კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქალებისთვის

ანუკამ მაცივრიდან ხილი და ნაყინი გამოიღო‚ კარადიდან – საკონდიტროდან ამოტანილი ნამცხვარი და მაგიდაზე დააწყო. მერე სიგარეტი შემოიტანა თავისი ატრიბუტებით და ყავის მოდუღებას შეუდგა.

– აბა‚ ქალბატონო‚ მომიყევი ქალაქის ჭორები‚ – ანუკა ყავას ასხამდა ფინჯნებში და თან გამომცდელად უყურებდა დეიდაშვილს. მის თვალს არ გამოჰპარვია‚ რომ მარი აფორიაქებული იყო‚ – იცოდე‚ არაფერი დამიმალო‚ ხომ იცი‚ მაინც ვერ გამაცურებ. მოხდა რამე?

– მგონი‚ კი‚ – გაწითლდა მარი.

– შენ, მოსწავლე რომ იყავი‚ ასე მაშინ არ წითლდებოდი. ეტყობა‚ სერიოზულადაა საქმე.

– მგონი‚ კი‚ – ისევ გაიმეორა მარიმ.

– მდაა... – ანუკა მარის წინ‚ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში ჩახედა: 

– ანუ‚ შეგიყვარდა?

– მგონი‚ კი... – მესამედ გაიმეორა მარიმ აკვიატებული სიტყვები‚ – იმასაც ვუყვარვარ. დღეს ხელი მთხოვა და მოვიფიქრებ-მეთქი. ორშაბათამდე მომცა ვადა. ორშაბათს პასუხი უნდა ვუთხრა. მაგრამ‚ მინდა‚ მანამდე შენ გაგაცნო.

– როცა გინდა და სადაც გინდა. უფრო სწორად‚ აქ მოიყვანე ხვალ ან ზეგ საღამოს. ხომ იცი‚ უცხო ოჯახში‚ თანაც, შეყვარებულის ნათესავთან მიყვანილი კაცი უფრო ადვილად იშიფრება. ძალიანაც რომ არ უნდოდეს‚ რაც რამე ნაკლი და კომპლექსი აქვს‚ ყველაფერი „ამოტივტივდება“. შევთანხმდით?

– შევთანხმდით‚ – გაუხარდა მარის‚ – შენ თუ არ მოგეწონა‚ არ გავყვები.

– კარგი‚ ნუ გაყვები‚ – გაეცინა ანუკას.

ამასობაში ლელუკა და ანდროც მოვიდნენ და‚ მარი რომ დაინახეს‚ კინაღამ გადაირივნენ სიხარულით.

– დე‚ თუ გინდა‚ მთელი ღამით დარჩი შენს დაქალებთან‚ ჩვენ აქ არ მოვიწყენთ‚ პირობას გაძლევთ‚ – უთხრა ლელამ ანუკას და უკვე წასასვლელად გამზადებულს მზრუნველად გაუსწორა კულული, შემდეგ მოჭუტული თვალებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და მოწონების ნიშნად მარჯვენა ხელის ცერი თითი ასწია: რაც მართალია‚ მართალია‚ მაგარი ხარ‚ – და აკოცა.

ანუკა წავიდა. ტაქსის გამოძახება და ლოდინი დაეზარა და თავისი მანქანა გამოიყვანა ავტოფარეხიდან.

რვის ხუთ წუთზე „მარიოტში“ იყო და გაუკვირდა, რომ ყველა მისული დახვდა. მართლაც ისე გამოპრანჭულიყვნენ გოგოები‚ იქაურობას ანათებდნენ. ანუკას მხიარული ოვაციებით შეხვდნენ‚ მაგრამ, მათი‚ განსაკუთრებით კი იუბილარის წივილ-კივილი რამდენიმე დეციბალით მას შემდეგ გაიზარდა‚ როცა ანუკამ საჩუქრად ნაყიდი მობილური გადასცა.

– ვაიმეე!.. ვაიმეე!.. – გაჰკიოდა ანი და სულ დაავიწყდა‚ რომ გარშემო ხალხი ისხდა. ყველა მას შესცქეროდა‚ ის კი არავის აქცევდა ყურადღებას და აღფრთოვანებით გაჰკიოდა: დედაა!... ვაიმეეე!..

ბოლოს‚ როგორც იქნა‚ დაშოშმინდა‚ მობილური თეფშის წინ დაიდო და აღფრთოვანებით შეხედა.

ანუკას სასიამოვნოდ გაუკვირდა‚ როდესაც „მარადქალწული“ ელენე‚ როგორც მას დაქალები ეძახდნენ‚ ძალიან გემოვნებით‚ მაგრამ‚ ცოტა თამამად ჩაცმული და დამაკიაჟებული ნახა.

