კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

მოდი, ვილაპარაკოთ

ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალება დიალოგია. თუმცა, ყველა როდი ფიქრობს ასე და, სანამ შესაფერის სიტყვებს იპოვიან, მარტივად ხელის აქნევა ურჩევნიათ. შედეგზე ამ დროს ვინ ფიქრობს?! ისედაც, კაცები ნაკლებად ფიქრობენ საკუთარი საქციელის შედეგებზე. პასუხისმგებობის ნაკლებობაა ამის მიზეზი თუ, უბრალოდ, არაჯანსაღი ამბიცია, ამის გარკვევას აზრი არა აქვს. ფაქტია, რომ ჩხუბი და მუშტი-კრივი, ანუ, ძალისმიერი მეთოდებით ურთიერთობის გარკვევა დღემდე აქტუალურია...

***

ნინიმ უყურადღებოდ დახედა აწრიალებულ მობილურს. კლიენტი ჰყავდა და პასუხის გაცემას არ აპირებდა, მაგრამ, თვალებს არ დაუჯერა... გიგი რეკავდა. მისი ნომერი ისევ სახელით ჰქონდა შეტანილი ტელეფონში, რაც ყოველგვარ შეცდომას ან გაუგებრობას გამორიცხავდა. შეშფოთება დაეტყო. მოუსვენრად აწრიალდა და ათრთოლებული თითები ძლივს დაიმორჩილა. როგორც კი კლიენტი გაუშვა, ლიზასთან მივარდა და მობილური ცხვირთან მიუტანა.

– რა მოხდა, მშვიდობაა? ქეთის ქმარი ხომ არ დაგვესხა თავს? – სიცილით ჰკითხა ლიზამ.

– უარესი... – ხელები აიქნია ნინიმ, – უარესი.

– ოჰო! უარესი რა შეიძლება იყოს? თომას ნაცემის არაფერი ეტყობა, ზის და, ბედნიერებისგან გასხივოსნებული, შენი ცქერით ტკბება.

– რა შუაშია თომა, სხვა პრობლემა მაქვს – გიგი გამოჩნდა.

ლიზამ თვალები მოჭუტა:

– გიგი... გიგი... ერთი, გამახსენე ეგ სუბიექტი, მეხსიერება მღალატობს. მითხარი, ვინ არის?

– გეყოფა, სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე. შეხედე, ხელებიც კი მიკანკალებს. რა ჯანდაბა უნდა, რისთვის დამირეკა?

– აბა, რა გითხრა, გეპასუხა და გაიგებდი.

– რომ არ მინდა?

– მაშინ, დაიკიდე. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები.

– ეგ ტყუილად არ დარეკავდა. ახლა, ამ „მოწმენდილ ცაზე“ რატომ გავახსენდი?

– გეუბნები, დაიკიდე-მეთქი.

 – არ შემიძლია, – ამოიოხრა ნინიმ, – შეხედე, ისევ რეკავს... ვაიმე, რა ვქნა?

– ნინი, პანიკაში ნუ ვარდები. თუ ასე განიცდი, მომეცი ეგ ტელეფონი და მე ვუპასუხებ.

ნინი შეყოყმანდა:

– არა! მგონი, აჯობებს, არ ვუპასუხო... მობეზრდება და გაჩერდება. მთავარია, მე შევინარჩუნო სიმშვიდე.

– საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობ იმაში, რომ ეგ ტიპი აღარ გაინტერესებს, მაგრამ, რეალურად ასე არ არის.

– აღარ მაინტერესებს, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ნინიმ, უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად.

ლიზამ მხრები აიჩეჩა:

– შენზეა ნათქვამი – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“. აღარ მაინტერესებსო, ამბობ და გაფითრებული კანკალებ. ასე არ გამოვა. იცოდე, თომაც შეამჩნევს, რომ რაღაც ისე არ არის.

– თომამდე არ უნდა მივიდეს ეს ამბავი. არაფერი თქვა, გეხვეწები!

– მე რა უნდა ვთქვა, ხომ არ გაგიჟდი? მაგრამ, ისე იქცევი, გაიყიდები.

– ვნერვიულობ და რა ვქნა? – გამოტყდა ნინი.

– ნუ ნერვიულობ. იცი, რა... მოდი, თუ კიდევ დარეკავს, უპასუხე...

– რა პონტში?

