კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა ჰქონდათ დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონის წინაპრებს

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის მერე, როგორც ვიცით, ჩამოყალიბდა სამი სამეფო: ქართლის, კახეთისა და იმერეთის.

ქართლის სამეფოს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე პირველი დიდის მეორე ვაჟის, დიმიტრის შვილი – კონსტანტინე მეორე (ტფილისის ტახტზე მჯდომების ნუმერაცია აგრძელებს ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაციას). მისი შთამომავლები არიან ქართლის (მუხრანის) ბაგრატიონები (ამაზე ქვემოთ).

იმერეთში გამეფდა ალექსანდრე პირველი დიდის ძმის, გიორგის შვილი ბაგრატი. ის ერთი პერიოდი საქართველოს ტახტსაც ფლობდა. გიორგი მერვე ტყვედ რომ ჰყავდა სამცხის ათაბაგს, მან ცოტა ხნით დაიკავა ტფილისი. მერე, გიორგი რომ კახეთში გადავიდა გასამეფებლად, 1466-1478 წლებში ბაგრატი იმერეთ-ქართლს ფლობდა, ამიტომ მას ეწოდება ბაგრატ მეექვსე (იმერეთში ეწოდება ბაგრატ მეორე). 

როგორც ვთქვით, კახეთის სამეფო ჩამოაყალიბა გიორგი მერვემ, ალექსანდრე პირველი დიდის მესამე შვილმა, რომელიც მანამდე საქართველოს მეფე იყო (ტფილისის ტახტზე გიორგი მერვე), კახეთში გამეფების მერე კი გიორგი პირველად იწოდება. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ – მხოლოდ ინტრიგებით და პოლიტიკური დებატებით არ მომხდარა, არამედ ყოველივე ამას ბრძოლებიც ახლდა და სისხლისღვრაც. სამწუხაროდ, დაიღუპა არაერთი ქართველი ვაჟკაცი, სახელმწიფო დაიშალა, ქართველობა დასუსტდა. გარშემო კი მაჰმადიანური მტრული ძალა გაბატონდა, განსაკუთრებით 1453 წლიდან, როცა თურქ-ოსმალებმა დაამხეს ბიზანტია, მერე კი, 1459 წელს საქართველოს გამოაცალეს ლაზური მოსახლეობით დასახლებული ტრაპიზონის იმპერია. შიდა ბრძოლების პარალელურად, ხშირი იყო მტრების შემოსევა, რომლებიც დაქუცმაცებულ ქვეყანას ადვილად აოხრებდნენ.

1476 წელს გარდაიცვალა გიორგი მეფე და კახეთის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა ალექსანდრე პირველმა. 

1477 წელს საქართველოში შემოიჭრა ირანის შაჰი უზუნ-ჰასანი 40 000-იანი ჯარით... ომის გარეშე დაეუფლა ტფილისს, გორს... მოაოხრა ქართლი და მერე სეპარატისტი ათაბაგის სამფლობელო – სამცხეც... არადა, ქართველ მეფე-მთავრებს შეეძლოთ, გამოეყვანათ დაახლოებით ორი ამდენი ჯარისკაცი. 

1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ მეფე. კონსტანტინე მეორემ დაიკავა ტახტი და გახდა ქართლ-იმერეთის მეფე, მაგრამ 1484 წელს დაკარგა იმერეთი და კვლავ დასჯერდა ქართლს. იმერეთის ტახტზე დაჯდა ბაგრატის ვაჟი ალექსანდრე მეორე (იმერეთის ნუმერაცია).

ქართლის მეფე კონსტანტინეს ჰყავდა 7 ვაჟი: დავითი, გიორგი, ბაგრატი, დიმიტრი, ვახტანგი, ალექსანდრე და მელქისედეკი. 1505 წელს მამის გარდაცვალების მერე, ლეგიტიმაციის წესების დაცვით, ტახტზე ავიდა უფროსი ვაჟი - დავით მეათე.

1509 წელს იმერეთის მეფე შეიჭრა ქართლში და გორი დაიკავა, მაგრამ მალე იმერეთში ოსმალები შეიჭრნენ, აიღეს ქუთაისი... ალექსანდრე მეფეს მოუწია იმერეთში დაბრუნება...

1512 წელს ქართლის მეფე დავით მეათეს თავისმა ძმამ, უფლისწულმა ბაგრატმა მოსთხოვა საუფლისწულოდ მუხრანი, არაგვისა და ქსნის ხეობა, სადაც ერთ-ერთი სადროშო ჩამოყალიბდა ქართლის ოთხი სადროშოდან, უფლისწულის მეთაურობით. სამაგიეროდ, ბაგრატი მეფეს შეჰპირდა კახეთის სამეფოდან მომავალ საფრთხესთან გამკლავებას. ასე ჩამოყალიბდა მუხრანის საუფლისწულო-საბატონო. პირველი მუხრანბატონი გახდა ბაგრატი.

