კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფორმით ხდება მოსამართლეთა ხმების განაწილება   სამოქალაქო საქმეზე  სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობა, როდესაც მოსამართლეებს შორის გადაწყვეტილების მიღებისას  აზრთა არსებითი სხვადასხვაობაა? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ, თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, ის დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს მოსამართლეების შემდეგ. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ, სასამართლო სხდომის დარბაზში არ გამოცხადდება. მოსამართლეებს უფლება არ აქვთ, გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეც. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს შეიძლება თუ არა, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს არარსებული მტკიცებულება ან მოსამართლემ  გამოიტანოს  გაუგებარი გადაწყვეტილება, სადაც არ იქნება მითითებული გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძველი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი; რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედოს არარსებული მტკიცებულება. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი ნაწილობრივი გადაწყვეტილება და რა შემთხვევაში შეუძლია მოსამართლეს, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე, რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. დაინტერესებული მხარის თხოვნით, ნაწილობრივი გადაწყვეტილება სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი შუალედური  გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში იღებს სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას და რა იურიდიული შედეგები მოსდევს შუალედური გადაწყვეტილების მიღებას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე, ამ მოთხოვნის მოცულობა ან ოდენობა, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს შუალედური ანუ წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. რაც შეეხება იურიდიულ შედეგს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.    

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, გასცდეს მხარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ანუ, უფრო მეტი სარგებელი მიაკუთვნოს მხარეს, ვიდრე ის სარჩელით ითხოვდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლოს უფლება არ აქვს, თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ ის არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სააპელაციო  სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება თუ ის არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, ასევე, შედის, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი უზენაესი  სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი საკასაციო (უზენაესი) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

скачать dle 11.3