კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ მინდა, უიმედო სიყვარულით განვვლო მთელი ცხოვრება

მინდა, გიამბოთ ჩემი გრძნობის შესახებ, რომელიც ჩემთვის უცნობი ადამიანის მიმართ მაქვს. ის ჩემს უბანში ცხოვრობს და ბავშვობიდან ვხედავ, თუმცა, პირადად არ ვიცნობ. გაუაზრებლად შემიყვარდა შორიდან. არასდროს მიცდია მასთან დაახლოება და, არ ვიცი, მოჰყვება თუ არა ამას შედეგი, ამიტომ, ვერც ვბედავ ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და, ვიცი, რომ ასე ვეღარ გავძლებ. 22 წლის ვარ და ამ ცალმხრივი და გაუმხელელი სიყვარულის გამო ჩემი ცხოვრების მეოთხედი ნაწილი, ჩემი ბოლო წლები, ტკივილში, სევდასა და დარდში გავატარე. ყველაზე მეტად იმიტომ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ, ვიცი, მიუწვდომელი მასში არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ შორსაა ჩემგან, ვგრძნობ, რომ რაღაც კუთხით ძალიან ახლოსაც არის.

სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი ზუსტად, თქვენ რატომ გწერთ ჩემი უიმედო სიყვარულის შესახებ. მან რომც წაიკითხოს ეს წერილი, ვერც კი მიხვდება, რომ მე ვწერ, რადგან, პრაქტიკულად, არც მე მიცნობს და არც ჩემი გრძნობის შესახებ იცის რამე.

არ ვიცი, ვის გავენდო. ალბათ, კომპეტენტური ადამიანის რჩევაა საჭირო, რომ საკუთარ გრძნობებში ჩამოვყალიბდე და უიმედო და ცალმხრივი სიყვარულით არ განვვლო ჩემი ცხოვრება, მაგრამ, ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. ხანდახან ისიც კი მიფიქრია, ფსიქოთერაპევტს ხომ არ მივმართო-მეთქი.

ახალ წელსაც, ამ ჩემი უცნაური სიყვარულის გამო, სევდიანი უნდა შევხვდე. ძალიან ცუდად ვარ და, არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებ.

ნუთუ შეიძლება უცხო ადამიანის ასე შეყვარება?

ელენე, 22 წლის.

 

ახალ წელს გილოცავ, ჩემო პირველო სიყვარულო!

ათი წელია, უშენოდ განვაგრძობ ცხოვრებას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვაქვს ოჯახები, გვყავს შვილები, მაინც შენ მიყვარხარ – ისევ ისე, როგორც ამ ათი წლის წინ.

ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ, მაინც სულ შენზე ვფიქრობ, სულ მენატრები და, ვიცი, რომ შენც ასე ხარ. ბოროტმა ადამიანებმა დაგვაშორეს ერთმანეთს, ჩვენ კი არ გვეყო ძალა, რომ მათთვის წინააღმდეგობა გაგვეწია და ჩვენი გრძნობა დაგვეცვა. ერთმანეთი მაინც რომ გვიყვარს, იქიდანაც ჩანს, რომ მე ჩემს უფროს შვილს შენი სახელი დავარქვი, შენ კი – ჩემი.

პატარა გოგო აღარ ვარ, მაგრამ, ისევ პატარა გოგოსავით მიყვარხარ – მთელი გულით, მთელი არსებით.

მართალია, ძალიან მატკინე გული, რომ ვიღაც ბოროტის ცილისწამებას დაუჯერე და ისე დამშორდი, რომ სიმართლე არ გაგირკვევია, მაგრამ, მაინც მინდა, ახალი წელი მოგილოცო. რაც კი საუკეთესოა, ყველაფერი შენთვის მემეტება. ალბათ, შემეძლო, პირადად შენთვის მომეწერა მოლოცვა, მაგრამ, ასე მირჩევნია. შენ თუ არ წაიკითხავ ამ ჩემს წერილს, ვიღაც შენიანი (ჩვენს საერთო ნაცნობებს ვგულისხმობ) აუცილებლად წაიკითხავს, მიხვდება, რომ მე ვწერ და შენც გაგაგებინებს.

სიკეთეს, წარმატებასა და კაცურ ბედნიერებას გისურვებ!

ოდესღაც შენი თამთა, 35 წლის.

 

ჩემი დედამთილი ყველას ეჩხუბება

ისეთი გაბრაზებული ვარ ჩემს დედამთილზე, გადავწყვიტე, მოგწეროთ, რომ ცოტათი მაინც მომეშვას გულზე.

