კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მარიამ პავლიაშვილი ჰაერში 15 სანტიმეტრით აწეული და რატომ ვერ აკმაყოფილებენ მის „ჰაერში აწეულ“ კრიტერიუმებს

დარწმუნებული ვარ, გასულ სამშაბათს „ახალი ხმის“ რინგზე გამოსული მარიამ პავლიაშვილისა და ნიკა ჭიბოშვილის დუეტი, არავის დატოვებდა გულგრილს. თუმცა,  კონკურსის წესებიდან გამომდინარე, ნიკამ პროექტი დატოვა, მარიამი კი დარჩა. 

 

მარიამ პავლიაშვილი: ოთხი წელია, ვმღერი თბილისის მერიის ბიგ-ბენდში, ფაქტობრივად, იქ გავიზარდე. მათი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება მეხმარებოდა, რომ იმაზე უფრო კარგი გოგო ვიყო, ვიდრე ვარ. ძალიან გავიზარდე, თუმცა, მანამდე, სადამდეც მინდა, რომ მივიდე, ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. 

– ბავშვობიდან მღერი? 

– ბავშვობიდან ვმღერი. ლაპარაკი ჯერ არ ვიცოდი და უკვე ვმღეროდი. როგორც მეუბნებიან, 10 თვისა სწორი ინტონაციით ვღიღინებდი. 4-5 წლიდან მუსიკის გარდა, გულით სხვა არაფერი მიკეთებია. დედა პიანისტი მყავს და მშობლების მხრიდან ამ კუთხით ხელშეწყობა სულ მქონდა. თავიდან შვიდწლედში ვსწავლობდი, ოღონდ, ფორტეპიანოს განხრით. ვოკალის პედაგოგი ცალკე მყავს – ხათუნა ლეჟავა, რომელთანაც ბავშვობიდან დავდივარ და ძალიან მიყვარს; ეს ჩემი მეორე მშობელი და დიდი პროფესიონალია. ახლახან „ბერკლის“ მუსიკალურ კოლეჯში ჩავაბარე და დაფინანსებას ველოდები. რადგან ამერიკაში ვერ ჩავდიოდი, ამიტომ, ვალენსიაში ჩავაბარე. გამოცდაზე რომ შევედი, ძალიან ვნერვიულობდი. შემატყვეს კიდეც და ბევრი იცინეს: ჩათვალე, რომ შენი ოჯახის წევრები ვართ, სანამ არ დაწყნარდები, არ დაიწყოო. 

– მახსოვს, ადრე „ჯეოსტარშიც“ მონაწილეობდი.

– პირველი კონკურსი იყო „ნუცას სკოლა“, სადაც გავიმარჯვე – ხალხის რჩეული გავხდი. სწორედ იქ მომისმინეს და, დინი ვირსალაძისა და ჩემი პედაგოგის, ხათუნა ლეჟავას დიდი მონდომების შედეგად, მოვხვდი თბილისის მერიის ბიგ-ბენდში. მიმაჩნია, რომ ვარ კონკურსის ფორმატის კონკურსანტი; თან, კონკურსი სულ სხვა გამოცდილებას გძენს – შინაგანი ღელვა, ნერვიულობა გაქვს; იძულებული ხარ, სულ ფორმაში იყო, რაც ძალიან კარგია. 

– რატომ გადაწყვიტე „ახალ ხმაში“ მონაწილეობა?

– „ახალ ხმაში“ იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომ, მინდა, უფრო მეტად ვიყო ხალხის გარემოცვაში, გამიცნოს ხალხმა. როგორც „ჯეოსტარში“, ასევე „ახალ ხმაში,“ ამის კარგი საშუალებაა, ანუ, შეგიძლია, ხშირად ჩანდე. 

– რატომ წახვედი დათოსთან? 

– ზოგადად, ყველა მწვრთნელს ძალიან დიდ პატივს ვცემ მათი შემოქმედებისა და მუსიკალური ისტორიის გამო. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი ნამდვილად დათოსთან იყო. მერე თქვეს, დათოს ნათლულიაო, ყველგან ეკვეტებაო. არ ვარ ნათლული და არსად არ ვეკვეტები... ერთი ადამიანი ასეთ რამეს წერდა: ამ გოგოს თვალებზე ხელაფარებულმა უნდა უსმინო, ისეთი მახინჯიაო... ასეთ საინტერესო რაღაცეებს წერენ ხოლმე. 

