კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აკეთებდა ტრიუკებს ყველანაირი დაცვის გარეშე 62 მეტრ სიმაღლეზე და რა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა თამარ მჭედლიშვილი

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცირკი, განსაკუთრებით კი – აკრობატული ნომრები. ალბათ, ამიტომაც, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გადაცემა „ნიჭიერში“ თამარ მჭედლიშვილის მიერ რუსთავის ავტოდრომზე პროფესიონალურად შესრულებულმა ულამაზესმა, ურთულესმა აკრობატულმა ნომერმა. ქალბატონი თამარის ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა და, პირადად ჩემთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მის შესახებ საქართველოში აქამდე არავინ არაფერი იცოდა.  

 

თამარ მჭედლიშვილი: 1957 წელს შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი და დაიწყეს ნომრების, მსახიობების შერჩევა. ბევრი ხალხი მივიდა სპორტიდან, მათ შორის – მამაჩემიც, რომელიც საქართველოს ჩემპიონი იყო აკრობატიკაში. ოთხნი იყვნენ და ოთხივე ცირკში გადავიდა – უძლიერესი ნომერი ჰქონდათ, თავისი ტრიუკებით. დღესდღეობით ასეთი ნომრები, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. დედას ცირკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ერთმანეთი უკრაინაში ნახეს, შეუყვარდათ და წამოიყვანა ხარკოვიდან თბილისში. ძმა მყავდა ჩემზე უფროსი – მალხაზი, რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. 12 წლიდან ცირკში მუშაობდა, აკრობატული ნომერი ჰქონდა. მეც 6-7 წლის ვიყავი, როცა მამამ მითხრა: აბა, დაიწყეო. თავიდან ძალიან რთული იყო: მამა, რომ მავარჯიშებდა, ხან რა მტკიოდა, ხან – რა; ხან გამომდიოდა რაღაც, ხან – არა. თამაში მინდოდა ბავშვებთან და, ამიტომ, ტირილით, წუწუნით ვვარჯიშობდი პირველი ორი წელი. თავიდან ჩემს ძმასთან ერთად გამოვდიოდი, საერთო ნომერი გვქონდა: მის ხელებზე ვაკეთებდი სალტოს, ცალ ხელზე ვდგებოდი, მოკლედ, საკმაოდ რთული ნომერი იყო. 9 წლის რომ გავხდი, გაგვიშვეს მანეჟზე – ეს იყო საახალწლო ზღაპარი, სადაც მე და ჩემს ძმას ჩვენი ნომერი გვქონდა. ბევრი გვეუბნებოდა, სპორტის ოსტატის წოდებას მოგცემთო, რადგან, ძალიან ძნელ ტრიუკებს აკეთებთ, ისეთს, სპორტშიც რომ იშვიათობაოო, მაგრამ ჩვენ ამას დიდად არ ვაქცევდით ყურადღებას. 

– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა? 

– დიდხანს ვიყავი ქართულ ცირკში. ძალიან ბევრი ცირკი არსებობდა, მაგრამ, ქართული კოლექტივი ყველაზე გამორჩეული იყო – სულ ანშლაგებით მიდიოდა ჩვენი წარმოდგენები. როგორც კი რეკლამები გამოჩნდებოდა – ქართული დასი ჩამოდის ქალაქშიო, ბილეთებს ვერ ნახავდით. მე და ჩემს ძმას გვქონდა ერთი ნომერი, მაგრამ, შემდეგ სიმაღლეში გავასწარი, უცბად ავიყარე ტანი და, ფიზიკურად უჭირდა ჩემთან ერთად ტრიუკების კეთება. შეგვეძლო, მარტივი ტრიუკები გაგვეკეთებინა, მაგრამ, ამას ვერ ვიზამდით: მაღალი დონიდან დაბლა ჩამოსვლის უფლებას არც ჩვენ მივცემდით თავს და არც მამა დაგვრთავდა ნებას. ბოლოს, გადავწყვიტე, ინდივიდუალური ნომერი გამეკეთებინა – ჰაერში, მარტოს, რომ ჩემი აწევა არავის დასჭირვებოდა. 

– როგორი ნომერი გქონდათ? 

