კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის უბოძა ირანის შაჰმა გიორგი მეთერთმეტეს 500 თუმანი, ხალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი

გიორგი მეთერთმეტე საქართველოს ისტორიაში იმ ტრაგიკულ ფიგურათაგანია, რომლის მსგავსიც, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვხვდება. იგი გამეფებისთანავე იძულებული შეიქნა, მიეღო მუსლიმანობა, თუმცა, ფორმალურად, რადგან, ცნობილია, რომ გიორგი XI სიკვდილამდე გულზე ჯვარს ატარებდა. სხვადასხვა წლებში ჯერ ქართლის მეფე იყო, შემდეგ ირანში გადაიხვეწა, ხანაც კვლავ ქართლში მეფობდა, ბოლოს შორეულ ავღანეთში გაგზავნეს გარკვეული მისიით, სადაც ტრაგიკულად დაიღუპა ყანდაარის მახლობლად. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე სწორედ გიორგი მეთერთმეტის ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

 

– გიორგი  დაიბადა ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) მრავალშვილიან ოჯახში. გიორგის ძმები იყვნენ: არჩილი, ალექსანდრე, ლევანი, ლუარსაბი და სოლომონი, ჰყავდა ორი დაც – ანუკა და თამარი. გიორგის დედა, როდამი, ყაფლან ბარათაშვილის ასული იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალშვილიან ოჯახში დედინაცვალი, მარიამ დადიანი (ლევან დადიანის და) შემოვიდა.

– როგორ შეეწყო დედინაცვალი გერებს?

– მარიამი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. სპარსოფილი ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითრხრობს, რომ, თითქოსდა გრძნეულ მკითხავს ერჩიოს გიორგი მეფისთვის – თუ გინდა, მძიმედ ავადმყოფი ცოლი გადაარჩინო, შენი გარდაცვლილი და დასაფლავებული დედინაცვლის მარიამის გვამს თავი მოჰკვეთე და მეუღლეს გვერდით დაუდეო. ფარსადანის სიტყვით, გიორგი მეფე ისე მოქცეულა, როგორც გრძნეულმა ურჩია, თუმცა მის მეუღლეს ამან ვერაფერი უშველაო, – დასძენს  იგი.

– თქვენ, როგორც ისტორიკოსს, დამაჯერებლად მიგაჩნიათ ეს ისტორია?

– ძნელად დასაჯერებელია. ეს ისტორია რომ შეთხზულია, იქიდანაც ჩანს, რომ სპარსეთის მოყვარული ფარსადანი გვიამბობს, თითქოს შაჰი სულეიმანი ამის გამო ძალზე გამწყრალა და უთქვამს: „გურგინ ხანი” (გიორგი მეფე) მართლმორწმუნე (ესე იგი, მაჰმადიანი) მეგონა, ის კი ისევ ურწმუნო დარჩენილა, თორემ, მუსლიმანი ისეთი კარგი ქალის გვამს, როგორიც მარიამი იყო, ამგვარ შეურაცხყოფას არ მიაყენებდაო.

– როდის ავიდა გიორგი ტახტზე?

– 1675 წელს ვახტანგ მეხუთე ისპაჰანში გამოიძახეს, მაგრამ, ის გზაში გარდაიცვალა. შაჰის ბრძანებით, გარდაცვლილი მუსლიმთა წმიდა ქალაქ ყუმში, მამობილის, როსტომ ხანის გვერდით დაკრძალეს. ამის შემდეგ ქართლის ახალი მეფის დამტკიცების საკითხი დადგა. ვახტანგის უფროსი ძე, არჩილი, შაჰს პროთურქულად განწყობილად მიაჩნდა, ამიტომ, არჩევანი გიორგიზე შეაჩერა. გიორგი იძულებული გახდა, მუსლიმანობა მიეღო და შაჰნავაზ მეორის სახელით ქართლში მეფობას შესდგომოდა (1677-1688).  

გიორგის გამეფებიდან ძალიან მალევე, შაჰი მიხვდა, რომ მისი მთავარი მიზანი ქართლისა და მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ 1679 წლიდან გიორგი მეფემ  რომის პაპთან გააბა ურთიერთობა. ცხადია, რომ მას სურდა, რომის პაპიც და კათოლიციზმიც საქართველოს სასიკეთოდ გამოეყენებინა. პაპმა ინოკენტიმ მას კეთილგანწყობის გამომხატველი წერილი მისწერა და ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი გამოუგზავნა. კათოლიკე მისიონერთა ცნობით,  1686 წელს გიორგის კათოლიკობა მიუღია. გიორგი მეფე კახელებს განჯის ხანის – სელიმის განდევნაშიც დახმარებია. ყოველივე ეს, ცხადია, არ მოეწონებოდა შაჰს. მან კატეგორიულად მოსთხოვა გიორგის, მძევლად თავისი ძმა – ლევანი (ვახტანგ მეექვსის მამა) და ერთადერთი ვაჟი – ბაგრატი გაეგზავნა ირანში. გიორგი იძულებული გახდა, შაჰის ბრძანება შეესრულებინა.

