კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწვა დავით აღმაშენებელმა თბილისი გათავისუფლების შემდეგ და რატომ დატოვეს ფულიანმა სომხებმა საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე

– ვინ იყო თბილისის პირველი თავი და როდის აირჩიეს ის?

– თბილისს თავები ჰყავდა მეცხრამეტე საუკუნიდან, კერძოდ, 1840 წლიდან, ოღონდ, თავდაპირველად, მათ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ნიშნავდა. შესაბამისად, თბილისიის პირველი დანიშნული თავი იყო იზმიროვი, თუმცა თბილისის პირველი არჩეული თავი იყო დიმიტრი ყიფიანი, რომელიც 1876 წელს აირჩიეს.

– თბილისის თავებს პირდაპირი წესით ირჩევდნენ თუ რა პროცედურას ითვალისწინებდა ქალაქის ხელმძღვანელის არჩევა?

– ქალაქის თავს ირჩევდა თბილისის საკრებულო, რომელსაც მაშინ გამგეობა ერქვა. ქალაქის გამგეობის დეპუტატობის მსურველები განაცხადებდნენ ამის შესახებ და შემდეგ მათგან ირჩევდა მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ ხმოსნებს. ხმოსნები, თავის მხრივ, სამ კლასად იყოფოდნენ. გადაწყვეტილებას იღებდნენ პირველი კლასის ხმოსნები, რადგან ისინი შეადგენდნენ გამგეობის ნახევარზე მეტს. გამგეობის დანარჩენი წევრები იყვნენ მეორე და მესამე კლასის ხმოსნები.

– ვის ჰქონდა ხმოსნად გახდომის უფლება?

– ხმოსანი ხდებოდა ის, ვისაც ჰქონდა რეგისტრირებული ქონება და იხდიდა ქონების გადასახადს. ყველაზე დიდი ქონება ჰქონდათ პირველი კლასის ხმოსნებს. ვისაც ქონება არ ჰქონდა, გამგეობის დეპუტატი ვერ გახდებოდა. დეპუტატი ვერ გახდებოდა ვერც ეროვნებით ებრაელი, რადგან რუსეთის იმპერიის გუბერნიებში ებრაელებს არ ჰქონდათ ხმის უფლება, მათ შორის, თბილისშიც.

– იმის გათვალისწინებით, რომ ქართველები იმხანად ცნობილნი იყვნენ, როგორც ქონების გამფლანგველები, ესე იგი, გამგეობაში ქართველების ნაკლებობა იქნებოდა?

– თბილისის გამგეობაში ქართველები და რუსები, როგორც წესი, უმცირესობაში იყვნენ, რადგან ქართველებს ან ქონება არ ჰქონდათ, ან არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ ქონების რეგისტრაციით, ხშირად კი არც აინტერესებდათ ქალაქის გამგეობაში მოხვედრა. ამდენად, თბილისის გამგეობაში ხმოსნების უმეტესობა ეროვნებით სომეხი იყო, რომლებიც, როგორც წესი, ირჩევდნენ ეროვნებით სომეხ ქალაქის თავს.

– მაშინ როგორ გახდა დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავი, ვისი ხმების დამსახურებით?

– ცნობილია, რომ თბილისის თავად დიმიტრი ყიფიანის არჩევისას, 1976 წელს, თბილისის გამგეობაში იყო 72 დეპუტატი. მათგან სხდომას ესწრებოდა 64 დეპუტატი, ძირითადად, ეროვნებით სომხები. დიმიტრი ყიფიანმა მიიღო 36 ხმა, ანუ „თეთრი“, 28-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ დიმიტრი ყიფიანმა მიიღო 28 „შავი“. მისი კონკურენტი იყო ეროვნებით სომეხი იერემია არწრუნი. რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო 35 „თეთრი“ და 29 „შავი“. ერთმა ხმამ გადაწყვიტა ყველაფერი. იმ სხდომაზე იყო ერთ საინტერესო მომენტი: იერემია არწრუნის შვილი გრიგორიც გამგეობის წევრი იყო, მაგრამ მან ხმა მისცა დიმიტრი ყიფიანს, რომლის გამარჯვებაც გადაწყვიტა მეორე და მესამე კლასის ხმოსნების ხმებმა. მეორე და მესამე კლასის ხმოსნებს შეადგენდა წვრილი სომხობა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ ქალაქის თავის იმ კანდიდატურას, რომელსაც მხარს უჭერდნენ პირველი კლასის ხმოსნები, ანუ მდიდარი სომხები. პირველი კლასის ხმოსნებს ვიწრო ბურჟუაზიული ინტერესები ჰქონდათ და მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი ნაციონალური გრძნობები. ისინი მხარს უჭერდნენ ევროპულ მიმართულებას და უნდოდათ, რომ თბილისი გამხდარიყო ევროპული ქალაქი. ისინი არ დებდნენ ფულს, მაგალითად, სომხური გაზეთების გამოცემაში, სომხური სკოლების გახსნაში. ისინი თბილისში აგებდნენ ევროპულ სახლებს, აშენებდნენ ხიდებს, ასუფთავებდნენ ქალაქს. გრიგორ არწრუნი კი აფინანსებდა სომხური გაზეთის გამოცემას, სომხურ სკოლებს. სხვათა შორის, მეორე და მესამე კლასის ხმოსნებს მხარს უჭერდა სომხური ეკლესიაც.

