კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს ოპერაცია „ბრიტვა“, როდის აპირებს მის ამოქმედებას რუსეთი და რამდენ ნაწილად გულისხმობს საქართველოს დაშლას

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან ევროკავშირს ექვსიდან ორნი შემოვრჩით: საქართველო და მოლდოვა. სომხეთმა საბაჟო კავშირში გაწევრიანება ინება, ბელორუსიას ისედაც ნანებები ჰქონდა, აზერბაიჯანმა ევროკავშირთან დაახლოებისგან თავი, საერთოდაც, შეიკავა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, მართალია, ფსონი საბაჟო კავშირზე დადო და ევროკავშირს ცივი უარი სტკიცა, მაგრამ პრობლემამ მაიდანზე გადაინაცვლა და დღის წესრიგში ახლა უკვე უკრაინის (დღეს არსებულ საზღვრებში) ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა. საქართველოს ევროკავშირთან იმ მიჯნის გადალახვა, რომელზეც უკრაინამ საბაჟო კავშირის სასარგებლოდ თქვა უარი, მომავალი წლის ნოემბერში ელის. შესაბამისად, თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობითაა მოსალოდნელი რფ-ს მხრიდან ვითარების კრიტიკულ ზღვრამდე დაძაბვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოპერაცია „ბრიტვა“ აამოქმედა, რის საბოლოო მიზანიც, საქართველოსთვის ევროკაშირისკენ მიმავალი გზის გადაკეტვაა და არა მხოლოდ ეს. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად მიმოვიხილავთ იმ საფრთხეებს, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა მომავალი წლის განმავლობაში დადგება, უფრო ზუსტად, მას რუსეთი დააყენებს.

 

– ის, რაც ხდება მაიდანზე, შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარი?

– მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინამ პირველად რუსეთს დახმარება სთხოვა მეჩვიდმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან და იმ პერიოდიდან მოყოლებული უკრაინაში მუდმივად არსებობდა მარცხენა და მარჯვენა ნაპირის პრობლემა. მარჯვენა ნაპირი ყოველთვის ცდილობდა პოლონეთისკენ გადახრას, მარცხენა –  უფრო დამოუკიდებლობაზე იყო ორინეტირებული. დღემდე ეს პრობლემა დგას, ისევე, როგორც ყირიმის პრობლემა. ასე რომ, რუსეთს, გარდა ეკონომიკისა, უკრაინაზე ზემოქმედების სხვა საფუძველიც აქვს. დღეს ბევრი რუსი ნაციონალისტი სტალინს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან თავის დროზე უკრაინას გადასცა დონბასი და ზოგიერთი სხვა რეგიონი. ეს საბჭოთა ხელისუფლებამ იმავე მოტივით გააკეთა, რა მოტივითაც კავკასიაში შექმნა ავტონომიური წარმონაქმნები, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო რუსულენოვანი რეგიონებით დატვირთული უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და ამით მას ახალი პრობლემა დამატებოდა.

– იოლად მართვის მიზნით.

– დიახ. დღესაც იგივე პრობლემა დგას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტებით მოქმედებს, ის აუცილებლად გადავა პოლიტიკურ ბერკეტებზე. პირველი ასეთი ნიშანი ჩანს იმით, რომ ამა წლის 27 დეკემბერს რუსეთის საზღვაო ფლოტი, რომელიც სევასტოპოლშია განლაგებული, სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელიც მოიცავს საზღვაო ქვეითთა ანტიტერორისტულ ოპერაციას სანაპიროზე.

– 2008 წლის სცენარს იმეორებს?

– მივაქციოთ ყურადღება, რომ ყირიმის ავტონომიური წარმონაქმნის პარლამენტის რამდენიმე ფრაქციამ უკვე მიმართა რუსეთის კონსულს ყირიმში თხოვნით, რომ რუსეთმა უკან დაიბრუნოს ყირიმი, რომელიც 1956 წლამდე რუსეთის შემადგენლობაში იყო. მე არ ვიცი, ითვალისწინებს თუ არა უკრაინის ოპოზიცია ამ საშიშროებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს როგორც ევროკავშირისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ასეთივე მხარდაჭერა რომ გვქონოდა ჩვენ 2007 წლის 7 ნოემბერს, არც 26 მაისი იქნებოდა და ძალიან ბევრ რამეს გადავრჩებოდით, მათ შორის, 2008 წლის სირცხვილს.