– რა ბედი ეწიათ მძევლებს?

– შაჰმა ისინი ჰერათის ციხეში გამოკეტა, სპარსეთში მყოფი მისი ძმა კი ქერმანში გაისტუმრა. შაჰმა სულეიმანმა ესეც არ იკმარა და გიორგი ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. 1688 წელს მან თბილისის ტახტზე თეიმურაზ მეფის შვილიშვილი – ერეკლე პირველი გამოგზავნა. ყოველივე ამის შემდეგ, გიორგი შაჰს არ დაემორჩილა და ისპაჰანში არ გამოცხადდა. მან თავი იმერეთს შეაფარა და იქიდან ადევნებდა თვალს მოვლენების მსვლელობას. ამგვარად, ქართლის ტახტზე ერეკლე პირველი (ნაზარალიხანი) აღმოჩნდა.  იგი ვერ მართავდა ქართლს და ვერც მოსახლეობაში სარგებლობდა ნდობით. გიორგი კი იმერეთში აქტიურობდა. იქ მას რუსეთიდან ჩამოსული ძმა – არჩილიც შეუერთდა. თუმცა, ფათერაკებით სავსე ცხოვრება გიორგი მეფისა არ დაწყნარებულა, ამჯერად, ტახტის ამდენმა მემკვიდრემ იმერეთი ვეღარ გაიყო. იმერთა მეფე ალექსანდრე იძულებული გახდა, გორში გაქცეულიყო. აქ მას ერეკლე პირველი ეხმარებოდა. არჩილი ცდილობდა გორის ციხის აღებას და ალექსანდრეს განდევნას, მაგრამ, ვერ მოახერხა. 

– გიორგის ცხოვრება როგორ გრძელდება?

–  გიორგი იმერეთშიც ვერ გაჩერდა დიდხანს. შაჰმა ოსმალთა სულთანს შეუთვალა, ჩემი ყმა დამიბრუნეო. სულთანს არ სურდა სპარსეთთან საქმის გართულება, თან, გიორგისიც ეშინოდა, ამიტომ, არჩია, თავიდან მოეშორებინა ის და ბრძანება გასცა, გიორგი შაჰს გადაეცითო. თუმცა, სულთნის გასაკვირად,  მისმა იანიჩარებმა გიორგი შაჰს არ გადასცეს. გიორგიმ მომხრეები შემოიკრიბა და ქართლში შეიჭრა. ადვილად აიღო რუისი, ჭალა, თიანეთი, ლილო. იქიდან გიორგიმ კახელებთან გამართა მოლაპარაკება, მაგრამ, კახელებმა მას უღალატეს და ნინოწმინდასთან გიორგის მომხრეებს დაესხნენ თავს. გიორგი დიდგორში გამაგრდა, ერეკლე და სპარსელები კი – თრიალეთში. საბოლოოდ, ბრძოლა არ შედგა. 

ამასობაში იცვლება პოლიტიკური სიტუაცია: ირანის შაჰი სულეიმანი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა – ჰუსეინმა დაიკავა. 

– როგორი პოლიტიკით განაგრძო მან ქართველებთან ურთიერთობა?

– ახალმა შაჰმა გიორგისა და მისი ძმების მიმართ პოლიტიკა თანდათან შეცვალა. თავის მხრივ, გიორგისაც ურჩიეს – ტახტის დაბრუნება თუ გინდა, ახალ შაჰს შეურიგდიო. მართლაც, გიორგი მეთერთმეტემ ჰუსეინთან გამოცხადება გადაწყვიტა. შაჰმა ასეთი დაუმორჩილებელი მეფის ნახვით ძალიან გაიხარა. გზად მიმავალ გიორგის ერევანში 500 თუმანი, ხალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი გაუგზავნა.  

მართლაც, 1697 წლის მარტში გიორგი ისპაჰანში ჩავიდა და შაჰთან გამოცხადდა. იქ მას ძმები და ძმისშვილი დახვდნენ. შაჰმა, დიდი წყალობის ნიშნად, მეფეს საკუთარი ხელით მიართვა ღვინო. ამასთან, ერეკლეს უბრძანა: გიორგი ქართლში დააბრუნე, შენ კი სამართავად კახეთში დარჩიო. ცხადია, ცბიერი შაჰი ამას გულკეთილობის გამო არ სჩადიოდა. ახალგაზრდობის მიუხედავად, მან კარგად დაინახა, რომ, იმ ძლიერ საფრთხეს, რასაც ავღანელთა აჯანყება ერქვა, ვერავინ გაუმკლავდებოდა მამაცი ქართველი მეფის გარდა, ამიტომ, შაჰმა 1704 წელს გიორგის ქართლის მეფობა დაუბრუნა,  თუმცა, ის სპარსეთში დატოვა. ქართლში კი მეფის მოადგილედ (ჯანიშინად) გიორგის ძმისშვილი – ვახტანგ ლევანის ძე გაგზავნა.

– გიორგის რა ბედი ეწია?

