კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა განხილვის საგანი ფოტოგრაფ გია ჯაველიძისა და ბუშის ერთობლივი ფოტო და რა გაუგებრობა მოხდა ორჯერ ფოტოგრაფსა და კონდოლიზა რაისს შორის

კინემატოგრაფიაში უამრავი პერსონაჟია შექმნილი, რომელთა ცხოვრებასაც ამა თუ იმ მხარეს, უმცირესი ნიუანსები – შემთხვევითობები მიაქანებს. ეს პატარა თავგადასავლებია, შენთვის სრულიად წარმოუდგენელ ვითარებაში რომ გაგდებს. წლების შემდეგ კი მას ზღაპარივით უყვები შვილიშვილებს. ფოტოგრაფ გია ჯაველიძის ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით, უცნაური შემთხვევებითა და გამართლებებით. უცნაურად ჩაცმული, მოტოციკლზე „ამხედრებული“, ჩიბუხიანი ფოტოგრაფისგან, სიმართლე გითხრათ, ასეთ საინტერესო მონათხრობს ნამდვილად ველოდი. 

 

 გია ჯაველიძე: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა სულ სხვადასხვა მიმართულებით – არა გეოგრაფიულად, არამედ თავისი შინაარსით. ასევე, ვარ „როტარი კლუბის – საქართველოს“ წევრი, რომელიც მსოფლიო „როტარი კლუბის“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შედის. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში შეკრებებია, სადაც „როტარიანელები“ რეპორტებს აკეთებენ. არაბულ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ძალიან თანამედროვეცაა, ამაყობენ და ინარჩუნებენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს. მათგან ზოგი ჩვენთვის მიუღებელია, ან უბრალოდ, არც ვიცით მისი არსებობის შესახებ. იყო ასეთი საინტერესო შემთხვევა, როცა მეგობართან  და მის ცოლთან ერთად, ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში ვიყავით. მის მეუღლეს სრული ფორმები აქვს და არაბს ისე მოეწონა, ტვინი გადაეკეტა: ფახ-ფახ ხანუმო, დასდევდა. არაბს ჩემი ცოლი ეგონა, რადგან წინ მივდიოდი და ვინც წინ მიდის, ის „პატრონია“. გადამეკიდა ეს არაბი, გინდა თუ არა, აქლემში გამიცვალეო. არაბეთში აქლემი ძალიან ძვირია. კარგი აქლემი შეიძლება, სამასი ათასიც კი ღირდეს. ჩემს მეგობარს ვუთხარი: აქლემში გვიცვლიან შენს ცოლს-მეთქი. მას კარგი იუმორი აქვს და მითხრა: ერთი აქლემი ცოტაა, ჩემს ცოლში იმდენი მაქვს დახარჯულიო. არაბმა – ორი აქლემი ბევრია, ერთ სახედარს დაგიმატებთო. სახედრები ჩვენც ბევრი გვყავს, აქეთ გაგიცვლი ქალებში-მეთქი. სახედართან ერთად ხალათსაც დაგიმატებთო. ბოლოს, ისე მომეწონა ის ხალათი, ცალკე ვიყიდე. 

– ქალებთან დაკავშირებით ბევრი წესი უნდა დაიცვა.

– უცხო ქალისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლება, რომ წაიქცეს ადგომაშიც ვერ მიეხმარები. ერთხელ ბაჰრეინში ვიყავით „როტარი კლუბის“ შეკრებაზე. მიღება იყო პრინცის სასახლეში. არაჩვეულებრივად – აღმოსავლურად ჩაცმული ბავშვები იყვნენ მეფის ოჯახის წევრები. ძალიან მომეწონა ეს ბავშვები, მეგობარს ვუთხარი აპარატს მოგცემ და მათთან ერთად სურათი გადამიღე-მეთქი. დავუძახე ყველას, ფოტო გადავიღოთ-მეთქი და შევატყვე, რომ გოგოები ცოტა მოშორებით დადგნენ. მივხვდი, კომპიზიციურად კადრში არ ეტევა, ხელი მოვკიდე და ცოტა ახლოს მოიწიეთ-მეთქი, ვუთხარი. არადა, ხელის მოკიდება ნიშნავს, რომ ცოლად უნდა მოიყვანო, სხვანაირად არ შეიძლება. გადაირივნენ კინაღამ. მერე აუხსნეს, რომ ეს გოიმია, ქაჯია, სოფლიდანაა ჩამოსული, ვერ ერკვევა სიტუაციებში და ამიტომ აპატიეთო. ხელს ქალს თუ კიდებ, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალზე რაღაც პრეტენზიები და უფლებები გაქვს. 