– ჩვენზე ზემოქმედების რა ბერკეტები აქვს რუსეთს?

– ეკონომიკური ბერკეტები, მაინცდამაინც, არ აქვს. თუ ღვინოს არ დააბრუნებს უკან და არ მოახდენს შავი ზღვის აკვატორიის ბლოკირებას.

– თუმცა ჩვენს მეღვინეებს დიდი რაოდენობით ღვინო არც შეუტანიათ რუსულ ბაზარზე.

– სხვა რამეც არის: ქართული ღვინის რამდენიმე ბრენდი უკვე შეისყიდეს რუსმა ოლიგარქებმა და, ამდენად, ეს უკვე აღარ არის ქართული პროდუქტი და თვითონ მიხედონ თავიანთ თავს.

– ისევე, როგორც „ბორჯომი“ შეისყიდეს.

– დიახ. სამწუხაროდ, უკვე „ბორჯომიც“ მათია. რაც შეეხება სხვა ტიპის ეკონომიკურ ბერკეტებს. მოგახსენეთ შავი ზღვის აკვატორიის ბლოკირებაზე: რუსეთს შეუძლია სხვადასხვა მეთოდით ხელი შეუშალოს ნაოსნობას ნეიტრალური წყლებიდან საქართველოსკენ.  მაგრამ ეს მაინც პასიური ქმედებებია, რადგან აქტიური ქმედება მაინც პოლიტიკური შინაარსისაა. რუსეთს პოლიტიკური აქტივობის უამრავი ბერკეტი აქვს –  იმდენად, რომ საგონებელშია ჩავარდნილი, რომელი ერთი აარჩიოს. ყველაზე მარტივია მავთულხლართების გაბმის  გაგრძელება: რამდენიმე ადგილას ის სახიფათოდ გამოდის საქართველოს გულში.

– ცენტრალურ ტრასისკენ?

– დიახ და ენერგომატარებლების მარშრუტის ტრასაზე, სარკინიგზო ტრასაზე და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, იქ რომ დააყენოს თავისი მესაზღვრეები, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს პრესტიჟსა და სახელმწიფოებრიობაზე?! მაგრამ, გარდა ამისა, არის ნაციონალური კუთხეების არევის საფრთხეც. იმ საფრთხის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება, ეს ბერკეტი აამუშაოს, მაცნობეს ჯავახელმა სომხებმა, შემდეგ –  თბილისელმა სომხებმა და აღმოსავლეთ ევროპაში სომხეთის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ამას დაემთხვა პუბლიკაციების გაჩენა ინტერნეტსივრცეში, რის  უკანაც დგას რუსეთის სომხური დიასპორა. ხაზგასმით ვამბობ – ეს არ არის „ჯავახკი“. ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ მასალებში ტყუილ-მართალი არეულია ერთმანეთში და ორინეტირებულია როგორც თბილისელ, ისე ჯავახელ სომხობაზე.

– ნიშანდობლივია, რომ პირველად გაჩნდა პრეცედენტი, როდესაც ამ საკითხში ჩართეს თბილისელი სომხები.

– 82 000 სომეხი ცხოვრობს თბილისში, ძირითადად, კანონმორჩილი და პატრიოტი ადამიანები, მაგრამ „შეძახილმა ხე გაახმოო“ და თუ რუსეთმა აამუშავა შესაბამისი მექანიზმი, სიტუაციის არევა შეუძლია. მათზე უფრო კანონმორჩილი ადამიანებიც გაუგიჟებიათ –  გვქონია ასეთი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. იგივე შეიძლება, მოხდეს ქვემო ქართლში. აზერბაიჯანელების ძალიან სერიოზული ჯგუფი ზის მოსკოვში: მათ შორის არიან საქართველოდან წასული აზერბაიჯანელებიც. ბევრი მათგანი ძალიან მდიდარი ადამიანია. ალბათ, გახსოვთ, მათ ლამის ალიევს შეუქმნეს პრობლემა, როდესაც მოსკოვში ჩამოაყალიბეს მილიარდერთა კლუბი  და ორიენტირებულნი იყვნენ აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლით. მეორე მხრივ, საქართველოს აზერბაიჯანელები ისედაც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკით და იმ აქტიურობით, რასაც იჩენენ სხვა ქვეყნების რელიგიური ორგანიზაციები. ქვემო ქართლში არის შიიტური, სუნიტური, ვაჰაბიტური ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებით. ჯერჯერობით ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ, როდესაც ერთმანეთთან ბრძოლას დაამთავრებენ, მაშინ ჩვენ შეგვექმნება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. იმის თქმა მინდა, რომ, თუ რუსეთს მოუნდა, ამასაც გამოიყენებს სათავისოდ, რადგან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაცია, მათი მომზადების დონე და აგენტურა საქართველოში ბევრად მაღალი დონისაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

