კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

უნდა დაივიწყოს თუ არა ქალმა ქმრის ერთჯერადი ღალატი და აქვს თუ არა მას „უკუჩვენება“

ქალების უმრავლესობა პარტნიორს ღალატს პატიობს – ამას თითქოს ყველა შეეჩვია და აღარც არავის უკვირს. ეს, თითქოს, ორი ბოროტებიდან შედარებით ნაკლები ბოროტების არჩევაა. მაგრამ, პრობლემა პრობლემად რჩება. უფრო მეტიც, ის უფრო ღრმავდება და ჭრილობა არათუ პირს იკრავს, გაცილებით შემაწუხებელი ხდება და თავსაც ხშირად გვახსენებს, იმიტომ, რომ რთულია მეხსიერებიდან მთლიანად წაშალო ის შედეგები, რაც ღალატს მოჰყვება ხოლმე. გამოსავალი, უფრო სწორად, პრევენცია ან მზა რეცეპტი ღალატის შემდგომი მკურნალობისა, არ არსებობს, რადგან, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

 

ილონა (31 წლის): სულ ვფიქრობ, რა არის ყველაზე საშინელი ღალატში?! – ის, რომ შენი ქმარი ვიღაც სხვა ქალს ეფერებოდა და ჰკოცნიდა?! მე მივედი დასკვნამდე, რომ – არა. ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერებაა, რომ იმან გაგყიდა, ვისაც ყველაზე ძალიან ენდობოდი. ეს არის ის, რასაც ვერ ივიწყებ და რისი წაშლაც გიჭირს მეხსიერებიდან. ცხოვრება ძალიან რთულდება მას შემდეგ, რაც შენს გულში ვიღაცას „შეასახლებ“. პატიება ყველაფრის შეიძლება – ამაში არ არის პრობლემა, მაგრამ, რა ხდება პატიების შემდეგ?! მთავარი სწორედ ამის შემდეგ იწყება.

– ანუ, ვერ აპატიებ ბოლომდე – ამას გულისხმობთ?

– კარგად ვერ გადმოგცემთ. გონებას უნდა, რომ აპატიოს, მაგრამ, გული არ მაძლევს ამის საშუალებას. რაც არ უნდა ქნა, როგორც არ უნდა მოინდომო, გული მაინც გააკეთებს თავისას და სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნის. როცა ვთხოვდებოდი, საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი, რომ, თუ ეჭვი ჩადგებოდა ჩვენ შორის და უნდობლობა გაუცხოებას გამოიწვევდა, მაშინვე გავეყრებოდი, არც თავს დავიტანჯავდი და არც მას გავაწამებდი.

– გიყვარდათ ერთმანეთი?

– ძალიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ გვერდით მყავდა მამაკაცი, რომელთანაც მთელი ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად ვიქნებოდი. ყველაზე საშინელი  ის არის, რომ ჩემმა ქმარმა ძალიან დიდხანს, შეუცდომლად ითამაშა ერთგული და მოსიყვარულე მეუღლის როლი. ამაზე უფრო ვმწარდები. 

– ამბობენ, რომ დიდი სიყვარული ყოველთვის უპირობოდ აპატიებს ხოლმე.

– იმის თქმა გინდათ, რომ მე არასაკმარისად მიყვარს ქმარი? ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ, პირიქით, საკმარისზე მეტად მიყვარს და ჩემი პრობლემებიც აქედან მოდის. რამდენიმე წელი სრულ სიმშვიდეში ვიცხოვრე და სწორედ ამას ვერ ვაპატიებ ვერც ჩემს ქმარს და ვერც საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ეს იყო ტყუილში, სიცრუეში გატარებული წლები.

– თუმცა, ბედნიერი...

