კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ადანაშაულებს ცოლის ღალატში მამაკაცი საკუთარ თავს

როცა ქალი ქმარს ღალატს აპატიებს, ეს არავის უკვირს და თითქოს ჩვეულებრივ ამბადაც მიიჩნევენ, მაგრამ, როცა ქმარი აკეთებს ამას, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. მას გაოცებით და სიბრალულითაც კი უყურებენ. თითქმის შეუძლებლის შემძლედ – ანუ, განსხვავებულ ადამიანად აღიქვამენ. უცნაური სტერეოტიპია, მაგრამ რატომღაც ასე დადგინდა: ქალმა უნდა აპატიოს ქმარს ღალატი – რა მოხდა მერე, კაცია! ხოლო, თუ ცოლი უღალატებს ქმარს, ის მაშინვე უნდა გაკიცხო, დაგმო და მოიკვეთო... ერთი სიტყვით, უსამართლობაა, თუმცა ამაზე არავინ ჩივის. მაინც რა ამოძრავებს კაცს, აპატიოს ცოლს ღალატი?! მარტო საყვარელი თუ რაღაც სხვა...

 

აჩი (39 წლის): თქვენც გაგაკვირვებთ, ალბათ, ჩემი სურვილი – ვილაპარაკო პირადზე. იცით, რატომ გადავწყვიტე, ყველაფერი დაუფარავად მოგიყვეთ?! ნამდვილად არ ვარ ისეთი ტიპი, ვისთვისაც რაღაც-რაღაცეები სულერთია. არც ძველბიჭობაზე და არც მაგარ ბიჭობაზე ვდებ თავს. მე ეს არ მჭირდება. ისიც ვიცი, რომ მამაკაცების უმრავლესობა ნეგატიურად შეხვდება ჩემს მონათხრობს და შეიძლება, დამცინონ კიდეც. ის გამიგებს, ვისაც ჰყვარებია. ოღონდ სიყვარული ნამდვილი უნდა იყოს.

– ტყუილი სიყვარულიც არსებობს?

– როგორ არ არსებობს. უმრავლესობას მხოლოდ ჰგონია, რომ უყვარს. მათი გრძნობა სადღაც, ზედაპირზეა და სიღრმეში ვერ ჩადის. მე არავის მსაჯულად არ გამოვდგები, მაგრამ, ეტყობა, ადამიანებს გვჭირდება იმის ცოდნა, რა არის სიყვარული, განსაკუთრებით – მამაკაცებს. თუმცა, არც ქალებმა იციან კარგად, როგორ უნდა გიყვარდეს. სიყვარულია, როცა მის გადაკეთებას არ ცდილობ. ისეთი გინდა და გიყვარს, როგორიც გყავს. საერთოდ აღარ ხარ ეგოისტი. ცხოვრობ მისთვის, მისი სიხარულისა და ბედნიერებისთვის.

– კაცისგან ასეთი სიტყვები ცოტა უცნაურია.

– რატომ არის უცნაური? რა მნიშვნელობა აქვს, ქალი ხარ თუ კაცი. გული ხომ გაქვს. ემოციები ხომ გაგაჩნია. კაცებს სწორედ ეგ აკომპლექსებთ, არაადეკვატური რეაქცია ქალებისგან – უი, კაცია და ასე უყვარს... უი, როგორ შესციცინებს და ყველაფერს უსრულებს; ვაიმე, როგორ აპატია... არადა, პატიებაც არაფერია, როცა გიყვარს. ამას ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აკეთებ და საერთოდ არ მიმაჩნია მსხვერპლშეწირვად.

– ყოველთვის ასე ფიქრობდით?

– არა. მეტსაც გეტყვით, მე თვითონ მიღალატია. იმ ქალისთვის მიღალატია, ვინც ასე ძალიან მიყვარს.

– და უპატიებია? 

– ერთი სიტყვით ძნელია ამისი თქმა. ცოლი იცით, როგორ მოვიყვანე? იმას ვუყვარდი ძალიან და დათმობაზე წავედი. საკუთარ თავს ვუთხარი, რატომაც არა, რადგან ასე ძლიერ ვუყვარვარ, იყოს ჩემი ცოლი, იზრუნოს ჩემზე და მომიაროს-მეთქი. თანაც, როცა ქალს ძალიან უყვარხარ, ის ყოველთვის ყველაფერს გაპატიებს-მეთქი.

– ანუ, თავიდანვე იცოდით, რომ უღალატებდით? ასეთი განწყობით მოიყვანეთ ცოლი და ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?