–  ქალს რომ მოეწონო, ამის გამოხატვის უფლება არ აქვს, ხომ?

– არა, რას ამბობთ. სხვათა შორის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ჩადრისა, ქალები, იქ თავს ბედნიერად გრძნობენ. ქაიროში რომ ვიყავი, თვალში მეცა ერთი რამ, თითქოს მთელი ქაირო დაუმთავრებელი მშენებლობებია. თურმე რა ხდება, მამაკაცს უფლება აქვს მოიყვანოს რამდენიმე ცოლი, მაგრამ არ აქვს უფლება, ყოველმა მომდევნო ცოლმა წინამორბედზე ცუდად იცხოვროს. ანუ, პირველის ხარჯზეც ვერ მოიყვანს მეორეს. თუ ერთ ცოლს ერთსართულიანი სახლი აქვს და ქმარს მეტი ფული არ აქვს, ის ტოვებს სახლში კოლონებს, რომ მეორე სართული მეორე ცოლისთვის დააშენოს, როცა ფულს იშოვის. სასწაულად მკაცრი კანონები აქვთ. მაგალითად, ოქროულობის მაღაზიაში შეხვედი, რომელიც ძალიან პატარაა, სულ პატარა დახლით და ბევრი ნოხით, რომლებზეც სამკაულები ჰკიდია. მაღაზიაში რომ შეხვალ, უბრალოდ რომ შეხედო რაღაცას, გამყიდველი წამში ჩამოიღებს და ჩამოგკიდებს ამ სამკაულს. თხუთმეტ წუთში ოქროებით ხარ ასხმული და თან, ის გიმტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ულამაზესია და უნდა იყოდო. ამასობაში მოლა იწყებს კივილს, თავიანთ პატარა ნოხებს იღლიაში ამოიდებენ და სალოცავად გარბიან. შენ კი ასე, თავის მაღაზიაში ოქროებასხმულს გტოვებენ. 

– და შეგიძლია, ამ ოქროებით გაიქცე...

– რომ გაიქცე და ვინმემ თქვას: აი, ეს ქურდიაო, ეგრევე გაჭრიან ხელს, იქვე, ყოველგვარი სასამართლოსა და გარკვევის გარეშე. ჭრილობაზე, ნაცარს გაყრიან, რომ სისხლდენა შეწყდეს და დამთავრდა ამით ლაპარაკი. ამის გამო ქურდობა იქ ნაკლებად არის. 

– ამერიკაშიც ბევრი უცნაურობა გაქვთ გადახდენილი.

