კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქალებისთვის

გიგამ ჯერ უმწეოდ შეხედა ქალს‚ მერე თავი ხელებში ჩარგო და სულმოუთქმელად დაიწყო:

– ძალიან გთხოვთ‚ არ შემაწყვეტინოთ‚ თორემ‚ მთლად დავიბნევი. ვიცი‚ რომ ძნელი მოსასმენი იქნება თქვენთვის და‚ შეიძლება‚ არც დამიჯეროთ‚ მაგრამ ყველაფერს ისე მოგიყვებით‚ როგორც მოხდა. მერე თქვენ თვითონ მოიფიქრეთ‚ როგორ უნდა მოვიქცეთ თქვენც და მეც... – გიგამ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: მოკლედ‚ რა დასამალია და‚ სანამ თქვენს ყოფილ ქმარს გაიცნობდა‚ მე ნატას საყვარელი ვიყავი თითქმის სამი წლის განმავლობაში‚ ანუ‚ მანამ‚ სანამ კარგი შემოსავალი მქონდა. მის ცოლად შერთვასაც კი ვაპირებდი‚ მაგრამ, ჩემმა ფინანსებმა იკლო და‚ შესაბამისად‚ იკლო ნატას ჩემდამი სიყვარულმაც. ან‚ შეიძლება‚ არც არასდროს ვუყვარდი... ერთი სიტყვით‚ ბოლო ხანებში მაგრად „გავიჭედე“‚ ნატა კი სულ ფულს მთხოვდა. სანამ მქონდა‚ უარს არაფერზე ვეუბნებოდი‚ მაგრამ, ჩემმა ბიზნესმა პრაქტიკულად დაყვინთა და ძალიან გამიჭირდა. არადა‚ სწორედ მაშინ მჭირდებოდა ფული‚ რადგან, ნატა ფეხმძიმედ იყო და... ვეხვეწებოდი‚ ცოტაც მაცადე და ისევ გამომისწორდება მდგომარეობა-მეთქი. გაგონებაც არ უნდოდა. ერთხელაც, მითხრა‚ ან ამ დღეებში ათი ათას დოლარს მომიტან‚ ან წავალ და აბორტს გავიკეთებო. ცა და ქვეყანა შევძარი‚ მაგრამ, ამხელა თანხა ვერ ვიშოვე. არც მიკითხავს‚ რისთვის უნდოდა და არც მაინტერესებდა. მგონი‚ მაშინ ნატა აღარც მიყვარდა; ერთადერთი‚ რაზეც გული მისკდებოდა‚ ის იყო‚ რომ მართლა არ გაეკეთებინა აბორტი. უკვე ორმოცს გადაცილებული კაცი ვიყავი და ძალიან მინდოდა შვილი.

დათქმულ დღეს მივედი და ორი ათასი მივუტანე – მეტი ვერ ვიშოვე-მეთქი. შენ ვის აშაყირებო‚ – ის ფული სახეში მომაყარა და სამუდამოდ ამიკრძალა მისვლაც და დარეკვაც. ჩემი ტანსაცმელი და ნივთებიც ჩანთაში ჩალაგებული დამახვედრა – სულ კარგად ბრძანდებოდე‚ ხვალ ექიმთან მივდივარ და შვილს დაემშვიდობეო. ამაზე მეც გავცხარდი და ვუყვირე‚ აბორტი რომ გაიკეთო‚ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს-მეთქი‚ – და წამოვედი. მთელი ერთი თვე მემალებოდა. მისმა დაქალებმა დამირეკეს‚ ბავშვი მოიცილა‚ შენთან აღარაფერი აკავშირებს და მის დევნას შეეშვი‚ თორემ, პოლიციას დაგაყენებთ თავზეო. მართლაც შევეშვი. პოლიციის კი არ შემშინებია‚ უბრალოდ‚ აღარ მინდოდა იმ ქალის დანახვა‚ ვინც შვილი მომიკლა. კი დავემუქრე‚ ყელს გამოგჭრი-მეთქი‚ მაგრამ, ვერ შევძელი. ძლივს გადავიტანე ეს ამბავი‚ კინაღამ შევეწირე ნერვიულობას. ორი წლის მერე ცოლიც შევირთე‚ მაგრამ, შვილი არ გვეყოლა. ექიმმა მითხრა‚ რაღაც ისეთი დარღვევები გაქვს‚ აღარასოდეს გეყოლება შვილიო. მაპატიეთ‚ ქალბატონო ანუკა‚ ასე დაწვრილებით რომ გიყვებით ყველაფერს‚ მაგრამ‚ რადგან დავიწყე... მოკლედ, რომ გაიგო‚ უშვილო ვიყავი‚ ცოლიც გამექცა და დავრჩი ასე უშვილძიროდ. დეპრესიაში ჩავვარდი და სმა დავიწყე. სულ იმ ბავშვზე ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი‚ რომ შვილი ვერ დავიცავი. ბიზნესიც დავკარგე‚ სამსახური ვერ ვიშოვე და სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე თავის მოკვლაც გადავწყვიტე. მაგრამ‚ ბოლო წამს რაღაც ისეთი ხდებოდა‚ ხელი მეშლებოდა‚ რომ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მომეყვანა. მეგობრებმა რომ ნახეს‚ რა მდგომარეობაში ჩავვარდი‚ დაფაცურდნენ ჩემს გადასარჩენად და შარშან საკმაოდ ნორმალური სამსახური მიშოვეს. ახლა ცოტა მატერიალურადაც მოვითქვი სული‚ სმასაც თავი დავანებე და თითქოს ოდნავ დავწყნარდი‚ მაგრამ‚ ამ სამი თვის წინ ისეთი რამ გავიგე‚ არ ვიცი‚ უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა.

