვაბს, თავის „ჯვარისმამის ლავაშებით”, ციხეშიც უგზავნიდნენ პატიმრებს. 

ამქართა ოჯახი საკმაოდ მტკიცე ორგანიზაციას წარმოადგენდა. შემაკავშირებელი დუღაბი იმდენად მძლავრი იყო, რომ ამქრები ზოგჯერ ორგანიზებულად გამოსვლასაც კი ახერხებდნენ. ასე მოხდა, მაგალითად, 1865 წელს, როცა ახალი გადასახადების შემოღებას – ამ ახალი სამოქალაქო ცხოვრების პირველ სტუმარს, თბილისის ამქრობამ აჯანყებით უპასუხა. ათი ათასზე მეტი კაცი შეიარაღდა ქვებით (ყველა მეამბოხეს ჩოხის კალთები რიყის სიპი ქვებით ჰქონდა სავსე) და გამოვიდა ქუჩებში. „მთელ ქალაქში დაიკეტა დუქნები, მედროჟკეებმა დატოვეს ბირჟა, „მეპოვოსკენი” დაიმალნენ, თულუხჩებმა შეწყვიტეს წყლის ზიდვა და მთელი ქალაქი გალაგდა ხოჯივანქში, ბებუთაანთ სასაფლაოზე”, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა. ამქრებს ჰყავდათ თავიანთი მეთაურები, რომელნიც ხალხს აქეზებდნენ და აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ. მთავრობა შედრკა, შეეშინდა, ქალაქელებს სოფლელები არ გამოჰქომაგებოდნენ და ჯარის გამოყვანა დაიწყო, მუხროვანიდან მოიტანეს ზარბაზნები და ავლაბრის ორივე ხიდზე, თათრის მოედანზე პოლიციის შენობასთან, კუკიის ხიდთან და ჩუღურეთის სიახლოვეს განალაგეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ამქრებიდან ბევრი დაიჭირეს, ბევრიც გადაასახლეს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამით მათში ჩაკლეს ბრძოლის ან იარაღის ტარების უნარი. ისტორიული მაგალითები გვიჩვენებს, რომ, როგორც ქართველ მეფეებს, ისე შემდეგი დროის მმართველებს, ხშირად მიუმართავთ ამქრებისათვის, როგორც მებრძოლი ძალისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თბილისის დაცვას ეხებოდა. „ამქარი ქართველი მეფეების დროს წარმოადგენდა ქალაქის ადგილობრივ გარნიზონს, რომელიც თბილისს იცავდა მტრების თავდასხმისგან. ჯერ კიდევ 1803 წელს, განჯის ციხის აღების დროს, ქართულ ჯართან ერთად თბილისის ამქრობაც იღებდა მონაწილეობას; 1826 წელს ამქრები სდარაჯობდნენ ნავთლუღის ჰოსპიტალს, არამწყობრ ჯარისკაცებთან ერთად; ხოლო, 1854 წელს ოსმალეთთან ომის დროს, გენერალ რეადის მიერ, სხვა მოქალაქეებთან ერთად, თბილისის ამქრებიც იყვნენ გაწვეულნი და ეს ხალხი, მთლად შეიარაღებული, ერთსულოვნად გამოცხადდა”. ზოგი რუსი მოხელე ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან, ამქრობაში გაერთიანებული იყვნენ წვრილი ვაჭრები, რომლებიც თითქოსდა მონოპოლიური უფლებით სარგებლობდნენ. 1849 წელს საგუბერნიო სამმართველოში შეიტანეს განცხადება ამქრობის მოსპობის შესახებ, მაგრამ, ვორონცოვმა, რომელიც ხშირად გამოდიოდა ადგილობრივი ადათების გულმოდგინე დამცველად, ამ უძველესი ორგანიზაციის ერთბაშად მოსპობა არ ისურვა. 

ამქრის უსტაბაშს ძველად დიდი გავლენა ჰქონდა. ის, როგორც არჩეული მამასახლისი, სარგებლობდა მარად დაუბერებელი ავტორიტეტით. უსტაბაშის მოვალეობას, სხვათა შორის, შეადგენდა ზედამხედველობა და ზეპირი მეთვალყურეობა, რომ ამქრის ცხოვრებაში წესიერება არ დარღვეულიყო; ზეპირს იმიტომ ვამბობ, რომ ძველად ამქრის უმეტესმა ნაწილმა, ქალაქური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „წიგნი არ იცოდა”.

ამქრის მოვალეობას შეადგენდა აგრეთვე გარდაცვლილი ამხანაგების დაკრძალვა. რომელი ამქრის წევრიც გარდაიცვლებოდა, იმ ხელობის დუქნები, ნიშნად განსვენებულის  პატივისცემისა, დაიკეტებოდა და ყველანი გარდაცვლილის ოჯახში მოგროვდებოდნენ, „ოქუცზე” მიდიოდნენ. თუ გარდაცვლილი მდიდართა წრეს ეკუთვნოდა, ჭირისუფლები ამქრის სალაროს სასარგებლოდ იხდიდნენ ერთგვარ თანხას, რომ ამქრის წევრები გასვენებას დასწრებოდნენ. ამქრის წესდებაში აღნიშნული იყო ქვრივ-ობოლთა მოვლა, პატრონობა. უნდა ითქვას, რომ ამ წესდებას მუხლმაგრად ასრულებდნენ. ქოლერისა და შავი ჭირის დროს, როცა თბილისის მცხოვრებნი ქალაქიდან თავგზადაბნეულები გარბოდნენ და თავიანთ მკვდრებსა თუ ავადმყოფებს ბედის ანაბარა ტოვებდნენ, ამქრის წევრებს თავიანთ წმინდა მოვალეობად მიაჩნდათ, რომ ქალაქში დარჩენილიყვნენ და მიცვალებულთათვის პატრონობა გაეწიათ. არამცთუ გაჭირვებისას, თვით დალხინების დროსაც, ამქრებმა ნამდვილი ამხანაგობა იცოდნენ. 

ამქრების თბილისური ისტორია გასაბჭოების შემდეგ დასრულდა. 1920-30-იან წლებში ცნობილი უსტაბაშები გააკულაკეს, ამქრების საქმიანობა კი აკრძალეს, თუმცა, ამქართა ნაკვალევი თბილისში სრულად დღემდე არ წაშლილა. 

 გამოყენებული ლიტერატურა: იოსებ გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” (გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა”, ბათუმი, 1986 წელი)

скачать dle 11.3