კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი მიზანსცენა

ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა – ხელებგაშლილი დაეცა, თითქოს ფეხქვეშ საყრდენი გამოაცალესო. თითქმის სიცივეც კი იგრძნო და ტკივილი, რომელიც, ალბათ, უფრო რეალური იყო, ვიდრე მოგონილი. დაცემის ხმა არ გაუგონია. თვალები საკმაოდ გვიან გაახილა, ნელა და გაჭირვებით. პირველად ჰანა დაინახა – აცრემლებულ ქალს  მისი ხელი ეჭირა ხელში და მაგრად უჭერდა. მისაღებ ოთახში, ნაცნობ დივანზე იწვა და გარშემო ნაცნობი სახეები დასტრიალებდნენ. ყველაფერი ძველებურად იყო, არაფერი ახალი: ეიბლ რატს პირში ახრჩოლებული სიგარა ედო, გვერდით ჯეიკ ჰოლი და ტომი მაკ-ჰოუენი ედგნენ...

– ექიმს ხომ არ გამოვუძახოთ? – იკითხა ერთხელ რატმა, – გავიგოთ, რა დაემართა.

„ნაბიჭვარი, ვითომ ჩემზე ნერვიულობს, თავისი სპექტაკლის ბედი ადარდებს. ხუთი წლის განმავლობაში პირველად გაუმართლა და, ბუნებრივიც არის, ასე რომ განიცდის”...

ჰანა სულ უფრო  მაგრად უჭერდა ხელს. ცრემლები მოგორავდა მის ფერმკრთალ, მომხიბლავ სახეზე, რომელიც ერთ დროს ასე აღელვებდა. ჰო, ჰანაზე მართლაც იყო უსაზღვროდ შეყვარებული, ისე უსაზღვროდ, რომ გაბედა, მასთან ერთ ჭერქვეშ დაედო ბინა. ეს სახლიც ერთად იყიდეს – დიდი და ლამაზი სახლი, რომელიც ბოლო დროს სულ სტუმრებით იყო სავსე... რატომღაც, ჰანამ გადაწყვიტა, რომ ოჯახური სპექტაკლები ყველასთვის კარგი გასართობი იქნებოდა და კვირაობით მაილსი იძულებული იყო, მობეზრებული სიფათებისთვის ახალ სახლშიც ეცქირა.

– იქნებ, გულია? მგონი, ჯობია, ექიმი მოვიყვანოთ და ყველაფერი საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ, – აზრი გამოთქვა ეიბლმა. მაილსმა ფეხები მოხარა და შეეცადა, წამომჯდარიყო. ჰანამ ხელი მიაშველა.

– უკეთ ხარ?

– ჰო, ყოველ შემთხვევაში, არ მოვკვდი. თავს სუსტად ვგრძნობ, მაგრამ, შედარება არ არის... ვისკი მომიტანე...

ჰანა თვალებში ჩააშტერდა:

– ვისკი? იქნებ წყალი ჯობდეს?

– ვისკი მომიტანე და ეს ხალხიც გაყარე აქედან, – თქვა უცებ მაილსმა, – რა სულელური იდეა იყო მათი აქ თავმოყრა. რატომ უნდა  ვაჭმევდე და ვასმევდე ყოველკვირა ამ ხროვას?!

ჰანას თვალები გაუფართოვდა:

– ჰო, მაგრამ, ძვირფასო, ისინი ხომ შენი მეგობრები არიან?

მაილსმა ამოიოხრა... პრინციპში, რაღა აზრი ჰქონდა ამაზე ლაპარაკს, მალე საერთოდ გაქრებოდა ამ სახლიდან და მერე ჰანას თუნდაც სულ გადაეწვა აქაურობა, საერთოდ არ ინაღვლებდა, „ლილი... ამ არსებასთან თავს თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობდა, ოღონდ, ჯერ ჰანას უნდა დასხლტომოდა ხელიდან, ობობას ქსელივით რომ იყო მასზე შემოხვეული და სულს უხუთავდა. მარტო ჰანა კი არა, ყველაფერი უხუთავდა სულს. აბსოლუტურად ყველაფერი მობეზრდა, ვისკიც კი თბილი იყო და უგემური... ლილი სულ სხვა იყო, მისგან სიახლის სურნელი მოდიოდა. როგორ ელოდა იმ დღეს, როცა ლილისთან ერთად სულ სხვანაირ, ლაღ ცხოვრებას დაიწყებდა... მაგრამ, წარმოდგენაც არ სურდა, როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ჰანა... ფიქრობდა, რომ უნდა ეთქვა და შეემზადებინა მოსალოდნელი გარდაუვალობისთვის. თუმცა, კარგად რომ დაფიქრდა, გადაწყვიტა, რომ ჩუმად წასვლა გაცილებით ჯობდა. აი, ეიბლს კი უნდა დალაპარაკებოდა. ეიბლი სხვა საქმე იყო. ჰანა იტირებდა, რამდენიმე სკანდალს მოაწყობდა, რომელსაც თავად მაილსი ვერც დაინახავდა სულ ეს იყო. ეიბლს კი შეეძლო, ეჩივლა კონტრაქტის საფუძველზე.

– ეიბლ, უნდა დაგელაპარაკო. მე ჩვენი კონტრაქტის პირობები აღარ მაკმაყოფილებს...

ეიბლმა სიგარა კბილებით  გაკვნიტა.

– ამას ველოდი, შენ ეს გახასიათებს – რამდენიმე რეჟისორს უკვე მოექეცი ასე. ჰონორარის გაზრდა გინდა... კარგი, რამდენით?