– მაინც‚ რა გაიგეთ ასეთი? – ჰკითხა ანუკამ და მამაკაცს მოკიდებული სიგარეტი მიაწოდა. უცნობმა მექანიკურად გამოართვა‚ ორი ნაფაზით ბოლომდე ჩაიყვანა ღერი‚ მერე ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:

– მე რომ ნატასგან წამოვედი‚ რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც „კეთილისმყოფელმა“ დამირეკა და მითხრა‚ შენს ყოფილ სატრფოს ახალი საყვარელი ჰყავსო – და თქვენი ყოფილი მეუღლე დამისახელა. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია‚ რადგან, ჩვენ შორის უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. მაგრამ‚ ამ სამი თვის წინ ისევ დამირეკეს და მითხრეს‚ შენი შვილი ცოცხალია‚ ოღონდ‚ სხვა მამა ჰყავსო. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის‚ კინაღამ ინფარქტი მივიღე. თავიდან მეგონა‚ ნატამ ბავშვი გააჩინა და გააშვილა-მეთქი‚ თუმცა‚ ყველაფერი დაწვრილებით რომ გავიკითხ-გამოვიკითხე და გამოვიკვლიე‚ მერე კი თარიღებიც შევადარე‚ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ერთი სიტყვით‚ ანდრო ასათიანი‚ ანუ‚ ბავშვი‚ რომელიც თქვენს ყოფილ მეუღლეს თავისი ჰგონია‚ სინამდვილეში ჩემი შვილია. ნატა ორი თვის ფეხმძიმე იყო‚ გელა რომ გაიცნო. მე‚ უფულო‚ აღარ ვჭირდებოდი და‚ პრაქტიკულად, სახლიდან გამაგდო. ერთთვიანი შეხვედრების შემდეგ კი გელა იმით „შეაბა“‚ რომ‚ უთხრა‚ შენგან ორსულად ვარო. ბავშვი სინამდვილეში ცხრა თვის თავზე დაიბადა‚ გელა კი დაარწმუნა‚ შვიდთვიანი გაჩნდაო, – ეს ასეთი ქალების ცნობილი ხერხია კაცების მოსატყუებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ‚ ბიჭი ძალიან მგავს. თანაც‚ თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება დნმ-ის ანალიზსაც გავიკეთებ.

– მერე‚ მე რა შემიძლია? – ანუკას აღარ ეგონა‚ თუ კიდევ რამე შეძრავდა მის სულს. მღელვარებისგან ძლივსღა სუნთქავდა. ისეთი ფერი დაედო‚ გიგას შეეშინდა‚ ხელში არ ჩამაკვდესო და სწრაფად მიაწოდა ვალიდოლი.

