კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიული მანიაკები

წულაიას ხალმა მცირე წინააღმდეგობა შეუქმნა ამოცნობის პროცედურას. საქმე ის იყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნით, ამოცნობაში ეჭვმტანილის მსგავს პირებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ  ორი ისეთი პიროვნების მოძებნა, რომლებსაც წულაიას მსგავსი ხალი ექნებოდა, შეუძლებელი აღმოჩნდა. დანაშაული, რომელიც ამოცნობის პროცედურას მოითხოვდა, შედარებით მსუბუქი რომ ყოფილიყო, მირიანი თვალს დახუჭავდა ამ დეტალზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხებოდა, რომელსაც თავად მთავარი პროკურორი კურირებდა და ყოველი პროცედურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. საბოლოოდ, გამოსავალი ანამ გამონახა.

– მაკიაჟი... – მოულოდნელად შესთავაზა მან ფიქრში ჩაძირულ მირიანს.

– რას გულისხმობ? – სწრაფად შემოხედა მან.

– თუ ხალიანი პიროვნების მოძებნა არ შეგვიძლია, მაშინ გრიმი დავადოთ. ზუსტად ისეთ ხალს გამოვიყვანთ, როგორიც წულაიას აქვს, – აუხსნა ანამ.

– არა მგონია, გამოვიდეს, – ჩაფიქრდა მირიანი, – თანაც, ამოცნობის გადადება მოგვიწევს. ასე უცებ სად მოვნახოთ გრიმის სპეციალისტი.

– მე გავუკეთებ.

– შენ?! – გაუკვირდა მირიანს.

– გააკეთებს, – ანას დაეთანხმა გიორგი, – მაგის მეტი რა იცის. მთელი დღე სარკეში იყურება. საქმეზეც ასეთი თავდადებით რომ მუშაობდეს, საქართველოს ყველა ბოროტმოქმედს დაიჭერდა!

– კარგი... ვცადოთ, – გადაწყვიტა მირიანმა, – ვნახოთ რა გამოვა.

ანამ სკამზე დასვა პროცედურაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელი, პარფიუმერიული ნაკრები მოიმარჯვა და მუშაობას შეუდგა. ცოტა ხანში პილიციელის ყვირიმალზე მოზრდილი ხალი გაჩნდა.

– როგორია? – ანა კმაყოფილი იერით გადგა უკან.

მირიანმა ყურადღებით შეათვალიერა პოლიციელი. შემდეგ უკან დაიხია და კიდევ ერთხელ დააკვირდა ხალს.

გიორგი გვერდით ამოუდგა ჯგუფის ხელმძღვანელს და კმაყოფილმა გადაულაპარაკა:

– მაგარია. ასეთ გრიმს სპილბერგიც ვერ დაიწუნებს!

– სპილბერგზე ვერაფერს გეტყვი. ჩვენთვის კი ნამდვილად საკმარისია, – თქვა მირიანმა და ანას გახედა,  მეორეც მოამზადე. მანამდე კი მე დევიძესა და წულაიას იზოლატორიდან მოვაყვანინებ.

დევი დევიძემ თავიდანვე იცოდა, რომ ამოცნობის პროცედურაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთ ხალხმრავლობას მაინც არ ელოდა. მას ეგონა, რომ პროცედურაში მხოლოდ გამომძიებლები, ამოსაცნობი პირი და ადვოკატი მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის ნაცვლად კი, ოთახში ათამდე პიროვნება დახვდა. იქ იყვნენ გამომძიებლები, მისი და წულაიას ადვოკატები, პროკურორი, რომელიც ამოცნობის პროცედურას უწევდა მეთვალყურეობას, მოწმეები. კედლის გასწვრივ კი სამი პიროვნება იდგა. ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ერთი ასაკისანი იყვნენ. თითქმის ერთნაირად ეცვათ და ყვირიმალზე სამივეს ერთნაირი ხალი ჰქონდა.

მირიანი წინ წადგა და დევიძეს ჰკითხა: ამ პიროვნებებიდან, რომელიმე ხომ არ გეცნობაო.

დევიძე არც კი დაფიქრებულა. ხელი წულაიასკენ გაიშვირა.

– ეს!...

– სად და რა ვითარებაში შეხვდი ამ პიროვნებას?

– განაგრძო მირიანმა.

– თბილისის ზღვაზე. ის კიდევ სამ პიროვნებასთნ ერთად, დანით შეიარაღებული დაგვესხა თავს, – უპასუხა დევიძემ.

