კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქალებისთვის

ცოტა რომ დაწყნარდნენ‚ გოგოები სავარძლებში დანაწილდნენ და მასპინძელს უბრძანეს:

– ჩქარა‚ ჩაიცვი და წავედით!

– სად? – გაუკვირდა ანუკას.

– ნატასთან‚ ბავშვის სანახავად. ყველა იყო ჩვენ გარდა‚ – დაიქოქა ანი.

– ნატა გათხოვდა? როდის? აქამდე რატომ ვერ გავიგე? – გაუკვირდა ანუკას.

– არ გათხოვილა‚ მაგრამ‚ ამას რა მნიშვნელობა აქვს, დედობის უფლება არც ერთი ქალისთვის არ წაურთმევიათ.

– გააჩინა თუ აიყვანა?

– როგორც ვიცი‚ გააჩინა.

– ვისგან?

– სამი წელია‚ გიგასთან დადის და ვისგან გააჩენდა? ალბათ‚ მისგან.

– რომელ გიგასთან? – ვერ გაიხსენა ანუკამ.

– მილიონერი მამიკო რომ ჰყავს‚ დედისერთა რომაა და ასე შემდეგ.

– თვითონ რას წარმოადგენს?

– დიდს არაფერს. მამამისმა რაღაც ბიზნესი გაუჩალიჩა და იმდენს კი ახერხებს‚ რომ ფული არ შემოაკლდეს. თანაც‚ პატარა ბიჭიც აღარაა‚ მგონი‚ 40 წლისაა თუ უფრო მეტის არა და‚ ხომ იცი‚ ამ ასაკში კაცებს ოჯახური სიმყუდროვის მოთხოვნილება უჩნდებათ ხოლმე.

– ნატას უყვარს?

– ალბათ.

– იმას?

– ალბათ‚ იმასაც. შენ რა‚ დაკითხვებს გვიწყობ?

– კი მაგრამ‚ ამ ორი თუ სამი წლის წინ ლევანს არ ხვდებოდა?

– ხვდებოდა‚ მაგრამ‚ აღარ ხვდება.

– რატომ?

– გიგას ლევანზე მეტი ფული აღმოაჩნდა.

– გიგამ აღიარა ბავშვი? გვარი მისცა?

– ალბათ. თუ ასე გაინტერესებს‚ მივიდეთ და ყველაფერი გავიგოთ. თანაც‚ ეტყობა‚ თვითონვე უნდა‚ რომ თავისი ამბები მოგვიყვეს.

– ეგ საიდანღა იცი?

– გუშინწინ დამირეკა‚ ბავშვი გამიჩნდა და ოთხივემ გამომიარეთ‚ რატომ დაიკარგეთო. ისე‚ მართლაც‚ ორ წელიწადზე მეტია‚ არ მინახავს‚ ხანდახან ტელეფონით თუ შევეხმიანებოდი ხოლმე.

– კი წამოვიდოდი‚ მაგრამ... – ანუკამ დაბნეულად შეხედა.

– რა – „მაგრამ“? – გაბრაზდა ანი.

– არა‚ ისეთი არაფერი‚ უბრალოდ‚ არ ვიცი‚ ბავშვს რა წავუღო. თუმცა‚ ამას კი მოევლება‚ მაგრამ‚ იმდენი ხანია‚ ნატა აღარ მინახავს‚ რომ... – უხერხულად შეიშმუშნა ანუკა‚ – შარშანწინ რომ ვიყავით კურსელები რესტორანში‚ ბოლოს მაშინ ვნახე და, იმის მერე‚ მგონი‚ ტელეფონითაც აღარ შევხმიანებივარ.

– მერე რა‚ რომ არ გინახავს. ასე თუ ისე‚ ხომ ვმეგობრობდით მასთან?

– ვმეგობრობდით კი არა‚ თვითონ გვეტენებოდა და მერე ჩვენც მივიღეთ ჩვენს სასტავში‚ სხვა რა გზა გვქონდა‚ – თქვა თიკამ‚ რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და სიგარეტს აბოლებდა.

– რა პატარა გოგოებივით დაიწყეთ ჭორაობა! ასე თუ ფიქრობ მასზე‚ რატომ მიდიხარ სანახავად? – გაბრაზდა ანი.

– მართალი ხარ‚ არ უნდა ვჭორავდე‚ მაგრამ‚ ღმერთო‚ მაპატიე და‚ ეგ ნატა გულზე არასდროს მეხატებოდა. რაღაცნაირი შურიანი გოგო იყო; შურიანი‚ სნობი და მიმწოლი‚ – თიკამ სიგარეტი ჩააქრო და ყავა მოსვა.

– რას ერჩით‚ ძლივს აიწყო ქალმა ცხოვრება! – გამოესარჩლა ნატას ანი‚ – ისე‚ სახლში ვართ ახლა ჩვენ შესაშვები? – აუტყდა უცბად სიცილი.

– არაფერსაც არ ვერჩი. შენ იცი‚ რომ მე ხანჟა არა ვარ‚ მაგრამ‚ ქალი რომ წელიწადში ორ-სამ საყვარელს გამოიცვლის და რაღაც მიზნების მისაღწევად ყველაფერს იკადრებს‚ ჩემთვის დიდ...