– სხვანაირ ფორმაში აღარ დაგვენახვო‚ თორემ‚ ხმას აღარასოდეს გაგცემ. რა ლამაზი ყოფილხარ‚ გოგო‚ ვის ემალებოდი? – უთხრა ანუკამ და თბილად გადაეხვია.

დარბაზში ულამაზესი ბლუზი ჟღერდა. ანუკა და მისი მეგობრები რამდენჯერმე გაიწვიეს მამაკაცებმა საცეკვაოდ‚ მაგრამ, არც ერთმა არ მოისურვა უცხო კაცთან ერთად შუა დარბაზში უაზროდ რწევა. ისინიც შეეშვნენ და თავიანთ სუფრას მიუბრუნდნენ‚ თუმცა‚ თვალი მაინც ამ ლამაზი ქალებისკენ გაურბოდათ და ცდილობდნენ‚ მათი ყურადღება მიექციათ‚ მაგრამ‚ არაფერი გამოსდიოდათ.

– გოგოებო‚ ანის გაუმარჯოს‚ დღევანდელ იუბილარს და ჩვენი სადაქალოს სულსა და გულს! – თქვა ანუკამ და შამპანურით სავსე ფუჟერი ასწია‚ – სულ ასეთი ლამაზი‚ ხალისიანი და ენერგიული იყოს‚ როგორიც დღეს არის!

– გაუმარჯოს! – მეგობრებმა ერთმანეთს მიუჭახუნეს ფუჟერები და შუშხუნა სითხე ბოლომდე გამოცალეს.

მერე რიგრიგობით ადღეგრძელეს ერთმანეთი‚ შუალედებში კი ათასი რამე და ვინმე გაიხსენეს: თბილისური ჭორები‚ შვილები‚ საერთო ნაცნობები‚ ყოფილი ქმრები‚ სტუდენტობის წლები; მსუბუქად პოლიტიკასაც გადასწვდნენ‚ მოდასაც და, ბოლოს, ანიმ მოითხოვა სადღეგრძელოს უფლება:

– გოგოებო‚ მინდა‚ ქალი ვადღეგრძელო. ქართველი ქალი კი არა‚ საერთოდ‚ ქალი. იცით‚ რატომ შექმნა ღმერთმა ქალი? მე ბევრი ვიფიქრე ამაზე და ერთ დასკვნამდე მივედი: მკრეხელობად არ ჩამითვალოს უფალმა და‚ ბიბლიაში რომ წერია‚ ადამი მარტო იყო სამოთხეში‚ მოიწყინა‚ ღმერთს შეეცოდა და მისი ნეკნისგან მისნაირივე არსება – მეორე ადამიანი შექმნა‚ რომ ადამს მეგობარი ჰყოლოდაო‚ – არ მჯერა. ჩემი აზრით‚ ღმერთი ადამს კარგა ხანს აკვირდებოდა და‚ როცა მიხვდა‚ რომ მისი ეს პირველი ქმნილება სრულყოფილი არ აღმოჩნდა‚ შექმნა ევა – ადამის გაუმჯობესებული ვარიანტი. უფალი ადამით აღფრთოვანებული რომ ყოფილიყო‚ თუ მაინცდამაინც შეეცოდა‚ მეორე ადამიანსაც ზუსტად მისნაირს გააკეთებდა. მაგრამ‚ არა‚ გენაცვალე‚ თავის მეორე ქმნილებას ადამის მსგავსი მხოლოდ ის გაუკეთა‚ რაც თავის პირველ ქმნილებაში მოსწონდა‚ ხოლო‚ რაც არ მოეწონა‚ ანუ, ნაკლად ჩაუთვალა‚ ის გამოასწორა‚ გააუმჯობესა და შექმნა ევა. 

– მაგრამ, ევამ არ აცდუნა ადამი‚ აკრძალული ხის ნაყოფი რომ შეაჭამა? – დაიცვა თიკამ პირველი მამაკაცი..

– აცდუნა?! თვითონაც უნდოდა იმ ვაშლის მირთმევა და ესეც ევას დაბრალდა. და, თუ არ უნდოდა და ევამ მოატყუა‚ მაშინ‚ ან შტერი ყოფილა‚ ან, უბრალოდ‚ ურჩობამ‚ ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ ან სიწუწკემ ღმერთი დაავიწყა და იფიქრა‚ რადგან ინიციატივა ევასგან მოდის‚ უფალი მას დასჯის და არა მეო‚ ანუ‚ „მშრალად“ უნდოდა გამოსვლა‚ – ისეთი ტონით თქვა ანიმ‚ თითქოს თავად იყო მაშინ სამოთხის ბაღში‚ ადამი რომ აკრძალულ ხილს მიირთმევდა.

– ისე‚ არც ეგ შენი ევა იყო ფრთიანი ანგელოზი‚ – გაეცინა ელენეს.

– ანგელოზი იყო-მეთქი‚ არ მითქვამს‚ მე ვამბობ‚ რომ ადამზე სრულყოფილი არსება იყო – უფრო ჭკვიანი‚ უფრო ამტანი...