– გაამართლა დიმიტრი ყიფიანმა გრიგორ არწრუნის იმედები? ხომ არ უნანია შემდეგ, რომ მამამისს, იერემია არწრუნს არ დაუჭირა მხარი?

–  დიმიტრი ყიფიანი, რასაკვირველია, ქართულ ნიადაგზე იდგა. თუმცა მისი ყველა მომხრე, გარდა ზუბალოვისა, ეთნიკურად სომეხი იყო. როგორც გითხარით, გრიგორ არწრუნმა მხარი არ დაუჭირა მამამისს და დიმიტრი ყიფიანს მისცა ხმა, მაგრამ შემდეგ მას მხარი აღარ დაუჭირეს გამგეობის პირველი კლასის ხმოსნებმა, ამიტომ ჩავარდა მისი ყოველდღიური სომხური გაზეთის გამოცემის საკითხი. მეტიც, გრიგორი არწრუნმა სესხი აიღო სათავადაზნაურო ბანკისგან, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა, იმ იმედით, რომ ბანკი გაკოტრდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: გრიგორი გაღატაკდა და მისი ქარვასლა, ქონება და სასაფლაოები გაიყიდა საჯარო აუქციონზე. გრიგორი არწრუნის კუთვნილი სასაფლაო მოიცავდა ყოფილ უნივერმაღ „თბილისისა“ და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას.

რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანს: ის 1876-1879 წლებში იყო ქალაქის თავი და ბევრი ქართული საქმეც გააკეთა. კერძოდ, მან ჩამოაყალიბა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. დიმიტრი ყიფიანმა გამგეობაში სამუშაოდ მიიყვანა ორი ძალიან საინტერესო ადამიანი: მატინოვი და იზმაილოვი, რომლებმაც იმდენად კარგად იმუშავეს, რომ დიმიტრი ყიფიანის შემდეგ ისინი აირჩიეს ქალაქის თავებად.

– რით დაამჩნიეს კვალი თბილისის თავებმა დედაქალაქს?

– მაგალითად, მატინოვის დროს დაიწყო მერიის იმ შენობის მშენებლობა, რომელიც დღეს დგას თავისუფლების მოედანზე. ვერის ბაზრის მშენებლობა, მის დროს დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა ქალაქის წყლით მომარაგების პროექტი. მან გააორმაგა ქალაქში ფანრების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატინოვმა 18 000-დან 65 000 მანეთამდე გაზარდა განათლების სფეროს დაფინანსება. მან გვერდით დაიყენა ბიზნესმენი პიტოევი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ქალაქისთვის, მაგრამ მის შესახებ დღეს არავინ არაფერი იცის. სწორედ პიტოევის სახლი იყო ის შენობა, რომელშიც დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრია. ჩვენ გვყავდა ზუბალაშვილი, რომელმაც ააშენა მარჯანიშვილის თეატრი, მისი სახელობის ქუჩაც გვაქვს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს პიტოევის სახელობის დაფა რუსთაველის თეატრზე და მასაც უნდა მივაგოთ პატივი.

