კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ათამაშა გია კიტიამ თავის წინასადიპლომო სპექტაკლში ნიკულინი და რა ილეთები დარჩა ცეკვა „ქართულში,” რომელიც პირველად მსახიობის დედამ შეასრულა

ამ პიროვნების გარშემო მუდმივად ბევრი ადამიანი იყრის თავს, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. იმდენი რამ აქვს მოსაყოლი, თან, ისე საინტერესოდ, იუმორში ყვება ამბებს, დრო ისე გადის, ვერც იგებ... წლების განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრს ხელმძღვანელობდა. მისი რეჟისურით არაერთი წარმოდგენა დაიდგა, ფილმებშიც აქვს სხვადასხვა როლი ნათამაშები და, რაც მთავარია, 30 წელზე მეტია, თეატრალურ უნივერსიტეტში გია კიტია, სტუდენტებს რეჟისურას ასწავლის. სპექტაკლების ძალიან კარგი მაყურებელია, გახსნილი... როცა მას მოსწონს, ესე იგი, მაყურებელსაც აუცილებლად მოეწონება. თუმცა, მკაცრიც არის, რადგან როგორც თავად ამბობს: „თუ რაღაც არ მომწონს, მირჩევნია, პირდაპირ ვუთხრა. ვცდილობ, მოვძებნო გამოსავალი: რა უნდა გააკეთოს, რომ უკეთესი იყოს, ვიდრე, უბრალოდ, ცუდი”.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი
 
 დიდხანს ვმუშაობდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სერიოზული თეატრი გვქონდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენი სპექტაკლი წარადგინეს „ასიტეჟეს გენერალურ ასამბლეაზე“. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მსოფლიოს ყველა თეატრია გაერთიანებული. 5 წელიწადში ერთხელ გენერალურ ასამბლეაზე იწვევენ პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ტარდება ფესტივალი, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც კი საუკეთესო სპექტაკლი დაიდგა, იქიდან არჩევენ ხუთ საუკეთესოს, პრინციპით: 5 კონტინენტიდან – 5 სპექტაკლი. ჩვენი თეატრი წარმოადგენდა ევროპას. ასე რომ, ჩვენი თეატრი მართლაც შესანიშნავი იყო – არა მხოლოდ დასით, მთელი კოლექტივი ისე იყო აწყობილი, რომ აბსოლუტურად უნიკალური სპეციალისტები მუშაობდნენ. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ისეთი რეკვიზიტი, მსოფლიოში სხვა რომ ვერ გააკეთებდა. ეს კი ბევრი რამის საშუალებას გვაძლევდა. მაგალითად, „საშობაო ზღაპარში“  ასეთი სცენა იყო: პატარა თვითმფრინავი გააკეთეს, დასხდნენ და გაფრინდნენ. სათქმელად კარგია, მაგრამ, აბა, სცენაზე სათამაშო თვითმფრინავი ააწყვე, დაჯექი და გაფრინდი. წარმოიდგინე და, მართლა ხდებოდა ასეთი რამ, მიფრინავდნენ მსახიობები და ამაზე ბავშვები გიჟდებოდნენ. საოცარი ხალხი მუშაობდა, ამიტომაც, ადამიანები ერთ სპექტაკლზე რამდენჯერმე მოდიოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლიდან არც ერთი თეთრი არ მოუცია სახელმწიფოს სპექტაკლის დასადგმელად, არც ერთი სპონსორი არ გვყოლია, ყველა სპექტაკლს არაფრისგან ვაკეთებდით და იყო სრულყოფილი, ლამაზი გაფორმებით. ჩვენ ბილეთის ფასიც არასდროს გაგვიზრდია და არც ახლა მოვუმატებდით. გული მწყდება, რომ დღეს ბავშვებისთვის სერიოზული არაფერი კეთდება, მიტოვებულები არიან კომპიუტერისა და ტელევიზორის ანაბარა. თოჯინების თეატრიც საშინელ მდგომარეობაშია. ბავშვების ასე მიტოვება არ შეიძლება, ცუდ შედეგს მივიღებთ. თეატრმა უნდა აღზარდოს ჯანსაღი თაობა და თუ ბავშვი ბავშვობაში არ დარწმუნდა, რომ არსებობს სიყვარული, ერთმანეთის გატანა, სამშობლო, რომ გაიზრდება მერე, მიხვდება: ეს ყველაფერი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ ფული, ერთმანეთის გადაგდება...