– არა. არ მიმაჩნია ნორმალურად, მაგრამ, გიყვებით იმას, რაც იყო. მორალს თუ არ წამიკითხავთ, კარგი იქნება. მე ახლა უკვე სრულიად მაქვს გაცნობიერებული ჩემი თითოეული ნაბიჯი წარსულშიც და აწმყოშიც. ვფიქროდი, რომ რატომ უნდა ჰქონდეს რამეზე პრეტენზია ქალს, რომლის ერთადერთი სურვილიც არის, გახდეს ჩემი ცოლი. მე ხომ ვუკმაყოფილებ ამ სურვილს. არ ვითვალისწინებ საკუთარს, რაღა უნდა მეტი?! იმითაც ბედნიერი უნდა იყოს, რომ მისი ქმარი მერქმევა-მეთქი. ვიცი, რომ ეს შეიძლება, იყოს ეგოიზმი, მაგრამ, მამაკაცს რომ არ ეკითხები, უნდა თუ არა, ცოლად შეგირთოს, ესეც ხომ ეგოიზმია.

– ვერ გავიგე, თქვენ საერთოდ არ გინდოდათ მისი ცოლად შერთვა?

– აშკარად ვერ გამიგეთ, მაშინ ვფიქრობდი ასე, თორემ ახლა ზუსტად ვიცი, რომ მეც მინდოდა. რომელი მამაკაცი აკეთებს იმას, რაც არ უნდა? უბრალოდ, მაშინ, როგორც მაწყობდა, ისე ვფიქრობდი. მოკლედ, შევირთე ცოლი და თავს ვირწმუნებდი, რომ შემეძლო, ისე მეცხოვრა, როგორც მომინდებოდა.  რომ მქონდა ამის სრული უფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვცდებოდი, თანაც ძალიან. ვფლირტაბოდი გოგონებთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთოდ არაფერს ვაშავებდი... რომ სრული უფლება მქონდა, ცხოვრებით ისევე დავმტკბარიყავი, როგორც უცოლო, თავისუფალი მამაკაცი. ჩემს ცოლს ძალიან ვუყვარდი და მენდობოდა. ამიტომ, საკმაოდ დიდხანს ჩემი თავისუფალი საქციელი შეუმჩნეველი დარჩა მისთვის. მენდობოდა ძალიან და მე, სინდისი მქენჯნის, მის ამ ნდობას ბოროტად რომ ვიყენებდი. უფრო სწორად, საერთოდ არ ვფიქრობდი ჩემს ცოლზე და მის გრძნობებზე. კულმინაცია იყო რომანი ჩემს ყოფილ კურსელთან, ქალთან, რომელიც სტუდენტობისას ძალიან მიყვარდა. გათხოვილი იყო და მასზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. ინსტიტუტის დამთავრების წლისთავზე შევხვდით ერთმანეთს. რომ დავინახე, ისევ ისეთი გამომწვევი და ვნებიანი, რაღაც ლტოლვა კი გამიჩნდა, მაგრამ არც მიფიქრია, რამე შემეთავაზებინა. თვითონ დამირეკა. შენი ნახვა მინდაო... შევხვდი. მაშინვე მომვარდა და კოცნა დამიწყო. არ ავყევი. ქმარი გყავს-მეთქი. ქმარი ფულისთვის მყავს, სიამოვნებისთვის კი შენ მჭირდებიო. რატომ უნდა მეთქვა უარი შემოთავაზებულზე და დაიწყო ჩვენი რომანი. საკმაოდ თამამად იქცეოდა. როცა მოუნდებოდა ჩემთან სიახლოვე, არაფერს ერიდებოდა, ჰოდა, „გავიშიფრეთ“. ჩემს ცოლს ხმა არ ამოუღია.  საერთოდ არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ერთ დღეს, სახლში მისულს იქ აღარ დამხვდა, უსიტყვოდ წავიდა. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მერე ავღშფოთდი და არ ვურეკავდი. რამდენიმე დღის მერე ვიგრძენი, რომ ცარიელ სახლში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ახლა სრულიად თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ეს თავისუფლება აღარაფერში მჭირდებოდა. მაინც არ ვურეკავდი – „რატომ უნდა შევეხვეწოს“ პრინციპით, მაგრამ საერთოდ „იგნორი“ გამიკეთა... იცით, როგორ კომფორტს მიქმნიდა? არაჩვეულებრივი ცოლი იყო. უბრალოდ, ისე შევეჩვიე მის ჩემდამი თავგანწირვას, რომ ვერ ვამჩნევდი ამას და ვერც ვაფასებდი. უცებ გადის დრო და ვიგებ, რომ ჩემი ცოლი ვიღაცას ხვდება.

