კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ვლად არამოვი „ივან გროზნი” თოვლის ბაბუა და როგორ დააფრთხო მან ახალ წელს ბავშვები თავისი კავკასიური გარეგნობით

პაროდისტი ვლად არამოვი, უკვე დიდი ხანია, ამერიკაში გადასახლდა. თუმცა, ამ ბოლო დროს საქართველოშიც მოუხშირა ჩამოსვლას. ეს ნოსტალგიის ბრალია თუ დაუგეგმავი ვიზიტების, ამაზე თავად გვესაუბრება. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მას ამჯერად, სერიოზული მიზეზი ჰქონდა, კერძოდ, „იუმორინას” საიუბილეო საღამოზე მოიპატიჟეს და არც კი დაფიქრებულა, ისე გამოიარა ამხელა გზა, მხოლოდ, რამდენიმე დღისთვის. სად აპირებს ახალი წლის დახვედრას, რატომ ვერ ზეიმობს ამ დღესასწაულს ის ოჯახის წევრებთან ერთად და რა წაიღო საქართველოდან ამერიკაში შობისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ინტერვიუ მის გამგზავრებამდე, რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი და ის ახლა უკვე საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკაშია.

 

ვლად არამოვი: რამდენიმე დღით ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან და ამის მიზეზი ის იყო რომ, პაროდიის თეატრი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და „იუმორინაში” ვიღებ მონაწილეობას. ანუ, ეს უბრალოდ, ნოსტალგიური ჩამოსვლა არ არის სამშობლოში, საქმიანი ვიზიტია. სწორედ, მათი მოწვევით ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს გარდა, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ მამუკა ონაშვილი და ლევან შენგელია. ვიკრიბებით ძველი „სასტავი” (იცინის). ამ საიუბილეო კონცერტზე, ჩემი საუკეთესო ნომრებით გამოვდივარ და უნდა გავაკეთო ნინო ქათამაძის, ანრი ჯოხაძის და ასე შემდეგ, პაროდიები. ასე რომ, ქალად გარდასახვაც მომიწევს. 

– ბოლო დროს, საკმაოდ მოუხშირე საქართველოში ჩამოსვლას. ეს ნოსტალგიის ბრალიც ხომ არ არის?

– რასაკვირველია. აქ ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, აქ ჩემი ყველაზე კარგი მოგონებებია და ყველაზე ნათელი ფერები. სანამ ჩამოვალ, თვითმფრინავში, ვფორიაქობ. ერთი სული მაქვს, 13 საათი როდის გავა ცაში და როდის დავდგავ ფეხს ქართულ მიწაზე. ეს ჩემი სახლია და იმ 13 საათს თითებზე ვითვლი. ყველაზე მეტად ამერიკაში მშობლები მაკლია. აი, ამერიკის მოქალაქე რომ გავხდები ერთ წელში, მერე ამათაც იქ წავიყვან და ცოტა გულზე მომეშვება. დიდი ხანია, არ მინახავს ჩემი მეგობრები და ამ ჩამოსვლაზე, მათაც მოვისიყვარულებ. კი მინდოდა, ახალ წელს აქ შევხვედროდი, მაგრამ ამერიკაშიც დაგეგმილი მაქვს უკვე საქმეები. თუმცა, ამერიკაში კი ვიქნები, მაგრამ ოჯახთან ერთად ვერ შევხვდები დამდეგს, რადგან კორპორაციული საღამოა დაგეგმილი და იქ უნდა ვიყო. თანაც, ამერიკაში უფრო შობას ზეიმობენ, ვიდრე ახალ წელს. მსახიობები ძირითადად ახალ წელს ვერ ხვდებიან სახლში, სულ სადღაც არიან – წვეულება იქნება ეს თუ კონცერტი. ასე რომ, მე ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი მეკვლე ვარ! თუმცა, ახალ წელს წინასწარ შევხვდები ოჯახის წევრების გვერდით, რადგან შობას უფრო მეტ პატივს სცემენ ამერიკაში და უფრო ემზადებიან ამ დღისთვის.

– სახლში რომ ახალ წელს ვერ დახვდები, მეკვლეობასთან რა კავშირშია?

– რა და, გარეთ ხომ ვხვდები ახალ წელს, მერე მივდივარ სახლში და ავტომატურად და სრულუფლებიანად, უნდა თუ არა ეს ოჯახს, მე გამოვდივარ მეკვლე (იცინის). თუმცა, ვისთანაც მეკვლედ მივსულვარ, ყველა ამბობს, კარგი ფეხი გაქვსო და უხაროდათ ჩემი დანახვა ახალი წლის ღამეს. სამწუხაროდ, მეკვლის ინსტიტუტი ამერიკაში არ არსებობს. ამ ტრადიციას, მარტო იქ ჩასულები ვიცავთ მყარად (იცინის). თან, კარგ დროს მომიწია ჩამოსვლა. აქ ვიყიდი ყველს, თაფლს გოზინაყისთვის და ჩურჩხელებს.

– ჩურჩხელა გასაგებია, მაგრამ თაფლი და ყველი ამერიკაში არ იყიდება?

– კი იყიდება, მაგრამ გემო ისეთი არ აქვს, როგორც ეროვნულს. ცოლმა საგულდაგულოდ დამაბარა, გოზინაყისთვის კარგი თაფლი ჩამომიტანე, თორემ აქ არ დაგინახო ჩამოსული, ჯობია, იქ დარჩეო და აბა, ისე როგორ წავალ? კი ვუთხარი, გოგო, თაფლში და ყველში მცვლი ამხელა კაცს-მეთქი (იცინის). ორი ახალი წელია, რაც ამერიკაში ვარ და არც ერთ წელს არ დავხვედრივარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. ახლაც ბრუკლინში კორპორაციულ საღამოზე უნდა მივიღო მონაწილეობა, რომელსაც ჰქვია „დაბრუნება საბჭოთა კავშირში”. 