– ვიცით‚ ბატონო‚ ჩვენი მტკიცე და მყარი მორალისთვის მიუღებელია ცხოვრების ასეთი წესი და იმიტომაც ვართ ასე გადასარევად‚ მაგრამ‚ ყველა ისე ცხოვრობს‚ როგორც ესმის და როგორც ახერხებს. თანაც‚ როცა მეგობარი‚ თუნდაც ყოფილი‚ დაგირეკავს და გეტყვის‚ შვილი გამიჩნდა და მოდიო‚ ვალდებული ხარ‚ მიხვიდე და ძველი ცოდვები აღარ გაუხსენო‚ – თქვა ელენემ. ის ისევ ისეთი მიმტევებელი და „მშვიდობის მტრედი“ იყო‚ როგორიც სტუდენტობისას‚ თორემ‚ წესით‚ მას უფრო არ უნდა ნდომებოდა ნატასთან წასვლა‚ იმდენჯერ ჰქონდა მისგან გული ნატკენი. ელენე გაუთხოვარი რომ დარჩა, ამაშიც ნატას ხელი ერია – მეხუთე კურსზე იყვნენ‚ ელენეს საქმრო რომ წაართვა. ის ბიჭიც კარგი შტერი აღმოჩნდა‚ რომ ნატას ხაფანგში გაება‚ მაგრამ‚ სამაგიერო მასაც მიეზღო – ნატამ ყველაფერში გამოიყენა და მაშინვე მიატოვა‚ როგორც კი უკეთესი (ცხადია‚ თავისი გაგებით) კანდიდატურა გამოჩნდა არენაზე. კოტე კი მიხვდა თავის შეცდომას‚ მაგრამ‚ სირცხვილით ვეღარ გაბედა‚ ისევ ელენეს შეხმიანებოდა და‚ თავმოყვარეობაშელახული და სიყვარულდაკარგული‚ სულ გადაიხვეწა საქართველოდან. ეს სულელი გოგო კი დღესაც იმაზე ფიქრობდა და მას ელოდა.

– ელენე‚ ეს შენ ხარ თუ მომესმა? – გაუკვირდა ანის‚ – სად წავიდა შენი თეზისები მორალური სიწმინდისა და ქალწულობის ინსტიტუტის შესახებ?

– გაფრინდა თბილ ქვეყნებში‚ – ერთგვარი ჯიბრით უპასუხა ელენემ.

– თუ ამას გულწრფელად ამბობ‚ ეტო უჟე პროგრესს‚ – თქვა ანიმ და თეატრალურად დაუკრა ტაში.

– ჯობს გვიან‚ ვიდრე არასდროს‚ – დაეთანხმა ელენე.

– საჩუქარზე არ იდარდო‚ – საწყის პოზიციას დაუბრუნდა თიკა‚ – ყველაფერი ვიყიდეთ‚ რაც საჭიროა: სათამაშოც‚ ჩასაცმელიც‚ ტორტიც‚ შამპანურიც და მანქანაში დავტოვეთ.

– კარგი‚ ოღონდ, ხარჯების წილში მეც გამიყვანთ‚ – როგორც იქნა‚ გადაწყვიტა ანუკამ და მომზადება დაიწყო.

თხუთმეტ წუთში ჩაიცვა‚ მხოლოდ თვალებზე უნდოდა‚ ფანქარი გადაესვა. ის იყო‚ სარკესთან მივიდა‚ რომ საწოლი ოთახის კარი გაიღო და იქიდან ჩაცმულ-დახურული გელა გამოვიდა. ანუკას ისე გაუკვირდა მისი დანახვა‚ რომ გოგოებს გაეცინათ‚ – ეგონათ‚ მათმა დაქალმა არ იცოდა‚ მისი ქმარი მეორე ოთახში რომ იყო.

– შენ სადღა მიდიხარ? – ჰკითხა გაოცებულმა ანუკამ.

– მე არა‚ ჩვენ მივდივართ. სულ დამავიწყდა‚ ხუთზე თენგოსთან უნდა ვიყოთ‚ თანაც – დაუგვიანებლად და, აუცილებლად – ორივე. ახლა კი უკვე ათი უკლია ხუთს. რამ გამომაშტერა‚ როგორ დამავიწყდა! კარგია‚ რომ ჩაცმული ხარ. გოგოებო‚ ბოდიშს გიხდით‚ მაგრამ‚ რადგან მაინც აპირებდით წასვლას... – გელა დაბნეული დარბოდა ოთახში და რაღაცას ეძებდა.

– რას ეძებ? – შეეკითხა ცოლი.

– არაფერს‚ მობილურს ვეძებდი და აგერ მქონია ჯიბეში. წავედით‚ წავედით!

ანუკას‚ რატომღაც‚ საეჭვოდ მოეჩვენა ქმრის მოულოდნელი ფაციფუცი‚ მაგრამ, არაფერი უთქვამს. გაოცებულ დაქალებს ბოდიში მოუხადა და კარისკენ გაემართა. თიკა‚ ელენე და ანი ბუზღუნით გაჰყვნენ უკან.

ის იყო‚ თენგოს სახლს მიუახლოვდნენ‚ რომ გელას საშინლად ასტკივდა მუცელი და ცოლს კვნესით უთხრა‚ ეტყობა‚ რაღაცამ მაწყინა‚ სახლში უნდა დავბრუნდეთო. ანუკა ისევ დუმილით დაემორჩილა ქმრის სურვილს. შინ მისვლისთანავე გელა ტუალეტში შევარდა და ლამის ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა იქიდან. მერე ლევომიცეტინი დალია და ლოგინში ჩაწვა. ცოლისთვის აღარაფერი უთქვამს‚ მხოლოდ ხანდახან წამოიკვნესებდა ხოლმე საბანში გახვეული.