– ენის ქვეშ ჩაიდეთ‚ ქალბატონო ანუკა‚ მე სულ თან დამაქვს‚ ძალიან მშველის‚ – და აკანკალებული ხელით ერთი აბი თვითონაც ჩაიდო პირში. გიგამ ორიოდე წუთს აცადა ანუკას გონზე მოსვლა და თხოვნით მიმართა:

– თქვენ უნდა გააგებინოთ გელას‚ რომ ანდრო მისი შვილი არაა‚ ან‚ ვინმეს დაარეკინოთ და ათქმევინოთ... – ასე ორ კურდღელს დავიჭერთ: თქვენ ქმარი დაგიბრუნდებათ‚ მე – შვილი.

– თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ?! როგორ მიბედავთ‚ ვინ გგონივართ‚ ვინ გითხრათ‚ რომ ქმრის დაბრუნება მინდა? ახლავე გადადით მანქანიდან და სიახლოვეს არ გაეკაროთ ჩემს ოჯახს‚ თორემ‚ საშინელებას მოგწევთ‚ იცოდეთ! ეს თქვენი პრობლემაა და თქვენვე მოაგვარეთ – გინდა თვითონ დაურეკეთ‚ გინდა სხვას დაავალეთ ამის გაკეთება‚ მე აქ არაფერ შუაში ვარ. ახლა კი კარგად იყავით! – და ანუკამ მანქანის კარი ისე გააღო‚ კინაღამ მოგლიჯა‚ – ღმერთო‚ ამ ქალაქში ღირსების მქონე ერთი მამაკაცი მაინც თუ დადის? – იყვირა მოსმენილით შეძრულმა ქალმა და ლამის ხელი ჰკრა გიგას‚ რომელიც ვერც კი მიხვდა‚ რატომ გადაირია ანუკა.

გიგამ გადასვლა დააპირა‚ მაგრამ‚ შეყოვნდა‚ თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. ანუკა მიხვდა და დაასწრო:

– არაფერი მითხრათ‚ აღარ მაინტერესებს! გელაც და მისი ყველა პრობლემაც ჩემი ცხოვრებიდან ამოხეული ფურცელია‚ ის ჩემთვის აღარ არსებობს!

მამაკაცი დაელოდა‚ სანამ ანუკა თავის ტირადას დაასრულებდა და ბოლოს უთხრა:

– მაინც უნდა გითხრათ: გელა ძალიან ცუდად ყოფილა. ზუსტად არ ვიცი‚ რა სჭირს‚ მაგრამ, სერიოზულადაა ავად. ისიც გავიგე‚ რომ‚ მას შემდეგ‚ რაც გაკოტრდა‚ ნატა სახლიდან აგდებს‚ ის კი ცოცხალი თავით არ მიდისო. ნატა სატრფოებს არ იკლებს, ბავშვისთვის საერთოდ არ სცალია‚ გელა კი‚ ალბათ‚ ჯერჯერობით ძიძად სჭირდება და ამიტომაც აჩერებს სახლში. მაგრამ, ვიცი‚ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება‚ რადგან, ვიღაც ფულიანი ბოთე უკვე გამოიჭირა. ქალბატონო ანუკა‚ გელას თავისი ორი შვილი ჰყავს‚ მე კი ჩემი მინდა...

– გაეთრიე! – იკივლა ანუკამ და გულგახეთქილი გიგა ნახევარ წამში გაქრა მოჩვენებასავით‚ მით უმეტეს‚ რომ ყველაფერი თქვა‚ რის თქმასაც აპირებდა.

ანუკა მთელი საათი იჯდა მანქანაში და ხმამაღლა ტიროდა. ნერვებმა უმტყუნა‚ მთელი სხეულით ცახცახებდა და ერთადერთ სიტყვას იმეორებდა:

– დებილი!.. დებილი!.. – ოღონდ‚ თვითონაც არ იცოდა‚ ვის ამკობდა ასე – საკუთარ თავს თუ ყოფილ ქმარს.