„გიტიში“ სწავლის პერიოდი 
დედა – ჯულიეტა ბერიძე, მოცეკვავე იყო და იმდენად კარგი, რომ ცეკვა „ქართულში“ ხელის მოძრაობასთან დაკავშირებით რამდენიმე ილეთი დედის შემოტანილია. მან შეასრულა ასე პირველად და შემდეგ დარჩა კლასიკურ ქართულში. მერე ცეკვას თავი დაანება და დრო ჩემს აღზრდას დაუთმო. მამა იმდენად გავლენიანი პიროვნება იყო ხელოვნების დარგში,  რომ არ დარჩენილა სფერო, სადაც მისი სერიოზული გავლენა არ იგრძნობდა. ეს ჩემთვის საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაც იყო. ამიტომაც გავიპარე მოსკოვში, იქ ჩავაბარე, რადგან საქართველოში ტაშისკვრით მიმიღებდნენ, როგორც მამაჩემის შვილს და ასევე, ტაშისკვრით გამაცილებდნენ. სკოლაში ბოლო გამოცდა ჩავაბარე თუ არა, გავიპარე მოსკოვში და იქიდან დავურეკე: არ ინერვიულოთ, „გიტიში“ ჩავაბარე-მეთქი. „გიტიში“ დიდხანს მომიწია სწავლა. ერთხელ რომ დავამთავრე, წითელი დიპლომის მოცემას აპირებდნენ, მივხვდი: ჯერ არაფერი მისწავლია-მეთქი და ხელმეორედ დავუბრუნდი რეჟისურას. ჯარშიც მოსკოვში ვიყავი, უცნაურ ჯარში – საბჭოთა არმიის თეატრში. ჩემი ჯარისკაცობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იქ ვიყავი როგორც რეჟისორი, ასევე, მსახიობი, რეკვიზიტორი, სცენის მუშა. „გიტიში“ რომ ვაბარებდი, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო: ერთ ადგილზე 200 ადამიანი მოდიოდა. თან, სარეჟისოროზე, როგორც წესი, არ აჰყავთ ახალგაზრდები. თეატრის 100 წლის ისტორიის განმავლობაში 25 წლის ქვემოთ ამ ფაკულტეტზე არავინ მიუღიათ. თან,  უნდა გქონოდა ორწლიანი სამუშაო სტაჟი და, პლუს, უმაღლესი დამთავრებული. მე კი 16 წლის ვიყავი, სკოლიდან წავედი პირდაპირ – არც მომზადებული ვიყავი, არც არაფერი. არადა სხვადასხვა ტური უნდა გამევლო. ბოდიში მოვიხადე და პირდაპირ გამოცდაზე მივედი. ყველას გაუკვირდა: ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებიაო. გულუბრყვილობამ მომგებიან სიტუაციაში ჩამაგდო, გვერდი ვერ ამიარეს. მერე მოხდა საინტერესო რამ: ანდრეი გონჩაროვს აჰყავდა ჯგუფი. გასაუბრებაზე ჩემსა და გონჩაროვს შორის შელაპარაკება მოხდა. რაღაცეებს მეკითხებოდა, მე სცენის მუშები ვახსენე და გონჩაროვმა მითხრა: სცენის მუშები როგორ გიყვარს, არაფრის გამკეთებლები, ლოთები არიანო. მე რუსთაველის თეატრის სცენის მუშებს ვიცნობდი, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და არც ერთი არ იყო ასეთი. პირიქით, თავის საქმესაც მშვენივრად აკეთებდნენ, სპექტაკლს კულისებიდან უყურებდნენ, რომ დამთავრდებოდა, მერე სცენებს თამაშობდნენ. მოკლედ, არც ერთმა არ დავუთმეთ. ბოლოს ვუთხარი: ალბათ, როგორიც თქვენ ხართ, ისეთია თქვენი თეატრიც და სცენის მუშებიც-მეთქი. ჩვენ სხვანაირი თეატრი, სხვანაირი სცენის მუშები გვყავს, მე ჩემი სცენის მუშები მიყვარს და არა  თქვენი-მეთქი. გამოვიჯახუნე კარი და გამოვედი გაბრაზებული. გონჩაროვს კი დაურტყამს მაგიდაზე ხელი: ამას ავიყვანო. არა, ჯერ პატარაა, 16 წლისო.  