თბილისის თავმა მატინოვმა თეატრებიც ააშენა, ოღონდ სომხურ სპექტაკლებს კი არ დგამდა, არამედ, ევროპიდან ჩამოჰყავდა თეატრალური დასები. ასევე, მატინოვის დროს აშენდა ოპერის თეატრის შენობაც. მართალია, მატინოვი ეროვნებით სომეხი იყო, მაგრამ მხარს უჭერდა თბილისის ევროპულ ქალაქად ქცევას. არ გამოვრიცხავ, რომ მალულად სომხურ საქმესაც აკეთებდა, მაგრამ ამის აფიშირება არ იყო კარგი გზავნილი ქალაქის თავისთვის.

– გარდა დიმიტრი ყიფიანისა, გვყავდა ეროვნებით ქართველი ქალაქის თავები?

– ვასილ ჩერქეზოვი, ანუ ჩერქეზიშვილი, რომელიც 1905-1910-წლებში იყო თბილისის თავი. ძალიან კარგი ქალაქის თავი იყო და მისი სახელი ისტორიაშიც დარჩა, მისი სახელობის ქუჩაც კი იყო თბილისში. გვარების დაბოლოებამ არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან იმ დროს, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას გვარი „ოვით“ მთავრდებოდა. თბილისის თავი არგუტინსკი-დოლგორუკოვი საქართველოს თავადიც იყო, ქართველების შთამომავალი, მაგრამ მასზეც ამბობენ, ქართველი არ იყოო. მათ, ვინც ფიქრობს, რომ „ოვით“ დამთავრებული გვარები მხოლოდ არაქართველს ეკუთვნის, ისინი ისტორიასთან მწყრალად არიან.

ასევე, ქალაქის თავების სომხური წარმოშობა არ ნიშნავდა, რომ ისინი, მაინცდამაინც, სომხური ორიენტაციის იყვნენ. თუმცა ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე ქალაქის თავი, რომლებიც ქართველებს ყოველნაირად ამცირებდნენ. ისინი არჩეულნი იყვნენ მეორე და მესამე კლასის ხმოსნების მიერ. სხვათა შორის, ქალაქის გამგეობაში ქართველები და რუსები ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები სომხების წინააღმდეგ, რადგან ქართველებმა იცოდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით სომხებს ვერ გაუმკლავდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველები ერთიანდებოდნენ მეორე და მესამე კლასის ხმოსნების წინააღმდეგ, რადგან პირველი კლასის ხმოსნებს ნაციონალური საკითხი არ აინტერესებდათ: ისინი არც სომხების ინტერესებს ითვალისწინებდნენ და არც ქართველების.

ოღონდ ისეც არ გაიგოთ, რომ ქართველებს მხოლოდ მეორე და მესამე კლასის ხმოსნები ებრძოდნენ. პირველი კლასის ხმოსნებსაც ეშლებოდათ ბევრი რამ. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე ერთი გვირგვინიც კი არ გაუგზავნიათ ქალაქის გამგეობიდან და არც ერთი ხმოსანი არ მისულა მის გასვენებაში. თბილისი მათთვის სომხური ქალაქი იყო და ეცინებოდათ, როდესაც ქართველები ქართულ ქალაქს უწოდებდნენ.

– თბილისში გამდიდრდნენ პირველი კლასის ხმოსნები? აქ იშოვებოდა ამდენი ფული მაშინ?

– პირველი კლასის ხმოსნებისთვის ფულის შოვნის ძირითადი წყარო იყო ბაქოს ნავთობი. თუმცა, თუ, მაგალითად, მეორე და მესამე კლასის ხმოსნები ცდილობდნენ ქართველებთან დაახლოებას, პირველი კლასის ხმოსნები –  ნაკლებად. ისინი ქართველ ქალთან არც გაივლიდნენ, რუსის ქალები ჩამოჰყავდათ.

– თუმცა ცნობილია, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, არის სახლები, რომლებიც თავის დროზე მდიდარმა სომხებმა თავიანთ ქართველ საყვარელ ქალბატონებს აუშენეს.

– ასეთი შემთხვევებიც იყო: მაგალითად, თამამშევის, პირველი კლასის ხმოსნის, ქალიშვილს, ეკატერინეს, ქართველი თავადი შეუყვარდა. სომხებს გული გაუსკდათ, რომ თამამშევის ფული ქართველს ჩაუვარდებოდა ხელში. ისინი მაინც შეუღლდნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.

– შემდეგ სად გაქრა ასეთი მდიდარი სომეხი მოსახლეობა თავიანთი ფულიანად?