– შაჰმა ჯერ ქერმანში გამოსცადა გიორგი და ლევანი, იქაურობა მოაწესრიგებინა. შემდეგ კი გიორგის ავღანეთში, პირდაპირ ყანდაარში უკრა თავი. 1704 წელს გიორგი მეთერთმეტე 20-ათასიანი ლაშქრით, რომელთა შორის 4 ათასი ქართველი იყო, მიუვალ ციხე-ქალაქ ყანდაარისკენ გაემართა. ქართველი მეფის ჩასვლის შემდეგ ყანდაარი საშიშად მიყუჩდა. გარეგნულად „გურგინ ხანს” არავინ უპირისპირდებოდა, მაგრამ, სპარსელთა გურჯი სარდლის წინააღმდეგ ფარულად მზადდებოდა შეთქმულება. შეთქმულთა სათავეში გაქნილი და გამოცდილი ღილზაის ტომის ბელადი – მირვეისი იდგა. გიორგის ზურგს უკან მირვეისმა შაჰთან ფარული საჩივარი გააგზავნა. წერილში ის გურგინ ხანის დაუნდობლობასა და დესპოტიზმს „ამხელდა”. როდესაც გიორგიმ ეს ამბავი შეიტყო, მირვეისი იძულებითი წესით გაგზავნა ისპაჰანში, შაჰს კი აუწყა, რომ მირვეისი საშიში პიროვნებაა და სპარსეთის დიდი მტერიო. ევროპელი ავტორების ცნობით, მირვეისმა 300 ათასი თუმანი ქრთამად გაიღო და შაჰის კარი მთლიანად მოისყიდა. შაჰმა ის პირადად მიიღო და ადრე ჩადენილი ყველა დანაშაული აპატია. თავის მხრივ, მირვეისი არწმუნებდა შაჰს, რომ გიორგი საშიში და ვერაგი პიროვნებაა და მისი ნდობა არ შეიძლებაო. 

ამ პერიოდში ისპაჰანში ჩადის რუსეთის იმპერატორის, პეტრე პირველის ელჩობა სომხური წარმოშობის ისრელ ორის მეთაურობით. იგი გამომწვევად და მედიდურად იქცეოდა სპარსეთის შაჰის კარზე, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მირვეისმა შაჰს მოახსენა: რუსები და სომხები შენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ, ისინი ვერაფერს გახდებიან, თუ მათ შორის მცხოვრები ქართველები არ მიემხრნენო. გიორგის ბედი გადაწყვეტილი იყო, ის კი ვერაფერს მიხვდა...  პირიქით, მირვეისს ქალიშვილი მოსთხოვა თავისი ჰარამხანისთვის. ამ მოთხოვნამ მირვეისიც და ავღანელი ბელადებიც აღაშფოთა, თუმცა, გარკვეულ დრომდე არაფერი შეიმჩნიეს. მირვეისი თითქმის ყოველდღე ხვდებოდა გიორგის და თავის ერთგულებაში არწმუნებდა. თავისი ქალიშვილის ნაცვლად კი მას სხვა ქალი გაუგზავნა.

მალე შეთქმულებმა ერთ-ერთი  ავღანური ტომი  – ტირინები ააჯანყეს და სპარსეთისთვის გადასახადის გადახდაზე უარი ათქმევინეს. 

გიორგიმ ჯარის დიდი ნაწილი აჯანყებულთა დასასჯელად გაამგზავრა. სწორედ ამას ელოდა მირვეისი. მან გიორგი დიდ ნადიმზე მიიწვია, რომელიც ყანდაარიდან ოთხ-ხუთ კილომეტრში, სპეციალურად აშენებულ კარვებში უნდა გამართულიყო. ყველაფერი მზად ჰქონდათ გიორგის მოსაკლავად. ქართველი მეფე ვერაფერს მიუხვდა ცბიერ მტერს, სიამოვნებით გაემართა ნადიმზე და ღვინოც ბლომად შესვა. რის შემდეგაც, ზოგიერთი ევროპელი ავტორის ცნობით, გიორგი შუბით შიარაღებულმა ორმოცდაათმა პირმა მძინარე მოკლა. ქართველი მემატიანეების, სეხნია ჩხეიძისა და ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით კი, როდესაც შეთქმულები მეფეს მიეჭრნენ, მეფე ბოლო ისრამდე ესროდა მათ, მერე კი ხმლით იცავდა თავს. მეფე გიორგი 1709 წლის 21 აპრილს გამოასალმეს სიცოცხლეს. 

შურისძიების მიზნით, 1710 წელს სპარსეთის შაჰმა ყანდაარში ქაიხოსრო ლევანის ძე და 1 500 ქართველი გაგზავნა სპარსელებთან ერთად. ქაიხოსროს ქართველები ღალატობდნენ, ამიტომ, მან ვერ შეძლო მირვეისის დამარცხება; ერთს კი მიაღწია – გიორგისა და მისი ამალის წევრების გვამები გამოიხსნა, თუმცა, სანაცვლოდ, თვითონ შეეწირა ამ უთანასწორო და ვერაგულ ომს.

 

скачать dle 11.3