შემდეგ კვირას ანუკას ისევ დაურეკეს გოგოებმა – ახლა მაინც წავიდეთ‚ იმ დღეს შენ გამო ჩვენც აღარ მივსულვართო.

ანუკამ ქმარს სთხოვა‚ ბავშვებს მიაქციე ყურადღება‚ სანამ დედა მოვა. მე გოგოებთან ერთად ნატასთან წავალ‚ ორ საათში სახლში ვიქნები და როგორმე გაძელით უჩემოდო.

– გამორიცხულია‚ ვერ წახვალ! – საკმაოდ ცივად გამოუვიდა გელას.

– რატომ? – გაოცდა ანუკა.

– იმიტომ‚ რომ დამავიწყდა‚ მეთქვა – საღამოს ბიჭები მოვლენ და სახლში მინდა იყო‚ – ხმა დაირბილა გელამ.

– მერე‚ ახლა მეუბნები? – შეწუხდა ანუკა. გოგოებს დაურეკა‚ ვერც ახლა მოვდივარო და სახლის მოწესრიგებას შეუდგა. მერე სამზარეულოს მიაშურა და პროდუქტების მარაგს გადახედა.

„რამეს მოვასწრებ“‚ – გაიფიქრა და კერძისა და სალათების მზადება დაიწყო.

საღამოს გელას მეგობრები მართლაც მოვიდნენ. ანუკამ შეატყო‚ რომ გელა ცოტა დაძაბული იყო‚ მაგრამ, მაინც კარგი დრო გაატარეს და ძალიან კმაყოფილი დარჩა. დიდი ხანია‚ ბიჭები არ უნახავს და გაუხარდა მათი მოსვლა.

თვის ბოლოს გელა სამსახურის საქმის გამო რამდენიმე დღით აზერბაიჯანში წავიდა. ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო‚ მაგრამ‚ საქმეები გაჭიანურდა და მისი ჩამოსვლა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

ანუკას ფული შემოაკლდა. გადაწყვიტა‚ აღარ დალოდებოდა ქმრის დაბრუნებას და საბურთალოს ბინის ქირის გამოსართმევად თვითონ წასულიყო მდგმურთან‚ მით უმეტეს‚ რომ გადახდის დრო უწევდა.

მდგმური თბილად შეხვდა ანუკას‚ ყავა მიართვა და კონვერტით ფული გამოუტანა.

– არ ვიცოდი‚ თქვენ თუ მოხვიდოდით‚ თორემ სხვანაირად მოვემზადებოდი დასახვედრად‚ – ღიმილით უთხრა შუახნის სიმპათიურმა ქალბატონმა‚ – ბატონი გელა მაშინვე გარბის ხოლმე‚ არც მის მდივანს უყვარს დარჩენა...

– რომელ მდივანს? – გაუკვირდა ანუკას.

– ბატონი გელას მდივანს. ახალგაზრდა ქალია‚ ქერა თმითა და შავი თვალებით. ხანდახან მას გზავნის ხოლმე თქვენი მეუღლე ქირის წასაღებად‚ როცა თვითონ არ სცალია. რა‚ თქვენ არ იცოდით? ვაიმე‚ ალბათ‚ არ უნდა მეთქვა‚ ეს რა დამემართა! – შეწუხდა ქალი.

– არა‚ რას ბრძანებთ! როგორ არ ვიცოდი‚ უბრალოდ‚ დამავიწყდა. ამას წინათაც მითხრა მაიამ‚ გელა საბურთალოზე მგზავნის და‚ რომ მოვალ‚ დაგირეკავო. ჩემი მეგობარია და... – საკმაოდ არადამაჯერებლად იცრუა ანუკამ და გაწითლდა.

– მაიამ? არა‚ გენაცვალე‚ მაია არ ჰქვია‚ რაღაც სხვა სახელი მითხრა‚ მაგრამ, არ მახსოვს.

– შესაძლოა. მაიას სამეგობროში ვეძახით‚ ოფიციალურად კი მართლაც სხვა სახელი ჰქვია და მეც აღარ მახსოვს‚ – უხერხულად გაიღიმა ანუკამ და წამოდგა‚ – კარგად ბრძანდებოდეთ‚ ქალბატონო მერი‚ დიდი მადლობა და ბოდიში‚ რომ გაგაცდინეთ.

– რას ამბობ‚ შვილო‚ გამაცდინე კი არა‚ ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა‚ – მერიმ კარამდე მიაცილა ანუკა და გადაკოცნა‚ – ხანდახან‚ როცა მოიცლი‚ გამოიარე‚ ჩემები გვიან ღამემდე არ მოდიან სახლში და სულ მარტო ვარ ხოლმე.

– შევეცდები. ნახვამდის.

სახლში დაბრუნებულმა ანუკამ კონვერტი გახსნა და სახტად დარჩა: იქ 300 დოლარის ნაცვლად 600 დოლარი იდო.

„ალბათ‚ ორი თვის ქირაა. მაგრამ, წინა თვეში ნამდვილად მომცა გელამ 300 დოლარი. თუმცა‚ შეიძლება‚ ერთი თვისა წინასწარ გადამიხადა მერიმ და თქმა დაავიწყდა“‚ – გაიფიქრა ანუკამ და გადაწყვიტა‚ ახლავე დაერეკა მერისთან.

– დეიდა მერი‚ ანუკა ვარ‚ გელას მეუღლე‚ წეღან რომ ვიყავი თქვენთან.

