კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს გამოცდების ცენტრი ბრმად მოპასუხე აბიტურიენტების 5-6 პროცენტამდე შემცირებას და სხვა რა სიახლეებს სთავაზობს გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს

2014 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელით. კერძოდ, არა მხოლოდ კიდევ ერთი არჩევითი საგნის დამატების სახით (რომელიც უმაღლესი სასწავლებლის არჩევით, შესაძლოა, დამატებითი გახდეს), არამედ, ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის აწევაც და სავარაუდო პასუხების გაზრდაც. ასევე, ცვლილებებია უცხო ენის საგამოცდო ტესტშიც. რატომ გახდა აუცილებელი ზემოჩამოთვლილი ცვლილებების განხორციელება (თუმცა მე ამთავითვე დარწმუნებული ვარ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის ყველა საგანში საკმაოდ დაბალია და მეტად უხერხულიც მისთვის, ვისაც პროფესიონალად სურს ჩამოყალიბება)? –  ცვლილებების არსსა და მოტივებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაგვაცნობს.

 

– რა სიახლეებს უნდა ელოდონ აბიტურიენტები 2014 წელს ეროვნულ გამოცდებზე?

– ერთ-ერთი სიახლე გახლავთ ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებს არჩევითი გამოცდების ჩამონათვალში ვთავაზობთ კიდევ ერთ გამოცდას –  ხელოვნებას, ბუნებრივია, ეს ნებაყოფლობითია და უმაღლესმა სასაწავლებელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა კონკრეტულ მიმართულებაზე, მაგალითად, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სავალდებულოდ გამოაცხადოს თუ არა ეს გამოცდა, და, თუ აბიტურიენტი ამ კონკრეტულ პროგრამას აირჩევს, მოუწევს ხელოვნების გამოცდის ჩაბარება. ჩემი აზრით, ძალიან კარგი სიახლეა, იმიტომ რომ, თუნდაც, შემოქმედებით უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ჩვენი კონკურსის წესით ირიცხებიან აბიტურიენტები, ექნებათ საშუალება, აირჩიონ საგამოცდო საგნად არა ისტორია ან გეოგრაფია, არამედ –  გამოცდა ხელოვნებაში.

– ეს იქნება ჩვეულებრივი, მეოთხე გამოცდა?

– დიახ, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი გამოაცხადებს წინასწარ. მეორე სიახლე ეხება უცხო ენის გამოცდას. წელს გადავწყვიტეთ, მას მოსმენის ნაწილი დავუმატოთ, თუმცა პირველ  ეტაპზე იქნება ძალიან მარტივი ბლოკი, სულ 10-12 წუთი დასჭირდება აბიტურიენტს ამ დავალების შესასრულებლად. ამით დაიწყება გამოცდა და შემდეგ გაგრძელდება.

– ყველანი ერთად მოისმენენ ტექსტს?

– დიახ, ტექსტი ორჯერ გამეორდება, შუალედში იქნება პაუზა, პასუხების ფურცელში კი მოცემული იქნება სავარაუდო პასუხები. მგონია, რომ ძალიან კარგი და აუცილებელი სიახლეა. წლების განმავლობაში ჩვენ არ ვამატებდით უცხო ენის გამოცდას ამ მესამე ნაწილს, თუმცა მეოთხე ნაწილიც არსებობს –   მეტყველება, რის დამატებისგანაც ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ მომავალ წელს მოსმენის ნაწილით დავიწყებთ. დავალებები იქნება უფრო მარტივი, ვიდრე სახელმძღვანელოებშია მოცემული. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ოთხივე კომპონენტს: წერას, კითხვას, მოსმენას და მეტყველებას, ერთი და იგივე წონა აქვს მინიჭებული. ასე რომ, ისეთივე მნიშვნელოვანია მოსმენა და მეტყველება, როგორც წერა და კითხვა. მაგრამ ამ წლების განმავლობაში სულ იყო საუბარი იმაზე და ჩვენც ვთანხმდებოდით, რომ, რადგან უცხო ენა სავალდებულო გამოცდაა და განსაკუთრებით, რეგიონების სკოლებისთვის რთული იყო მისი ჩაბარება, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაბალი გვქონდა. ზღვარი მომავალ წელსაც იგივე დარჩება მესამე კომპონენტის  დამატების შემდეგაც. გაუმართლებელი იქნებოდა, ფიქრი არ დაგვეწყო უცხო ენის გამოცდაში მესამე კომპონენტის შეტანაზე. ჩატარდა აპრობაცია, პილოტირება, ჩავრთეთ სოფლის სკოლებიც და მე და ჩვენი ჯგუფი ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ნაწილი ნამდვილად არ იქნება სერიოზული ბარიერი ჩვენი აბიტურიენტებისთვის, მით უმეტეს, რომ 100-ქულიან ტესტში მესამე, მოსმენის, კომპონენტს მხოლოდ 8 ქულა აქვს დათმობილი და დიდად არ იმოქმედებს ბარიერის გადალახვაზე. საგამოცდო დროც შესაბამისად გაიზრდება. პირადად მე არ მგონია, რომ ჩვენი აბიტურიენტებისთვის ეს რთულად დასაძლევი იქნება. ამ ეტაპზე მცირე წილით შედის მესამე კომპონენტი ტესტში.