– უკაცრავად, ეს რას ნიშნავს?

– გავიგე, რომ ვიღაც ტიპთან სერიოზული „დვიჟენიები“ ჰქონდა და აი, მანდ მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე – მიყვარდა და არავითარ შემთხვევაში, არ დავუთმობდი სხვას. თუმცა, რამდენიმე კვირა ჩემს გულს ვასკდებოდი და არაფერს ვაკეთებდი. თითქოს რაღაცას ველოდი. ვფიქრობდი, რომ თვითონ შემეხმიანებოდა... სულელი ვიყავი...

– გეგონათ, რომ თქვენზე შურის საძიებლად ხვდებოდა იმ კაცს და აუცილებლად გაგაგებინებდათ ამას?

– დიახ. სწორედ ამას ვფიქრობდი. არ ვმალავ, ხომ ხედავთ?! მაგრამ ჩემმა მოლოდინმა არ გაამართლა. ჩემი ცოლი ისე იქცეოდა, თითქოს მე საერთოდ არ ვარსებობდი. თავისი ცხოვრება ჰქონდა და არც აპირებდა, თუნდაც ერთი მესიჯი მოეწერა. როცა დავრწმუნდი, რომ საერთოდ არ გამოვიდოდა კონტაქტზე, გავგიჟდი და პირდაპირ „მივეჭერი“ სამსახურში. აბსოლუტურად მშვიდად შემხვდა. მკითხა, რა გინდაო. ამ სიმშვიდით საბოლოოდ მომიღო ბოლო. მითხრა, მე უკვე გიღალატე, მაგრამ იმიტომ არა, რომ შენზე შურისძიება მინდოდა. დიდი ხანია, ვიცი, რომ ჩემი ერთგული არასოდეს ყოფილხარ, არაფერს გეუბნებოდი, მაგრამ ვიტანჯებოდი. გადავწყვიტე, როგორმე გავთავისუფლებულიყავი შენი სიყვარულისგან. უფრო სწორად, ჩემი სიყვარულისგან. იმიტომ რომ, ეს ჩემი სიყვარული იყო... მიყვარდი და ვფიქრობდი, რომ ეს სიყვარული შემაძლებინებდა ყველაფრის ატანას. არ გამომივიდა, მაინც სუსტი აღმოვჩნდი – ამიტომაც ესღა გადავწყვიტე. ვუსმენდი და არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ჩემი ცოლი ამბობდა. მსმენია, რომ ცოლები მოღალატე ქმრებს საშინელ ისტერიკებს უწყობენ. მათ საყვარლებს საჯაროდ თმით ითრევენ და რას აღარ აკეთებენ. ეს კი ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და ჩემგან არაფერს ითხოვდა, აბსოლუტურად არაფერს. ჩემში რაღაც გადატრიალდა. მთელი სამყარო ამომიყირავდა... სულ სხვანაირად, სხვა თვალით დავინახე ჩვენი ურთიერთობა – ვკითხე. ის კაცი გიყვარს-მეთქი? რა მნიშვნელობა აქვს ამას. შენ რომ მიყვარდი, ამათ რა გამოვიდაო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დავუჩოქე... გეფიცებით,  – მე ეს გავაკეთე. ვეუბნებოდი, რომ ვაპატიებდი ყველაფერს, თუ დაბრუნდებოდა ჩემთან და მომცემდა შანსს, ცხოვრება მასთან ერთად თავიდან დამეწყო.

– შვილები გყავთ?

– ერთი შვილი გვყავს. თუმცა, შვილის გამო არ მინდოდა მასთან შერიგება. ზუსტად ვიცოდი, რომ ბავშვთან ურთიერთობას არ დამიშლიდა. მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა იყო გადამწყვეტი. მე მივხვდი იმას, რომ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა. ერთადერთი ქალი იყო, რომლის გვერდითაც მინდოდა ყოფნა ჩემი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. და, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა მის შესანარჩუნებლად... ის დარჩა ჩემთან. იმანაც მაპატია და მომცა შანსი. ახლა კიდევ მკითხეთ, როგორ შევძელი ცოლისთვის ღალატი მეპატიებინა? იმას არაფერი სჭირდა საპატიებელი. იმან მაპატია და ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მიყვარდეს.

 

скачать dle 11.3