კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა დანაშაულებრივ ეპიზოდებზე მოაწერინა ხელი რძალმა დედამთილს და როგორ დააჭერინა ის

31 წლის ნანა მ-ძე წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. პატიმრობის პერიოდში მას გარდაეცვალა მეუღლე, რის გამოც, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ის სასჯელაღსრულების სისტემიდან  ვადაზე ადრე გათავისუფლდა – ნანა მ-ძეს   მსჯავრი პირობითი სასჯელით შეეცვალა. თუმცა, ამ ფაქტიდან ოთხი წლის შემდეგ, მან  დანაშაულებრივი საქმიანობა კვლავ განაგრძო. ამჯერად გისოსებს მიღმა მისი დედამთილი, 62 წლის ელენე ც-ძე მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიების მასალებით, თაღლითობის ორგანიზატორი და რეალურად განმხორციელებელი ნანა მ-ძე იყო, გამოძიებას მის წინაააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი არ ჰქონდა. მას  დანაშაულებრივი ეპიზოდები ისე ჰქონდა დაგეგმილი, გამოძიებას დამნაშავის როლში მხოლოდ მისი  დედამთილი „შერჩა”.       

მოქალაქე ანზორ გ-შვილის განცხადებით, ქალს, რომელსაც სამი თვე ეძებდა, შემთხვევით გადაეყრა ქუჩაში და მის კვალს მალულად გაჰყვა. როცა დაადგინა, ელენე ც-ძის საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობა, ამის შემდეგ სამართალდამცველებს შეატყობინა მომხდარის შესახებ. ამონაწერი  ანზორ გ-შვილის ჩვენებიდან: „ეს ქალბატონი ჩემმა შორეულმა ნათესავმა გამაცნო და მითხრა, რომ ძალიან იაფად, აუქციონზე გამოტანილი ბინის ყიდვაში დამეხმარებოდა. ისეთი მაცდუნებელი პირობები იყო, მე კი არა, ამ საქმეში ჩემზე გამოცდილი ადამიანიც მოტყუვდებოდა. პირობების მიხედვით, საწყის ეტაპზე უნდა გადამეხადა 3 ათასი დოლარი, მომდევნო ექვსი  თვის განმავლობაში – კიდევ სამი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, ბინა, რომლის ღირებულებაც რეალურზე სამჯერ ნაკლები იყო, ჩემი საკუთრება გახდებოდა. მოლაპარაკებების დროს საქმეში ყველაზე მეტად ახალგაზრდა ქალი აქტიურობდა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, ელენე ც-ძის რძალი იყო. ჩემზე ელენე ც-ძემ მოახდინა კარგი შთაბეჭდილება – სიმპათიურ, ასაკოვან ქალს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში სკოლის პედაგოგი გახლდათ, როგორ არ დავუჯერებდი, რა ვიცოდი სად იყო დამარხული ძაღლის თავი. მე რომ ფული გადავეცი ელენე ც-ძეს, საბუთებზე ხელი თავად ამ ქალბატონმა მოაწერა. ორი თვის შემდეგ, რადგან ამ ქალბატონებთან სატელეფონო კავშირი ვეღარ დავამყარე და  იმ  ბინაში მივედი, სადაც რძალ-დედამთილს  სამაკლერო „ოფისი” ჰქონდათ გახსნილი, იქ დაზარალებულების დიდი რიგი დამხვდა.  იმ ოფისში  პარფიუმერიის ფირმა იყო გახსნილი, რომლის წარმომადგენლებსაც ელენესა და მისი რძლის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მაშინვე ჩემს ნათესავს დავუკავშირდი, ერთად დავიწყეთ რძალ-დედამთილის ძებნა, მაგრამ ვერსად მივაგენით. მე ჩემს ნათესავს დავუპირისპირდი – ეს ხალხი შენ გამაცანი და როგორც გინდა, ჩემი ფული დამიბრუნე-მეთქი. იმან აქეთ დამდო ვალი, მე ჩემი გამჭირვებია – ჩემი 4 500 დოლარი აქვს იმ გოგოს, საქმეში ჩადო – დამპირდა, რომ აზერბაიჯანიდან იაფად ჩამომიტანდა პროდუქციას. ფულის აღებას არავინ დასწრებია და არ ვიცი, თანხა როგორ დავიბრუნოო. ჩემს ნათესავს თავისი ნაცნობისგან გაუგია, რომ ნანა მ-ძე გათხოვდა და ქმართან ერთად უცხოეთში იყო წასული. მის დედამთილს  კი, რომელიც რეალურად არაფერში იყო დამნაშავე, ბინა შეუცვლია და ქირით გადასულა საცხოვრებლად.  ერთ დღეს ქალბატონ ელენეს შემთხვევით გადავეყარე ქუჩაში. არც გამოვლაპარაკებივარ, ისე ავედევნე ჩუმად, რომ მისი სახლი გამეგო. როცა მივხვდი, სადაც ცხოვრობდა, სახლში მივადექი. ჩემ დანახვაზე ძალიან აღელდა, ჩემს რძალს ის პროექტი ჩაეშალა და უცხოეთში წავიდა სამუშაოდო.  ეს ქალბატონი, თავადაც რძლის მსხვერპლი იყო. ამას მერე მივხვდი, მაგრამ  მე ჩემი ფული მჭირდებოდა და მომხდარის შესახებ პოლიციაში განვაცხადე”.

  სამართალადმცველებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქმესთან დაკავშირებით ელენე ც-ძის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ყველა დეტალი გახდა ცნობილი. ელენე ც-ძე სამი ათეული წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ნაცნობებში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.  დედამთლი გვიან მიხვდა, რომ რძლის  დანაშაულებრივი საქმიანობის მონაწილე იყო. ამონაწერი ელენე ც-ძის ჩვენებიდან: „როცა ნანა ციხიდან გამოვიდა, ძალიან გვიჭირდა ცხოვრება და მან მეგობრის რჩევით, მაკლერობა დაიწყო. ბინების გაქირავებასა და დაგირავებაზე მუშაობდა,  ხანდახან მევახშეობასაც ეწეოდა ნაცნობ  იპოთეკარებთან ერთად.  თავიდან ეს შემოსავლის კარგი წყარო იყო, ასე თუ ისე, გამოკეთდა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მერე ნანამ გაიცნო მამაკაცი, რომლის შესახებაც მე გვიან გავიგე. როგორც მივხვდი, მთელ თავის გამომუშავებულ თანხას იმ მამაკაცს ახარჯავდა, ფული აღარ ჰყოფნიდა და ამიტომ დაიწყო უკანონო ქმედებები. მე ამის შეახებ არაფერი ვიცოდი. პირველად ნანას დახმარებით ჩემს ნაცნობ ქალს გავასესხებინე სამი ათასი დოლარი. ნანამ მითხრა, რომ ამ საქმიდან ჩვენც სარგებელი გვექნებოდა, მაგრამ ის ფული თვითონ დაუხრაჯავს და როცა ჩემი ნაცნობი ქალი მე მომადგა, ყოველთვიურ პროცენტს არ მიხდიან და უნდა მიშველოო, ნანას მკაცრად დავუსვი საკითხი, ფული უკან დაებრუნებინა ჩემი მეზობლისა და მეგობრისთვის. ნანამ ამ ფულის დაბრუნება ვერ შეძლო, ფულის გასესხების საბუთზე კი ხელი ნანას თხოვნით, მე მქონდა მოწერილი. ის ქალბატონი კარგად მიცნობდა, შევეცოდე და არც პოლიციაში წასულა ამ ამბის გასახმაურებლად და არც ჩემთვის უთქვამს რაიმე გარკვეულ პერიოდამდე, სანამ ფულის დაბრუნების იმედი არ გადაეწურა. ერთ დღეს ნანამ მითხრა, ჩემს ახლობლებს ბიზნესი აქვთ, იპოთეკებში დაკარგული ბინებით ვაჭრობენ,  თვითონ ვერ გამოჩნდებიან და კლიენტებთან საბუთებზე ხელი შენ მოაწერეო. სამაგიეროდ დამპირდა, რომ ამ საქმიანობით იმდენი შემოსავალი გვექნებოდა, რომ ჩემს მიერ ჩემი მეგობრისგან აღებულ ვალს დავფარავდით. ასე მოვაწერე ხელი ფულის გასესხების კიდევ სამ საბუთს, ფული ნანამ აიღო. მერე კი მოვალეები და დაზარალებულები მე მომადგნენ. ნანა იმ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა და ბავშვი ჩემთან ჰყავდა დატოვებული. ამ ხალხის რისხვა რომ ამერიდებინა, საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე. ნანა მუდმივად მპირდებოდა, რომ რაღაც ბიზნესს იწყებდა და ფულს დამიბრუნებდა მეც და იმ ხალხსაც. ასე მოტყუებით გამომძალა და გამაყიდვინა ჩემი დეიდაშვილის კუთვნილი სააგარაკე მიწა, რის გამოც,  მერე ჩემი დეიდაშვილიც დამდევდა: მიწის ფული დამიბრუნეო. ძალიან გვიან მივხვდი, რაში გამხვია ჩემმა რძალმა, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო” 

გამოძიების მასალებით დადგინდა ელენე ც-ძის მიერ დაზარალებული კიდევ ორი მოქალაქე. დაზარალებული მოქალაქეების ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ ელენე ც-ძე დააკავა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაითვალისწინა მისი წარსული, ხანდაზმული ასაკი და ის, რომ ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის ერთადერთი მეურვე იყო და ელენე ც-ძეს სამი წლით ვადით პირობითი სასჯელი დააკისრა.             

 

скачать dle 11.3