– დღემდე კაცები იმ ერთ ვაშლს აყვედრიან ადამს – იმას რომ ის ვაშლი არც ეჭამა‚ ვიცხოვრებდით ლაღად სამოთხეში‚ არც მუშაობა დაგვჭირდებოდა და არც ცოლ-შვილის რჩენაო‚ – სერიოზული სახით თქვა ანიმ‚ მაგრამ‚ უცებ სიცილი აუტყდა:  იმას კი აღარ ფიქრობენ ეს დებილები‚ ვაშლი რომ არ ეჭამა იმ საცოდავ ადამს‚ თვითონ როგორ მოევლინებოდნენ ქვეყანას? ან‚ განა რამდენი მათგანი მუშაობს? მუშაობაც ცოლებს არ „შესტენეს“‚ ისევე‚ როგორც ვაშლის დაძალება?

– დაძალება კი არა‚ ცდუნება. თანაც‚ თქვენ ყველას დაგავიწყდათ‚ რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში გველმა. ასე რომ‚ ადამი‚ ევასთან შედარებით‚ გაცილებით ნაკლებად ცოდვილია‚ – ისევ დაიცვა თიკამ პირველი მამაკაცი.

– მე კი ვფიქრობ‚ უკვე ადამში ჩანდა ალფონსობისკენ მიდრეკილება და‚ საერთოდ‚ ძალიან ზარმაცი ტიპი იყო‚ – სიცილით დაასკვნა ანიმ. – ჰოდა‚ იმიტომაც ვადღეგრძელებ ყველა ქალს ევას თამადობით‚ – დაუბრუნდა თავის სადღეგრძელოს ანი‚ – რომ ევამ გააშიშვლა პირველი მამაკაცი ყველანაირი გაგებით.

– ბრავო! გაუმარჯოს ევას! გაუმარჯოს ქალს! – მეგობრებმა სიცილით აიტაცეს სადღეგრძელო.

– გოგოებო‚  ამ პატარა სუფრასთან ევას ოთხი შთამომავალი ზის – ოთხი ქალი‚ ოთხი მეგობარი და ოთხივეს სხვადასხვა ბედი არგუნა განგებამ: მე‚ – ანუკამ საჩვენებელი თითი გულზე მიიდო‚ თვალები დახუჭა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა‚ – ქმარმა მიმატოვა და სხვასთან წავიდა... – გელას წასვლის შემდეგ ანუკა პირველად ალაპარაკდა ასე ხმამაღლა მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე და მისი ამ საქციელით გაოცებული მეგობრები უხერხულად გაჩუმდნენ. ანუკას აშკარად მოეკიდა სასმელი და ეს თუ აძლევდა სითამამეს‚ – თიკა ახალგაზრდობაშივე დაქვრივდა და მას მერე არ თუ ვერ იპოვა ნამდვილი სიყვარული; ელენე ყველა ნორმალური კაცის ოცნება უნდა ყოფილიყო‚ მაგრამ‚ ამხელა თბილისში ერთი ნორმალური მამაკაციც არ აღმოჩნდა‚ რომ თვითონ – ეს ქალი გაეთბო‚ ამ ქალით კი – საკუთარი კერა; ანი თავად წამოვიდა ქმრის ოჯახიდან და სწორადაც მოიქცა‚ იმიტომ‚ რომ იქ დარჩენა მართლაც შეუძლებელი იყო‚ რადგან‚ ალკოჰოლიზმი მოურჩენელი დაავადებაა და, არ ღირს‚ რომ ლოთს‚ თუნდაც ეს ლოთი შენი ქმარი იყოს‚ საკუთარი თავი და‚ მით უმეტეს‚ შვილი შესწირო. ასეთ დროს‚ ჩემი აზრით‚ ოჯახის შენარჩუნების თუ „გადარჩენის“ მიზნით გამოჩენილი ერთგულება, სისულელეა. ანი‚ შეიძლება‚ ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს‚ მაგრამ‚ დარწმუნებული ვარ‚ რომ შენ სწორად მოიქეცი‚ რადგან, ამ ნაბიჯით შენი შვილის ფსიქიკა და‚ შესაბამისად‚ მისი მომავალი გადაარჩინე. არ ვიცი‚ სხვა როგორ ფიქრობს‚ მაგრამ‚ თითქმის დარწმუნებული ვარ‚ რომ ლოთის გამოსწორება უფრო შეუძლებელია‚ ვიდრე ნარკომანის. და‚ აი‚ ეს ვართ ჩვენ – ოთხი მეგობარი‚ ოთხი უმამაკაცოდ დარჩენილი ქალი. ეს დიდი უბედურებაა‚ მაგრამ, უფრო დიდი უბედურება იცით‚ რა არის?! ის‚ რომ 37 წლის ასაკში არც ერთ ჩვენგანს მამაკაცი აღარ უნდა. აღარ სწამს მისი და იმიტომ აღარ უნდა. ამ შემთხვევაში მამაკაცში მარტო სექსს არ ვგულისხმობ. იმდენად გვაქვს ეგრეთ წოდებული ძლიერი სქესის მიმართ რწმენა და ინტერესი დაკარგული‚ რომ, აქ‚ რესტორანში გასართობად მოსულებს‚ ელემენტარული გაკეკლუცების სურვილიც კი არ გაგვჩენია; უფრო მეტიც – მათთან ერთად ცეკვაზეც კი უარი ვთქვით.