***

ამ ამბიდან ორი თვე გავიდა. ანუკას არავინ შეხმიანებია და ისიც შედარებით დამშვიდდა. გიგასთან შეხვედრის შესახებ თავის დაქალებსაც კი ვერაფერი უთხრა‚ ალბათ იმიტომ‚ რომ რცხვენოდა‚ მაგრამ, რისი‚ თავადაც არ იცოდა. ისევ მარისთან მოიოხა გული. გიგას ვინაობა არც გაურკვევია – აღარ უნდოდა ზედმეტი უარყოფითი ემოციები. ბუნდოვნად გაახსენდა, ერთ დროს დაქალების ნათქვამი‚ ნატა ვიღაც გიგას ხვდებოდა და‚ ფული რომ გამოელია‚ სახლიდან გააგდო‚ მაგრამ, ბავშვი მაინც გააჩინაო. იფიქრა‚ ალბათ‚ ეს ის გიგა იყოო და‚ შეეცადა‚ დაევიწყებინა ეს საცოდავი არსება‚ რომელიც ღმერთმა ერთ დროს კაცად გააჩინა. მარიმ უთხრა‚ შეიძლება‚ გელას შენთან დაბრუნება უნდა და ეგ ვიღაც გიგა მისი დარიგებული და გამოგზავნილიაო. მაგრამ, ანუკა გრძნობდა‚ რომ იმ ვიღაც გიგამ ყველაფერი სიმართლე უამბო. მოკლედ‚ ასე იყო თუ ისე‚ აღარავის დაურეკავს‚ აღარავინ მისულა და ანუკამ ბედის ეს დარტყმაც გადაიტანა.

***

ივნისის ბოლოს ლელა და ანდრო ერთი კვირით ქუთაისში გაემგზავრნენ ბებიასთან‚ მერე კი მეგობრებთან ერთად ზღვაზე აპირებდნენ წასვლას. ანუკამ უთხრა‚ სამ-ოთხ დღეში მოვრჩები ჩემს საქმეებს და მეც ჩამოვალო – და შვილები საჩუქრებით დატვირთული გაუშვა. მეორე დღეს ისეთი დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან‚ ფეხზე ძლივს იდგა‚ მაგრამ, აბაზანაში მაინც შევიდა – იქნებ გრილმა წყალმა ცოტა გონზე მომიყვანოსო. ის იყო‚ შხაპმიღებული და მართლაც ცოტა გონსმოსული‚ სააბაზანოდან გამოვიდა‚ რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდა და გაუკვირდა.

– მარი‚ შენ ხარ? – გასძახა დერეფნიდან‚ მაგრამ, პასუხის ნაცვლად, ისევ დარეკა ზარმა‚ ოღონდ, ამჯერად უფრო გაბმულად და ნერვიულად.

– მარი‚ ნუ მაიმუნობ! მაცალე‚ ახლავე გავაღებ! – ანუკა კარისკენ გაემართა და თან ხუმრობით შეუწყრა: რით ვერ გადაეჩვიე‚ პატარა ბავშვი ხომ აღარ ხარ! – თან, თავზე დაგორგლილი პირსახოცი გაისწორა და აბრეშუმის ხალათი მოიცვა. იმდენად დარწმუნებული იყო‚ რომ მარი იქნებოდა‚ „გლაზოკშიც“ კი არ გაუხედავს‚ კარი ისე გააღო.

– ვაიმე! – შეჰკივლა შეშინებულმა ანუკამ და უკან დაიხია: მის წინ გამხდარი‚ გაყვითლებული‚ ჩამოძონძილი უცნობი მამაკაცი იდგა‚ რომელსაც თავი ჩაეღუნა და ძლივს სუნთქავდა. ანუკას შეეშინდა‚ მაგრამ‚ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ხმის კანკალით მიმართა:

– ერთი წუთით დამელოდეთ‚ ახლავე გამოგიტანთ რამეს! – და კარის მიხურვა დააპირა‚ უცებ უცნობმა თავი ასწია და ანუკას თვალებში შეხედა:

– მათხოვარი გეგონე? მე დავბრუნდი‚ ანუკა! ვიცი‚ არ მქონდა უფლება‚ მაგრამ, მაინც დავბრუნდი. ვკვდები და, არ მინდა‚ ქუჩაში ძაღლივით ამომხდეს სული‚ ისევ ბავშვებისთვის იქნება ცუდი. არც პატიებას ვითხოვ‚ არც პატრონობას. მხოლოდ იმის უფლება მომეცი‚ რომ ადამიანივით მოვკვდე...

– გელა?! – ჩურჩულით აღმოხდა ქალს.