არა, უნდა ავიყვანოო. მოკლედ ამიყვანა. მაგრამ მე გადავწყვიტე, მასთან არ წავსულიყავი: არ მინდოდა, 5 წელი მესწავლა იმ ადამიანთან, რომელსაც ჩემი არ ესმოდა. არ მსიამოვნებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოკლედ, წამოვედი და უცებ „გიტის“ კართან დავინახე განცხადება: პირველად მსოფლიოში აჰყავთ ცირკის რეჟისორები, ანუ, მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე ოპერის რეჟისორებს ზრდიან, რომლებიც იქნებიან ცირკის, ესტრადისა და მასობრივი წარმოდგენების რეჟისორები. გადავწყვიტე, მათ გამოცდებზე გავსულიყავი. შესანიშნავი პედაგოგი იყო, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მარკ მესტიჩკინი – „ცვეტნოი ბულვარის“ ცირკის მთავარი რეჟისორი, რომლის მოწაფეც გახლდათ  ნიკულინი, „კარანდაში“. ბევრ ცნობილ ადამიანთან მუშაობდა, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ისიც სახტად დარჩა, როდესაც მნახა. როგორც წესი, ცირკის რეჟისურაზე აბარებს ის, ვინც დინასტიით ცირკის მსახიობია, ყველა ერთმანეთს კარგად იცნობდა და უცებ 16 წლის ბიჭი მოვიდა არსაიდან. იქაც, ალბათ, ერთი რამ დამეხმარა – მარკ მესტიჩკინი ახალგაზრდობაში კოტე მარჯანიშვილთან ერთად მუშაობდა და ძალიან უყვარდა. თქვა: ერთი გვყავდეს თეატრიდან, მეც თეატრიდან ვარ, კოტეც თეატრიდან იყო და შესანიშნავ წარმოდგენებს აკეთებდა ცირკშიო. მოკლედ, ამიყვანა. ძალიან კარგი სკოლა გავიარე, ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. მაგარი ჯგუფი იყო. ახლაც ჩემი ყოფილი ჯგუფელები მოწინავე პოზიციებს იკავებენ ცირკში, ესტრადაზე. მთელი 4 წლის განმავლობაში, რაც ცირკთან მაკავშირებდა, ყველა პროგრამას ერთად ვაკეთებდით. ჩემს წინასადიპლომო სპექტაკლში, „ბრემენელი მუსიკოსები“, ნიკულინი თამაშობდა მასხარას როლს – იმ როლს, რომელიც შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი და მე ვთამაშობდი. წარმოდგენებში, რომლებიც მაშინ „ცვეტნოი ბულვარზე“ კეთდებოდა, ყველანი ვმონაწილეობდით. ნიკულინისა და შუიტინის საიუბილეო სპექტკალიც  ჩვენი გაკეთებული იყო, ასევე, „კარანდაშის“ საიუბილეო სპექტაკლი. მეხუთე კურსზე გადავწყვიტე, უკან, დრამაში დავბრუნებულიყავი ყველაზე საინტერესო, სადაც შეიძლება მივსულიყავი, ეს იყო ბება თუმანიშვილის ჯგუფი. როგორც კი დავიწყე სწავლა, სერიოზული დატვირთვაც დამეწყო, რადგან მომიწია ბევრი საორგანიზაციო საკითხის საკუთარ თავზე აღება. ძალიან საინტერესო ჯგუფი იყო, პრაქტიკებიც კი გვქონდა პარიზში. იქ ისეთი რაღაცეები ვნახეთ, საბჭოთა კავშირში ამას ვერავინ ნახავდა. უფრო მეტიც, მოსკოვის ოლიმპიადის გაკეთება რომ დაიწყეს, რამდენიმეს მოგვმართა ბებამ და მისი ასისტენტები ვიყავით. როგორი უნდა ყოფილიყო პროექტი, პირველ ექსპლიკაციას მე ვაკეთებდი, ჩემი მეუღლე კი ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ბალეტმეისტერი იყო. როგორ უნდა გაფრენილიყო დათუნია, ტროსებზე დაჭიმული საჰაერო ბუშტები სად უნდა წასულიყო... პახმუტოვას როგორი სიმღერა უნდა დაეწერა და რა ტექსტით – ყველაფერში ვიყავით ჩართულები. ბება სეროზულად და დემოკრატიულად მუშაობდა, უაღრესად ნიჭიერი და საინტერესო რეჟისორი იყო, დიდ თეატრში მასიურ წარმოდგენებში ბადალი არ ჰყავდა. ყველა მასობრივ სპექტაკლში, რასაც ის უშვებდა, ჩვენ ვიყავით ასისტენტები და სერიოზული დატვირთვა გვქონდა. პარიზში დიდი პროგრამით  ვიყავით, 9 უზარმაზარი სცენა ავაშენეთ, 10 ათასი მაყურებელი ეტეოდა დარბაზში. სამი თვის განმავლობაში ყველა ბილეთი გაყიდული იყო. სამასი მსახიობი მონაწილეობდა და ყველას ჩვენ ვხელმძღვანელობდით. თან, მთელი ჯგუფი არ გამოუშვეს, ზოგი დაბლოკეს. წასვლამდე 16 კაცი ამოგვარჩიეს და გამოგვიძახეს რექტორის კაბინეტში. დაგვისვეს წინაპირობა: ყველანი უნდა შემოხვიდეთ პარტიაში ან ვერ წახვალთო. ძალიან არ მინდოდა პარტიაში შესვლა, მაგრამ პარიზშიც მინდოდა. მოკლედ, რექტორის კაბინეტში ბოლოს