კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ქურდული ცხოვრება

ოთხი თვის შემდეგ, სექტემბრის მიწურულს, კვლავ თბილისში მომიწია ჩამოსვლა – ერთი ქურდი გარდაიცვალა და მის დასაფლავებას უნდა დავსწრებოდი. ქელეხიდან ადრე წამოვედი და რუსთაველზე ფეხით გავიარე. სასიამოვნო, თბილი საღამო იყო და ნელ-ნელა დავუყევი ჩემს უსაყვარლეს გამზირს. ლაღიძის წყლებთან რომ მივედი, ჩემ წინ „ვოლგა“ გაჩერდა. იქიდან გადმოსული კაცისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და გზა უნდა გამეგრძელებინა. მან კი მკლავზე მომკიდა ხელი და მითხრა:

– კობრა, ჩემო კარგო, როგორ ხარ?

შევხედე და ძევიატკა არ შემრჩა ხელში?! გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი:

– არა მიშავს, თავად როგორ გიკითხო?

ძევიატკა გაახალგაზრდავებული ჩანდა და კარგად ჩაცმულიც იყო. მან „ვოლგისკენ“ გაიშვირა ხელი და მითხრა.

– შენი წყალობით, კარგად ვარ. აი, „ვოლგაც“ ვიყიდე ორი კვირის წინ და, საერთოდ, კარგა ხანია, დაგეძებ, რომ მადლობა გადაგიხადო. შენ რომ არა, წელი მომწყდებოდა მაროჟნის თრევით და ისევ ისე მათხოვრულად ვიქნებოდი. ახლა კი დღეში სამოცდოლარიანი ვარ და წინსვლის პერსპექტივაც მაქვს. შენი ჭირიმე, შენ შემოგევლე, გაიხარე, გამრავლდი და ღმერთი გფარავდეს! შენ გამო ვულკანში გადავეშვები. ოღონდ შენ მითხარი და არაფერზე დაგზარდები.

– გაიხარე. კარგად იყავი. ბოდიში, მაგრამ, მეჩქარება. რის მადლობა, – ვუთხარი ძევიატკას, მაგრად ჩამოვართვი ხელი და გზა განვაგრძე.

ერთი შეხედვით, ძევიატკასთვის ხელი არ უნდა გამემართა და მავანმა შეიძლება, ისიც კი თქვას, ქურდული კანონი დაარღვიაო. მაგრამ, ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე და მხოლოდ მარტივი გონების ადამიანს შეუძლია ასეთი მსჯელობა. მე ხელი მილიციელს კი არ გავუმართე, არამედ, ხანში შესულ, გაჭირვებულ ადამიანს და, სწორედაც რომ, ქურდული საქციელია გაჭირვებულის დახმარება, თუნდაც ის ყოფილი მილიციელი იყოს. მით უმეტეს, რომ ძევიატკა რიგითი უბნის ინსპექტორი იყო, ცხოვრებაში ერთი კაციც კი არ ჰყავდა დაჭერილი, მხოლოდ და მხოლოდ მალალეტკებს დასდევდა, რომ არ მოეწიათ და წვრილმანი ქურდობა არ ჩაედინათ. ყველაზე დიდი, რაც ძევიატკას შეიძლებოდა, დაეშავებინა, ის იყო, რომ რომელიმე ჩვენგანს „შობელძაღლოს” ეტყოდა და ყურის ძირში წამოარტყამდა მსუბუქად. ჩვენ კი ამასაც ვერ გვიბედავდა და როგორც უკვე ვთქვი, გვემალებოდა კიდეც. ერთხელ ხუჭუჭამ აიჩემა, ძევიატკას რამე შტუკა მოვუწყოთ და მასზე ვიკაიფოთო. მე და ყბედალო წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ, ხუჭუჭა რის ხუჭუჭა იყო, რომ თავისი არ გაეტანა და დაგვითანხმა.

– მაინც, რას უპირებ ამ საცოდავს? – ჰკითხა ხუჭუჭას ყბედალომ.

– უნდა დავშოკო.

– როგორ? – ვკითხე მე.

ხუჭუჭამ ჯერ თქმა დააპირა. შემდეგ კი გადაიფიქრა და მითხრა:

– ეს თქვენთვისაც სიურპრიზი იქნება და, წინასწარ რომ გითხრათ, უეფექტო გამოვა.