ანუკა ისე შეძრა ქმარყოფილის გარეგნობამ‚ რომ მექანიკურად უკან დაიხია და სახლში შემოსვლის საშუალება მისცა. გელა შემოლასლასდა და კართან დადგა აწურული. ჯერ გაპრიალებულ იატაკს დახედა‚ მერე დასვრილ და ლამის ნაფლეთებად ქცეულ ფეხსაცმელებზე დაიხედა და გახდა დაიწყო.

ერთი დაკივლება ყველაფერს ერჩია ანუკას‚ მაგრამ, დასძლია თავს და ხმა არ ამოიღო. ანდროს ოთახში გავიდა‚ ჩუსტები‚ პირსახოცი‚ თეთრეული და სპორტული პიჟამა აბაზანაში შეიტანა‚ მერე ისევ ისე ატუზულ გელას ცივად მიმართა:

– ყველაფერი აბაზანაშია. შედი‚ იბანავე და გამოიცვალე. ეგ ძონძები კი ამაში ჩაყარე ფეხსაცმელებიანად‚ – და ცელოფნის დიდი პარკი გამოუტანა.

– ჯერ რამე მაჭამე‚ თორემ‚ ვერ ვიბანავებ‚ – ამოიჩურჩულა გელამ და გაწითლდა. 

„შიმშილისგან კვდება ეს უბედური“‚ – გაიფიქრა ანუკამ და შეძრწუნებული გაუძღვა სამზარეულოსკენ. სასწრაფოდ მოუხარშა მაგარი ყავა და ერთი ნაჭერი ყველიანი ბუტერბროდი დაუდო თეფშზე:

– ჯერ ეს ჭამე. აბაზანიდან რომ გამოხვალ‚ მერე ივახშმე. ახლა მეტი რომ ჭამო‚ უარესად გახდები.

გელამ უხმოდ, თვალის დახამხამებაში გადასანსლა ყველი და პური და ქაფქაფა ყავა ისე ხარბად დააყოლა‚ პირის დაწვაც არ უგრძნია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი‚ ოდნავ მოღონიერებული და გონს მოსული‚ ასევე უხმოდ წამოდგა და აბაზანისკენ წაფრატუნდა. კარგახანს ისმოდა წყლის შხაპუნი. ანუკას რამდენჯერმე შეეშინდა და კარს ყური მიადო‚ ხომ არაფერი დაემართაო. დაახლოებით ერთი სააათის შემდეგ, დაბანილ-გასუფთავებული და შვილის ტანსაცმელში გამოწყობილი გელა ისევ სამზარეულოში იჯდა და გამალებით შეექცეოდა ვახშამს.

„საწყალი ჩემი მამამთილი... ალბათ‚ ამოტრიალდა საფლავში“... – გაიფიქრა ანუკამ და‚ რატომღაც, უფროსი ანდრო ასათიანი უფრო შეეცოდა‚ ვიდრე მისი ნაკაცარი შვილი.

– ანუკა... იცი? ის ბავშვი ჩემი შვილი არ არის... – წამოიწყო გელამ.

– ხმა არ ამოიღო‚ არაფრის გაგონება არ მინდა. ახლა დაწვები და დაიძინებ‚ ხვალ დილით კი ექიმთან წამომყვები‚ – ანუკა კაბინეტისკენ გაუძღვა ყოფილ ქმარს და ლოგინი ტახტზე გაუშალა.

– ის ბავშვი მამამისმა წაიყვანა... – ამოილუღლუღა გელამ და მაშინვე ჩაეძინა‚ მაგრამ‚ ძილში სულ შფოთავდა და კვნესოდა.

როდესაც სააბაზანო მოაწესრიგა და გელას ძონძები გადაყარა‚ ანუკამ შვილებს დაურეკა და უთხრა‚ სამსახურში რაღაც პრობლემები შეიქმნა‚ რომელსაც ჩემ მეტი ვერავინ მოაგვარებს და ვეღარ ჩამოვალ. თქვენ კი ერთ კვირას კიდევ თუ გაუხანგრძლივებთ ბებიათქვენს თქვენი ნახვის სიამოვნებას‚ ძალიან დამავალებთო. ლელა და ანდრო აწუწუნდნენ‚ მაგრამ‚ ბოლოს მაინც დათანხმდნენ.