– კი, ამერიკაში ვახლდი მიშა სააკაშვილს, რომ მისი ყველა ოფიციალური შეხვედრა დამეფიქსირებინა. პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრამდე, ძალიან ბევრი შეხვედრა იყო მინისტრებთან. ყველა ოთახში იდგა პატარა მაგიდა, წყალი, ყავა – ჩაისთვის და ზანგი ქალი თეთრი საყელოთი, რომელიც გვემსახურებოდა. მერე იწყებოდა საუბარი. ასეთ ოფიციალურ დონეზე პირველად ვარ. მიშა ძალიან სწრაფად დადის, ამიტომ მე უნდა ვირბინო, რომ გავასწრო და წინიდან გადავიღო. თუ ჩამოვრჩებოდი, ვეღარც ვიპოვიდი. ამიტომ, შეხვედრების პროტოკოლს ზეპირად ვსწავლობდი, რომ თუ დავკარგავდი, მეპოვა. შეხვედრაა ბუშთან. ჩამოწერილია ვინ ესწრება შეხვედრას. მერე გაირკვა, რომ პროტოკოლში არიან ისინი, ვინც შეხვედრას ოფიციალურად ესწრებიან, მაგრამ არიან პროტოკოლის გარეშეც. გაწერილი ორმოცი წუთის ნაცვლად, შეხვედრა ორ-საათნახევარი გაგრძელდა. პატარა მაგიდა იყო ოვალურ კაბინეტშიც, საშინლად დავიღალე, დამცხა, მომწყურდა და ზანგ ქალს დავუძახე, ფორთოხლის წვენი, თუ შეიძლება-მეთქი. მან ძალიან წყნარად დამისხა წვენი და მომაწოდა. ვიღებ გაქაფული, ვმუშაობ, ის კი ამ წვენის ჭიქით დამსდევს კუდში. როგორც იქნა, გამოვართვი, დავლიე და დავუბრუნე (იცინის).

– ბეჭებზეც ხომ არ მიარტყით ხელი?

– არა, სხვაგან, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. შეხვედრა იმდენად ფამილარულ და უშუალო სიტუაციაში გაგრძელდა, რომ მე გამოვიჩინე თავხედობა და ბუშს ვთხოვე, თუ შეიძლება, თქვენთან ფოტოს გადავიღებ-მეთქი. იმ ქალს, მე რომ ოფიციანტი მგონია, ვთხოვე, იქნებ ფოტო გადაგვიღო-მეთქი. ეს ქალი კონდოლიზა რაისი აღმოჩნდა, რომელიც იმ პერიოდში ბუშის მრჩეველი იყო. მეორე დილით, ექვს საათზე მირეკავენ და მეუბნებიან, ტელევიზორი ჩართე, ყველა შენზე ლაპარაკობსო: „ფოტო ბაი კონდოლიზა რაის,“ – ასეთი სიუჟეტი ჰქონდათ. არადა, პროტოკოლით რაისთან შეხვედრა უკვე მეორე დღეს გვქონდა. სულ პატარა ოთახი იყო, სადაც ხელის ჩამორთმევა უნდა გადამეღო და წამოვსულიყავი. შემოდის ეს „ოფიციანტი“, ქაღალდებში იქექება, აჩქარდით-მეთქი, ვეუბნები. არ ვიცოდი, ვინ იყო. ამას ძალიან დიდი ამბავი მოჰყვა საქართველოშიც – როგორ შეიძლებოდა ასე მოქცევაო, ნეტავ, ახლა რომელიმე მათგანმა თუ იცის, ობამას რომელიმე მრჩევლის სახელი და გვარი ან როგორ გამოიყურება (იცინის). ეს სურათი დღემდე საამაყოდ მაქვს. სხვათა შორის, რაისი რომ თბილისში ჩამოვიდა, იმ შეხვედრასაც ვიღებდი. სასტუმროში შემოდის კონდოლიზა რაისი და ვეუბნები, მიცანით-მეთქი და კიო. გთხოვთ, იმ ფოტოზე ავტოგრაფი გამიკეთეთ-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან უშუალო ადამიანია. ჩვენთან, რამეს რომ აღწევენ, ადამიანობას კარგავენ, იქ კი თანამდებობა ადამიანს არ ცვლის, თუ უშუალო ადამიანია, ბოლომდე უშუალოა და თუ ვირია, ბოლომდე – ვირი. ავტოგრაფზე უარი არ მითხრა, ვიღაცას დაუძახა და უთხრა: ავტოგრაფის საქმე მოაგვარეო. თანაშემწემ ყველაფერი ჩაიწერა და ორ კვირაში კარზე ზარია – პაკეტი თეთრი სახლიდან. ვხსნი პაკეტს, ბუშის დიდი ფოტო წარწერით: „საუკეთესო სურვილებით.“ მან, როგორც ჩანს, არასწორად გაიგო, იფიქრა, ბუშის ავტოგრაფი მინდოდა (იცინის). შევიდა ბუშთან, ალბათ, და უთხრა: აი, ის თავხედი ფოტოგრაფი რომ იყო, ახლა ავტოგრაფიც უნდაო. ორივე ფოტო სახლში მაქვს (იცინის). 