– იმ პონტში, რომ ტვინი არ გიბურღოს. ეტყობა, რაღაც აქვს სათქმელი და მიეცი საშუალება, გადმოაფრქვიოს ვნებიანი, დაფარული...

– რა მშვენიერ გუნებაზე ხარ, ყველაფერზე შეგიძლია „კაიფი“. ორსულობას დავაბრალებდი, მაგრამ, ადრეც ასე იყავი.

– რა არის იმაში ცუდი, რომ სულ კარგ გუნებაზე ვარ?! შენსავით ცხვირ–პირი რომ ჩამომტიროდეს, გაცილებით უარესი იქნებოდა. უარესად დაგსტრესავდი – მეტი კი არ უნდა დეპრესიაში ადამიანის ჩაგდებას.

– შენი არ ვიცი, მაგრამ, გიგი მოახერხებს იმას, რომ დეპრესიაში ჩამაგდოს. აუ, რა დავაშავე? ძლივს დავალაგე საკუთარი ცხოვრება და მაგ იდიოტმა თავიდან უნდა ამირიოს? ბოროტია – სხვა რა უნდა დაარქვა ამისთანას?

– მესაკუთრე, ნინი, ჩვეულებრივი მესაკუთრეა... მე არ მიკვირს – ვერ შეეგუა იმას, რომ მის საკუთრებას ვიღაც დაეპატრონა და გადაირია.

– ვინ დამეპატრონა, რა სისულელეა... – აღშფოთდა ნინი, – მე რა, ნივთი ვარ?

– შენ ასე ფიქრობ, ის – ისე, – მხრები აიჩეჩა ლიზამ, – დაელაპარაკე... ზუსტად ის უთხარი, რაც ახლა ჩემთან თქვი. ოღონდ, მოკლედ და კონკრეტულად. კაცების ტვინი დიდ ინფორმაციას ვერ ხარშავს – იბნევიან ეგ საცოდავები.

– საცოდავები უძახე  შენ და, რამდენს გვანერვიულებენ...

– კარგი რა, ანერვიულებენ შენნაირებს, მე ყველას ყოველთვის იქით ვანერვიულებდი.

– შენამდე ვერ ვქაჩავ, ხომ ხედავ? ღმერთო, აღარ რეკავს! – აღმოხდა შეწუხებული ხმით.

ლიზას სიცილი აუტყდა:

– რა უცნაური ხარ... ხან ნერვიულობ – რატომ რეკავსო... არ რეკავს და – ამაზეც ნერვიულობ.

– შენ რა, ვერ ხვდები? რამე სიურპრიზი არ მომიწყოს – დღეს მე და თომა კინოში ვაპირებთ წასვლას.

– წადით მერე, ეკრანიდან ხომ არ გადმოხტება?

– აუ... კარგი ჰო, რადგან ვერაფერს მირჩევ, მე თავად მოვუვლი ჩემს პრობლემას, – ნინი წყენით შებრუნდა. ლიზამ მკლავზე მოჰკიდა ხელი და შემოაბრუნა.

– მოიცადე, ბილეთები უკვე ნაყიდი გაქვთ?

– რა ბილეთები?

– ხომ თქვი, მე და თომა კინოში მივდივართო?

– ჰო, ვთქვი... მერე რა... მნივშნელობა რატომ აქვს, თანაც შენთვის, ბილეთები უკვე აღებულია თუ ახლა მივდივართ ასაღებად? – იფეთქა ნინიმ.

ლიზამ გადაიკისკისა:

– ვაიმე, როგორი ნერვიული და ემოციური ხარ, გოგო, დაწყნარდი! რაღაც იდეა მაქვს. გუშინ კაფეში ხომ არაფერი მოხდა? 

– ჰოდა, მადლობა ღმერთს, რომ არაფერი მოხდა, – გააწყვეტინა ნინიმ, – მოვკვდი ნერვიულობით.

– არა, არა, მე უკმაყოფილო ვარ – არ მიყვარს, როცა ჩემი დაწყებული საქმე არ გამოდის. ჰოდა, იმას ვამბობდი, კინოში ქეთი ხომ არ წაეყვანა თომას?

– რა?! – შეჰყვირა ნინიმ, – არავითარ შემთხვევაში, გესმის? საკმარისია, გეყოფა, მოეშვი ამ თომას! ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ... არ უნდა იმ კაცს და რას იზამ?! ჩვენი მისია ამოწურულია, დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული.