– გისმენ‚ შვილო‚ ხომ მშვიდობაა?

– კი, მშვიდობაა‚ მაგრამ, კონვერტში 600 დოლარი იდო და...

– მერე? მეტი უნდა ყოფილიყო?

– არა‚ პირიქით...

– გელამ ბინა 700 დოლარი დაგვიფასა და 600-ზე შევთანხმდით. მთელი წელია‚ ასე ვიხდით‚ დედიკო.

– უკაცრავად‚ ქალბატონო მერი‚ ისევ რაღაც ამერია. ბოდიშს ვიხდი შეწუხებისთვის‚ – მიაყარა ანუკამ და ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა.

„რაში სჭირდება ჩემი მოტყუება? ეთქვა‚ რამდენსაც უხდიდნენ ქირას, როდის იყო‚ რომ ფულს ვართმევდი‚ თუ თვითონ არ მომცემდა?“ – ანუკამ სამზარეულოს კარი შიგნიდან გადაკეტა და ჩაფიქრდა. გადაწყვიტა‚ როგორმე გაერკვია‚ რა ხდებოდა მის თავს. თავისი ბოლო ორი წლის ცხოვრება გადაეშალა თვალწინ. თითქოს ვიღაცამ მძინარეს ხელი ჰკრა და გამოაფხიზლა‚ ისე დაემართა – სულ სხვა თვალით შეხედა წარსულსაც და აწმყოსაც. თავისდაუნებურად, არაერთი სცენა ამოუტივტივდა გონებაში: გელასა და ანდროს საშინელი ჩხუბი; ანდროს რეპლიკა – სულ გაგაგდებ სახლიდან‚ შენ ასეთი ცოლ-შვილის ღირსი არ ხარო; ლელას ისტერიული ქვითინი; გელას ყვირილი – ყველანი ყელში ამომიხვედითო; ტელეფონის ზარები‚ რასაც გელას აღელვება და ცოლის მიმართ აგრესია მოჰყვებოდა; თვეში რამდენიმე ღამე‚ როცა გელა „საქმეების გამო სამსახურში რჩებოდა“‚ ანუკას კი ერთხელაც არ მოსვლია აზრად‚ სამსახურის ტელეფონზე დაერეკა და შეემოწმებინა; ისიც გაახსენდა‚ გვიან ღამით ოფისიდან ან მივლინებიდან (ჰმ?!) დაბრუნებულ გელას საერთოდ რომ არ შიოდა; დედამთილ-მამამთილის დაძაბული და შეშინებული მზერა‚ როცა ანუკა შემთხვევით წაადგებოდა ხოლმე თავს შვილთან მოკამათე მშობლებს; ანდროს ინფარქტი; ლელას განცდები; მამამთილის მოულოდნელი გარდაცვალება; გელას საქციელი მამის სიკვდილის შემდეგ; საკმაოდ გაგრილებული და გაიშვიათებული ინტიმი ქმართან; გელას მხრიდან რაღაც უცნაური გაუცხოება ოჯახის მიმართ... – მოგონებების ფირი სწრაფად ტრიალებდა‚ მაგრამ ანუკამ ყველა კადრი დაინახა. თუმცა‚ როდესაც ფირი დამთავრდა‚ ისევ ის კითხვა დაუსვა საკუთარ თავს‚ რაც სულ პირველად: „რაღაც ხდება გელას თავს‚ მაგრამ‚ რა?“

ღალატი‚ ცხადია‚ არ გამოურიცხავს‚ მაგრამ‚ ვერ მიხვდა‚ გელას ქალებში „გაფარცქვალებას“ ამხელა ტრაგედიები რატომ უნდა მოჰყოლოდა.

ბოლოს‚ თითქოს გონება გაუნათდა: „ალბათ‚ რამე შარში გაეხვია ფულთან დაკავშირებით; შესაძლოა‚ „შავებთან“ აქვს საქმე და დიდი თანხა შეაწერეს‚ ან – საგადასახადოში შეექმნა პრობლემები... ჰო‚ რაღაც ამდაგვარი იქნება... ვინ იცის‚ როგორ უჭირდა და ერთხელაც არ წამოსცდენია‚ რომ არ მენერვიულა‚ მე კი რა არ ვიფიქრე. უნდა გავამხნევო‚ გვერდში დადგომა ახლა სჭირდება“‚ – გადაწყვიტა ანუკამ და ცოტა დამშვიდდა‚ რადგან, უკვე იცოდა‚ როგორ უნდა მოქცეულიყო. ერთი სული ჰქონდა‚ როდის ჩამოვიდოდა გელა მივლინებიდან. ეს რომ გადაწყვიტა‚ წესით‚ უფრო მეტი სიმშვიდე უნდა ეგრძნო‚ მაგრამ, სადღაც შიგნით წითელი აენთო – რაღაც უჩვეულოდ აუფორიაქდა გული. რა იყო ეს, წინათგრძნობა?! ანუკა დაიბნა. კერძო დეტექტივი დაითხოვა – აღარ უნდოდა‚ ოჯახის საქმეებში უცხო ადამიანი ჩარეულიყო და‚ გადაწყვიტა‚ მოვლენების განვითარებას დალოდებოდა. ქმართან ურთიერთობის ტაქტიკის შეცვლა კი ნამდვილად დაისახა მიზნად. „უნდა ვეფერო‚ თაფლად და შაქრად უნდა ვიქცე. ვიცი‚ გამიჭირდება‚ მაგრამ, ასეა საჭირო. ყურადღება უნდა მოუდუნდეს და, არ შეიძლება‚ რამე არ შეეშალოს...“