ხუჭუჭას კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რიჟას ბაზრობდა. მას რაღაც საშინელება ჰქონდა ჩაფიქრებული და წინასწარ იმიტომ არ გაგვიმხილა, რომ მისი ჩანაფიქრი არ ჩაგვეშალა. ამიტომ, გავაფრთხილე:

– რაღაცას იტყუები და, იცოდე, ისეთი რამ არ ქნა, რომ ცუდი შედეგები მოჰყვეს.

– რა ცუდი შედეგები, პროსტო ძევიატკას მინდა ჩავაფსმევინო, შეიძლება, ჩავასვრევინო კიდეც, – მიპასუხა ხუჭუჭამ.

– რაში გჭირდება ეს? – არ მოვეშვი მე.

– ხომ გითხარი, პროსტო.

– ამ პროსტოობაში კაცს რამე არ დამართო და მერე სანანებელი არ გაგიხდეს, – გავაფრთხილე ხუჭუჭა, მან კი სიცილით მომიგო:

– ნამდვილად არ ვინანებ, თუკი ძევიატკა ჩაიფსამს ან ჩაისვრის. პირიქით, კეთილი, ტკბილი მოგონება და გასახსენებელი ამბავი გვექნება ვზროსლობაში.

– მაგარი სიკეთე და სიტკბოა, თუკი ადამიანს ჩაასვრევინებ....

– კაროჩე, ხვალ, თორმეტ საათზე „მუსორტრესტის“ ასასვლელთან დადექით და არ ინანებთ, – გვითხრა ხუჭუჭამ და წავიდა.

მეორე დღეს მე და ყბედალო მესამე გაკვეთილის შემდეგ ექიმს გავეთავისუფლეთ და „მუსორტრესტის“ ასახვევთან დავდექით, სადაც ფუნიკულიორის ტყე იწყება. ხუჭუჭა და ჯემო საერთოდ არ ყოფილან სკოლაში და, მივხვდით, რომ ჯემო დაიხმარა. თორმეტს ორი წუთი გადასცდა, როდესაც ქოშინ-ქოშინით მორბენალი ძევიატკა დავინახეთ. სხვა დროს აქვე ავორთქლდებოდით, მაგრამ, ვიცოდით, რომ ხუჭუჭა მას რაღაცას უპირებდა და ადგილიდან ფეხიც არ მოგვიცვლია. მან კი შემოგვხედა, ხელში ფურცელი ააფრიალა და ტყეში შევარდა.

– ყბედალო, ეტყობა, ხუჭუჭამ რაღაც საშინელი საზიზღრობა მოიფიქრა. წავედით, გავეკიდოთ, – ვუთხარი ყბედალოს და წინ გავიჭერი, თან, ძევიატკას მივაძახე:

– ძია შაქრო, ძია შაქრო, მოიცადე, თქვი, რა მოხდა!

ძევიატკა შეჩერდა, შემობრუნდა და კვლავ ფურცელი ააფრიალა ხელში. შემდეგ ფურცელი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მისი აღება არც კი უცდია, ისე შეტრიალდა და სწრაფი სირბილით აუყვა ციცაბო ტყეს. ფურცელს პირველი მე დავწვდი, ამასობაში ყბედალომაც მოირბინა და კითხვას შევუდექით. ხუჭუჭას ლამაზი ასოებით დაეწერა:

„ჩვენი უბნის ინსპექტორი ძია შაქრო,  იგივე ძევიატკა, ძალიან მავიწროებს და ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, რომ თავი უნდა მოვიკლა. თავს ვიკლავ ხვალ, ზუსტად დღის თორმეტ საათზე, ფუნიკულიორის ტყეში და ჩემს სიკვდილში ვადანაშაულებ ძევიატკას. ზურაბ ყიფიანი“.

– რა ჩათლახია ხუჭუჭა, ეს რა მოუფიქრებია, – თქვა ყბედალომ, – წამოდი, კობრა, მართლა რამე უბედურება არ მოხდეს.

მე და ყბედალომ ორმოცდაათიოდე მეტრი გავიარეთ, ჩვენს ბირჟაზე მივედით და თვალწინ ასეთი სურათი გადაგვეშალა: ფიჭვის მსხვილ ტოტზე ბაწარგამობმული ხუჭუჭა ეკიდა. მას ენა ჰქონდა გადმოვარდნილი და, იფიქრებდით, მართლა თავი ჩამოუხრჩვიაო. სინამდვილეში კი ის წელზე გამობმული თოკით იყო ხეზე ჩამოკიდებული, რაც არა ერთხელ უჩვენებია ჩვენთვის. მივხვდით, რომ იქვე ქურთი ჯემოც უნდა ყოფილიყო, რადგან ხუჭუჭა მარტო ვერ შეძლებდა ასეთი ტრიუკის დადგმას. ჯემო, ალბათ, რომელიმე ხეს იყო ამოფარებული. საცოდავი ძევიატკა კი „ჩამოხრჩობილიდან“ ხუთიოდე მეტრის დაშორებით იდგა და თვალებგაშტერებული მისჩერებოდა ენაგადმოგდებულ ხუჭუჭას. მე ძევიატკასთან მივედი და ვუთხარი:

– ძია შაქრო, ნუ გეშინია, ხუჭუჭა იტყუება.