– შენ რა‚ ფემინისტი გახდი? – წარბები აზიდა ანიმ.

– ყველა ფემინისტის დედაც ვატირე! ფემინისტი კი არ გავხდი‚ ღმერთმა ქალად რომ გამაჩინა‚ მე კი ქალობა რომ დავივიწყე და კაცად ვიქეცი‚ იმას ვტირი. ჭირს წაუღია ემანსიპაცია და ყურით მოთრეული ყველანაირი თანასწორობა! ქალობა მომენატრა‚ გესმით?! მაინცდამაინც კაცთან ერთად ლოგინში კოტრიალი კი არა‚ თავზე ხელის გადასმა‚ გულში ჩახუტება‚ ალერსიანი მზერა‚ ზრუნვა‚ იმის განცდა‚ რომ მელოდებიან‚ ჩემზე ფიქრობენ და ვენატრები და‚ კიდევ რაღაც-რაღაცეები... მე ოთხივეს სახელით იმიტომ დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი‚ რომ ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი ვიცით და‚ რა დასამალია‚ რომ‚ მთავარი ბედნიერება – იყო სასურველი და საყვარელი ქალი – პრაქტიკულად‚ არც ერთს არ განგვიცდია და‚ საუბედუროდ‚ რაც ყველაზე მთავარია‚ ჩვენ არ ვართ იშვიათი გამონაკლისი. ჩვენი მდგომარეობა უკვე ნორმაა‚ თუმცა‚ გარკვეული მოსაზრებით‚ მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით‚ ბევრი უპირატესობა გაგვაჩნია: არ გვშია‚ არ გვწყურია‚ არ გვცივა და ასე შემდეგ. თუმცა‚ ერთ-ერთი მთავარი რამ, ყველას გვაკლია, განსაკუთრებით კი ქართველ ქალებს – ოთხმოცდაათი პროცენტი ჩვენნაირ და ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია. თუ რომელიმე თქვენგანი არ მეთანხმება‚ მაშინ, მე დაგისვამთ ერთ კითხვას და ნუ გეწყინებათ: რამდენი ხანია‚ მამაკაცი არ მოგფერებიათ? რამდენი ხანია‚ თქვენზე‚ როგორც ქალზე, არავის უზრუნია? წეღან ვთქვი‚ ეს არ არის მთავარი-მეთქი‚ მაგრამ არცთუ მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. ამიტომ‚ მაინც გკითხავთ: რამდენი ხანია‚ სექსი აღარ გქონიათ? ერთი თვე? ერთი წელი? ხუთი წელი? მეტი? და‚ ამის შემდეგ‚ რომელიმე ჩვენგანს ნორმალური ქალი ჰქვია? იქნებ‚ რომელიმე თქვენგანი არ მეთანხმება? მაშინ‚ ადგეს და მითხრას‚ რომ არა ვარ მართალი; დამარწმუნოს‚ რომ ვცდები და გავჩუმდები! უფრო მეტიც – ხმამაღლა მოვიხდი ბოდიშს.

ანი‚ თიკა და ელენე გაჩუმდნენ და თავი ჩაღუნეს. ანუკა მიხვდა‚ რომ ერთი აბღავლება ქვეყანას ერჩივნათ მის დაქალებს და არც თვითონ იტყოდა ამაზე უარს‚ მაგრამ‚ მაინც გადაწყვიტა‚ სათქმელი ბოლომდე მიეყვანა:

– თქვენ რა გგონიათ‚ ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ გავთხოვდი ან მეგობარი არ გავიჩინე?! მხოლოდ ჩემი „მორალური მდგრადობის“ გამო?! ცხადია‚ ესეც იყო მიზეზი‚ მაგრამ‚ ფიზიოლოგია თავისას მოითხოვს და, ამიტომ‚ ერთ დღეს‚ ქმართან გაყრის შემდეგ ორჯერ მწარე იმედგაცრუებისა და დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ‚ მივაფურთხე ეშმაკს და გადავწყვიტე‚ მეღალატა ჩემი პრინციპებისთვის, ანუ‚ პაემანზე წავსულიყავი. არცთუ მცირე რაოდენობის თაყვანისმცემელთაგან‚ ჩემი აზრით‚ ყველაზე ნორმალური გამოვარჩიე და შეხვედრაზე დავთანხმდი. მაგრამ, კავალერი‚ რომელიც მთელი წლის განმავლობაში მეპადხოდებოდა და ლამის ჩემს ნაფეხურებს ჰკოცნიდა, უკვე წასვლას აპირებდა დათქმული ადგილიდან‚ რადგან‚ ზუსტად ხუთი წუთი დამაგვიანდა. მოკლედ‚ სულზე მივუსწარი. ოდნავ ცივი‚ თუმცა‚ თავშეკავებული საყვედურის შემდეგ‚ ერთ პატარა რესტორანში შემიყვანა და საკმაოდ მწირი შეკვეთა მისცა. გადახდის დროს დანახარჯი ხელსახოცზე დაიანგარიშა და ხურდის დაბრუნებისას, 50 თეთრის დაკლების გამო, მიმტან გოგონას შავი დღე აყარა. სხვათა შორის‚ მერე‚ ლაპარაკში გაირკვა‚ რომ დათქმულ ადგილზე ჩემთან შეხვედრამდე კარგა ხნით ადრე მისულა‚ ახლომახლო რესტორნები ჩამოუვლია და გაუგია‚ რომელში როგორი ფასები იყო და ამის გათვალისწინებით შეარჩია ის კონკრეტული რესტორანი‚ რომელშიც დამპატიჟა. სახლში გაცილებისას კი‚ ერთი საათის ლოდინის შემდეგ‚ „მარშრუტკაში“ ჩამსვა და ხელი კმაყოფილმა დამიქნია – ხვალამდეო. არადა‚ იქიდან ჩემს სახლამდე ტაქსი‚ მაქსიმუმ ორ ლარს გამოართმევდა.

– იქნებ‚ ფული არ ჰქონდა ადამიანს‚ უფრო სწორად‚ რესტორანში გადახდის შემდეგ აღარ დარჩა?! – სცადა გამოსარჩლება ელენემ.

– იცი‚ ელენე‚ ეგ მეც ვიფიქრე. უფრო სწორად‚ გამიხარდებოდა‚ ასე რომ ყოფილიყო. მინდოდა‚ გამემართლებინა და, ამიტომ, ნაცნობ-მეგობრების მეშვეობით გავარკვიე‚ რომ ის ჩემი „რაინდი“ ისეთ ფირმაში მუშაობს საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე‚ რომ თვეში ათას ხუთასი დოლარი აქვს ხელფასი, პლუს პრემიები და ბონუსები  და მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავს სარჩენი‚ სხვა არავინ.  ანუ‚ იმის თქმა მინდა‚ რომ სულაც არ არის გაჭირვებული. თანაც‚ ჩემო კარგო‚ ასეთ სიტუაციაში თვით ყველაზე უფულო‚ მაგრამ, თავმოყვარე ქართველი მამაკაცი ფულს ისესხებდა და ქალთან თავს არ შეირცხვენდა. მინდა‚ ისიც გითხრა‚ რომ მანქანაც ჰყოლია‚ თანაც‚ ორი – სამსახურის და საკუთარი‚ მაგრამ‚ რატომღაც‚ მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსულა პაემანზე – ეს თვითონ მითხრა საუბარში, ალბათ, ბენზინი დაზოგა.

– მერე‚ შეარჩინე? – დაინტერესდა თიკა.

– რა თქმა უნდა‚ არა! – თქვა ანუკამ და ხმაზე შეეტყო‚ რომ სევდამ გაუარა და ბავშვური ანცობის ხასიათზე დადგა.

– ეჩხუბე?

– არა‚ უარესი გავუკეთე.

– რა? შენი ამბავი რომ ვიცი‚ საშინელებას იზამდი! გვითხარი დროზე‚ თორემ, ინტერესისგან ლამის გავგიჟდეთ! – მიაყარეს გოგოებმა და სმენად იქცნენ.

– მეორე საღამოს იმავე ადგილას‚ იმავე საათზე დავუთქვი პაემანი. ტელეფონში ჩემი ხმა რომ გაიგონა‚ კინაღამ შეიშალა სიხარულისგან. ყურებს არ ვუჯერებო‚ – მითხრა.

– მერე?

– ამჯერად ათი წუთით ადრე მივედი.

– შენი მანქანით?