– ესე იგი, ამ ახალ წელს უკან, საბჭოთა კავშირში ბრუნდები?

– (იცინის) ასე გამოდის. ამ საღამოზე, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში ჩასული საზოგადოება იქნება და სხვა რა გზაა, მეც მათ გვერდით უნდა ვიყო და ვაკეთო პაროდიები – შევძვრე ძველი რუსი მომღერლების „ტყავებში”. ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ყოფილი საბჭოელი ვარ (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა, უკან დაბრუნებაზე. წლების წინ, ძალიან რომ ჭირდა, გადავწყვიტე, ერთ-ერთ სკოლაში თოვლის ბაბუა ვყოფილიყავი. ეს როლი როგორ მოვირგე, ვერ გეტყვით, მაგრამ, ისე შევაშინე ბავშვები, მგონი,  დღემდე ვერ იტანენ ახალ წელს და თოვლის ბაბუას (იცინის).

– რატომ შეაშინე?

– პირველკლასელები იყვნენ და პირველად რომ დამინახეს, გაოცდნენ, ეს ნამეტანი კავკასიელი, შავ-შავ თვალებ-წარბ-წამწამა თოვლის ბაბუა რომ შევიდა მათთან. ხმა რომ ამოვიღე, შოკში ჩავარდნენ. ჩემი ჭკუით, ვიფიქრე, თოვლის ბაბუას დაბალი, ბოხი ტემბრი უნდა ჰქონოდა და ისეთი ხმა ამოვუშვი, რამდენიმე ბავშვმა ისტერიკული ტირილი მორთო (იცინის). ვერც საჩუქრებით მოვთაფლე და ვერც ვერაფრით. მერე ვიცინოდი, ნამეტანი „ივან გროზნი” თოვლის ბაბუა ვარ-მეთქი (იცინის) თავად, ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და ვცდილობ, ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე ვიყო, რომ მთელი წელი ასე დამებედოს. ყოველთვის მისგან ახალს და ბედნიერს ველოდები.

– და, საჩუქრებს?

– ჩემს ბავშვობაში ისეთი გაჭირვება იყო, თოვლის ბაბუასაც კი უჭირდა და პატარა, იაფფასიანი საჩუქრები მოჰქონდა. ნამდვილად არ მანებივრებდა ძვირად ღირებული საჩურებით. თუმცა, მეც ისეთ რამეს ვთხოვდი ხოლმე, რაც მჭირდებოდა. ანუ, კარგად ვხატავდი და სახატავი ალბომები, საღებავები, ფუნჯები მოჰქონდა. ეს ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარი იყო ჩემთვის. პრაქტიკული ბავშვი ვიყავი (იცინის). სად ჰქონდა ფული იმ საცოდავს, თვითონაც დახეული ლაბადით, ძველი, დაძონძილი ხურჯინით და გაბურძგნული მოდიოდა. სხვათა შორის, ათ წლამდე მჯეროდა, რომ ის ღამით მოდიოდა და საწოლის ქვეშ საჩუქარს მიდებდა. ახლა კი, ეკონომიურად მოძლიერდა და ალბათ, ჩემთვისაც გაიმეტებს დიდ საჩუქრებს (იცინის). იცით, რა გამახსენდა? ერთხელ, გერმანიიდან საქართველოში მოვფრინავდი და ახალ წელს თვითმფრინავში შევხვდი. 12 საათზე,  ვისკი მოგვიტანეს სტიუარდესებმა და ისე გამოვთვერი, არც გამიგია, როგორ გადამსვეს ჩარტერით სხვა თვითმფრინავში, სად ჩავედი, როგორ მიმიტანეს სახლში და საერთოდ, სად მოვხვდი. მაშინ, „ირონია სუდბი” დამემართა და კიდევ კარგი, ახალ წელს, სხვის აბაზანაში არ აღმოვჩნდი (იცინის). სხვათა შორის, თბილისის ქუჩებში რომ კიდევ მცნობენ და ვახსოვარ ხალხს, ვერ აგიღწერთ, ისე მიხარია და მსიამოვნებს. ახლაც, ლაბადაში გახვეული და ჩამოფხატული ქუდით მოვდიოდი, ვიღაც უცნობმა ქალმა გამაჩერა და მითხრა: შენ ვლადი არ ხარ, დაბრუნდი შვილო, როგორ გამიხარდაო. 

– აქ საკმაოდ პოპულარული და ცნობადი იყავი. ამერიკაში თუ მოახერხე შენი ადგილის დამკვიდრება?

– იქ, ჯერ ფეხს ვიდგამ, ჩემს ბენდთან ერთად, რომელსაც ჰქვია „პრესტიჟ ბენდი”. ვერ ვიტყვი, ამერიკაში პრესტიჟული და პოპულარული ვარ, ქუჩაში მცნობენ-მეთქი, მაგრამ არც ბედს ვუჩივი. იმედი მაქვს, დიდ სცენაზე, ბენდის ბიჭებთან ერთად, ვიტყვი ჩემს სათქმელს. და, ერთ დღესაც, გავხდები – პოპულარული ვლად არამოვი საქართველოდან. ყველაფერს დრო უნდა. იქ დიდი ბაზარია, მაგრამ აქ ხალხია დიდი, თბილი გულით. თუმცა, არ მოგატყუებთ, არსად არ მიჭირს ცხოვრება. მთავარია, იშრომო კაცმა, არ დაკარგო მოთმინება, გამოიყენო შენი ნიჭი, შესაძლებლობები და ეს მომავალში, სადაც არ უნდა იყო, აუცილებლად დაგიფასდება. 

 

скачать dle 11.3