– რა ნიშნებით ამოიცანით ეს პიროვნება?

– სახით...

– მთელი ამ დროის განმავლობაში წულაია გააფთრებული მზერით ბურღავდა დევიძეს. თავად დევიძე კი მისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. მზერა იატაკისკენ ჰქონდა მიმართული და მღელვარებისგან აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა.

– რამის თქმა ხომ არ გსურს? – წულაიას გახედა მირიანმა.

– არა! – ღვარძლით აღსავსე ხმით უპასუხა მან.

– კარგი, – ბადრაგს მიუბრუნდა მირიანი, – დევიძე საკანში დააბრუნეთ და აბულაძე მოიყვანეთ.

– არ არის საჭირო! –  მოულოდნელად თქვა წულაიამ.

– რატომ? – ჰკითხა მირიანმა.

– რა აზრი აქვს. ისიც ამომიცნობს, – ყრუ ხმით ჩაილაპარაკა წულაიამ.

– ესე იგი, აღიარების მოცემას აპირებ?

– შეიძლება, დავჯდე? – იკითხა წულაიამ.

– დაჯექი, – ნება დართო მირიანმა.

წულაია სკამზე დაეშვა, სახე ხელებში ჩარგო და იკითხა, – რამდენს მომისჯის სასამართლო?

– არ ვიცი. მაგრამ სასამართლო გაითვალისწინებს დანაშაულიას აღიარებას, – უპასუხა მირიანმა.

– როგორ გაითვალისწინებს?! – მწარე ირონიით თქვა წულაიამ, – სამუდამო პატიმრობიდან ექვს თვეს გამომიკლებს?!

– ამაზე შენს ადვოკატთან იმსჯელებ. ახლა შენგან სრულიად სხვა რამის მოსმენა მსურს!

– რა გაინტერესებთ?

– ყველაფერი!

– რა საჭიროა. თქვენ ხომ ისედაც ყველაფერი იცით. იმ გოგომ ხომ მოგცათ ჩვენება, – ჩაილაპარაკა წულაიამ.

– დროს ნუ მაკარგვინებ. აღიარების მოცემას თუ არ აპირებ, საკანში დაგაბრუნებ და შენს თანამზრახველებთან განვაგრძობ მუშაობას.

– აღიარების შემდეგ, მათთან ერთად ჩამსვამთ საკანში?

– რისთვის? – ჰკითხა მირიანმა.

– მარტო ყოფნა არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.

– არა. სასამართლოს დასრულებამდე თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. მაგრამ, თუ მარტოობა გაწუხებს, ვინმესთან ერთად მოგათავსებთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. რა მოხდა იმ დღეს ზღვაზე?

– ვიცი, რომ არ დამიჯერებთ, მაგრამ ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა.

– როგორ თუ დამოუკიდებლად?! – გაუკვირდა მირიანს.

– ამის ახსნა გამიჭირდება, – შუბლი მოისრისა წულაიამ, – გამიჩალიჩეს.

– ბუნდოვნად მიხსნი. შეგიძლია, უფრო დალაგებით მიამბო? ვინ და რა გაგიჩალიჩა? – ჰკითხა მირიანმა.

– ერთი ახლობელი მყავს, იგორი ჰქვია. ორიოდ კვირის წინ წავეკაიფეთ. ფაღარათის გამომწვევი აბები მივეცი და ვუთხარი, რომ „კალიკები” (ჟარგონულად ნარკოტიკის შემცველი აბები) იყო. თანაც, დავარიგე, რომ ოთხ ცალზე მეტი არ მიეღო. ვიცოდი რა ღორიც იყო. ის ხომ არავის გაუნაწილებდა „კალიკებს“ და მარტო დალევდა. იგორი ასეც მოიქცა. ბინაში გამოიკეტა და ოთხი ცალი დალია. როცა პრიხოდი ვერ იგრძნო, კიდევ ოთხი დაამატა, შემდეგ კიდევ ოთხი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ერთ ჯერზე იმ აბის ნახევარს იღებენ. იგორს ისე აეშალა კუჭი, რომ მთელი კვირის განმავლობაში ფეხი ვეღარ გამოდგა სახლიდან. ბუნებრივია, ამის შემდეგ ის მხოლოდ სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. ბოლოს საერთო ნაცნობი მოგვიგზავნა და მისი ხელით მოგვაწოდა რაღაც აბები. იმ წუთებში იმის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო, რომ ის იგორთან იყო შეკრული...

– შენც მიიღე ფაღარათის გამომწვევი აბები? – გაეღიმა მირიანს.