– არა‚ უმანქანოდ. იქ რომ დავხვდი‚ შეცბა‚ საათზე დაიხედა და თავის მართლება დაიწყო – არ დამიგვიანიაო. მე დავაწყნარე – როცა ადამიანი გიყვარს‚ მთელი ცხოვრებაც რომ ელოდო‚ ღირს-მეთქი. შეიფერა იმ დებილმა. მერე მკითხა‚ ახლა რა უნდა ვქნათო. წარმოგიდგენიათ?! მე მკითხა‚ რა უნდა ვქნათო. მაგრამ‚ არ შევიმჩნიე და ვუპასუხე‚ რომ ახლა ყველაზე ძვირიან და ყველაზე მოდურ რესტორანში წაგიყვან-მეთქი. რა საჭიროა ზედმეტი ხარჯი‚ კაფეში შევიდეთო‚ – ალბათ ეგონა‚ ფულს გადავახდევინებდი. ნუ გეშინია‚ მე ვიხდი-მეთქი‚ – ვანუგეშე. მართლაც‚ მაშინვე დაწყნარდა. გზაში ყოველგვარი მიკიბვა-მოკიბვის გარეშე ვკითხე‚ რომელი კერძები და რომელი სასმელი გიყვარს-მეთქი. ყოველგვარი დამორცხვების გარეშე ჩამომითვალა‚ რაც უყვარდა – კარგა გრძელი სია იყო.

რესტორანში საუკეთესო ადგილზე ვისხედით. ფიზიკურად მართლაც წარმოსადეგი მამაკაცია‚ მახინჯი მეც არ ვარ‚ ერთი სიტყვით‚ კარგი წყვილი ვიყავით და მთელი რესტორანი ჩვენ გვიყურებდა.

ყველა ის კერძი და სასმელი მოვატანინე‚ რაც გზაში ჩამომითვალა. გემრიელად შეექცა‚ მხოლოდ ერთხელ ჩაფიქრდა წამიერად და ვითომ სხვათა შორის თქვა‚ ძალიან ძვირი ეღირება ეს ყველაფერიო. მე ვიხდი-მეთქი‚ – გავუმეორე და მეტად აღრ ამოუღია ხმა – ისევ ჭამა განაგრძო. საუბარიც მე მიმყავდა. მუსიკა რომ დაუკრეს‚ ვიცეკვოთ-მეთქი‚ შევთავაზე. უარი მითხრა – ვინმე ნაცნობი იქნება და დამინახავსო – სოფლელი ქალწულივით გაინაზა. ჭამა-სმა რომ მოათავა‚ სასაუბრო თემაც გამოგველია და‚ წავიდეთ-მეთქი‚ – ვუთხარი. დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ფეხით გავიარეთ. ძალიან კმაყოფილი იყო და ათას სისულელეს როშავდა. „ერთი სული მაქვს‚ როდის გიხილავ ჩემი ოჯახის დიასახლისად“‚ – ერთი სამჯერ მაინც გაიმეორა რომელიღაც სერიალში გაგონილი თუ ბულვარულ რომანში წაკითხული ეს ტუტუცური ფრაზა. ეტყობა‚ იფიქრა‚ ასე თან რომ მყვება‚ ჩემი სიყვარულით იწვისო. ის კი დაავიწყდა‚ ცოტა ხნის წინ იმის რომ შეეშინდა‚ ვინმეს არ დაენახა ჩემთან ერთად. თუმცა‚ მე არაფერ შუაში ვარ‚ ამავეს ეტყოდა ნებისმიერ სხვა ქალს... – ანუკამ ღრმად ამოისუნთქა და ცოტა ხანს გაჩუმდა.

– მერე? – ლამის კივილით იკითხეს გოგოებმა. ძალიან აინტერესებდათ‚ რით დამთავრდა ეს პაემანი.

– მერე‚ როცა მივხვდი‚ რომ ჩემი მოთმინების ფიალა ივსებოდა და მალე ლანძღვა-გინების კორიანტელს დავაყენებდი‚ ვუთხარი‚ უკვე მეჩქარება და სახლამდე მიგიყვან-მეთქი. არ მინდა‚ მე თვითონ მივალო‚ – გამენაზა. მე გამოგიყვანე სახლიდან და მე უნდა მიგიყვანო-მეთქი. დავდექით ტროტუარის ნაპირას ტაქსის გასაჩერებლად. ერთი ათმა მანქანამ მაინც ჩაიარა‚ მაგრამ, ხელი მანამდე არ ავწიე‚ სანამ ტაქსად „ქცეულმა“‚ კარგად მოვლილმა‚ შავმა „ბეემვემ“ არ გამოიარა. მანქანა რომ გაჩერდა‚ უცერემონიოდ მიადგა წინა კარს‚ გამოაღო და მძღოლის გვერდით მოკალათდა. კინაღამ გადავირიე. კარის მიხურვა არ ვაცალე – თუ შეიძლება‚ გადმოდი-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა‚ მაგრამ‚ მაინც გადმოვიდა. მე წინა კარი მივხურე და უკანა გამოვაღე – აქ დაბრძანდი-მეთქი. დამემორჩილა‚ თუმცა, ვერ მიხვდა‚ რა ხდებოდა. მე მეორე მხრიდან შემოვუარე მანქანას‚ ჩემს „რაინდს“ გვერდით მივუჯექი და არცთუ ჩუმად ვუთხარი:

– როცა მამაკაცი ქალთან ერთად მგზავრობს მანქანით‚ მით უმეტეს‚ თუ ის კაცი ამ ქალს ეტრფის‚ ჯერ ქალი უნდა დასვას უკანა სავარძელზე, თვითონ კი გვერდით მიუჯდეს. თქვენთვის ეს არავის უსწავლებია?

