კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ ძველად ქართველები ბედობის დღეს, 2 იანვარს და რა ძღვენი უნდა მიეტანა მეკვლეს ახალი წლის ღამეს ოჯახში

ძველად ქართველები ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებოდნენ და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ტრადიციებსაც იცავდნენ, რომელთა უმეტესობა დღეს უკვე დავიწყებას მიეცა. მაგრამ, ძველი ქართველი ამ ტრადიციების გარეშე არც ერთ ახალ წელს არ ხვდებოდა და, ფიქრობდა, რომ მათი დაცვით მომავალი წელი კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდა. რაც მთავარია, მას არც გასული წლისთვის ავიწყდებოდა მადლობის გადახდა და ამისთვისაც განსაკუთრებულ ტრადიციას მიმართავდა. როგორი იყო ძველად ახალ წელთან დაკავშირებული რიტუალები და რა წესებს იცავდნენ ამ დროს ქართველები, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გვესაუბრება. 

 

– ბატონო ნოდარ, სანამ უშუალოდ ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს, რატომ ცდილობდა ქართველი კაცი ძველი წლის მადლიერებით გაცილებას, იმის მიუხედავად, კარგი წელი იყო მისთვის თუ ცუდი? რას ემსახურებოდა ან რისთვის იყო საჭირო ეს ტრადიცია? 

– ქართველ კაცს, როგორი მწუხარებაც არ უნდა შეხვედროდა, ძველ წელს აუცილებლად მადლობას უხდიდა, იმიტომ რომ მან იმედი დაუტოვა და მომავალ წელს შეახვედრა. როდესაც ძველი წელი მიდიოდა, დიდი ზარების ენას შემოარტყამდნენ ცხვრის ტყავს. თუ ზარი პატარა იყო, მაშინ მას მთლიანად შემოახვევდნენ ტყავს და ღუღუნა, ჩუმი, სამგლოვიარო ხმით ისტუმრებდნენ ძველ წელს. ეს იყო არა მხოლოდ ძველი წლის გაცილება, არამედ ძველი ხმა ზარისა.

– ზარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი კაცის ცხოვრებაში, მას განსაკუთრებული ტექნოლოგიით, სიყვარულითა და სიფრთხილით ამზადებდნენ. 

– რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ზარის რეკვა ლურსმანზე ჩაქუჩის დარტყმას, ანუ, მაცხოვრის ჯვარცმას უნდა გვაგონებდეს. ესე იგი, ზარს მხოლოდ ტკბილხმოვანება კი არ აქვს, არამედ, შეგვახსენებს იმას, თუ როგორ იტვირთა იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვები და ეს აქტი სულიერებისა მუდამ უნდა გვახსოვდეს. საერთოდ, ზარის ხმოვანება ადამიანის სულიერებაზე უნდა აწყობილიყო, ისევე, როგორც საეკლესიო გალობანი და ლოცვები. სწორედ ამან მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზარის ხმა ძველი, საეკლესიო საგალობლების საფუძველზე უნდა აწყობილიყო და ცალკეული ბგერების ერთიანობის ისეთი ჰარმონია უნდა დამყარებულიყო, რომელიც საერთოდ ახასიათებდა ძველ საეკლესიო ლიტურგიას. რაც შეეხება ზარის ფორმას, თვითონ გეომეტრიულ ფიგურებს აქვთ გარკვეული ენერგია. ყველაზე კეთილშობილი ენერგიის მატარებელია გუმბათი, ამიტომაც, ქართული ზარების ზედა ნაწილი ძირამდე გუმბათოვანია. ეს მჟღერი ნაწილი გადაძახილს აკეთებს ეკლესიის გუმბათთან და ქმნის საინტერესო ანსამბლს. ყოველივე ეს კარგად იცოდნენ ძველმა აკუსტიკოსებმა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ზარის ენას: ის აუცილებლად უნდა იყოს რკინისა, რადგან, ინახავს ზარს ზედმეტი გადახურებისგან, არ ცვდება დარტყმისგან და ხელს უწყობს ზარის სასიამოვნოდ აჟღერებას. ჩვენ, ასევე, გვინახავს ზარზე გამოსახული ჯვარი და წარწერა და ეს არ არის მისი გალამაზებითვის გაკეთებული. როდესაც ზარი რეკავს, ის ჯვარი და წარწერა გადმოდის ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მის მისაღებად. საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ზარი მაშინაც რეკავს, როდესაც არ ხმოვანებს. ეს ყველაფერი იცოდნენ ძველმა ქართველებმა და ამიტომაც აცილებდნენ ახალ წელს ზარის რეკვით. 