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ ქმარს ანუკა განსაკუთრებით თბილად შეხვდა‚ რამაც გელა ძალიან გააოცა‚ მაგრამ კმაყოფილება მაინც იგრძნო. კაცები‚ საერთოდ‚ ადვილად გრძნობენ ხოლმე კმაყოფილებას მაშინ‚ როცა ჰგონიათ‚ რომ ისინი ერთადერთნი და განუმეორებელნი არიან‚ განსაკუთრებით კი – ცოლებისთვის‚ სწორედ იმ ცოლებისთვის‚ რომლებსაც‚ ყოველ შესაძლო სიტუაციაში უკანმოუხედავად ღალატობენ‚ მათგან კი ერთგულებას‚ ზრუნვასა და ყურადღებას ითხოვენ და დედის რძესავით ირგებენ. ცხელი შხაპის შემდეგ გემრიელმა ვახშამმა და სურნელოვანმა ყავამ დაღლილობა მოუხსნა‚ ცოლის ყურადღებამ და მზრუნველობამ კი საოცარი სიმყუდროვე და სიმშვიდე მიანიჭა. ვახშმის მერე ანუკამ სთხოვა‚ დაწოლილიყო და დაესვენა‚ რომ დილით ადგომა არ გასჭირვებოდა. გელა ბავშვივით დაემორჩილა. ასეთმა მოპყრობამ სასიამოვნოდ მოთენთა. ცოლს თავზე ხელი გადაუსვა‚ შუბლზე აკოცა‚ მოუბოდიშა და დასაძინებლად წავიდა.

დილით ადრე ადგა‚ კარგ ხასიათზე იყო და ჩუმად ღიღინებდა. აბაზანაში პირი გაიპარსა და ფეხაკრეფით შევიდა სამზარეულოში – არავინ გავაღვიძოო. ყავის მოდუღებასაც მოახერხებდა და დალევასაც მოასწრებდა. არ უნდოდა‚ ცოლი ყავის გამო გაეღვიძებინა‚ მაგრამ‚ სამზარეულოს კარი რომ შეაღო‚ გაოცდა: მაგიდაზე საუზმე იყო გაწყობილი‚ რომელსაც გვერდით ყავიანი ფინჯანი ედგა‚ პატარა ტაბურეტზე კი ანუკა იჯდა და ეშმაკურად იღიმებოდა.

– კი მაგრამ‚ წეღან ლოგინში არ დაგტოვე მძინარე? შენ რა‚ კიო ხარ? – ჰკითხა გელამ გაკვირვებით.

– სანამ შენ წვერს იპარსავდი‚ ყველაფერი მოვასწარი. გუშინდელი ნამგზავრი ხარ და დღეს მშიერს ვერ გაგიშვებდი‚ – მზრუნველად უპასუხა ანუკამ.

კმაყოფილებისგან მთლად დამდნარი გელა მაგიდას მიუჯდა და საუზმეს შეუდგა.

– ანუკა‚ ცოტა კი მერიდება‚ მაგრამ‚ იქიდან უფულოდ ჩამოვედი და‚ თუ რამე გაქვს გადანახული‚ იქნებ მომცე‚ რა! – სთხოვა გელამ და უხერხულობის დასაფარავად ცხელი ყავის საკმაოდ დიდი ყლუპი მოხვრიპა.

ანუკამ პასუხად კონვერტი დაუდო მაგიდაზე.

– ეს რა არის? – ჰკითხა ქმარმა‚ როცა კონვერტში 500 დოლარი აღმოაჩინა.

– ბინის ქირაა. მეც უფულოდ ვიყავი‚ თან‚ მერიმ დამირეკა‚ მე გარეთ ვერ გამოვდივარ და იქნებ თვითონ მოხვიდე წასაღებადო‚ – იცრუა და გაწითლდა‚ – ჰოდა‚ მივედი და წამოვიღე. ხედავ‚ რა ყოჩაღი ცოლი გყავს? – დატრაბახება სცადა ანუკამ.

გელას ფერი ეცვალა.

– 500 დოლარი რატომ არის?

– 600 იყო‚ მაგრამ, 100 დოლარი მე ავიღე, – ბავშვების ინგლისურის მასწავლებლის ფული გადავიხადე.

– 600 იყო? რატომ იყო 600?

– არ ვიცი‚ მეც გამიკვირდა და მერის დავურეკე‚ ხომ არ შეგეშალათ‚ ან ორი თვის ქირა ხომ არ მომეცით-მეთქი‚ მაგრამ‚ არაო‚ – მითხრა‚ – მთელი წელია‚ ასე ვიხდითო.

– ეს ქალი მთლად გამოშტერდა‚ – გელას დაბნეულობა დაეტყო‚ –  აჰა‚ შენ 100 დოლარი‚ ცოტა ხანს იმყოფინე‚ 100 მე მჭირდება‚ დანარჩენის ამბავს კი მერისგან გავარკვევ. აბა‚ წავედი‚ ჭკვიანად იყავით. დღეს‚ შეიძლება‚ დამაგვიანდეს და არ შეგეშინდეთ‚ – გელამ სასწრაფოდ ჩაიცვა და დამდუღრულივით გავარდა.

ანუკა არ აღელვებულა‚ არც ეჭვი გასჩენია რამეზე. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი‚ ყველაფერი ეღონა‚ რომ გაერკვია‚ რა ხდებოდა მის თავს.

