კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი სცენაზე

ბარეტ რიჩარდი ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობი იყო ჩიკაგოში. მაშინ კრიტიკოსად ჯერ არ ვიყავი ჩამოყალიბებული და ჟურნალისტად ვმუშაობდი „ჩიკაგო ნიუსში“. შექსპირი მაშინ განსაკუთრებით მოდაში იყო, მით უფრო – „ჰამლეტი.” ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მსახიობი ოცნებობდა ამ როლზე.

ბარეტს კაფეში შევხვდი. მშვენიერი მოსაუბრე აღმოჩნდა. საკმაოდ კარგად  ერკვეოდა ბევრ საკითხში. მომიყვა „ჰამლეტზე“, როგორც დიდი ინგლისელი ბარდის უნიკალურ შედევრზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბროდვეი გაეოგნებინა და საზოგადოებისთვის სრულიად ახალი, შოკის მომგვრელი „ჰამლეტი“ შეეთავაზებინა. ვკითხე – დადგმა ხომ სერიოზულ თანხებს მოითხოვს, თქვენ სად იშოვით საჭირო ფინანსებს-მეთქი. „ქველმოქმედება, – მიპასუხა, – თხუთმეტი წელია, მივდივარ ამისკენ. უამრავი გაჭირვება გადავიტანე... სიღარიბეში ვცხოვრობდი, აყროლებულ, ბინძურ სასტუმროებში და, იაფფასიან ჰამბურგერების ჭამით კუჭი დავიზიანე, მაგრამ, ეს ყველაფერი მსხვერპლად ღირდა. ახლა გვერდით მიდგას ადამიანი, რომელიც მზად არის, ჩემი სპექტაკლი დააფინანსოს. ეს ადამიანი მისის მაკალოა. მაგნატისა და მილიონერის, მისტერ მაკალოს ქვრივი...“ 

ცოტა გამიკვირდა, მაგრამ, ვეღარაფერი ვკითხე. სწორედ ამ დროს, ჩვენს მაგიდას მაღალი, გრძელფეხება ქალიშვილი მოუახლოვდა. ეს რომ მისის მაკალო არ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაშინვე მივხვდი. საოცრად ლამაზი იყო. ძალიან მოკლე კაბა ეცვა და, როცა იღიმებოდა, ზედა ტუჩის ქვეშიდან ოქროს კბილი უელავდა. მართლა გამაოცა მისმა სილამაზემ. მაშინვე ვერ ვიცანი, მაგრამ, როგორც კი დაილაპარაკა, მაშინვე მივხვდი, ვინც იყო – ჩიკაგოს კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი გოლდი კონორსი. გამიკვირდა, რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა გოლდის წესიერ მსახიობთან? ქალიშვილის საქციელიდან გამომდინარე – იმაზე გაცილებით მჭიდრო, ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა.

– გაიცანით, ეს გოლდია, – აშკარად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბარეტი.

ქალიშვილმა მხოლოდ თავი დამიქნია მისალმების ნიშნად და მსახიობთან დავა განაგრძო:

– შენ მე დამპირდი მთავარ როლს შენს სპექტაკლში! ოფელიას გათამაშებო, მგონი, ასე მითხარი. სად არის კონტრაქტი?

– იქნება, ოღონდ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ვერ ხედავ, ჟურნალისტს ინტერვიუს ვაძლევ?!

– ფეხებზე მკიდია. თუ ამაში ის ბებერი ძროხაა ჩარეული, იცოდე, ძალიან განანებ.

მივხვდი, რომ უნდა ავმდგარიყავი და იქაურობას გავცლოდი. საკმარისი მასალა მქონდა, კარგი სტატია რომ დამეწერა და, მართლაც, ტირაჟი თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიყიდა. რედაქტორი ერთობ კმაყოფილი დარჩა და ბარეტთან კიდევ ერთი ინტერვიუს ჩასაწერად გამგზავნა. მისამართი ადვილად გავიგე. პატარა, ღარიბულ კერძო სასტუმროში ცხოვრობდა.

როგორც კი შმორისა და იაფფასიანი საკვებით აქოთებული სასტუმროს დერეფანში შევდგი ფეხი და მეორე სართულზე ავედი, მაშინვე გავიგონე ბარეტის გაღიზიანებული ხმა:

– გოლდი, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ისტერიკებს ვერ ვიტან, ამით ვერაფერს მიაღწევ!

– მართლა? ერთ კვირაში პრემიერაა. სად არის ჩემი როლი? გინდა, „მომტეხო,“ ხომ? იმ ბებერი ძროხის გამო მექცევი ასე? წევხარ ხომ მასთან? მიპასუხე, წევხარ? მილიარდების გამო რას აღარ იზამ, არა?!

– გოლდი, მისის მაკალოს თავი დაანებე და ამ ამბავში ნუ რევ.

– ჰო?!

– ჰო. მსახიობობას ცოტა ნიჭი და კიდევ რაღაც მონაცემები უნდა. ამდენი წელია, ველოდები ტრიუმფს, რომელიც ამ სპექტაკლმა უნდა მომიტანოს. ვერ გავრისკავ.