– კონდოლიზასთან ფოტო არ გაქვთ?

– არა, ბუშს ვერ ვთხოვე გადამიღეთ-მეთქი. ის ვიცოდი ვინ იყო (იცინის). სამაგიეროდ, ფოტო მაქვს ნიუ-იორკის მთავარ რაბინთან, რომელიც ძალიან გავლენიანი ადამიანია და თუ მსოფლიო პოლიტიკას არ წყვეტს სერიოზულად ერევა გადაწყვეტილებებში. თბილისში, „შერატონში“ მსოფლიო რაბინებს შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც პრესაში არ უნდა გახმაურებულიყო. დამირეკეს, რომ ერთი ჯგუფური ფოტოა გადასაღებიო. ამ დროს სარეკლამო დაკვეთა მაქვს ჩასაბარებელი და ვხვდები, რომ იქ დამთავრებისკენ არაფერი მიდის. ავიღე ჭიქა, დავაკაკუნე და თუ შეიძლება, სურათისთვის შეიკრიბეთ, ერთი ღიმილი მაჩუქეთ და თავს დაგანებებთ-მეთქი. ნიუ-იორკის რაბინმა გაიგო და იკითხა: ეს ვინ არისო. ორგანიზატორმა უპასუხა, ეს ჩვენი თავხედი ფოტოგრაფია, პრეზიდენტთან მუშაობს და კონდოლიზა რაისს ბუშთან ერთად ფოტო გადააღებინაო. ეს გავიგონე და ვუთხარი, დიახ და ხომ ხედავთ, კონდოლიზა რაისი დააწინაურეს და ბუში მეორე ვადით აირჩიეს-მეთქი. მას კარგი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და მეუბნება: შეიძლება, თქვენთან სურათი გადავიღოო?! რა თქმა უნდა, გადავიღეთ. დედაჩემს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ძალიან უხარია, როცა მეფეებთან და ასეთ ცნობილ ხალხთან, ჩემს ფოტოებს ნახავს და მეც ვუგზავნი. გავუგზავნე ეს სურათიც და დაკიდა კედელზე ბუშთან, ბაჰრეინის სულთანთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოებთან ერთად. დედას ურთიერთობა რუსულენოვან მოსახლეობასთან აქვს, რომელთაგან უმრავლესობა ებრაელია. ერთხელ სტუმარი ჰყავს და ეკითხება ამ ფოტოზე: ეს ვინ არისო? ეს ნიუ-იორკის მთავარი რაბინიაო. ეგ კი ვიცი, მეორეზე გეკითხებიო. ეს ჩემი შვილიაო, – უთხრა დედაჩემმა. სტუმარმა დაუბარა: ამა და ამ დღეს გამოგივლი და ამ სურათით წამოდიო. სიეტლში თურმე ებრაელების დიდი საზოგადოებაა, სადაც დედა მიიყვანეს და პატივისცემის ნიშნად, ყოველკვირეულად უამრავ პროდუქტს აძლევენ.

– უცნაურად ეწყობა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი.