– რა იყო პირველი, რასაც ძველი ქართველები ახალი წლის დადგომისთანავე აკეთებდნენ?

– როგორც კი შემოვიდოდა ახალი წელი, ზარებს მაშინვე მოხსნიდნენ ტყავს, დარეკავდნენ, ზანზალაკებსაც აწკრიალებდნენ და იყო ერთი ჟრიამული, რადგან ახალი წელი მოვიდა. ქართველმა ჯოჯოხეთშიც კი ბროლის კოშკი ააგო და პატარა ზარი დაკიდა – ცოდვის გამოსყიდვის, მონანიების შანსი  დაუტოვა ჯოჯოხეთში მოხვედრილ ადამიანებს. მართალია, იქ მისვლა არ არის იოლი, მაგრამ, ხომ დაუტოვა?! აი, იმ ზარის რეკვის ხმასავით, იმედი მოდიოდა ახალ წელს, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ცოდვები ჩაიდინეს და ფიქრობდნენ, რომ ახალი წელი დადგა, როგორც მონანიების წელი და ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ. ეს ძალიან საინტერესო რიტუალია, თუმცა, ამით არ მთავრდება ყველაფერი. დრუიდებს ჰქონდათ კალენდარი, რომლის მიხედვითაც რცხილას ერთი ზამთრის პერიოდი იწყებოდა 11 დეკემბერს და გრძელდებოდა 21 დეკემბრამდე. დრუიდების დახასიათებით, რცხილა იყო ლამაზი, ახალგაზრდა ხე, რომელიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობას, გასაჭირს, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა, მერე ვერ უძლებდა, ადრე ბერდებოდა და კარგავდა იმ სილამაზეს, რომელიც მას ახალგაზრდობაში ჰქონდა. ქართველები რცხილის ხისგან ჭრიდნენ მორს, რომელსაც უკეთებდნენ პირამიდისებურ ჩაღრმავებას, ზევიდან ქვევით, ისე, რომ წვრილი წვეტი შუაში ყოფილიყო, შუა ნაწილიდან კი უკვე მისი საპირისპირო პირამიდა გამოდიოდა ქვევითამდე და დგებოდა უშუალოდ საინტერესო ვარიანტი. თან, პატარა ღარს უკეთებდნენ, ქვევით კი – ფიალას და ამ რცხილის მორში გროვდებოდა ორი სხვადასხვა მუხტით დამუხტული (ცოცხალ და მკვდარ წყალს რომ ვეძახით) წყალი, რომელსაც სამკურნალო თვისებები ჰქონდა. 21 და 22 დეკემბერი კი წიფლის ხის იყო. წიფელი ერთადერთი ხეა, რომელსაც მხოლოდ ორი დღე აქვს მიცემული, პირველი დღე – მოხუცებულობისა და მეორე დღე – ფენიქსივით განახლებისა. 22 დეკემბერს ხმელი წიფლის განახლებული ყლორტი თავის ენერგიას გადასცემდა ვაშლის ხეს, რომელიც სიუხვის სიმბოლო იყო. ხოლო დრუიდების მიერ ბედობის დღეს შერჩეული იყო სოჭი, რადგან, სოჭი იყო მარადმწვანე და  მე ამ მარადმწვანე სოჭის დღეს მინდოდა ჩამეთქვა ჩემი სურვილები, რათა ის მარადიულად ასრულებულიყო. სოჭს ორი სხვა თვისებაც ჰქონდა: როდესაც ქართველები ზარს ასხამდნენ, მდუღარე, ქაფქაფა ლითონს ბოლოს მოურევდნენ ხოლმე ფესვიანად ამოღებული სოჭის ნერგით – ეს იყო ინფორმაციული კოდი მარადიულობისა, რათა ზარსაც მარადიულად დაერეკა და მისი ხმა ყოველთვის გაეგონათ ქართველებს. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საიდუმლო აქვს ახალ წელს: გამხმარ ფოთოლს, ან ტყავს, შემდეგ უკვე ქაღალდს, დაჭმუჭნიდნენ, ღვინოს დაცლიდნენ, ფიალას გადმოაბრუნებდნენ, ზემოდან ამ ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებდნენ, უკან კი სოჭის ხის წებოვანას კვარივით აანთებდნენ და, იმის შუქზე, რაც თეთრ კედელზე დარჩენილი ნახშირით გამოისახებოდა, მკითხაობდნენ. ეს იყო თამაში და ამით, ძირითადად, ახალგაზრდები ერთობოდნენ. ბავშვობაში ამ რიტუალში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა: ტყეში დავდიოდით, ახალი წლისთვის სოჭის კვარს ვაგროვებდით, ზოგი რას ხედავდა, ზოგი კიდევ – რას, რაღაცას მივამსგავსებდით ხოლმე ნახშირის ჩრდილს. მე, ყველასგან განსხვავებით, სულ ტაძარი ამომდიოდა. საოცარია, მაგრამ, ხომ გახსოვთ, წლების მერე წმიდა სამების ტაძრის ზარები ჩამოვასხი. უცნაურია, მაგრამ ფაქტია – ეს ყველაფერი ბედობის დღეს, 2 იანვარს ხდებოდა. 