ძევიატკა მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ და ისე უცნაურად შემომხედა, აშკარა იყო, იფიქრა, ძმაკაცის თვითმკვლელობამ ჭკუიდან გადააცდინაო. შემდეგ მკერდზე თავი მომადო, მწარედ აქვითინდა და თან იმეორებდა:

– რა დავუშავე ამ უბედურს, რა!.. როდის იყო, რომ მისთვის უბატონოდ ხმა გამეცეს? პირიქით, დამცინოდა და ისეთ დღეში მაგდებდა, რომ მასთან შეხვედრას გავურბოდი. 

– ძია შაქრო, მომისმინე, ხუჭუჭა ცოცხალია, არ მომკვდარა, – ახლა უკვე ყბედალომ უთხრა ძევიატკას.

ძევიატკამ ყბედალოსაც უცნაური მზერა მიაპყრო და მასზეც იფიქრა, ჭკუაზე შეიშალაო. შემდეგ მუხლებზე დადგა, თავზე ხელები მოიჭირა, მიწაზე დაემხო და აქვითინდა... ხუჭუჭა ზემოდან უყურებდა ამ შოუს და თავისი „შედევრით“ ტკბებოდა. მე უზარმაზარ ტოტს დავწვდი, ხუჭუჭასთან მივიჭერი და ფეხებზე შემოვარტყი. მოქვითინე ძევიატკამ თავი ასწია, ფეხზე წამოხტა და მემუდარებოდა:

– გოგია, შვილო, დააგდე ჯოხი, ვის გაუგონია მკვდრის ცემა, მაგას თავისი უბედურებაც ეყოფა...

– მკვდარი კი არა, ცოცხალია, – მარცხნიდან დასჭექა ყბედალომ, რომელიც შემომიერთდა და მეორე მსხვილი ჯოხი შემოსცხო ხუჭუჭას ფეხებში.

– ბიჭებო, ბიჭებო, დამშვიდდით, ეგ უკვე მკვდარია და არაფერი ეშველება. იქნებ, თქვენ მიანც გადაურჩეთ გაგიჟებას! – ყვიროდა ძევიატკა, თუმცა, ახლოს მოსვლას რატომღაც ვერ ბედავდა.

ხუჭუჭას კი ერთიც არ დაუკვნესია, ცემას იტანდა და კვლავ ენაგადმოგდებული ეკიდა ხეზე. სწორედ ამის გამო ეგონა ძევიატკას ის მკვდარი და ჩვენს გაჩერებას ცდილობდა. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა ძევიატკამ, ჯოხები გადაგვაყრევინა და გვითხრა:

– კარგი, ბიჭებო, გეყოფათ. ღმერთმა აცხონოს ხუჭუჭას სული. მკვდარია და აღარაფერი ეშველება. წერილი სადაა, მომეცით. მილიცია და პროკურატურა უნდა გამოვიძახო, რომ მოკვლევა დაიწყონ. ღმერთმა აცხონოს ხუჭუჭა...

– ღმე-რთმა ა-ცხო-ნოს! – დამარცვლით ჩამოსძახა ძევიატკას ხუჭუჭამ და თოკი გადაჭრა, შაქრო ინსპექტორის წინ მარჯვედ დახტა და დაამატა, – რა დროს ჩემი ცხონებაა, ძია შაქრო, მანამდე ჯერ კიდევ შორსაა...

„გაცოცხლებული“ ხუჭუჭას დანახვაზე შაქროს ჯერ გაეღიმა, შემდეგ გულზე მოიკიდა ხელი და იქვე ჩაიკეცა...

– ძია შაქრო, რა გჭირს?! – შეუძახა ძევიატკას ხუჭუჭამ, რომელსაც შეეშინდა, არ მოკვდესო და გაფითრებული უბნის გულწასულ ინსპექტორს თვალს არ აშორებდა.