საკმაოდ დაიბნა‚ გაწითლდა და თავის გასამართლებლად რაღაც წაიბურტყუნა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ყველაფერმა გაუარა და‚ ჩემი სიჩუმით გათამამებულმა‚ კმაყოფილი ღიმილით გადამხვია ხელი. ისე გადავირიე‚ კინაღამ სახეში გავულაწუნე. საკმაოდ უხეშად მოვიშორე მისი ხელი‚ მერე ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე‚ რამდენიმე სიტყვა მივაჯღაბნე და წინასწარ მომზადებულ კონვერტში ჩავდე.

– რას წერ, ძვირფასო? – არ გაიტეხა იხტიბარი.

– შენ გწერ. ოღონდ‚ პირობა უნდა მომცე‚ მხოლოდ მაშინ წაიკითხავ‚ როცა დასაძინებლად დაწოლას დააპირებ‚ ისე ეფექტი არ ექნება.

– სიტყვას გაძლევ‚ – მითხრა‚ ფურცელი გამომართვა და სათუთად შეინახა გულის ჯიბეში.

ათიოდე წუთში ტაქსი ნუცუბიძის ქუჩაზე‚ აგურით ნაშენ ლამაზ ორსართულიან სახლთან გაჩერდა. მე გადმოვედი‚ კარი გავუღე და გადმოსვლა ვაცადე.

– იმედია‚ სახლის კარამდე მიცილება აუცილებელი არ არის. პირობა არ დაგავიწყდეს‚ – ვუთხარი ცივად, ხელზე საამბოროდ გამზადებულს ზურგი შევაქციე,  მძღოლის გვერდით მოვკალათდი და ჩემი წუწურაქი რაინდი გაღიმებული დავტოვე საკუთარი სახლის ჭიშკართან.

– სახლში ასვლა არ შემოგთავაზა?

– მსგავსი არაფერი მომხდარა.

– როგორ დასრულდა ეს ისტორია?

– არც არანაირად. ამის შემდეგ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. ერთადერთხელ დავინახე ქუჩაში‚ „თიბისი“ ბანკთან და თვალი ამარიდა.

– იმ ფურცელზე რაღა დაუწერე‚ რომელიც კონვერტით მიეცი? – ჩაეძია ანი‚ რადგან‚ მიხვდა‚ რომ სწორედ იმ წერილში იყო ძაღლის თავი დამარხული.

– სულ ოთხი წინადადება: „აი‚ ასე უნდა მოიქცე ქალთან. სიძუნწე დაგღუპავს. ყურადღებით წაიკითხე წიგნი „ყოფაქცევის ესთეტიკის“ თანამედროვე გამოცემა. სულ კარგად ბრძანდებოდე“. მაგრამ, წერილის გარდა‚ იმ კონვერტში მეორე ბომბიც ჩავდე‚ თუმცა‚ გამორიცხული არ არის‚ რომ იმ მეორე „ბომბის“ დანახვა ჩემს გობსეკს გაუხარდებოდა კიდეც.

– რა ბომბი?

– ის 19 ლარი და 50 თეთრი – ზუსტად იმდენი‚ რამდენიც პირველი შეხვედრის დროს რესტორანში დახარჯა.

– 19 ლარი და 50 თეთრი ჩაუდე კონვერტში?! – გადაირივნენ გოგოები.

– არა‚ ოცლარიანი და კუპიურაზევე მივაწერე – ხურდა საჭირო არ არის-მეთქი. 

გოგოები კიოდნენ‚ სულს ძლივს ითქვამდნენ სიცილისგან.

– უკაცრავი პასუხია‚ მაგრამ‚ თავზე გიქნია იმ უბედურისთვის და ვერ მიმხვდარხარ‚ – ამოიხავლა თიკამ.

– მე კი მივხვდი‚ მაგრამ‚ მგონი‚ თვითონ ვერ მიხვდა და სულ ტყუილად ვიჩალიჩე ამდენი‚ – გაეცინა ანუკას‚ – ჰოდა‚ ამხელა ისტორიაც იმიტომ მოგიყევით ასე დაწვრილებით‚ რომ ერთი რამ მეთქვა: არასდროს არ უნდა უღალატო საკუთარ პრინციპებს‚ თუ არ გინდა‚ რომ კიდევ ერთხელ დარჩე გაწბილებული. აბა‚ როგორ ფიქრობთ‚ ამ ისტორიის შემდეგ კიდევ გამიჩნდებოდა მამაკაცთან პაემანზე წასვლის სურვილი?!