– რა იყო ძველად ახალ წელთან დაკავშირებული სიმბოლოები, ატრიბუტიკა, რასაც ქართველი კაცი საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით აუცილებლად ითვალისწინებდა?

– ეს შემორჩენილია ჩვენს ფოლკლორში, სასმისების დასახელებაში, ხალხურ სიმღერაში. საქართველოში ძველებურ ახალ წელს (შემოდგომის ახალ წელს ვგულისხმობ), ჰქონდა თავისი სიმბოლო და ეს სიმბოლო შესანიშნავად აისახა ხალხურ პოეზიაში: „ახალ წელიწადს წლისთავსა ვიკვლევ ვაზისა რქითამცა, შენი სახლიცა ამსილა ტყავ-კაბა-ზარბაბითამცა“. ვაზის რქა იყო ძალიან საინტერესო  გეოპათოლოგიური, საეკლესიო ზონების მიმკვლევი, ანუ, სადაც ხდება ადამიანის სულიერი განწმენდა. სრულიად ბუნებრივია, რომ წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი ჰქონდა. ანუ, ვაზის რქას, როგორც გამკვლევს გზისას, მის სიმბოლოს, უნდა გაეკვალა გზა ახალი წლისთვის, რომ ის ვიღაცის ოჯახში მისულიყო – ეს ახალი წლის შესანიშნავი სიმბოლო იყო. გამოთქმაში ნახმარია სიტყვა: „ზარბაბითამცა“, რაც „ოქროს ძაფით ნაკერს” ნიშნავს, ანუ, ტყავ-კაბა ოქროს ძაფით ნაკერი იყოსო. მაშინ ოქროს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ანუ, მზის და, ესე იგი, მზის მადლი არ დაეკარგოსო. ქართველები ახალი წლის ღამითაც ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ნაცნობებზე, მეზობლებზე. ფერსო  არის მრგვალი თვალი, რომელიც ურმის თვალს ზემოდან ეკვროდა. იმ ოჯახის კართან, რომელიც წინა წელს დაიჩაგრა, რაღაც უსიამოვნებები ჰქონდა, ვიღაც გარდაეცვალა, ახალი წლის ღამეს მიაგორებდნენ  ან მთლიან ურმის თვალს (გააჩნია, რამდენად შეძლებული მეზობელი ან ახლობელი იყო), ან ფერსოს, რომ მას გზა გაეკვალა ახალი წლისთვის; რომ ამ კვალს გაჰყოლოდა ახალი წლის ის ბედნიერება, რაც მას მოჰქონდა; რომ კმარა ამ ოჯახისთვის უბედურება. აფხაზებს ურმის თვალის მაგივრად ძაფი ჰქონდათ – ყველაზე ლამაზი ხიდან ძაფს გააბამდნენ და სახლამდე მიიტანდნენ, რომ ამ ძაფს გამოჰყოლოდა ახალი წელი. 