– რას მიაღწევს ამით: ვთქვათ, ქაოსს, კიდევ?

– ქაოსს და რეგიონების მიხედვით დაშლას. როდესაც ჟირინოვსკი ამბობს, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა და ის უნდა დაიშალოს რეგიონებად, ის იმ გეგმას ახმოვანებს, რომელიც არსებობს კრემლში და მის რეალიზაციას არ ჩქარობს. ელიან შესაბამის მომენტს და არავინ იცის, როდის დადგება ეს შესაფერისი მომენტი.

– მათი გეგმა-მაქსიმუმი რა არის?

– რუსეთისთვის ყველაზე მთავარია, არ მოხდეს შუააზიური ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია და მათი კონტროლის გარეშე გატანა ევროპაში; ასევე, არ მოხდეს აზერბაიჯანის ენერგორესურსის გატანა ევროპაში თურქეთის მეშვეობით და გამოიყენოს შავი ზღვის გაუყინავი პორტები. ამიტომ უნდა აკონტროლონ მთლიანად სამხრეთ კავკასია და, თუ გაკონტროლდება იმ ფორმით, რომ იარსებებს სომხეთი, აზერბაიჯანი და დაქუცმაცებული საქართველო, თუნდაც, ორად გაყოფილი, ლიხს იქით და აქეთ, ესეც საქმეა რუსეთისთვის.

– ის აღარ ჰყოფნის, რაც წაგვართვა და ახლა შუაზე გაყოფა უნდა?

– ორ ნაწილად უნდა თუ სამ-ოთხად, რთული სათქმელია, მაგრამ ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველო ან ამ ფორმით არ იყოს, ან აქ იყოს ხელისუფლება, რომელიც მის ნებას დაჰყვება. რუსეთის მთავარი ამოცანაა სამხრეთ კავკასიის კონტროლი.

– არ მგონია, მკვეთრი მოძრაობა გააკეთოს სომხეთმა და უკან წაიღოს საბაჟო კავშირში გაწევრიანების სურვილი, შესაბამისად, თუ რუსეთი აზერბაიჯანთან მოაგვარებს ენერგომატარებლების პრობლემას, ჩვენი დაქუცმაცება რატომ იქნება აქტუალური? რაღას გავატარებთ, თუ აზერბაიჯანმა არ მოგვაწოდა?

–   აზერბაიჯანთან ამ პრობლემის მოგვარება ძალიან გაუჭირდება რუსეთს და ეს იცის, რადგან აზერბაიჯანის უკან მყარ ბასტიონად დგას თურქეთი. თურქეთი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ აზერბაიჯანზე გიჟდება, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია აზერბაიჯანი. 

– როგორც ვხედავ, ჩვენ თავდაცვის ერთადერთი საშუალება გვაქვს: დასავლეთის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამით გავალთ ფონს?

– ეს არ არის იმ დონის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მაკკეინის მაიდანზე გავლა-გამოვლა სიტუაციას შეცვლის, ძალიან ცდება. სიტუაციას სხვა რამ შეცვლის, ის, რაც ახლახან გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. დაიბარეს რამდენიმე უკრაინელი ოლიგარქი და პირდაპირ უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაიდანს მხარს არ დაუჭერდნენ, აქტივებს გაუყინავდნენ. ძალიან საინტერესო ფორმულირება იყო ახმეტოვთან მიმართებაში: რადგან მისი ოჯახის წევრები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები, ამდენად, პასუხისმგებლები არიან ბრიტანეთის საგადასახადო სისტემის წინაშე.

– როგორი ნაცნობი მეთოდებია.