მაილსმა გაიცინა და თავი გააქნია:

– არა, შენ ვერ გამიგე. მე არაფერი არ მინდა, სრულიად არაფერი. მე მივდივარ შენი სპექტაკლიდან და ბროდვეიდანაც.

ეიბლი გაფითრდა:

– არა, შენ ამას არ გააკეთებ, არ მომექცევი ასე. ღუპავ სპექტაკლს?

– რატომ? ის ხომ კარგი სპექტაკლია? შეიყვანე მასში ვინმე სხვა... დუბლს ხომ ამზადებდი – უელკერს, მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვს, როდის მოვიტეხ კისერს.

– არა, მაილს, შენ ამას არ გააკეთებ. ვერ გააკეთებ. შენ კონტრაქტი გაქვს, რომელშიც წერია – სპექტაკლში თამაშობ მანამ, სანამ ის ბროდვეის რეპერტუარიდან არ მოიხსნება... მე გიჩივლებ, შენი პოპულარობისგან არაფერს დავტოვებ და ფინანსურადაც დაგაზარალებ.

– მე? ავადმყოფ ადამიანს? რომელსაც ყველას თვალწინ გული წაუვიდა? იქნებ ხვალ ვკვდები, მერე რაღას იზამ?

– არაფერი მოგივა... სამაგისო რა გეტყობა? მაგრამ, შენ ასეთი ხარ – უპასუხისმგებლო, ეგოისტი. მაფრთხილებდნენ ამის შესახებ. მაილს, ნუ გგონია, რომ საკუთარი თავისგან გაქცევას შეძლებ. დარწმუნებული ვარ, ეს სპექტაკლიც სპეციალურად მოაწყე...

– რომელი სპექტაკლი? – მხრები აიჩეჩა მაილსმა. 

– ნახევარი საათის წინ რომ გაითამაშე. ვერაფერს იტყვი, ძალიან დამაჯერებლად გაიშხლართე... მაგრამ, ჰანას თუ მოატყუებ მაგ მიზანსცენებით. მე ვიცი ჭეშმარიტი მიზეზი – ლილი...

მაილსმა შიშით გაიხედა ცოლისკენ:

– რა სისულელეა!..

– ჰო?! მაშინ, კარისკენ გაიხედე, იქ, შემოსასვლელში ლილია...

მაილსი ერთი ნახტომით გაჩნდა შემოსასვლელში და მოღიმარ, ქერა ლამაზმანს წინ აეფარა:

– აქ რა გინდა, გაგიჟდი? რა ჯანდაბამ მოგიყვანა? გინდა, ყველაფერი გააფუჭო?

ქალმა თვალები მოჭუტა, ხელი პალტოს ჯიბიდან ამოიღო, იმ პალტოს ჯიბიდან, რომელიც მაილსს ერთი თვის ჰონორარი დაუჯდა და მაილსს თვალებთან ორი ბილეთი აუქნია:

– შეხედე? ორ საათში გემი გადის... აკრიფე შენი ნივთები და წამოდი – ან ახლა, ან არასდროს! მეტს აღარ დავიცდი. დარწმუნებული ვარ, ცოლს კიდევ არ დალაპარაკებიხარ...

– დღეს ვაპირებდი... ახლა ეიბლთან ვაგვარებდი საქმეს.

– ჰოდა, აღარ მოგიწევს. ქვემოთ, მანქანაში დაგელოდები მხოლოდ თხუთმეტი წუთი, მერე კი მივემგზავრები – ან მარტო, ან შენთან ერთად.

მაილსმა იგრძნო, რომ ახალ ქსელში ეხვეოდა ჰანას ქსელისგან ჯერაც თავდაუხსნელი.

– კარგი, – ამოიოხრა, – ჩადი და ჩამოვალ...

– თხუთმეტი წუთი გაქვს, იცოდე! – შეუბრალებელი ტონით  გაუმეორა ქალიშვილმა...

მაილსი მაღლა ავიდა და ჩემოდანში თავისი ნივთების ჩაყრა დაიწყო. ის იყო, თავსახური დაახურა და ზედ დააწვა დასაკეტად... ამ დროს კარისკენ გაიხედა და გაშეშდა – ზღურბლზე ჰანა იდგა, მომარჯვებული პისტოლეტით...

– რას აკეთებ, იმასთან მიდიხარ? უარყოფას აზრი არა აქვს, დავინახე... მაილს, შენ მას არ სჭირდები, საერთოდ არ სჭირდები... ნუ დაუშვებ ისეთ შეცდომას, რომელსაც მერე ვეღარ გამოასწორებ. ხომ იცი, რომ მარტო მე მიყვარხარ...

– საკმარისია, მე მივდივარ...

– მაილს, აქედან ცოცხალი ვერ გახვალ...

– არა, ჰანა, ეს სპექტაკლი არ არის... იქ, სცენაზე უფრო ადვილია, ცხოვრება გაცილებით რთულია...

ჰანამ პისტოლეტს მეორე ხელიც შეაშველა და მზერაც სხვანაირი გაუხდა... მაილსს გული უცნაურად შეუფრთხიალდა, მაგრამ უკან დახევა არ სჩვეოდა. უკან, ანუ ჭაობში?! – ამას ყველაფერი სჯობდა.

– შენ ამას ვერ გააკეთებ, ჰანა... დამშვიდდი და ახალი ცხოვრება დაიწყე.

– უკანასკნელად გთხოვ, მაილს, არ წახვიდე...

მაილსმა გაიღიმა და ჩემოდანი აიღო... ტყვიაც სწორედ ამ დროს გავარდა...

ეს დაცემაც ძალიან ჰგავდა იმ დაცემას, ოღონდ, ახლა სრულ სიბნელეში ჩაინთქა და ტკივილიც აღარ უგრძნია...

 

скачать dle 11.3