ჩემი ქმარი პროფესიონალი მზარეულია და საკმაოდ პრესტიჟულ რესტორანში მუშაობს. მე ცუდი კულინარი არ ვარ, მაგრამ, კერძებსა და ნამცხვრებს ისე ვერ ვაფორმებ ხოლმე, როგორც გოგიტა, ამიტომ, დღესასწაულის დღეებში, ან, როცა წვეულება გვაქვს, მეხმარება  (უფრო სწორად, მე ვეხმარები) და ეს სულაც არ ეზარება. ყოველდღიური საჭმლის კეთება, რა თქმა უნდა, მას არ ევალება, მაგრამ, ჩემი დედამთილი ისტერიკას იმართებს, როცა ხედავს, რომ მისი შვილი სამზარეულოში ტრიალებს და ეგრევე იწყებს ჩემს დამცირებას – ქალი რომ საჭმელს ქმარს გააკეთებინებს, იმას ოჯახი რად უნდაო და კიდევ ათას რაღაცას მოაყოლებს ხოლმე, ოღონდ, ისე, რომ მისმა შვილმა არ გაიგონოს.

საერთოდ, ძალიან ავი ქალია და ყველასთან უსიამოვნება მოსდის, მაგრამ, განსაკუთრებით კარგად აქვს „დაცდილი“ ყოველი ახალი წლის წინა დღეებში  სახლში აყალმაყალის მოწყობა. მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, რომც არ იყოს, თვითონ გამოიგონებს და მერე იმ გამოგონილზე იმისთანა ჩხუბს ააგებს, მტყუანს და მართალს ღმერთიც ვეღარ გაარჩევს. ძირითადად კი ჩემთან აქვს პრეტენზიები – რატომ მეხმარება ხოლმე ქმარი თუნდაც სადღესასწაულო დღეებში. მე ჩემი შვილი შენს მონა-მოსამსახურედ კი არ გამიჩენიაო. არადა, უნდა ნახოთ, თავისი ქმარი რა დღეში ჰყავს. საწყალი კაცი, ლოგინსაც თვითონ ულაგებს, ჭურჭელსაც თვითონ რეცხავს, „უბორკებსაც“ კი ის უკეთებს, ეს კი, თან ყველაფერს ქმარს აკეთებინებს და თან თავს აყვედრის.

ამჯერადაც ისე გადამიყვანა ჭკუიდან, გადავწყვიტე, დედაჩემთან შევხვდე ახალ წელს ჩემს შვილებთან ერთად და რამდენიმე დღე იქ დავრჩე. ჩემი ქმარი მაინც სამსახურში იქნება მთელი ღამე და ამ გადარეულ და უმადურ ქალთან რა უნდა ვაკეთო. ბავშვებიც სულ დაზაფრულები არიან მისი ხასიათის გამო. ერთადერთი, საწყალი ჩემი მამამთილი მეცოდება – მარტონი რომ იქნებიან, მთელ თავის ენერგეტიკას დაამხობს თავზე, მაგრამ, რა ვქნა, როგორც შეირთო ასეთი აფთარი, ისე გაუძლოს კიდეც. და, საერთოდაც, როგორც კი ეს დღეები ჩაივლის, ჩემს ქმარს სერიოზულად უნდა დავუსვა საკითხი, რომ ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად (თუნდაც ნაქირავებში), თორემ, მალე ფსიქიატრიულში დასაწვენები გავხდებით მეც და ჩემი შვილებიც და მერე უფრო არ გაუჭირდება?!

ეკა, 32 წლის.

 

შვილებს მაინც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ

გწერთ მოხუცთა თავშესაფრიდან. მინდა, ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და ახალი წელი მივულოცო ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებსაც თითქმის ერთი წელია, ვერ მოუცლიათ, რომ მინახულონ. ტელეფონით თუ დამირეკავენ და ვალის მოხდის მიზნით თუ მკითხავენ, რამე ხომ არ გინდაო, სულ ეს არის მათი ყურადღება და ვალის მოხდა მშობლის წინაშე. მაგათ ჰგონიათ, ათასში ერთხელ ვიღაც უცნობს კანფეტსა და სიგარეტს თუ გამოატანენ ჩემთან, ამით მთავრდება ყველაფერი. ორი ვაჟი მყავს, ორივეს თან გადავყევი და ორივე კარგი შვილი იყო, სანამ დაოჯახდებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ორივეს ისეთი ცოლი ჰყავს, ქმრებს გამოუცხადეს, რომ მათ მოხუც მამას სახლში ვერ იგუებენ (სხვათა შორის, ორივე შვილი ჩემ მიერ ნაყიდ ბინებში ცხოვრობს) და ამ ბედოვლათებმაც მაშინვე თავშესაფარში გამამწესეს – ცოლებს წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედეს. თან, შვილებიც ისეთები გაზარდეს, არც კი წუხან ჩემ გამო, არც კი ვახსოვარ არც ერთს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვულოცავ ყველას ახალ წელს, მაინც ყველაფერი საუკეთესო მინდა მათთვის; ჩემს შვილებს კი ვუსურვებ, წლების შემდეგ ისინიც არ მოიშორონ შვილებმა თავიდან და ჩემსავით არ მოუწიოთ მისალოცი წერილების წერა მოხუცთა თავშესაფრიდან.

შოთა, 86 წლის.

скачать dle 11.3