კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ახალ წელთან შეხვედრისას და რატომ არ უნდა იყოს ის მთელი წლის განმავლობაში რომელიმე ცხოველის იმედად

საქართველოს სამოციქულო ეკლესია არის ნაწილი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის. როგორც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მრავალ საეკლესიო, საუფლო დღესასწაულს, ბუნებრივია, ასევე‚ ჩვენთანაც აღინიშნება მრავალი საეკლესიო და საუფლო დღესასწაული, რომელთაც თან ახლავს სხვადასხვა საერო, ეროვნული  დღესასწაული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, როგორი უნდა იყოს ამ დღისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

 

– ხშირად თანამედროვე, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვარდებიან გაურკვევლობაში, ორჭოფობენ, როდესაც საშობაო მარხვაში უწევთ საერო დღესასწაულის, ახალი წლის აღნიშვნა. ამ დროს არის გარკვეული  განკითხვა, შეხლა-შემოხლა, აზრთა სხვადასხვაობა. ხშირად ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი განრისხებული განიკითხავს, შერისხავს იმ ადამიანებს, რომლებიც ზეიმობენ ახალ წელს. ამიტომ სასურველია, ორივე მხარემ გამოიჩინოს გონიერება. ის, ვინც მარხვას ინახავს, ნუ განიკითხავს მას, ვინც მარხვას არ ინახავს და, პირიქით, ის ნუ განიკითხავს მარხულს. მარხვა დაფარულში უნდა აღესრულებოდეს და ამას არ სჭიდება ქება-დიდება, ტრაბახი, რომ ჩვენ ვინახავთ მარხვას, ვიცავთ მოძღვრის კურთხევას. ვინც მარხულობს და თან, განიკითხავს სხვას, მინდა, მათ შევაგონო, რომ აუცილებლად გამოიჩინონ თავმდაბლობა, მიმტევებლობა და გულისხმიერება. თუ არ მიირთმევენ საახალწლო ნუგბარ კერძებს, შეიძლება, შინაგანად იზეიმონ ის სიხარული, რომელსაც განიცდის მთელი საქართველო. ჩვენ გაზრდილი ვართ იმ მოლოდინში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს და 1 იანვარს იზეიმება. არც ერთ  ქრისტიანს არ აქვს აკრძალული, იზეიმოს ეს სახალხო დღესასწაული. 

– მამაო, ძალიან ბევრი თანამედროვე ქრისტიანი ბრკოლდება, როდესაც შობის მარხვაში დგება საერო კალენდრით ახალი წელიწადი და ეს მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნის. 

– თანამედროვე კალენდარულ ზეიმს არანაირი კავშირი არ აქვს მაცხოვრის შობასა და შობის მარხვასთან. თუ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ზეიმობს ახალ წელს, მოლოდინშია, სიხარულს განიცდის, ბუნებრივია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ეკლესიას არაფერი აქვს. ჩვენ შეგვიძლია, თან მარხვა დავიცვათ, თან საერო კალენდრით ვიზეიმოთ ახალი წელი. ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წელი მათ ბედნიერებას მოუტანს, უბრალოდ, ვიტყვი: თუ გინდა, შენთვის ახალი წელი გასულ წელზე უკეთესი იყოს, მაშინ, უკეთესად იცხოვრე, იშრომე, ილოცე, იმაზე უფრო კარგი ადამიანი იყავი, ვიდრე გასულ წელს იყავი. კარგად გააანალიზე, რა შეცდომები დაუშვი წინა წელს, რა ვერ გამოასწორე, რის გაკეთება ვერ მოასწარი, რა ვერ შექმენი უკეთესად და, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მომავალი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე – გასული წელიწადი. 

– ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩინურ კალენდარს, იმას, თუ რისი წელი მოდის, რომელი ცხოველის და ხშირად ასტროლოგების რჩევებსაც ითვალისწინებენ: როგორც საახალწლო სუფრაზე, ასევე ჩაცმულობასთან დაკავშირებით.