– რა უნდა მიეტანა მეკვლეს ახალი წლის ღამეს ოჯახში?

– საერთოდ, მეკვლის ტრადიციას ქართულ ყოფიერებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „მეკულე“  არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი მიმლოცველი. „მომკულება” ნიშნავდა გამშვენებას, ანუ, მას უნდა გაემშვენებინა ახალი წელი, ამიტომაც, ოჯახში მისი მისვლა არ იყო მხოლოდ მილოცვა გამშვენებით. რაც მთავარია, მეკვლეს ძღვენი უნდა მიეტანა ოჯახში, ეს ძღვენი კი იყო ტკბილეული, რომელიც იყო სიმბოლო სიტკბოებისა. ვინც უფრო შეძლებული იყო, ის მეკვლეს ვერცხლის სასმისს მიაწოდებდა ხოლმე, ვინც ნაკლებად შეძლებული – თიხისას. მაგრამ, ეს არ იყო უბრალო სასმისი, მისი ყელი იყო ვიწრო, ზოგჯერ მოგრეხილი, ისე, რომ შესმის დროს ხმაური უნდა გამოეცა, თითქოს სასმისიც მღეროდა. ამიტომაც, ეს სასმისი თავისებური, უფლის სამადლობელო საკრავი იყო და ეს მხოლოდ ქართველებს გვქონდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძველად საქართველოში ღვინის სმის სულ სხვა კულტურა იყო. ქართველი კაცი იმასაც აქცევდა ყურადღებას‚ სადამდე უნდა ყოფილიყო სასმისი შევსებული. დედამიწის ნიშანი იყო 5 რიცხვი და, მათ, კუთხეების მიხედვით‚ ოთხი სიმბოლო და ფერი შეესაბამებოდა: ცეცხლი, რომელიც წითელი ფერის იყო; წყალი, რომელსაც შავი ფერი ჰქონდა; ლითონი, რომელიც დასავლეთს გულისხმობდა, მაგარს, მყარს; აღმოსავლეთი იყო მწვანე ფერი, ცენტრი კი იყო მზის ნატეხივით ყვითელი, ესე იგი, სულ გამოდიოდა ხუთი ფერი, ხუთი სიმბოლო. ანუ, თასს შემოავლებდნენ ხოლმე ხუთ წრეს, რომელთაგან ოთხი წარმოადგენდა სამყაროს ოთხ კუთხეს, ხოლო მეხუთე – ცისა იყო და მეხუთე წრემდე უნდა დასხმულიყო ღვინო. რადგან ეს ოთხი წრე სამყაროს ოთხ კუთხეს წარმოდგენდა, სასმისი ოთხ წრემდე უნდა გავსებულიყო და მეხუთე უკვე ცის შვიდეულში გადასასვლელი იყო. რაც შეეხება თიხის ფიალას, ის არ კეთდებოდა ჩვეულებრივი თიხით, აუცილებლად სამკურნალო თიხა უნდა ყოფილიყო. არა მხოლოდ უძველესი თიხის ჭურჭელი, არამედ, ის კრამიტები, რომლებითაც სახლებია გადახურული, ფხვნილად რომ ვაქციოთ, ისიც კუჭის სამკურნალოდ გამოიყენება, ოღონდ, სხვადასხვა რაღაცეების შეზავების შემდეგ. ადამიანიც ხომ თიხისგან შეიქმნა, ამიტომ, ადამიანისთვის ის თიხაც მარგებელი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ ჭურჭელი, რომელშიც სასმელს ჩაასხამდნენ. 