– რა სჭირს და, მგონი, გული გაუსკდა და მოკვდა, – უთხრა ყბედალომ ხუჭუჭას, რომელიც უფრო გაფითრდა და მიუგო:

– გიჟი ხომ არ ხარ, რა მოკვდა?!

– რა მოკვდა და მოკვდა, – ვთქვი მე, – ვერ ხედავ, რომ გული გაუსკდა?

– რა მოკვდა... – ენა დაება ხუჭუჭას, – თქვენ რა, გაგიჟდით?

– არა, შენსავით აფერისტობს, ვერ ხედავ, ვერ სუნთქავს... მოკვდა, ბიჭო, მოკვდა! – ვთქვი მე.

ამასობაში ჯემომ ჩამოირბინა, რომელიც მანამდე ხეებს იყო ამოფარებული და შეშფოთებულმა იკითხა:

– რა მოხდა, ძმებო, ძევიატკას რა სჭირს?

– მე შენ გიჩვენებ ძევიატკას, შე ჩათლახო შენა... – აღმოხდა ძევიატკას, რომელსაც გონება დაუბრუნდა, მაგრამ, ისევ გაფითრებული იყო და დაამატა: წერილი რომ მომიტანე და შემაშინე, ვერ მითხარი, გატყუებსო?

ჯემო ადგილზე შეხტა. შემდეგ ადგილს მოსწყდა და ტყეში თავქუდმოგლეჯილი დაეშვა. ხუჭუჭამ შვებით ამოისუნთქა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. ძევიატკა მიწაზე წამოჯდა და ჯერ მე და ყბედალო შეგვათვალიერა, შემდეგ წამოდგა, ტანსაცმელი გაიბერტყა, ფორმა გაისწორა და ნელ-ნელა დაუყვა ტყეს. ყბედალო ქვაზე მჯდარ ხუჭუჭას მიუახლოვდა, ტაში შემოჰკრა და უთხრა:

– საღოლ, ძმაო, მაგარი ბიჭი ხარ. ისეთი დიდებული საქმე გააკეთე, რომ ტელევიზიით გაჩვენებენ.

– მივქარე, ვაღიარებ, – თქვა ხუჭუჭამ, სიგარეტი ლოდს დაასრისა და უხმოდ დაუყვა ტყეს.

მე და ყბედალო ბირჟაზე შევყოვნდით, თითო ღერი გავაბოლეთ, თან ხუჭუჭას საქციელს ვარჩევდით.

– ყველაზე საოცარი, იცი, რა არის? – ვუთხარი ყბედალოს.

– რა?

– რა და, ხუჭუჭამ თავისი შეცდომა აღიარა.

– მართალი ხარ, – დამეთანხმა ყბედალო, – რაც ხუჭუჭას ვიცნობ, ასეთი რამ პირველად ქნა. ეტყობა, შეეშინდა.

– შეშინებულს ნამდვილად არ ჰგავდა ბოლოს. უბრალოდ, მიხვდა, რომ არაადამიანურად მოიქცა და გადაამლაშა.

– საცოდავი ძევიატკა, მართლა რამე რომ მოსვლოდა, რა უნდა გვექნა?

– არც არაფერი.

– ეგ როგორ?

– რა როგორ? მე და შენ ხომ არ ჩავუშვებდით ხუჭუჭას, ძევიატკას წერილი მისწერაო? ამას არც ჯემო იზამდა, რადგან, ის თანამონაწილე იყო. ამიტომ, ამ საცოდავს გულგახეთქილს იპოვიდნენ, ექსპერტი დაწერდა, ინფარქტმა დაარტყაო და ყველაფერი ამით დასრულდებოდა.

– რომ გაბაზრებულიყო წერილის ამბავი?

– მაშინ, ხუჭუჭას მამა, ვახო იჩალიჩებდა.

– მართალი ხარ, – თავი გააქნია ყბედალომ – მერე, სწორია ასეთი რამ?

– რა თქმა უნდა, არასწორია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა და ძევიატკა გადარჩა. წავედით, – ვუთხარი ყბედალოს და ჩვენც ქვევით დავეშვით.