– ძალიან ბევრი ადამიანი ჩინურ კალენდარზეა დამოკიდებული. მათ ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ ცხოველის წელი უფრო კარგი, გამორჩეული იქნება მათთვის. ბუნებრივია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო სწავლებასთან. ასტროლოგების დარიგებაც არსებობს: თუ ასე შეხვდებით ახალ წელს, ამას ჩაიცვამთ ან გაიხდით, ამას დადგამთ მაგიდაზე, ეს ყველაფერი ბედნიერებას მოგიტანთო. თანამედროვე ადამიანი ასეთი რაღაცეებით არ უნდა ტყუვდებოდეს. თუ წინასწარ გვეცოდინება, როგორი იქნება ეს წელიწადი – დაძაბული, მშვიდი თუ, ნაყოფიერი, დავიკრეფთ გულზე ხელს, აღარ ვილოცებთ, აღარ ვიმუშავებთ და უმოქმედობაში ჩავცვივდებით, როგორც ამას ბუდიზმი ქადაგებს, მოტყუებული, თვითდაჯერებულები ვიქნებით, რომ ახალი წელი ნაყოფიერების, გამრავლებისა და ბედნიერების მომტანი იქნება. ღმერთმა ასე ქნას, მაგრამ, თუ შეიძლება, რომ ეს წელი ბედნიერების იყოს, რატომ არ შეიძლება, მომდევნო წელმაც ბედნიერება მოგვიტანოს?! როგორ შეიძლება, ერთი წელი ბედნიერების იყოს, მეორე – უბედურების, ერთი – მშვიდობიანობის, მეორე – ომიანობის, ერთი – ნაყოფიერების, მეორე – უნაყოფობის?! დაიმახსოვრეთ ყველამ, რომ ეს ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული: თუ ადამიანები იშრომებენ, ილოცებენ, მაშინ წელი ნაყოფიერი იქნება, მაგრამ, თუ არ ილოცებენ, გულზე ხელს დაიკრეფენ, არ ეყვარებათ ერთმანეთი, არ იქნებიან ღვაწლში, მოსაგრეობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის წელი ვერ იქნება კარგი. არ შეიძლება, ჩვენს გარეშე, ავტომატურად, ქვეცნობიერად, რაღაცა ძალების მიერ იყოს ყველაფერი კარგად ან ცუდად – ეს არასწორი სარწმუნოებაა. დღეს ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ შრომობს, ან ვერ შრომობს და ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, სამსახურს იშოვიან, საპატიმროში აღარ იქნებიან. ქრისტიანობაში არსებობს სამი მთავარი სათნოება: რწმენა, იმედი, სიყვარული. იმედი არის მეორე და არა პირველი. თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, მისი იმედი იქნება შემარცხვენელი, ადამიანზე დამყარებული. თუ ჩვენ გვეგონება, რომ რომელიღაცა ცხოველის „სახელობის“ ახალ წელს ახალი ლიდერი გამოჩნდება, ის გვიშველის და ბედნიერები ვიქნებით, ბუნებრივია, ასეთი ადამიანები იმედგაცრუებული დავრჩებით, იმიტომ რომ, რწმენა, იმედი და სიყვარულია მთავარი, ხოლო რწმენის გარეშე იმედი და იმედის გარეშე სიყვარული, ბუნებრივია, არაფერს მოგვიტანს – კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება ჩვენს ცხოვრებაში. 

– და მაინც, როგორი დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა ახალი წლის მიმართ?