– საკმაოდ რთული ნომერი მქონდა, მის შესაქმნელად მინიმუმ წელიწად-ნახევარი დამჭირდა, თან, პარალელურად, ცირკში ვმუშაობდი. როგორც კი მომზადდა ეს ნომერი, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება: „მომზადებული გვაქვს ასეთი ნომერი და შეიძლება თუ არა მისი წარმოდგენაში ჩასმა“. მოსკოვში დამიბარეს. მთელი დირექცია მოვიდა, მინიმუმ 50 კაცი – ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცირკში მუშაობდნენ და მათ უნდა გადაეწყვიტათ, გაუშვებდნენ თუ არა ჩემს ნამუშევარს „კონვეირში.“ მოეწონათ და დაწერეს ბრძანება: „ნომერი შედგა“. საკმაოდ რთული და ლამაზი ნომერი იყო, ამიტომ, პუბლიკას ძალიან მოსწონდა, თან, უკვირდათ, რადგან, ბოლო ტრიუკს, რომელიც „ნიჭიერშიც“ ვაჩვენე – კისრით ჩამოკიდებული ვტრიალებდი თოკზე – მაშინ ამას კბილებით ჩამოკიდებული ვაკეთებდი, თან, თოკი 13-14 მეტრ სიმაღლეზე იყო დაკიდებული და ქანაობდა. 1996 წელს სარატოვში ვიყავით გასტროლებზე, როცა მოსკოვიდან დამირეკეს და მითხრეს: გერმანიაში ხომ არ წახვალთ სამუშაოდ, ოღონდ იქ ცირკი არ არის, ღია ცის ქვეშ, პარკებში მიმდინარეობს წარმოდგენა – 100 მეტრი სიმაღლის ტროსზე მოტოციკლით; თქვენ კი ანძაზე უნდა იმუშაოთო. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე და უარი ვუთხარი: რა მოტოციკლი, რა 100 მეტრი, ჩემს ძმასთან ერთად ვმუშაობ, თან, 5 წლის შვილი მყავს და მარტო ვერ დავტოვებ-მეთქი. მითხრეს, მოსკოვში მაინც ჩამოდით, ვიდეოზე ნახეთ რაზე გესაუბრებითო. ჩემმა ძმამ მითხრა: წადი, სცადე, ნახე, რა არისო. მოკლედ, ერთ კვირაში ჩავედი მოსკოვში და ვნახე ვიდეო. მანამდე ასეთი არაფერი მქონდა ნანახი. დამაინტერესა, თუმცა, საკმაოდ რთული და სარისკო იყო მისი შესრულება. დავთანხმდი და ჩავფრინდი გერმანიაში. ძალიან კარგად დამხვდნენ, სულ სამნი იყვნენ: ჩემი უფროსი, მისი ძმა და კიდევ ერთი ბიჭი. მათ ნომერს ერქვა: „ადამიანები ცასა და მიწას შორის,“ ანუ, ტროსი ჰქონდათ ძალიან დიდ სიმაღლეზე გაჭიმული, 100 მეტრზე ადიოდა ბიჭი მოტოციკლეტით, ამ მოტოციკლის ქვემოთ იყო ტრაპეცია, რომელზეც, ასევე, ადამიანი იჯდა და ასვლა-ჩამოსვლისას ორივე აკეთებდა ტრიუკებს, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. გვერდით იდგა ანძა – რკინის კონსტრუქცია, რომელიც 62 მეტრი სიმაღლის იყო და მასზეც ადიოდა ადამიანი, აკეთებდა ტრიუკებს. წამიყვანეს ევროპის პარკში, რომელიც ძალიან დიდი  და ლამაზია, მასთან ახლოს არის როგორც საფრანგეთი, ასევე, შვეიცარია და, ამიტომ, წარმოდგენაზე დასასწრებად ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებდი წარმოდგენას – ეს იყო საოცრება. მერე ერთი ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ბადენ-ბადენში, ერთ-ერთ პარკში, ჩემი უფროსის ძმას უნდა დაემყარებინა მსოფლიო რეკორდი. 600 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმეს თოკი თითქმის მთელი ქალაქის სიგრძეზე და მასზე უნდა გაეარა ფეხით, ყველანაიარი დაზღვევის გარეშე. მეც, რა თქმა უნდა, ვესწრებოდი. ყველა მხრიდან მიდოდა გადაღებები, მაგრამ, ჟურნალისტებს უნდოდათ, რომ ზურგიდანაც ჰქონოდათ ახლო კადრი, ამიტომ, მესამე ბიჭი, რომელიც მათთან ერთად მონაწილეობდა წარმოდგენებში და ანძაზეც მუშაობდა, მოტოციკლზეც, ანუ, პროფესიონალი იყო, უკან გაჰყვა. მას თავზე კამერა დაუმონტაჟეს. 15 მეტრი რომ გაიარა, წონასწორობა დაკარგა, დაახლოებით 26 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. მეორეს ისეთი მაგარი ნერვები აღმოაჩნდა, გაიგო, რომ ჩამოვარდა ეს ბიჭი, მაგრამ, გააგრძელა გზა და რეკორდი დაამყარა. რამდენიმე დღე რომ გავიდა, ჩემმა უფროსმა მითხრა: ამ ანძაზე შენ უნდა იმუშაოო. კონტრაქტი ჰქონდათ დადებული და ვერ გააუქმებდნენ. მთელ ევროპაში არც ერთი ქალი არ მუშაობდა ანძაზე, ამიტომაც, აცხადებდნენ: „ევროპაში ერთადერთი ქალი ანძაზე“. ოთხი დღე მქონდა მოსამზადებლად. სახლის ეზოში იდგა 25 მეტრი სიმაღლის ანძა და მითხრა: მიდი, ადიო. ზედ უნდა ავსულიყავი, მერე დავმდგარიყავი, მექანავებინა ამხელა კონსტრუქცია, თან, ყირაც უნდა გამეკეთებინა და ტრიუკებიც. ამხელა სიმაღლეს და გახსნილ სივრცეს არ ვიყავი მიჩვეული. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მამამ ბავშვობიდან ასე გამზარდა: „საჭიროა – უნდა გააკეთო“. „არ შემიძლია“ – არ არსებობდა ჩემთვის. მოკლედ, ყველაფერი გამოვიდა: ჩამოვდიოდი ანძიდან, მერე ვჯდებოდი ტრაპეციაზე, ავდიოდი 100 მეტრ სიმაღლეზე, სალტოებს ვაკეთებდით, მოტოციკლი – ქვემოთ, ტრაპეცია – ზემოთ, ასევე, მუხლებით, ხელებით ვეკიდებოდი სივრცეში, სალტოს დროს ფეხზე ვდგებოდი და, თან, ეს ყველაფერი დაზღვევის გარეშე ხდებოდა. სამი-ოთხი ასეთი ასვლა გვქონდა. დღეში ოთხ წარმოდგენას ვმართავდი. ისე მოვეწონე, რომ, საბოლოოდ, მათთან რვა წელი ვიმუშავე.  გასტროლებზეც დავდიოდით, რეკლამებშიც ვმონაწილეობდი. ბოლო 6 წელი თურქეთში ვმუშაობდი, ცირკში. 