– მე ასე არ ვუყურებ საკითხს. ბედნიერი შეიძლება იმ მომენტისთვის კი იყო, მაგრამ, როცა ყველაფერი გაირკვა, ისე ჩამშხამდა, რომ მხოლოდ ეს ცუდი მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მინდა პატიება, არ გამომდის. შიგნით მაინც ყველაფერი მიდუღს და საშინელი განცდა მაქვს. ვნერვიულობ და, როცა ვცდილობ, ეს შესამჩნევი არ იყოს, კიდევ უფრო მიმძიმდება მდგომარეობა. ვერც ვერავის მოვუყვები – რადგან გადავწყვიტე, რომ ურთიერთობა უნდა შევინარჩუნო, რაღა აზრი აქვს გლოვასა და ტირილს, მით უმეტეს, საჯაროდ ამ ყველაფერზე ლაპარაკს?! იცით, როგორ გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა, თანაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში? არც ესემესები წამიკითხავს და არც პერანგზე მინახავს პომადის კვალი. გაცილებით საშინელი „განცხადება“ იყო. ერთ დღეს ჩემმა ძვირფასმა ქმარმა მთხოვა, იქნებ ჩვენი შვილის დაპატარავებული, კარგი ტანსაცმელი მომიგროვო და მომცე, ჩემს თანამშრომელს მეოთხე შვილი შეეძინა და ცოტა უჭირს. გაუხარდება, თუ დავეხმარებითო. მის თანამშრომლებს ძირითადად ყველას ვიცნობ და ვკითხე, რომელს უჭირს-მეთქი... კაცები ხომ ზოგადად შენელებულად აზროვნებენ, უპასუხისმგებლოები და წინდაუხედავები არიან. საერთოდ არ უკვირდებიან საკუთარ სიტყვებს, ოღონდ კი იმ კონკრეტულ სიტუაციაში გამოძვრნენ და შედეგებზე თითქმის არ ფიქრობენ... მოკლედ, რამდენიმე დღე თავი ვერ მოვაბი ტანსაცმლის გადარჩევას და შემთხვევით (თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება) იმ თანამშრომელს მარკეტში შევხვდი. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ყველაფერი უნდა გამეგო. მოვიკითხე და მოვუბოდიშე, ქმარმა კი მითხრა შენი ამბავი, მაგრამ, როგორღაც ვერ მოვიცალე და ამ დღეებში აუცილებლად გამოგიგზავნი ტანსაცმელს-მეთქი. èსეთმა გაშტერებულმა შემომხედა, აშკარად ძალიან გაუკვირდა. მე როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ხომ წარმოგიდგენიათ? ჯერ ხომ უხერხულად ვიგრძენი თავი, მერე ეჭვი გამიჩნდა – რაში დასჭირდა ჩემს ქმარს ასეთი სულელური ტყუილი-მეთქი. ახსნა ვერ მოვუძებნე და ისევ ჩემს ქმარს ვკითხე – რა ხდება, განა ვისთვის გინდა ბავშვის ტანსაცმელი, რომ ტყუილის თქმა დაგჭირდა ჩემთვის-მეთქი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მე და ჩემს ქმარს განსაკუთრებული, გულწრფელი და უშუალო დამოკიდებულება გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის ყველაფერი ვიყავით, მაგრამ, ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით დაინგრა და გაცამტვერდა. ჩემი ქმრის სახის გამომეტყველებამ შიგნით რაღაც გამიყინა. იცით, როგორ შემომხედა? დანაშაულზე რომ გამოიჭერ ადამიანს. ენა დაება, თვალებს აცეცებდა და უცებ დაიყვირა: შენ რა, დაკითხვას მიწყობ? ეს რა შეკითხვებია? საერთოდ არ მინდა შენგან არაფერი. ვნანობ, რომ გთხოვე, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მეწვრილმანე აღმოჩნდებოდი. შენგან ნამდვილად არ ველოდი ამასო. დაუმსახურებელმა გალანძღვამ ჩემში აგრესია გააღვიძა და საშინლად ვიჩხუბეთ, ლამის დავხოცეთ ერთმანეთი. ისეთ სიტყვებს ვყვიროდით, გახსენებაც კი მზარავს. ვუთხარი, წადი სახლიდან, რადგან სიმართლის თქმა არ გინდა-მეთქი. გაშტერდა – რატომო? იმიტომ, რომ მატყუარასთან ცხოვრება აღარ მინდა-მეთქი. შენ რადგან არ ამბობ, რა ხდება და ვისთვის გინდოდა ბავშვის ტანსაცმელი, ესე იგი, სერიოზული მიზეზი გაქვს საამისოდ. ამიტომ, მირჩევნია, წახვიდე-მეთქი.

– აანალიზებდით, რასაც ამბობდით?