– ჯერ ერთი, ნუ ყვირი, ყველამ ჩვენ შემოგვხედა... თომამაც, სხვათა შორის; მეორეც – დაწყებულს ბოლომდე უნდა მიყვანა. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვარ. დიდი ამბავი, თუ ერთხელ კინოში წაიყვანს. ნუ გეშინია, ფულს ამჯერადაც მე გადავიხდი. ძალიან რომ არ დავაზარალო თომა.

– ფული რა შუაშია? – ეწყინა ნინის, – ფულზე ვინ ლაპარაკობს? უბრალოდ, უკვე ძალიან მრცხვენია თომასი.

– რატომ გრცხვენია? ბიჭს, პირიქით, მოსწონს, რაინდის როლს რომ თამაშობს.

– ვერაფერი რაინდობაა უნიჭო სპექტაკლში მონაწილეობის მიღება. საკმარისია-მეთქი, მოვრჩეთ ამაზე!

ლიზამ ორი თითით  გამოიწია ყელი და შეეხვეწა:

– ნინი, ერთხელაც, რა... ჩემი ხათრით. დარწმუნებული ვარ, ერთი წვეთიღა აკლია და, გამოვა, რაც ჩავიფიქრე. უარს ნუ მეტყვი, დაელაპარაკე თომას.

ნინიმ ჯიუტად გაასავსავა ხელები:

– არა, არა, არა... აღარ მინდა ამ მარაზმში მონაწილეობის მიღება, რა ვერ გაიგე? თავს იდიოტად ვგრძნობ.

– ეს ერთხელაც და მერე მორჩა.

– არა...

– ნინი, ნუ ჯიუტობ.

– არ ვჯიუტობ, მაგრამ, აღარ მინდა.

– ნინი...

თომამ რამდენჯერმე გამოიხედა ქალებისკენ, ბოლოს ადგა და მათთან მივიდა.

– რა ხდება? თქვენი ხმა მთელ ოფისში ისმის.

– თომა, საყვარელო, ნინის ვეუბნებოდი, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, გამგები და ყურადღებიანი და ძალიან გვეხმარები. ისეთი კარგი ხარ, რომ, უარს არ იტყვი, ნინის მაგივრად ქეთი წაიყვანო დღეს კინოში, – ენა დაიშაქრა ლიზამ.

თომა გაშრა და დაბნეულად შეხედა ნინის:

– თუ შენ თანახმა ხარ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – თქვა ყოყმანით. ნინიმ ამოიოხრა:

– ასეც ვიცოდი. შენში ეჭვი არ მეპარებოდა. არაჩვეულებრივი ვინმე ხარ. იმსახურებ ისეთი გოგოს სიყვარულს, როგორიც ნინია, – სულ დადნა ლიზა და ბიჭი საბოლოოდ განაიარაღა.

– ანუ, დავურეკო ქეთის? – იკითხა მორჩილი ბავშვივით.

ნინი იძულებული გახდა, დათანხმებოდა. ლიზას სახე გაუბრწყინდა.

– კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებთ, მეგობრებო, ჩვენი ღვაწლი ფუჭად არ ჩაივლის.

– ფუჭად არჩავლა იქნება, სკანდალი რომ ატყდება, – ხმადაბლა გადაულაპარაკა ნინიმ, – მოკლედ, მაინც მიაღწიე შენსას.

– აბა რა, მე ყოველთვის ვაღწევ ჩემსას და ამჯერად რატომ იქნებოდა სხვანაირად?

– ოჰ, ლიზა, რომ იცოდე, როგორ ვნანობ, შენ რომ აგყევი...

* * *

ლელამ ფანჯრიდან გაიხედა და აღელვებული შემობრუნდა: 

– ნატო, რა ჩაიდინე? 

ნატო, რომელიც ამ დროს ტანსაცმელს იცვამდა გაოცებული მიაჩერდა:

– რა, არ ჩავიცვა? სახლში არ მივდივართ? დღეს ხომ მოვრჩით მუშაობას! ყოველ შემთხვევაში, მე აღარავინ მყავს ჩაწერილი. 

– მაგაზე არ გეუბნები. მოდი, და შეხედე...

ნატო ფანჯარასთან მივიდა და იქით გაიხედა, საითაც ლელა უთითებდა. 

– არ მითხრა, რომ შემთხვევით მოვიდა, – საყვედურნარევი კილოთი უთხრა ლელამ, – რატომ დაურეკე?