– და, შენ აქცევ ამას ყურადღებას? 

– არა, არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან, ძლიერი ფსიქიკის ადამიანი ვარ და მშვიდად ვიღებ ყველაფერს. ყველას აქვს სისუსტეები და შესაბამისად, მეც მაქვს, მაგრამ, ეს არანაირად არ ეხება მუსიკალურ კარიერას, რადგან, აქ ყველაფერს თავით ვაწვები. 

– რინგზე შენი და ნიკას გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

– იმიტომ, რომ მე მყავდა სუპერპარტნიორი ნიკუშა, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია. ამ პროექტში გავიცანი, ძალიან შემიყვარდა და ჩემი კარგი მეგობარი გახდა. ახლა ბევრ რამეში მეხმარება და ამას მალე მაყურებელი ტელევიზიით იხილავს. კარგი ტანდემი შედგა და ეს ძალიან მიხარია. ჩემი აზრით, არ უნდა დაეტოვებინა პროექტი. 

– დათო ფორჩხიძე შენზე დიდ იმედებს ამყარებს და ამას ხმამაღლა აღიარებს კიდეც – მგონი, ფინალში გხედავს. 

– არ ვიცი, ფინალში მხედავს თუ არა, რადგან, ასე არ გვათამამებს მონაწილეებს, ასეთ რაღაცეებს არ გვეუბნება. სულ ტონუსში ვარ, ვფიქრობ, რომ მე, როგორც ამ საკითხში მეტად გამოცდილს, უფრო მეტი მომეთხოვება. დათოს გუნდში ყველაზე უფროსი გოგო მე ვარ, თან, ყველაზე გამოცდილი და, ამიტომ, ჩემგან უფრო მეტს მოითხოვს დათო, უფრო მკაცრად მექცევა. სხვას თუ ეპატიება ყელის ტკივილი, მე არ მეპატიება. კი არ მსჯის, მეჩხუბება. თუმცა, ჯერჯერობით დათოს არც ერთი შენიშვნა არ დამიმსახურებია, რადგან, ყოველთვის ფორმაში ვარ – არ ვცივდები, თავს ვუვლი. ვცდილობ, ძილის რეჟიმი მქონდეს კარგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ხშირად ვსვამ თბილ სასმელებს, განსაკუთრებით  ჩაი მიყვარს. 

– როცა ასეთ კონკურსში იღებ მონაწილეობას, ალბათ, გამარჯვების ამბიციაც გაქვს. 

– განწყობილი და მომართული ვარ იმისკენ, რომ მოვიგო. რა თქმა უნდა, როცა ამ პროექტში მონაწილეობ, არ ფიქრობ იმაზე, რომ რინგიდან ან პირველივე ლაივიდან გავარდები. მე იმისთვის მოვედი, რომ მოვიგო, ვნახოთ, რა გამომივა –  არც ენერგიას ვიშურებ, არც დროს, არც ექსპერიმენტებს.

– გიყვარს ექსპერიმენტები? 