– ალბათ, ბოლომდე ვერა. თუმცა, იმ წუთში მართლა მინდოდა, რომ წასულიყო. მძულდა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. უცებ რადიკალურად შეიცვალა – მოიკუნტა, მხრებში მოიხარა და მუხლებში ჩამივარდა: არ გამაგდო, მოგიყვები ყველაფერს. დამნაშავე ვარ, მაგრამ, მიყვარხარ და ოჯახის მიტოვებაც არ მინდა, შემეშალა და უნდა მაპატიო, რადგან, შენ მაინც ყველას მირჩევნიხარო... იცით, როგორი უსუსური და საცოდავი იყო? ადამიანის, კაცის სახე ჰქონდა დაკარგული. ხელები აიფარა და ისე მოყვა, რომ ორი წლის განმავლობაში მღალატობდა გათხოვილ ქალთან. იყო მისი საყვარელი და შეიძლება, მისი შვილის მამაც. მეხის გავარდნა იყო ჩემთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია. შოკი მივიღე. თუ არ წავიქცეოდი, არ მეგონა. სუნთქვა შემეკრა, ლამის დავიხრჩვი. წყალი ძლივს დავლიე, რომ გული არ წამსვლოდა. სკანდალიც ვერ მოვაწყვე. მარტო იმაზე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მომეკიდა ბავშვისთვის ხელი და დედაჩემთან გავქცეულიყავი თუ ეს ნაძირალა გამეგდო სახლიდან. დამიჯერებთ, რომ ტირილიც ვერ შევძელი?! ისევ თვითონ აყვირდა. შენ გგონია, მე მეორე ოჯახი მაქვს? გაიხსენე, სულ თქვენ გვერდით ვარ. ერთხელაც არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, სამსახურიდან მოსვლა დამეგვიანოს. მუდმივად თქვენზე ვზრუნავ და იმ ქალთან საერთოდ აღარაფერი მაკავშირებს. ოჯახი მე არ დავანგრიე და შენ გინდა, ერთი შეცდომის გამო მიმატოვოო.

– ანუ, აქეთ შემოგიტიათ?

– ასე გამოვიდა. ვიჯექი გაშტერებული, ენაჩავარდნილი და ვუსმენდი. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. მომიყვა, როგორ შეცდა, როგორ ვერ გაუძლო ცდუნებას და ხვდებოდა რამდენიმე თვე. მერე როგორ შეაწუხა სინდისმა და დაამთავრა ურთიერთობა; რომ ახლა მხოლოდ სიბრალულისა და პასუხისმგებლობის გრძნობაღა შემორჩა; რომ ეჭვობს – შეიძლება, ბავშვი ჩემი იყოსო და, ამიტომ, ზოგჯერ ფინანსურად ეხმარება. ამ ყველაფერს ისე ამბობდა, თითქოს მელოდრამას მიყვებოდა. თან, ეამაყებოდა თავისი საქციელი, რომ არ მიატოვა და მაინც ზრუნავს მასზე. მეცინა თუ მეტირა, არ ვიცოდი. ზოგიერთ მამაკაცს პასუხისმგებლობა და კაცობა სულ უკუღმა ესმის. კაცობაა, თურმე, ოჯახს,  ცოლს რომ უღალატებ და ვიღაც უზნეო დედაკაცზე იზრუნებ. უზნეოს იმიტომ ვუწოდებ იმ ქალს, რომ, გათხოვილი წესიერი ქალები ქმრებს არ ღალატობენ და თავზე ლაფს არ ისხამენ. მე არ ვიცი, შეიძლება, კიდეც ეუბნება ჩემს სულელ ქმარს, რომ ბავშვი მისია და ამ გზით იღებს მისგან ფულსა და დახმარებას, მაგრამ, არ ვაპირებ ამის გარკვევას და ამ სიბინძურეში ქექვას. გული მერევა, როცა ამ ყველაფერზე ფიქრს ვიწყებ.

– ქმარს აპატიეთ?

– ნაპატიები არ არის?! ცხოვრობს ჩემთან და აღარ იცის, როგორ მომიბოდიშოს, როგორ შემომიძვრეს და დამავიწყოს მომხდარი. მპირდება, რომ აღარც  დაეხმარება იმ ქალს და საერთოდ აღარასდროს ახსენებს, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია. ოჯახს არ ვანგრევ, თუმცა, როგორც ჩანს, არც პატიება შემიძლია. როდემდე ვიცხოვრებ ასე, არ ვიცი. მაგრამ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი ქმარი აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი მზრუნველი, ყურადღებიანი და ჩემზე გადაყოლილი...

 

скачать dle 11.3