იმ ღამით გელა სახლში არ მისულა. ჯერ დარეკა‚ მაგვიანდებაო‚ მერე‚ დაახლოებით ღამის პირველ საათზე‚ მობილურით შეეხმიანა ცოლს – ბიჭებმა დამპატიჟეს და ამაღამ ვერ მოვალო.

ანუკას რაღაც არ ესიამოვნა‚ მაგრამ აღარ დაუზუსტებია – რა. გონების კარი დაიხშო და მხოლოდ გულის კარი გამოაღო ფართოდ.

დღე დღეს მისდევდა‚ კვირა – კვირას. ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის ისევ დათბა. ანუკას დედამთილი ბედნიერებისგან დაფრინავდა.

მართალია‚ გელა ხანდახან ძალიან გვიან მოდიოდა სამსახურიდან‚ ხან კი საერთოდ არ ათევდა ღამეს სახლში‚ მაგრამ ცოლ-შვილისა და დედის მიმართ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ყურადღებიანი გახდა. ანუკას პურზეც აღარ უშვებდა‚ ყოველდღე თვითონ ეზიდებოდა პროდუქტებს და ბავშვებიც თვითონვე დაჰყავდა სკოლაშიც და მასწავლებლებთანაც.

ტაქტიანი შეკითხვებით ანუკამ გაარკვია‚ რომ გელას მართლაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები სამსახურში‚ თუმცა‚ თანდათან ყველაფერი გვარდებოდა.

ანუკა დამშვიდდა. აღარც ბინის ქირის საკითხს ჩასძიებია. ალბათ‚ მართლა რაღაც გაუგებრობა მოხდაო‚ იფიქრა და ის ამბავი სულ დაივიწყა.

***

ერთხელ ანუკამ ბავშვები დედამისთან გაუშვა და გადაწყვიტა‚ ის დღე საკუთარი თავისთვის მიეძღვნა‚ ანუ‚ კარგად დაესვენა.

გელა დილით სამსახურში წავიდა‚ დედამთილი დასთან გაემგზავრა ქუთაისში და ანუკა სახლში მარტო დარჩა. სახლი დალაგებული იყო‚ ქმარ-შვილის სახვალიო ტანსაცმელი – მოწესრიგებული.

„სადილს საღამოს გავაკეთებ. გელა‚ ალბათ‚ რამეს მოიტანს. ახლა კი უნდა ვინებივრო“‚ – გადაწყვიტა ანუკამ‚ ტელევიზორი ჩართო და ტახტზე წამოწვა‚ მაგრამ ვერ მოისვენა. მერე თავისი უჯრა გამოაღო და ახალგაზრდობის დროინდელი რვეული მოძებნა‚ რომელშიც ერთ დროს სხვადასხვა წიგნში ამოკითხულ საინტერესო ფრაზებს იწერდა. უცნაური მღელვარებით გადაშალა გაცრეცილყდიანი რვეული და პირველივე ჩანაწერი წაიკითხა: „იმაზე საშინელი არაფერია ქვეყანაზე‚ როცა დაუმსახურებლად გაწყენინებს ადამიანი‚ რომელიც ძალიან გიყვარს“. ანუკას ის მომენტიც გახსენდა‚ როცა ეს ფრაზა ჩაწერა და ის ზღაპარიც‚ საიდანაც ამოიწერა – ეს იყო ბავშვობაში მისი უსაყვარლესი ზღაპარი „ლურსმანას თავგადასავალი“‚ რომელიც დიდობაშიც გადაიკითხა რამდენჯერმე.

„რაღა მაინცდამაინც ამაზე გადავშალე რვეული‚ რამე მინიშნება ხომ არ არის?“ – გაიფიქრა და უცბად გონებაში ამას წინათ ამერიკული სერიალიდან მოსმენილი ფრაზაც გაახსენდა: „არასოდეს ენდო ქალს‚ რომელსაც სულ ახლახან აწყენინეს“. ანუკამ სასწრაფოდ აიღო მაგიდაზე მიგდებული ფანქარი და ეს სიტყვები ბოლო გვერდზე მიაწერა. მერე დანარჩენი ჩანაწერებიც გადაიკითხა და რაღაცნაირ სასიამოვნოდ სევდიან განწყობაზე დადგა.

მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ანუკა გამოფხიზლდა და ყურმილი აიღო.

– ანუკა‚ მარი ვარ‚ სადმე გასვლას ხომ არ აპირებ? – მისი დეიდაშვილი რეკავდა‚ მეოთხეკურსელი მარი‚ ანცი‚ გიჟი და გადარეული.

– არა‚ ჭირიმე‚ სახლში ვარ‚ ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა. ლექცია გაგვიცდა‚ საათ-ნახევარი შუალედი გვაქვს და არ ვიცით‚ სად წავიდეთ. ამოვალთ რა‚ შენთან მე და ჩემი დაქალი! თანაც‚ ძალიან მომენატრე და გნახავ...

– ამოდით‚ სახლში მარტო ვარ და ცოტა წავიჭორაოთ‚ – გაუხარდა ანუკას‚ – ოღონდ მითხარი‚ მშივრები ხართ?

– არა‚ არ გვშია. ყავა ხომ გაქვს?

– სამნაირი.

– აბა‚ ნამცხვარს და ნაყინს ჩვენ მოვიტანთ.

– ნამცხვარიც მაქვს‚ გუშინ გამოვაცხვე. მარტო ნაყინი ამოიტანეთ.