– ერთი მხრივ, მას 225-მილიონიანი სახლის წინ მიტინგი მოუწყვეს და, მეორე მხრივ, აი, ეს უთხრეს. ახმეტოვიც გამოვიდა და კაცმა, რომელმაც იანუკოვიჩი მოიყვანა ხელისუფლებაში, ნეიტრალური განცხადება გააკეთა. მეორე ოლიგარქმა ტელეკომპანია დაუთმო მაიდანს, მესამე –  საერთოდაც გვერდით დაუდგა ოპოზიციის წარმომადგენლებს. აი, ეს არის ქმედითი მექანიზმი.

– ჩვენგან ვინ უნდა დაიბარონ? ჩვენებურების ოცნების მწვერვალი 83 000-ლარიანი „ჯიპია”.

–   ჩვენგან არა. რუსეთიდან უნდა დაიბარონ. ალბათ, მივა აქამდეც ევროკავშირი, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ქმედით რეაქციას ვერ ვხედავთ პოსტაბჭოთა ქვეყნების მიმართ. რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. რუსეთი არის ოლიგარქიული სახელმწიფო, რომელიც დგას ოლიგარქების ინტერესებზე, ოლიგარქების ფინასური რესურსი კი მთლიანად დასავლეთშია. რუსეთის სახელმწიფო სარეზერვო ფონდი ამ წუთას იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის ეკონომიკაშია ჩადებული. ამდენად, შეერთებულ შტატებს მართლაც შეუძლია, ძალიან ქმედითი ბერკეტები აამუშაოს რუსეთის წინააღმდეგ როგორც ეკონომიკური, ისე პირადი, მაგრამ, ეტყობა, იქ სხვა ინტერესებიცაა და, ამდენად, მხოლოდ განცხადებების დონეზე ვართ გაჩერებული.

– ჩვენ შეგვიძლია, მოვანდომოთ, ჩვენს პარტნიორებს აქტიურად დაიცვან ჩვენი ინტერესები? შეგვიძლია, შევცვალოთ მოსალოდნელი საფრთხეები?

– როგორ არ შეგვიძლია?! თვითონ საქართველოს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით. გასაგებია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის განუწყვეტელი აქტივობა, მაგრამ შიდა პოლიტიკაშიც შეგვიძლია ეფექტიანად მოქმედება. აქტივობების ნაწილს გეტყვით: არაერთხელ მითქვამს მხოლოდ უშიშროების ძალებით, რომელთა დონე ხშირად კრიტიკულია, ამ პრობლემის მოგვარება ქვემო ქართლსა თუ ჯავახეთში, შეუძლებელია. საჭიროა ძალიან სერიოზული ანალიტიკური ცენტრების შექმნა, რომლებიც არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ არ არსებობს საქართველოში. ერთადერთი, არსებობს ანალიტიკური ცენტრები უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში, ისიც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ექსპერტები და პროფესიონალები ამ საქმეს მოწყვეტილები არიან. არადა, აუცილებელია ამ ხალხის კონსოლიდირება, ტვინების შეკრება და ცენტრის შექმნა ამ საფრთხეების ლიკვიდაციისთვის: ეს უნდა იყოს უშიშროების ძალებს პლუს პროფესიონალები. მით უმეტეს, რომ დღეს უშიშროების საბჭო, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

მეორეა სერიოზული ლობისტური ჯგუფების შექმნა უცხოეთში –  არა მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებთან, არამედ დიასპორებთან თანამშრომლობით. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქართული დიასპორაა და მათ მობილიზებასა და სწორად ამოქმედებას ძალიან კარგი ეფექტი შეიძლება, მოჰყვეს, რაც დაამტკიცა პირველი ოქტომბრის არჩევნებმა. ყველაფერს ფული არ წყვეტს, საჭიროა: კავშირები, სურვილი, ორგანიზებულობა და დავალების სწორად ფორმულირება. ამას გარდა, სხვა ნაბიჯებიცაა გადასადგმელი, ყველაფერს არ მოვყვები პრესის ფურცლებზე. აღარაფერს ვამბობ დიალოგზე რუსეთთან და მსგავს აქტივობებზე. მთავარია, რომ ამით საკმაოდ შევამცირებთ მოსალოდნელ ხიფათს.

 

скачать dle 11.3