– შემდეგ მოხდა ის, რომ საბჭოთა ხელისუფლება ფულიანი სომხებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი თავიანთ ფულს გაჰყვნენ ევროპაში. თბილისი ისევ ქართული ქალაქი გახდა. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს: იმ დროს ქალაქის თავებზე საუბარი არც ღირს, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ისინი არანაირი მმართველები არ ყოფილან. მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი პარტიის ცენტრალურ კომიტეტზე. ამდენად, საბჭოთა პერიოდში ქალაქის თავები არც უნდა ჩავთვალოთ განხილვის ღირსად. ამბობენ, საბჭოთა პერიოდში კარგად მუშაობდნენო, მაგრამ ისინი არაფერს წყვეტდნენ, უბრალოდ ბიუჯეტის კონტროლიორები იყვნენ.

– რაზე მეტყველებს, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან, ძირითადად, არაქართველები იყვნენ ჩვენი დედაქალაქის თავები?

– ყოველ შემთხვევაში, იმ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რომ ვინმეზე ნაკლებები იყვნენ ქართველები. უბრალოდ, ისინი ემორჩილებოდნენ ქალაქის თავის არჩევის მაშინდელ წესს. ვისაც ჰქონდა ქონება, მას ჰქონდა გავლენაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გამგეობაში ირჩევდნენ მას, ვისაც ქონება ჰქონდა. რაც მთავარია, ჩვენ არ გაგვიყრია სომხები თბილისიდან. ისინი, როგორც გითხარით, გაყვნენ თავიანთ ფულს. თავიანთი აქციები უცხოეთში ჰქონდათ. თუმცა იმავე პერიოდში ძალიან ბევრი შერეული ოჯახი შეიქმნა, ბევრმა გვარიც გადაიკეთა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველებმა გავყარეთ ან ვაიძულეთ. მათ თავად გააკეთეს არჩევანი. თან, მოგეხსენებათ, პირველი რესპუბლიკის დროს სომხეთმა ომი გამოგვიცხადა და ბევრი სომეხი ამ მიზეზითაც წავიდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ისტორიამ სხვაგვარად განსაჯა. ომები და სახელმწიფო პოლიტიკური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ხოლმე ქალაქის მოსახლეობის დემოგრაფიულ შემადგენლობაზეც. ერთ დროს, როდესაც არაბები შემოვიდნენ, ქართველებმა ტაო-კლარჯეთს მიაშურეს. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელის ისტორია:  ის ქართლიდან წავიდა ტაო-კლარჯეთში. შესაძლებელია, თბილისიდან აყრილი მოსახლეობა გამესხდა იქ სწორედ, თუმცა შემდგომ მათი ნაწილი, როდესაც თბილისი გათავისუფლდა, ისევ უკან დაბრუნდა. იცით, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწვა თბილისი, იმიტომ კი არა, რომ თბილისი სძულდა, არამედ იმის გამო, რომ არაბებისთვის უკან დასაბრუნებელი გზა მოესპო და ქართველებმა თავიდან ააშენეს ეს ქალაქი. დღეს ბევრი დავაა, ესა თუ ის შენობა თბილისში ქართულია თუ სომხური. მაგრამ ეს ძალიან რთული სათქმელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატივი არ მივაგოთ იმ სომხებს, რომლებმაც გაალამაზეს ეს ქალაქი, მაგალითად, პიტოევი ამ ქალაქის ისეთივე ნაწილია, როგორც ზუბალაშვილი. ისევე, როგორც სომხეთში დაცული უნდა იყოს ქართული ეკლესიები, თუმცა ბევრი წიგნი მინახავს, რომლებშიც იმ ქართული ეკლესიების სომხურობაზე წერენ.

– ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ასეთი პასაჟი „სოლომონიანაში“: რევოლუციამდე ქართველი თავადები ქეიფსა და დროსტარებაში ატარებდნენ დროს, რის გამოც მამულებს აგირავებდნენ და შემდეგ ჰკარგავდნენ. მათ მამულებს სომეხი ვაჭრები ყიდულობდნენ და ქონებას აგროვებდნენ, მაგარმ დამყარდა საბჭოთა წყობა, ყველამ დაჰკარგა კერძო საკუთრება და ქართველ თავადებს ქეიფი მაინც შერჩათო.

 

скачать dle 11.3