ხუჭუჭა რომ არაორდინარული პიროვნება იყო და მის აზრებს ბოლომდე ვერ ჩასწვდებოდი,  ჩვენთვის ბავშვობიდანვე იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში თითქმის ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით ხოლმე, ვერასოდეს მიხვდებოდი, თუ რა ედო გულში და მეორე წუთში რას ჩაიდენდა. ნათელი იყო მხოლოდ ის, რომ თავისზე წინ არავის გაუშვებდა, თავზე არავის დაიჯენდა და თუკი ასეთ რამეს დაუპირებდა ვინმე, მაშინ, ვაი იმის დღეს... ხუჭუჭა, როგორც კარიერული მწვერვალისკენ მიმავალი ყველა ინტელექტუალი, თავის მოქმედებას გარკვეულ გეგმას უდებდა საფუძვლად და აბსოლუტურად ზუსტად ახორციელებდა მას. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ასე გეგმაზომიერად გაიკაფა მან გზა საკმაოდ მაღალი თანამდებობისკენ და მისმა ჩახლართულმა და მახვილგონივრულმა გეგმებმა, ჯერ საბჭოთა კავშირის დროს, შემდეგ კი მისი დაშლის მერე, დიდი წარმატება მოუტანა იმ საქმეს, რომე:ლსაც ის ემსახურებოდა. ძევიატკას მიმართ ჩადენილი საქციელი კი ლამის ერთადერთი უაზრო გამოხტომა იყო ხუჭუჭას ცხოვრებაში. თუმცა, არც ეს საქციელი იყო მთლად უაზრობა და ეს ბოროტი ხუმრობა მან ასე ახსნა:

– მაინტერესებდა, რამდენს გაუძლებდა მილიციელის გული, ნერვები და თავმოყვარეობა.

– და, რა დასკვნა გამოიტანე? – ვკითხე ხუჭუჭას.

– ძალიან სუსტი ყოფილა ძევიატკა. არც ნერვები უვარგა, არც გული და თავმოყვარეობითაც ვერ დაიკვეხნის.

– არ ხარ მართალი, – მივუგე ხუჭუჭას, – დღეიდან ძევიატკაზე უკეთესობისკენ შემეცვალა აზრი. გულიანიც ყოფილა და მაგარი ნერვებიც ჰქონია, რადგან ეგონა, რომ მე და ყბედალო გავგიჟდით და ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. რაც შეეხება თავმოყვარეობასა და ღირსებას, სწორედაც რომ ღირსეულად მოიქცა, როდესაც ადგა და უხმოდ გაგვეცალა.

– „ძაღლების” დამცველი როდიდან გახდი?

– რა, მართალს არ ვამბობ? ძევიატკას შენ სწორედ მოექეცი?

– მართალი ხარ. ძევიატკასთან არასწორი ვიყავი, – მეორედ აღიარა თავისი შეცდომა ხუჭუჭამ, – შეცდომა დავუშვი და მე თვითონ გამოვასწორებ.

– როგორ, ბოდიშს მოუხდი?

– ეგ მე ვიცი, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ხუჭუჭამ, – ისეთ სიურპრიზებს გავუკეთებ, რომ ყველაფერს გადაფარავს.

– რა სიურპრიზებს?

– სიურპრიზი იმისაა, რომ მოულოდნელად შეიტყო და წინასწარ არ ითქმის.

– მაშინაც ასე ამბობდი.

– მაშინ სულ სხვა იყო, – კვლავ მრავალმნიშვნელოვნად თქვა ხუჭუჭამ და ამაყად დაამატა, – ჯერ კიდევ შემიძლია რაღაც-რაღაცეები და სულ მალე შეიტყობთ.

ხუჭუჭა არ ტყუოდა. სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ბესარიონ აბრალავამ, ხუჭუჭას თხოვნით, ძევიატკას უფროსი ლეიტენანტის ჩინი რიგგარეშე მიანიჭა და ათასი მანეთი ფულადი პრემია მისცა. მეორე დღეს კი ძევიატკას ქუჩაში ხუჭუჭა შეხვდა და უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო შაქრო!

– გაგიმარჯოს, – მიუგო ხუჭუჭას ძევიატკამ და წასვლა დააპირა, მაგრამ ხუჭუჭამ უთხრა:

– ბატონო შაქრო, რიგგარეშე ჩინს გილოცავთ და ბოდიშს გიხდით ჩემი ცუდი საქციელისთვის.

ძევიატკამ ჯერ ეჭვით შეხედა ხუჭუჭას, შემდეგ გაუღიმა და მიუგო:

– მოლოცისთვის მადლობა. ცუდი კი ჯანდაბას წაუღია, რაც იყო იყო. აბა, კარგად იყავი, მეჩქარება.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – თქვა ხუჭუჭამ, შეტრიალდა და წავიდა. ძევიატკაც ადგილიდან დაიძრა, მაგრამ უცებ რაღაცამ დაჰკრა თავში, მიმავალი ხუჭუჭასკენ მიტრიალდა და დაუძახა:

– ხუჭუჭ, მოიცა!