სევდიანი განწყობა მალე გაიფანტა და მეგობრების სუფრასთან ისევ მხიარულებამ დაისადგურა. თერთმეტი საათისთვის კი წამოიშალნენ. და რესტორნიდან გამოსვლისას მთელი დარბაზის გაოცებული მზერა გამოიყოლეს.

ანუკამ მანქანით ჩამოარიგა გოგოები სახლებში და 12 საათი ხდებოდა‚ თავის სადარბაზოს რომ მიადგა. ავტოფარეხთან უცნობი მამაკაცის სილუეტი დალანდა და‚ ცოტა არ იყოს‚ შეეშინდა‚ მაგრამ‚ სანამ მანქანა დააყენა‚ უცნობი აღარ ჩანდა. ყოველი შემთხვევისთვის‚ მობილურით მარის დაურეკა‚ მოვედი და გადმოიხედეთო. ეს უფრო გულის დასამშვიდებლად მოიმოქმედა‚ თორემ‚ რამე რომ მომხდარიყო‚ ფანჯრიდან ვინ რას უშველიდა.

***

მეორე დღეს‚ დილით‚ სანამ სამსახურში წავიდოდა‚ ანუკას უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

– ვინ ბრძანდებით ან ჩემი ტელეფონის ნომერი ვინ მოგცათ?

– მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ძალიან გთხოვთ‚ ქალბატონო ანუკა‚ იქნებ‚ როგორმე მოიცალოთ და თხუთმეტი წუთი დამითმოთ. მხოლოდ თქვენ თუ მიშველით! – მამაკაცის ხმაში ვედრება ისმოდა.

– ახლა სად იმყოფებით? – ანუკამ გადაწყვიტა‚ სამსახურში დაებარებინა და იქ გაერკვია‚ რა უნდოდა უცნობს.

– თქვენი სახლის წინ ვდგავარ და მობილურით გირეკავთ.

„მისამართიც გაუგია, ტელეფონის ნომერიც. ეტყობა‚ რაღაც სერიოზული ამბავია“‚ – გაიფიქრა ქალმა‚ მაგრამ‚ ვერაფრით მიხვდა‚ მისგან რას ითხოვდნენ‚ ან, რით შეეძლო‚ დახმარებოდა უცნობ მამაკაცს.

– ხუთ წუთში ჩამოვალ‚ დამელოდეთ! – ჩასძახა ყურმილში‚ ჩანთას და ქურთუკს წამოავლო ხელი და კიბეები ჩაირბინა. სადარბაზოდან რომ გავიდა‚ მოშორებით მდგარი ორმოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი შენიშნა. თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა‚ მაგრამ‚ რაღაცნაირი სევდიანი და დაჩაგრული იერი დაჰკრავდა.

„ახლა ეს რაღაც არაკებს მოიგონებს და ფულს მთხოვს“‚ – გაიფიქრა ანუკამ‚ თუმცა‚ ალღოთი იგრძნო‚ რომ უცნობი ფულისთვის არ იყო მისული.

ანუკამ მანქანა გამოიყვანა და მამაკაცის წინ გააჩერა:

– დაბრძანდით. სამსახურში მაგვიანდება და გზაში მითხარით სათქმელი‚ დროს მოვიგებთ.

მამაკაცი ჯერ შეყოყმანდა‚ შემდეგ კი კარი გამოაღო და ანუკას გვერდით დაჯდა.

– გამარჯობა. მე გიგა მქვია. თქვენ მე არ მიცნობთ და‚ ალბათ‚ ვერც ვერასდროს გამიცნობდით‚ რომ არა თქვენი მეუღლე...

– მე მეუღლე არ მყავს‚ – ანუკას ხმაში გაღიზიანება დაეტყო.

– უკაცრავად‚ რომ არა თქვენი ყოფილი მეუღლე... – ახალგაცნობილი მამაკაცი აშკარად თავს ვერ უყრიდა სათქმელს.

– მე მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. წლებია‚ არც მინახავს და არც დავლაპარაკებივარ. ასე რომ‚ ვფიქრობ‚ ვერაფერში დაგეხმარებით.

– არა‚ თქვენ ვერ გამიგეთ. მე ახლა ძალიან ვღელავ და, მიჭირს‚ დალაგებით გითხრათ ჩემი სათქმელი. ისიც ვიცი‚ რომ არამამაკაცურია ჩემი საქციელი – თქვენთვის არ უნდა მომემართა‚ მაგრამ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...

ანუკამ იგრძნო‚ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საშინელი რამ უნდა გაეგო. მანქანა ბორდიურთან მიაყენა‚ ძრავა გამორთო და დაბნეულ მამაკაცს მიუბრუნდა:

– გისმენთ. მამაკაცურია თუ არამამაკაცური‚ რაკი ეს ნაბიჯი გადადგით‚ ესე იგი‚ რაღაც ძალიან გიჭირთ. რადგან დაიწყეთ‚ ბოლომდე თქვით სათქმელი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3