– მოვქრივართ! – ისე იკივლა მარიმ‚ ანუკას ყური ეტკინა‚ – ისევ ისეთი გადარეულია‚ როგორიც ბავშვობაში იყო‚ – ჩაილაპარაკა ღიმილით და სამზარეულოში გავიდა.

ოცი წუთიც არ იყო გასული‚ რომ მარი და მისი დაქალი‚ ნინიკო ანუკას დაადგნენ თავს. ჟურნალების მაგიდა უკვე გაწყობილი იყო: ლამაზად დაჭრილი ნამცხვარი‚ ხილი‚ შოკოლადის ასორტი‚ ყავის ფინჯნები და ლელას მომზადებული უგემრიელესი ლიქიორი, მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.

– ნაყინი გამომართვი‚ არ გადნეს‚ – ხვევნა-კოცნისა და ურთიერთმოკითხვის შემდეგ თქვა მარიმ‚ – უი‚ სულ დამავიწყდა‚ ეს ნინიკოა‚ ჩემი უახლოესი მეგობარი‚ ეს კი ანუკაა‚ ჩემი უახლოესი დეიდაშვილი‚ – გააცნო სტუმარი და მასპინძელი ერთმანეთს‚ გადაიკისკისა და სავარძელში მოკალათდა.

– ერთი საათი გვაქვს. თუ გვასმევ ყავას‚ დროზე მოგვიტანე და ჩვენთან დაჯექი‚ ცხელ-ცხელი ამბები მაქვს მოსაყოლი.

ხუთი წუთის შემდეგ ყავაც მზად იყო.

– ანუკა‚ არ დამიწყო ახლა ჭკუის დარიგება‚ სიგარეტი უნდა მოვწიოთ‚ – გამოაცხადა მარიმ.

– როდის იყო‚ რომ ჭკუას გარიგებდი? მეც მოვწევ‚ – ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უპასუხა ანუკამ.

– შენ რა‚ ეწევი? – თვალები შუბლზე აუვიდა მარის‚ – როდის აქეთ დაიწყე?

– მწეველი არა ვარ‚ ხანდახან‚ სიტუაცია რომ ჩავარდება‚ ერთ ღერს მოვწევ ხოლმე‚ – თავი იმართლა ანუკამ‚ – გაქვთ თუ მოგიტანოთ?

– გააჩნია‚ რას მოგვიტან.

– ნამდვილი ამერიკული „მარლბორო“ აქვს გელას უჯრაში. მოწევთ?

– მოიტა!

ანუკა გელას მაგიდას მიადგა‚ მაგრამ უჯრა‚ რომელიც ყოველთვის ღია იყო‚ ახლა ჩაკეტილი დაუხვდა. ცოტა არ იყოს‚ გაუკვირდა და გასაღების ძებნა დაიწყო‚ მაგრამ ვერც გასაღებს მიაგნო.

– რას შვრები ამდენ ხანს? – გამოსძახა მარიმ.

– თქვენ დაიწყეთ ჭამა‚ ახლავე მოვძებნი‚ – უპასუხა ანუკამ‚ უჯრას თავი მიანება და სამზარეულოში გავიდა. სიგარეტის გახსნილი კოლოფი მაცივრის თავზე აღმოაჩინა და საფერფლესა და სანთებელასთან ერთად გოგოებთან გაიტანა.

ის იყო‚ სიგარეტს მოუკიდეს‚ რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. მარი და ნინიკო შეკრთნენ და სიგარეტის ანთებული ღერები სასწრაფოდ მიასრისეს საფერფლეზე.

– ვაიმე‚ ვინ არის? ლელა დეიდა ხომ არ მოვიდა? – აფორიაქდა მარი და ფანჯარას ეცა გამოსაღებად.

– ლელა ხვალამდე არ ჩამოვა‚ დაწყნარდი‚ ალბათ‚ გელაა; თუმცა, ასე ადრე არც მას ველოდი.

– გელა? მერე არ გამიბრაზდება? – შეშინდა მარი.

– არ გაგიბრაზდება‚ ნუ გეშინია. თუ გინდა‚ სულაც არ გამოვუშვებ აქეთ‚ – ანუკა კარისკენ გაემართა და თან მარიზე გაიფიქრა‚ ჯერ ისევ ბავშვიაო.

სანამ ანუკა კარამდე მივიდა‚ ზარი ხელმეორედ გაისმა.

– მოვდივარ‚ მოვდივარ! – დაიძახა და საკეტი გადაატრიალა. კარში გელა იდგა და ხელში პროდუქტებით სავსე უზარმაზარი პარკი ეჭირა.

– სად ხარ აქამდე‚ დროზე ვერ გააღებ? – მიაყვირა გელამ და ბარგიანად სამზარეულოსკენ გავარდა.

– რა გჭირს? – გაოცებით ჰკითხა ანუკამ‚ თან იუხერხულა – გელას უხეში ტონი‚ ალბათ‚ გოგოებმა გაიგონესო.

– რა მჭირს და გამისკდა შარდის ბუშტი! – ისევ იყვირა გელამ და ტუალეტის კარს ეცა.

– გელა‚ სტუმრები მყავს‚ – თავით ოთახისკენ ანიშნა ანუკამ‚ – ასე რომ‚ მაინცდამაინც უხვ მარაგს ნუ გამოიყენებ შენი საშინაო ლექსიკონიდან.

– ვინ სტუმრები? – უკვე ტუალეტიდან იკითხა გელამ‚ მაგრამ მის ხმაში გაღიზიანება აღარ იგრძნობოდა‚ რადგან‚ შარდის ბუშტი აშკარად გადაურჩა გახეთქვას.