ხუჭუჭა გაჩერდა და შეტრიალდა. ძევიატკამ მასთან მიირბინა და ჰკითხა:

– შენ რა იცი, რომ რიგგარეშე ჩინი მომანიჭეს, ამხანაგმა ბესარიონმა გუშინ შემატყობინა ეს ამბავი და ჯერ ბრძანებაც არ დაუწერიათ.

– ბრძანებაც უკვე მზადაა, ათასი მანეთიც გამოწერილია. შეგიძლიათ, სალაროში მიხვიდეთ და აიღოთ, – უთხრა ხუჭუჭამ ძევიატკას.

– მართლა? – სახე გაუბრწყინდა ძევიატკას.

– მართლა, ბატონო შაქრო.

– მაიცა, მაიცა, – კოპები შეკრა ძევიატკამ, – ეს ყველაფერი შენ ხომ არ იჩალიჩე? ამხანაგი ბესარიონი ხომ შენი ნათლიაა.

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ჩემი არასწორი საქციელისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.

– კარგად იყავი. მადლობელი ვარ, – მიუგო ხუჭუჭას ძევიატკამ და სახეწამოწითლებული დაუყვა დაღმართს.

იმ დღის შემდეგ ხუჭუჭას ძევიატკასთვის შეურაცხყოფა აღარ მიუყენებია. შაქროს დაწინაურებიდან ერთი კვირის თავზე კი ხუჭუჭამ მე და ყბედალო თავის სახლში შეგვკრიბა და გვითხრა:

– ერთ წელიწადში სკოლას ვამთავრებთ და, დროა, ჩვენს მომავალზე დავფიქრდეთ. აქ იმიტომ შეგკრიბეთ, რომ ყველამ თავისი თვქას.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა ხუჭუჭას ყბედალომ.

– რას ვგულისხმობ და, უნდა ვთქვათ, რა გზას დავადგებით სკოლის დამთავრების მერე.

– მე ჩემი გზა უკვე ავირჩიე და ვდგავარ კიდეც, – მიუგო ხუჭუჭას ყბედალომ.

– კი, ბატონო, მაგრამ, ახლა სამივემ ვთქვათ აქ, მერე გაუგებრობა რომ არ მოხდეს.

– რა გაუგებრობა უნდა მოხდეს? – მხრები აიჩეჩა ყბედალომ და, უნდა ეთქვა ქურდობა მინდაო, მაგრამ, სიტყვა გავაწყვეტინე და ხუჭუჭას ვუთხარი:

– ჩვენ რომ გვეკითხები, შენ თქვი, რას აპირებ.

– მე ქურდობა მინდა, – მტკიცედ თქვა ხუჭუჭამ.

– მეც ქურდობა მინდა, – თქვა ყბედალომ.

– შენ რას იტყვი? – მკითხა ხუჭუჭამ.

– რა უნდა ვთქვა, მეც ქურდობა მინდა, – ვთქვი მშვიდად.

– ჰო და, ძალიან კარგი, – თქვა ხუჭუჭამ, – რადგან სამივეს ქურდობა გვინდა, მაშინ, ქურდების ბანდა უნდა შევქმნათ და ისე ვიმოქმედოთ. რას იტყვით, ცუდი აზრია?

– კარგია, – თქვე ყბედალომ, მე კი დავამატე:

– რატომ, ცუდი აზრი არაა. შენი ამბავი რომ ვიცი, რამე გეგმა გექნება შემუშავებული.

– გეგმა მარტივია და გენიალური. შეადგენთ „ფაშისტების“ სიას და მათი ბაითების დაბომბვას დავიწყებთ. შემოსავლის ათ-ათ პროცენტს ჩვენთვის ვიტოვებთ. ოცდაათ პროცენტს ხელშეუხებელ მარაგში ვდებთ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოვიყენებთ, ორმოც პროცენტს კი ქურდულ ობშჩიაკში შევიტანთ. რას იტყვით?

– მე რომ ჯიბგირი ვარ? – თქვა ყბედალომ, – თქვენთან ერთად როგორ ვიჩალიჩებ?

– ნუ გეშინია, მოგიძებნით ადგილს, – უთხრა ხუჭუჭამ ყბედალოს და თვალი ჩამიკრა, – ისევე, როგორც ჩვენ დაგეხმარებით ჯიბგირობაში და „სტენკას“ მაინც გაგიკეთებთ. მთავარია, ერთად ვიყოთ და ყველაფერი გამოგვივა.