– არა. ფაღარათისა რომ ყოფილიყო, ამას როგორმე გადავიტანდით. ბოლოს და ბოლოს ერთ კვირას გავატარებდით უნიტაზზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ, ის სულ სხვა აბები იყო, – უპასუხა წულაიამ.

– მაინც რა აბები იყო?

– დასახელება არ ვიცი. იგორის ახლობელს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს. უბრალოდ, აგვიხსნა, რომ მაგარი „კალიკები“ იყო. ახალი შემოსულია ჩვენთან. ორი დღის წინ ახლობელი ჩამოვიდა საფრანგეთიდან და იმან მომცაო. ჩვენც გოიმებივით ავვარდით და ექვს-ექვსი დავლიეთ.

– რა ეფექტი ჰქონდა იმ მედიკამენტს?

– როგორ გითხრათ. მე მგონი ადრენალინის შემცველი აბები იყო. უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. მოძრაობა, რამე განსაკუთრებული მსურდა. ჩხუბი აყალ-მაყალი, მძაფრი შეგრძნებები. მაშინ კი მივხვდით, რომ ეს იგორმა გაგვიჩალიჩა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

– ეს სად მოხდა? – ჰკითხა მირიანმა.

– ლოტკინზე, ჩემი ძმის სახლის უკან. იქ პატარა ბაღია, სადაც დროდადრო ვიკრიბებით.

– თბილისის ზღვაზე როგორ აღმოჩნდით?

– შეგნებულად გავერიდეთ ლოტკინს. ის აბები ნახევარი საათის მიღებული გვქონდა, რომ ადგილობრივ ბიჭს წავეჩხუბეთ. ისე, უმიზეზოდ. ადრე მათთან პატარა ხიპიში მომივიდა. მაშინ დამჩაგრეს და მცემეს. როგორც კი უბანში მომავალი დავინახე, მაშინვე ის საღამო გამახსენდა. ის ბიჭი ბაღში შევიყვანეთ და ვცემეთ. შემდეგ კი მივხვდით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ლოტკინელები არ შეგვარჩენდნენ უბნელის საკუთარ სახლთან ცემას. მალე მოგვაკითხავდნენ და პასუხს მოგვთხოვდნენ. მაშინ გადავწყვიტეთ ზღვაზე გადასვლა. თანაც, მოძრაობაც გვინდოდა, რათა, რაც შეიძლება მალე გამოვსულიყავით მდგომარეობიდან.

– ზღვაზე რით გადახვედით?

– ფეხით. ყოველთვის ასე ვიქცევით.

– და შერჩეულ ადგილს მიაკითხეთ?

– ესეც იცით? – გახედა წულაიამ.

– რამდენი ხანია, რაც იქ იყრით თავს?

– ორი წელი იქნება. ყრუ ადგილია. იქ უცხოები არ გვაწუხებდნენ. მშვიდად შეიძლება ორიოდ საათის გატარება.

– და პლანის მოწევაც! – ჩაურთო მირიანმა.

– ჰო... ეგაც შეიძლება, – ამოიოხრა წულაიამ.

– რა მოხდა შემდეგ? – ჰკითხა მირიანმა.

– თითო-თითო შეხვევა პლანი მოვწიეთ, მაგრამ ის დამპალი წამალი არაფრით მოგვეშვა. დროდადრო უკეთ ვგრძნობდით თავს. შემდეგ ტალღასავით დაიძვრებოდა, მთელ სხეულს მოედებოდა და წრიალს გვაწყებინებდა. დრო ზუსტად არ მახსოვს. ალბათ, ექვსი ან შვიდის ნახევარი იქნებოდა, როცა ჩვენ სიახლოვეს სპორტული მანქანა შეჩერდა. თავიდან გაგვიკვირდა. ასეთი მანქანით რისთვის უნდა შემოსულიყვნენ ბუჩქნარში. ტოტები მანქანას დაკაწრავდა. დაბალი „პასადკით” კი მიწას წამოედებოდა. მერე მანქანაში გოგო შევნიშნეთ. ვიფიქრეთ, რომ ახლა რაღაც საინტერესო მოხდებოდა და საყურებლად მოვემზადეთ. იმ ბიჭებმა გოგო მანქანიდან გადმოიყვანეს. ჯერ ერთმანეთში მოილაპარაკეს. შემდეგ ერთ-ერთმა ის გოგო ბუჩქების სიღრმეში შეათრია.

– რომელმა?