შევედი. ერთი „კაგებეშნიკი” იყო და იმას ვკითხე: ახლა, პარიზში რომ ჩავალ, ალბათ, ჩვენთან მოვლენ კორესპონდენტები, ინტერვიუებს აიღებენ-მეთქი. კიო, – მიპასუხა. ალბათ, რაღაც პროვოკაციულ შეკითხვებსაც დაგვისვამენ. კიო. ალბათ გვკითხავენ: როგორია თქვენთან ნაციონალური, ეკონომიკური პოლიტიკა და მე უნდა ვუპასუხო, რომ შესანიშნავია-მეთქი. კიო, ხომ იცი, რომ ასეაო. შემდეგ ვუთხარი: ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ყველაფერს როდის უფრო დამიჯერებენ, პარტბილეთი რომ მედება ჯიბეში, თუ უპარტიო რომ ვიქნები-მეთქი. შემომხედა და თქვა: ეს ჩვენი კაციაო.  ასე გადავრჩი პარტიაში შესვლას.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” 
მაშინ 5 წლის ვიყავი. პლეხანოველი ვარ, კრილოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ საკმაოდ შორს, კინოსტუდიასთან ვბირჟაობდი. იქ მსახიობები იკრიბებოდნენ და მაინტერესებდა მათ სიახლოვეს ყოფნა. ერთ დღესაც წავედი საბირჟაოდ, ბუტილკა, ძალიან ვიწრო შარვალი მეცვა, ლაკის მაკასინები და „ნაჩოსის” პალტო. უცებ ვიღაცამ კინოსტუდიის ეზოში, კოლონასთან ფეხი დამიდო. კინაღამ დავეცი. „ვზროსლი ბიძია“ იყო, შევაგინე. დამავლო ხელი, სადღაც ოთახში ამიყვანა – ამას ფოტოები გადაუღეთო. გადამიღეს ფოტოები პროფილში, ანფასში, მივხვდი: დამიჭირეს, პოლიციაში ვარ. რა გქვია, რა გვარი ხარო, – ცოცხალი თავით არ ვეუბნები არაფერს. უცებ გამახსენდა, ბებიაჩემის დაქალი, შურა, იქვე ახლოს მუშაობდა. ვიღაც გოგო მეფერებოდა: აბა, თქვი, ვინ არის დედაშენი, მამაშენიო. ვიფიქრე: ამას მოვატყუებ-მეთქი და ვთხოვე, საპირფარეშოში გასვლა, თან, გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. როგორც კი შურას ოთახს მივუახლოვდი, გავიქეცი. შურამ დამინახა და დაიძახა: გიაო და მოკლედ, ყველაფერი თქვა ჩემზე. კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ, მალევე გავიგე, რომ მილიციონრები არ იყვნენ. კინოსინჯები ყოფილა და ის კაცი, რომელმაც ფეხი დამიდო, თურმე თენგიზ აბულაძე იყო. ასე, გინების დახმარებით მოვხვდი კინოში. ფილმში დეპეშა რომ მიმაქვს, სინამდვილეში, ბევრი კადრი გადაგვიღეს, სხვადასხვა კოსტიუმი მეცვა. საკმაოდ სერიოზულად შემომხედეს, რადგან, გარდა იმისა, რომ შემეძლო დღისით და ღამით მუშაობა, არასდროს ვწუწუნებდი. თვითონვე ვახმოვანებდი ფილმს, რაც მაშინ ძალიან რთული იყო, ამისთვის არსებობდნენ სხვა ადამიანები. ამის გამო ბავშვობაში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობი გავხდი. ჩემი პირველი რამდენიმე ფილმიდან აღებული ფულით, მშობლებმა „სპალნა“ და „სასადილო“ იყიდეს. მოგვიანებით, თავი დავანებე კინოს. ამის შემდეგ თუ კინოში მოვხვედრილვარ, ეს, ძირითადად, შემთხვევითობა ყოფილა ან კურიოზთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო იყო სერიალი „ყავა და ლუდი“, სადაც შემთხვევით მოვხვდი და მანიაკის როლი ვითამაშე. მაგრამ, ამას კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. ერთ დღესაც ჩემმა მოწაფემ დამირეკა ამერიკიდან: რა უნდა შენს სურათს ქართულ „ფლეიბოიში“, თან, ვიღაც უკრაინელ ქალთან ერთადო. გავიხსენე ყველა ქალი, ვისაც ვიცნობდი, მაგრამ უკრაინელი ვერავინ ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ამ სერიალიდან იყო კადრი ქართულ „ფლეიბოიში“. ასე რომ, როდესაც თქვენი ფოტოგრაფი გადამიღებს ფოტოებს, უნდა იცოდეს: „ფლეიბოის“ ვარსკვლავთან აქვს საქმე. 
скачать dle 11.3