ხუჭუჭამ მართლაც შეადგინა თბილისელი „მაყუთიანების“ ათკაციანი სია და მე და ყბედალოს გვითხრა:

– აი, ძმებო, „ფაშისტების” სია. ახლა ისღა დაგვრჩა, რომ მათი ბაითების დაბომბვას შევუდგეთ.

ხუჭუჭას შედგენილი სიიდან მხოლოდ ორი ბინის გაქურდვა მოვახერხეთ და ისე მოხდა, რომ მთელი ფული ქურდულ ობშჩიაკში შევატანინეთ ბერძენას, რადგან, იმ პერიოდში ათ ქართველ ქურდს გაციმბირებას უპირებდნენ და ისინი ჩვენმა ძალისხმევამ გადაარჩინა ამისგან. წლების შემდეგ, როდესაც თავად მე გამაციმბირეს და რუსეთის ციხეების მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გამოვცადე, ღრმად გავააანალიზე ჩვენი საქციელი და ერთმნიშვნელოვნად დავასკვენი, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ქურდების მხრიდან კომფორტისკენ სწრაფვას. მაშინ კი ბავშვები ვიყავით და ვერ გავიაზრეთ, რომ გასაციმბირებელი ქურდები თავს არიდებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო კლება, ვარდნა ქართველი ქურდების ავტორიტეტმა და ამის გამო ხშირად დიდი კონფლიქტებიც კი ხდებოდა.

– ქართველი ქურდი ქურდია პირველ ბოძამდე, – ამბობდნენ მავანნი და ამას ასე ხსნიდნენ: პირველ ბოძამდე იმიტომ, რომ როდესაც ისინი რუსეთში ხვდებიან, მათ ჩვენ არაქურდული საქციელისთვის ამ ბოძზევე ჩამოვახრჩობთ!.. 

ეს ფრაზა ისე გავრცელდა და ისეთი უარყოფითი შინაარსი შეიძინა, რომ ქურდულ სამყაროში ქართველი ქურდი არაქურდის სინონიმად გადაიქცა და მთელ ქართულ ქურდულ სამყაროს მოეცხო ლაფი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მორდოვიის ერთ ქურდულ ზონაში საშინელება დატრიალდა და, საქმეში თავად ვასია ბრილიანტი და ზურა რომ არ ჩარეულიყვნენ, ყველაფერი გამოუსწორებელი კატასტროფით დასრულდებოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ზონაში ახალგაზრდა ქართველი ქურდი – მიხო მიიყვანეს. მიხო ახალი ნაკურთხი იყო ქურდად, თანაც, მოსკოვის ციხეში და, ისე სწრაფად გაუშვეს ეტაპით, რომ ზონაში მისი ქურდობის ამბავი არ იცოდნენ. ზონას „შატიკი“ უყურებდა, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტული ქურდი იყო და თავისი ფიცხი ხასიათით გამოირჩეოდა. მას თექვსმეტი წელი გამოუსვლელად ჰქონდა ნაჯდომი, რადგან, სხვადასხვა კონფლიქტის გამო სროკი ოთხჯერ ჰქონდა დამატებული, თანაც, ტუბერკულოზი სჭირდა და ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. შატიკს საკმაოდ  ძლიერი მასა ჰყავდა ირგვლივ შემოკრებილი და მათთვის მისი სიტყვა კანონი იყო. ყველაფერ ამას ისიც ერთვოდა, რომ ქართველები ფარულად სძულდა და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ეს სიძულვილი საქმედ ექცია. მიხომ, შედგა თუ არა ფეხი ზონაში, მაშინვე ქურდული ბარაკისკენ აიღო გეზი, შევიდა და ხმამაღლა თქვა:

– გამარჯობა, ქურდებო!

შატიკმა, რომელიც შეშის ღუმლის გვერდით, თბილად იყო მოწყობილი, რა თქმა უნდა, მაშინვე შეიცნო ახალმოსულში ქართველი, ალმაცერად გახედა და, საპასუხო სალმის მაგივრად, ჰკითხა:

– ვინ ხარ?

– ჯერ გამარჯობა, შატიკო, – გაიმეორა სალამი მიხომ და დაამატა: მიხო ვარ, თქვენი ძმა!