– მართლა?! მაშინ, მე განახვებ, რისი მონაცემები მაქვს. შენ თეატრის ნაცრისფერი თაგუნია ხომ არ გგონივარ? იცი, რას ვიზამ? ჯერ იმ ძროხასთან მივალ და ჩვენზე ყველაფერს მოვუყვები, ძალიან რომ ცდილობ, ჩემ შესახებ არ შეიტყოს. მერე ბიჭებს ისე ვაცემინებ შენს თავს, ბროდვეიზე კი არა, საკუთარ ოჯახშიც ვერ გიცნობენ. ჩემი მიგდება ადვილი არ იქნება, არ გამოგივა ეს ამბავი!

– გოლდი, – აშკარად მოლბა ბარეტი, – თანახმა ვარ, მიიღებ როლს. თანაც ისეთს, რომ შენ შესახებ ყველა გაზეთში დაწერენ. გპირდები.

– გაფრთხილებ, არ გაბედო ჩემი მოტყუება, თორემ, ეგრევე შეგისრულებ დანაპირებს.

– არა, სულელო, როგორ მოგატყუებ...

მივხვდი, რომ ვერანაირ ინტერვიუს ვერ ჩავწერდი და წამოვედი...

ორი თვე გავიდა. ბარეტმა სპექტაკლი დადგა და ტრიუმფითაც მიდიოდა პრემიერები... რა თქმა უნდა, იმ უბადრუკი სასტუმროდან გადავიდა და სწორედ მაშინ მოხდა გამაოგნებელი ამბავი... მეორე დღეს, როცა ბარეტმა თავისი ოთახი ჩააბარა, დიასახლისმა საშინელი სუნი იგრძნო. შევიდა ოთახში და მიხვდა, რომ ეს საზიზღარი, მყრალი სუნი დიდი სკივრიდან მოდიოდა, რომელიც სამსახიობო და თეატრალური რეკვიზიტებისთვის იყო განკუთვნილი. ქალმა საკეტი გატეხა, შიგ ჩაიხედა და გამაყრუებელი კივილით მთელი სასტუმრო ფეხზე დააყენა. პოლიციის კომისარმა, რომელთანაც დიდი ნაცნობობა მაკავშირებდა, მაშინვე დამირეკა და იქ ერთად მივედით. ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში ბევრი საშინელება მენახა, მაგრამ, უთავო გვამის დანახვამ მაინც ძალიან ამაღელვა. გულისრევა ძლივს შევიკავე და კომისარს ვუთხარი:

– ეს მისი გაკეთებულია, ბარეტის. თუ გინდა, გეტყვი, უთავო სხეული ვის ეკუთვნის – ეს გოლდია, გოლდი კონორსი... და... – ინსპექტორ ემეტს იმ საუბრის შესახებ მოვუყევი, რომლის მოწმეც ორი თვის წინ უნებლიეთ გავხდი.

– ნუთუ ამაზე წავიდა? ასეთი სულელია?

– არა, სულელი არ არის, ამბიციურია და ვერ დაუშვებდა, რომ მისი ტრიუმფი რამეს დაეჩრდილა. დარწმუნებული ვარ, მან მოკლა გოლდი და თავიც მოაჭრა.

– ჰმ!.. ჰოდა, თავის გარეშე როგორ გინდა დაუმტკიცო, რომ დანაშაული მან ჩაიდინა? თუ თავს ვერ ვიპოვით, ჩათვალე, რომ არც ერთი სასამართლო მას დამნაშავედ არ ცნობს.

– და, ასე იჯდებით? არ დააკავებთ?

– წავიდეთ. მგონი, დღეს თავის ჰამლეტს მილოუვში თამაშობს, – მითხრა ემეტმა.

მთელი გზა მოკვეთილ თავზე ვფიქრობდი. ბარეტის ცბიერება მართლაც იმსახურებდა აღფრთოვანებას, მაგრამ, ის უნდა დასჯილიყო.

ღამის ათ საათზე უკვე თეატრში ვიყავით. კულისებში შევედით და იქიდან ვადევნებდით თვალს ფინალურ სცენას. ბარეტი შეუდარებელი იყო. ის არ თამაშობდა, ის თავად იყო დანიის პრინცი... თვალებანთებული და ეშმაკით შეპყრობილი... მოქმედება სასაფლაოზე ხდებოდა. ჰამლეტი, ცეცხლით თვალებში და აწითლებული ღაწვებით, ჰორაციოს ელაპარაკებოდა, ხელში თავის ქალა ეჭირა...

– შეხედე, ჰორაციო... შეხედე... საბრალო იორკი... ის ცოტა ხნის წინ ცოცხალი იყო და მე ვიცნობდი მას...

ამ დროს ჩირაღდნის შუქი თავის ქალას დაეცა და მოულოდნელობისგან ლამის შევყვირე – ზედა ყბაზე ერთადერთმა ოქროს კბილმა მაცდურად იელვა და, მე მივხვდი, სად უნდა გვეძებნა გოლდის სხეულისგან მოშორებული თავი...

 

скачать dle 11.3