– აი იმან, ამოცნობაზე რომელიც გყავდათ.

– შემდეგ.

– მეორე მანქანაში ჩაჯდა და მუსიკა ჩართო.

– იმ გოგოსა და ბიჭს ვერ ხედავდით?

– ვერა, – თავი გაიქნია წულაიამ, – ვერ ვხედავდით, მაგრამ ხმა კარგად გვესმოდა. ის გოგო ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ კი მიჩუმდა. ცოტა ხანში ის ბიჭი ბუჩქნარიდან გამოვიდა და გოგოსთან თავისი ამხანაგი მიუშვა. არ ვიცი, საიდან გამიჩნდა ასეთი აზრი. დარწმუნებული ვარ, იმ წყეული წამლის ბრალი იყო ყველაფერი.

– რა მოიმოქმედე?

– ბუჩქებიდან გამოვედი და იმ ბიჭისკენ წავედი. შევნიშნე, რომ ჩემმა დანახვამ შეაშინა. მანქანისკენ ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. გაქცევას ვეღარ მოასწრებდა. მე უფრო ახლოს ვიყავი მანქანასთან და რომც მოეხერხებინა, მისი ამხანაგი და გოგო ხომ იქ დარჩებოდნენ... მე ვკითხე: რა ხდება-მეთქი.

ბიჭმა მირჩია, თავი გაგვენებებინა მათთვის. მაგრამ, ის მოჩვენებით ბაქი-ბუქობდა. ხმა აშკარად უთრთოდა. ამან უფრო გამათამამა. ვკითხე: ვინ იყო ის გოგო. მან მიპასუხა, რომ უბრალოდ ნაშააო!.. დანის ამოღება მართლაც ზედმეტი იყო. უბრალოდ, ეფექტის მოხდენა მინდოდა. დანის დანახვაზე იმ ბიჭს თვალები გაუფართოვდა, უკან დაიხია და მითხრა: ოღონდ მანქანას არ შეეხოთ და გოგოს დაგიტოვებთო. მე დავეთანხმე. მან მაშინვე დაუძახა თავის მეგობარს. მას რაიმეს ახსნა არ დასჭირვებია. თავად მიხვდა ყველაფერს და უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში

– ესე იგი, დევიძემ თავად შემოგთავაზათ გოგონას დატოვება?

– ჰო... ასე იყო?

– ამას შენი „პადელნიკებიც” დაადასტურებენ?

– რა თქმა უნდა. ასე იყო და სხვა რამეს რატომ იტყვიან, – უპასუხა წულაიამ.

– ერთ კითხვაზე მიპასუხე. დევიძეს რომ არ შემოეთავაზებინა გოგონას დატოვება, რა მოხდებოდა შემდგომ? რა გქონდა ჩაფიქრებული, როცა ბუჩქებიდან გამოდიოდი?

– არ ვიცი... მართლა არ ვიცი, – სწრაფად თქვა წულაიამ, – იმ ბიჭებს ფულს და მობილურებს წავართმევდით. ერთი-ორ პანღურს ამოვკრავდით და გავუშვებდით. იმ წუთებში გოგოს თაობაზე არც კი მიფიქრია. რატომღაც მეგონა, რომ ისინი მის წაყვანას მოინდომებდნენ და ვაჭრობას გამართავდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა.

– შენ თავად თქვი, რომ გოგონა წინააღმდეგობას უწევდა. ხომ უნდა მიმხვდარიყავი, რომ იქ რაღაც სხვა ხდებოდა!

– ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მეც შემხვედრია ასეთი ქალი. შენთან ცხოვრობს და შემდეგ მოულოდნელად ჭირვეულობას იწყებს. ვიდრე ერთი-ორს არ წამოარტყამ, ვერაფერს შეაგნებინებ.

– იქვე დარჩით?

– არა. გზის გადაღმა მყუდრო ადგილი გვეგულებოდა. გოგო იქ გადავიყვანეთ. მეშინოდა, ის ბიჭები უკან არ მობრუნებულიყვნენ ან პოლიციაში არ განეცხადებინათ მომხდარის შესახებ.

– გოგონა წინააღმდეგობის გარეშე გამოგყვათ?

– ჰო, – თავი დაუქნია წულაიამ, – არ ვიცი რატომ, მაგრამ მან ჩათვალა, რომ მის დახმარებას ვცდილობდით. მადლობაც კი გადაგვიხადა.

– თქვენ კი ბარბაროსებივით მოექეცით და გააუპატიურეთ!