– საიდან იცი, რომ შატიკი ვარ? – ირონიულად ჰკითხა მიხოს ქართველების მოძულე ქურდმა, მიხომ კი მშვიდად მიუგო:

– ქურდს ქურდის ცნობა არ უნდა გაუჭირდეს.

– ქურდი ხარ?

– ქურდი ვარ!

– შენ გინდა თქვა, რომ მე შემეშალა და შენში ქურდი ვერ შევიცანი? – მტრულად უთხრა შატიკმა მიხოს.

– ზოგჯერ ქსივების გავრცელება ბრკოლდება ხოლმე და ჩემზე ქსივა აქ არ მოსულა. ორი დღეა, რაც მოსკოვში მაკურთხეს და თვითმფრინავით გამომიშვეს. ქსივას გამოვასწარი და სულ ესაა.

– შენი თქმით, გაუგებრობა მოხდა?

– ჩემი თქმით, ქურდი ვარ, ქურდებთან მოვედი და ჩემს ძმებთან ვაპირებ ყოფნას, რა, არ მაქვს ამის უფლება?

– დაიკავე შენი ადგილი, მაგრამ, აქ ყველა ადგილი დაკავებულია და, რა უნდა ქნა, არ ვიცი, – უთხრა შატიკმა მიხოს, რომელმაც მშვიდად მიუგო:

– კოიკას დავამატებინებ და როგორმე მოვეწყობი.

– ჩემი ადგილი ხომ არ დაგითმო?

– ყველას თავისი ადგილი აქვს, მათ შორის, მეც. შენი ადგილი კი არ მინდა, მე ჩემიც მეყოფა.

– იცი რა, მიხეილ...

– მიხო, – შეუსწორა შატიკს მიხომ.

– იცი რა, მიხო, აქ ადრე ერთიც ამბობდა, ქურდი ვარ, ჩემი ადგილი მაქვსო, მაგრამ, ის მხოლოდ პირველ ბოძამდე იყო ქურდი და ბოძზე ჩამოახრჩვეს, – კბილებში გამოცრა შატიკმა და მიხოს გამომცდელად შეხედა.

– შატიკო, შენი შეურაცხმყოფელი სიტყვები შენვე შეურაცხგყოფს და სხოდკის მოწვევას მოვითხოვ. დე, სამართლიანმა ქურდულმა სხოდკამ განსაჯოს შენი სიტყვები და ტყუილიც და მართალიც იქ გაირკვეს.

შატიკის გათვლა მარტივი იყო, რაც არაერთხელ გაუკეთებია. მას ეგონა, რომ მიხო ხელს დაარტყამდა, რაც ქართველის სრული კრახით დასრულდებოდა, რადგან მას ბარაკშივე გაუსწორდებოდნენ, მიხომ კი სხოდკაზე საქმის გარჩევა მოითხოვა, ეს კი შატიკს აღარ აწყობდა. ამიტომ, შატიკამ მასის პროვოკაციებით სცადა მიხოს დათრგუნვა და მთელი ბარაკის გასაგონად თქვა:

– ძმებო! ეს უცნობი ჯერ არ მოსულა, უკვე პრავებს გვიკაჩავებს, თავს ქურდად ასაღებს და ბარაკში ადგილს თხოულობს. რას იტყვით, მივუჩინოთ მას კუთვნილი ადგილი?

ბარაკში ყველა შატიკისნაირი იყო, რადგან, მას დიდი გავლენა ჰქონდა. ამიტომ, ოცდაათმა კაცმა ერთდროულად იხუვლა და მიხოსკენ წაიწია, რომელიც მშვიდად, უხმოდ იდგა ერთ ადგილზე. ეგზალტირებულ მასას ერთი ახალგაზრდა პატიმარი გამოეყო, მიხოს წინ აღიმართა და დამცინავად თქვა.

– მივუჩინოთ, შატიკო, მივუჩინოთ, საქათმეში მოულოდნელად ელოდებიან შევსებას.

პატიოსანი პატიმრის, მით უმეტეს – ქურდის, ქათმად მოხსენიება სასიკვდილო ცოდვაა და აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეურაცხყოფილი ობიექტი ავტომატურად ეწერება „ქათმების” სიაში. ამიტომ, მიხოს სხვა არაფერი დარჩენოდა შეურაცხმყოფელზე თავდასხმის გარდა, ეს კი სიკვდილის ტოლფასი იყო და გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. სწორედ ეს უნდოდა შატიკს, ამიტომ მოაწყო პროვოკაცია და მიხოს განადგურების მოლოდინში სადისტურად იცინოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3