– მაგრამ მომავალში მისი წილი გაიზრდება?

– ბუნებრივია, წესითა და რიგით, უნდა გაიზარდოს და ის ტექსტები, რომლებსაც გამოვიყენებთ მოსმენის ნაწილისთვის, იქნება უფრო მარტივი, ვიდრე სახელმძღვანელოშია მოცემული.

– ეს ყოველთვის ასე იქნება თუ მხოლოდ ამჯერად?

– ამჯერად, პირველ ეტაპზე. ამ გადაწყვეტილებას მომზადებულები შევხვდით, ყველა სკოლას დაურიგდა „სიდიზე“ ჩაწერილი სავარჯიშო მასალა.

– საჯარო სკოლებში არის „სიდის“ ჩანაწერის მოსმენის საშუალება?

– ამას ელემენტარული რამ სჭირდება: თუნდაც, იაფფასიანი მაგნიტოფონი, თუ ამისთვის რომელიმე სკოლაში არ არის მოწყობილი სპეციალური კლასი. ჩვენს ვებზეც არის განთავსებული სავარჯიშო მასალები და აბიტურიენტებს შეუძლიათ, იქ ივარჯიშონ. ვიმეორებ, სკოლას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ მოსწავლეებს ხელი შეუწყოს გამოცდისთვის მომზადებაში.

– თან, ჩვენ ვიცით, რომ სკოლაში ნასწავლი უცხო ენით არ გადიან აბიტურიენტები გამოცდებზე.

–  გეთანხმებით, ოღონდ, ვიმეორებ, ყველა სკოლას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ეროვნული სასწავლო გეგმა და, ეროვნულ სასწავლო გეგმაში თუ ჩაიხედავთ, ოთხივე კომპონენტს ერთი და იგივე წონა აქვს მინიჭებული. გასაგებია, რომ სკოლების გარკვეული რაოდენობა თავს არიდებდა, მიექციათ ყურადღება მოსმენის კომპონენტისთვის, მაგრამ, ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ უცხოურ ენაში შეფასება არასრულყოფილია, თუ ამ ორ კომპონენტს არ დაემატება დანარჩენი ორიც, რაც მასწავლებლების გამოცდებზე გვაქვს. თავის დროზე, დიდი წანააღმდეგობა იყო პედაგოგების მხრიდან, როდესაც მოსმენისა და მეტყველების კომპონენტები შევთავაზეთ.

– რა უცნაურია, უცხოური ენის მასწავლებისგან მეტყველების და მოსმენის კომპონენტის გაპროტესტება.

– მაგრამ, საბოლოოდ, პედაგოგებიც და ყველანიც მივედით დასკვნამდე, რომ, უპირველესად, პედაგოგისთვისაა უმნიშვნელოვანესი, შეუფასო ეს ორი კომპონენტი. როდესაც აბიტურიენტი კონკურსში იღებს მონაწილეობას და ჩვენს ორგანიზაციას პრეტენზია აქვს, რომ მეტნაკლებად სრულყოფილად ვაფასებთ კონკრეტულ საგანში აბიტურიენტს, არ შეიძლება, შევთავაზოთ ნახევრად სრულყოფილი ტესტი. ეს ფაქტორი გავლენას იქონიებს სკოლებზეც. ისინი უფრო გააქტიურდებიან, რომ ინტენსიურად გამოიყენონ ჩვენ მიერ მომზადებული სახელმძღვანელო მასალები, რომ გააზრების უნარი სათანადოდ ჩამოუყალიბონ მოსწავლეებს. მაგრამ, რადგან პირველი წელია, ტესტის ეს ნაწილი იქნება ძალიან მარტივი და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს აბიტურიენტისგან.