– მარია დაქალთან ერთად.

– ჰო‚ კარგი‚ მაცალე გონზე მოსვლა...

სანამ ანუკასა და გელას შორის ეს დიალოგი მიმდინარეობდა‚ მარიმ ხელახლა მოუკიდა სიგარეტს‚ თან ლიქიორი მოწრუპა.

– ნინიკო‚ რა გჭირს? – შეშფოთებულმა მარიმ გაფითრებულ მეგობარს ხელზე ხელი მოჰკიდა და მსუბუქად მოქაჩა.

– მარი‚ ვინ არის ეს კაცი? – მიმქრალი ხმით ჰკითხა ნინიკომ.

– ვინ კაცი?

– ვინც ახლა შემოვიდა.

– ჩემი სიძეა‚ ანუკას ქმარი.

– ნამდვილად ანუკას ქმარია?

– შენ რა‚ სულ გარეკე თუ ამ ერთმა ნაფაზმა გაგთიშა? ათი წელია‚ ჩემი სიძეა. რატომ მეკითხები? – დაიძაბა მარი.

– არა‚ ისე... ერთ ნაცნობს ჰგავს ძალიან და... – დაბნეულმა ნინიკომ წინადადება აღარ დაამთავრა და მარის საცოდავად შეხედა.

– ვინ ნაცნობს? შენ რა‚ გელასთან ხომ არ... ის... ჰა? – ახლა მარის დაება ენა.

– შენ სულ გაგიჟდი? ვინ გგონივარ? – გაბრაზდა ნინიკო და როცა მიხვდა‚ საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა შეყვირება‚ სისინით განაგრძო‚ რომ ანუკას არ გაეგონა:

– ეს კაცი ჩემი კარის მეზობლის ქმარია!..

– რა სისულელეებს ამბობ! რომ გეთქვა‚ საყვარელიო‚ კიდევ რაღაც...

– საყვარელი კი არა‚ ქმარია‚ უკვე ორი წელია. შვილიც ჰყავთ‚ დაახლოებით ერთი წლის.

– ნინიკო‚ ნუ მაგიჟებ‚ რაღაცა გეშლება! ალბათ‚ აქედან კარგად ვერ დაინახე და ვიღაცას მიამსგავსე.

– კარგად დავინახე. აი‚ ამ სარკემაც აირეკლა და აქაც დავინახე. თანაც...

– რა – „თანაც“?

– რა და‚ ხმა...

– რა ხმა?

– ხმაც ზუსტად იგივეა.

– შენ რა‚ მეზობლების ქმრებს ხმით ცნობ? – ხუმრობა სცადა მარიმ.

– ხმითაც‚ გარეგნობითაც და კიდევ... – ნინიკო შეყოვნდა‚ არ იცოდა‚ ბოლომდე ეთქვა თუ არა სათქმელი‚ მაგრამ‚ ბოლოს გადაწყვიტა‚ რომ გაჟეჟილს გატეხილი სჯობდა და წინადადება ბოლომდე მიიყვანა: კიდევ ის‚ რომ ჩემი კარის მეზობლის ქმარსაც გელა ჰქვია!

– თქვენ პირადად იცნობთ ერთმანეთს?

– ვიცნობთ‚ როგორც კარის მეზობლები‚ ძირითადად – სალმით.

– მაშინ მე ახლა ერთ პატარა ექსპერიმენტს ჩავატარებ‚ ოღონდ გთხოვ‚ ანუკასთან ჯერჯერობით არაფერი წამოგცდეს. არ მინდა‚ ამ იდიოტის გამო ინერვიულოს‚ – მარიმ გულში მაშინვე დაიჯერა ნინიკოს ნათქვამი‚ მაგრამ საბოლოოდ დასარწმუნებლად პატარა ცდის ჩატარება გადაწყვიტა და ანუკას გასძახა:

– ანუკა‚ გაგვაცანი შენი ქმარი‚ თუ შეიძლება! – „გაგვაცანიში“‚ ცხადია‚ ნინიკოს გაცნობა იგულისხმა.

– მოვდივარ‚ მოვდივარ! თავად გაგეცნობით! – გელა ღიმილით შემოვიდა ოთახში და გოგონებისკენ გაემართა‚ მაგრამ ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული‚ რომ სახე გაუფითრდა და ადგილზე გაქვავდა. ნინიკო გაწითლდა და თავი ჩაღუნა. საშინელი სიტუაცია შეიქმნა. უხერხულობის გაფანტვა მარიმ სცადა:

– სიძევ-ბატონო‚ ეს ჩემი მეგობარია‚ ნინიკო‚ მე კი მარი ვარ. ჩვენ‚ მგონი‚ კარგა ხანია‚ ვიცნობთ ერთმანეთს. მოდი‚ გაკოცო‚ რამდენი ხანია‚ აღარ მინახავხარ. ისეთი ფერი გადევს სახეზე‚ მგონი‚ მარტო შარდის ბუშტის კი არა‚ კუჭ-ნაწლავის პრობლემაც უნდა გქონდეს‚ – მარის საკმაოდ უხეში და უტაქტო ხუმრობა გამოუვიდა‚ მაგრამ გელამ ამით ისარგებლა‚ – ნინიკოს თავი დაუკრა – სასიამოვნოაო‚ მერე უცებ ადგილს მოსწყდა და უცერემონიოდ შევარდა ტუალეტში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3