– ხშირად, სანამ 12 საათი გახდება, ზოგიერთი გარეთ გადის და ზუსტად 12 საათზე სახლში ახალი წლის მილოცვით შედის – სურთ, რომ საკუთარი ოჯახის მეკვლეები იყვნენ. ეს თუა დასაშვები?

 – ეს დაუშვებელია. თუნდაც წაწლობა ან ნათლობა, რომ ავიღოთ, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ ადამიანებს შორის ნათესაური კავშირი გაზრდილიყო და, მეკვლეც, იმ ოჯახისთვის, სადაც ის მივიდოდა, უბრალო ადამიანი აღარ იყო, ის მისთვის, მინიმუმ, მთელი წლის მეგობარი ხდებოდა და, როგორ შეიძლება ადამიანი საკუთარი თავის ნათლია ყოფილიყო? იგივეა მეკვლეობაზე. რამდენჯერაც არ უნდა გახვიდეთ, შემოხვიდეთ, სიტკბო უსურვოთ საკუთარ ოჯახს,  მაინც ვერ იქნებით მეკვლე. მეკვლეობის არსი იმაშია, რომ შენ გადიხარ ქრისტიანულ-ზნეობრივ კატეგორიაში – „გიყვარდეს მოყვასი შენი,“  შენი მეკვლე კი სწორედ შენი მოყვასია და მას კიდევ უფრო განსაკუთრებული პირობები აქვს შენ მიმართ. 

– ახალი წლის დღეს, მას შემდეგ, რაც ოჯახში მეკვლე მივა, მეზობლები ერთმანეთს ამ დღის დადგომას ერთმანეთთან სტუმრობით ულოცავენ, თან, აუცილებლად მიაქვთ ტკბილეული, განსაკუთრებით კი – გოზინაყი. ამ რიტუალსაც თუ აქვს თავისი ისტორია და მნიშვნელობა?

– განურჩევლად ურთიერთობისა, რა მოხდა მეზობლებს შორის წლის განმავლობაში, ისინი ერთმანეთის სახლებში მაინც გადადიოდნენ ახალ წელს და ეს იყო მიმტევებლობის კულმინაციური წერტილი; რაც მთავარია, მათ ხშირად მიჰქონდათ ერთმანეთთან გოზინაყი, რომელიც, ისევე, როგორც ჩურჩხელა, შედგება ცხრა ელემენტისგან, ოღონდ, მას ემატება თაფლი, რომელსაც სამმაგი დანიშნულება ჰქონდა: პირველი დანიშნულება მდგომარეობს ფერში – ის არის ოქროსფერი, საკრალური, მზის ფერია; თაფლის მეორე მნიშვნელობა არის ის, რომ მას ოჯახში სიტკბოება მოაქვს. გოზინაყს თავისი მომზადების წესი ჰქონდა, თუ რამდენ ხანს უნდა ედუღა და ასე შემდეგ და, რაც მთავარია, გამასპინძლების ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო. მას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ჰქონდა – მალე არ ფუჭდებოდა და, შეიძლებოდა, მთელი თვის განმავლობაში კარგი ნუგბარი ყოფილიყო. 

 

скачать dle 11.3