წულაიამ ვერ გაუძლო მირიანის წამონთებულ მზერას და თვალი აარიდა.

– ხვდები, როგორ შეიძლება, შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება ერთ წამში?! ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი თავდაყირა დგება. წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, მართლაც ადამიანურად რომ მოქცეულიყავით?! მართლაც დახმარებოდით იმ გოგონას და სახლში თუ არ მიიყვანდით, უბრალოდ, გაგეშვათ!

– ვხვდები... – გაუბედავად ჩაილაპარაკა წულაიამ.

– სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს დანარჩენი ძუძუმწოვრებისგან, მაგრამ, როგორც ვხედავ, შენთან ამაზე საუბარს აზრი არ აქვს! – მირიანმა პაუზა გააკეთა და მკაცრად განაგრძო, – ოთხივემ გააუპატიურეთ?

– ჰო... – დაუდასტურა წულაიამ.

– შენ თქვი, რომ ისინი, დაახლოებით, შვიდის ნახევარზე მოვიდნენ ზღვაზე. რამდენი ხანი დარჩა გოგო თქვენთან?

– ზუსტად არ მახსოვს. ოთხი ან ხუთი საათი. უკვე ჩამობნელებული იყო, როდესაც გავუშვით.

– და ამდენი ხანი... – ხმა გაებზარა მირიანს.

– ასე გამოვიდა, – მოიბუზა წულაია, – ის დამპალი წამალი მოსვენებას არ გვაძლევდა.

– ყოველივე ამის შემდეგ, გოგონა ზღვაზე მიატოვეთ და სახლებში წახვედით?

– სხვა რა უნდა გვექნა?! – გაიკვირვა წულაიამ.

– მართალი ხარ. შენი ბაგაჟის პატრონს, სხვა რა უნდა მოემოქმედებინა. რამის დამატება ხომ არ გინდა?

– არა... სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, – ჩაილაპარაკა წულაიამ.

– საკანში დააბრუნეთ და შემდეგი მოიყვანეთ ამოცნობისთვის! – ბრძანა მირიანმა.

ის იყო ბადრაგმა წულაია ოთახიდან გაიყვანეს, რომ ანას მობილურმა ტელეფონმა დარეკა. მან აპარატის ეკრანს დახედა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. ორიოდ წუთში კი უკან შემობრუნდა და კმაყოფილებით აღსავსე მზერა მიაპყრო მირიანსა და გიორგის.

– რა მოხდა? – ერთხმად ჰკითხეს მათ.

– ნონას დედა დამიკავშირდა. გოგონა გონს მოეგო და ექიმის თქმით, მასთან საუბარი შესაძლებელია.

– რომელი წახვალთ? – თანაშემწეები შეათვალიერა მირიანმა.

– მე! – სწრაფად თქვა ანამ, – გიოს მაინც არ უყვარს ასეთი საუბრები.

– მართალია, ანა წავიდეს, თორემ იმ დაკითხვის შემდეგ, უკან დავბრუნდები და ამ არაკაცებს სათითაოდ დავუხვრეტ შუბლს! – სერიოზული გამომეტყველებით თქვა გიორგიმ.

– კარგი... წავიდეს. აქ კი ჩვენ მივხედავთ საქმეს, – თავი დაუქნია მირიანმა, – მხოლოდ ერთი პირობით, ანა. საავადმყოფოში დიდხანს არ დარჩე. დღეს მთავარ პროკურორს საქმის თაობაზე სრული ანგარიში უნდა წარვუდგინო. უკვე გამაფრთხილა, რომ მასთან ყველა ერთად უნდა მივიდეთ.

– გასაგებია, – უპასუხა ანამ. შემდეგ კი ხელჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა.

* * *

ავტოსადგომთან მიახლოებულ ანას, მოულოდნელად გზა რამაზ დევიძემ გადაუჭრა. ის აშკარად აღელვებული ჩანდა.

– რამდენიმე წუთს ვერ დამითმობთ, – სთხოვა ანას.

– ძალიან მეჩქარება. თუ სასწრაფო საქმე გაქვთ, გიორგის დავურეკავ და ის შეგხვდებათ.

– არა... არა. ამ საკითხზე მხოლოდ თქვენ დაგელაპარაკებით!

– ხომ გითხარით, არ შემიძლია. საავადმყოფოში მელიან. დაზარალებული გონს მოეგო, – უპასუხა ანამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა.

– ვიცი... და სწორედ ამის თაობაზე მსურდა თქვენთან საუბარი, – სწრაფად დაადევნა რამაზმა.