– მიყვარს, მაგრამ, შედეგების ლოდინი არ მიყვარს, მოუთმენელი ვარ. ყველა მეკითხება, ცხრა თვე როგორ იჯექი მუცელშიო. ცხრა თვე ვიჯექი, მაგრამ, იმის მერე შვიდთვიანი ვარ. ვერ ვისვენებ. მოულოდნელი იქნება ჩემი შემდეგი გამოსვლა: ისეთი მუსიკალური განხრა ავირჩიე, რაც არასდროს მიმღერია, მაგრამ, შედეგით კმაყოფილი დავრჩი – დიდი ხასიათი, ემოცია სჭირდება იმ ჟანრს, რაც ავირჩიე და რომელიც არასდროს მიმღერია. ეს დათოს იდეა იყო და მეც თავდანხმდი. დათოს არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ჩემთან ერთად იმ იდეების განსახორციელებლად, რაც მას აქვს, რადგან, ხშირად ბევრ რამეს ერთნაირად ვფიქრობთ. საქმის იქით, ანუ, ცხოვრებაში, ექსპერიმენტები არ მიყვარს, რადგან, მირჩევნია, ყველაფერი დალაგებული და გათვლილი მქონდეს. თუ რაღაც გათვლილი არ მაქვს, ის ისეთი არ გამოდის, როგორიც მინდა. ოღონდ, უნდა გქონდებ გეგმა A,  B, C, რომ მეორეზე გადახვიდე. ზოგადად, ერთ რაღაცაზე ჩაციკლული ადამიანი ვარ, ამიტომ, სხვა რამეზე გადართვა მიჭირს ხოლმე. მაგრამ, თუ რაღაცაში არ გამიმართლებდა, მაინც ვახერხებდი ფეხზე წამოდგომას. დეპრესიული ადამიანი საერთოდ არ ვარ, არც ჩაკეტილი. უბრალოდ, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. როცა გამიცნობენ, ხვდებიან, რომ არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, პირიქით, ძალიან კონტაქტური ვარ – მიყვარს ხალხის გაცნობა, ის გარემო, რომელშიც მე ვარ და ჩემი საქმე. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 

– არაფერი არ ხდება, დაოჯახებული არ ვარ.  თუ ერთი ხუთი წელი კიდევ ასე გაგრძელდება, მერე უკვე დაუოჯახებელი დავრჩები. ჯერ არ ვჩქარობ, სხვა საქმეები მაქვს. თუმცა, გრძნობებს არასდროს გავექცევი, მაგრამ, ჯერ არავინ არ მიყვარს. თუ უახლოეს მომავალში შემიყვარდება ვინმე, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები. 

– მას მუსიკასთან კავშირი უნდა ჰქონდეს? 

– თუ მოუსმენს კარგ მუსიკას, ძალიან კარგი იქნება. თუ ექნება სმენა – ესეც ძალიან კარგია, თუ არ ექნება, არც ეს იქნება პრობლემა, რადგან, მუსიკოსები, ზოგადად, ძალიან რთულები არიან, განსაკუთრებით – კაცები და ძნელი იქნება მისი ატანა. 

– შენც ხომ მუსიკოსი ხარ, ანუ, რთულია  შენი ატანა? 

– მეც რთული ვარ – ძალიან მომთხოვნი. მგონი, ყველა მუსიკოსი ჰაერში ვართ 15 სანტიმეტრით მაღლა, ამიტომ, როცა ვერ აკმაყოფილებენ ჩვენს „ჰაერში აწეულ“ კრიტერიუმებს, გვწყინს. ზედმეტ ყურადღებას ვითხოვთ, ზედმეტ სითბოს, რომანტიკას. სულით, გულით რომანტიკოსი ვარ, მიყვარს რომანტიკული გარემო და პერსონალური ურთიერთობები, რადგან, ასეთ დროს ადამიანებს უფრო კარგად გაიცნობ. როცა არ მექცევიან სათანადო ყურადღებით, მერე ვბრაზდები, ვეშვები, თავს ვანებებ. ადამიანებს ყოველთვის ყველაფერს ვუხსნი მანამდე, სანამ ეს შემიძლია. ათჯერ ვერავის ვერაფერს ავუხსნი. ამბობენ, სიყვარული ადებილებს ადამიანსო. თუ ვინმე მეყვარება, შეიძლება, თორმეტჯერაც ავუხსნა რაღაც, მაგრამ, არა მგონია, ისეთი ადამიანი შემიყვარდეს, ამდენჯერ დასჭირდეს ახსნა. 

– ყოველ შემთხვევაში, რომანტიკული გარემო ნამდვილად უნდა შეგიქმნას. 

– შეიძლება, გულები არ დამინთოს, სახლთან ფოიერვერკები არ მომიწყოს, მაგრამ, ისეთი გარემო შემიქმნას, რომ ჩემთვის ყველაზე რომანტიკული იყოს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. შეიძლება, სხვას არ ვგავარ, ცოტა არაჩვეულებრივი მოთხოვნები მქონდეს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიფერი მაქვს დაცურებული...

 

скачать dle 11.3