ბაგრატი საინტერესო პიროვნება ყოფილა, კარგი მეომარი და მწიგნობარი, პოლემისტი, საეკლესიო მოღვაწე (1539 წელს ბერად აღკვეცილა). ჩვენამდე სრულად მოაღწია მისმა პოლემიკურმა ანტიმაჰმადიანურმა თხზულებამ „მოთხრობაი სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაი“. ნაწარმოებში გაკრიტიკებულია ყურანი, მაჰმადიანობა და ქრისტიანობის დოგმატურ მოძღვრებაზე დაყრდნობით გადმოცემულია მისი არსი. თხზულება თავის დროს ძალიან პოპულარული ყოფილა. მისი ავტორი კი იდეოლოგად შეიძლება ჩაითვალოს.

შემდგომში ამ ბაგრატის შთამომავლები ტფილისის ტახტზეც ავიდნენ, მისი უფროსი ძმის, მეფე დავითის მამრობითი შტოს შეწყვეტის გამო. შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანბატონთა ის შტოც (რომელთაც რუსეთში გრუზინსკებს უწოდებდნენ) შეწყდა, თუმცა ბაგრატ მუხრანბატონს უმცროსი შტოდან დარჩა მემკვიდრეები. 

დღეს ამ შტოდან ყველაზე კარგად საზოგადოება იცნობს დავით გიორგის (ხორხეს) ძე ბაგრატიონ-მუხრანელს (პატარა უფლისწულ გიორგი მუხრანელის მამაზეა ლაპარაკი), რომელსაც ცოლად ჰყავდა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, ალექსანდრე I კახთა მეფის შთამომავალი (სამწუხაროდ, მათი დაშორების ამბავი ახლახან გვამცნეს). 

მივუბრუნდეთ სათქმელს. საფრთხე კი კახეთიდან მართლაც იყო მოსალონელი ქართლის სამეფოსთვის... კახეთში ცოტა ხნით ადრე დიდი უბედურება დატრიალდა.

ქართული კუთხეების, „სამეფოების“ წარმომადგენელთა შიდა ომები დიდი უბედურებაა, რა თქმა უნდა, და კიდევ რას უნდა გაეკვირვებინა ადამიანი, მაგრამ კახეთში მოხდა გაუგონარი რამ.

ალექსანდრე კახთ-ბატონს ჰყავდა ორი ვაჟი – გიორგი და დიმიტრი.

თვითონ ალექსანდრე მეფეს ვახუშტი ბაგრატიონი დადებითად ახასიათებს. იგი ყოფილა მშვენიერი ვაჟკაცი, მოწყალე და მშვიდობისმოყვარე. მაგრამ მისი უფროსი ვაჟი, გიორგი მამისაგან ითხოვდა ქართლზე ლაშქრობებს. მეფე-მამა და ძმა – დიმიტრი ეწინააღმდეგებოდნენ მის ზრახვებს, სისხლისღვრას. ერთხელაც, ჩვენი აზრით, ცხელ გულზე, გაგულისებულმა გიორგიმ მოკლა მამა, ძმას კი თვალები დასთხარა.

სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს ამ ამბავზე. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს „ღალატით მოწყობილი მკვლელობა წინასწარ განზრაზულსა და განგებულს ბოროტმოქმედებას გულისხმობს და ცხადად მოწმობს, რომ ავ-გიორგის ეს საშინელი საქმე, არც დამაბრმავებელი ვნებათაღელვისა და მით უმეტეს, არც ფათერაკის შედეგი უნდა ყოფილიყო“. მის ვარაუდს ამყარებს ის, რომ გიორგიმ ძმას – დიმიტრის თვალები დასთხარა და ცოლ-შვილით კახეთიდან გააძევა. ავიდა კახეთის ტახტზე და თავი „ლიხთიმერისა და ლიხთამერისა ორისავე ტახტისა და სამეფოის“ მფლობელად გამოაცხადა, ივანე ჯავახიშვილის სიტყვით – „ურცხვად“. 

კახთა მეფე გიორგის ამის გამო ხალხმა ავ-გიორგი შეარქვა.