ნატო გაწითლდა:

– ჰო, დავურეკე, არ უარვყოფ. აუცილებლად ჩავთვალე ამის გაკეთება და იმიტომ. ქეთი ჩემი მეგობარია, მაგრამ, ცუდად იქცევა, ცხოვრებას ინგრევს და, რა ვქნა, არ შემიძლია, ამას მშვიდად ვუყურო. ისეთი სახე გაქვს, თითქოს გამოუსწორებელი დანაშაული ჩავიდინე. ისე მოვიქეცი, როგორც ჩემმა სინდისმა მიკარნახა. 

– მოსაკლავი ხარ, ამას შენგან არ ველოდი. მაინც, რა უთხარი, შენი ცოლი გღალატობს და მოხედეო?! ნატო, გაგიჟდი?

– მე კი არა, ქეთი გაგიჟდა. ყველას დასანახავად ხვდება იმ ლაწირაკს.  მე არ ვეტყოდი, სხვა ეტყოდა. ამიტომ, ჯობდა ჩემგან გაეგო ვახოს, – თავის მართლებას მოჰყვა ნატო. 

ლელამ საყვედურით გადააქნია თავი:

– ძალიან ცუდად მოიქეცი,  ძალიან... მაინც, რა უთხარი?

– რა მნიშვნელობა აქვს? მაგისთვისაც კარგია, ცოტა შეაჯანჯღარებს ეს ამბავი. – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ნატომ. 

– გიყურებ და არ მჯერა, რომ ეს შენ გააკეთე. ახლა გაბრძანდი და დაელაპარაკე იმ ადამიანს. როგორი დაუფიქრებელი ხარ! ჯობდა, ისევ ქეთისთვის აგეხილა თვალი. 

– რომ ვერ ავუხილე, მაგაშია საქმე. დღეს, საერთოდ, კინოში გაჰყვა. მგონი, საქმე სერიოზულად არის და, ვახომ რატომ არ უნდა იცოდეს?

– ჰოდა, თუ უნდა იცოდეს, გადი და დაელაპარაკე. თუმცა, შენი გასვლა საჭირო აღარ არის, თავად მოდის აქეთ. მიდი, კარი გაუღე... ოხ, ნატო, მოსაკლავი ხარ, მაგრამ ახლა ამას აღარაფერი ეშველება. რაც გინდა ქენი და დაამშვიდე ეს კაცი.  შენი მეტიჩარა ენის წყალობით რამე საშინელება რომ მოხდეს, არ გაპატიებ. 

– რა უნდა მოხდეს? – ცოტა შეფიქრიანდა ნატო.

– არ ვიცი, მიდი, შეხვდი, უკვე ზარს რეკავს.  

ვახომ ყოყმანით, გაუბედავად შეაბიჯა კლინიკის მისაღებში. უკვე ნანობდა, აქ რომ მოვიდა. გულის სიღრმეში საკუთარ თავს უწყრებოდა, ეს სისულელე რამ გაგაკეთებინაო, მაგრამ, უკან დახევასაც აღარ ჰქონდა აზრი. 

– გამარჯობა, მიესალმა ქალებს მორიდებით და გაწითლდა, საჭირო სიტყვების მოძებნა გაუჭირდა და უხერხულად აწრიალდა. ლელამ ნატოს შეუბღვირა – კეთილი ინებე და დაელაპარაკე ამ ადამიანს, რადგან ინიციატივა გამოიჩინე და მოიყვანეო.

– უი, ვახო! ქეთი რომ უკვე წავიდა?! – ისე შეიცხადა ნატომ, თითქოს ყველაფერი შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს – ვახოს მოსვლაც და ქეთის სამსახურიდან დროზე ადრე წასვლაც. 

– ვხვდები – ირონიულად გაეღიმა ვახოს, – შენთან მაქვს რაღაც სათქმელი.

ნატომ ლელას შეხედა – მგონი, მართალი იყავი, მეტისმეტად ვიჩქარეო. ლელამაც ნიშნის მოგებით დაუქნია თავი.

– წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ – ნატოს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. რადგან „გადამრჩენის” მისია საკუთარ თავზე აიღო, ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა კიდეც. 

... ვახომ სიგარეტს მოუკიდა, ოთახს დაბინდული მზერა მოავლო და აგრესიანარევი ტონით იკითხა:

– ესე იგი, ჩემი ცოლი უკვე აშკარად მღალატობს?! 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3