„ესეც ასე... ორი კვირა მარაგში მაქვს ბავშვების ჩამოსვლამდე, მანამდე კი რამეს მოვიფიქრებ“‚ – ცოტათი დამშვიდდა ანუკა. მას ის აღელვებდა‚ რომ, არ იცოდა‚ რა ეთქვა შვილებისთვის‚ როცა ქუთაისიდან დაბრუნებულებს შვიდი წლის უნახავი‚ მომაკვდავი მამა დახვდებოდათ სახლში.

– მანამდე რამეს მოვიფიქრებ‚ – გაიმეორა ხმამაღლა‚ ნაცნობი ექიმის ტელეფონის ნომერი აკრიფა და დღის 12 საათზე ვიზიტზე შეუთანხმდა. მერე ტელევიზორი ჩართო‚ ყავა და სიგარეტი მოიმარაგა და მთელი ღამე სავარძელში მჯდარმა გაატარა. თვალიც ვერ მოხუჭა‚ არც ის ახსოვდა‚ რა გადაცემას უყურებდა. რომ გათენდა‚ მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან. საფერფლე ნამწვავებით იყო სავსე‚ ტელევიზორი კი უმწეოდ შრიალებდა.

***

ექიმმა გელას გადარჩენის ასპროცენტიანი შანსი ვერ მისცა ანუკას‚ მაგრამ, მაინც დააიმედა‚ შეიძლება‚ „გამოძვრესო“ და მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში დაწვენა ურჩია. ანუკას გაუხარდა კიდეც‚ რადგან, არ იცოდა‚ სახლში მწოლიარესთვის როგორ მოევლო და ემკურნალა. თან‚ ბავშვებსაც უფრო ადვილად აუხსნიდა ყველაფერს‚ გელა საავადმყოფოში თუ იქნებოდა.

ლელამ და ანდრომ მძიმედ გადაიტანეს მამის დაბრუნება. ორივე ამტყუნებდა ანუკას‚ – იმის შემდეგ‚ რაც მაგან გაგვიკეთა‚ სახლში როგორ შემოუშვიო.

– აბა‚ რა მექნა‚ ქუჩაში გამეგდო‚ რომ უპატრონოდ მომკვდარიყო? ისევ თქვენი სირცხვილი არ იქნებოდა? ისევ თქვენ არ მაპატიებდით მერე ამას! – თითქოს თავს იმართლებოდა ანუკა. უფრო კი ის სწყინდა‚ ასეთი გულქვა შვილები როგორ მყავს‚ წესით‚ პირიქით უნდა ხდებოდეს – მე უნდა ვერჩოდე გელას და ესენი იცავდნენო. მაგრამ, მერე მიხვდა‚ რომ‚ ჯერ ერთი‚ ამ ასაკის ახალგაზრდები ბევრად უფრო დაუნდობლები არიან და‚ მეორეც‚ წლების განმავლობაში განცდილი ტკივილის სიბრალულში გადაზრდას ისევ წლები სჭირდებოდა.

გელას დაბრუნების ამბავი მთელმა სადაქალომ გაიგო და აბსოლუტურად ყველა ამტყუნებდა ანუკას‚ ელენეს გარდა.

– ყოჩაღ‚ შენ ნამდვილი ქრისტიანი ხარ‚ – ეუბნებოდა ელენე მეგობარს და, ცდილობდა‚ შეძლებისდაგვარად დახმარებოდა.

ბავშვებმა ერთხელაც არ ინახულეს მამა საავადმყოფოში; არც მარი მისულა და‚ სხვათა შორის‚ არც ძმაკაცებს შეუწუხებიათ თავი.

ერთ დღეს‚ როდესაც გელას დაავადებამ პიკს მიაღწია და ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს‚ მომაკვდავმა დედისა და შვილების ნახვა ითხოვა. შვილები მივიდნენ‚ ლელას კი‚ როდესაც დაურეკეს და გელას სურვილი გადასცეს‚ უთქვამს‚ მე ერთი შვილი მყავდა‚ რომელიც შვიდი წლის წინ მომიკვდაო. მერე მთელი ღამე ხმამაღალ ტირილში გაუტარებია‚ მეორე დღეს კი ლოგინიდან ვერ ამდგარა და გონი დაუკარგავს.