– როგორც ვიცი, გინესის რეკორდსმენებიც ხართ. 

– ეს წარმოდგენა 1999 წელს ჩატარდა ლოზუნგით: „ადამიანები საზღვრებს გარეშე“. ალპებში 3 000 მეტრ სიმაღლეზე დაჭიმეს ტროსი: ერთი მთა ეკუთვნოდა გერმანიას, მეორე – ავსტრიას, მათ შორის საზღვარი დაახლოებით 240 მეტრი იყო. რადგან, მთები იყო, მოტოციკლი არ შეიძლებოდა, ამიტომ, ველოსიპედით გადავედით ერთი მთიდან მეორეზე. მე ტრაპეციაზე ვიჯექი და ჩემს უფროსთან ერთად ტრიუკებს ვაკეთებდი, ის ყირაზე დგებოდა, მე კი ხელებით ვეკიდებოდი, ცალი მუხლით. მოკლედ, დავამყარეთ გინესის რეკორდი. „ნიჭიერშიც“ იმიტომ გამოვედი, რომ, მინდოდა, ხალხს გაეგო, როგორი ძლიერი კოლექტივი იყო ქართულ ცრიკში, რომელიც დღეს საერთოდ არ არსებობს. ამაზე ყველაზე მეტად მწყდება გული და, კიდევ, იმ ხალხზე, რომლებსაც წლების განმავლობაში უცხოეთში გაჰქონდათ ქართული სახელი, მაგრამ, დღეს ისინი აღარავის ახსოვს.

 

скачать dle 11.3