ანა შემობრუნდა, გამომცდელად ჩააცქერდა სახეში და ჰკითხა:

– რა გაქვთ სათქმელი?

– ძალიან გთხოვთ, ბოლომდე მომისმინეთ და შემდეგ მითხარით თქვენი აზრი... – მძიმედ წამოიწყო რამაზმა, – სწორედ გამიგეთ. ჩემთვისაც მარტივი არ არის ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... მე, დევის და ზურას ამ საქმიდან გამოყვანის შესაძლებლობა გამოვნახე!

– მაინც როგორ?

– თქვენ ხომ კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი აიყვანეთ.

– დავუშვათ, – პირდაპირ პასუხს გაერიდა ანა, – რას ცვლის ეს?

– აიყვანეთ... ზუსტად ვიცი, რომ აიყვანეთ და ისიც ვიცი, თუ ვინ არიან ისინი.

– კიდევ ერთხელ გიმეორებთ: რას ცვლის ეს თქვენი ძმისთვის?

– რა მოხდება, დანაშაული მათ რომ აიღონ საკუთარ თავზე. მე ყველაფერს მოვაგვარებ. მათ მაინც აღარაფერი ეშველებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, „სროკზე” წავლენ. მაგრამ, მათ შეუძლიათ, თქვან, რომ დევი და ზურაბი დამნაშავეები არ არიან. ახალგაზრდები უბრალოდ ზღვაზე იმყოფებოდნენ. ისინი კი თავს დაესხნენ, გოგონა წაართვეს და გააუპატიურეს! – შემპარავად თქვა რამაზმა.

– ამას დაემატება რექტორატისა და მეზობლების დახასიათება და დევი და მისი მეგობარი უპრობლემოდ გათავისუფლდებიან! – შენიშნა ანამ.

– ამასაც მოვაგვარებ და თქვენც არ დაგტოვებთ პატივისცემის გარეშე. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ორით მეტი კაცი წავა ციხეში თუ – ნაკლები? მთავარი ისაა, რომ საქმე გაიხსნება.

– მაგრამ, რა მოვუხერხოთ ნონას? – ჰკითხა ანამ, – ამაზე თუ გიფიქრიათ?

– რა თქმა უნდა. ეს ცოტა რთული იქნება, მაგრამ, ამასაც მოვაგვარებ. დევი მასთან ქორწინებაზე თანახმაა.

– რა თქვით?! – მზერა გაეყინა ანას.

– ჰო... ისინი ოფიციალურად დაქორწინდებიან. რა თქმა უნდა, ერთად არ იცხოვრებენ. ნონა მისაღებს მიიღებს და რამდენიმე თვეში, ასევე ოფიციალურად დაშორდებიან ერთმანეთს.

– ნონა რომ არ დაგთანხმდეთ?

– დაგვთანხმდება. რა აქვს დასაკარგი. კარგი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. მომავალზე უნდა ვიფიქროთ და უპირველესად, ეს ნონას ეხება. მისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია. ის მიიღებს ქორწინებაში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს და იმ თანხას, რომელიც მომავალი ცხოვრების მოსაწყობად დასჭირდება. თქვენ კი...

– კმარა! – ცივად შეაწყვეტინა ანამ, – გულს მირევს ამ ნაბოდვარის მოსმენა. ჩემთვის უკვე გასაგებია, თუ ვის ჰგავს აზროვნებით შენი ძმა!

– მე ხომ გთხოვეთ, კარგად დაფიქრდეთ, თქვენს კოლეგებს მოეთათბიროთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება!

– მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება!

– რა გადაწყვეტილება?! – სწრაფად ჰკითხა რამაზმა.

პასუხად ანამ ხელი მოიქნია და სილა მთელი ძალით შემოჰკრა სახეში.

გაოგნებული რამაზი ინსტინქტურად გახტა უკან და ლოყაზე ხელი აიფარა.

– ესაა ჩემი პასუხი, არაკაცო!.. და კიდევ ერთი, ჩემს კოლეგებთან მსგავსი ბოდვით მისვლა არ გაბედო, თორემ ასე იოლად ვერ გადარჩები. არ ვიცი – რას მოიმოქმედებს მირიანი. გიორგი კი ულაპარაკოდ ჩაგაჭედებს ტყვიას თვალებშუა. გაითვალისწინე ეს! – ბრაზით მიუგდო ანამ, შემდეგ კი შებრუნდა და ავტოსადგომზე მდგარ მანქანას მიაშურა.   

скачать dle 11.3