– ერთხელ ბაჰრეინში ვიყავი. იქ ნაციონალური სამოსი ვიყიდე – არაბული კაბა თავისი ჩალმით და ყველაფრით, იქვე ჩავიცვი და გამოვედი. სამიათასკაციანი კონფერენციაა, ოცდაოთხსაათაინი „კოფი ბრეიკით“ და მოკლედ, დიდი ჟრიამულია. სხვა არაბული ერებისგან განსხვავებით, ბაჰრეინში იცავენ იერარქიას. ქვეშევრდომი ცოტა წელში მოხრილიცაა და უფროსს თვალებში უყურებს. დარბაზიდან გამოვიდა მეფის ძმა, რომელსაც მოჰყვებოდა მთელი ამალა. ამალის წევრთა ნახევარს კოსტიუმები ეცვა, ხოლო ნახევარს – ნაციონალური სამოსი. მიდის პრინცი წინ, გვერდით არ იყურება, ყველა წელში მოიხარა და თავი დახარა. მოულოდნელად პრინცი გაჩერდა, უცებ მოტრიალდა და წამოვიდა ჩემკენ. პირდაპირ მიყურებს და მოდის. ცოტა შემეშინდა. მეკითხება ვინ ხარო, ავუხსენი საქართველოდან ვარ, ფოტოგრაფი „როტარიანელი“-მეთქი. კარგია და ეს ტანსაცმელი რატომ გაცვიაო?! ვუთხარი, ჩვენთან ასეთი ანდაზაა, სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და მეც პატივისცემის ნიშნად გადავწყვიტე, რომ თქვენი ნაციონალური სამოსი ჩავიცვა-მეთქი. უცებ ამალას მიუბრუნდა და ეუბნება, თქვენ ხართ არაბებიო?! აი, კაცი, ჩამოვიდა საქართველოდან, ჩვენ კულტურას, ტრადიციებს პატივს სცემს და თქვენ კიდევ კოსტიუმები ჩაგიცვამთო. (იცინის) ამ კაცმა ამოიღო ვიზიტკა, მომცა, ხელი ჩამომართვა და წავიდა. უცებ ოცი კაცი მაინც მოვიდა და რადგან უფლისწულმა ხელი ჩამომართვა ხელზე თავი დამადეს.

 კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. ათონის მთაზე ვარ. დიდად ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩევი, თუმცა იქ მოხვედრა ყოველთვის ძალიან მინდოდა. ვიყავი ივერიონში, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატია და ძალიან მაინტერესებდა მისი ნახვა. მთელი მსოფლიოდან მოსულები არიან მომლოცველები, უზარმაზარი რიგია. სენაკში ერთ გერმანელთან ერთად ვცხოვრობდი. ის ჩემ წინ წავიდა, ილოცა, გავიდა და დამელოდა. რომ მივედი, ლოცვის მაგივრად, დავიწყე ხატის თვალიერება – როგორ მოსდის მირონი, როგორი შესრულებულია... შევნიშნე, რომ ხატის ქვეშ გაბმულია ძაფი და მასზე შებმულია ბეჭდები, სამკაულები, ჯაჭვები... ერთადერთი, რაც მქონდა, საათი იყო, დიდი-დიდი, ასი დოლარი ეღირებოდა. ვიფიქრე, აქ კიდევ როდის მოვხვდები და დავტოვებ ამ საათს-მეთქი. მეორე დილით, გამთენიისას უნდა დავტოვოთ ათონი. ვიღვიძებ და გერმანელს ვეკითხები, ხომ არ ვაგვიანებთ, რომელი საათია-მეთქი. უცებ მომიბრუნდა და მეუბნება, საერთოდ არ მიძინიაო. რა მოხდა, ხომ კარგად ხარ-მეთქი. ასეთ რამეს მეუბნება: მთელი ღამე ვფიქრობდი, რა ვქნა, არადა ბუნებით ღორი არ ვარ. დაგინახე, საათი რომ შესწირე. არადა, მე რომ ვილოცე, ჩემს გონებამდე და გულამდე ვერ მოვიდა, იქ რამე დამეტოვებინაო. არ ვიცი, გამოსავალი როგორ მოვძებნო და ასეთი რამ მოვიფიქრე, თუ ამაზე დამთანხმდები, მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნებიო. მე გაჩუქებ ჩემს საათს და ვითომ ის შენი საათი, მე და შენ ერთად ვაჩუქეთო. კარგი-მეთქი, ვუთხარი. გავიკეთე საათი. ეს კაცი გაბადრული, ბედნიერია. გათენდა და დავიხედე, აღმოჩნდა, რომ საათი არის „ბრეტლის“, ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული ფირმის. ამაზე ვხუმრობ, „ბრეტლის“ საათი ღვთისმშობელმა გამომიგზავნა-მეთქი. 

скачать dle 11.3