– რას დააკლდება ის 8 ქულა, რაც მოსმენის კომპონენტისთვისაა განსაზღვრული 100-ქულიან ტესტში?

– უცხოური ენის ტესტმა მოდიფიკაცია განიცადა და ამის შესახებ აბიტურიენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია. უფრო ზუსტად, კრებულები მზად არის და დიდი ხანია, ველოდებით საგამოცდო პროგრამის დამტკიცებას სამინისტროსგან. დამტკიცდება თუ არა, მასალა განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ყველა იხილავს. ტესტის ნიმუშებიც იქნება და დეტალური ინფორმაცია, თუ როგორი მოდიფიკაცია განიცადა სხვა ტიპის დავალებებმა და რის ხარჯზე მოხდა ამ 8-ქულიანი მოსმენის ნაწილის შეტანა უცხო ენის საგამოცდო ტესტში.

–  როგორც ვიცით, ასევე, იზრდება სავარაუდო პასუხების რაოდენობა ზოგადი უნარების ტესტში. მხოლოდ ეს ცვლილებებია უნარების გამოცდაში?

– სავარაუდო პასუხების რაოდენობას აუცილებლად გავზრდით იქ, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა, ტესტური დავალების ტიპიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში სავარაუდო პასუხების გაზრდა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვებრძოლოთ ბრმად მოპასუხეობას.

– დათვლილია, რომ სავარაუდო პასუხების რაოდენობის გაზრდა მინიმუმამდე დაიყვანს ბრმად პასუხის გაცემით ფონს გასვლის ალბათობას?

– დიახ. ჩვენ მოვიარეთ აღმოსავლეთის რეგიონები, ამ კვირაში დასავლეთსაც მოვივლით, შევხვდით ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელს და ამ შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ გვესმის, რა უნდა შეიცვალოს ზოგადი უნარების გამოცდაში და ძალიან კარგი იქნება, რომ ეს განვახორციელოთ.

– რატომ გადაწყვიტეთ, ანალიზმა აჩვენა, რომ ვარაუდით პასუხების გაცემით გასტუდენტებურთა რაოდენობა ბევრია?

– ეს საშიში არ იქნებოდა, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი რომ არ ყოფილიყო 25 პროცენტი. იმიტომ რომ კონკრეტულად ამ ფორმატის ტესტთან მიმართებაში, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ არჩევითპასუხიანი დავალებები გვაქვს, შემთხვევით შემოხაზვის ალბათობა 25 პროცენტია და ძალიან ცუდია, როდესაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ემთხვევა ამ მაჩვენებელს. 2005 წელს, როდესაც პირველად ჩავატარეთ ეროვნული გამოცდები, სრულიად არაფრის მთქმელი და სიმბოლური ბარიერი გვქონდა, მაგრამ იმთავითვე ითქვა, რომ  აუცილებლად გაიზრდებოდა ზღვარი და ეს პრობლემური იყო სწორედ ზოგადი უნარების გამოცდისთვის. რადგან სხვა გამოცდებში, ძირითადად, ღია დავალებები გვაქვს. 2006 წელს ზოგადი უნარების ბარიერი 25 პროცენტი გახდა და ამაზე გავიყინეთ.