***

დიდხანს ებრძოდნენ ექიმები სიკვდილს და ბოლოს მაინც დაამარცხეს – გელას ნელ-ნელა დაეტყო გამომჯობინება. ორი თვის შემდეგ კი ანუკას მისი სახლში წაყვანის უფლებაც მისცეს‚ რა თქმა უნდა‚ მკურნალობის გაგრძელებით.

შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად‚ ანუკამ გელა სახლში წაიყვანა და თავზე გამოცდილი ექთანი დააყენა‚ რომელიც დღისითაც და ღამითაც გააკონტროლებდა წამლების მიღებას‚ ვარჯიშებს და ყველაფერს‚ რაც ავადმყოფის რეაბილიტაციას სჭირდებოდა.

გელას მკვდრეთით აღდგომას თითქმის წელიწადი დასჭირდა და ამ ხნის განმავლობაში ის საკმაოდ მოშინაურდა. მართალია‚ ანუკა გაურბოდა მასთან ლაპარაკსა და ფამილარულ ურთიერთობებს და არც შვილები შესციცინებდნენ თვალებში‚ მაგრამ‚ მაინც იმედი მიეცა‚ რომ ყველაფერი მოგვარდებოდა.

– ფეხზე მყარად რომ დავდგები‚ ერთად წავიდეთ ქუთაისში. მინდა‚ დედაჩემი ვნახო. ფეხებში უნდა ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო‚ – უთხრა ერთხელ შვილებს.

– ადრე უნდა გენახა‚ როცა შიოდა და სციოდა‚ – მიახალა ანდრომ.

– ადრე არ გამოვიდა... – უმწეოდ ჩაიჩურჩულა გელამ.

– არც ახლა გამოვა.

– გამოვა. ერთ-ორ კვირაში მგზავრობასაც შევძლებ და...

– გვიანაა-მეთქი. შეგიძლია‚ არც ახლა შეიწუხო თავი! – არ დაინდო შვილმა.

– რატომ? – მექანიკურად იკითხა გელამ.

– იმიტომ‚ რომ შენი დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ ბებია გარდაიცვალა! – მიახალა ლელამ და ოთახიდან გავიდა.

გელა ისე ცუდად გახდა‚ კინაღამ შეუბრუნდა ავადმყოფობა. მთელი კვირა გაშტერებული იწვა და ცრემლი ღვარად სდიოდა. თითქმის აღარ იყო გონზე.

– დედა‚ მაპატიე... – მხოლოდ ამ ორ სიტყვას იმეორებდა ჩურჩულით.

მაგრამ‚ მერე თანდათან ისევ გამოკეთდა და ერთი თვის შემდეგ უკვე გარეთ გასვლაც შეეძლო.

ერთ დღეს, გელამ გადაწყვიტა‚ რომ დადგა დრო‚ ანუკას სერიოზულად დალაპარაკებოდა‚ პატიება ეთხოვა და შერიგებაზე დაეთანხმებინა. დილიდანვე აწყობდა ტექსტს‚ ცვლიდა‚ იმეორებდა... თორმეტი საათისთვის სახლიდან გავიდა‚ – გარეთ უფრო დავმშვიდდები‚ საღამომდე არ მოვალ სახლში‚ საღამოს კი თაიგულს მივართმევ‚ ყველაფერს გულწრფელად მოვინანიებ და‚ ქვა ხომ არ არის‚ ქალია‚ მაპატიებს და შემირიგდება‚ მერე კი შვილებთანაც ნელ-ნელა მოვაგვარებ ურთიერთობასო. ის დარწმუნებული იყო‚ რომ ანუკას მაინც უყვარდა და ამ სიყვარულს ვერ გაექცეოდა.

საღამოს მართლაც დაბრუნდა ულამაზესი თაიგულით ხელში და გულაფანცქალებულმა მიაჭირა თითი ზარის ღილაკს. კარგა ხანს ელოდა‚ მაგრამ, კარი არავინ გააღო. გაუკვირდა – წესით‚ ამ დროს ყველა სახლში უნდა ყოფილიყო. კიდევ დარეკა რამდენჯერმე‚ მაგრამ, კარს უკან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. გულმა ცუდი უგრძნო‚ თუმცა‚ ვერ მიხვდა‚ რა შეიძლებოდა‚ მომხდარიყო. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა‚ მეზობლის კარს მიადგა და ახლა იქ დარეკა ზარი – იქნებ აქ იყვნენო.

კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო. გელა რომ დაინახა‚ ცოტა შეცბა‚ მაგრამ, არ შეიმჩნია.

– უკაცრავად‚ გაწუხებთ‚ ქალბატონო მაია‚ – გაახსენდა მეზობლის სახელი გელას‚ – თქვენთან ხომ არ არიან ჩემები? – ეს „ჩემები“ ისე შინაურულად გამოუვიდა‚ თვითონაც კი შეცბა – ვრეკავ და‚ ეტყობა‚ არ არიან სახლში... ვიფიქრე‚ მეზობელთან ხომ არ გავიდნენ-მეთქი. გასაღებიც არ წამიღია‚ როცა გავედი...

– აქ არ არიან‚ ბატონო გელა‚ ქუთაისში წავიდნენ‚ მგონი‚ ბებიას წლისთავზე. სამი საათის წინ გავიდა მატარებელი. თქვენთვის გადმოსაცემად კი რაღაც დამიტოვეს‚ – ქალი სახლში შებრუნდა და ორიოდ წუთში მოზრდილი ჩანთითა და კონვერტით დაბრუნდა უკან.

გელა ყველაფერს მიხვდა‚ მაგრამ‚ იხტიბარი აღარ გაიტეხა.

– დიდი მადლობა‚ ქალბატონო მაია. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: თუ არ შეწუხდებით‚ ეს თაიგული ანუკას გადაეცით‚ როცა დაბრუნდება. მე კარგა ხნით მივემგზავრები და... – გელამ მეზობელს ყვავილები მიაწოდა‚ ჩანთა და კონვერტი გამოართვა და‚ თავბრუდახვეულმა‚ მექანიკურად ჩაირბინა კიბეები. არ იცოდა‚ სად წასულიყო და, საერთოდ‚ როგორ მოქცეულიყო. ჯერ სადარბაზოდან გავიდა‚ მერე უკანვე შებრუნდა‚ კართან ანთებული ნათურის ქვეშ დადგა და კონვერტი გახსნა. იქ ფული იდო‚ ბევრი ფული და მოკლე ბარათი:

„მე ღმერთისა და შვილების წინაშე ვალი მოვიხადე და მომაკვდავი ქუჩაში არ გაგაგდე. მაგრამ, არის რაღაც‚ რისი პატიებაც შეუძლებლად მიმაჩნია. თუ შვილები გაპატიებენ‚ ეს მათი საქმეა‚ მე ხელს არ შევუშლი.

კონვერტში ორი ათასი დოლარი და ჩვენი ნიშნობის ბეჭდებია. როგორც საჭიროდ ჩათვლი‚ ისე მოიხმარე.

მე ვერ გაპატიე. უფალმა შეგინდოს.

მშვიდობით სამუდამოდ.“

... და, არავითარი ხელმოწერა.

***

გელას წასვლის შემდეგ მაია სამზარეულოში შევიდა და თაიგული გაფითრებულ ანუკას დაუდო მაგიდაზე. ანუკა ფიქრებიდან გამოერკვა:

– მაია‚ ძალიან გთხოვ‚ ლაპარაკის თავი არ მაქვს და ერთი დახმარებაც გამიწიე – ქუთაისში დარეკე და ჩემს შვილებს უთხარი‚ რომ ხვალ წლისთავზე ვერ ჩავალ. თვითონ მოიფიქრე რამე მიზეზი‚ – მერე ადგა და კარისკენ გაემართა.

– ანუკა‚ ყვავილები... – გაუბედავად შეახსენა მაიამ‚ მაგრამ, ანუკამ სიტყვა არ დაასრულებინა:

– გადაყარე‚ – თქვა ჩუმად და კარი გაიკეტა.

***

დილის ექვს საათზე ავტოსადგურის სალაროსთან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მგზავრი იდგა:

– თუ შეიძლება‚ ერთი ბილეთი ქუთაისამდე‚ პირველი რეისით... – მიმართა მან მოლარეს და ფული მიაწოდა.

скачать dle 11.3