თუმცა, ქრისტიანულად, დავიტოვოთ შანსი,  ვიფიქროთ, რომ ეს მკვლელობა მას ძალიან აწუხებდა. ერთი გადმოცემით გიორგი „მოვიდა მცხეთას და  სვეტს ცხოველს შემოეხვეწა და იყო რამდენიმე ხანი“. სხვაგან, ავ-გიორგისვე მცხეთისთვის შეწირულობის წიგნში, წერია, რომ კათალიკოს დიონისეს, მთავარეპისკოპოს მალაქიას და ამბა ალავერდელ იოანეს ის უმხილებიათ დიდ ცოდვაში და ისიც აღიარებს. რაც მოიხოვეს კათალიკოსმა და მღვდელმთავრებმა, ყველაფერში დათანხმდა კახთბატონი – „მცხეთის საყდარს შევეხვეწენი და დავიურვეთო“. მას შეწირულობა გაუღია სვეტიცხოვლისთვის და მამის მოსახსენიებლად აღაპის დაწესება მოუთხოვია.

ავ-გიორგის მიერ ძმის დასჯის ფორმაში ჩანს სამართლებრივ-მემკვიდრეობითი შიში. სამეფო წესებით ბრმას არ შეეძლო ტახტზე ასვლა. 

ამის შემდგომ ავ-გიორგიმ დაიწყო შეტევები ქართლზე. 

დავით მეფეს ძმები სთხოვდნენ ქმედითი ზომები მიეღო და ელაშქრა კახეთზე, რადგან კახთა მეფეებმა „მამათა ჩვენთა კახეთი მოიღესო“, ესე იგი წაგვართვეს, ჩვენიაო. ახლა კი ქართლსაც დავკარგავთ, დავით მეფე თუ არ დათანხმდაო.  

მაშინ ინიციატივა ხელში აიღო ბაგრატ უფლისწულმა, პირველმა მუხრანბატონმა. მან ააგო ქსნის ციხე (მტვერის ციხე). ამ ციხესთან ერთხელ დიდი ბრძოლებიც გაიმართა. ბაგრატ მუხრანბატონი ციხეში იყო გამაგრებული, ავ-გიორგიმ კი სამი თვის განმავლობაში, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აიღო ციხე.

1513 წელს ავ-გიორგიმ ისევ გამოილაშქრა ქართლის წინააღმდეგ. ქართლის ნაწილის დარბევის მერე ალაფით დატვირთულს ჯარი წინ გაუშვია გათამამებულს და ნადირობით ერთობოდა. ამ დროს ბაგრატ უფლისწული მას ჩაუსაფრდა მცირე რაზმით და კახთა მეფე და მისი ამალა ტყვედ აიყვანა.

ავ-გიორგი ქსნის ციხეში ჩააგდეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. არის ორი ვერსია: „რომელნიმე იტყვიან დაარჩუესო და რომელნიმე იტყუიან, თავისის დღით მოკვდაო“.

ამიტომ დაბეჯითებით ვახუშტი ბაგრატიონი ვერაფერს ამბობს და წერს: „მოაშთვეს” ანუ მოკვდაო, ხოლო „ახალი ქართლის ცხოვრების“ ავტორი კი წერს: „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი და მოკვდა“. ზოგი გადმოცემით, ავ-გიორგი დავით მეფის ბრძანებით დაუხრჩვიათ.

დაზუსტებით, თუ რა მოხდა ციხეში, ინფორმაცია არავის ექნებოდა. ამიტომ, ისევ ქრისტიანულად მივუდგეთ ამ საკითხსაც და ჩავთვალოთ, რომ ავ-გიორგი არ მოუკლავთ და თავისით მოკვდა ტყვეობაში. 

დავით მეათემ დროებით შეიერთა კახეთი. ავ-გიორგის მცირეწლოვანი ვაჟი – ლევანი კახელმა თავადებმა გადამალეს და როგორც კი წამოიზარდა, დრო იხელთეს და ტახტზე აიყვანეს. 

ამის მერე ქართლისა და კახეთის ბაგრატიონებს შორის ბრძოლები კვლავ გაგრძელდა გარკვეული პერიოდის.

გავიდა დრო... დიდი ხანია, ყველას აპატია დრომ ან შეუნდო ღმერთმა. ქართლისა და კახეთის ბაგრატიონები ხან ექიშპებოდნენ ერთმანეთს, ხან ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე.

პირადად დავით ბაგრატიონის წინაპარს, ბაგრატ უფლისწულის შთამომავალს – იოანე მუხრანბატონს ცოლად ჰყავდა ავ-გიორგის შთამომავლის, ერეკლე მეორის ასული ქეთევანი – ნუგზარ ბაგრატიონის წინაპრის და.

იმედია, ქიშპობა დღეს აღარ გაგრძელდება და  მემკვიდრეობის გამო შტოებს შორის არსებულ დაპირისპირებას დააცხრობს პატარა უფლისწული, მისი ადამიანობით და კეთილშობილებით.

 

скачать dle 11.3