ძალიან მარტივად მინდა, აგიხსნათ: თქვენ იცნობთ საკონკურსო ქულის გამოყვანის პროცედურას, თუ საგამოცდო ტესტების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ვიყენებთ ეგრეთ წოდებული სკალირების მეთოდს, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამართლიანობა და არ დაიჩაგროს ის აბიტურიენტი, რომელსაც ტესტის შედარებით რთული ვარიანტი შეხვდა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ტესტი თანაბარი სირთულის იყოს. რადგან კონკურსსა და ქულის მეათედებსაც მნიშვნელობა აქვს, გვინდა, რომ სკალირების პროცედურით დავაბალანსოთ ტესტებს შორის სირთულის მიხედვით განსხვავება. მაგალითად, შარშან ზოგადი უნარების ტესტის მესამე ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული, ვიდრე სხვა ვარიანტები და თავიდანვე რომ გამოგვეყენებინა სკალირების პროცედურა და არა ბარიერგადალახული აბიტურიენტების შემთხვევაში, მაშინ მესამე ტესტის 20 ქულა, რომელიც ჩაჭრას ნიშნავს, რეალურად გაუთანაბრდებოდა სხვა ვარიანტების 22 ქულას. ამიტომ, ბუნებრივია, 20-ქულიანი აბიტურიენტები, რომლებსაც მესამე ვარიანტი შეხვდათ, დაიჩაგრნენ, მაგრამ, რადგან შემოხაზვის ალბათობა კომპტენციის მინიმალურ ზღვარს უტოლდება, იძულებულები ვართ, ერთ ქულაზე გადავჭრათ. იმიტომ რომ არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ დააგროვა ეს ქულა აბიტურიენტმა, თავისით თუ შემთხვევით შემოხაზა პასუხები და მხოლოდ ამის ხარჯზე გადალახა ბარიერი. ასე რომ, რათა არა ნედლ ქულაზე, არამედ გაიგივებულ ქულაზე გავავლოთ ხაზი, აუცილებელია ოდნავ მაინც აიწიოს ბარიერი ზოგადი უნარების ტესტში და ამისთვის საკმარისია 3 ქულაც კი. ანუ წინა წლებში, თუ იყო 20 ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მომავალ წელს შესაძლოა, გახდეს 23 ქულა.

– სირცხვილიც კი არის, როდესაც მინიმალური კომპეტენციის ზღვრად 20-სა და 23 ქულაზე ვსაუბრობთ. 

– რა თქმა უნდა, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ პრობლემებს. წელს მშობლებს, რომელთა შვილებმა გადალახეს ბარიერი და ვერსად ჩაირიცხნენ, გაუჩნდათ პრეტენზიები. თუ საზოგადოებას სჭირდება, ოღონდ სადმე ჩაირიცხონ აბიტურიენტები და არ აქვს მნიშვნელობა, სად, რაც ჩემთვის მიუღებელია, იქნება ისე, როგორც მოითხოვს.

– უკვე გადაწყვეტილია, რომ ზოგადი უნარების ტესტში ბარიერი 23 ქულამდე გაიზრდება?

– მე მინდა ყველას ავუხსნა, რა პრობლემაა: როდესაც ნედლ ქულაზე ვაწესებთ ბარიერს, უსამართლოდ ვექცევით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტესტის შედარებით რთული ვარიანტი შეხვდათ, მაგრამ, თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ ეს უსამართლობა, შევინარჩუნებთ, ოღონდ გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ. ყოველ შემთხვევაში, ტენდენცია იქითაა და ამ შეხვედრებზე ყველამ ძალიან კარგად გავიგეთ, რომ ბარიერის გაზრდა აუცილებელია და, სავარაუდოდ, ბარიერი ზოგადი უნარების გამოცდაში გაიზრდება 23 ქულამდე, ყველა გამოცდაში კი ხაზის გავლება მოხდება გაიგივებულ ქულებთან. მაგალითად, თუ აბიტურიენტმა 24 ქულა მიიღო, ის აუცილებლად დარჩება კონკურსში, მაგრამ, ასევე, შესაძლებელია, 23-ქულიან აბიტურიენტებსაც მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ მათ შედარებით რთული ვარიანტი შეხვდათ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდება ბრმად მოპასუხე აბიტურიენტების რიცხვი, 5-6 პროცენტამდე.

– ახლა რამდენია?

– 30 პროცენტი, ანუ 1 000 აბიტურიენტიდან 300-ზე არ გვაქვს წარმოდგენა, რა დონის ცოდნა აქვთ.

– მაგრამ ვიცით, რომ ქუდბედიანები არიან.

– 30 პროცენტი ძალიან დიდი ციფრია და თუ ამ ყველაფერს განვახორციელებთ, ეს მაჩვენებელი 5-6 პროცენტამდე დაიწევს; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაიჩაგრებიან ის აბიტურიენტები, რომელთაც მოუწიათ ტესტის შედარებით რთული ვარიანტის დაწერა და მიჯნაზე მყოფ აბიტურიენტებსაც გაუჩნდებათ შანსი. გააგრძელონ კონკურსში მონაწილეობა. გაიგივებულ ქულაზე ხაზის გავლება ეხება ყველა გამოცდას, ოღონდ ზოგადი უნარების შემთხვევაში, იმის გამო, რომ იქ მხოლოდ არჩევითპასუხიანი დავალებებია, ნამდვილად აუცილებელია, თუდნაც, მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით აიწიოს ბარიერმა.

скачать dle 11.3