– დამეთანხმებით, რომ ბევრმა ახალმა წელმა გაგვიცრუა იმედი. ამიტომ, დროა, ვისწავლოთ ჭკუა და შევცვალოთ ახალ წელთან დამოკიდებულება: ისევ ისე ნუ ვიზეიმებთ, როგორც ადრე ვზეიმობდით, როგორც იანუსის კერპის გარშემო ზეიმობდა მთელი რომაული სამყარო. მოგეხსენებათ, რომ იანვრის სახელი იანუსის კერპიდან მოდის, რომელსაც უცნაური გარეგნობა ჰქონდა. ერთი მხრიდან იყო ჭაბუკი, ხოლო მეორედან – ჭარმაგი მამაკაცი; ერთი მხარე იცინოდა, მეორე – ტიროდა და მის გარშემო მთელი ორგიები იმართებოდა რომის იმპერიაში, სახალხო დღესასწაული იყო. იქნებ, დროა, რაღაც შევცვალოთ და ჩვენი ზეიმიც უფრო სულიერი, ხალხური, თავმდაბალი, ნაყოფიერი, შემეცნებითი იყოს?! თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, კეთილდღეობა გქონდეს, დაიცავი უფლის სიტყვა, პატრიარქის შეგონება და დამიჯერეთ, ეს ახალი წელიწადი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო. ჩვენ რომ ვიძახოთ, ახალი წელი კარგს მოგვიტანსო, ასე არ იქნება; იმ ნაყოფიერი მიწის დამუშავება და მოვლაა საჭირო, იმ გონიერების, ნიჭის ამოქმედებაა საჭირო, რომელიც ღმერთმა უხვად მოგვცა. დავიმახსოვროთ პატრიარქის შეგონება და ახალ წელს შევხვდეთ ლოცვით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით და არა ზედმეტი ჭამა-სმითა და უაზრო ზეიმით. 

– ზოგი ფიქრობს, რომ როგორც შეხვდება ახალ წელს, ისე იცხოვრებს მთელი წლის განმავლობაში. 

– რა თქმა უნდა, ახალ წელს არ უნდა შევხვდეთ იმ იმედით, რომ რაც უფრო მეტ სასმელს დავლევთ, რაც უფრო მეტ ნუგბარ კერძს მივირთმევთ, ბევრ ტყვიას გავისვრით ჰაერში და ბევრს ვიხმაურებთ, მხიარულებაში გავატარებთ ახალ წელს, მით უფრო ყველაფერი იქნება კარგად. გვეყო უმეცრება, მაგიური დღესასწაულების აღნიშვნა. მინდა, აქვე გითხრათ, რომ მაგიური ნიშნავს, უაზრო, გაუგებარი სიტყვების ერთობლიობას, რასაც ჩვენ ხშირად ახალ წელს ღვინით გალეშილები აღვასრულებთ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც ვფხიზლდებით ხოლმე. არადა, როდესაც საერო დღესასწაული, ახალი წელი მთავრდება, მერე უკვე კარს მოგვადგება მაცხოვრის შობა. მაცხოვრის შობა კი უნდა აღესრულოს ჩვენს გულებში და მიმსგავსებული უნდა იყოს იუდეის ბეთლემის გამოქვაბულს, რომელიც პირუტყვთა სადგომი იყო. ჩვენი გულებიც ხშირად არის მრავალი უკეთური ცოდვისა და მავნე თვისებების სადგომი და ის ხშირად არის დაკეტილი ქრისტესთვის. როგორც უფალი აკურთხებს მარიამს და იოსებს, ისინი შედიან იუდეის ბეთლემში და მათთვის ყველა კარი დახშულია, რადგან იმ დროს  ადამიანები არ იყვნენ მზად მიეღოთ ახალშობილი მაცხოვარი, ასევეა დღეს – მრავალი თანამედროვე მართლმადიდებლის გული მაცხოვრისთვის დახშული ხდება, უაზრო გართობით, დროსტარებით, უმარხველობით, ულოცველობით და მათ გვერდს ჩაუვლის მაცხოვარი. ის ქადაგება, რომელსაც ქრისტეს შობისას ანგელოზების ქორო წარმოთქვამს, მრავალი ქრისტიანისთვის დაფარული იქნება და მას გაიგებს ის, ვინც გონებითობით, ცოდნით, დაფარულად, თავმდაბლობით მარხულობს და ელოდება მაცხოვრის შობის დღესასწაულს.

 

скачать dle 11.3